Facebook Twitter
№ბს-149(კ-21) 22 თებერვალი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სს „...“).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 12 სექტემბერს შპს „მ...მ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 02 მარტის №04/12726 გადაწყვეტილების (,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ” პაციენტების - ა. წ-ისა და ლ. კ-ის შემთხვევების ნაწილში), ამავე დეპრატამენტის უფროსის 2017 წლის 27 აპრილის №04/26934 გადაწყვეტილების (,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ” პაციენტების - მ. წ-ის, მ. ა. მ-ის, ვ. ღ-ის, გ. ფ-ისა და ლ. ტ-ის შემთხვევების ნაწილში), სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 23 აგვისტოს №04/54748 (შპს „მ...ს“ 2017 წლის 28 მარტის №584/02 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) და ამავე სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 16 აგვისტოს №04/53082 გადაწყვეტილების (შპს „მ...ს“ 2017 წლის 31 მაისის №986/02 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით შპს „მ...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „მ...მ“, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 სექტემბრის განჩინებით შპს „მ...ს“ საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს „...“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 სექტემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს „...ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სს „...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 02 მარტის №04/12726 გადაწყვეტილება (,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ” პაციენტების - ა. წ-ისა და ლ. კ-ის შემთხვევების ნაწილში) და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, ასევე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით და კანონით დადგენილ ვადაში ახალი გადაწყვეტილების მიღება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 27 აპრილის №04/26934 გადაწყვეტილება (,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ” პაციენტების - მ. წ-ის, მ. ა. მ-ის, ვ. ღ-ის, გ. ფ-ისა და ლ. ტ-ის შემთხვევების ნაწილში) და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, ასევე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით და კანონით დადგენილ ვადაში ახალი გადაწყვეტილების მიღება;
სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 23 აგვისტოს №04/54748 გადაწყვეტილება შპს „მ...ს“ 2017 წლის 28 მარტის №584/02 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (პაციენტების - ა. წ-ისა და ლ. კ-ის შემთხვევების ნაწილში) და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, ასევე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით და კანონით დადგენილ ვადაში ახალი გადაწყვეტილების მიღება;
სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 16 აგვისტოს №04/53082 გადაწყვეტილება შპს „მ...ს“ 2017 წლის 31 მაისის №986/02 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (პაციენტების - მ. წ-ის, მ. ა. მ-ის, ვ. ღ-ის, გ. ფ-ისა და ლ. ტ-ის შემთხვევების ნაწილში) და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, ასევე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით და კანონით დადგენილ ვადაში ახალი გადაწყვეტილების მიღება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემობები, რომ პაციენტები წარმოადგენენ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მოსარგებლე პირებს.
პაციენტების ა. წ-ის და ლ. კ-ის შემთხვევებში პაციენტები მკურნალობდნენ სამედიცინო დაწესებულებაში 2016 წლის სექტემბრის თვის საანგარიშგებო პერიოდში, გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით თავის ტკივილის სხვა დაუზუსტებელი სინდრომები G44.8 და გულისრევა, პირღებინება (R11.0), ცილა ენერგეტიკული დეფიციტი, მ. წ-ი, მ. ა. მ-ი და ვ. ღ-ი - დიაგნოზით: K52,9 არაინფექციური გასტროენტერიტი და კოლიტი დაუზუსტებელი. პაციენტების გ. ფ-ისა და ლ. ტ-ითან მიმართებით დგინდება, რომ ისინი მკურნალობდნენ გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით - ნეკროზული ვასულოპათია დაუზუსტებელი (M 31.9).
