საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1121(გ-22) 21 თებერვალი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განიხილა თელავის რაიონულ სასამართლოსა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს შორის ლ. უ-იის საჩივრის გამო წარმოშობილი დავა განსჯადობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2022 წლის 29 ივნისს ლ. უ-იმა საჩივრით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს მიმართ და მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის 2022 წლის 3 მაისს შედგენილი N... საჯარიმო ქვითრისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს 2022 წლის 30 მაისის № MIA ... დადგენილების (საჩივრის დაუკმაყოფილებლობის შესახებ) გაუქმება.
თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 30 ივნისის დადგენილებით ლ. უ-იის საჩივარი განსჯადობით გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 1151−1163, 118—123-ე და 125-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს, აგრეთვე, სამართალდამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. შესაბამისად, სავარაუდო სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი არის საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, თუმცა საჩივრის ავტორი არის ქალაქ რუსთავის მაცხოვრებელი. ამასთან, იგი ითხოვდა საქმის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლოსათვის გადაცემას. შესაბამისად, სასამართლოს განმარტებით, კონკრეტული საქმის განხილვა განეკუთვნება რუსთავის საქალაქო სასამართლოს კომპეტენციას, ვინაიდან, საჯარიმო ქვითარი შედგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის საფუძველზე. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საქმე კი, მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია განხილულ იქნეს სავარაუდო სამართალდამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 19 სექტემბრის განჩინებით მოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლით რეგლამენტირებულია საერთო განსჯადობის შესახებ წესები, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლი კი, რამდენიმე სასამართლოს განსჯადობის შემთხვევაში არჩევანის უფლებას მოსარჩელეს ანიჭებს, შესაბამისად, თუ სარჩელში დასახელებულია სხვადასხვა სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე მოპასუხე, განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა მოსარჩელის პრეროგატივა და ერთპიროვნული საპროცესო უფლებაა, რასაც იგი განსაზღვრავს სარჩელის წარდგენის დროს, ანუ ირჩევს იმ სასამართლოს, სადაც წარადგენს სარჩელს. ამასთან, მოსარჩელის მიერ არჩეული სასამართლოს შეცვლა სხვა სასამართლოთი დაუშვებელია როგორც მოპასუხის მოთხოვნით, ისე სასამართლოს ინიციატივით.
კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-7 და 71 ნაწილებით. სავარაუდო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილს კი წარმოადგენს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორია. ამასთანავე სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კახეთის მთავარი სამმართველოს შესაბამისი განყოფილების მიერ და ლ. უ-იის ადმინისტრაციული საჩივარი განიხილა კახეთის მთავარმა სამმართველომ. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონმდებლობა 125-ე მუხლთან დაკავშირებით ითვალისწინებს ალტერნატიულ განსჯადობას, კერძოდ, 125-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა შესაძლებელია როგორც სამართალდარღვევის ჩადენის ადგილას, ასევე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ამასთან, რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლებელია გამოიკითხონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს შესაბამისი პირები, რომლებმაც ახსნა-განმარტება უნდა მისცენ სასამართლოს. შესაბამისად, საჩივრის საგარეჯოს მაგისტრატი სასამართლოს მიერ განხილვის შემთხვევაში დაცულ იქნება სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების წარმართვისა და სასამართლოს ეკონომიურობის ძირითადი პრინციპი, რაც უმნიშვნელოვანეს პრინციპს წარმოადგენს მართლმსაჯულების განხორციელებისას. ზემოაღნიშნული სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ლ. უ-იის საჩივრის განსჯად სასამართლოს წარმოადგენს საგარეჯოს მაგისტრატი სასამართლო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, განსჯადობის თაობაზე თელავის რაიონული სასამართლოსა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინებებს და მიაჩნია, რომ საქმე განსჯადობის მიხედვით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
სასკ-ის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასკ-ის 26.3 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივი, არამედ ტერიტორიული განსჯადობის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიული განსჯადობის საკითხს.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, რამდენადაც ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობის, ასევე აქტის გამოცემის თუ ქმედების განხორციელების მოთხოვნით აღძრული სარჩელი ყველა შემთხვევაში მიემართება იმ ადმინისტრაციული ორგანოსადმი, რომლის კომპეტენციაშიც შედის ზემოაღნიშნული სამართალურთიერთობის გადაწყვეტა, სარჩელი, საერთო პრინციპის თანახმად, როგორც წესი, შედის იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო.
