Facebook Twitter
№ბს-213(გ-23) 21 მარტი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე - გ. შ-ი
მოპასუხე - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მესამე პირები - ბ. რ-ი, მ. ტ-ი, ნ. ხ-ე

დავის საგანი - სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გ. შ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ.

სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის №149/2018 დადგენილება, რომლითაც დამტკიცდა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ...ის ფაკულტეტის (...ების, ფინანსებისა და საბანკო საქმის, ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის, საერთაშორისო ბიზნესის და მარკეტინგის კათედრები) პროფესორებისა და ...ების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიისა და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობა; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 5 ივლისის №168/2018 დადგენილება, რომლითაც ცვლილება იქნა შეტანილი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის №149/2018 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის შემადგენლობის ,,ა’’ ქვეპუნქტში; გ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის პროფესორებისა და ...ების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2018 წლის 25 ივლისის №2 სხდომის ოქმი გ. შ-ის შეფასების ნაწილში კონკურსანტის შეფასების ფორმის მე-3 და მე-4 კატეგორიაში და კონკურსანტების: ბ. რ-ის, მ. ტ-ის, ნ. ხ-ეის შეფასების ნაწილში; დ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის პროფესორებისა და ...ების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2018 წლის 31 ივლისის №3 სხდომის ოქმი გ. შ-ის, ბ. რ-ის, მ. ტ-ის, ნ. ხ-ეის გასაუბრების ნაწილში; ე) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის პროფესორებისა და ...ების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2018 წლის 31 ივლისის №4 სხდომის ოქმის (შემაჯამებელი) შედეგები ...ის ფაკულტეტის მენეჯმენტის და ადმინისტრირების კათედრაზე ...ის 3 (სამ) ვაკანტურ თანამდებობაზე ბ. რ-ის, მ. ტ-ის, ნ. ხ-ეისა და კონკურსანტ გ. შ-ის შეფასების ნაწილში; ვ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის პროფესორებისა და ...ების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო-სააპელაციო კომისიის 2018 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება (ვირტუალური ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) გ. შ-ის საჩივრის/აპელაციის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ზ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 7 სექტემბრის №193/2018 დადგენილების 1-ლი პუნქტის „ვ.გ“, „ვ.დ“, „ვ.ე“ ქვეპუნქტები, რომლითაც სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ... კათედრაზე ...ის აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულ იქნენ: ბ. რ-ი, მ. ტ-ი, ნ. ხ-ე; თ) დაევალოს მოპასუხეს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ...ის ფაკულტეტზე ...ების აკადემიური თანამდებობების შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების ახალი შემადგენლობის დამტკიცების შესახებ; ი) დაევალოს მოპასუხეს (საკონკურსო კომისიას ახალი შემადგენლობით) ... კათედრაზე ...ის 3 ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი კონკურსანტების საკონკურსო დოკუმენტაციის ხელმეორედ გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

სარჩელის თანახმად, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 10 მაისის №110/01-01 ბრძანებით გამოცხადდა კონკურსი ...ის ფაკულტეტზე ...ების ასარჩევად. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის №149/2018 დადგენილებით დამტკიცდა ...ის ფაკულტეტის (...ების, ფინანსებისა და საბანკო საქმის, ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის, საერთაშორისო ბიზნესის და მარკეტინგის კათედრები) პროფესორებისა და ...ების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია და საკონკურსო-სააპელაციო კომისია. 2018 წლის 22 ივნისს გ. შ-იმა განცხადება წარადგინა ...ის ფაკულტეტზე ...ების კათედრის ...