Facebook Twitter
საქმე №ბს-1158(კ-22) 16 მარტი 2023 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2018 წლის 17 დეკემბერს ლ. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 13 ნოემბრის №577 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისათვის საქმის ხელახლა განხილვისა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში.
მოსარჩელის მითითებით, სადავო ბრძანებით დაკმაყოფილდა ადმინისტრაციული საჩივარი და ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 20 ივნისის №002200 დადგენილება, რომლითაც მოსარჩელე დაჯარიმებული იყო 10000 ლარით და დავალებული ჰქონდა ქ. თბილისში, ...ი №5/ა-ში (ს/კ ...) მდებარე მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ აშენებული კაპიტალური ავტოფარეხის დემონტაჟი. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მართალია მერიამ ბათილად სცნო მითითებული დადგენილება, მაგრამ ზედამხედველობის სამსახურს დაავალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის შემდგომ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რასაც არ ეთანხმება მოსარჩელე და მიუთითებს, რომ სადავოდ ქცეული ავტოფარეხი აშენებულია 1970-71 წლებში ზ. მ-ის აწ. გარდაცვლილი სიმამრის - ა. პ-ის მიერ, ხოლო სადავო ავტოფარეხს აშენებიდან დღემდე სახეცვლილება არ განუცდია. მოსარჩელის მითითებით, შენობის სიძველე მეტყველებს მის ხანდაზმულობაზე და შესაბამისად, დამრღვევ სუბიექტზეც, რომელიც უკვე გარდაცვლილია. მოსარჩელე ასევე აღნიშნავს, რომ მითითებული სამართალდარღვევა გამოვლენილია ჯერ კიდევ 2010 წელს, რა დროსაც არც დემონტაჟის და არც ჯარიმის შესახებ დადგენილება არ გამოცემულა. ამასთან, მოსარჩელის მითითებით, გასაჩივრებულ აქტში არასწორად არის აღწერილი სადავო ავტოფარეხის ადგილმდებარეობა, ადმინისტრაციული ორგანო 9/1 შენობას აღიქვამს ერთ ნაგებობად, რომელიც ორი დამოუკიდებელი ავტოფარეხისგან შედგენა.
მოსარჩელე დამატებით აღნიშნავს, რომ დავა ორ კორპუსს შორის მიმდინარეობს საერთო სარგებლობის ეზოს საკითხთან მიმართებით, რის გათვალისწინებითაც მოსარჩელე ვერ ახერხებს სადავოდ ქცეული ფართის საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, რის გამოც ვერც ლეგალიზაციის მოთხოვნით მიმართავს არქირეტქურის სამსახურს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა გ. პ-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ივლისის განჩინებით ლ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სადავო აქტი გამოიცა ლ. მ-ის წარმომადგენელის ნ. მ-ის 2017 წლის 14 აგვისტოს და 18 სექტემბერს და გ. პ-ას წარმომადგენლის ჯ. შ-ას 2017 წლის 9 აგვისტოს წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების საფუძველზე, რომლებითაც მოთხოვნილი იყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების ფარგლებში მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 ივნისის №002200 და 2017 წლის 20 ივნისის №001974 დადგენილებების ბათილად ცნობა. მითითებული დადგენილებებით ლ. მ-ე და გ. პ-ა მიჩნეულ იქნენ სამართალდამრღვევად სამშენებლო სამუშაოების უნებართვოდ წარმოებისთვის, დაევალათ უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი და დაეკისრათ საჯარიმო სანქცია. ამრიგად, წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების საფუძველზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა შეეფასებინა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების მიმდინარეობის, ასევე გ. პ-ასა და ლ. მ-ის სამართალდამრღვევებად მიჩნევის კანონიერება.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სწორედ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების საფუძველზე და შესაბამისად, საკითხის სრულყოფილად შესწავლის შემდგომ, 2018 წლის 13 ნოემბერს, ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოსცა №577 ბრძანება, რომლითაც ლ. მ-ის წარმომადგენლის ნ. მ-ისა და გ. პ-ას წარმომადგენლის ჯ. შ-ას ადმინისტრაციული საჩივრები დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 ივნისის №002200 და №001974 დადგენილებები და დასახელებულ სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის შემდგომ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ განმარტა, რომ უნებართვო სამშენებლო სამუშაოების წარმოებისთვის პასუხისხმგებლობა ეკისრება სამუშაოების მწარმოებელ პირს, ხოლო თუ ის დაუდგენელია - უძრავი ნივთის მესაკუთრეს. განსახილველ შემთხვევაში კი, სადავო ბრძანების თანახმად, არ არსებობდა მტკიცებულება, რომ სამუშაოები სწორედ ლ. მ-ემ აწარმოა, ხოლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს - იგი არ წარმოადგენდა. გარდა ამისა მიეთითა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.tas.ge) განთავსებული ინტერაქტიული რუკისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე (საკადასტრო გეგმა), რომელთა შესაბამისად, ქალაქ თბილისში, ...