Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-92(კ-21) 7 მარტი, 2023 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ა(ა)იპ მ...ა

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - 1. საქართველოს მთავრობა; 2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მესამე პირი - შპს „...ი“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ა(ა)იპ მ...ამ 2018 წლის 6 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს მთავრობისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 1 მარტის №2-117 ბრძანებისა და საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების (ვირტუალური ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ მ...ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა(ა)იპ მ...ამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით ა(ა)იპ მ...ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა(ა)იპ მ...ამ.

კასატორის განმარტებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული როგორც საქმეში არსებული მტკიცებულებები, ასევე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, რამაც, საბოლოოდ, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია.

კასატორის მითითებით, გარემოსდაცვითი გადაწვეტილება 2018 წლის 1 იანვრამდე არსებული გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემისათვის დადგენილი წესით გაიცემა მხოლოდ 2018 წლის 1 იანვრამდე „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შემთხვევაში, რომელიც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადება/გამოცემისათვის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იყო დაწყებული 2018 წლის 1 იანვრამდე და არა ნებისმიერი პროცედურის დაწყების შემთხვევაში, რომელიც განხორციელდა საქმიანობის განმახორციელებლის ან თუნდაც სამინისტროს მიერ 2018 წლის 1 იანვრამდე და რომელიც უკავშირდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საბოლოო დოკუმენტის სახით ჩამოყალიბებას.



კასატორის განმარტებით, სასამართლომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნორმის დეფინიციის საწინააღმდეგოდ, არასწორად დაასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია შპს „...ის“ 2017 წლის 29 ნოემბრის წერილის საფუძველზე, რომლითაც საქმიანობის განმახორციელებელმა სამინისტროს საჯარო განხილვის პროცედურების დაწყების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და რომელიც არ წარმოადგენს ზემოხსენებული ნორმით განსაზღვრულ განცხადებას - უფლების მოპოვებაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით დაინტერესებული მხარის მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით შეტანილ წერილობით მოთხოვნას. საქმიანობის განმახორციელებლის მიერ შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში მოწყობილი საჯარო განხილვა და მასში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლების მონაწილეობა, ამ საჯარო განხილვის მოწყობის შესახებ ინფორმაციის სამინისტროსთვის განცხადებით შეტყობინება და გზშ-ს ანგარიშის სამუშაო ვერსიის წარდგენა აღნიშნულ საჯარო განხილვას ვერ გადააქცევს ადმინისტრაციულ წარმოებად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა(ა)იპ მ...ას საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ მ...ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 1 მარტის №2-117 ბრძანების კანონიერება მისი გამოცემის სამართლებრივი საფუძვლის უკანონობის მოტივით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსზე“, რომელიც არეგულირებს ისეთ სტრატეგიულ დოკუმენტთან და სახელმწიფო ან კერძო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომელთა განხორციელებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე, ადამიანის სიცოცხლეზე ან/და ჯანმრთელობაზე. ამ კოდექსის რეგულირების სფეროს განეკუთვნება გარემოზე ზემოქმედების შეფასების, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ექსპერტიზის ჩატარების პროცედურები (მუხ. 1). აღსანიშნავია, რომ ხსენებული კოდექსის 50-ე მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად, 2018 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი. თუმცა მიუხედავად აღნიშნული საკანონმდებლო აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებისა, კოდექსის 48-ე მუხლის პირველმა ნაწილმა განსაზღვრა „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების გავრცელება გამონაკლის შემთხვევაში, კერძოდ, მითითებული ნორმის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრამდე „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შემთხვევაში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გაიცემა 2018 წლის 1 იანვრამდე გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემისთვის დადგენილი წესით.

