Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-801(კ-22) 20 თებერვალი, 2023 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე - შ.ფ-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 თებერვლის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2020 წლის 11 მარტს შ.ფ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ ,,შ.ფ-ისთვის შშმ პირთათვის განსაზღვრული ფულადი გასაცემლის დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 11 თებერვლის N04/4518 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - მოსარჩელე შ.ფ-ისთვის 2020 წლის 1 მარტიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ოდენობით შშმ პირთათვის განსაზღვრული ფულადი გასაცემლის დანიშვნის თაობაზე, გამოცემის დავალება და ასევე 2020 წლის 01 მარტიდან, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი შშმ პირთათვის განსაზღვრული ფულადი გასაცემლის - საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყოველთვიური - 100 ლარის ოდენობით ანაზღაურების თაობაზე, მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილებით შ.ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ,,შ.ფ-ისთვის შშმ პირთათვის განსაზღვრული ფულადი გასაცემლის დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 11 თებერვლის N04/4518 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე შ.ფ-ისთვის შშმ პირთათვის განსაზღვრული ფულადი გასაცემლის დანიშვნის თაობაზე, 2020 წლის 01 მარტიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ოდენობით; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა მოსარჩელე შ.ფ-ისათვის 2020 წლის 01 მარტიდან, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი შშმ პირთათვის განსაზღვრული ფულადი გასაცემლის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყოველთვიური ოდენობით. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 თებერვლის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

კასატორის განმარტებით, 2012 წლის სექტემბრიდან შშმ პირთა სახელმწიფო გასაცემლების (სოციალური პაკეტი) უზრუნველყოფის საკითხი რეგულირდება, „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული წესით ,,სოციალური პაკეტების გაცემის წესი და პირობები“, რომლის შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსით სახელმწიფო გასაცემელი ენიშნებათ მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბენეფიციარებს, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს, ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებსაც 18 წლის ასაკის შემდეგ დადგენილი აქვს ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი და არ ითვალისწინებს ზომიერად გამოხატული (საერთო დაავადება) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის გასაცემლის დანიშვნას.

„შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის 1/ნ ბრძანების 31-ე მუხლის შესაბამისად, შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის შესახებ დასკვნა გამოაქვს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას. შეზღუდული შესაძლებლობის დადგენის გამო სოციალური პაკეტის დანიშვნის შემთხვევაში, გასაცემლის მაძიებელმა, სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში განცხადებასთან და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად უნდა წარადგინოს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი, რომელშიც მითითებული იქნება შესაძლებლობის შეზღუდვის ხარისხი - მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატულ შესძლებლობის შეზღუდვა, რომელიც მომდინარეობს ბავშვობიდან. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში შ.ფ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტებიდან ირკვეოდა, რომ შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ დადგენილი იყო ზომიერად გამოხატული შშმ პირის სტატუსი, უვადოდ - საერთო დაავადებით, რის საფუძველზეც სოციალური მომსახურების სააგენტოს არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი მოსარჩელისათვის დაენიშნა შშმ პირთათვის განსაზღვრული ფულადი გასაცემელი.

კასატორის განმარტებით, 2021 წლის 8 მარტის დასკვნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში რომ წარედგინა შ.ფ-ე მაინც ვერ მოიპოვებდა სოციალური პაკეტის დანიშვნის უფლებას. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2020 წლის 3 თებერვლის №02/1183 წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მიზეზის დასადგენად შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებისთვის უნდა მიემართა.

