Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით

Nბს-1317(კ-22) 22 თებერვალი, 2023 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივლისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ. ჯ-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 2 მარტს ნ. ჯ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდეგ, ნ. ჯ-ამ მოითხოვა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის 2021 წლის 26 იანვრის საპრეტენზიო კომისიის N1 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა ნ. ჯ-ას საპრეტენზიო განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, საპრეტენზიო წერილის დაკმაყოფილების, 5 ქულის მომატებისა და წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. ჯ-ას სარჩელი; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის 2021 წლის 26 იანვრის საპრეტენზიო კომისიის სხდომის ოქმი N1, ნ. ჯ-ას საპრეტენზიო განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალა საქმის გარემოებათა სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ. ჯ-ას მიერ წარდგენილ საპრეტენზიო განაცხადთან დაკავშირებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილების პირველ მუხლზე, მე-3 მუხლის „ე“, „მ“ ქვეპუნქტებზე, მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე, ამავე მუხლის მეორე პუნქტის „ა-ბ“ ქვეპუნქტებზე.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმეზე წარმოდგენილი დისტანციური გაკვეთილის შეფასების რუბრიკით დგინდება, რომ მასწავლებლის შეფასება ხორციელდება გაკვეთილის შეფასების სქემით, მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილის შეფასებისა და მასწავლებლის რეფლექსიის შეფასების საფუძველზე. შეფასების რუბრიკა გამოიყენება მხოლოდ ონლაინ გარე საგაკვეთილო დაკვირვებისთვის. რუბრიკაში დეტალურად არის აღწერილი, თუ რა სახის მიმართულებები უნდა გამოიყენოს მასწავლებელმა და მითითებულია ასევე შეფასების კრიტერიუმები. ამავე რუბრიკის თანახმად, გაკვეთილის შეფასების მაქსიმალური ქულაა 32. გაკვეთილი დადებითად შეფასებულად ჩაითვლება, თუ ის დააგროვებს ქულათა რაოდენობის 75%-ს, ანუ მინიმუმ 24 ქულას. საქმეზე ასევე წარმოდგენილია გაკვეთილის აღწერის ფორმა, 2020 წლის 5 ნოემბრის გარე დაკვირვების განხორციელებისათვის, სადაც მითითებულია მასწავლებლის აქტივობები და დამკვირვებლის კომენტარები. გარდა ამისა, 2020 წლის 11 ნოემბრის გაკვეთილზე დაკვირვების შედეგების თანახმად, ნ. ჯ-ამ სულ დააგროვა 19 ქულა. 2020 წლის 3 დეკემბერს ნ. ჯ-ამ საპრეტენზიო განცხადებით მიმართა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საპრეტენზიო კომისიას, გარე დამკვირვებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების განხილვისა და შეფასების გადახედვის მოთხოვნით. სადავო საკითხის გადაწყვეტისას, საპრეტენზიო კომისიამ 2021 წლის 26 იანვრის N1 სხდომის ოქმით ყველა მიმართულებაში სრულად გაიზიარა გარე დამკვირვებლის შეფასებები და ნ. ჯ-ას საპრეტენზიო განცხადება უსაფუძვლოდ მიიჩნია.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტზე, ამავე კოდექსის 53-ე, 96-ე მუხლებზე და და განმარტა, რომ ადმინისტრაციული წარმოება მოიცავს წესების ერთობლიობას, მასში მონაწილეთა შესაბამისი უფლება-მოვალეობებით სარგებლობის თაობაზე. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს დაინტერესებული პირის მოლოდინს, მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი. ამასთანავე, წარმოება მოიცავს დაინტერესებული პირის უფლებას, აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიაზე, სამომავლოდ მის მიმართ დასადგომ სამართლებრივ შედეგებზე ობიექტური ზეგავლენის მოსახდენად. მოქმედი კანონმდებლობით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებლად უნდა შეიცავდეს დასაბუთებას. მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამასთან, კანონმდებელი იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლზე და განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, დაამტკიცოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე. კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისაგან. სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ საპრეტენზიო კომისიამ ნ. ჯ-ას ნაწილში გადაწყვეტილება მიიღო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე. კომისია დაეყრდნო გარე დამკვირვებლის შეფასებას, დამატებითი გარემოებების გამოკვლევის გარეშე. კომისიას არ შეუფასებია მოსარჩელის მხრიდან სადავოდ მიჩნეული გარემოებები, რაც საშუალებას მისცემდა მას, გარე დამკვირვებლისა და საპრეტენზიო განცხადების ავტორის მიერ მითითებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად, მიეღო დასაბუთებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, კომისიის სხდომაზე ნ. ჯ-ას დასწრების მოთხოვნის არარსებობის თაობაზე და აღნიშნა, რომ ეს გარემოება ადმინისტრაციულ ორგანოს არ ათავისუფლებს ვალდებულებისაგან, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასებით მიზნით, სხდომაზე მიიწვიოს განმცხადებელი, მოისმინოს მისი პოზიცია, დაუსვას დამატებითი კითხვები, რაც ხელს შეუწყობს სადავო საკითხის მართებულად გადაწყვეტას.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მხარე თითოეულ შენიშვნასთან დაკავშირებით გამოთქვამდა საკუთარ პოზიციას და მიუთითებდა გარკვეულ საპირისპირო მტკიცებულებებზე, რაც მოპასუხე მხარეს მსჯელობის საგნად არ უქცევია. სადავო აქტი არ შეიცავს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იქნა გაზიარებული გარე დამკვირვებლის და არა მოსარჩელის პოზიცია. ამდენად, აპელანტის პოზიცია, გარე დამკვირვებლის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ეჭვქვეშ დაყენების წინაპირობების არარსებობის თაობაზე, უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას საპრეტენზიო კომისიას არ გამოუკვლევია და შეუსწავლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მართებულია განსახილველი დავის გადაწყვეტა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე. საქმის ობიექტურად გადაწყვეტის პრინციპები, საქმეზე წარმოდგენილი და გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები, პირველი ინსტანციის სასამართლოს აძლევდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა. კასატორმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც ნ. ჯ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