ის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად და წარადგინა საკონკურსო დოკუმენტაცია. საკონკურსო კომისიის 2018 წლის 31 ივლისის №4 შემაჯამებელი ოქმის თანახმად, საკონკურსო კომისიამ ...ების კათედრაზე გამარჯვებულად გამოცხადა: ბ. რ-ი, მ. ტ-ი, ნ. ხ-ე. ამავე ოქმის თანახმად, გ. შ-ითან დაკავშირებით საკონკურსო კომისიის მიერ მიღებული იქნა უარყოფითი გადაწყვეტილება. მოსარჩელემ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა საკონკურსო-სააპელაციო კომისიაში. კომისიამ განიხილა საჩივარი, თუმცა მოსარჩელეს არ გადასცემია სხდომის ოქმი და საჩივრის განხილვის საბოლოო შედეგები შემაჯამებელი დასკვნის სახით. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 7 სექტემბრის №193/2018 დადგენილებით, საკონკურსო კომისიების მიერ წარდგენილი გადაწყვეტილებების საფუძველზე ...ის ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ (...ების კათედრა): ბ. რ-ი, მ. ტ-ი, ნ. ხ-ე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონსაწინააღმდეგოდ ჩატარებული კონკურსის შედეგებით პირდაპირი და უშუალო ზიანი მიადგა მის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ: ბ. რ-ი, მ. ტ-ი და ნ. ხ-ე.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 აპრილის განჩინებით გ. შ-ის სარჩელი განსახილველად განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

სასამართლო აღნიშნა, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კატეგორიის დავად მიჩნევისათვის არსებითი და გადამწყვეტია ისეთი ნორმატიული ელემენტი, როგორიცაა დავის გამომდინარეობა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში დავა გამომდინარეობს კერძო სამართლებრივი ურთიერთობიდან და შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელი განეკუთვნება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით განსაზღვრულ კატეგორიას და განხილული უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კატეგორიის დავად მიჩნევისათვის არსებითი და გადამწყვეტია ისეთი ნორმატიული ელემენტი, როგორიც არის დავის გამომდინარეობა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული. განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას ადმინისტრაციული საქმეების განსჯადობის მთავარ ასპექტს, გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, ასევე წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების საჯარო-სამართლებრივი ხასიათი. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობა ენიჭება სადავო სამართალურთიერთობის ბუნებას და არა მხოლოდ სუბიექტურ შემადგენლობას. დავის საჯარო-სამართლებრივი ხასიათის დასადგენად საკმარისი არ არის ერთ-ერთ მხარედ საჯარო სამართლის სუბიექტის არსებობა, ვინაიდან შესაძლებელია, აღნიშნული სუბიექტი მხარედ გამოვიდეს კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებშიც, ან პირიქით. ამდენად, ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კატეგორიის დავად მიჩნევისა და მისი ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვისათვის განმსაზღვრელია დავის საგანი და ურთიერთობის შინაარსი, რომელიც წარმოშობილია საჯარო, ადმინისტრაცული კანონმდებლობიდან.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, 34-ე მუხლზე, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველ პუნქტზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ ...ების სამსახურში მიღების კონკურსი არ ჩატარებულა ადმინისტრაციული კანონმდებლობის - „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად და ამიტომ სასარჩელო მოთხოვნა არ შეიძლება განხილული იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ამასთან, აკადემიურ პერსონალთან სათანადო შრომითი ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობა შრომის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს. ამდენად, მოცემული დავა სწორედ სამოქალაქო ურთიერთობიდან წარმოშობილი და შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დავაა.