Facebook Twitter
საქმე №ბს-171(კ-23) 11 მაისი, 2023 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 4 დეკემბერს ნ. ს-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, დაიბადა ... წლის ...ს ქ. ზუგდიდში, სადაც სრულწლოვანებამდე ცხოვრობდა მშობლებთან ერთად. 1985 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ სასწავლებლად გაემგზავრა რუსეთში. გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელე არ აპირებდა რუსეთში დარჩენას და იქ მუდმივად ცხოვრებას, გადაწყვიტა, შეეწყვიტა სწავლა და საცხოვრებლად გადავიდა ქ. სოხუმში. მოსარჩელის განმარტებით, 1987 წელს სოხუმში საცხოვრებლად გადავიდა ძმასთან ზ. ს-ასთან. 1989 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ...ში. 1992 წელს დაიწყო აფხაზეთის ომი. სექტემბრის ბოლოსთვის ომი უკვე პიკს აღწევდა, იქ ცხოვრება გახდა გაუსაძლისი. მოსარჩელე მუდმივად სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, საფრთხე ექმნებოდა მის სიცოცხლეს. მოსარჩელემ ვერ გაუძლო ასეთ პირობებში ცხოვრებას, იძულებული გახდა, დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. მოსარჩელემ 1992 წლის სექტემბერში დატოვა აფხაზეთი. 1993 წლის ივლისში სოფელი ...ც დაეცა. აღნიშნულის შემდგომ მოსარჩელეს აღარ მიეცა სახლში დაბრუნების შესაძლებლობა. ნ. ს-ას განმარტებით, ზუგდიდში მისი მშობლების სახლში ცხოვრობდნენ მისი დედმამიშვილები, დაოჯახებული ძმები და და - ჯ. ს-ა ორი მცირეწლოვან შვილთან ერთად. მშობლების სახლში მოსარჩელეს არ ჰქონდა საკუთარი ოთახი. მოსარჩელე 1993 წლიდან, როგორც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი, სხვა დევნილებთან ერთად გადავიდა თბილისში, მისამართზე: ვაკე, ...ის ქ.№....
მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 31 ოქტომბრის N04-1647/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხის დავალება ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის კერძოდ, ნ. ს-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 20 თებერვლის სასამართლო ხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა მოპასუხე და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მიუთითა მოპასუხედ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 თებერვლის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე N3/9233-19 (მოსარჩელე - ნ. ს-ა, მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2019 წლის 31 ოქტომბრის №04-1647/ო ბრძანება მოსარჩელე ნ. ს-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელე ნ. ს-ასთვის იძულებით გაადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ნოემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები, დასკვნები საქმის ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითა მათზე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლზე, რომელიც ადგენს დევნილის ცნებას. ამავე ნორმის პირველი ნაწილით, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების
მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში მას დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის წესი-ს“ (დანართი №1) 1.1. მუხლის თანახმად, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენისა და დევნილთა რეგისტრაციის წესი (შემდგომში - წესი) გამომდინარეობს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონიდან და განსაზღვრავს დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, ასევე დევნილთა რეგისტრაციის პროცედურებს. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ წესის მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს და ტერმინთა შემოკლებებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სააგენტო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო; ბ) დევნილის სტატუსის მაძიებელი პირი/განმცხადებელი – დაინტერესებული პირი, რომელიც მიმართავს სააგენტოს ან მის ტერიტორიულ სამმართველოს დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით; გ) დევნილი – პირი, რომელსაც „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონიის მე-6 მუხლის საფუძველზე ამ წესის შესაბამისად მიენიჭება იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსი; ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დევნილის სტატუსი ენიჭება პირს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრული პირობების არსებობისას.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები - პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და საცხოვრებელი ადგილის დადგენის წესის დამტკიცების თაობაზე" ,,წესის“ 2.3. მუხლზე, რომლის სადავო პერიოდში (12.09.2022 წლამდე) მოქმედი რედაქციის თანახმად, უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებასა და საცხოვრებელი ადგილის დადგენას ახორციელებს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატში (შემდგომში – მინისტრის აპარატი) შექმნილი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები – პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისია“. მითითებული ნორმის მოქმედი (ამოქმედდა 12.09.2022 წელს) რედაქციის მიხედვით, უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებასა და საცხოვრებელი ადგილის დადგენას ახორციელებს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატში (შემდგომში – მინისტრის აპარატი) შექმნილი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისია.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის 4.,,გ“ და 6.1. მუხლების იმპერატიული დანაწესის მიხედვით, დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილს წარმოადგენს დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დასტურებულად მიიჩნია, რომ 1) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 08.08.2020 წლის №61-01 დასკვნის/ცნობის თანახმად - ,,პიროვნების ს-ა ნ. ი.-ს ასული, დაბადებული: ... წელს, მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მიჩნეულია სოხუმის რაიონი, სოფ. ..., ცხოვრების წლები: 1987 წლიდან - 1992 წლის სექტემბრამდე“. ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობის 08.08.2019 წ. №0000558 ცნობის თანახმად, ,,ნ. ს-ა ი.-ს ასული, პ/ნ: ..., არის იძულებით გადაადგილებული პირი აფხაზეთიდან, სოხუმის რ-ნი, სოფ. ...“. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელე ნ. ს-ას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი 1987 წლიდან - 1992 წლის სექტემბრამდე არის რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული ტერიტორია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია - ,,სოხუმი, სოფელი ....