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სააპელაციო საჩივარში აღნიშნულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე. კერძოდ, პაციენტი ა. წ-ი კლინიკაში შევიდა ჩივილებით: ხანგრძლივი ავადმყოფობა (5 დღე), ღებინების 3 ეპიზოდი, თავის ტკივილი, სისუსტე, სიფერმკრთალე, თავბრუსხვევა, უმადობა. ნევროლოგის ჩანაწერში ვკითხულობთ: „ავად არის 5 დღეა. დაავადება დაეწყო თავის ტკივილით, თავბრუსხვევით. აღენიშნა ღებინების რამდენიმე ეპიზოდი. მდგომარეობა დინამიკაში არ გაუმჯობესდა. თავის ტკივილი არის მუდმივი, გამოხატულია ზოგადი სისუსტე, ადინამია, გულისრევა. ობიექტურად ფოკალური ნევროლოგიური დეფიციტი არ ვლინდება. აღინიშნება ჰორიზონტალური ნისტაგმი. თავის ტვინის სტრუქტურული დაზიანების გამორიცხვის მიზნით რეკომენდებულია თავის ტვინის კტ კვლევა.“
გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში პაციენტს ჩაუტარდა მკურნალობა, თავის ტვინის კტ. კვლევა, თუმცა, ჩატარებული მკურნალობის შემდეგ (ანალგეზიური თერაპია) ზოგადი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, აღინიშნა ჰიპერტენზიის ეპიზოდი, პაციენტს თავის ტკივილი უგრძელდებოდა, იყო ადინამიური. სწორედ აღნიშნულის გამო, მორიგე ნევროლოგთან შეთანხმებით, შემდგომი მკურნალობის და კვლევის მიზნით პაციენტი მოთავსდა ნეირომეცნიერებათა დეპარტამენტში.
2016 წლის 19 სექტემბერს, 12:00 საათზე შესრულებულ ჩანაწერში აღნიშნულია: „კვლავ აღინიშნება თავის ტკივილი, აქვს ნისტაგმი ჰორიზონტალური, წოლისას თავბრუ მეტი აქვს, წამოდგომისას თვლის რომ აქვს თავბრუ და გაორება, აქვს ოფთალმოლოგიური ცვლილებები.“ ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პაციენტს ჩაუტარდა თავის ტვინის მრტ კვლევაც.
აღნიშნული გადაწყვეტილების მართებულობას ადასტურებს ა(ა)იპ „ა...ის“ წევრის - გ. ჩ-ეის დასკვნა.
პაციენტი ლ. კ-ი კლინიკაში შევიდა ანამნეზით: „მშობლის გადმოცემით პაციენტმა ბოლო ოთხი დღეა უარი თქვა საკვების მიღებაზე, ყოველი კვების შემდეგ აღენიშნა პირღებინება. გამონახულია მივარდნილობა, წონის დეფიციტი, ჰიპოტროფია, განვითარების შეფერხება. გამოხატულია შეშუპება, სისხლის ბიოიმიური ანალიზით - ჰიპოალბუმინემია, ჰიპოპროტეინემია, ელექტროლიტური დისბალანსი“. გადაუდებელი სტაციონარული დახმარების გაწევაზე მიღებული გადაწყვეტილების მართებულობას ადასტურებდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტის (2014 წლის 25 ივნისის №01-157/ო ბრძანების შესაბამისად) დასკვნა - ჰიპოკალემია სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა, რომელიც საჭიროებს დროულ კორექციას.
