Facebook Twitter
ბს-1351(კ-22) 16 მარტი, 2023წ.
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.06.2022წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ს-ემ 08.04.2021წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა სამინისტროს 24.12.2020წ. ბრძანების გაუქმება. მოსარჩელემ 19.05.2021წ. სასამართლოს მიმართა დაზუსტებული სარჩელით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და მოითხოვა მოპასუხის 15.12.2020წ. №03-3093/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე ნ. ს-ის, მისი მეუღლის - ე. ხ-ის, შვილების - ნ. ს-ის და ე. ს-ის საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილების შესახებ ახალი აქტის გამოცემის მოპასუხისთვის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.10.2021წ. გადაწყვეტილებით, ნ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 15.12.2020წ. №03-3093/ო ბრძანება მოსარჩელე ნ. ს-ის, როგორც ეკომიგრანტი ოჯახის, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის ნაწილში, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რის საფუძველზეც მოსარჩელე ნ. ს-ე და მისი ოჯახი დაკმაყოფილდებიან საცხოვრებლით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.06.2022წ. განჩინებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ნ. ს-ის ოჯახის მიერ ოჯახის ამჟამინდელი საკუთრებით (ახალციხის მუნიციპალიტეტში მდებარე უძრავი ქონებით) შეუფერხებლად სარგებლობის შესაძლებლობა, ამასთან, შეუძლებელია გაურკვეველი ვადით სხვის საკუთრებაში ცხოვრება. ადმინისტრაციული წარმოებისას არ დადასტურდა ეკომიგრანტი ოჯახის მოსარჩელის მეუღლის თანასაკუთრებაში ცხოვრების ფაქტი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოსარჩელის მეუღლის თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში ცხოვრობენ მოსარჩელის მეუღლის მშობლები, ძმები და მათი ოჯახის წევრები. მოსარჩელე ოჯახთან ერთად 2015 წლიდან ცხოვრობს დევნილებისთვის რეაბილიტირებულ სახელმწიფო საკუთრებაში. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მასალებით არ დასტურება ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროების პრიორიტეტულობის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ფაქტი, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მასალები არ ადასტურებს სხვა ეკომიგრანტ ოჯახთა შესახებ კვლევის არსებობას, რაც შედარებული იქნებოდა მოსარჩელის ფაქტობრივ მდგომარეობასთან. ადმნისტრაციულმა ორგანომ დროებითი ფართით სარგებლობის შესაძლებლობა განიხილა უარყოფითი გადაწყვეტილების ავტომატურ საფუძვლად, რაც მოპასუხის მიერ საკითხის არასწორ სამართლებრივ შეფასებაზე მიუთითებს და გასაჩივრებული აქტის გაუქმების საფუძველს ქმნიდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.06.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ ნ. ს-ის ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მიზეზი არ ყოფილა ქულათა არასაკმარისი რაოდენობა. უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ ნ. ს-ე თავის ოჯახთან ერთად 2014 წლიდან ცხოვრობს ახალციხეში, ...ის ქ. №113-ში მდებარე სახლში, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა. ნ. ს-ის ოჯახმა ფართი თვითნებურად დაიკავა, დღემდე იქ ცხოვრობს და შეუზღუდავად სარგებლობს სახელმწიფო საკუთრებით. მოსარჩელის ძმა ოჯახთან ერთად ცხოვრობს ახალციხეში, ...ის ქ. №70-ში. ადრე თავად მოსარჩელეც ამ მისამართზე ცხოვრობდა. ამდენად, ირკვევა, რომ ოჯახს გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი ...ის ქუჩაზე, სადაც მოსარჩელის ძმა ოჯახთან და მშობლებთან ერთად ცხოვრობს. გარდა ამისა, ნ. ს-ე ფლობდა საკუთრებას ახალციხეში, ...ის ქ. №90-ში, რომელიც 2015 წელს გაასხვისა, ასევე მოსარჩელის მეუღლე ე. ხ-ე არის ...ში, ...