კასატორის განმარტებით, გარე დაკვირვებასთან დაკავშირებული დავები წარმოადგენს სიახლეს სასამართლო სისტემაში. შესაბამისად, საჭიროა სწორი პრაქტიკის დადგენა, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით. სააპელაციო სასამართლომ არასწორი განმარტება მისცა სამართლებრივ ნორმებს. ცენტრში შექმნილმა საპრეტენზიო კომისიამ ნ. ჯ-ას განაცხადი განიხილა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო კანონის შესაბამისად, საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად. გარე დაკვირვების ჩატარების წესს განსაზღვრავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 30 სექტემბრის N205/ნ ბრძანებით დამტკიცებული „გარე დაკვირვების წესი“. აღნიშნული „წესის“ მეორე მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად, გარე დაკვირვება არის უფროსი მასწავლებლის მიერ წარმართული გაკვეთილის შეფასება გაკვეთილის შეფასების რუბრიკის გამოყენებით, ხოლო „თ“ პუნქტის თანახმად, გაკვეთილის შეფასების რუბრიკა არის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტი, რომელიც ეფუძნება გაკვეთილის შეფასების გაზომვად და ვალიდურ კრიტერიუმებს და არის მასწავლებლის გაკვეთილის შეფასების უნიფიცირებული ფორმა. „წესის“ მე-13 მუხლის თანახმად, გარე დაკვირვების შედეგის ელექტრონულ სისტემაში განთავსებიდან ერთი თვის განმავლობაში მასწავლებელს შეუძლია გაასაჩივროს გარე დაკვირვების შედეგად მიღებული უარყოფითი შეფასება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში. მასწავლებელთა სააპელაციო განაცხადებს იხილავს საპრეტენზიო კომისია. მე-14 მუხლის თანახმად, საპრეტენზიო კომისია განიხილავს საპრეტენზიო განაცხადებს და გადაწყვეტილებას იღებს გარე დაკვირვების დროს გამოყენებული ყველა დოკუმენტის საფუძველზე, მათ შორის, გარე დამკვირვებლის მიერ შევსებული გაკვეთილის შეფასების რუბრიკის, მასწავლებლის მიერ წარდგენილი გაკვეთილის გეგმისა და რეფლექსიის საფუძველზე. მოცემულ საქმეზე კომისიამ ყველა დოკუმენტი სრულყოფილად გამოიკვლია. ოქმში მითითებულია, რომ კომისიამ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა საქმეში არსებული ყველა დოკუმენტით და გადაწყვეტილება დააფუძნა სწორედ მათი გამოკვლევის შედეგებს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ ცენტრმა საკმარისად არ გამოიკვლია საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, არ არის დასაბუთებული.