პაციენტი მ. წ-ი (1 თვის და 16 დღის) კლინიკაში შესულია ჩივილებით: „მშობლის გადმოცემით ბავშვი ავად არის 4 დღეა, ჰიპერთერმია, პირღებინება ყოველი კვების შემდეგ. ეძლეოდა ლინექსი, ნუროფენი. მდგომარეობა არ გაუმჯობესდა და მიყვანილ იქნა ახალქალაქის ბავშვთა საავადმყოფოში, სადაც გაკეთდა დექსამეტაზონი, ანალგინი, დიმედროლი. მოხდა ტემპერატურის ნორმალიზება და გადმოყვანილ იქნა ჩვენს კლინიკაში.“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 20 დეკემბრის №01-345/ო ბრძანებით დამტკიცებული პროტოკოლით - „სავარაუდო ინფექციური წარმოშობის დიარეისა და გასტროენტერიტის მართვა ბავშვებში“, პაციენტის ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმებია: 3 თვემდე ასაკი, საშუალო სიმძიმის ან მძიმე დეჰიდრატაცია, მაღალი ცხელება, არაეფექტური ორალური რეჰიდრატაცია, ჩატარებული მკურნალობის არაეფექტურობა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 20 დეკემბრის №01–345/ო ბრძანებით დამტკიცებული, „კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტების შემუშავების, შეფასების და დანერგვის ეროვნული საბჭოს“ 2014 წლის 24 აპრილის №2 გადაწყვეტილების შესაბამისად მიღებული პროტოკოლით - „ცხელების მართვა ბავშვთა ასაკში“, რომელიც მოიცავს ცხელებით ბავშვის მართვას 36 თვემდე, მძიმე ინფექციის რისკი ფასდება შუქნიშანის ნათელი ფერების მიხედვით (ცხრილი №1). აღნიშნული ცხრილით 0-3 თვემდე ასაკის ბავშვებში ცხელება და ადინამია წარმოადგენს შუქნიშანის წითელ ფერს, რაც მიუთითებს მძიმე ინფექციის არსებობის მაღალ რისკზე. ,,წითელი“ ან „ყვითელი“ სიგნალით ჰოსპიტალიზირებული ბავშვის მდგომარეობას უნდა აფასებდნენ ყოველ 1-2 საათში ერთხელ. გარდა აღნიშნული პროტოკოლებისა, გადაუდებელი სტაციონარული მომსანურების გაწევაზე მიღებული გადაწყვეტილების მართებულობას ადასტურებდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტის (2014 წლის 25 ივნისის №01-157/ო ბრძანების შესაბამისად) დასკვნა - საჭირო იყო ინფუზური თერაპიის ჩატარება.
პაციენტი მ. ა. მ-ი (3 თვის) კლინიკაში შევიდა ჩივილებით: „მშობლის გადმოცემით პაციენტი ავად არის 8 დღეა, აღენიშნება ცხელება. მეოთხე დღეა აღენიშნება ნაწლავთა გახშირებული მოქმედება 10-11-ჯერ დღეში, წყლის და ლორწოს შემცვლელი განავლოვანი მასებით. მეორე დღეა დაერთო გულისრევა-ღებინება 2-3-ჯერ დღეში, რის გამოც მოგვმართეს. შემოსვლისას გამოხატულია გაუწყლოების ნიშნები, საჭიროებს ინტრავენურად ინფუზურ თერაპიას.“ როგორც აღინიშნა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 20 დეკემბრის №01-345/ო ბრძანებით დამტკიცებული პროტოკოლით - „სავარაუდო ინფექციური წარმოშობის დიარეისა და გასტროენტერიტის მართვა ბავშვებში“ პაციენტის ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმებია: საშუალო სიმძიმის ან მძიმე დეჰიდრატაცია, არაეფექტური ორალური რეჰიდრატაცია, ჩატარებული მკურნალობის არაეფექტურობა. გარდა აღნიშნული პროტოკოლისა, გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების გაწევაზე მიღებული გადაწყვეტილების მართებულობას ადასტურებდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტის (2014 წლის 25 ივნისის №01-157/ო ბრძანების შესაბამისად) დასკვნა - საჭირო იყო ინფუზური თერაპიის ჩატარება.
