Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით


Nბს-938(კ-22) 27 იანვარი, 2023 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. ქ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 3 ნოემბერს გ. ქ-იმა სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ოქტომბრის N40 განკარგულების ბათილად ცნობა, გ. ქ-ისათვის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.

გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 4 ნოემბრის განჩინებით გ. ქ-ის სარჩელი განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.


თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ. ქ-ის სარჩელი; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ოქტომბრის N40 განკარგულება გ. ქ-ისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ და ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალა, მოსარჩელის საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში და წესით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. ქ-იმა და ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 7 სექტემბრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წის 21 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი; არ დაკმაყოფილდა გ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და მოიხმო ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-40 მუხლი, ასევე 43-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობაში მონაწილეობის მიუღებლობა იწვევს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებში და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების მუშაობაში მონაწილეობა არის არა უფლება, არამედ ვალდებულება. ამასთანავე, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილი, ისე ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების“ მე-7 მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს საკრებულოს მორიგი სხდომის თვეში ერთხელ მოწვევის ვალდებულებას, ხოლო მითითებული დებულების მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესაძლებლობას, უკეთუ საკრებულოს წევრი არასაპატიო მიზეზით, 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა საკრებულოს საქმიანობაში.

სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო პერიოდში, გ. ქ-ი სხდომებს არ ესწრებოდა. შესაბამის პერიოდში იგი არც საკრებულოს ბიუროს სხდომებს დასწრებია. გარდა ამისა, სადავო პერიოდამდეც, გ. ქ-ის საკრებულოს საქმიანობაში მონაწილეობა ატარებდა ეპიზოდური ხასიათს.

სააპელაციო სასამართლომ შეაფასა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შპს „გ...ის“ მიერ გაცემული 2015 წლის 17 აპრილის ცნობა, რომლის თანახმად, გ. ქ-ი სტაციონარში მოთავსდა 2015 წლის 15 აპრილს და სტაციონარიდან გაეწერა ორ დღეში - 2015 წლის 17 აპრილს. პაციენტს მიცემული ჰქონდა მედიკამენტური თერაპიის რეკომენდაცია და არა შრომითი რეკომენდაცია. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ცნობაში მითითებული პაციენტის ჩივილი -ბოლო 2 კვირის განმავლობაში ფიზიკური დატვირთვის შემდეგ პერიოდულად ტკივილის და დისკომფორტის შეგრძნება, არ ადასტურებს 2015 წლის 17 აპრილის ცნობის გაცემამდე შრომისუუნარობას, მით უფრო, რომ ცნობის გაცემამდე ორი კვირა არ მოიცავს საკრებულოს სხდომის თარიღს. ამდენად, შპს „გ...ის“ ცნობით არ დასტურდება 2015 წლის 6 აპრილის სხდომის საპატიო მიზეზით გაცდენა. სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის“ მიერ 2015 წლის 31 აგვისტოს გაცემულ ცნობაზე, რომლის თანახმად, გ. ქ-ის სტაციონარში მოთავსების პერიოდი ერთ დღეს შეადგენდა (25.08.2015წ.-26.08.2015წ.). სტაციონარიდან გაწერისას პაციენტის მდგომარეობა სტაბილური იყო, ჩატარებული მკურნალობის შედეგად, მდგომარეობა გაუმჯობესდა, პაციენტს ჩივილები არ ჰქონდა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ორივე შემთხვევაში, პაციენტს გაწეული ჰქონდა მხოლოდ სამკურნალო რეკომენდაციები. აღნიშნული ცნობებით არ დასტურდება მათ გაცემამადე ან გაცემის შემდეგ მოსარჩელის შრომისუნარიანობის შეზღუდვა, საკრებულოს მუშაობის პროცესში მონაწილეობის შეუძლებლობა. საქმის მასალებით დასტურდება ის გარემოება, რომ გ. ქ-ის ცნობები არც საკრებულოსთვის და არც კომისიისათვის არ წარუდგენია.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის N281/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის“ მეორე და მე-4 მუხლებიდან გამომდინარე, დროებითი შრომისუუნარობის დადგენა სცილდება ადმინისტრაციის უფლებამოსილების ფარგლებს, შრომისუუნარობის, მისი მიმდინარეობისა და ხანგრძლივობის განსაზღვრა ხდება შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საავადმყოფო ფურცელი ან ცნობა) საფუძველზე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, გასცემენ სამედიცინო დაწესებულებების სერთიფიცირებული ექიმები. საავადმყოფო ფურცელი გაიცემა ფიზიკურ პირებზე, საავადმყოფო ფურცლის გაცემის უფლება აქვთ სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც ეწევიან ავადმყოფების სტაციონარულ ან/და ამბულატორიულ მომსახურებას. საავადმყოფო ფურცლის გაცემა ხდება შრომისუუნარობის დადგენის დღიდან შრომის უნარის აღდგენამდე, ის გაიცემა 10 კალენდარულ დღემდე. შემდგომში მისი გაგრძელება ხდება სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის 2015 წლის 3 სექტემბრის N10 სხდომის ოქმის მიხედვით, გ. ქ-ის საკრებულოს მუშაობაში არმონაწილეობის მიზეზის გამოსარკვევად, განისაზღვრა ვადა, კომისიის სხდომის ჩატარება დაიგეგმა 2015 წლის 14 სექტემბერს, 12:00 საათზე, გ. ქ-ის ეთხოვა სხდომაზე გამოცხადება და საკრებულოს მუშაობაში არმონაწილეობის მიზეზების სხდომაზე წარდგენა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2015 წლის 3 სექტემბერს საკრებულოს ...ის უფროსი დაუკავშირდა გ. ქ-ის, რომელსაც ეცნობა კომისიის სხდომის ჩატარების თარიღი და დრო. ამასთან, მიეცა წინადადება განსახილველ საკითხთან დაკავშირებით წარედგინა მოსაზრებები. გაფრთხილების მიუხედავად, გ. ქ-იმა არ წარადგინა საპატიო მიზეზით საკრებულოს საქმიანობაში არმონაწილეობის დამადასტურებელი მტკიცებულება და არც კომისიის სხდომაზე გამოცხადდა, მას არც რაიმე განმარტება წარუდგენია კომისიისთვის. გ. ქ-იმა სააპელაციო პალატის სხდომაზეც დაადასტურა ის ფაქტი, რომ თავისი ავადმყოფობის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები მას მოპასუხე მხარისათვის არ წარუდგენია.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ დასტურდება 9 თვის განმავლობაში (2014 წლის 4 ნოემბრიდან 2015 წლის 3 სექტემბრის ჩათვლით) გ. ქ-ის სხდომებზე დასწრება, მთელი ამ დროის განმავლობაში, მას საკრებულოს საქმიანობაში მონაწილეობის მიუღებლობის საპატიოდ მიჩნევის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარუდგენია.