კასატორი თვლის, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლი და მტკიცების ტვირთი მთლიანად ცენტრს დააკისრა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებული იყო, სათანადო მტკიცებულებებით გაემყარებინა როგორც სარჩელი, ისე საპრეტენზიო განაცხადი, ვინაიდან კომისია მსჯელობს სწორედ საპრეტენზიო განაცხადიდან გამომდინარე. იმ შემთხვევაში, თუ საპრეტენზიო განაცხადს არ ახლავს სათანადო მტკიცებულებები, კომისია მოკლებულია შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს იგი. მოცემულ შემთხვევაში, საპრეტენზიო განაცხადი არ არის გამყარებული სათანადო მტკიცებულებეით. მასწავლებელი სადავოდ ხდის შეფასების რუბრიკით მიღებულ ქულებს და მიაჩნია, რომ იმსახურებდა მეტს. შესაბამისად, მის მიერ ჩატარებული გაკვეთილის ზეპირსიტყვიერად აღწერის გზით რუბრიკის კრიტერიუმებში გაწერილი პუნქტების შესრულებაზე მითითება, სათანადო არგუმენტებისა და მტკიცებულებების გარეშე, კომისიისათვის ვერ გახდება გარე დამკვირვებლის გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ მოყვანილ არგუმენტებზე მოპასუხე მხარეს პოზიცია არ დაუფიქსირებია. რეალურად, ცენტრმა შესაგებელშიც და სააპელაციო საჩივარშიც დააფიქსირა პოზიცია შეფასების რუბრიკის თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით. ამასთანავე, პროცესზე დაიკითხა გარე დამკვირვებელიც, რომელმაც დააფიქსირა თავისი პოზიცია სარჩელში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებეთან დაკავშირებით. აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლომ უტყუარად მიიჩნია მხოლოდ მოსარჩელის მიერ მოწმედ დაკითხულთა ჩვენებები. საგულისხმოა, რომ პროცესის მიმდინარეობისას მოსარჩელე მხარეს არ მოუყვანია არც ერთი არგუმენტი, რომელიც გარე დამკვირვებლის არაობიექტურობას დაადასტურებდა. კასატორი მიუთითებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 30 სექტემბრის N205/ნ ბრძანებით დამტკიცებული „გარე დაკვირვების წესის“ მე-15 მუხლზე, რომელიც შეეხება ინტერესთა კონფლიქტის საკითხს. კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია და არც მოსარჩელეს დაუსახელებია. ამასთანავე, გაუგებარია, რა დაინტერესება უნდა ჰქონდეს გარე დამკვირვებელს, რომ საკუთარი ვალდებულება არაჯეროვნად ან/და არაობიექტურად განახორციელოს. კასატორი ასევე მიუთითებს „წესის“ მე-10 მუხლის მე-3 პუნქტზე, მე-11 მუხლის მეორე პუნქტზე და აღნიშნავს, რომ გარე დამკვირვებელმა, შრომითსამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები. გარე დამკვირვებელი შეირჩევა გარე დაკვირვების წესის თანახმად და იგი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის კრიტერიუმებს, კერძოდ, „წესის“ მე-7 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, გარე დამკვირვებელს უნდა ჰქონდეს აკადემიური ხარისხი და აკმაყოფილებდეს ამ მუხლის „ა-გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ერთ-ერთ მოთხოვნას. აღნიშნული პუნქტებით გათვალისწინებულია მაღალი კვალიფიკაციის ექსპერტების დანიშვნა გარე დამკვირვებლებად, რომლებიც უზრუნველყოფენ გარე დაკვირვების ობიექტურობის მაღალი ხარისხით ჩატარებას. ამდენად, არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისათვის, რომ გარე დამკვირვებლის მიერ გაკვეთილის აღწერის ფორმაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები მიჩნეულ იქნეს სადავოდ.

კასატორის განმარტებით, საპრეტენზიო კომისია არ არის ვალდებული, მიიწვიოს გარე დამკვირვებელი და მასწავლებელი, მოისმინოს მათი მოსაზრებები, განახორციელოს ვიზიტი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში. კომისიას აღნიშნულის უფლებამოსილება (და არა ვალდებულება) გააჩნია, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. კანონი არ ავალდებულებს მას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მიიწვიოს მასწავლებელი. კომისია ხელმძღვანელობს მასწავლებლის ნებით. მასწავლებელს აქვს სრული შესაძლებლობა, საპრეტენზიო განაცხადში მოითხოვოს, რომ კომისიამ იგი დაასწროს სხდომას. მოცემულ შემთხვევაში, მასწავლებელს მსგავსი ნება არ დაუფიქსირებია, რაც ნიშნავს იმას, რომ მას არ ჰქონდა სურვილი, გამოცხადებულიყო კომისიის სხდომაზე და დაპირისპირებოდა გარე დამკვირვებელს. გასათვალისწინებელია, რომ სასამართლო სხდომაზეც, გარე დამკვირვებლის დაკითხვისას, მასწავლებელი ტექნიკური გაუმართაობის მომიზეზებით არ ჩაერთო სხდომაზე, რაც ქმნის ვარაუდს, რომ მას არ ჰქონდა კონკრეტული არგუმენტები, რომლებითაც დაუპირისპირდებოდა გარე დამკვირვებელს. მეორე მიზეზი, რატომაც იწვევს კომისია მხარეებს სხდომაზე, არის ის, რომ საქმეში არსებული დოკუმენტაცია არ იძლევა გაკვეთილის სრულყოფილ სურათს. საპრეტენზიო განაცხადში მოცემულია ისეთი გარემოება, სათანადო მტკიცებულებით, რომელიც გარე დამკვირვებელს არ დაუფიქსირებია. მოცემულ შემთხვევაში, როგორც გაკვეთილის აღწერიდან, ისე შეფასების რუბრიკიდან, ნათლად ჩანს გაკვეთილის მიმდინარეობის პროცესი და დარღვევები, რომლებმაც განაპირობა ქულების დაკლება. შესაბამისად, საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება არის ობიექტური, საქმის ყველა გარემოება სრულყოფილად არის შესწავლილი.