განსახილველ შემთხვევაში, სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - შპს „...ის“ მიერ ...ის საწარმოს (ექსპლუატაციის პირობების ცვლილება) ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 1 მარტის №2-117 ბრძანება, გამოცემულია „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ 48-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე. ხოლო ადმინისტრაციული წარმოება სამინისტროს მიერ ჩატარდა „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის II თავი ითვალისწინებდა ნებართვის გაცემის პროცედურებს. მითითებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ2“ ქვეპუნქტის თანახმად, 10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა, წარმოადგენდა ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობას, ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობებთან დაკავშირებული მშენებლობა ან არსებული საწარმოო ტექნოლოგიის შეცვლა განსხვავებული ტექნოლოგიით, რაც იწვევს ექსპლუატაციის პირობების შეცვლას, ასევე განიხილებოდა, როგორც ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა.

2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედ „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად: 1) საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია გზშ-ის ანგარიშის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოსათვის წარდგენამდე მოაწყოს მისი საჯარო განხილვა (ხოლო ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვა მოაწყოს მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მშენებლობის ნებართვის გაცემის მეორე სტადიის პროცედურის დაწყებამდე); 2) გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის მოწყობის მიზნით საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია გამოაქვეყნოს თავის მიერ დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია. ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს როგორც ცენტრალურ პერიოდულ ბეჭდვით ორგანოში, ისე იმ თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლებში არსებულ პერიოდულ ბეჭდვით ორგანოში (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სადაც დაგეგმილია საქმიანობის განხორციელება; 3) დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია უნდა შეიცავდეს: ა) დაგეგმილი საქმიანობის მიზნებს, დასახელებასა და ადგილმდებარეობას; ბ) მისამართს, სადაც საზოგადოების წარმომადგენლებს შეეძლებათ დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების (მათ შორის, გზშ-ის ანგარიშის, ტექნიკური რეზიუმეს და არატექნიკური რეზიუმეს დოკუმენტური და ელექტრონული ვერსიების) გაცნობა; გ) საზოგადოების წარმომადგენელთა მოსაზრებების წარდგენის ვადას; დ) გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის მოწყობის დროსა და ადგილს; 4) საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია: ა) ბეჭდვით ორგანოში დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – აგრეთვე მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგინოს გზშ-ის ანგარიშის, დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებით მომზადებული ტექნიკური რეზიუმეს და არატექნიკური რეზიუმეს დოკუმენტური და ელექტრონული ვერსიები; ბ) დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში მიიღოს და განიხილოს საზოგადოების წარმომადგენლებისაგან წერილობითი სახით წარმოდგენილი შენიშვნები და მოსაზრებები; გ) დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან არა უადრეს 50 და არა უგვიანეს 60 დღისა მოაწყოს გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვა თავის მიერ დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებით; დ) გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვაზე უზრუნველყოს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სხვა დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენელთა წერილობითი მიწვევა; 5) გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვაზე დასწრების უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს; 6) გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვა ეწყობა იმ თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც დაგეგმილია საქმიანობის განხორციელება.

ამავე კანონის მე-7 მუხლის თანახმად: 1) საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოს გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის შედეგების შესახებ ოქმის გაფორმება, რომელიც დეტალურად უნდა ასახავდეს გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვისას გამოთქმულ შენიშვნებსა და მოსაზრებებს. ოქმს ხელს აწერენ საქმიანობის განმახორციელებელი (ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი) და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები (გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვაზე მათი დასწრების შემთხვევაში); 2) საქმიანობის განმახორციელებელი ეცნობა საზოგადოების წარმომადგენელთა წერილობით შენიშვნებსა და მოსაზრებებს და ითვალისწინებს მათ არგუმენტებს გზშ-ის ანგარიშის საბოლოო სახით ჩამოყალიბების პროცესში; 3) საქმიანობის განმახორციელებლის მიერ საზოგადოების წარმომადგენელთა შენიშვნებისა და მოსაზრებების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია უზრუნველყოს შენიშვნებისა და მოსაზრებების გაუთვალისწინებლობის წერილობითი დასაბუთება და მათი ავტორისთვის (ავტორებისთვის) გაგზავნა. ეს წერილობითი დასაბუთება (შესაბამის წერილობით შენიშვნებთან და მოსაზრებებთან ერთად) საქმიანობის განმახორციელებელმა, გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის შედეგების ამსახველ ოქმთან და გზშ-ის ანგარიშთან ერთად, უნდა წარადგინოს ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში (ხოლო ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოში). ამ პუნქტში აღნიშნული დოკუმენტები გზშ-ის ანგარიშის განუყოფელი ნაწილია; 4) გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის მოწყობის, მისი შედეგების გაფორმებისა და გზშ-ის ანგარიშის საბოლოო სახით ჩამოყალიბების შემდეგ, საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს (ხოლო ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს) ერთი წლის განმავლობაში, ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით წარუდგინოს განცხადება ნებართვის (ან მშენებლობის ნებართვის) მიღებასთან დაკავშირებით.