საკრებულოს 2015 წლის 2 მარტის სხდომაზე გ. ქ-ის დასწრების საკითხთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ სხდომაში მონაწილეობად ვერ ჩაითვლება სხდომაზე დასწრების უწყისზე მხოლოდ ხელმოწერა. მონაწილეობის მიღებად შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს მუშა პროცესში - დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხთა განხილვაში და კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება, კენჭისყრაში მონაწილეობისაგან თავის შეკავება, ან თუნდაც სხდომაზე განცხადების გაკეთება, რაიმე გარემოების გამო, სხდომის პროტესტის ნიშნად დატოვების შესახებ. ამდენად, არ დასტურდება საკრებულოს მითითებულ სხდომაზე მონაწილეობის მიუღებლობა, პროტესტის ნიშნად. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომელიც მითითებულ სხდომაზე დაუსწრებლობის მიზეზს უკავშირდება (რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ჩავიდა აფთიაქში წამლის საყიდლად, უკან დაბრუნებულს კი, საკრებულოს შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს).პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა განმარტებებიდან გამომდინარე, მოსარჩელის მხრიდან სხვა რაიმე მტკიცებულების წარმოუდგენლობის პირობებში, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ უსაფუძვლოა მოსარჩელის მოსაზრებები, 2015 წლის 2 მარტის სხდომაზე მის არდაშვებასთან და ამის გამო, დეპუტატების მხრიდან პროტესტის ნიშნად, სხდომის დატოვებასთან დაკავშირებით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლითაც დადგენილია საკრებულოს წევრის ვალდებულება, დაუყოვნებლივ აცნობოს საკრებულოს თავმჯდომარეს მოვალეობათა შესრულების ხელისშემშლელი გარემოებების შესახებ. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით არ დასტურდება გ. ქ-ის მიმართვა სამართალდამცავი ორგანოებისადმი ან საკრებულოს თავმჯდომარისადმი, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების პირობების შექმნის უზრუნველყოფის მოთხოვნით. ამასთანავე, საქმის მასალები, რომლებიც შეეხება საკრებულოს სხვა წევრის (მ. უ-ის) მიმართ 2015 წლის 7 სექტემბრის სხდომაზე განხორციელებულ ქმედებას, არ ადასტურებს გ. ქ-ის სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობას. გარდა ამისა, უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე წარმოება დაიწყო 2015 წლის 3 სექტემბერს. შესაბამისად, 2015 წლის 7 სექტემბრის ინციდენტი საქმის შედეგზე გავლენას ვერ მოახდენდა.

სააპელაციო პალატამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებში და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების მუშაობაში
მონაწილეობა არის არა უფლება, არამედ ვალდებულება. სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით (სხდომის ჩანაწერებით) დასტურდება, რომ აღნიშნული ვალდებულების მიუხედავად, გ. ქ-ი არ ესწრებოდა საკრებულოს სხდომებს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებზე, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 43-ე მუხლის მე-5 პუნქტზე და არ გაიზიარა გ. ქ-ის მოსაზრება, სადავო საკითხის გადაწყვეტისას პროცედურული დარღვევების არსებობის თაობაზე. სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის 2015 წლის 14 სექტემბრის დასკვნით დადგენილად არის მიჩნეული, რომ გ. ქ-ი ზედიზედ 9 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში არ მონაწილეობდა ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობაში. ამასთანავე, მას არ წარუდგენია საკრებულოს მუშაობაში არმონაწილეობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტი. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ გ. ქ-ი საკრებულოს სხდომებში მონაწილეობას არ იღებდა 2014 წლის ნოემბრიდან.