ის №5ა-ში მდებარე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ ავტოფარეხებს მიენიჭათ ნუმერაცია №6/1, №7/1, №8/1 და №9/1, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოებისას არ დადგენილა აღნიშნული ავტოფარეხებიდან ზუსტად რომელი შენობა-ნაგებობის უნებართვოდ მშენებლობას ედავებოდა სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ლ. მ-ესა და გ. პ-ას; ასევე მიეთითა, რომ საქმის მასალებში არსებული სამართალდარღვევის ამსახველი ფოტოსურათების მიხედვით, სადავო ობიექტებს გააჩნიათ როგორც ინდივიდუალური შესასვლელები, ასევე, საზიარო კედელი. ამგვარად, სამართალდარღვევის ობიექტებად მითითებული კაპიტალური ავტოფარეხები წარმოადგენენ ერთიან კონსტრუქციასა და ერთმანეთისგან განუყოფელ უძრავ ნივთებს, რის გამოც უნებართვო შენობა-ნაგებობის არსებობის პირობებში მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის უნდა გამოცემულიყო სათანადო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ზედამხედველობის სამსახურმა კი ისე დაიწყო სამართალდარღვევის საქმის წარმოება ერთმანეთისგან დამოუკიდებელი უნებართვო ობიექტების კანონიერ ჭრილში მოქცევის მიზნით, რომ არ გამოიკვლია და არ დაადგინა, ქალაქ თბილისში, ...ის №5ა-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ავტოფარეხები წარმოადგენდა თუ არა ერთიან ობიექტს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-9 მუხლზე მითითებით აღინიშნა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევაზე საქმისწარმოება სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს უნდა განეხორციელებინა და სამართალდარღვევის შემადგენლობა შეედარებინა დადგენილების გამოცემის დროისთვის მოქმედი კანონმდებლობისთვის, მოცემულ შემთხვევაში, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსისთვის. რაც შეეხება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოებს, ნებართვის გაცემის პროცედურასა და ამ პროცესში მოპოვებული დოკუმენტაციის სისწორეს, იგი უნდა შეფასებულიყო ქმედების განხორციელების დროს მოქმედი კანონმდებლობით. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან უტყუარი მტკიცებულებით ვერ დადგინდა კაპიტალური ავტოფარეხების საჩივრის ავტორების მიერ მითითებულ დროს განთავსების ფაქტი, აღნიშნული სამშენებლო სამუშაოს კანონიერების შეფასება სამართალდარღვევის გამოვლენის დროს მოქმედი კანონმდებლობით განხორციელდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრძანების სადავო პუნქტით, ზედამხედველობის სამსახურისთვის ახალი აქტის გამოცემის დავალება გამოწვეული იქნა სწორედ იმ გარემოებით, რომ, ერთი მხრივ, არასწორად მოხდა სამართალდამრღვევი სუბიექტის განსაზღვრა, მეორე მხრივ, ვინაიდან სახეზე იყო უნებართვო მშენებლობა, უფლებამოსილ ორგანოს უნდა მოეხდინა აღნიშნულზე სათანადო რეაგირება, რაც გულისხმობდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილ გამოკვლევას და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ ახალი აქტის გამოცემის აუცილებლობას.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ თუკი მშენებლობა საჭიროებს ნებართვას/დადასტურებას, შესაბამისი წესების დაუცველობა წარმოადგენს სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველსა და პასუხისმგებელი პირისათვის სათანადო სანქციის შეფარდების წინაპირობას. ამდენად, სათანადო ადმინისტრაციულმა ორგანომ, პირველ ყოვლისა, უნდა განსაზღვროს, თუ რა სახის სამშენებლო სამუშაო არის ნაწარმოები, საჭიროებდა თუ არა იგი ნებართვას/დადასტურებას და რამდენად არის ასეთი ნებართვა შესაბამისი წესით მოპოვებული. ამასთან, სამშენებლო სამართალდარღვევის გამოვლენა და სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე რეაგირების განხორციელება, სადავო პერიოდში მოქმედი ნორმატიული მოწესრიგების გათვალისწინებით, ეკისრებოდა სწორედ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს.
ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სამშენებლო სამართალდარღვევის გამოვლენა და მასზე რეაგირება უნდა მოხდეს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონით დადგენილი წესის დაცვითა და კანონმდებლობით განსაზღვრული ვადებისა და პროცედურების გათვალისწინებით. კონკრეტულ შემთხვევაში კი, სამართალდარღვევის საქმეზე რეაგირების მიზნით, რადგან დადგენილი იქნა უნებართვო სამშენებლო სამუშაოს წარმოება, ხოლო არ იქნა გამოკვლეული საქმიასათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, ასევე სამართალდამრღვევი პირი გამოვლინდა არასწორად, რაც ლ. მ-ის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი გახდა, სწორედ ადმინისტრაციული ორგანოსთვის დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, განისაზღვრა გასაჩივრებული აქტის სადავო პუნქტით ახალი წარმოების ჩატარების საჭიროება. ამასთან, ახალი ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა, სადავო ბრძანებით, ემსახურება საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლა-შეფასებას, სამშენებლო სამართალდარღვევის რეალურად მწარმოებელი პირის გამოვლენას, ხოლო ასეთის დაუდგენლობისას - სანქციის მესაკუთრისთვის დაკისრებას, სადაც ასევე შეფასების საგანი გახდება მის მიერ გაცხადებული ხანდაზმულობის საკითხიც. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტის გასაჩივრებული პუნქტი (მე-3 პუნქტი) მიღებული იყო კანონმდებლობის მოთხოვნათა განუხრელი დაცვით.
აქვე, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბრძანების სადავო პუნქტი უარყოფით გავლენას ვერ მოახდენდა მოსარჩელის კანონიერ ინტერესსა და უფლებებზე, ვინაიდან ის დღის წესრიგში არ აყენებდა მის სამართალდამრღვევად მიჩნევის საკითხს. მეტიც, გასაჩივრებული ბრძანების ანალიზი ცხადყოფდა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ეჭვქვეშ დააყენა ლ. მ-ის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი. შესაბამისად, ბრძანების სადავოდ გამხადრი პუნქტი ემსახურებოდა მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოსთვის მასზე კანონით დაკისრებული ფუნქციების ეფექტურად შესრულებას და კანონმდებლობის სამართლიან აღსრულებას. ამდენად, პალატის შეფასებით, არ არსებობდა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებული ნაწილის ბათილად ცნობის საფუძველი, რამეთუ იგი გამოცემული იყო კანონმდებლობის შესაბამისად, ის არ ხელყოფდა აპელანტის კანონიერ უფლებებს და მიზნად ისახავდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად განხორციელების უზრუნველყოფას. შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლო იყო, რის გამოც მართებულად ეთქვა უარი ლ. მ-ეს მის დაკმაყოფილებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, ორივე ინსტანციის სასამართლომ გამოიყენეს კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორი შეფასებები მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი ზოგადი ნორმები, ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. კასატორის მითითებით, აღნიშნული კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, „ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არა უგვიანეს ორი თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო როცა სამართალდარღვევა დენადია - არა უგვიანეს ორი თვისა მისი გამოვლენის დღიდან.“ კასატორის მითითებით, სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლენილია ჯერ კიდევ 2010 წელს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ თავის დროზე შემოწმების აქტი არ შედგა, რაც აღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოს დაუდევრობითაა გამოწვეული. ადმინისტრაციული ინსპექციის წარმომადგენლები გამოცხადებულები იყვნენ ადგილზე, მათ ან ვერ აღმოაჩინეს სამართალდარღვევის ფაქტი, ან არ ჩათვალეს ნაწარმოები მშენებლობა უკანონოდ, შესაბამისად, არ განახორციელეს არანაირი ზემოქმედება. სასამართლოს არასწორად აქვს განმარტებული ზემოაღნიშნული კოდექსის ზოგადი დებულებანი, რომ შემოწმების აქტის შედგენის დღიდან აითვლება ხანდაზმულობის ვადები, რასაც კასატორი არ ეთანხმება. კასატორის მითითებით, კანონში ვადის ათვლის დასაწყისი უკავშირდება სამართალდარღვევის გამოვლენის დღეს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი დგინდება, რომ მერიის შესაბამისი სამსახურებისთვის აღნიშნული ფაქტი ჯერ კიდევ 2010 წელს იყო ცნობილი, სადავოდ ქცეული შენობა აშენებულია - 1970-71 წლებში. ამდენად, დასტურდება, რომ 2010 წელს ადგილზე გამოცხადებულმა მერიის თანამშრომლებმა ნაგებობა არ ჩათვალეს უკანონოდ, ხოლო იგივე შენობა 2018 წელს ახლიდან ვერ აშენდებოდა.