ტერიტორიული განსჯადობის პრინციპი მომდინარეობს სსსკ-ის მე-15 მუხლიდან და მდგომარეობს შემდეგში, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით.
ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად, სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს. შესაბამისად, მითითებული მუხლი რამდენიმე სასამართლოს განსჯადობის შემთხვევაში არჩევანის უფლებას მოსარჩელეს ანიჭებს. განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა მოსარჩელის პრეროგატივა და ერთპიროვნული საპროცესო უფლებაა, რასაც იგი განსაზღვრავს სარჩელის წარდგენის დროს, ანუ ირჩევს იმ სასამართლოს, სადაც წარადგენს სარჩელს. ამასთან, მოსარჩელის მიერ არჩეული სასამართლოს შეცვლა სხვა სასამართლოთი დაუშვებელია როგორც მოპასუხის მოთხოვნით, ისე სასამართლოს ინიციატივით. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლი (განსჯადობა მოსარჩელის არჩევით) უზრუნველყოფს მოსარჩელის ინტერესების დაცვას.
წინამდებარე შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის 2022 წლის 3 მაისს შედგენილი N... საჯარიმო ქვითრისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს 2022 წლის 30 მაისის № MIA ... დადგენილების (საჩივრის დაუკმაყოფილებლობის შესახებ) კანონიერების შემოწმება. დადგენილია, რომ ლ. უ-იის მიმართ 2022 წლის 3 მაისის №... ელექტრონული საჯარიმო ქვითარი შედგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125.7.1 და 125.71.0 მუხლების მიხედვით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ხოლო ლ. უ-იის საცხოვრებელი ადგილია ქ. რუსთავი, ...ს ... ჩიხი, კორპ. № ...; ბ. 21.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის კანონიერების საკითხს იხილავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო; ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 116-ე–125-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს, აგრეთვე, დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ამდენად, კანონმდებლობა 125-ე მუხლთან დაკავშირებით ითვალისწინებს ალტერნატიულ განსჯადობას, კერძოდ, 125-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა შესაძლებელია როგორც სამართალდარღვევის ჩადენის ადგილას, ასევე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით საქმის განხილვის შესაძლებლობას, დასახელებული ნორმა, არ ითვალისწინებს. გასაჩივრებულ აქტს საფუძვლად უდევს ასკ-ის 125-ე მუხლი. ლ. უ-იის მიმართ 2022 წლის 3 მაისის №... ელექტრონული საჯარიმო ქვითარი შედგენილია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ხოლო ლ. უ-იის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ქ. რუსთავი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლითაც ყოველი პირი უნდა განსაჯოს იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. სასკ-ის 26-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადმინისტრაციულ სასამართლო წარმოებაში განსჯადობის საკითხს ენიჭება არა დისპოზიციური, არამედ იმპერატიული ხასიათი, განსჯადობა განიხილება საჯარო წესრიგის შემადგენელ ნაწილად, მხარეების შეთანხმება სასამართლო განსჯადობაზე (პროროგაცია) ან რომელიმე სასამართლოს იურისდიქციის გამორიცხვა (დეროგაცია) არ დაიშვება, მსგავსი შეთანხმებები არ ცვლის კანონმდებლობით დადგენილ განსჯადობის იმპერატიულ წესს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ლ. უ-იმა თელავის რაიონულ სასამართლოში წარდგენილი საჩივრით მოითხოვა, საქმის, თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რუსთავის საქალაქო სასამართლოში განსახილველად გადაგზავნა, რითაც გამოხატა ნება განსჯად სასამართლოდ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს განსაზღვრის შესახებ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ. უ-იის საჩივარი, მისი არჩევანის გათვალისწინებით, განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ლ. უ-იის საჩივარი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე