Facebook Twitter
საქმე #ბს-1179(კ-22) 16 თებერვალი, 2023 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 აგვისტოს განჩინების გაუქმების თაობაზე.


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :


2018 წლის 3 იანვარს ნ. ს-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 14 ივლისს ნოტარიუს შ. ხ-ას მიერ სანოტარო წესით დამოწმდა „შეთანხმება“, რომლის საფუძველზეც, იბა „ბ...-მა“, წარმოდგენილმა თავმჯდომარე ე. კ-ის მიერ, მას საკუთრებაში გადასცა ქ. თბილისში, ...ის ქ. #4-ში (ყოფილი ...ის ქ. #8), I სადარბაზოს პირველ პრიმა სართულზე, +4.200 და + 4.400მ. ნიშნულზე მდებარე 9 კვ.მ საოფისე ფართი #ა9. 2017 წლის 19 სექტემბერს მოსარჩელემ აღნიშნული „შეთანხმება“ რეგისტრაციისათვის საჭირო სხვა დოკუმენტებთან ერთად (მათ შორის იყო პროექტის ნაწილი - გეგმა +4.200 და +4.400 მ. ნიშნ. და ასევე, უძრავ ნივთზე აკრძალვის შეწყვეტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი - საქალაქო სასამართლოს 25.07.2017წ. განჩინება #2/16174-12 სამოქალაქო საქმეზე) წარადგინა საჯარო რეესტრში #... განცხადებასთან ერთად და უძრავ ნივთზე მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.
მოსარჩელის მითითებით, 2017 წლის 25 სექტემბრის #... გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და მისი განცხადებით მოთხოვნილი უფლების რეგისტრაციისთვის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამატებით იქნა მოთხოვნილი შემდეგი დოკუმენტები: 1. ე. კ-ის ამხანაგობის თავმჯდომარედ არჩევის შესახებ დამფუძნებელ წევრთა გადაწყვეტილება; 2. დამფუძნებელ წევრთა არჩევის კრების ოქმი; 3. გამგეობის წევრთა არჩევის კრების ოქმი; 4. იბა „ბ...-ის“ დაფუძნების ხელშეკრულების 4.2 პუნქტიდან გამომდინარე ამხანაგობის გამგეობის წევრთა და ამხანაგობის თავმჯდომარის გადაწყვეტილება ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის #4-ის I სადარბაზოს I პრიმა სართულზე არსებულ (+4.200 და +4.400 ნიშნ.) 9 კვ.მ #ა9 საოფისე ფართის გასხვისებასთან დაკავშირებით, რომელ გადაწყვეტილებაშიც, ასევე, მოწონებული უნდა ყოფილიყო განაცხადით წარდგენილი შეთანხმება დამოწმებული ნოტარიუს შ. ხ-ას მიერ, რეესტრის #..., თარიღი: 14.07.2017წ.
მოსარჩელის განმარტებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 სექტემბრის #... გადაწყვეტილება მან 2017 წლის 28 სექტემბერს გაასაჩივრა, თუმცა ადმინისტრაციული საჩივარი 2017 წლის 30 ნოემბრის #... გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა. როგორც ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაშია მითითებული, ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ კანონიერად მიიჩნია თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება მისთვის დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნის თაობაზე. სადავო გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ უძრავ ნივთზე მისი საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის საჯარო რეესტრში წარდგენილი უნდა ყოფილიყო ამხანაგობის მიერ ამ საკითხზე უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, კერძოდ, მოქმედი ამხანაგობის თავმჯდომარის, როგორც უფლებამოსილი პირის და ასევე, გამგეობის თანხმობა.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 30 ნოემბრის #... გადაწყვეტილება უკანონოა, იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, სადავო უძრავ ნივთზე უნდა დარეგისტრირდეს მისი საკუთრების უფლება, რადგან საჯარო რეესტრის მიერ მოთხოვნილ იქნა ისეთი დოკუმენტები, რომლის წარდგენის აუცილებლობა არ არსებობდა, ასევე, მას დასახელებულ დოკუმენტაციათა წარდგენის შესაძლებლობა არ გააჩნდა. ამასთან, მის მიმართ ამხანაგობის გამგეობის წევრთა გადაწყვეტილების წარდგენის მოთხოვნა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არის დისკრიმინაციული, რამდენადაც ამავე მისამართზე 2007-2011 წლებში აშენებულ და ექსპლუატაციაში შესულ შენობა-ნაგებობაში არსებული რამდენიმე ათეული ინდივიდუალური უძრავი ნივთის რეგისტრაციისას საჯარო რეესტრს არც ერთ შემთხვევაში არ აქვს მოთხოვნილი გამგეობის თანხმობა.