ას ქ. №5-ში მდებარე უძრავი ქონების თანამესაკუთრე. აქედან გამომდინარე დგინდება, რომ მოსარჩელე ცხოვრობს სახელმწიფო საკუთრებაში, ასევე აქვს ალტერნატიული საცხოვრებელი, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე არ საჭიროებს გადაუდებელ განსახლებას. კასატორმა ასევე მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 13.11.2013წ. №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ მე-2 მუხლის მე-17 პუნქტზე, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე გადამოწმების შედეგად დადგინდება, რომ ოჯახს აქვს ფაქტობრივ მფლობელობაში საცხოვრებელი სახლი, რომელიც ამ პროცედურით გათვალისწინებული კრიტერიუმებით პრიორიტეტის მოპოვების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის ერთ ან რამდენიმე წევრს არ აქვს საკუთრებაში რეგისტრირებული ან რეგისტრირებულია სხვა პირის სახელზე, რომლითაც სარგებლობს შეუზღუდავად, ოჯახს დააკლდება 6 ქულა ალტერნატიული საცხოვრებელი სახლის კრიტერიუმში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 13.11.2013წ. №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ 1.2 მუხლის მიხედვით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საკუთრებაში არსებული (რაც უნდა დასტურდებოდეს საჯარო რეესტრის ამონაწერით) საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა. ამავე პროცედურის 2.1 მუხლის თანახმად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილებას ახორციელებს ამ ბრძანების საფუძველზე, სააგენტოს ან ეკომიგრანტი ოჯახის მიერ მოძიებული საცხოვრებელი სახლის, სააგენტოს მიერ შესყიდვის გზით. საქმის მასალებში დაცული საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე 02.11.2017წ. განცხადებაში ნ. ს-ემ მიუთითა, რომ მისი ოჯახი შედგება ოთხი პირისაგან, ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართია ახალციხე, ...ის ქ. №113, ხოლო ახალციხეში, სოფ. ...ში მდებარე მისი საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია, საცხოვრებლად უვარგისია და საშიშია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. 2018 წლის ივლისის თვეში ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფ. ...ში მცხოვრებ ნ. ს-ის საცხოვრებელი სახლის და მიმდებარე ტერიტორიის გეოდინამიკური პირობების ვიზუალური შეფასების საფუძველზე გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ მომზადებული საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნით დადგინდა, რომ შენობა ავარიულია და საცხოვრებლად საშიშია, შესაბამისად მობინადრეებს საცხოვრებლად უნდა გამოეყოთ გეოლოგიურად მდგრადი ადგილი. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიების შეფასების ფორმის მიხედვით, ნ. ს-ის, ე. ხ-ის (მეუღლის), ნ. ს-ის და ე. ს-ის (შვილების) საცხოვრებელმა სახლმა დაზიანება მიიღო ჯდენადი გრუნტის შედეგად, სახლის დაზიანების თარიღად მითითებულია 2011წ.. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 21.09.2018წ. წერილის მიხედვით, ნ. ს-ის ოჯახი ირიცხება ეკომიგრანტთა ერთიან ელექტრონულ ბაზაში. ახალციხეში, სოფ. ...ში 20.10.2020წ. გადამოწმების ოქმის თანახმად, საცხოვრებელი სახლი აღარ არსებობს, დანგრეულია, გეოდასკვნის გათვალისწინებით ნიადაგი იმ ტერიტორიაზე სხვა სახლის მშენებლობისათვის უვარგისია, ასევე მიეთითა, რომ ნ. ს-ე მეუღლესა და შვილებთან ერთად ცხოვრობს ახალციხეში, ...ის ქ. №113-ში, დევნილთათვის რეაბილიტირებულ კორპუსში. 