კასატორი მიუთითებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 30 სექტემბრის N205/ნ ბრძანებით დამტკიცებული „გარე დაკვირვების წესით“ გათვალისწინებულ მასწავლებლის მიერ წარმართული გაკვეთილის შეფასების ფორმაზე (რუბრიკაზე) და დეტალურად მიმოიხილავს რუბრიკით გათვალისწინებულ თითოეულ კრიტერიუმს. კასატორის მოსაზრებით, გარე დაკვირვებით დადგენილად უნდა ჩაითვალოს, რომ მოსარჩელე არ აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს. რუბრიკის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, მაღალი ქულა იწერება მაშინ, როდესაც მასწავლებელს შეუძლია გაკვეთილის მიზნიდან გამომდინარე, საჭიროებისამებრ, დროის დანაკარგის გარეშე, უზრუნველყოს მოსწავლეთა სათანადო ჩართულობა, წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა და მართვა. მოცემულ შემთხვევაში, პედაგოგს მთელი გაკვეთილის მანძილზე გამორთული ჰქონდა კამერა. დისტანციური გაკვეთილის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ პედაგოგს მთელი გაკვეთილის მანძილზე ჰქონდეს ჩართული კამერა, ხოლო ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში - მისალმებისას მაინც. ეს კეთილგანწყობილი გარემოს შექმნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. აღნიშნული ფაქტი გამორიცხავს მაღალი ქულის დაწერას, შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილება დასაბუთებულია. რუბრიკის მეორე პუნქტის თანახმად, საჭიროა მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში. განსხვავებული აზრების გამოთქმა უნდა იყოს წახალისებული და მოსწავლეები აქტიურად უნდა გამოთქვამდნენ მათ. მასწავლებელმა ასევე უნდა შეძლოს მოსწავლეთა ქცევის მართვა. მოცემულ შემთხვევაში, დამკვირვებლის დასკვნიდან გამომდინარე, პედაგოგი ვერ მართავდა კლასს და ვერ უზრუნველყოფდა სათანადო კიბერ დისციპლინას - „მოსწავლეებს გაკვეთილის მანძილზე მიკროფონები გამორთული ჰქონდათ და მასწავლებელი მუდმივად თხოვდა მიკროფონების ჩართვას, მაგრამ სამწუხაროდ, უშედეგოდ“. გარდა ამისა, საგაკვეთილო პროცესში ჩართული იყო მხოლოდ ორი მოსწავლე, მაშინ, როცა გაკვეთილს 7 მოსწავლე ესწრებოდა და მასწავლებელს არ უნდა გაჭირვებოდა მათი სათანადოდ ჩართვა გაკვეთილში. მართალია, მოსწავლეს არ მოეთხოვება სწორი პასუხის გაცემა, თუმცა მათი მხრიდან გაცემული სწორი პასუხები მიზნის მიღწევის ინდიკატორია. დამკვირვებლის დასკვნის მიხედვით, მოსწავლეები ან არ პასუხობდნენ, ან მცდარ პასუხებს იძლეობდნენ, რაც ცალსახად გამორიცხავს ამ ნაწილში მიღებულზე მეტი ქულის დაწერას. რუბრიკის 3.1 პუნქტის მიხედვით, დამკვირვებელს გაკვეთილი ამ კრიტერიუმში შეფასებული აქვს 3 ქულით. დამკვირვებლის დასკვნისა და ზოგიერთ პუნქტში პედაგოგის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის მიხედვით, მოსწავლეები პასიურობდნენ და სათანადოდ ვერ ერთვებოდნენ საგაკვეთილო პროცესში, არ ხდებოდა თანამშრომლობითი კულტურის ხელშეწყობა, არ შეინიშნებოდა დიფერენცირებისა და ავტონომიური სწავლების პრინციპების გათვალისწინება. ხარვეზები იყო გაკვეთილის აგებაშიც. მიუხედავად იმისა, რომ პედაგოგი რეფლექსიაში საუბრობს დასაწყისში პოზიტიური მოლოდინების შექმნაზე, თავად გაკვეთილის მსვლელობაში ეს არ შეიმჩნევა. ასევე არ ჩანს, შეუძლიათ თუ არა მოსწავლეებს ნასწავლის გამოყენება, რაც ყველა გაკვეთილის საბოლოო მიზანს უნდა წარმოადგენდეს. რუბრიკის 3.2 პუნქტით მაღალი ქულა იწერება მაშინ, როდესაც მოსწავლეები თავად მონაწილეობენ შეფასებაში. მასწავლებელი მონიტორინგს უწევს მოსწავლეთა სწავლის პროცესს სხვადასხვა მეთოდით/ფორმით. ამის საფუძველზე მოსწავლეები იღებენ განმავითარებელ უკუკავშირს, მიღებული უკუკავშირი არის ზუსტი, სპეციფიკური და ემსახურება თითოეული მოსწავლის სწავლის გაუმჯობესებას. მოცემულ შემთხვევაში, მასწავლებლის შეფასება ზოგადი და ცალმხრივია. დამკვირვებლის დასკვნის მიხედვით, შეფასებითი კომენტარები უფრო ქცევის წესებზე იყო ორიენტირებული. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს შეფასების ობიექტურობას. რუბრიკის მე-4 პუნქტით მაღალი ქულა იწერება მაშინ, როდესაც მასწავლებელს გამოყენებული აქვს სხვადასხვა რესურსი. მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს საგაკვეთილო მიზანთან შესაბამის მრავალფეროვან სასწავლო რესურსს (მაგ.: ვიდეო, საპრეზენტაციო მასალა, სასარგებლო ბმული, გაზიარებული სამუშაო ფაილი, სქემა, დიაგრამა, ინტერაქტიური რუკა და სხვ). დამკვირვებლის დასკვნისა და პედაგოგის დოკუმენტაციის თანახმად, განსახილველი გაკვეთილის მთავარი რესურსი მხოლოდ „ფოვერ ფოინთი“ და სახელმძღვანელოა, რაც არ არის საკმარისი, ინტერაქტიულობისა და მაქსიმალური ჩართულობის მისაღწევად. შესაბამისად, გაკვეთილი ფრონტალურ ხასიათს ატარებდა და არადინამიური იყო. რუბრიკის მე-5 პუნქტით უმაღლესი ქულა იწერება მაშინ, როდესაც მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის კომუნიკაცია გამართულად მიმდინარეობს. მოცემულ შემთხვევაში, მასწავლებლის შეფასებები არის ზოგადი. ამასთან, მოსწავლეების მცირე რაოდენობის მიხედვით, მასწავლებელი ვერ ახერხებს ყველას ჩართვას საგაკვეთილო პროცესში და ძირითადად, მხოლოდ ორი მოსწავლე აქტიურობს. რუბრიკის მე-6 პუნქტი გულისხმობს რეფლექსიის შეფასებას. მოცემულ შემთხვევაში მასწავლებლის მიერ წარმოდგენილი რეფლექსია არის ზედაპირული და აღწერითი ხასიათისაა, არ შეიცავს ანალიტიკურ განხილვასა და ხარვეზების გაანალიზებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საპრეტენზიო კომისიის სადავო 2021 წლის 26 იანვრის N1 საოქმო გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძველია საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილებით დამტკიცებული ,,მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა“. აღნიშნული „სქემის“ მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წამყვან მასწავლებელში იგულისხმება მასწავლებელი, რომელსაც დადგენილი წესით მინიჭებული აქვს ან ამ სქემის საფუძველზე მიენიჭება წამყვანი მასწავლებლის სტატუსი, ხოლო მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წამყვანი მასწავლებლის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს უფროს მასწავლებელს, რომელსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ან საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს არანაკლებ 50%-ანი შედეგით, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, უფროსი მასწავლებელი უფლებამოსილია განმეორებით ჩააბაროს საგნის გამოცდა წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად. ამავე მუხლის მეორე პუნქტის „ა-ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად უფროსი მასწავლებელი ვალდებულია, გაიაროს კომპლექსური შეფასება, რაც მოიცავს: პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარებას; მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასებას, რომელიც მოიცავს: გარე დაკვირვებასა და მასწავლებლის მიერ თემატური ერთეულის ფარგლებში განხორციელებულ გაკვეთილის შემდგომ რეფლექსიას (თვითშეფასებას); სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრებას (ინტერვიუირებას) და პორტფოლიოს შეფასებას.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 30 სექტემბრის N205/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „გარე დაკვირვების წესზე“, რომელიც შემუშავებულია ზემოაღნიშნული „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ ფარგლებში. „გარე დაკვირვების წესი“ აწესრიგებს უფროსი მასწავლებლის მიერ წარმართული გაკვეთილის შეფასების მიზნით გარე დაკვირვებასთან დაკავშირებულ პროცესებს.

ზემოაღნიშნული „წესის“ მეორე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გარე დაკვირვება მოიაზრებს უფროსი მასწავლებლის მიერ წარმართული გაკვეთილის შეფასებას გაკვეთილის შეფასების რუბრიკის გამოყენებით. ამავე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, წამყვანი მასწავლებელი არის მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს უფროსი მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს და სქემით დადგენილი წესით განაწილებულია სქემაში წამყვან მასწავლებლად ან მიენიჭება წამყვანი მასწავლებლის სტატუსი. „თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, გაკვეთილის შეფასების რუბრიკა არის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტი, რომელიც ეფუძნება გაკვეთილის შეფასების გაზომვად და ვალიდურ კრიტერიუმებს და არის მასწავლებლის გაკვეთილის შეფასების უნიფიცირებული ფორმა.

მითითებული „წესის“ მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გაკვეთილზე დაკვირვება მოიცავს მასწავლებლის მიერ დაგეგმილი საგაკვეთილო პროცესის წარმართვას, რომელსაც აკვირდება გარე დამკვირვებელი, ხოლო მეორე პუნქტის შესაბამისად, გარე დამკვირვებელი ავსებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრს დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ გაკვეთილის აღწერის ფორმას. გაკვეთილის აღწერის ფორმა უზრუნველყოფს იმ ფაქტობრივი გარემოებების აღწერას, რაც უკავშირდება მასწავლებლის მიერ გაკვეთილის წარმართვას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გარე დამკვირვებელი აფასებს მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილს, გაკვეთილის შეფასების რუბრიკის გამოყენებით. „წესის“ მე-11 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, გარე დამკვირვებელი აფასებს გაკვეთილს ქულებით, გაკვეთილის შეფასების რუბრიკით გათვალისწინებული თოთოეული კრიტერიუმის მიხედვით.

ამავე „წესის“ მე-13 მუხლის თანახმად, გარე დაკვირვების შედეგის ელექტრონულ სისტემაში განთავსებიდან ერთი თვის განმავლობაში მასწავლებელს შეუძლია გაასაჩივროს გარე დაკვირვების შედეგად მიღებული უარყოფითი შეფასება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში. მასწავლებელთა სააპელაციო განაცხადებს განიხილავს საპრეტენზიო კომისია. ამასთან, „წესის“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საპრეტენზიო კომისია განიხილავს საპრეტენზიო განაცხადებს და გადაწყვეტილებას იღებს გარე დაკვირვების დროს გამოყენებული ყველა დოკუმენტაციის საფუძველზე, მათ შორის გარე დამკვირვებლის მიერ შევსებული გაკვეთილის შეფასების რუბრიკის, მასწავლებლის მიერ წარდგენილი გაკვეთილის გეგმისა და რეფლექსიის საფუძველზე. საპრეტენზიო კომისია უფლებამოსილია მოიწვიოს გარე დამკვირვებელი და მასწავლებელი და მოისმინოს მათი მოსაზრებები ჩატარებული გაკვეთილის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია განხორციელდეს საპრეტენზიო კომისიის წევრის/წევრების ვიზიტი იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც განხორციელდა გარე დაკვირვება.

საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ნ. ჯ-ა არის ...ისა და ...ის კვალიფიცირებული მასწავლებელი (სერტიფიცირებული). 2005 წლიდან დღემდე, ნ. ჯ-ა არის ... სკოლა „...ის“ ...ის პედაგოგი.

საქმეზე წარმოდგენილია 2020 წლის 5 ნოემბრით დათარიღებული, ნ. ჯ-ას მიერ ჩატარებული გაკვეთილის აღწერის ფორმა გარე დაკვირვების განხორციელებისათვის. აღწერის ფორმაში ასახულია მასწავლებლის აქტივობები და დამკვირვებლის მიერ აღნიშნულზე გაკეთებული კომენტარები. დამკვირვებლის მითითებით, მასწავლებლის მიერ წარდგენილი გეგმა ეყრდნობოდა ესგ-ით განსაზღვრულ სტანდარტს, თუმცა მას დასახული მიზნების მიღწევა აღნიშნულ გაკვეთილზე ფაქტობრივად არ გამოუვიდა. გაკვეთილის დასაწყისშივე, ონლაინ გაკვეთილზე არც მოსწავლეებს და არც მასწავლებელს კამერა ჩართული არ ჰქონდათ. მასწავლებელს გაზიარებული ჰქონდა Power Point-ის პრეზენტაცია და შეიძლება ამის გამო იყო მისი კამერა გამორთული, მაგრამ მასწავლებელი არც გაკვეთილის დასაწყისში არ ჩანდა. მოსწავლეებს გაკვეთილის მანძილზე მიკროფონები გამორთული ჰქონდათ და მასწავლებელი მუდმივად თხოვდა მიკროფონების ჩართვას, მაგრამ უშედეგოდ. გაკვეთილის საერთო მსვლელობაში დასამახსოვრებელი იყო მხოლოდ ორი მოსწავლე, რომლებიც ძირითადად აქტიურობდნენ. დანარჩენები ან ხმას არ იღებდნენ, ან უმეტესად არასწორად პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს (კლასში მოსწავლეთა საერთო რაოდენობაა 12). სიღრმისეული წვდომის ფაზის ორივე აქტივობა მასწავლებელს დაგეგმილი ჰქონდა ინდივიდუალურ სამუშაოდ. ვინაიდან მოსწავლეებს გამორთული ჰქონდათ კამერა და მიკროფონი, დაახლოებით 15 წუთი ისე გავიდა, რომ არ იყო აღქმადი მათი მუშაობის პროცესი. მიღებული შედეგებიც არ იყო ძირითადად დამაკმაყოფილებელი. განსაკუთრებით - მე-5 აქტივობაში. გაკვეთილის შეჯამების ფაზაში მხოლოდ ერთმა მოსწავლემ გასცა მასწავლებელს პასუხი. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მოსწავლეებმა ვერ გაიაზრეს გაკვეთილის მიზანი. შეფასებისას მასწავლებელი შემოიფარგლა ზოგადი კომენტარებით, რომლებიც უფრო ქცევის წესებთან იყო დაკავშირებული და ნაკლებად გამოიყენა განმავითარებელი შეფასების რუბრიკა.