ამდენად, მოსარჩელემ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს #... გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს #... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 30 ნოემბრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ნ. ს-ის 2017 წლის 19 სექტემბრის #... განცხადებით მოთხოვნილი რეგისტრაციის განხორციელების თაობაზე (ქ. თბილისში, ...ის ქ. #4-ში მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ) ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
2018 წლის 26 იანვარს ნ. ს-მა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. მოსარჩელემ იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სასამართლო დავის დასრულებამდე და საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აკრძალვოდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია, მათ შორის, იბა „ბ...-ის“ სახელზე, ასევე, რეგისტრაცია უფლების გასხვისებასა და უფლებრივად დატვირთვაზე, ამხანაგობა „ბ...-ის“ საერთო ქონებაში არსებულ, ნოტარიუს მ. გ-ას მიერ 27.04.2011წ. დამოწმებული იბა „ბ...-ის“ კრების ოქმის #07-2011 (რეესტრის #...) მიხედვით იბა „ბ...-ის“ საკუთრებად განსაზღვრულ უძრავ ნივთზე - ქ. თბილისში, ...ის ქ. #4-ში (ყოფილი ...ის ქ. #8) I სადარბაზოს პირველ პრიმა სართულზე (+4.200 და +4.400 მ. ნიშნულზე) მდებარე საოფისე ფართზე #ა9 (9 კვ.მ, უძრავი ნივთის მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი: ..., დაზუსტებული ფართობი: 1954 კვ.მ).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 იანვრის განჩინებით ნ. ს-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა; სასამართლო დავის დასრულებამდე და საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა საკუთრების უფლების რეგისტრაცია, მათ შორის, იბა „ბ...-ის“ სახელზე, ასევე, რეგისტრაცია უფლების გასხვისებასა და უფლებრივად დატვირთვაზე ამხანაგობა „ბ...-ის“ საერთო ქონებაში არსებულ, ნოტარიუს მ. გ-ას მიერ 27.04.2011წ. დამოწმებული იბა „ბ...-ის“ კრების ოქმის #07-2011 (რეესტრის #...) მიხედვით იბა „ბ...-ის“ საკუთრებად განსაზღვრულ უძრავ ქონებაზე - ქ. თბილისში, ...ის ქ. #4-ში (ყოფილი ...ის ქ. #8) I სადარბაზოს პირველ პრიმა სართულზე (+4.200 და +4.400 მ. ნიშნულზე) მდებარე საოფისე ფართზე #ა9 (9კვ.მ, უძრავი ნივთის მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი: #..., დაზუსტებული ფართობი: 1954 კვ.მ).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ამხანაგობა ამხანაგობა „ბ...-ის“ დამფუძნებელი წევრები - ე. კ-ე, კ. კ-ე, ნ. ქ-ი, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ...ი“, ნ. გ-ი, ვ. ქ-ი, ჯ. მ-ა, დ. მ-ე, ზ. გ-ა, ე. ტ-ე, დ. ი-ი, თ. ბ-ი, ნ. კ-ი, რ. ხ-ი, თ. კ-ე, ლ. ჯ-ე, ლ. მ-ი, გ. ჯ-ი, ნ. გ-ი, გ. ჯ-ი, ქ. ჩ-ი, ე. ბ-ე, თ. წ-ი, ქ. ჯ-ე, გ. ქ-ე, დ. ა-ე, შპს „სამშენებლო კომპანია ...ე“, ა. კ-ა, კ. ფ-ი, ვ. ფ-ი, მ. კ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ამხანაგობა „ბ...-ის“ დამფუძნებელი წევრები: ვ. ყ-ის უფლებამონაცვლე - რ. ყ-ე, ა. ბ-ის მემკვიდრეები - ი. უ-ი და თ. ე-ე, გ. ჯ-ას უფლებამონაცვლეები - დ. ჯ-ა და ლ. ჯ-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ს-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის განჩინებით რ. ხ-ის უფლებამონაცვლეებად ჩაბმულ იქნენ მ. ვ-ა და ი. ხ-ი; თ. წ-ის უფლებამონაცვლედ ჩაბმულ იქნა ც. წ-ი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 აგვისტოს განჩინებით ნ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და მის