20.12.2017წ., 01.10.2018წ., 20.01.2020წ. განცხადების შეფასების ფორმების მიხედვით, ნ. ს-ის ოჯახს მიენიჭა სულ 16 ქულა, კერძოდ, საცხოვრებელი სახლის დაზიანების I კატეგორიის გამო 10 ქულა და სხვა საცხოვრებელი სახლის საკუთრებაში არარსებობის გამო 6 ქულა. დაუსაბუთებელია კასატორის მითითება 13.11.2013წ. №779 ბრძანებით დამტკიცებული „პროცედურის“ 2.17 მუხლზე. მითითებული ნორმის თანახმად ოჯახს ალტერნატიული საცხოვრებლის კრიტერიუმში აკლდება 6 ქულა იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე გადამოწმების შედეგად დადგინდება, რომ ოჯახს აქვს ფაქტობრივ მფლობელობაში საცხოვრებელი სახლი, რომელიც ამ პროცედურით გათვალისწინებული კრიტერიუმებით პრიორიტეტის მოპოვების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის ერთ ან რამდენიმე წევრს არ აქვს საკუთრებაში რეგისტრირებული ან რეგისტრირებულია სხვა პირის სახელზე, რომლითაც სარგებლობს შეუზღუდავად. იმავე ნორმის მიხედვით, აღნიშნული საკითხი განსახილველად წარედგინება კომისიას, რომელიც განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას 6 ქულის დაკლების თაობაზე, გადაწყვეტილება განმცხადებელს ეცნობება დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. განსახილველ შემთხვევაში საქმეში დაცული მასალებით დგინდება, რომ ნ. ს-ის ოჯახს ქულა არ დაკლებია „პროცედურით“ გათვალისწინებული წესით, ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის, შესაბამისად, კასატორის მიერ აღნიშნულ ნორმაზე მითითება დაუსაბუთებელია.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის“ 2020 წლის 2, 3, 4 და 7 დეკემბრის №21 სხდომის ოქმით საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა ნ. ს-ის ოჯახს, რომელიც შეფასებულია 16 ქულით და ახალციხეში, სოფ. ...ში მდებარე საცხოვრებელ სახლს მინიჭებული აქვს I კატეგორიის დაზიანება. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 15.12.2020წ. №03-3093/ო ბრძანებით, „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის“ 2020 წლის 2, 3, 4 და 7 დეკემბრის №21 ოქმის საფუძველზე, საცხოვრებელი ფართით არ დაკმაყოფილდნენ ამ ბრძანების დანართში მოცემული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახები, მათ შორის ნ. ს-ის ოჯახი. უარის თქმის საფუძვლად მითითებულია განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობა ოჯახის საკუთრებაში არსებული ახალციხის მუნიციპალიტეტში მდებარე უძრავი ქონების შეუფერხებლად სარგებლობის შესაძლებლობის გამო. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 13.11.2013წ. №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ 3.1 მუხლის თანახმად, საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის მიზნით, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროების შეფასებისას მონაცემთა ბაზაში დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის განსაზღვრისათვის. ეკომიგრანტი ოჯახი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პროცესში. დადგენილია, რომ ნ. ს-ის ოჯახი შეფასდა 16 ქულით და ახალციხეში, სოფ. ...ში მდებარე მოსარჩელის საცხოვრებელს სახლს მიენიჭა I კატეგორიის დაზიანება. ამდენად, კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ ამ ეტაპზე მოსარჩელის ოჯახის განსახლება გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს, ვინაიდან შეუზღუდავად სარგებლობს ახალციხეში, ...ის ქ. №113-ში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ფართით, არ ქმნის ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივ საფუძველს. თავად კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელემ ოჯახთან ერთად აღნიშნული საცხოვრებელი ფართი დაიკავა თვითნებურად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართის მოსარჩელის მიერ ფლობის სამართლებრივ საფუძველზე მხარეები არ მიუთითებენ, ამასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მიმართ მოსარჩელე 06.02.2018წ. განცხადებაში მიუთითებდა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართი თვითნებურად დაიკავა ქირის გადახდის შეუძლებლობის გამო, ასევე მიუთითებდა საცხოვრებლად შეუსაბამო პირობებზე და სიცივის გამო ითხოვდა გაზის ჩართვას. რაც შეეხება კასატორების მითითებას ძმის საცხოვრებელ სახლსა და მეუღლის თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, აღნიშნულ გარემოებაზე მითითება არ არის საკმარისი გასაჩივრებული აქტის კანონიერების დასადასტურებლად, ვინაიდან 13.11.2013წ. №779 ბრძანებით დამტკიცებული „პროცედურის“ 2.12 მუხლიდან გამომდინარე განცხადების განხილვისას, მიუხედავად ეკომიგრანტის ოჯახის წევრების საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში საცხოვრებელის სახლის არსებობისა, მხედველობაში მიიღება ამ საცხოვრებელი სახლის მოცულობა და ოჯახის წევრთა სულადობის შესაბამისობა. მოცემულ შემთხვევაში თავად კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელის ძმა - ბ. ს-ე ცხოვრობს მის ოჯახთან და მშობლებთან ერთად, ხოლო მოსარჩელის მეუღლე ე. ხ-ე არის ...