სააპელაციო პალატის განმარტებით, რაც შეეხება საკრებულოს საქმიანობაში მონაწილეობის მიუღებლობის საპატიო მიზეზს, კანონმდებლობით განსაზღვრული საავადმყოფო ფურცლის არარსებობის პირობებში, ვერ დადგინდება, რამდენად იყო შესაძლებელი, ჯანმრთლეობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მოსარჩელეს განეხორციელებინა მასზე დაკისრებული მოვალეობები. სასამართლოს მხრიდან მცდელობის მიუხედავად, მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა დოკუმენტაცია, რომელიც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, დაედგინა მოსარჩელის პრეტენზიების რელევანტურობა და დასაბუთებულობა.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტამდე, გ. ქ-ის ეკავა საკრებულოს ... კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა, იმავდროულად იწვევს კომისიის თავმჯდომარეობის/წევრობის უფლებამოსილების შეწყვეტას. პალატამ მიუთითა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 32-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, 28-ე მუხლზე, 37-ე მუხლის მეორე ნაწილზე, 41-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-16 მუხლის მეორე ნაწილზე და ჩათვალა, რომ არ დგინდება 9 თვის განმავლობაში მოსარჩელის მონაწილეობით კომისიის მიერ რაიმე საკითხის განხილვა, იმ პირობებში, როდესაც კომისიის თავმჯდომარე ანაზღაურებად თანამდებობათა რიცხვს განეკუთვნება. მოსარჩელე ყოველთვიურად იღებდა ანაზღაურებას. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, აგრეთვე ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულებით“ განსაზღვრული საკრებულოს წევრის ვალდებულებები, გარდა უშუალოდ საკრებულოს შენობაში საქმიანობისა, მოიცავს აგრეთვე მოსახლეობასთან შეხვედრის ვალდებულებას. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არ მოიპოვება სადავო პერიოდში გ. ქ-ის მიერ ამომრჩეველთა პრობლემური საკითხების გადაწყვეტის მიზნით წინადადებების დასმის, სამართლებრივი აქტის პროექტის შემუშავების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ქ-იმა. კასატორმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 15 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.

კასატორი მიუთითებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 43-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და თვლის, რომ მისი გაცდენის მიზეზის დადგენა ევალეობოდა კომისიას. მიზეზის შესახებ ინფორმაცია კომისიას ჰქონდა, თუმცა სადავო გადაწყვეტილების მიღებისას აღნიშნული არ გაუთვალისწინებია. 2015 წლის 2 მარტს, მას შემდეგ, რაც ხელი მოაწერა რეგისტრაციის ფურცელს, იმ მიზნით, რომ არ დაფიქსირებულიყო და ეს ხელმოწერა გაუქმებულიყო, საკრებულოს თავმჯდომარემ ხელახალი რეგისტრაცია მოახდინა. სხდომის ოქმზე ხელმოწერის შემდეგ, იგი იძულებული გახდა, გასულიყო აფთიაქში, მედიკამენტის შესაძენად, თუმცა დაბრუნებულს აღარ მიეცა შესაძლებლობა, დასწრებოდა სხდომას. ამ გარემოებამ დამატებით უარყოფითად იმოქმედა ჯანმრთელობაზე და მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა, რის გამო, საჭირო გახდა ოპერაციული ჩარევა. გარდა ამისა, საკრებულოს ამოსასვლელში შეუქმნეს დაბრკოლება და ფიზიკური ძალის მეშვეობით არ მისცეს საშუალება, მონაწილეობა მიეღო სხდომაში. მოწმის სახით დაკითხულმა საკრებულოს ...ის უფროსმა ხ. ტ-იმა დაადასტურა, რომ სხდომის მიმდინარეობისას გ. ქ-ი ხშირად ურეკავდა და აწვდიდა ინფორმაციას, რომ არ ეძლეოდა საშუალება, შესულიყო სხდომის დარბაზში. აღნიშნულის თაობაზე მან განაცხადა საკრებულოს სხდომაზე, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია. რ. ც-იმა დაადასტურა, რომ კომუნიკაცია გ. ქ-ის, ვ. ქ-ის, მ. ბ-ის, ნ. ო-ესა და ს. ბ-ის შორის 2 მარტს შედგა. თავად ეს პირები კი, კატეგორიულად გამორიცხავდნენ კომუნიკაციის ფაქტს. ამდენად, სასამართლოს მათი ჩვენებები არ უნდა გაეთვალსიწინებინა. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ ფაქტს, რომ სექტემბრის თვეში, მსგავსი ინციდენტის თავიდან აცილების მიზნით, მას დასჭირდა საპატრულო პოლიციის გამოძახება. 2015 წლის 2 მარტის სხდომის მსგავსად, ფიზიკური ძალის გამოყენებით, ჯ. ბ-იმა და ც. ც-იმა იგი არ შეუშვეს საკრებულოს შენობაში. ამასთან დაკავშირებით, დაურეკა მ. უ-ის, როგორც ფრაქციის თავმჯდომარეს. იგი ჩავიდა ეზოში საკითხის გასარკვევად, თუმცა მასაც მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულთან დაკავშირებით, უ-იმა დაწერა მოხსენებითი ბარათი და ეს ყველაფერი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე. მოხსენებითი ბარათის არსებობა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა საკრებულოს ...ის უფროსმა ხ. ტ-იმა, თუმცა რა ბედი ეწია მას და რა რეაგირება მოჰყვა, ამის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობდა. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დაუსაბუთებლად არ გაიზიარეს იმ მოწმეთა ჩვენებები, რომლებმაც მოსარჩელის სასარგებლო ახსნა-განმარტებები მისცეს. საინტერესოა საკრებულოს მიდგომა საკითხისადმი: ისინი საკრებულოს დეპუტატის სხდომაზე არყოფნის ფაქტზე ინტერესს გამოთქვამენ მხოლოდ 9 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გ. ქ-ის მიმართ ადგილი აქვს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. არ ყოფილა მცდელობა, რომ დეპუტატი წინასწარ გაეფრთხილებინათ, ექვსთვიანი ვადის გასვლისა და მისი უფლებამოსილების შესაძლო შეწყვეტის თაობაზე, ან წინადადების მიცემისა, რომ დეპუტატს წარედგინა გაცდენის მიზეზები, ვიდრე გავიდოდა ექვსთვიანი ვადა. პირიქით, მაქსიმალურად იყო მცდელობა, რომ ხელი შეეშალათ მისთვის საკრებულოს სხდომებში მონაწილეობაში. აღნიშნულს ადასტურებს ბოლო სხდომა, როდესაც იგი საპატრულო პოლიციის თანდასწრებით ესწრებოდა საკითხის განხილვას. ამასთანავე, საკითხის განხილვა უნდა დაწყებულიყო 6 თვის ვადის გასვლის შემდეგ და არა 9 თვის გასვლის შემდეგ, როდესაც იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას, წარედგინა დამატებითი მტკიცებულებები.