საფუძველზე, გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები. სააპელაციო სასამართლო, ასევე, სრულად დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს სამართლებრივ დასკვნებს. აპელანტის პრეტენზიებთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ მოცემულ დავაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა ფაქტს - 2017 წლის 14 ივლისს ე. კ-ესა და ნ. ს-ს შორის სადავო ფართზე შეთანხმების გაფორმებისას, კვლავ იყო თუ არა ე. კ-ე ამხანაგობის თავმჯდომარე და, შესაბამისად, ჰქონდა თუ არა მას უფლებამოსილება - განეკარგა სადავო ფართი ამხანაგობის სახელით.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა დაფუძნების ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმად, ე. კ-ე 2 წლით იქნა არჩეული ამხანაგობის თავმჯდომარედ, რომელსაც უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდა 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ე. კ-ეს ამხანაგობის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდა 2011 წლის 31 დეკემბრის შემდეგ. ამგვარ მტკიცებულებად არ გამოდგებოდა აპელანტის მიერ მითითებული ამხანაგობის 2011 წლის 12 აპრილის #07-2011 კრების ოქმი ორი მიზეზის გამო: ა) ამხანაგობის 2011 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით არ შეცვლილა ამავე ამხანაგობის 2011 წლის 18 თებერვლის კრების გადაწყვეტილებით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადა; ამდენად, 2011 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ვადა შემოფარგლული დარჩა სწორედ 2011 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით, ანუ - 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით; ბ) ამხანაგობის 2011 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით ე. კ-ეს მიენიჭა არა ზოგადი (ე.წ. გენერალური) წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, არამედ - მიეცა დავალება და აღიჭურვა უფლებამოსილებით - სააგენტოსა და თბილისის არქიტექტურის სამსახურში ამხანაგობის სახელით განეხორციელებინა გარკვეული ქმედებები მხოლოდ 2011 წლის 12 აპრილის კრების დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე, რომელთა შორის არ იყო ნახსენები ე. კ-ისათვის ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული ქონების (სადავო ფართის ჩათვლით) გასხვისების უფლებამოსილების მინიჭების საკითხი.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად დადგენილად მიიჩნია, რომ შეთანხმების გაფორმებისას ე. კ-ეს არ ჰქონდა უფლებამოსილება, ამხანაგობის სახელით განეკარგა სადავო ფართი და გადაეცა იგი ნ. ს-ისათვის საკუთრებაში. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნულ ფაქტს ვერ გააქარწყლებდა თუნდაც წარსულში 2011 წლის 31 დეკემბრის შემდეგ ე. კ-ის მიერ განკარგული ქონებების რეგისტრაციები საჯარო რეესტრში, რადგან თუკი ამგვარ ფაქტებს ადგილი მართლაც ჰქონდა, ისინი ვერ იქნებოდა თვითკმარი ე. კ-ის უფლებამოსილების არსებობის დასადასტურებლად. უფრო კონკრეტულად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ასეთი რეგისტრაციები შესაძლოა ქცეულიყო ცალკე დავის საგნად უსაფუძვლობის გამო. შესაბამისად, ისინი ვერ იქნებოდნენ განხილული 2017 წელს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას ნ. ს-ის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის დამადასტურებელ ფაქტებად.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, იმავე მოტივაციით არარელევანტური იყო აპელანტის მიერ მითითებულ პერიოდზე - 2008-2011 წლების შუალედში - ე. კ-ის უფლებამოსილების არსებობის კვლევა.
ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აპელანტს არ ჰქონდა წარდგენილი პრეტენზია გასაჩივრებული გადაწყვეტილებით საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის განხილვის შედეგის გათვალისწინებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ ნაწილშიც მართებულად დაეფუძნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლს, რომლის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, სასამართლო აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.
ამდენად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ საქალაქო სასამართლომ გამოიტანა არსებითად სწორი და კანონიერი გადაწყვეტილება, რის გამოც მისი გაუქმების და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ნ. ს-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები არ არსებობდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ს-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ დაასაბუთა, თუ რატომ იყო სავალდებულო, მაგალითად, დამფუძნებელ წევრთა თავიდან არჩევა, რა ორგანიზაციის/სტრუქტურის დამფუძნებლები უნდა არჩეულიყვნენ 2017 წელს, ვის, რატომ და რა ნიშნით უნდა აერჩია დამფუძნებლები. იმ შემთხვევაში, თუკი საუბარია იბა „ბ...-ის“ დამფუძნებლებზე, კასატორი მიუთითებს, რომ მათი არჩევა შეუძლებელია. კასატორი აღნიშნავს, რომ ამხანაგობის დამფუძნებელი წევრების ვინაობა განსაზღვრულია 2006 წლის 22 მაისიდან და მას ვერაფერი შეცვლის. გაურკვეველია, რას ნიშნავს დამფუძნებელ წევრთა არჩევა. ამასთან, სასამართლოსათვის ცნობილია, რომ იბა „ბ...-ის“ დამფუძნებლები 2006 წლის 22 მაისს გაერთიანდნენ ერთობლივი საქმიანობისათვის დასახული მიზნით, რაც დღემდე არ შეცვლილა.
კასატორის მითითებით, სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში აღნიშნა, რომ ამხანაგობას უნდა აერჩია ამხანაგობის გამგეობა. კასატორის მოსაზრებით, სასამართლო ხსენებულ საკითხზე მსჯელობს საჯარო რეესტრის მიერ მის სარეგისტრაციო წარმოებაზე დადგენილი ერთ-ერთი ხარვეზის კონტექსტში, თუმცა ამავე დროს უგულებელყოფს საქმეში მის მიერ წარმოდგენილ ამხანაგობა „ბ...-ის“ წევრთა 2009 წლის 2 სექტემბრის #10 კრების ოქმს და ამ ოქმით გამგეობის (რომლის ერთ-ერთ წევრს სწორედ ნ. ს-ი წარმოადგენს) არჩევის შესახებ დადასტურებულ ფაქტს.
კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატამ უგულებელყო როგორც მის მიერ საქმეში წარმოდგენილი, ასევე, მისი 2022 წლის 30 ივნისის შუამდგომლობის საფუძველზე, თავად სასამართლოს მიერ სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაცია 2006-2022 წლების განმავლობაში იბა „ბ...-ის“ თავმჯდომარე ე. კ-ის უფლებამოსილების უცვლელობის შესახებ. კასატორის შეფასებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის პასუხებიდან დგინდება, რომ არათუ 2017 წლის 14 ივლისს, არამედ სააპელაციო სასამართლოს მიერ განჩინების მიღების დროსაც კი, ე. კ-ეს გაგრძელებული ჰქონდა ამხანაგობის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა.
ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ამხანაგობა ლიკვიდირებულია ან/და არსებობს, მაგრამ თავმჯდომარის გარეშე. შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი გარემოება, რომ ე. კ-ეს 2011 წლის 31 დეკემბრის შემდგომ აღარ აქვს ამხანაგობის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, არ დასტურდება. საქმეში წარდგენილი დოკუმენტაცია არც იმას ადასტურებს, რომ ე. კ-ეს შეწყვეტილი აქვს უფლებამოსილება და შეცვლილია სხვა პირით (თავმჯდომარით). საჯარო რეესტრს, ასევე, არ წარმოუდგენია რაიმე სახის დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ამხანაგობის თავმჯდომარის სახელზე გაცემულ გენერალურ მინდობილობაში შესულია ცვლილებები ან/და თავმჯდომარეს შეეზღუდა ამხანაგობის საერთო ქონებიდან რომელიმე უძრავი ნივთის გასხვისების უფლებამოსილება.
კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს არასწორად აქვს შეფასებული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ, იბა „ბ...-ის“ თავმჯდომარე ე. კ-ის უფლებამოსილების საკითხი, რომელიც ცალსახად დგინდება 2006 წლის 22 მაისის ამხანაგობის სადამფუძნებლო ხელშეკრულებიდან, უფრო კონკრეტულად, ამავე ამხანაგობის დამფუძნებელი წევრების მიერ ე. კ-ის სახელზე გაცემული ე.წ. გენერალური მინდობილობიდან, რომელიც უცვლელად არსებობდა 2017 წლის 14 ივლისს. აღნიშნული ფაქტის დასადგენად, სააპელაციო სასამართლოს სრულად უნდა შეესწავლა და შეეფასებინა ამხანაგობის სადამფუძნებლო ხელშეკრულების 4.2 მუხლი, მისი ბოლო წინადადების ჩათვლით, ასევე, უნდა გაეანალიზებინა და შეეფასებინა 6.14 პუნქტის შინაარსი და ამ ორი მუხლის საერთო კონტექსტის გათვალისწინებით, სწორად უნდა დაედგინა ამხანაგობის თავმჯდომარე ე. კ-ის უფლებამოსილებაში შემავალი საკითხები, კერძოდ, მის მიერ ამხანაგობის საერთო ქონებიდან (გარდა 7.4 მუხლით დამფუძნებელ წევრებზე უკვე განაწილებული ფართებისა) ინდივიდუალური უძრავი ნივთების ერთპიროვნულად გასხვისების უფლებამოსილების საკითხი.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია, ჰყავს თუ არა იბა „ბ...-ს“ თავმჯდომარე დღეის მდგომარეობით, იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ე. კ-ეს უფლებამოსილების ვადა შეუწყდა 2011 წლის 31 დეკემბერს, ხოლო სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 7 ივლისის წერილით ე. კ-ე დღემდე დაფიქსირებულია იბა „ბ...-ის“ წარმომადგენლად/თავმჯდომარედ.
კასატორი მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკუთრების უფლებასთან მიმართებით სხვადასხვა გადაწყვეტილებებში გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებზე და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლო არ განმარტავს, თუ რა ღირებულ, გონივრულ მიზანს ემსახურებოდა მარეგისტრირებელი ორგანოს და სასამართლოს მიერ სადავო ფართზე მისი საკუთრების უფლების შეზღუდვა. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო ქონებაზე მის გარდა არავის აქვს ინტერესი, მათ შორის, არც ადმინისტრაციულ დავაში მესამე პირებად ჩაბმულ ამხანაგობა „ბ...-ის“ დამფუძნებელ წევრებს.
