Facebook Twitter
საქმე #ბს-973(კ-22) 23 თებერვალი, 2023 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :


2019 წლის 14 ივნისს ლ. ს-იმა და ი. ლ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელეთა განმარტებით, 2013 წლის 18 დეკემბერს ნოტარიუს ქ. ბ-ის სანოტარო ბიუროში გაფორმდა სესხის, იპოთეკის და ნასყიდობის ერთიანი ხელშეკრულება (სანოტარო აქტი #...), რომლის თანახმადაც, მ. გ-იმა ე. ნ-ისაგან, ლ. ა-ისაგან და ლ. ბ-ისაგან შეიძინა ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა, კორპუსი #..., ბინა #... საკადასტრო კოდით ... და ე. მ-ისაგან ისესხა 12 000 აშშ დოლარი, ი. ლ-იისაგან 7500 აშშ დოლარი, ა. ა-ასგან 1000 აშშ დოლარი. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სესხი იყო სარგებლიანი ყოველთვიურად 3.5%-ის დარიცხვით, პირგასამტეხლო - ყველა ვადაგადაცილებულ დღეზე 0.3%. ხელშეკრულების თანახმად, უძრავი ქონება - ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა, კორპუსი #..., ბინა #... დაიტვირთა იპოთეკით. სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2019 წლის 18 მარტი. ნოტარიუს ქ. ბ-იმა აღნიშნული ხელშეკრულების რეგისტრაციისას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ელექტრონული გადახდის საშუალებით გადაუგზავნა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების რეგისტრაციის საფასური - 55 ლარი და საკუთრების უფლების რეგისტრაციის 51-ლარიანი ქვითარი. ვინაიდან სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებასთან ერთად არ იყო გაუქმებული ლ. ჯ-ის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, დამატებით გადახდილ იქნა ლ. ჯ-ის სახელზე რიცხული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების საფასური - 50 ლარი.
მოსარჩელეთა მითითებით, როგორც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან მოგვიანებით გაირკვა, დარეგისტრირდა მხოლოდ ნასყიდობის ხელშეკრულება და გაუქმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც იყო ლ. ჯ-ის სასარგებლოდ რეგისტრირებული. მოსარჩელეებს არანაირი შეტყობინება არ მიუღიათ და მოგვიანებით, თავად აღმოაჩინეს, რომ 2013 წლის 18 დეკემბრის სესხის, იპოთეკის და ნასყიდობის ხელშეკრულების სანაცვლოდ რეგისტრირებული იყო მხოლოდ ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, მესაკუთრედ დარეგისტრირდა მ. გ-იი, რომელმაც ქონება სხვა პირზე გაასხვისა.
მოსარჩელეების განმარტებით, ძირითად მოვალეს დაეკისრა 2013 წლის 18 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით აღებული თანხის გადახდა. ამასთან, აღმასრულებელ ნ. ე-ის წერილობითი პასუხით ირკვევა, რომ მ. გ-იი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიან ბაზაში, რის გამოც შეუძლებელია აღსრულების გაგრძელება, რაც გახდა სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვის საფუძველი.
მოსარჩელეები, ასევე, აღნიშნავენ, რომ ლ. ს-იი არის ე. მ-ის პირველი რიგის მემკვიდრე, რომელმაც მიიღო პასივები და აქტივები.