„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით კანონმდებელმა იმპერატიულად განსაზღვრა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენისათვის მიზეზობრივი კავშირის ცნება. სსე აქტის ამონაწერის ან შემოწმებული პირისათვის განკუთვნილი ცნობის პირველ გვერდზე, სპეციალურ გრაფაში მითითებული უნდა იყოს პირის დაავადების ან ტრავმის მიზეზობრივი კავშირის შესახებ ინფორმაცია. კერძოდ, შესაძლებლობის შეზღუდვა დაკავშირებულია საერთო დაავადებასთან, შრომით დასახიჩრებასთან, პროფესიულ დაავადებასთან. შ.ფ-ეს კი, არ გააჩნდა სსე აქტის ამონაწერში შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მხრიდან გაცემული დოკუმენტი, რომელშიც მითითებული იქნებოდა შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზობრივი კავშირი, ხარისხი - მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვა, რომელიც მომდინარეობდა ბავშვობიდან. ამდენად, სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას კომპეტენციის ფარგლებში ემსჯელა სახელმწიფო გასაცემლის მაძიებლისათვის სოციალური პაკეტის დანიშვნის თაობაზე. კასატორის განმარტებით, სასამართლო დაეყრდნო იმ დაწესებულების მიერ გაცემულ 2021 წლის 8 მარტის დასკვნას, რომელიც საინფორმაციო ხასიათისაა. მოსარჩელის მიერ მოწოდებული დოკუმენტაცია არ წარმოადგენს იმ სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალის რიგს, რომლებსაც გადაეცათ შესაძლებლობების შეზღუდვის სტატუსის დადგენის უფლება, რომელიც მტკიცდება სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის ბრძანებით.

კასატორის მოსაზრებით, ასევე გაუგებარია გადაწყვეტილებს სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი, სადაც სასამართლო უთითებს, რომ 2020 წლის პირველი მარტიდან უნდა განხორციელდეს შ.ფ-ისთვის, როგორც შშმ პირისათვის, განსაზღვრული ფულადი გასაცემლის დანიშვნა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; VandeHurk v. Netherlands, par.61, GarciaRuiz v. Spain [GC] par.26; JahnkeandLenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 11 თებერვლის N04/4518 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება, რომლითაც შ.ფ-ეს უარი ეთქვა შშმ პირთათვის განსაზღვრული ფულადი გასაცემლის დანიშვნაზე, იმ საფუძვლით, რომ შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ დადგენილი ჰქონდა ზომიერად გამოხატული შშმ პირის სტატუსი, უვადოდ - საერთო დაავადებით. მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს, იმ გარემოებაზე, რომ მას აღენიშნება ორმხრივი სენსონევრალური ხასიათის მძიმე III ხარისხის სმენის დაქვეითება, რომელიც დაიწყო 11 წლის ასაკიდან და მას ზომიერად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვა დაეწყო ბავშვობიდან და შესაბამისად, არსებობდა მისთვის ბავშვობიდან შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის საფუძველი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ 22-ე მუხლზე, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ მე-9 მუხლსა და „ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-12 მუხლზე და აღნიშნავს, რომ სოციალური უფლებები, მათ შორის სოციალური დახმარების მიღება საერთაშორისო აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება, რაც სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას არა მხოლოდ აღიაროს პირთა სოციალური უფლებების არსებობა, არამედ ქმედითი ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე შექმნას სამართლებრივი გარანტიები მითითებული უფლების რეალიზებისთვის. სოციალური სახელმწიფოს პრინციპს ამკვიდრებს და სოციალური დაცვის გარანტიებს შიდა სამართლებრივ დონეზე ქმნის საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლი, რომლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება კანონით. კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს და სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს განსაზღვრავს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-6 და 121 მუხლების თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს სოციალური პაკეტი, რომელიც არის ყოველთვიური ფულადი სარგებელი ან/და სარგებლების (ფულადი და არაფულადი სარგებლები) ერთობლიობა და მისი დანიშვნის ერთ-ერთი საფუძველია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა; ამასთან, სოციალური პაკეტის მოცულობა, მიმღებ პირთა წრე, გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილებით დამტკიცებულ „სოციალური პაკეტის გაცემის წესსა და პირობების“ 1-ლ მუხლზე, რომელიც არეგულირებს სოციალური პაკეტის გაცემის წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური პაკეტის მხოლოდ ფულადი გასაცემლის (შემდგომში – სოციალური პაკეტი) მოცულობას, მიმღებ პირთა წრეს, დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს სოციალური პაკეტის დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციული ციკლის რეგულირებას, ადგენს ადმინისტრირების ორგანოს, არეგულირებს სოციალური პაკეტის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულია იმ პირთა წრე, რომელთაც სოციალური პაკეტი ენიშნებათ, კერძოდ, ამ მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სოციალური პაკეტი ენიშნებათ ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებსაც 18 წლის ასაკის შემდეგ დადგენილი აქვთ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი. ხოლო, მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო სოციალური პაკეტის დანიშვნის შემთხვევაში, სახელმწიფო გასაცემლის მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს - შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერი.