სასამართლო მიუთითებს 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედ „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საქმიანობის განმახორციელებელი ნებართვის მისაღებად სამინისტროს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ნებართვის მიღების თაობაზე განცხადება წარედგინება, განიხილება და წარმოებაში მიიღება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით, საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ინფორმაციის გარდა, ნებართვის მიღების თაობაზე განცხადებასთან ერთად წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად შედგენილი გზშ-ის ანგარიში (5 ეგზემპლარად და ელექტრონული ვერსიით); ბ) დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილის სიტუაციური გეგმა (მანძილების მითითებით); გ) მოსალოდნელი ემისიების მოცულობა და სახეები (მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის/ჩაშვების ნორმების პროექტი (4 ეგზემპლარად); დ) ტექნიკური რეზიუმე და არატექნიკური რეზიუმე; ე) განცხადება წარდგენილი განცხადების კონფიდენციალური ნაწილის შესახებ. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამინისტრო ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 20 დღის ვადაში; მე-2 პუნქტის თანახმად, სამინისტრო, „ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოფს საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარდგენილ შესაბამის დოკუმენტაციაზე ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებას, რის საფუძველზედაც დგება ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით, ნებართვა გაიცემა მხოლოდ ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნის არსებობის შემთხვევაში.

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად ნებართვის გამცემს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი წესით, გარდა ამ კანონის 262 და 263 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. იგი ასევე უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ ნებართვის რომელი სახის მიღებას მოითხოვს ნებართვის მაძიებელი, და თანდართული საბუთების ნუსხას. ამავე კანონის 26-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ნებართვის გამცემი ვალდებულია ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენიდან 20 დღის ვადაში. თუ აღნიშნულ ვადაში არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის ან ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, ნებართვა გაცემულად ჩაითვლება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი პირდაპირ ავალდებულებდა საქმიანობის განმახორციელებელ პირს, გზშ-ის ანგარიშის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოსათვის წარდგენამდე მოეწყო მისი საჯარო განხილვა, ხოლო მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ადგენდა საქმიანობის განმახორციელებლის უფლებას გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის მოწყობის, მისი შედეგების გაფორმებისა და გზშ-ის ანგარიშის საბოლოო სახით ჩამოყალიბების შემდეგ მიემართა ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოსთვის (ხოლო ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს) ერთი წლის განმავლობაში და ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით წარედგინა განცხადება ნებართვის (ან მშენებლობის ნებართვის) მიღებასთან დაკავშირებით. ამდენად, სამინისტროში ნებართვის მიღების შესახებ განცხადების წარდგენა შეუძლებელი იყო გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის მოწყობის, მისი შედეგების გაფორმებისა და მიღებული შენიშვნების გათვალისწინებით გზშ-ის ანგარიშის საბოლოო სახით ჩამოყალიბების გარეშე. სასამართლო მიუთითებს, რომ საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ კონკრეტული პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის მოწყობა და შესაბამისი პროცედურების განხორციელება ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ დაინტერესებულმა პირმა კანონით დადგენილი ამ პროცედურების განხორციელების შემდგომ, ჩამოაყალიბოს გზშ-ს საბოლოო ანგარიში და წარადგინოს იგი ნებართვის გამცემ ორგანოში, შესაბამისი ნებართვის მიღების მიზნით. ამასთან, ბუნებრივია, რომ 2017 წლის 29 ნოემბრის განცხადებით (სამინისტროში რეგისტრაციის თარიღი: 29.11.2017, №21220), შპს „...ი“ პირდაპირ ვერ მოითხოვდა სამინისტროსგან ნებართვის გაცემას, ვინაიდან „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია 2018 წლის 1 იანვრიდან) მე-8 მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ავალდებულებდა მას ნებართვის მიღების თაობაზე წარდგენილი განცხადებისთვის თან დაერთო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად შედგენილი გზშ-ის ანგარიში, რაც გულისხმობდა სწორედ ამავე კანონის მე-6 მუხლით დადგენილი წესით, საჯარო განხილვის ჩატარების გზით ჩამოყალიბებული გზშ-ს ანგარიშის წარდგენას.