კასატორის განმარტებით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულებულია. ამდენად, საკრებულოს სხდომების გაცდენა უნდა ჩათვლილიყო საპატიოდ. ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ წარდგენილი ცნობა სააპელაციო პალატას უნდა შეეფასებინა ცხრათვიან პერიოდთან რელევანტურობის თვალსაზრისით და არა მხოლოდ 3 აპრილის სხდომასთან მიმართებით. აღნიშნული ცნობა ვერ დაადასტურებს, რატომ ვერ ესწრებოდა გ. ქ-ი სხდომებს 9 თვის განმავლობაში, თუმცა ცნობიდან გამომდინარე, შესაძლებელია დასკვნის გაკეთება, რომ გ. ქ-ის გამოუცხადებლობა 2015 წლის 6 აპრილის სხდომაზე იყო საპატიო. ცნობის გაცემამდე ორი კვირა მოიცავს 6 აპრილს, რამდენადაც 17 აპრილამდე ორი კვირის ათვლა იწყება 3 აპრილიდან. 3 აპრილს გ. ქ-იმა მიმართა კარდიოლოგს, თუმცა ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. მას ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევდა საშუალებას, დასწრებოდა და სრულყოფილი მონაწილეობა მიეღო საკრებულოს სხდომის მუშაობაში. ჯანმრთელობის ცნობაში მითითებული ანამნეზი არ საჭიროებს პროფესიონალის შეფასებას, შეძლებდა თუ არა გ. ქ-ი სხდომაში სრულყოფილად მონაწილეობას. ამდენად, წარდგენილი ცნობა არის მტკიცებულება იმისა, რომ გ. ქ-ის გამოუცხადებლობა 2015 წლის 6 აპრილისა და 2015 წლის 4 მაისის სხდომებზე, უნდა ჩათვლილიყო საპატიოდ. თუ საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკრებულოში მუშაობად შეიძლება ჩაითვალოს ფორმალურად დასწრება, მაშინ გ. ქ-ის ხელმოწერა 6 აპრილის სხდომის ოქმზე, საკმარის მტკიცებულებად უნდა ჩათვალოს. მოსარჩელისათვის მედიკამენტების შეძენის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის დავალება უსაფუძვლოა, რამდენადაც რამდენადაც შეუძლებელია, რამდენიმე წლით (თუნდაც თვით) ადრე გაცემული ქვითარი მოიძიო და წარადგინო სასამართლოში.

ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2015 წლის 31 აგვისტოს გაცემულ ცნობასთან დაკავშირებით, კასატორი მიუთითებს, რომ იგი ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმისა და გადატანილი ოპერაციის გამო, იძულებული გახდა, 1 დღით მოთავსებულიყო სტაციონარში. ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევდა მას საშუალებას, სრულყოფილი მონაწილეობა მიეღო საკრებულოს სხდომაში. საკრებულოს წევრთან მიმართებაში სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის N281/ნ ბრძანება, ვინაიდან ბრძანება შეეხება დასაქმებულთა დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის წესს და ის არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საკრებულოს წევრის მიერ სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზის დასადგენად. საკრებულოს დეპუტატი არ არის დასაქმებული, ამასთანავე, არცერთ ნორმატიულ აქტში არ არის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ თუკი საკრებულოს წევრი აცდენს საკრებულოს სხდომას, გაცდენის საპატიოდ ჩათვლა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ იგი მიჩნეული იქნება შრომისუუნაროდ. გასათვალისწინებელია, რომ საკრებულო, სხდომის გაცდენის ფაქტის დაფიქსირებისთანავე არ ითხოვდა ინფორმაციას გ. ქ-ისაგან, გაცდენის მიზეზების დასადგენად. მით უფრო, ორგანოს არ მოუთხოვია მისთვის შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ კი, იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას, მიეღო ასეთი დოკუმენტი სამედიცინო დაწესებულებიდან.