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირს კანონმდებლობა ანიჭებს უფლებას სოციალური პაკეტის მიღების მოთხოვნით მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც შესაბამისი წესის გათვალისწინებით ამოწმებს რამდენად აკმაყოფილებს განაცხადი ნორმატიულ მოთხოვნებს და წარდგენილია თუ არა შესაბამისი მტკიცებულებები.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლიც განსაზღვრავს სამედიცინო–სოციალური ექსპერტიზის სამართლებრივ, ეკონომიკურ და ორგანიზაციულ საფუძვლებს. მისი მიზანია საქართველოს მოქალაქეების და მოქალაქეობის არმქონე პირების ჯანმრთელობის დაცვა, შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრა, მისი გამომწვევი მიზეზების პროფილაქტიკა და აღნიშნული კატეგორიის პირთა რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის პირობების შექმნა. მითითებული კანონის მე-16 მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 პუნქტების თანახმად, შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრისას დაწესებულება ადგენს შემდეგ მიზეზებს: ა) საერთო დაავადება, ბ) შრომითი დასახიჩრება, გ) პროფესიული დაავადება, დ) ბავშვობიდან შესაძლებლობის შეზღუდვა, ე) შესაძლებლობის შეზღუდვა, რაც დაკავშირებულია სამხედრო ვალდებულების შესრულებისას მიღებულ ტრავმასთან ან დაავადებასთან, ვ) შესაძლებლობის შეზღუდვა, რაც არ არის დაკავშირებული სამხედრო ვალდებულების შესრულებისას მიღებულ ტრავმასთან ან დაავადებასთან, ზ) შესაძლებლობის შეზღუდვა, რაც დაკავშირებულია ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურისა და სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების სხვა ბირთვული ობიექტების ავარიასთან, თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მიზეზს. შესაძლებლობის შეზღუდვა საერთო დაავადებასთან დაკავშირებულად ითვლება, თუ იგი კავშირში არ არის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ-თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მიზეზებთან.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ბავშვობიდან შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი დაუდგინდება პირს, რომლის შესაძლებლობის შეზღუდვა 18 წლის ასაკამდე მოხდა. შესაბამისად, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შედეგად, პირს უდგინდება შესაძლებლობის შეზღუდვის კატეგორია და მიზეზი, რომელიც განაპირობებს მისთვის შესაბამისი სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში დავის სწორად გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია იმ საკითხის დადგენა შ.ფ-ის შესაძლებლობის შეზღუდვა მოხდა 18 წლის ასაკამდე თუ შემდგომ.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2019 წლის 30 ივლისს, შ.ფ-ეს დაუდგინდა ზომიერად გამოხატული შშმ პირის სტატუსი უვადოდ, საერთო დაავადებით (,,ორმხრივი სენსონევრალური ტიპის სმენის დაქვეითება. ტინიტუსი. მესამე ხარისხის (მძიმე)“).