კასატორი არ იზიარებს სასამართლოს მსჯელობას სამართალდარღვევის სუბიექტის დადგენის ნაწილშიც და მიუთითებს, რომ მშენებლობა ნაწარმოებია ლ. მ-ის ბაბუის, ა. პ-ის მიერ ჯერ კიდევ 1970-71 წლებში. იმ შემთხვევაში თუ მერიამ ვერ დაადგინა, ვერ იპოვა მშენებლობის სუბიექტი, ადმინისტრაციული ორგანო სადავოდ ქცეული ნაგებობის დემონტაჟს დაავალებს მესაკუთრეს ან მოსარგებლეს, თუ მესაკუთრე არ ვლინდება, მაშინ მოსარგებლეს. სადავო შემთხვევაში ლ. მ-ის სარგებლობასა და მფლობელობაში არსებული შენობა-ნაგებობა მოქცეულია მოწინააღმდეგე კორპუსის წითელ ხაზებში, არასწორად შედგენილი ნახაზის საფუძველზე. შესაბამისად, მუნიციპალური ინსპექცია დემონტაჟს დაავალდებულებს აღნიშნული კორპუსის მაცხოვრებლებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 13 ნოემბრის №577 ბრძანების მე-3 პუნქტის კანონიერების შეფასება, რომლითაც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სადავო ბრძანება მიღებულია ლ. მ-ის წარმომადგენელისა და გ. პ-ას წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივრების საფუძველზე, რომლებითაც მოთხოვნილი იყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების ფარგლებში მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 ივნისის №002200 და 2017 წლის 20 ივნისის №001974 დადგენილებების ბათილად ცნობა. მითითებული დადგენილებებით ლ. მ-ე და გ. პ-ა მიჩნეულ იქნენ სამართალდამრღვევად სამშენებლო სამუშაოების უნებართვოდ წარმოებისთვის, დაევალათ უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი და დაეკისრათ საჯარიმო სანქცია. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 13 ნოემბრის №577 ბრძანებით კი ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 20 ივნისის №002200 და №001974 დადგენილებები და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის შემდგომ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მშენებლობის განხორციელებამდე პირმა კანონით დადგენილი წესით უნდა მოიპოვოს უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა, რაც განსახორციელებელი სამუშაოების მიხედვით, შეიძლება გამოიხატოს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განზრახული სამშენებლო სამუშაოების დადასტურების მიღებაში ან მშენებლობის ნებართვის მოპოვებაში. თავისმხრივ, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა განსაზღვროს თუ რა სახის სამშენებლო სამუშაოებია ნაწარმოები, საჭიროებდა თუ არა იგი ნებართვას/დადასტურებას და რამდენად არის ასეთი ნებართვა შესაბამისი წესით მოპოვებული. თუკი მშენებლობა მოთხოვნილ პირობებს არ აკმაყოფილებს, მაშინ უფლებამოსილი ორგანოს მიერ სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენა წარმოშობს სამართალდარღვევაზე პასუხისმგებელი პირის გამოვლენისა და სანქციის დაკისრების მოვალეობას.
მოცემული დავის ფარგლებში მოსარჩელე სადავოდ ხდის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 13 ნოემბრის №577 ბრძანებას იმ ნაწილში, რომლითაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, სწორედ ადმინისტრაციული ორგანოსთვის დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, მართებულად განისაზღვრა გასაჩივრებული აქტის სადავო პუნქტით ახალი წარმოების ჩატარების საჭიროება. ახალი ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სადავო ბრძანებით, ემსახურება საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლა-შეფასებას, რის გამოც სადავო ბრძანების გასაჩივრებული პუნქტი (მე-3 პუნქტი) მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გარემოებები, რომელსაც კასატორი წარმოდგენილ სარჩელსა და საკასაციო საჩივარს აფუძნებს, ასევე წარმოადგენდა მის მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველს, რომლის გათვალისწინებითაც ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ლ. მ-ის საკასაციო საჩივარზე ა. მ-ს 23.12.2022წ. საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ლ. მ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.



ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და




დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ივლისის განჩინება;
3. ლ. მ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ა. მ-ის მიერ 23.12.2022წ. საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: გ. აბუსერიძე


ბ. სტურუა