ამდენად, მოსარჩელეებმა საჯარო რეესტრში იპოთეკის რეგისტრაციის განუხორციელებლობიდან გამომდინარე მიყენებული ზიანის გამო, მოსარჩელე ლ. ს-იის სასარგებლოდ 12 700 აშშ დოლარის ექვივალენტი ქართული ლარის, ხოლო ი. ლ-იის სასარგებლოდ - 7982.61 აშშ დოლარის ექვივალენტი ქართული ლარის ანაზღაურების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის დავალება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. ს-იის და ი. ლ-იის სარჩელი დაკმაყოფილდა; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საჯარო რეესტრში იპოთეკის რეგისტრაციის უკანონოდ განუხორციელებლობიდან გამომდინარე მიყენებული ზიანის გამო, მოსარჩელე ლ. ს-იის სასარგებლოდ 12 700 აშშ დოლარის ექვივალენტი ქართული ლარის, ხოლო ი. ლ-იის სასარგებლოდ 7982.61 აშშ დოლარის ექვივალენტი ქართული ლარის ანაზღაურება დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე, მე-7 მუხლის მე-3 პუნქტზე, მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-9 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე და არ დაეთანხმა აპელანტის მოსაზრებას, რომ განმცხადებელი იყო მხოლოდ მ. გ-იი, შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო შესაძლებლობას იყო მოკლებული, სესხისა და ნასყიდობის ხელშეკრულებასთან ერთად განეხორციელებინა იპოთეკის რეგისტრაციაც.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასება, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სარეგისტრაციო დოკუმენტის საფუძველზე, სრულყოფილად არ განახორციელა რეგისტრაცია, რაც მას ევალებოდა კანონის შესაბამისად და სამართლებრივი დაცვის - მოთხოვნის უზრუნველყოფის გარეშე დატოვა მოსარჩელეები, იმ პირობებში, როდესაც დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი განცხადება სესხის, იპოთეკის და ნასყიდობის რეგისტრაციის თაობაზე ფორმალურად, სამართლებრივად დააკმაყოფილა. ამასთან, სარეგისტრაციო დოკუმენტში ცხადად იყო მითითებული იპოთეკა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე ი. ლ-იის და ე. მ-ის უფლებამონაცვლის - ლ. ს-იის სარჩელი და მ. გ-ის ი. ლ-იის სასარგებლოდ დაევალა 8025 აშშ დოლარის, ხოლო ლ. ს-იის სასარგებლოდ -12 700 აშშ დოლარის ანაზღაურება. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე დაიწყო მ. გ-იის მიმართ იძულებით აღსრულებასთან დაკავშირებით საქმის წარმოება, თუმცა აღსრულება ვერ განხორციელდა იმის გამო, რომ მ. გ-იის საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ იყო საჯარო რეესტრში და იგი რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისი უფლებამოსილების სფეროში არსებული ფუნქციის (იპოთეკის რეგისტრაცია) განუხორციელებლობის გამო, ქ. თბილისში, ...ის ქუჩაზე, კორპუსი #2-ში მდებარე ბინა #...-ზე იპოთეკა არ დარეგისტრირდა, იპოთეკის არარსებობამ კი შეუძლებელი გახადა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება. შესაბამისად, მოსარჩელეებმა ვერ მიიღეს მ. გ-იისათვის დაკისრებული თანხა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უმოქმედობის გამო, ლ. ს-ისა და ი. ლ-ის მიადგათ ზიანი, კერძოდ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საკუთარი უფლებამოსილების სათანადოდ განუხორციელებლობის გამო, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იპოთეკის საგანზე იპოთეკა არ დარეგისტრირდა, რამაც შედეგად, იძულებითი აღსრულების პირობებშიც კი შეუძლებელი გახადა ლ. ს-იისა და ი. ლ-იის კანონიერი მოთხოვნის დაკმაყოფილება - უკან მიეღოთ სესხის სახით გაცემული თანხა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ #... სარეგისტრაციო განცხადება წარდგენილია მხოლოდ მ. გ-იის მიერ, შესაბამისი მოთხოვნით, რაც ვერანაირად ვერ იქნებოდა იპოთეკის უფლების რეგისტრაცია, ვინაიდან აღნიშნული სამართალურთიერთობის მხარეს (სესხი და იპოთეკა) არ წარმოადგენდა მ. გ-იი. ამასთან, გარდა იმისა, რომ იგი არ იყო ხსენებული გარიგების ხელშემკვრელი მხარე, უძრავი ნივთის მესაკუთრეებს ჯერ კიდევ წარმოადგენდნენ მსესხებელი პირები - ე. ნ-ი, ლ. ბ-ი და ლ. ა-ი. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ თავდაპირველი მოთხოვნის სახით, მარეგისტრირებელ ორგანოს, უფლებამოსილი პირების (სესხისა და იპოთეკის თაობაზე გარიგების მხარეთა) მიერ ნების გამოვლენის საფუძველზე, ავტორიზებული პირის - ნოტარიუს ქ. ბ-ის მეშვეობით უნდა წარდგენოდა იპოთეკის უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის თაობაზე განცხადება, რასაც, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია.