პაციენტი ვ. ღ-ი კლინიკაში შევიდა შემდეგი ანამნეზით: „მშობლის გადმოცემით ბავშვი ავად არის 4 დღეა. ბოლო 2 დღეა აღნიშნავს პერიოდულად მუცლის ტკივილს, ბოყინს. ტკივილი ლოკალიზებულია მეზოსტრიუმის არეში, აქვს გულისრევის შეგრძნებები ღებინების გარეშე, რასაც წინ უძღვოდა 3-4 დღით ადრე დაწყებული კატარალური მოვლენები, ცხელება - 390C. გუშინ დღიდან გაუძლიერდა და გაუხშირდა მუცლის ტკივილი, პერიოდულად - შეტევითი ხასიათის. დილიდან ტემპერატურა ნორმალიზდა, შეუმცირდა კატარალური მოვლენები, შეამცირა საკვების და სითხის მიღება, ფოთის საავადმყოფოს, მუცლის ღრუს ექოსკოპიური კვლევით დაუდგინდა ჰეპატოსპლენომეგალია, ასციტი, შემდგომი კვლევებისთვის მოგვმართეს ჩვენ.“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 20 დეკემბრის №01-345/ო ბრძანებით დამტკიცებული კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო პროტოკოლი - „მუცლის მწვავე და ქრონიკული ტკივილის მართვა ბავშვთა ასაკში“ განსაზღვრავს მუცლის ტკივილის შემთხვევაში ბავშვის ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას, რომლის მიხედვითაც, პაციენტი საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, თუ მას აღენიშნება: ანამნეზური მონაცემები, რომელიც სერიოზულ დაავადებაზე ან ტრავმაზე მიუთითებს; ფონური დაავადებების შესაძლო გართულებები; ობიექტური გასინჯვით ლოკალური ცვლილებები. გარდა აღნიშნული პროტოკოლისა, გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების გაწევაზე მიღებული გადაწყვეტილების მართებულობას ადასტურებდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტის (2014 წლის 25 ივნისის №01-157/ო ბრძანების შესაბამისად) დასკვნა - ჩატარებული მკურნალობის ფონზე ავადმყოფის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ძლიერი ტკივილი გრძელდებოდა.
პაციენტები - გ. ფ-ი (5 წლის) და ლ. ტ-ი (4 წლის) სტაციონარში მოთავსდნენ ჩივილებით: შეშუპება სახსრების არეში და კანზე სისხლჩაქცევები. პაციენტების სტაციონარში მოთავსების აუცილებლობას განაპირობებდა არა მხოლოდ კანზე სისხლჩაქცევები, არამედ სახსრის შეშუპება, ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა. მდგომარეობის სერიოზულობაზე მიანიშნებდა ისიც, რომ ერთ-ერთი პაციენტი გადმოგზავნილ იქნა სამედიცინო დაწესებულების მიერ, კატასტროფის ბრიგადით. ასევე, ორივე შემთხვევაში დაავადება პროგრესირებდა. პაციენტებს ცვლილებები აღენიშნებოდათ არა მხოლოდ კანზე, არამედ გამოხატული ჰქონდათ ართრიტიც. გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების გაწევაზე მიღებული გადაწყვეტილების მართებულობას ადასტურებდა ა(ა)იპ „საქართველოს პედიატრ-რევმატოლოგთა ასოციაციის“ დასკვნა - აღნიშნული განპირობებულია დაავადების თავისებურებით, გართულებების მაღალი სიხშირით და მძიმე მიმდინარეობით, კერძოდ, ხშირია სხვადასხვა სასიცოცხლო ორგანოების შეუქცევადი დაზიანება.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტის მიერ მითითებული გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების საპირისპიროდ, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა წარდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ პაციენტებს არ ესაჭიროებოდათ ის სამედიცინო მომსახურეობა რომელიც ჩაუტარდათ.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებდნენ მითითებული პაციენტების სტაციონარში მოთავსების საჭიროებას, რაც შეეხება მათთვის ჩატარებული მკურნალობის შესაბამისობას გადაუდებელი მკურნალობისათვის გათვალისწინებულ კომპონენტთან, აღნიშნული საკითხი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მოითხოვდა დამატებით კვლევას.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სადავო გადაწყვეტილებებში ზოგადადაა აღნიშნული, რომ განსახილველი შემთხვევა არ ექვემდებარება ანაზღაურებას, თუმცა კონკრეტულად რა გახდა ამ პოზიციის დაფიქსირების საფუძველი საპელაციო სასამართლოსათვის უცნობია, ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილებებიდან ვერ დგინდება, თუ რომელ მტკიცებულებებს დაეყრდნო ადმინისტრაციული ორგანო და როგორ შეძლო დადგენილად მიეჩნია აღნიშნული გარემოება. ვინაიდან, სადავო აქტების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელებულა საქმის არსებითი გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და შეფასება, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია მოცემულ შემთხვევაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რეგულაციის გამოყენება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მიხედვით, პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ამასთან ეს პროგრამა და თანდართული დანართები, ამავე პროგრამის უზრუნველსაყოფად გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტები, ასევე სამედიცინო ვაუჩერის პირობებთან დაკავშირებული სხვა მარეგულირებელი აქტები და მიმწოდებლის წერილობითი დასტური პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე, ერთობლივად წარმოადგენს შეთანხმებას პროგრამის განმახორციელებელსა და მიმწოდებელს შორის და შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებისაგან.