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნები განეკუთვნება შრომის კოდექსით გათვალისწინებულ სამართლებრივ დავას და გამომდინარეობს კერძო სამართლებრივი - შრომითი ურთიერთობიდან, რომელსაც არეგულირებს საქართველოს შრომის კოდექსი. შესაბამისად, გ. შ-ის სარჩელი განსჯადობის წესის დაცვით უნდა გადაეცეს განსჯად სასამართლოს – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 თებერვლის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებს შორის განსჯადობის თაობაზე დავის გადასაწყვეტად საქმე გ. შ-ის სარჩელისა გამო მოპასუხე სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 22-ე მუხლზე და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმატიული აქტები სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის მინიჭებული საჯარო მმართველობის განხორციელებისა და საგანმანათლებლო უნივერსიტეტისათვის მინიჭებული ავტონომიურობის ფარგლებში გამოსცა საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსზე, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონსა და სხვა საჯარო-სამართლებრივ ნორმატიულ აქტებზე დაყრდნობით. კომისიის შემადგენლობის განსაზღვრა, კომისის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანა, ასევე კომისიის მუშაობის წესი და გადაწყვეტილებების მიღება ეფუძნება და მიზნად ისახავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საჯარო-სამართლებრივი ფუნქციის განსახორციელებლად შემადგენლობის დაკომპლექტებას და მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, მიუხედავად იმისა, კონკურსში გამარჯვებულ პირებთან შემდგომ ეტაპზე დაიდება ადმინისტრაციული თუ სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება. კომისიის შექმნა, დაკომპლექტება, პრეტენდენტებისაგან დოკუმენტაციის მიღება, გადარჩევა, დახარისხება, კანდიდატებთან გასაუბრება და კომისიის შედეგების შეჯამება წარმოადგენს წინასახელშეკრულებო ურთიერთობების პროცესუალურ მხარეს და არ წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების - დამსაქმებელი მხარისათვის (იგულისხმება უნივერსიტეტის რექტორი) სავალდებულოდ შესასრულებელს, არამედ აქვს სარეკომენდაციო ხასიათი. შესაბამისად, წინასახელშეკრულებო ურთიერთობების ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში განხორციელება ხელისშემშლელი ვერ იქნება მოგვიანებით დასაქმებულთან სამოქალაქო-სამართლებრივი ხასიათის შრომითი ხელშეკრულების დასადებად, ვინაიდან საჯარო სამართლის იურიდიული პირი მოქმედებს რა საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში თავის საქმიანობას ახორცილებს საჯაროდ, თანასწორობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვით. შესაბამისად, საკონკურსო კომისიის შემადგენლობის განსაზღვრის, მასში ცვლილების შეტანის და კომისიის მიერ სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილების მიღებაზე სამოქალაქო-სამართლებრივი კუთხით კონტროლის განხორციელება განსაკუთრებით მიზანშეწონილობის თვალსაზრისით (მაშინ, როდესაც სარჩელით სადავოდ არის გამხდარი კომისიის წევრთა კომპეტენცია) სასამართლომ არამართლზომიერად მიიჩნია. ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმე განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დებულება „იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს - სასამართლო განხილვა მოხდეს განსჯადობის წესების დაცვით... ამ უფლებით სარგებლობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამართალწარმოება განხორციელდეს განსჯადობის წესების დაცვით, საქმის განხილვა და გადაწყვეტა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომელსაც კონსტიტუციისა და კანონის მიხედვით, შესაბამისი უფლებამოსილება, კომპეტენცია გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №1/4/557,571,576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ განსჯადობის საკითხი არ არის დამოკიდებული მხარეთა მოსაზრებებზე. განსჯადობის საკითხს ენიჭება არა დისპოზიციური, არამედ იმპერატიული ხასიათი, განსჯადობა განიხილება საჯარო წესრიგის შემადგენელ ნაწილად. ამასთანავე, სარჩელის წარმოებაში მიღება არ აბრკოლებს შემდგომში, სათანადო საფუძვლების გამოვლენისას, სასამართლოს მიერ ტერიტორიულ ან საგნობრივ განსჯადობაზე მსჯელობის, სარჩელის განსჯადი სასამართლოსათვის გადაგზავნის შესაძლებლობას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება საგნობრივი განსჯადობის საკითხს. საგნობრივი განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობა ენიჭება სადავო აქტების გამოცემის საფუძვლებს, სამართალურთიერთობის სუბიექტის მოქმედების ფორმას.