სასამართლო მხარის ყურადღებას მიაქცევს მასზედ, რომ 2017 წლის 29 ნოემბრის განცხადებაში (სამინისტროში რეგისტრაციის თარიღი: 29.11.2017, №21220) საქმიანობის განმახორციელებელი პირდაპირ მიუთითებდა, რომ სამინისტროსთვის მიმართვის საფუძველს წარმოადგენდა სწორედ „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი. ამრიგად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ნათელი იყო, რომ შპს „...ის“ მიზანს სწორედ სამინისტროსგან კონკრეტული ნებართვის მიღება წარმოადგენდა, რისი შესაძლებლობაც მას მხოლოდ კანონით დადგენილი, შესაბამისი პროცედურების განხორციელების შემდგომ მიენიჭებოდა. ასეთი ტიპის განცხადების წარდგენა კი ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების წარდგენის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, მხოლოდ ის გარემოება, რომ 2017 წლის 29 ნოემბრის განცხადებაში სიტყვასიტყვით არ იყო ფორმულირებული მოთხოვნა ნებართვის გაცემის შესახებ, არ ნიშნავს, რომ აღნიშნული განცხადების წარდგენა ასეთი ნებართვის მოპოვების მიზანს არ ემსახურებოდა და არ წარმოადგენდა ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება, ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული წარმოება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაიწყება განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან. ამავე კოდექსის 78-ე მუხლის თანახმად: 1. განცხადება უნდა იყოს წერილობითი ფორმით და შეიცავდეს: ა) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი; ბ) განმცხადებლის ვინაობასა და მისამართს; გ) მოთხოვნას; დ) განცხადების წარდგენის თარიღსა და განმცხადებლის ხელმოწერას; ე) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში; 2. განცხადებას უნდა დაერთოს ყველა ის საბუთი, რომლის წარდგენის ვალდებულებაც განმცხადებელს კანონით ეკისრება; 3. განმცხადებელს უფლება აქვს წარუდგინოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს ყველა სხვა საბუთი, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შპს „...ის“ 2017 წლის 29 ნოემბრის განცხადებით სამინისტროს ეცნობა, რომ ... წლის ... ...ს ... საათზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში, მისამართზე: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. №73 გაიმართებოდა შპს „...ის“ ...ს პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) საჯარო განხილვა. ინფორმაცია საჯარო განხილვის დანიშვნის თაობაზე გამოქვეყნებული იყო გაზეთ „...ის“ ... წლის ... ...ის №... ნომერში. განცხადებით სამინისტროს წარედგინა დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში.