კასატორი მიუთითებს აღნიშნული დადგენილების მე-11 მუხლზე, რომლის მიხედვით მიმწოდებელი ვალდებულია შემთხვევის შესახებ შეტყობინება გააკეთოს დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს შემთხვევის დადგომიდან 24 საათისა, განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით. შესაბამისად, როდესაც მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა ელექტრონულ მოდულში არსებულ ინფორმაციას, ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს, სამედიცინო შემთხვევა არ ექვემდებარება დაფინანსებას. ამდენად, ადგილი აქვს №36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შემადგენლობას და სარჩელი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას, ვინაიდან მოსარჩელემ ადექვატურად არ განახორციელა პროგრამით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობების შესრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს შემთხვევის სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების საფუძვლების კანონიერების შეფასება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36-ე დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირველი მუხლის თანახმად, პროგრამის მიზანია: ა) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმიურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით. ბ) ამ დადგენილების 21 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.
ამავე პროგრამის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1.3-ის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეები არიან 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები. ასევე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისა.
ამდენად, საქმის მასალებით დადგენილია, რომ პაციენტები ა. წ-ი, ლ. კ-ი, მ. წ-ი, მ. ა. მ-ი, ვ. ღ-ი, გ. ფ-ი და ლ. ტ-ი წარმოადგენენ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი 1.3.-ის მეორე პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე პირებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დადგენილი ფორმითა და ვადებში მიმწოდებელი უზრუნველყოფს განმახორციელებელთან საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენას ნაბეჭდი და ელექტრონული სახით. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხა მოიცავს შემდეგ სავალდებულო ინფორმაციას: ა) შემთხვევათა რეესტრი (დადგენილი ფორმის შესაბამისად, ნაბეჭდი და ელექტრონული სახით) – გაწეული სამედიცინო მომსახურების თვიური ჯამური ანგარიში, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს: ა.ა) მოსარგებლის სახელს, გვარს, პირად ნომერსა და დაბადების თარიღს; ა.ბ) დიაგნოზსა და განხორციელებულ ჩარევებს დადგენილი კლასიფიკატორის შესაბამისად; ა.გ) თითოეული პროგრამული შემთხვევის/მკურნალობის ეპიზოდის ხარჯის ჯამურ ოდენობას; ბ) ფორმა №IV-100/ა-ს (პაციენტის დიაგნოზი, ჩარევები და გამოკვლევები მითითებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორების შესაბამისად, ნაბეჭდი სახით); გ) განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს (შემდგომში – ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი დეტალურად, თითოეული პროგრამული შემთხვევის/მკურნალობის ეპიზოდის მიხედვით, ნაბეჭდი სახით.
ამავე პროგრამის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ხდება: ა) მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების დადარება ფორმა №IV-100/ა-სა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შემთხვევათა რეესტრთან; ბ) შემთხვევათა რეესტრსა და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში ჯამური ფინანსური მონაცემების სისწორის გადამოწმება; გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება მიმწოდებლის მიერ შეტყობინებისას დაფიქსირებულ მონაცემებთან და მონიტორინგის შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
პროგრამის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.
საკასაციო სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე, სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სადავო გადაწყვეტილებებში შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ, შესაბამისი დასაბუთება მითითებული არ არის.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლის თანახმად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლი სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთს აკისრებს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს და ავალდებულებს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებები ბს-626-596(კ-07); №ბს-1236(კ-18)).