კასატორი მიუთითებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 26-ე მუხლზე და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. კერძოდ, სასამართლომ არ გამოიკვლია, ეცნობა თუ არა გ. ქ-ის საკრებულოს ყველა იმ რიგგარეშე სხდომის თარიღი, რომელსაც იგი არ დასწრებია, ამასთან, რომელი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გ. ქ-ისათვის ცნობილი იყო 2014 წლის 3 ნოემბრიდან 2015 წლის 3 სექტემბრამდე ჩანიშნული ყველა რიგგარეშე სხდომის თარიღი. ნოემბრის თვეში რეალურად ჩატარდა ორი სხდომა, დეკემბერში - 3, იანვარში - 2, მაისში - 2, ივლისში - 2. ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკრებულოს მორიგი სხდომა მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც, როგორც წესი, ყოველი თვის პირველ ორშაბათს (თუ ორშაბათი არასამუშაო დღეა, მომდევნო სამუშაო დღეს). საკრებულოს მორიგი სხდომა, თუ არ იცვლება მისი თარიღი და ჩატარების ადგილი, არ საჭიროებს ოფიციალურად მოწვევას. მოცემულ შემთხვევაში, არც სააპელაციო სასამართლოს და არც ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელიათ, თითოეულ ამ თარიღთაგან რომელი იყო მორიგი და რომელი რიგგარეშე. ამასთანავე, იყო თუ არა გ. ქ-ის რიგგარეშე სხდომებზე გამოუცხადებლობა საპატიო, ეცნობა თუ არა გ. ქ-ის თითოეული რიგგარეშე სხდომის შესახებ და არის თუ არა საქმეში აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები. შეუძლებელია ვისაუბროთ ზედიზედ 6 თვის განმავლობაში სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შესახებ. მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა ადმინისტრაციულ ორგანოს.
კასატორის განმარტებით, კომისიის წევრებს ჰქონდათ ინფორმაცია, მისი რთული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მეტიც, მაშინაც კი, როდესაც კასატორი ახერხებდა მისთვის ცნობილ სხდომებზე გამოცხადებას, კომისიის წევრები ხელოვნურად ცდილობდნენ, არ შეეშვათ ის საკრებულოს შენობაში სხვადასხვა ხერხებით, მათ შორის, ფიზიკური დაპირისპირებით. აღნიშნულს ადასტურებს არამხოლოდ საქმეში არსებული მასალები, არამედ ის ფაქტიც, რომ უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დადგა არა უშუალოდ 6 თვის ვადის გასვლისას, არამედ ამ ვადიდან 5 თვის შემდეგ. ამავეს ადასტურებს 2015 წლის 7 სექტემბერს ჩატარებული სხდომა, რომელიც მიმდინარეობდა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების თანდასწრებით. ამ დღესაც არ ეძლეოდა მოსარჩელეს სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა. სააპელაციო სასამართლოს და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევიათ, გ. ქ-ის საკრებულოს მორიგ სხდომებზე გამოუცხადებლობის მიზეზს ხომ არ წარმოადგენდა საკრებულოს მუშაობასთან დაკავშირებით, მისი მხრიდან პროტესტის გამოხატვა.

კასატორი საყურადღებოდ მიიჩნევს სადავო პერიოდში ჩატარებული საკრებულოს სხდომების მართლზომიერების საკითხს და მიუთითებს ადგილობრივი თვითმმართელობის კოდექსის 26-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს „სრული შემადგენლობის“ ნახევარზე მეტი. კასატორი ასევე მიუთითებს აღნიშნული კოდექსის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტზე (2006 წლის 9 იანვრის რედაქცია), რომლის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრება შესაბამის მუნიციპალიტეტში შემავალი ყოველი თემიდან მაჟორიტარული წესით არჩეული თითო წევრით და მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე პროპორციული სისტემის საფუძველზე არჩეული ათი წევრით. კასატორის განმარტებით, მუნიციპალიტეტების რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ ერედვის მუნიციპალიტეტი მოიცავს 5 ადმინისტრაციულ ერთეულს. ეს ნიშნავს იმას, რომ 2006 წლისთვის ერედვის საკრებულოს „სრული შემადგენლობა“ განისაზღვრებოდა 15 წევრით, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ არცევისა და ერედვის თემს მხოლოდ ერთი მაჟორიტარი დეპუტატი ჰყავდა, საკრებულოს „სრული შემადგენლობა“ განისაზღვრა 14 დეპუტატით. აღნიშნულიდან გამომდინარე, 6 დეპუტატის მონაწილეობით ჩატარებული ყველა სხდომა არის უკანონო და შეუძლებელია მასზე გამოუცხადებლობა ჩაითვალოს არასაპატიოდ. საკრებულოს რეგლამენტის 52-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიხსნება, თუ სხდომას ესწრება საკრებულოს წევრთა „სრული შემადგენლობის“ უმრავლესობა - მინიმუმ 8 წევრი, 14-დან. თითქმის ყველა სხდომა ჩატარებულია 6 დეპუტატის მიერ. ასეთ პირობებში, სხდომები არ უნდა გახსნილიყო და საკრებულოს თავმჯდომარეს უნდა გადაედო მათი ჩატარების თარიღები, ვიდრე არ შედგებოდა ქვორუმი. ამდენად, უკანონოდ გახსნილ სხდომებზე გამოუცხადებლობა შეუძლებელია არასაპატიოდ ჩაეთვალოს გ. ქ-ის.

კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ გ. ქ-ის გამოუცხადებლობის გამო, საკრებულოს დამატებითი ძალისხმევა უწევდა მისი სამუშაოს შესასრულებად. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული არ წარმოადგენს საკმარის არგუმენტს, მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების გასამართლებლად. კანონი უფლებამოსილების შეწყვეტის ამგვარ საფუძველს არ იცნობს.

კასატორი მიუთითებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 27-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო განიხილავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გასატანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების დასკვნებსა და წინადადებებს. გ. ქ-ის საკითხი არ შეუსწავლიათ საკრებულოს სხვა კომისიებსა და ფრაქციებს, რაც საშუალებას მისცემდა საკრებულოს, მიეღო სრულყოფილი გადაწყვეტილება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ კასატორის საკითხი უკვე გადაწყვეტილი იყო მისი პოლიტიკური კუთვნილებიდან გამომდინარე, სხვა კომისიებმა და ფრაქციებმა საკითხი აღარ შეისწავლეს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი თვლის, რომ მისი საკასაციო საჩივარი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ქ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).


საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსზე, რომელიც განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებებს, მათი შექმნისა და საქმიანობის წესებს, ურთიერთობებს მოქალაქეებთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან. აღნიშნული კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტებში 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგად შექმნილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, მათ შორის, გამგეობები და თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიული ორგანოები, უფლებამოსილებას ახორციელებენ აღნიშნულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩამოყალიბებამდე. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო - მუნიციპალიტეტის საკრებულო აირჩევა 4 წლის ვადით, ხოლო მე-40 მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-6 ნაწილის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყებოდა მისი უფლებამოსილების ცნობის დღიდან და მთავრდებოდა ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე ან ამ წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთანავე.

მითითებული კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს საკრებულოს მორიგი სხდომის თვეში ერთხელ მოწვევის ვალდებულებას, ხოლო 45-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებში მონაწილეობის მიღება. ამავე კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობაში არ მონაწილეობა იწვევს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას (ამავე შინაარსის ნორმას შეიცავს ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების“ მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი), ხოლო მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი/თანამდებობის პირი ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობაში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისია მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული წესით არკვევს გაცდენის მიზეზს. თუ დადასტურდა, რომ გაცდენის მიზეზი არასაპატიოა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისია ამზადებს დასკვნას და წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს უახლოეს სხდომას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისათვის/თანამდებობის პირისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ (ანალოგიური შინაარსის დებულებას შეიცავს „ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების“ მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი).

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის მე-51 ნაწილის თანახმად, ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვის და აჟარის მუნიციპალიტეტების საკრებულოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. მუნიციპალიტეტის საკრებულო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს წევრთა შემადგენლობის 1/3-ისა (ანალოგიური შინაარსის დებულებას შეიცავს „ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების“ 93-ე მუხლის მე-3 პუნქტი).

საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. ქ-ი 2006 წელს არჩეულ იქნა ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად, სადაც მუშაობდა 2015 წლის 5 ოქტომბრამდე.

2015 წლის 3 სექტემბერს ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ...ის უფროსმა ერედვის მუნიციპალიტეტის ... და ... კომისიის თავმჯდომარეს - გ. ქ-ის სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით აცნობა, რომ 2015 წლის 14 სექტემბერს, 12 საათზე, საკრებულოს ...ის ოთახში, საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომაზე განიხილებოდა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. ადრესატს მიეცა შესაძლებლობა, წარედგინა მოსაზრებები.

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის 2015 წლის 14 სექტემბრის N12 რიგგარეშე სხდომის ოქმის თანახმად, სხდომას ესწრებოდნენ კომისიის თავმჯდომარე ა. ტ-ი, და კომისიის წევრები - ე. ბ-ი და ზ. ო-ე. სხდომას არ ესწრებოდა საკრებულოს წევრი გ. ქ-ი. დღის წესრიგში შედიოდა გ. ქ-ის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა. ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საკრებულოს წევრი გ. ქ-ი, საკრებულოს მუშაობაში არ მონაწილეობდა ზედიზედ 9 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში - 2014 წლის 4 ნოემბრიდან 2015 წლის 3 სექტემბრის ჩათვლით. ამასთან, არ არსებობს იმ კომისიების და ფრაქციის ოქმები, რომლის წევრიც არის გ. ქ-ი. საკრებულოს ...ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია ადასტურებს, რომ საკითხები, რომლებიც 2014 წლის 2 ოქტომბრიდან 2015 წლის 3 სექტემბრის ჩათვლით განსახილველად გადაცემული ჰქონდა ... და ... კომისიას, იმის გამო, რომ არ ტარდებოდა კომისიის სხდომები, განიხილა სხვა კომისიამ. ამასთან, კომისიამ გაითვალისწინა 2015 წლის 2 მარტის სხდომის ოქმი და მასში დაფიქსირებული ფაქტობრივი გარემოებები გ. ქ-ის სხდომაზე დასწრების თაობაზე. წარდგენილი დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად, კომისიის წევრები დარწმუნდნენ, რომ საკრებულოს წევრი გ. ქ-ი ნამდვილად არ მონაწილეობდა ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობაში 9 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში - 2014 წლის 4 ნოემბრიდან 2015 წლის 3 სექტემბრის ჩათვლით. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ გ. ქ-ი გაფრთხილებული იყო საპატიო მიზეზების წარდგენის შესახებ, მან არ წარადგინა ინფორმაცია და არც სხდომაზე გამოცხადდა. კომისიამ ღია კენჭისყრაზე, ხმათა უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება დასკვნის დამტკიცებისა და ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უახლოეს სხდომაზე წარდგენის შესახებ.
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის 2015 წლის 14 სექტემბრის დასკვნით კომისიამ მიიჩნია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 43-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გ. ქ-ის ვადამედ უნდა შეუწყდეს საკრებულოს წევრის უფლებამოსილება.

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს 2015 წლის 21 სექტემბრის N12 სხდომის ოქმის თანახმად, ბიურომ ერთხმად გადაწყვიტა, რომ განკარგულების პროექტი ,,ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის გ. ქ-ის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ შეტანილ უნდა იქნეს საკრებულოს 2015 წლის 5 ოქტომბრის სხდომის დღის წესრიგში, პირველ საკითხად. ბიუროს სხდომას არ ესწრებოდა საკრებულოს წევრი გ. ქ-ი.