კასატორი, ასევე, მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლზე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლსა და მე-12 დამატებითი ოქმის პირველ მუხლზე, აგრეთვე, თანასწორობის უფლებასთან მიმართებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებში განვითარებულ მსჯელობებზე და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები დისკრიმინაციული ხასიათისაა. კასატორის მოსაზრებით, საქმეში არსებული გარემოებებით უტყუარად დგინდება, რომ საჯარო რეესტრის მხრიდან მხოლოდ მის მიმართ ჰქონდა ადგილი განსხვავებულ მოპყრობას, მაშინ, როდესაც ანალოგიურ, არსებითად მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ, კერძოდ, ქ. თბილისში, ...ის ქ. #4-ში მდებარე შენობა-ნაგებობაში არსებულ და იბა „ბ...-ის“ საერთო ქონებიდან ინდივიდუალურ საკუთრებაში გადასულ, დანარჩენ 183 ინდივიდუალურ უძრავ ნივთზე სარეგისტრაციო დოკუმენტად არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა წარდგენილი ამხანაგობის გამგეობის თანხმობა/გადაწყვეტილება, ასევე, 31.12.11წ.-ის შემდგომ რეგისტრაციები განხორციელებულია ე. კ-ის, როგორც ამხანაგობა „ბ...-ის“ თავმჯდომარის მონაწილეობით გაფორმებული დოკუმენტების საფუძველზე.
ამასთან, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებული მსჯელობით სამართლებრივი საშიშროება შეუქმნა იბა „ბ...-ის“ საერთო ქონებიდან ინდივიდუალურ უძრავ ნივთებზე უკვე განხორციელებულ რეგისტრაციებს, რადგან განჩინებით სასამართლომ სადავო გახადა ამ რეგისტრაციების კანონიერების საკითხი, კერძოდ, დაადგინა მათი უკანონო, სადავო ბუნება.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს არც ერთ განჩინებაში არ არის მითითებული და არ არსებობს არც დასაბუთებული გადაწყვეტილება იმ გარემოებასთან დაკავშირებით, თუ რა მატერიალურ-სამართლებრივ არგუმენტაციაზე დარყდნობით განიხილა საქმე სააპელაციო სასამართლოში მხოლოდ ერთმა მოსამართლემ, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ თავად სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმე მიკუთვნებული იყო განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებს. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული ქმნის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს, რამდენადაც საქმე წარმოადგენდა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიური შემადგენლობის განხილვის საგანს, თუმცა იგი განიხილა მხოლოდ ერთმა მოსამართლემ, რაც არ ყოფილა სათანადოდ ახსნილი და დასაბუთებული.
კასატორი, ასევე, აღნიშნავს, რომ #01-2011 კრების ოქმზე თანდართულ ფართების განაწილების ცხრილში არ არის მითითებული #ა9 საოფისე ფართი, რამდენადაც ხსენებული ფართი მიღებულ იქნა შემდგომში, არქიტექტურის სამსახურის მიერ 16.05.2011წ. #01/1013 ბრძანებით შეთანხმებული ბოლო კორექტირებული არქიტექტურული პროექტით და ამხანაგობის საკუთრებად განსაზღვრულია სწორედ 12.04.2011წ. #07-2011 კრების ოქმში.