საკასაციო პალატა მიუთითებს იმ გარემობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში გ. შ-ის სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენს: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის №149/2018 დადგენილება, რომლითაც დამტკიცდა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ...ის ფაკულტეტის (...ების, ფინანსებისა და საბანკო საქმის, ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის, საერთაშორისო ბიზნესის და მარკეტინგის კათედრები) პროფესორებისა და ...ების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიისა და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობა; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 5 ივლისის №168/2018 დადგენილება, რომლითაც ცვლილება იქნა შეტანილი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის №149/2018 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის შემადგენლობის ,,ა’’ ქვეპუნქტში; გ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის პროფესორებისა და ...ების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2018 წლის 25 ივლისის №2 სხდომის ოქმი გ. შ-ის შეფასების ნაწილში კონკურსანტის შეფასების ფორმის მე-3 და მე-4 კატეგორიაში და კონკურსანტების: ბ. რ-ის, მ. ტ-ის, ნ. ხ-ეის შეფასების ნაწილში; დ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის პროფესორებისა და ...ების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2018 წლის 31 ივლისის №3 სხდომის ოქმი გ. შ-ის, ბ. რ-ის, მ. ტ-ის, ნ. ხ-ეის გასაუბრების ნაწილში; ე) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის პროფესორებისა და ...ების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2018 წლის 31 ივლისის №4 სხდომის ოქმის (შემაჯამებელი) შედეგები ...ის ფაკულტეტის მენეჯმენტის და ადმინისტრირების კათედრაზე ...ის 3 (სამ) ვაკანტურ თანამდებობაზე ბ. რ-ის, მ. ტ-ის, ნ. ხ-ეისა და კონკურსანტ გ. შ-ის შეფასების ნაწილში; ვ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის პროფესორებისა და ...ების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო-სააპელაციო კომისიის 2018 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება (ვირტუალური ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) გ. შ-ის საჩივრის/აპელაციის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ზ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 7 სექტემბრის №193/2018 დადგენილების 1-ლი პუნქტის „ვ.გ“, „ვ.დ“, „ვ.ე“ ქვეპუნქტები, რომლითაც სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ... კათედრაზე ...ის აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულ იქნენ: ბ. რ-ი, მ. ტ-ი, ნ. ხ-ე; თ) დაევალოს მოპასუხეს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ...ის ფაკულტეტზე ...ების აკადემიური თანამდებობების შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების ახალი შემადგენლობის დამტკიცების შესახებ; ი) დაევალოს მოპასუხეს (საკონკურსო კომისიას ახალი შემადგენლობით) ... კათედრაზე ...ის 3 ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი კონკურსანტების საკონკურსო დოკუმენტაციის ხელმეორედ გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. დავა ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიიჩნევა არა მხოლოდ იმის გამო, რომ მოსარჩელის მოთხოვნის ადრესატი ადმინისტრაციული ორგანოა, არამედ სადავო სამართალურთიერთობის ბუნების გამო, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამართალურთიერთობის ხასიათს. კანონმდებლობამ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). აღნიშნული დანაწესი არ გამორიცხავს ნორმაში გამონაკლისის სახით მითითებული სფეროების სპეციალურ საჯარო-სამართლებრივ მოწესრიგებას, მათ შორის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდებით“. ხსენებული აქტები ადმინისტრაციული კანონმდებლობის სფეროთია მოცული, მათი რეგულაციის სივრცეში წარმოშობილი სამართალურთიერთობა კი საჯარო-სამართლებრივია.
“უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებობს აკადემიური, სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე თანამდებობები, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა თანამდებობები. ამავე კანონის 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 28-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კონკურსს აცხადებს რექტორი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. კონკურსი ტარდება გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს საკონკურსო კომისია, რომელიც იქმნება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ, რექტორის წარდგინებით. საკონკურსო კომისიის მიერ, შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, კენჭისყრის საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებულები (კონკურსის შედეგები) დასამტკიცებლად წარედგინება აკადემიურ საბჭოს.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, აკადემიურ პერსონალთან შრომითი ხელშეკრულება იდება საქართველოს შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
საკასაციო პალატის მითითებით მიუხედავად იმისა, რომ კონკურსის ჩატარების შედეგად აკადემიურ პერსონალთან იდება შრომითი ხელშეკრულება, აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელი საკონკურსო პროცედურის რეგლამენტაცია, კონკურსის შედეგად აკადემიური პერსონალის შერჩევა და დანიშვნა ხდება არა შრომის კანონმდებლობის, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობით, კერძოდ, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდებით“. ამდენად, მოცემული სადავო სამართალურთიერთობა მოსარჩელესა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივია - სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან. დავის გადაწყვეტა საჭიროებს აქტების ადმინისტრაციულ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, ამდენად, გ. შ-ის სარჩელი განსახილველად განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. შ-ის სარჩელი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე გ. მაკარიძე


მოსამართლეები: ქ. ცინცაძე


თ. ოქროპირიძე