საყურადღებოა ის გარემოება, რომ სამართალურთიერთობის მარეგულირებელი როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო აქტები მიუთითებენ უპირატესად პაციენტის ინტერესის შესაბამისად მოქმედების აუცილებლობაზე. კერძოდ, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად, მცირეწლოვანი ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის არმქონე პაციენტისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის აუცილებლობისას ან მისი სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის დროს სამედიცინო ჩარევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ პაციენტის ინტერესების გათვალისწინებით. პაციენტის ინტერესები არის ასევე უპირატესად გასათვალისწინებელი „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონშიც, ასევე საერთაშორისო სამართლის რიგ უმნიშვნელოვანეს წყაროებში/აქტებში (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მარტის №ბს-1526(კ-18) განჩინება). ასევე ამავე კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამედიცინო საქმიანობის აღსრულებისას ჯანმრთელობის დაცვის პერსონალმა უნდა იხელმძღვანელოს ეთიკური ფასეულობებით – ადამიანის პატივისა და ღირსების აღიარების, სამართლიანობის, თანაგრძნობის პრინციპებით, აგრეთვე პროფესიული ეთიკის შემდეგი ნორმებით: ა) იმოქმედოს მხოლოდ პაციენტის ინტერესების შესაბამისად; ბ) არ გამოიყენოს თავისი პროფესიული ცოდნა და გამოცდილება ჰუმანიზმის პრინციპების საწინააღმდეგოდ; გ) პაციენტის ინტერესებთან დაკავშირებული პროფესიული გადაწყვეტილებების მიღებისას იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი, არ იმოქმედოს ანგარებით; დ) იზრუნოს პროფესიული საქმიანობის პრესტიჟის ამაღლებაზე, პატივისცემით მოეპყრას კოლეგებს.
ამასთან, ევროპის სოციალური ქარტიის მე-11 მუხლის თანახმად, ჯანმრთელობის დაცვაზე უფლების ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ უშუალოდ ან საჯარო ან კერძო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, მიიღონ ზომები, რომლებიც, კერძოდ, მიზნად ისახავენ: ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზების მაქსიმალურად აღმოფხვრას; ჯანმრთელობის განმტკიცებისა და ჯანმრთელობის საკითხებში ინდივიდუალური პასუხისმგებლობის წახალისებისათვის საკონსულტაციო და საგანმანათლებლო საშუალებების უზრუნველყოფას; შეძლებისდაგვარად ეპიდემიურ, ენდემურ და სხვა დაავადებათა, ისევე როგორც, უბედურ შემთხვევათა აღკვეთას.
ამდენად, მოსარჩელის მიერ ბავშვების ჯანმრთელობის დაცვის აღმატებული ინტერესის შესაბამისად მოქმედების საპირწონედ, მოპასუხე მხარეს - გაწეული სამედიცინო მომსახურების უსაფუძვლობის შესახებ სათანადო დასაბუთება არც სადავო აქტებსა და არც სასამართლო სხდომებზე არ წარმოუდგენია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც სადავო საკითხი გამოირჩევა სპეციფიურობით და დაკავშირებულია სამედიცინო სფეროსთან, რომელიც მოითხოვს შესაბამისი საკითხის სიღრმისეულ და დეტალურ ცოდნას, ხოლო სადავო აქტები არ შეიცავს ადმინისტრაციული ორგანოს სათანადო დასაბუთებას, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს გასაჩივრებული გადაწყვეტილებების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 აპრილის №ბს-518(კ-20) გადაწყვეტილება).
ამასთან, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პაციენტისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ჯეროვანების, სათანადოობისა და ეფექტიანობის (ხარისხის) შეფასება სცდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების ფარგლებს, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას განსაზღვროს მოსარჩელის მიერ მიწოდებული ინფორმაცია რამდენად ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას ან/და რამდენად შეესაბამება პროგრამით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებს.
ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 24.03.2021წ. საგადახდო მოთხოვნა №07912-ით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 24.03.2021წ. საგადახდო მოთხოვნა №07912-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.




თავმჯდომარე ქ. ცინცაძე


მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე


თ. ოქროპირიძე