ამასთან, კასატორი წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში მის სასარგებლოდ მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის მის მიერ სამივე ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა და გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯის დაკისრებას მოითხოვს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :


საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს #... გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს #... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 30 ნოემბრის #... გადაწყვეტილების კანონიერება, ასევე, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ნ. ს-ის 2017 წლის 19 სექტემბრის #... განცხადებით მოთხოვნილი რეგისტრაციის განხორციელების თაობაზე (ქ. თბილისში, ...ის ქ. #4-ში მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ) ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ დავაში, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტს - 2017 წლის 14 ივლისს ე. კ-ესა და ნ. ს-ს შორის სადავო ფართზე შეთანხმების გაფორმებისას, კვლავ იყო თუ არა ე. კ-ე ამხანაგობის თავმჯდომარე და, შესაბამისად, ჰქონდა თუ არა მას უფლებამოსილება განეკარგა სადავო ფართი ამხანაგობის სახელით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს დაფუძნების ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმად, ე. კ-ე 2 წლით იქნა არჩეული ამხანაგობის თავმჯდომარედ, რომელსაც უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდა 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ე. კ-ეს ამხანაგობის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდა 2011 წლის 31 დეკემბრის შემდეგ. ამგვარ მტკიცებულებად არ გამოდგება კასატორის მიერ მითითებული ამხანაგობის 2011 წლის 12 აპრილის #07-2011 კრების ოქმი ორი მიზეზის გამო: 1. ამხანაგობის 2011 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით არ შეცვლილა ამავე ამხანაგობის 2011 წლის 18 თებერვლის კრების გადაწყვეტილებით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადა; ამდენად, 2011 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ვადა შემოფარგლული დარჩა სწორედ 2011 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით, ანუ - 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით; 2. ამხანაგობის 2011 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით ე. კ-ეს მიენიჭა არა ზოგადი (ე.წ. გენერალური) წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, არამედ მიეცა დავალება და აღიჭურვა უფლებამოსილებით სააგენტოსა და თბილისის არქიტექტურის სამსახურში ამხანაგობის სახელით განეხორციელებინა გარკვეული ქმედებები მხოლოდ 2011 წლის 12 აპრილის კრების დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე. ამ საკითხთა შორის კი არსად იყო ნახსენები, რომ ე. კ-ეს მინიჭებოდა უფლებამოსილება გაესხვისებინა ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული ქონება, სადავო ფართის ჩათვლით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ შეთანხმების გაფორმებისას ე. კ-ეს არ ჰქონდა უფლებამოსილება, ამხანაგობის სახელით განეკარგა სადავო ფართი და გადაეცა იგი ნ. ს-ისათვის საკუთრებაში. საკასაციო სასამართლო, ასევე, ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ აღნიშნულ ფაქტს ვერ გააქარწყლებს თუნდაც წარსულში 2011 წლის 31 დეკემბრის შემდეგ ე. კ-ის მიერ განკარგული ქონებების რეგისტრაციები საჯარო რეესტრში, რადგან მოცემულ შემთხვევაში, სადავოა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ნ. ს-ის მიმართ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება და სასამართლოს განხილვის საგანს არ წარმოადგენს წარსულში სხვა პირთა სახელზე განხორციელებულ ზემოხსენებულ რეგისტრაციათა კანონიერების შემოწმება. ამასთან, მითითებული რეგისტრაციები ვერ ცვლის განსახილველ საქმეზე არსებულ საერთო სურათს და ვერ ადასტურებს 2017 წელს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას ნ. ს-ის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას. თავის მხრივ, კასატორის მოსაზრებების საპირისპიროდ, საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით დისკრიმინაციის ფაქტის გამორიცხვა ავტომატურად არ განსაზღვრავს სამართლებრივ შედეგებს მოსარჩელის მიერ მოხმობილი სხვა რეგისტრაციების მიმართ.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, ასევე, საკასაციო საჩივარში დაფიქსირებულ მოსაზრებებზე, კერძოდ, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს საქმე არ უნდა განეხილა ერთპიროვნულად, რითიც, მისი მოსაზრებით, წარმოიშვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი.
აღნიშნულის საპირისპიროდ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის 11 ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლემ შეიძლება ერთპიროვნულად განიხილოს საჯარო რეესტრის ჩანაწერთან დაკავშირებული დავა. მითითებული სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს უფლება ჰქონდა, საქმე ერთპიროვნულად განეხილა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას მოპასუხისათვის მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხისა და საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების დაკისრების თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.
ზემოაღნიშნულ სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რამდენადაც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლები, ნ. ს-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერად მიჩნევის პირობებში, სახეზე არ არის მის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯების მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის დაკისრების შესახებ მოთხოვნაზე მსჯელობის წინაპირობები.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ნ. ს-ს (პ/ნ ...) 27.09.2022წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ნ. ს-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და


დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 აგვისტოს განჩინება;
3. ნ. ს-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 27.09.2022წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: გ. აბუსერიძე


ბ. სტურუა