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება განმარტებულია, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობას, რომელსაც იგი ახორციელებს როგორც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, ასევე, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ამდენად, ადმინისტრაციული წარმოების პროცესი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან ერთად, მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს იმ საქმიანობასაც, რომელიც დაკავშირებულია ასეთი აქტის მომზადების მიზანთან.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „...ის“ 2017 წლის 29 ნოემბრის განცხადების საფუძველზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განახორციელა გარკვეული მოქმედებები, კერძოდ, სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტმა წერილებით მიმართა ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურს, სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს და წინასწარი განხილვის მიზნით გადაუგზავნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში შპს „...ის“ მიერ წარდგენილი ...ის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, მისი დამატებით შესწავლისა და მასზე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენის მიზნით.

ასევე დადგენილია, რომ წარმოდგენილ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებით ზემოაღნიშნული დეპარტამენტებისა და სააგენტოების მიერ სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტს გადაეგზავნა შენიშვნები და მოსაზრებები, რომელთა საფუძველზეც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადდა სამინისტროს შენიშვნები და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენამდე გათვალისწინების მიზნით, გადაეგზავნა შპს „...ის“. სამინისტროს წარმომადგენელმა ასევე მონაწილეობა მიიღო გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვაში, რაც დასტურდება საჯარო განხილვის ოქმზე მისი ხელმოწერით. ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ შპს „...ის“ 2017 წლის 29 ნოემბრის განცხადების საფუძველზე, 2017 წლიდან დაიწყო სხვადასხვა სახის სამართლებრივი პროცედურები, რაც სამინისტროს მიერ სწორედ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების) მომზადების მიზნით განხორციელებულ საქმიანობას წარმოადგენს. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების მიზნით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული საქმიანობა კი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების შემადგენელი ნაწილია და მოცემულ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების წარდგენის შემდგომ მიმდინარე წარმოებისგან განყენებულ პროცესად. სასამართლო განმარტავს, რომ „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ საქართველოს კანონმა (მე-6 და მე-8 მუხლები) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად სპეციალური სამართლებრივი რეგულაციები დაადგინა, რაც კონკრეტული სამართალურთიერთობის მოწესრიგების სპეციალურ წესს წარმოადგენს და რომლის თანახმადაც, ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო, დაინტერესებული პირის მიერ ნებართვის გაცემის შესახებ აუცილებელი დოკუმენტაციის, შესაბამისი პროცედურული ნორმების დაცვით მომზადების ეტაპიდანვე იწყებს ადმინისტრაციული წარმოების პროცესს და ახორციელებს კანონით მისთვის დაკისრებულ უფლებებსა და მოვალეობებს, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნებართვის გაცემის ან ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის) მომზადების მიზნით განხორციელებულ საქმიანობას და შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმიანობის განმახორციელებლის მიერ გზშ-ს ანგარიშის წინასწარი განხილვის მიზნით წარდგენილი განცხადებისა და საბოლოო გზშ-ს ანგარიშის წარდგენის შესახებ სამინისტროში განცხადების წარდგენის შემდგომ, ადმინისტრაციულ ორგანოში მიმდინარე წარმოებები, არ წარმოადგენენ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ადმინისტრაციულ წარმოებებს. ისინი ერთიანი, ერთი ადმინისტრაციული წარმოების შემადგენელი ნაწილებია, რომელთა ფარგლებშიც ადმინისტრაციული ორგანო საქმიანობას ახორციელებს, როგორც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, ასევე მისი გამოცემის მიზნით. საბოლოოდ კი, ამ ადმინისტრაციული წარმოების საბოლოო პროდუქტს/ შედეგს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნებართვის გაცემის ან ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 1 მარტის №2-117 ბრძანების გამოცემის მიზნით, სამინისტროს მიერ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო შპს „...