საქმეზე ასევე წარმოდგენილია დისტანციური გაკვეთილის შეფასების რუბრიკა, რომელშიც ასახულია მოსარჩელესთან მიმართებაში გარე დამკვირვებლის მიერ განხორციელებული შეფასებები, გაკვეთილის შეფასების სქემის, მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილის შეფასებისა და მასწავლებლის რეფლექსიის შეფასების საფუძველზე. რუბრიკაში დეტალურად არის აღწერილი, რა სახის მიმართულებებზე უნდა გააკეთოს აქცენტი მასწავლებელმა და მითითებულია შეფასების კრიტერიუმები (პირველი მიმართულება - ვირტუალური სასწავლო პლატფორმის გამოყენება: 1.1. ვირტუალური სასწავლო პლატფორმის შესაბამისი უნარ-ჩვევების დემონსტრირება; 1.2. კიბერჰიგიენის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის, ონლაინეთიკისა და მედიაწიგნიერების ძირითადი პრინციპების დაცვა; მეორე მიმართულება - პოზიტიური სასწავლო გარემოს ფორმირება: 2.1. ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების ხელშემწყობი ვირტუალური სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა; 2.2. ვირტუალური სასწავლო პროცესის მართვა; მე-3 მიმართულება - ონლაინფორმატის რელევანტური სწავლება და შეფასება: 3.1. სწავლება; 3.2. შეფასება; მე-4 მიმართულება - სასწავლო რესურსების გამოყენება; მე-5 მიმართულება - ონლაინ-კომუნიკაცია; მე-6 მიმართულება - რეფლექსია ჩატარებულ გაკვეთილზე. ამავე რუბრიკის თანახმად, გაკვეთილის შეფასების მაქსიმალური ქულაა 32. გაკვეთილი დადებითად შეფასებულად ჩაითვლება, თუ ის დააგროვებს ქულათა რაოდენობის 75%- ს, ანუ მინიმუმ 24 ქულას).

2020 წლის 11 ნოემბრის გაკვეთილზე, დაკვირვების შედეგების მიხედვით, ნ. ჯ-ასთან მიმართებაში ყოველი კრიტერიუმი შეფასდა გარკვეული ქულით. პირველი მიმართულება - ვირტუალური სასწავლო პლატფორმის გამოყენება: 1.1. ვირტუალური სასწავლო პლატფორმის შესაბამისი უნარ-ჩვევების დემონსტრირება; 1.2. კიბერჰიგიენის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის, ონლაინეთიკისა და მედიაწიგნიერების ძირითადი პრინციპების დაცვა - 2 ქულა; მეორე მიმართულება -პოზიტიური სასწავლო გარემოს ფორმირება: 2.1.ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების ხელშემწყობი ვირტუალური სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა - 3 ქულა; 2.2. ვირტუალური სასწავლო პროცესის მართვა - 2 ქულა; მე-3 მიმართულება - ონლაინფორმატის რელევანტური სწავლება და შეფასება: 3.1. სწავლება - 3 ქულა; 3.2. შეფასება - 2 ქულა.; მე-4 მიმართულება - სასწავლო რესურსების გამოყენება - 2 ქულა; მე-5 მიმართულება - ონლაინკომუნიკაცია - 3 ქულა; მე-6 მიმართულება - რეფლექსია ჩატარებულ გაკვეთილზე - 2 ქულა. ნ. ჯ-ამ სულ დააგროვა 19 ქულა.

2020 წლის 3 დეკემბერს ნ. ჯ-ამ საპრეტენზიო განცხადებით მიმართა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საპრეტენზიო კომისიას, გარე დამკვირვებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების განხილვისა და შეფასების გადახედვის მოთხოვნით.

სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის 2021 წლის 26 იანვრის საპრეტენზიო კომისიის N1 საოქმო გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ნ. ჯ-ას საპრეტენზიო განაცხადი.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2021 წლის 2 თებერვლის NMES 8 21 0000054047 წერილით ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს ეცნობა, რომ საპრეტენზიო კომისია ეთანხმებოდა გარე დამკვირვებლის შეფასებას ყველა პუნქტში.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების დამაბრკოლებელი გარემოების აღმოფხვრა. უდავოა, რომ ჩატარებულ გაკვეთილზე დაკვირვების შედეგების მიხედვით, ნ. ჯ-ამ ვერ დააგროვა ქულთა საკმარისი რაოდენობა, შესაბამისი სტატუსის მოსაპოვებლად, ხოლო სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საპრეტენზიო კომისიის სადავო 2021 წლის 26 იანვრის N1 საოქმო გადაწყვეტილებით აღნიშნული შედეგები საფუძვლიანად იქნა მიჩნეული.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სრულად ეყრდნობა გარე დამკვირვებლის შეფასებას. კომისიას არ მოუსმენია მასწავლებლის არგუმენტები, მასთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებებთან დაკავშირებით. სადავო წარმოების შედეგები არ ეფუძნება გარე დამკვირვებლისა და საპრეტენზიო განაცხადის ავტორის მიერ მითითებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად გაკეთებულ დასკვნებს. დადგენილია, რომ გაკვეთილის აღწერის ფორმაში გარე დამკვირვებლის მიერ მითითებულ გარემოებებს მოსარჩელე უპირისპირებდა გარკვეულ მტკიცებულებებს, რაც სადავო წარმოებისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მსჯელობის საგანი არ გამხდარა. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ონლაინ-გაკვეთილის მიმდინარეობისას, მისი კამერა 45 წუთის განმავლობაში იყო ჩართული და არ გათიშულა. ამასთან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ გაკვეთილის დაწყებამდე არსებობდა ტექნიკური ხარვეზი, რის გამოც, დამკვირვებელს სპეციალისტის დახმარება დასჭირდა. მასწავლებლის მხრიდან კამერის მუდმივ რეჟიმში ჩართვის ფაქტი დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხულმა პირებმაც. მოსწავლეების მხრიდან კამერებისა და მიკროფონების გაუმართაობის საკითხთან დაკავშირებით, მოსარჩელემ დაადასტურა, რომ რამდენიმე მოსწავლესთან აღნიშნული პრობლემა მართლაც არსებობდა, თუმცა ზოგიერთ მათგანს ჰქონდა ქსელის პრობლემა. ამასთანავე, ბავშვები პერიოდულად გამოთქვამდნენ წუხილს ხმის ხარვეზის გამო.