კასატორი მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-12 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხზე განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია სააგენტოში შეიძლება წარდგენილ იქნეს ნებისმიერი ტერიტორიული სამსახურისათვის ან ავტორიზებული პირისათვის მიმართვით, პირადად, ელექტრონულად ან ფოსტის მეშვეობით. განცხადების ფოსტის მეშვეობით წარდგენისას განცხადებაზე ხელმოწერა დამოწმებულ უნდა იქნეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
შესაბამისად, კასატორის მითითებით, კანონი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რეგისტრაციის წიგნში რეგისტრაციისა (როგორც შესაბამისი განცხადების წარმოდგენის ფაქტის დამადასტურებელ გარემოებას) და დაინტერესებული პირის (როგორც სარეგისტრაციო წარმოების მხარის) მიერ განცხადების ხელმოწერის ფაქტს.
კასატორის განმარტებით, #... სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილია მხოლოდ ერთი პირის, შემძენის - მ. გ-იის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და დაფიქსირებულია მხოლოდ მისი ხელმოწერა. წარდგენილი ხელშეკრულების მიხედვით, უძრავი ქონების შემძენი ნასყიდობის საგანზე სრულად იძენდა საკუთრების უფლებას ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ, რისთვისაც საჯარო რეესტრს უნდა წარდგენოდა ამ ხელშეკრულების ერთი ეგზემპლარი. სხვა პირობა უძრავი ნივთის შემძენთან მიმართებით გათვალისწინებული არ იყო, ხოლო ამავე ხელშეკრულების თანახმად, უძრავი ნივთის შემძენს წარმოადგენდა მ. გ-იი.
ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც მ. გ-ის მითითებული ხელშეკრულებიდან შეიძლება წარმოშობოდა, იყო საკუთრების უფლების რეგისტრაცია ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რაც დაკმაყოფილებულ იქნა სწორედ 2012 წლის 24 დეკემბრის #... გადაწყვეტილებით და მითითებულ უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა მისი საკუთრების უფლება. სასამართლოს მხრიდან იმ გარემოებაზე მითითება, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი იყო „სესხის, ნასყიდობისა და იპოთეკის ხელშეკრულება“, არ ნიშნავს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა რეგისტრირებადი უფლების თაობაზე მომართვას, ვინაიდან ამისათვის საჭიროა უფლებამოსილი პირის განცხადება, რომელზე ხელმოწერა და სარეგისტრაციო ნომრის მინიჭებაც ხდება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი („საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი).
კასატორი, ასევე, ყურადღებას ამახვილებს თანხის დამატებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მას არ გააჩნდა არავითარი სამართლებრივი მნიშვნელობა სარეგისტრაციო მოთხოვნით მომართვის დადასტურების კუთხით, ვინაიდან, ერთი მხრივ, მას არ ერთვოდა შესაბამისი უფლებამოსილი პირის განცხადება და, მეორე მხრივ, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ნებისმიერ პირს შეუძლია ნებისმიერ სარეგისტრაციო განცხადებაზე გადაიხადოს/დაამატოს განუსაზღვრელი ოდენობის თანხა.
ამასთან, კასატორისათვის გაურკვეველია, რა სამართლებრივი საფუძვლით უნდა შეეჩერებინა სააგენტოს მ. გ-იის სარეგისტრაციო წარმოება, როდესაც არ არსებობდა აღნიშნული წარმოების შეჩერების კანონისმიერი საფუძველი და ნათლად იყო განსაზღვრული როგორც მოთხოვნის სუბიექტი, ისე ობიექტი. თავის მხრივ, არავითარ ბუნდოვანებას არ იწვევდა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რეგისტრაციას დაქვემდებარებული ის უფლება, რომლის რეგისტრაციისთვისაც საჯარო რეესტრს მიმართავდა დაინტერესებული მხარე - მ. გ-იი.
კასატორი, ასევე, მიუთითებს, რომ როგორც ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით ი. ლ-იისა და ლ. ს-იის სარჩელი დაკმაყოფილდა და მ. გ-ის, ი. ლ-იის სასარგებლოდ დაევალა 8025 აშშ დოლარის, ხოლო ლ. ს-იის სასარგებლოდ 12700 აშშ დოლარის ანაზღაურება. თუმცა აღსრულება ვერ განხორციელდა იმის გამო, რომ მ. გ-იის საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ იყო საჯარო რეესტრში და იგი რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში. სასამართლოს მითითებით, მსესხებლებს მოსარჩელეებისათვის გასესხებული თანხა უკან არ დაუბრუნებიათ. თუმცა, კასატორის აღნიშვნით, უცნობია, უტყუარად რამ დაადასტურა ზემოაღნიშნული გარემოება.
ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ სამოქალაქო დავის ფარგლებში, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება სხვა პირის მიმართ არის დაკისრებული, რაც ორმაგი ანაზღაურების შესაძლებლობას გამორიცხავს, სასამართლომ სხვა პირს დააკისრა თანხის ანაზღაურება, ხოლო ის გარემოება, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირი სოციალურად დაუცველია, არ ათავისუფლებს მას პასუხისმგებლობისაგან.
კასატორის შეფასებით, სასამართლოს კვლევის საგანი უნდა გამხდარიყო, ვისი ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების პირდაპირ შედეგს წარმოადგენს ზიანი.
კასატორი, ასევე, ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის მითითებაზე, რომ მას 4-დღიანი სარეგისტრაციო მომსახურების შემდეგ ჰქონდა იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ამონაწერის მიღების მოლოდინი. კასატორი აღნიშნავს, რომ მას სარეგისტრაციო ჩანაწერები არ შეუმოწმებია, რაც მის ვალდებულებას წარმოადგენს. მხარეებმა არ გამოიჩინეს სათანადო ყურადღება და გულისხმიერება, შესაბამისი სარეგისტრაციო მოთხოვნით (იპოთეკის წარმოშობის რეგისტრაცია) არ მიმართეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მხოლოდ წლების შემდეგ, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ვერ დაიკმაყოფილეს მოთხოვნა, მარეგისტრირებელი ორგანოსაგან ითხოვენ ზიანის ანაზღაურებას.
კასატორი მიიჩნევს, რომ ის ფაქტი, რომ მოსარჩელე სოლიდარულადაც კი არ ედავება მას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, გამოიწვევს კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის პრინციპის დარღვევას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :


საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს საჯარო რეესტრში იპოთეკის რეგისტრაციის განუხორციელებლობიდან გამომდინარე მიყენებული ზიანის გამო, მოსარჩელე ლ. ს-იის სასარგებლოდ 12 700 აშშ დოლარის ექვივალენტი ქართული ლარის, ხოლო ი. ლ-იის სასარგებლოდ - 7982.61 აშშ დოლარის ექვივალენტი ქართული ლარის ანაზღაურების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის დავალება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2012 წლის 18 დეკემბერს ე. ნ-ის, ლ. ბ-ის, ლ. ა-ის, მ. გ-ის, ე. მ-ის, ა. ა-ასა და ი. ლ-ის შორის სანოტარო წესით გაფორმდა სესხის, ნასყიდობისა და იპოთეკის ერთიანი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, ე. ნ-ის, ლ. ბ-ისა და ლ. ა-ის ე. მ-იმა 12 000 აშშ დოლარი, ა. ა-ამ 10 000 აშშ დოლარი და ი. ლ-იმა 7500 აშშ დოლარი ასესხეს 2013 წლის 18 მარტამდე, ყოველთვიური 3.5 პროცენტი სარგებლით, ხოლო აღნიშნულ სესხზე მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა ე. ნ-ის, ლ. ბ-ის და ლ. ა-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი - ქ. თბილისში, ...ის ქუჩაზე, კორპუსი #2-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა #....
იმავე ხელშეკრულების საფუძველზე, ე. ნ-იმა, ლ. ბ-იმა და ლ. ა-იმა იპოთეკით დატვირთული აღნიშნული უძრავი ნივთი მიჰყიდეს მ. გ-ის.