2012 წლის 11 ივლისს, მოსარჩელე შ.ფ-ეს დაუდგინდა ნეიროსენსორული ტიპის სმენაჩლუნგობა მე-3 ხარისხის (მძიმე). ანამნეზში მიეთითა, რომ პაციენტს სმენის დაქვეითება აღენიშნება ბავშვობის ასაკიდან (11 წლიდან), ამასთან, დაავადება არის პროგრესირებადი

საქმეში წარმოდგენილია 2021 წლის 8 მარტის დასკვნა, რომლის თანახმად, შ.ფ-ის MYO6 გენში ნანახი იქნა ჰეტეროზიგოტური სავარაუდო პათოგენური ვარიანტი. შედეგი თავსებადია 22-ე ტიპის აუტოსომურ-დომინანტური სიყრუის გენეტიკურ დიაგნოზთან. დასკვნის თანახმად, MYO6 გენის ვარიანტი იწვევს ნაადრევი სტოპ კოდონის წარმოქმნას. იგი კლასიფიცირებულია როგორც სავარაუდოდ პათოგენური (მე-2 კლასი). MYO6 გენის პათოგენური ვარიანტები ასოცირებულია 22-ე ტიპის სიყრუესთან და 22-ე ტიპის სიყრუესთან, რომელსაც თან ახლავს კარდიომიოპათია, ორივე მათგანი წარმოადგენს ავტოსომურ დომინანტურ დარღვევას. დაავადებას ახასიათებს არასინდრომული სმენის დაკარგვა, რომელიც არის პროგრესული და პოსტლინგუალური და იწყება ბავშვთა ასაკში. ყველა ზრდასრულ ადამიანს აღენიშნება მძიმე ნეიროსენსორული სიყრუე.

ასევე პროფ. ექიმ თ.ტ-ის ახსნა-განმარტებითაც ირკვევა, რომ მოსარჩელე - შ.ფ-ე არის მისი პაციენტი. მისი თქმით, ადამიანს თუ აქვს გენეტიკური დაავადება, ესე იგი მის გენში არის დარღვევა, ანუ პათოგენური ცვლილება. ზოგიერთი გენეტიკური დაავადება არის მემკვიდრული, ზოგი კი, დენოვო-სპონტანური მუტაციებით წარმოქმნილი. ორივე შემთხვევაში გენი დაზიანებულია ჩასახვის პერიოდიდან, თუმცა, გენეტიკური დაავადებების გამოვლინება ხდება სხვადასხვა პერიოდში, ზოგიერთი დაბადებისთანავე ვლინდება, ზოგიერთი 5, 10, 15 ... წლის შემდგომ, ან გვიან ასაკში. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეზე ჩატარებული გენეტიკური ანალიზის შესაბამისად, მის ერთერთ გენში, სახელი - MYO6, ნანახი იქნა მუტაცია, ანუ პათოგენური ცვლილება, ეს იმას ნიშნავს რომ მოსარჩელესთან ჩასახვის დღიდანვე ეს გენი იყო დაზიანებული. მოწმის განმარტებით, ამ დაავადებას ისეთი მიმდინარეობა აქვს, რომ სმენის დაქვეითება ვლინდება ბავშვთა ასაკიდანვე და შემდგომში პროგრესულად ვითარდება სრულ სიყრუემდე. მოწმის განმარტებით, შ.ფ-ის დაავადების გენეტიკურობაზე ასევე მიანიშნებს მისი ოჯახური ისტორიაც, მოსარჩელის დედა, დეიდა, ბიძა, ბებია, ყველა სმენა დაქვეითებულია

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ შ.ფ-ის დაავადება არის გენეტიკური, ამასთან, დაავადებისთვის დამახასიათებელია ბავშვთა ასაკიდანვე გამოვლინება. რაც უდავოდ წარმოადგენს მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ შ.ფ-ეს არ გააჩნდა სსე აქტის ამონაწერში შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მხრიდან გაცემული დოკუმენტი, რომელშიც მითითებული იქნებოდა შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზობრივი კავშირი, ხარისხი - მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვა, რომელიც მომდინარეობდა ბავშვობიდან და აღნიშნულთან მიმართებაშიც იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მართალია „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების კანონისმიერ კომპეტენციას უდავოდ წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განსაზღვრა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სასამართლოს დავის გადაწყვეტისას საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არ აქვს მოცემული ფაქტობრივი გარემოების დადგენის უფლებამოსილება.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


მოსამართლეები: ბ. სტურუა


მ. ვაჩაძე


გ. აბუსერიძე