საკასაციო ასევე პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომელიც სადავო შემთხვევაში, გაკვეთილზე ბავშვების აქტიურობასა და მათი მხრიდან კითხვებზე არასწორად გაცემულ პასუხებს შეეხება. სააპელაციო პალატამ სწორად აღნიშნა, რომ გაკვეთილი წარმოადგენს ცოცხალ პროცესს, სადაც შეცდომები მიიჩნევა დასაშვებად და მოსწავლის არასწორი პასუხი არ უნდა ჩაითვალოს გაკვეთილის ხარვეზად. საგულისხმოა, რომ მოსარჩელემ წარმოადგინა გაკვეთილზე მოსწავლეთა მიერ გაცემული პასუხები დასმულ შეკითხვებზე, რომელთა შინაარსის კვლევა მოპასუხის მხრიდან დასტურდება. გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მოსწავლეებს კითხვისთვის და სავარჯიშოს შესრულებისთვის დასჭირდათ 9 წუთი, რადგან ზოგიერთი მოსწავლე წიგნის უქონლობის გამო იყენებდა მის ეკრანს. სავარჯიშო მოიცავდა 5 შეკითხვას ტექსტთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობდა „weil“ კავშირის სწორად გამოყენებას. შემთხვევითი პრინციპით არჩეულმა მოსწავლემ დასმულ შეკითხვას სრულად გასცა პასუხი და 3 წუთი გამოიყენა გამოკითხვისათვის. ამ სავარჯიშოს მოსწავლეებმა ძალიან კარგად გაართვეს თავი. სავარჯიშო შესრულდა შეცდომის გარეშე და მიზანი მიღწეულ იქნა. ამასთანავე, მსგავსი შინაარსის წინადადებების დაკავშირებისას, ზოგიერთმა მოსწავლემ დაუშვა შეცდომა, რომელზეც მასწავლებელმა მოახდინა იმწუთიერი რეაგირება. არცერთი შეცდომა არ დარჩენილა უყურადღებოდ. პარალელურად სწორდებოდა შეცდომები. მე-6 აქტივობასთან დაკავშირებით, მოსარჩელე მიუთითებს, რომ რეალურად სამმა მოსწავლემ გასცა პასუხი დასმულ შეკითხვას, რაც სრულად დამაკმაყოფილებელია. გარდა ამისა, კალენდრის დაგეგმვა, ზარების განხორციელება, რუბრიკის გაზიარება იყო დროული. არანაირი დაგვიანება არ ჰქონია. სრულად დაცული იყო კიბერჰიგიენის ნორმები, არანაირი ინტერნეტწყარო და პროგრამები არ გამოუყენებია, რესურსი შერჩეული იყო სკოლის სახელმძღვანელოდან, დაცული იყო მოსწავლეთა პერსონალური მონაცემები ონლაინ სივრცეში და ეტიკეტის ნორმები. სიძულვილის ენა არ ყოფილა გამოყენებული. სადავო აქტი არ შეიცავს მსჯელობას, რა საფუძვლით იქნა უარყოფილი მოსარჩელის მიერ მითითებული შენიშვნები და რატომ იქნა გაზიარებული მხოლოდ გარე დამკვირვებლის პოზიცია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული წარმოება წრმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებასა და გამოცემასთან დაკავშირებულ წესების ერთობლიობას. წარმოების სრულყოფილად ჩატარება კი, განაპირობებს შესაბამისი აქტის დასაბუთებულობას. წერილობით გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზეც იგი გამოიცა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, არ დასტურდება, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნები, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების აუცილებლობის თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს (საიდენტიფიკაციო კოდი - 202374251) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2022 წლის 10 ოქტომბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივლისის განჩინება;

3. სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს (საიდენტიფიკაციო კოდი - 202374251) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2022 წლის 10 ოქტომბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე



მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე



გენადი მაკარიძე