ში მდებარე უძრავი ქონების თანამესაკუთრე, სადაც ე. ხ-ის გარდა თანამესაკუთრეებად რეგისტრირებული არიან ნ. ხ-ე, გ. ხ-ე და გ. ხ-ე, შესაბამისად, საცხოვრებელი სახლის მოცულობისა და ოჯახის წევრთა სულადობის შესაბამისობის შეფასების გარეშე, მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მოსარჩელის ძმასა და მეუღლეს (თანა)საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება, არ წარმოადგენს განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის და დასაბუთებულ საფუძველს. ამასთანავე, ზემოაღნიშნული „პროცედურის“ 1.3 მუხლით, ეკომიგრანტ ოჯახად განიხილება განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას. განსახილველ შემთხვევაში არ დგინდება მოსარჩელის ოჯახის ძმის საცხოვრებელ სახლში ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი, შესაბამისად, ნ. ს-ის ძმის - ბ. ს-ის ფართის, როგორც ოჯახის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ფართად განხილვა, მოცემულ შემთხვევაში არ არის დასაბუთებული. რაც შეეხება ახალციხეში, ...ის ქ. №90-ში მდებარე მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, რომელიც ნ. ს-ემ შემდეგში გაასხვისა, საქმის მასალებით არ დგინდება ამ უძრავ ქონებაზე ისეთი შენობა-ნაგებობის არსებობა, რომელიც შეიძლება განხილული იქნეს საცხოვრებელ სახლად. დადგენილია, რომ მოსარჩელე ოჯახთან ერთად ცხოვრობს ახალციხეში, ...ის ქ. №113-ში მდებარე ფართში, რომელიც არ წარმოადგენს მისი ან მისი ოჯახის წევრების საკუთრებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს ეკომიგრანტი ოჯახის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე. გასაჩივრებული აქტით მოსარჩელეს საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა ამ ეტაპზე მათი განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, თუმცა შესაბამისი საჭიროების არარსებობა დასაბუთებული არ არის.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ (საქართველო კონვენციას შეუერთდა საქართველოს პარლამენტის 21.04.1994წ. დადგენილებით) 3.1 მუხლზე, რომლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ბავშვის უფლებათა კოდექსის 5.3 მუხლის მიხედვით, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. იმავე კოდექსის 5.6 მუხლის შესაბამისად, ბავშვის უფლებებზე გავლენის მომხდენი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს, ხოლო ქმედება უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასების საფუძველზე. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნ. ს-ესთან ერთად საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა მის არასრულწლოვან შვილებს, 2013წ. დაბადებულ ნ. ს-ეს და 2016წ. დაბადებულ ე. ს-ეს. სადავო არ არის ის გარემოება, რომ ნ. ს-ის ოჯახი არის სტიქიური მოვლენის შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახი, რომლის გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობა მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაასაბუთა, შესაბამისად, საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს წარმოეშვა მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილების ვალდებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.06.2022წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე



მოსამართლეები: ქ. ცინცაძე



გ. გოგიაშვილი