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ოქტომბრის N12 სხდომის ოქმის თანახმად, სხდომას ესწრებოდა საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ცხრავე წევრი, მათ შორის - გ. ქ-ი. ერთ-ერთ დღის წესრიგად განსაზღვრული იყო „ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის გ. ქ-ის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ პროექტის განხილვა. ჩატარდა ფარული კენჭისყრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საკრებულოს 9 წევრმა. კენჭისყრის შედეგად, მომხრე აღმოჩნდა 6 წევრი, ხოლო წინააღმდეგი - 3. კენჭისყრის შედეგის გათვალისწინებით, მიღებულ იქნა განკარგულება „ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის გ. ქ-ის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“.

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ოქტომბრის N40 განკარგულებით საკრებულოს წევრს - გ. ქ-ის 2015 წლის 6 ოქტომბრიდან ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება.

საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ გ. ქ-ის საკრებულოს საქმიანობაში მონაწილეობის მიუღებლობის საპატიო მიზეზის არსებობა დადასტურებული არ არის (შესაბამისი მტკიცებულება გ. ქ-ის საკრებულოს ან კომისიისათვის არ წარუდგენია). საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 9 თვის განმავლობაში (2014 წლის 4 ნოემბრიდან 2015 წლის 3 სექტემბრის ჩათვლით) გ. ქ-ი საკრებულოს სხდომებს არ დასწრებია და საკრებულოს გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობა არ მიუღია. კერძოდ, იგი არ დასწრებია საკრებულოს 2014 წლის 19 ნოემბრის, 2014 წლის პირველი დეკემბრის, 2014 წლის 19 დეკემბრის, 2014 წლის 22 დეკემბრის, 2015 წლის 5 იანვრის, 2015 წლის 23 იანვრის, 2015 წლის 2 თებერვლის, 2015 წლის 2 მარტის, 2015 წლის 6 აპრილის, 2015 წლის 4 მაისის, 2015 წლის 15 მაისის, 2015 წლის პირველი ივნისის, 2015 წლის 3 ივლისის, 2015 წლის 6 ივლისის, 2015 წლის 3 აგვისტოს სხდომებს. საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ სადავო პერიოდამდეც, გ. ქ-ი ხშირად აცდენდა სხდომებს (იგი არ დასწრებია საკრებულოს 2014 წლის 12 მარტის, 2014 წლის 7 აპრილის, 2014 წლის 15 აპრილის, 2014 წლის 5 მაისის, 2014 წლის 7 ივლისის, 2014 წლის 4 აგვისტოს, 2014 წლის 18 აგვისტოს, 2014 წლის 6 ოქტომბრის და 2014 წლის 20 ოქტომბრის სხდომებს). ამასთანავე, გ. ქ-ი არც საკრებულოს ბიუროს სხდომებს დასწრებია. საფუძველს მოკლებულია მოსარჩელის მითითება, 2014 წლის ნოემბრის სხდომის პროტესტის ნიშნად დატოვებისა და აღნიშნულის გამო, შემდგომ სხდომებზე დაუსწრებლობის შესახებ, რამდენადაც საქმეში არსებული 2014 წლის 3 ნოემბრის საკრებულოს სხდომის ოქმის მიხედვით, სხდომას ესწრებოდა გ. ქ-ი და ყველა საკითხი ერთხმად იქნა მიღებული. სხდომის ოქმში არ არის დაფიქსირებული პროტესტი და სხდომის მიტოვება. საყურადღებოა, რომ საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტამდე, გ. ქ-ის იმავდროულად დაკავებული ჰქონდა საკრებულოს ... კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა, თუმცა საქმეს არ ერთვის 9 თვის განმავლობაში მისი მონაწილეობით კომისიის მიერ რაიმე საკითხის განხილვის ამსახველი დოკუმენტაცია.

რაც შეეხება გ. ქ-ის მიერ სასამართლოში საქმის განხილვის დროს წარდგენილ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებს: მართებულია სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ ავადმყოფობის/სტაციონარში მოთავსების პერიოდისა და შრომისუუნარობის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, აღნიშნული ცნობებით არ დასტურდება სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობა. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შპს „გ...ის“ მიერ გაცემულ 2015 წლის 17 აპრილის ცნობაში ასახული მონაცემები არ ადასტურებს ცნობის გაცემამდე შრომისუუნარობას, მით უფრო, რომ ცნობის გაცემამდე ორი კვირა არ მოიცავს საკრებულოს სხდომის თარიღს. ამდენად, შპს „გ...ის“ ცნობა არ ადასტურებს 2015 წლის 6 აპრილის სხდომის საპატიო მიზეზით გაცდენას. ამასთანავე, სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის“ მიერ 2015 წლის 31 აგვისტოს გაცემული ცნობის მიხედვით, გ. ქ-ის სტაციონარში მოთავსების პერიოდი ერთ დღეს შეადგენდა (2015 წლის 25 აგვისტოდან 2015 წლის 26 აგვისტოს ჩათვლით). პაციენტის სტაციონარიდან გაწერისას, მისი მდგომარეობა სტაბილური იყო, ჩატარებული მკურნალობის შედეგად, მდგომარეობა გაუმჯობესდა, პაციენტს ჩივილები არ ჰქონია. ამდენად, აღნიშნული ცნობებით არ დასტურდება, მათ გაცემამადე ან გაცემის შემდეგ, მოსარჩელის შრომისუნარიანობის შეზღუდვა და საკრებულოს მუშაობის პროცესში მონაწილეობის შეუძლებლობა. თავად გ. ქ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და შრომისუუნარობის შესახებ საკრებულოსთვის ან კომისიისათვის ოფიციალური დოკუმენტაცია არ წარუდგენია. სასამართლოსთვის წარდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებით, გ. ქ-ის შრომისუუნარობა და საკრებულოს საქმიანობაში მონაწილეობის მიღების შეუძლებლობა დასტურდება მხოლოდ 3 დღის განმავლობაში.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის N281/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესიდან“ გამომდინარე, დროებითი შრომისუუნარობის დადგენა სცილდება ადმინისტრაციის უფლებამოსილების ფარგლებს. შრომისუუნარობის, მისი მიმდინარეობისა და ხანგრძლივობის განსაზღვრა ხდება შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საავადმყოფო ფურცელი ან ცნობა) საფუძველზე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს სამედიცინო დაწესებულებების სერთიფიცირებული ექიმი. ამასთან, საავადმყოფო ფურცელი გაიცემა შრომისუუნარობის დადგენის დღიდან შრომის უნარის აღდგენამდე, 10 კალენდარულ დღემდე, შემდგომში მისი გაგრძელება ხდება სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით. საქმეში არსებული კომისიის 2015 წლის 3 სექტემბრის N10 სხდომის ოქმით დგინდება, რომ საკრებულოს მუშაობაში არმონაწილეობის მიზეზის გამოსარკვევად, გ. ქ-ის განესაზღვრა ვადა და კომისიის სხდომის ჩატარება დაიგეგმა 2015 წლის 14 სექტემბერს, 12:00 საათზე. 2015 წლის 3 სექტემბერს საკრებულოს ...ის უფროსი დაუკავშირდა გ. ქ-ის, რომელსაც ეცნობა კომისიის სხდომის ჩატარების თარიღი და დრო, ამასთანავე, მიეცა წინადადება განსახილველ საკითხთან დაკავშირებით წარედგინა მოსაზრებები. გაფრთხილების მიუხედავად, გ. ქ-ის არ წარუდგენია საპატიო მიზეზით საკრებულოს საქმიანობაში არმონაწილეობის დამადასტურებელი მტკიცებულება და არც კომისიის სხდომაზე გამოცხადებულა. მნიშვნელოვანია, რომ გ. ქ-იმა სააპელაციო პალატის სხდომაზეც დაადასტურა ავადმყოფობის დამადასტურებელი, კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებების წარუდგენლობა მოპასუხისათვის.

საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს, საკრებულოს 2015 წლის 2 მარტის სხდომაზე გ. ქ-ის დასწრების საკითხთან დაკავშირებით და თვლის, რომ სხდომაში მონაწილეობად ვერ ჩაითვლება სხდომაზე დასწრების უწყისზე მხოლოდ ხელმოწერა. მონაწილეობის მიღებად შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს მუშა პროცესში - დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხთა განხილვაში და კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება, კენჭისყრაში მონაწილეობისაგან თავის შეკავება, ან თუნდაც სხდომაზე განცხადების გაკეთება, რაიმე გარემოების გამო, სხდომის პროტესტის ნიშნად დატოვების შესახებ. ამდენად, არ დასტურდება საკრებულოს მითითებულ სხდომაზე მონაწილეობის მიუღებლობა, პროტესტის ნიშნად. ვერ იქნება გაზიარებული კასატორის განმარტება, რომელიც მითითებულ სხდომაზე დაუსწრებლობის მიზეზს უკავშირდება (რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ჩავიდა აფთიაქში წამლის საყიდლად, უკან დაბრუნებულს კი, საკრებულოს შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს). პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა განმარტებებიდან გამომდინარე, მოსარჩელის მხრიდან სხვა რაიმე მტკიცებულების წარმოუდგენლობის პირობებში, დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოსაზრებები, 2015 წლის 2 მარტის სხდომაზე მის არდაშვებასთან და ამის გამო, დეპუტატების მხრიდან პროტესტის ნიშნად, სხდომის დატოვებასთან დაკავშირებით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით და ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულებით“ განსაზღვრული საკრებულოს წევრის ვალდებულებები, უშუალოდ საკრებულოს შენობაში საქმიანობის გარდა, მოიცავს მოსახლეობასთან შეხვედრის ვალდებულებას. „დებულების“ 130-ე მუხლის თანახმად, საკრებულოს წევრი ვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად, სამ თვეში ერთხელ მაინც, მოაწყოს შეხვედრები თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობასთან. საკრებულოს წევრის მოსახლეობასთან შეხვედრა შეიძლება გაიმართოს წინასწარ შედგენილი დღის წესრიგით ან მის გარეშე. საკრებულოს წევრის მიერ მოსახლეობასთან შეხვედრის დღე, ადგილი, საათები, აგრეთვე დღის წესრიგი ქვეყნდება საკრებულოს ...ის მიერ შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე მაინც. საკრებულოს წევრის მოსახლეობასთან შეხვედრის ოქმის შედგენას უზრუნველყოფს საკრებულოს ...ი, მოსახლეობასთან შეხვედრის ოქმს ხელს აწერს საკრებულოს წევრი, ოქმი საკრებულოს თავმჯდომარის ვიზირების შემდეგ ინახება საკრებულოს ...ში. საქმის მასალებით არ დასტურდება სადავო პერიოდში გ. ქ-ის მხრიდან ამომრჩეველთა პრობლემური საკითხების გადაწყვეტის მიზნით, წინადადებების დასმა და სამართლებრივი აქტის პროექტის შემუშავება, შესაბამისი შეხვედრების ორგანიზება და ჩატარება. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 44-ე მუხლით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საქმიანობის ფორმებიდან გ. ქ-ის მიერ რომელიმეს განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტაცია საქმეზე წარმოდგენილი არ არის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ გასაჩივრებული განკარგულება, გ. ქ-ისათვის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე, გამოცემულია კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, გ. ქ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ქ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;


2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.




თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე




მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე





გენადი მაკარიძე