ის“ 2017 წლის 29 ნოემბრის (სამინისტროში რეგისტრაციის თარიღი: 29.11.2017, №21220) განცხადების საფუძველზე, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ 48-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ანიჭებდა უფლებამოსილებას 2018 წლის 1 იანვრამდე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება დაესრულებინა „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების საფუძველზე. „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ 48-ე მუხლის პირველი პუნქტის დანაწესის შემოღებით, კანონმდებელმა გარკვეულ სამართლებრივ ჩარჩოში მოაქცია საქმიანობის განხორციელების განაცხადის მქონე იმ პირთა ის ქმედებები, რომელთაც ახალი კანონის ამოქმედებამდე განახორციელეს კანონითა და ნორმატიული აქტით დადგენილი წესით აუცილებელი მოქმედებები (მათ შორის გზშ-ს საჯარო განხილვა ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობით), გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მისაღებად. სხვაგვარად, კანონმდებლობით დადგენილი წესით უკვე მომზადებული დოკუმენტის (გზშ) მფლობელ პირზე (საქმიანობის განმახორციელებელი) ახლადამოქმედებული კანონის გავრცელება, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინების გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე პირის მდგომარეობის გაუარესებას გამოიწვევდა, ვინაიდან „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქმიანობის განმახორციელებლის მიერ გზშ-ს საჯარო განხილვის მოწყობის, საჯარო განხილვის შედეგების გაფორმებისა და მიღებული შენიშვნების გათვალისწინებით გზშ-ის ანგარიშის საბოლოო სახით ჩამოყალიბების მიუხედავად, დაინტერესებული პირი იძულებული გახდებოდა თავიდან დაეწყო გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის პროცედურები, თუმცა ამჯერად „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ დადგენილი წესით. ამდენად, საქმიანობის განმახორციელებლის მიერ „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების პერიოდში კანონის შესაბამისად განხორციელებული მოქმედებები, მათ შორის, კანონით დადგენილი პროცედურების საფუძველზე მომზადებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, რომლის წარდგენაც საბოლოოდ მიზნად ისახავდა საქმიანობის ნებართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას, ახალი კანონის მოქმედების გავრცელებით კარგავდა იმ მნიშვნელობას და იურიდიულ ძალას, რასაც მას ანგარიშის შედგენის პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა ანიჭებდა. სწორედ ამგვარ გარემოებათა თავიდან ასაცილებლად, კანონმდებელმა გარდამავალი დებულებით სამართლებრივ ჩარჩოში მოაქცია ადმინისტრაციული წარმოების ყველა ის ეტაპი, რაც დაინტერესებული პირის მიერ საქმიანობისათვის ნებართვის (გადაწყვეტილების) მისაღებად საჭირო პროცედურების სახით განხორციელდა და „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ 48-ე მუხლის 1-ლი პუნქტით დაადგინა, რომ 2018 წლის 1 იანვრამდე „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ კანონის შესაბამისად დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შემთხვევაში, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა მოხდებოდა 2018 წლის 1 იანვრამდე გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემისთვის დადგენილი წესით.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 1 მარტის №2-117 ბრძანების გაუქმების მოთხოვნით, ა(ა)იპ „მ...ამ“ 2018 წლის 18 აპრილს, ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს მთავრობას. მხარეთა შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ საქართველოს მთავრობას ა(ა)იპ მ...ას მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე, კანონით დადგენილ ვადაში, წერილობითი ფორმით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოუცია. ამდენად, ზემოხსენებული ნორმატიული შინაარსის გათვალისწინებით, ითვლება, რომ საქართველოს მთავრობამ უარი განაცხადა ა(ა)იპ მ...ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს, ვინაიდან არ არსებობს გასაჩივრებული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 1 მარტის №2-117 ბრძანების ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები, აღნიშნული ბრძანების ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრების შედეგად, საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული ვირტუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნაც უსაფუძვლოა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სადავო აქტი სრულად შეესაბამება საკითხის მომწესრიგებელ კანონმდებლობას და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ა(ა)იპ მ...ას საკასაციო საჩივარზე 08.02.2021წ. №65 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ა(ა)იპ მ...ას (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ა(ა)იპ მ...ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ოქტომბრის განჩინება.
3. ა(ა)იპ მ...ას (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 08.02.2021წ. №65 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


მოსამართლეები: ბ. სტურუა



მ. ვაჩაძე



გ. აბუსერიძე