საქმის მასალებით, ასევე, დადგენილია, რომ ზემოხსენებული ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მიზნით, ავტორიზებულმა პირმა - ნოტარიუსმა ქ. ბ-იმა 2012 წლის 18 დეკემბერს, კანონით დადგენილი წესით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს წარუდგინა დაინტერესებული პირის - მ. გ-იის განცხადება სესხის, იპოთეკისა და ნასყიდობის რეგისტრაციის მოთხოვნის თაობაზე და მასზე დართული სესხის, იპოთეკის და ნასყიდობის ერთიანი ხელშეკრულება, აგრეთვე, მომსახურების საფასურის გადახდის (იპოთეკის რეგისტრაციის 55 ლარის და ნასყიდობის რეგისტრაციის 51 ლარის) დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქმის მასალებით დადგენილად არის მიჩნეული, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 24 დეკემბრის #... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. გ-იის განცხადება და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ. მიუხედავად აღნიშნული გადაწყვეტილებისა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა საჯარო რეესტრში განახორციელა მხოლოდ ნასყიდობის ხელშეკრულების რეგისტრაცია და უძრავ ნივთზე - ქ. თბილისში, ...ის ქუჩაზე, კორპუსი #2-ში მდებარე საცხოვრებელ ბინა #...-ზე მესაკუთრედ დაარეგისტრირა მ. გ-იი, ხოლო იპოთეკა საჯარო რეესტრში არ დარეგისტრირებულა.
საქმის მასალებით, ასევე, დგინდება, რომ 2013 წლის 21 თებერვალს მ. გ-იმა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი - საცხოვრებელი ბინა მდებარე ქ. თბილისში, ...ის ქუჩაზე, კორპუსი #2, ბინა #... ქ. გ-იზე გაასხვისა (გაყიდა), რის შედეგადაც მითითებულ უძრავ ქონებაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ საჯარო რეესტრში მესაკუთრედ აღირიცხა ქ. გ-იი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ე. მ-ის უფლებამონაცვლე, მისი გარდაცვალების გამო არის მისი მემკვიდრე, მოსარჩელე ლ. ს-იი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელეების - ი. ლ-იის და ე. მ-ის მიერ გასესხებული თანხა მსესხებლებს არ დაუბრუნებიათ.
საქმის მასალებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე ი. ლ-იის და ე. მ-ის უფლებამონაცვლის - ლ. ს-იის სარჩელი და მ. გ-ის, ი. ლ-იის სასარგებლოდ დაევალა 8025 აშშ დოლარის, ხოლო ლ. ს-იის სასარგებლოდ 12 700 აშშ დოლარის ანაზღაურება.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე დაიწყო მ. გ-იის მიმართ იძულებით აღსრულებასთან დაკავშირებით საქმის წარმოება, თუმცა აღსრულება ვერ განხორციელდა იმის გამო, რომ მ. გ-იის საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის საჯარო რეესტრში და იგი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში.
საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, აღნიშნოს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეები მოითხოვენ ზიანის ანაზღაურებას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან გამოვლენილი უმოქმედობიდან გამომდინარე, კერძოდ, მოსარჩელეთა მოსაზრებით, საჯარო რეესტრი ვალდებული იყო დაერეგისტრირებინა იპოთეკის უფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
ამავე კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო მოხელის ქმედებით ან სახელმწიფოს მხრიდან მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ქმედება დაკავშირებული იყოს საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან, ამ უფლებამოსილების განხორციელების პროცესში დაშვებული დარღვევა მიმართული უნდა იყოს სხვა პირის უფლებების შელახვისაკენ, სახეზე უნდა იყოს ზიანის მიმყენებლის ბრალი და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტსა და მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება იპოთეკა.
ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით. აღნიშნულ შემთხვევაში განცხადება და თანდართული მონაცემები შეიძლება წარდგენილი იქნეს, ასევე დოკუმენტი შეიძლება გაიცეს ნებისმიერი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის ან ავტორიზებული პირის მეშვეობით. სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
მითითებული კანონის მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირი არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან ადმინისტრაციული ორგანო, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს სააგენტოს გადაწყვეტილება ან ქმედება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას და არ ეთანხმება კასატორის მოსაზრებას, რომ განმცხადებელი იყო მხოლოდ მ. გ-იი, შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო შესაძლებლობას იყო მოკლებული, სესხისა და ნასყიდობის ხელშეკრულებასთან ერთად განეხორციელებინა იპოთეკის რეგისტრაციაც. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტის საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სრულყოფილად არ განახორციელა რეგისტრაცია, რაც მას ევალებოდა კანონის შესაბამისად და სამართლებრივი დაცვის - მოთხოვნის უზრუნველყოფის გარეშე დატოვა მოსარჩელეები, იმ პირობებში, როდესაც განცხადება სესხის, იპოთეკის და ნასყიდობის რეგისტრაციის თაობაზე ფორმალურად, სამართლებრივად დააკმაყოფილა. ამასთან, საგულისხმოა, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტში ცხადად იყო მითითებული იპოთეკა.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ მხარეთა ნოტარიულად დამოწმებული შეთანხმებით დაიდო როგორც ნასყიდობის, ასევე, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად მხარეებს სურდათ იპოთეკით დატვირთულიყო ე. ნ-ის, ლ. ბ-ის და ლ. ა-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი. მიუხედავად აღნიშნული შეთანხმებისა, რომელიც ნამდვილი ნების საფუძველზე გამოვლინდა (ხელშეკრულება დამოწმდა ნოტარიულად), ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში კრედიტორის მოთხოვნის მიუხედავად, ვალდებულების უზრუნველსაყოფად დატვირთული უძრავი ქონება აღარ ირიცხებოდა ხსენებული პირების საკუთრებაში, ამასთან, სესხის ხელშეკრულების მოვალე მხარე - მ. გ-იი ირიცხებოდა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, მის სახელზე არ იყო რეგისტრირებული უძრავი ქონება. შესაბამისად, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დამდგარი მოთხოვნის მიუხედავად, კრედიტორების - განსახილველი დავის მოსარჩელეების, მოთხოვნა იძულებითი აღსრულების პირობებშიც არ დაკმაყოფილდა.
ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისი უფლებამოსილების სფეროში არსებული ფუნქციის განუხორციელებლობის გამო (იპოთეკის რეგისტრაცია) ქ. თბილისში, ...ის ქუჩაზე, კორპუსი #2-ში მდებარე საცხოვრებელ ბინა #...-ზე არ დარეგისტრირდა იპოთეკა, რამაც შეუძლებელი გახადა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება. შესაბამისად, მოსარჩელეებმა ვერ მიიღეს მ. გ-იისთვის დაკისრებული თანხა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიზაშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში წარმოდგენილ ძირითად არგუმენტებზე. პირველ რიგში, კასატორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მხოლოდ მ. გ-იის განცხადების არსებობის პირობებში და მის საფუძველზე, საჯარო რეესტრი არ იყო უფლებამოსილი, დაერეგისტრირებინა იპოთეკის უფლება.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას და მის საწინააღმდეგოდ განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, წარდგენილი უფლებადამდგენი დოკუმენტით - სესხის, ნასყიდობისა და იპოთეკის ერთობლივი ხელშეკრულებით ცხადად იყო აღქმადი ის გარემოება, რომ სასესხო ურთიერთობის წარმოშობისა და უძრავ ნივთზე მესაკუთრის ცვლილების ერთ-ერთ უმთავრეს ფაქტორს სწორედ უძრავი ქონების იპოთეკის უფლებით დატვირთვა წარმოადგენდა. საგულისხმოა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, ნასყიდობის ხელშეკრულების წარმოშობისათვის არსებითია მხარეები თანხმდებოდნენ ნასყიდობის ფასზე, როგორც ხელშეკრულების არსებით პირობაზე. თავის მხრივ, უდავოა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 489-ე მუხლის საფუძველზე, უძრავ ქონებაზე იპოთეკის უფლების გავრცელება ცალსახა ზეგავლენას ახდენს მის უფლებრივ მდგომარეობაზე, რაც შედეგობრივად განაპირობებს ქონების საბაზრო ღირებულების შემცირებას და შესაძლებელს ხდის, უძრავი ქონების შემცირებული, ხელსაყრელი ღირებულებით შეძენას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, 2012 წლის 18 დეკემბრის ხელშეკრულებით მხარეთა მიერ გამოხატული ერთობლივი ნების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იპოთეკის უფლების რეგისტრაციას ეკავა ცენტრალური ადგილი სამმხრივი სამართალურთიერთობის წარმოშობაში, რამდენადაც იპოთეკის გარეშე, შესაძლოა მხარეთა შორის შეთანხმება ნასყიდობისა და სესხის თაობაზე ვერც მიღწეულიყო.
ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მხოლოდ სამართლებრივი ფორმალიზმის ზედმიწევნითი დაცვით განახორციელა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მ. გ-იის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია და ყურადღება არ გაამახვილა სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლებადამდგენი დოკუმენტის - 2012 წლის 18 დეკემბრის სესხის, ნასყიდობისა და იპოთეკის ხელშეკრულების ნამდვილ სამართლებრივ შინაარსსა და ხელშეკრულებით მოცული იპოთეკის უფლების მნიშვნელობაზე. საგულისხმოა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დაინტერესებული პირი არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან ადმინისტრაციული ორგანო, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს სააგენტოს გადაწყვეტილება ან ქმედება. შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონება საკუთრების უფლებით ისე აღრიცხა მ. გ-იის სახელზე, რომ მხედველობაში არ მიუღია ამავე უძრავ ქონებაზე ამავე ხელშეკრულებით იპოთეკის უფლების გათვალისწინების და გავრცელების საკითხი, არ განუსაზღვრია, იპოთეკის უფლების გარეშე მ. გ-იის სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციით მოსარჩელეთა კანონიერი ინტერესისათვის ზიანის მიყენების რისკები, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სარეგისტრაციოდ წარდგენილ იქნა სესხის, ნასყიდობისა და იპოთეკის ერთობლივი ხელშეკრულება და არა ცალ-ცალკე - დამოუკიდებლად არსებული ნასყიდობისა და სესხი-იპოთეკის ხელშეკრულებები.
კასატორი, ასევე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელეები ვალდებულები იყვნენ, თავადაც გადაემოწმებინათ საჯარო რეესტრის ამონაწერში ასახული მონაცემების სისწორე. საკასაციო სასამართლო ვერც აღნიშნულ მოსაზრებას იზიარებს და მის საწინააღმდეგოდ განმარტავს, რომ რეგისტრირებულ მონაცემთა სისწორის მოსარჩელეთა მხრიდან გადამოწმებისაგან დამოუკიდებლად, მარეგისტრირებელ ორგანოს კანონმდებლობით თავადვე აკისრია საჯარო რეესტრში მონაცემთა სრულყოფილი და მართებული ასახვის ვალდებულება. მოსარჩელეების მიერ რეგისტრირებული მონაცემების გადამოწმებას, შესაძლოა, უზრუნველეყო უფლების დარღვევის პრევენცია, თუმცა აღნიშნულის განუხორციელებლობა საჯარო რეესტრის სასიკეთოდ ვერ ცვლის მდგომარეობას და არ ათავისუფლებს მარეგისტრირებელ ორგანოს რეესტრში მონაცემების სრულყოფილი ასახვის ვალდებულების დარღვევით გამოწვეულ ზიანთან მიმართებით პასუხისმგებლობისაგან.
ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულების სრულად საჯარო რეესტრისათვის დაკისრება არღვევს საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობას. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს უკანონო ქმედებით მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით არის განმტკიცებული, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც უტყუარად არის დადგენილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქმედების მართლწინააღმდეგობა და ზიანის მიყენების მიმართ გამოკვეთილია საჯარო რეესტრის ბრალი, საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ თვლის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების სოლიდარულად დაკისრების თაობაზე საკასაციო საჩივარში განვითარებულ მსჯელობას.
კასატორი, ასევე, აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის გადაწყვეტილების აღსრულება ვერ განხორციელდა იმის გამო, რომ მ. გ-იის საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ იყო საჯარო რეესტრში და იგი რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში. სასამართლოს მითითებით, მსესხებლებს მოსარჩელეებისათვის გასესხებული თანხა უკან არ დაუბრუნებიათ. თუმცა, კასატორი მიიჩნევს, რომ უცნობია, უტყუარად რამ დაადასტურა ზემოაღნიშნული გარემოება.
საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის ზემოხსენებულ განმარტებას და მის საწინააღმდეგოდ აღნიშნავს, რომ მსესხებლების მიერ მოსარჩელეებისათვის გასესხებული თანხის უკან დაუბრუნებლობა დადასტურებულია სწორედ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ხოლო გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობა კი - საქმეში წარმოდგენილი კერძო აღმასრულებელ ნ. ე-ის 2019 წლის 8 მაისის #A18150577-016/001 ცნობით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) საკასაციო საჩივარზე 01.11.2022წ. #59427 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 2870.13 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 2009.1 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 01.11.2022წ. #59427 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2870.13 ლარის 70 პროცენტი - 2009.1 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: გ. აბუსერიძე


ბ. სტურუა