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ დავა არსებითად სწორად გადაწყვიტა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააგენტოს მხრიდან მოსარჩელისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე ადმისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ არ დასტურდებოდა კონკრეტულ მისამართზე მოსარჩელის ცხოვრების ფაქტი. კასატორი არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას მასზედ, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. კასატორი აცხადებს, რომ საქმეში დაცული გასაუბრების ოქმებით დგინდება, რომ მოსარჩელე მუდმივად არ ცხოვრობდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ის იძულებული არ გამხდარა საომარი მდგომარეობის გამო დაეტოვებინა აღნიშნული მისამართი.
კასატორი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საფუძვლიანად გამოიკვლია მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებები. გასაუბრების ოქმებით დგინდება, რომ ნ. ს-ა მუდმივად ცხოვრობდა ზუგდიდში, სასწავლებლად წავიდა სოხუმში, პერიოდულად ბრუნდებოდა ზუგდიდში. მოსარჩელეს და მის ოჯახს სოხუმში არ ჰქონდა უძრავი ქონება. კასატორი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე (№ბს-1227-1213 (კ-11), 01.02.2012), რომლის თანახმადაც იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სტატუსის მთხოვნელი პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს. ხოლო მუდმივი საცხოვრებელი ადგილია არის პირის ძირითადი, უმთავრესი ადგილსამყოფელი. პირის მუდმივი საცხოვრებელის არსიდან გამომდინარეობს, რომ პირი არა დროებით, არამედ მუდმივად იქ უნდა იმყოფებოდეს. მუდმივი საცხოვრებლის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე არ იკვეთება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოსარჩელის მუდმივად ცხოვრების ფაქტი. ოკუპირებულ ტერიტორიასთან მოსარჩელე თავისი ყოფა-ცხოვრებით არსებითად არ იყო დაკავშირებული. მოსარჩელე ვერ დასტურებს სოხუმში მუდმივად ცხოვრების ფაქტს, რაც აუცილებელი წინაპირობაა დევნილის სტატუსის მისაღებად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 31 ოქტომბრის №04-1647/ო ბრძანების კანონიერება და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება ნ. ს-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად დევნილის სტატუსის მაძიებელი არის პირი, რომელმაც დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში მას დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ნ. ს-ამ 2019 წლის 20 აგვისტოს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში მოსარჩელეს ჩაუტარდა გასაუბრება და მის მიერ შეივსო შესაბამისი კითხვარი, რომლის თანახმად, ირკვევა, რომ მოსარჩელე დაიბადა ... წლის ...ს ქ. ზუგდიდში, სკოლაში სწავლობდა ქ. ზუგდიდში 1975-1985 წლებში. ნ. ს-ა არის საქართველოს მოქალაქე. უნივერსიტეტში სწავლობდა ქ. ...ში 1985-1987 წლებში, 1989 წელს გადავიდა ქ. ...ში მდებარე უნივერსიტეტის ...ში, რომელიც დაასრულა 1996წ. 1992-1997 წწ-ში ცხოვრობდა სასტუმრო "ქ...ში". 1997 წლიდან დღემდე ცხოვრობს ქირით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2019 წლის 20 აგვისტოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსმა მოხსენებითი ბარათით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორს და წარუდგინა ამავე დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნა მოსარჩელე ნ. ს-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობის თაობაზე, რაც დაეფუძნა იმ გარემოებას, რომ ქ. ზუგდიდში მცხოვრები მოქალაქეების გამოკითხვის ოქმებით ნ. ს-ასთან მიმართებით არ დასტურდებოდა „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი გათვალისწინებული გარემოება. მითითებული დასკვნის საფუძველზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ 2019 წლის 31 ოქტომბრის ბრძანებით მოსარჩელე ნ. ს-ას უარი უთხრა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე.
"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები - პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და საცხოვრებელი ადგილის დადგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის მთავრობის 2011 წლის 24 ოქტომბრის №11 დადგენილების 2.3. მუხლის სადავო პერიოდში (12.09.2022 წლამდე) მოქმედი რედაქციის თანახმად, უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებასა და საცხოვრებელი ადგილის დადგენას ახორციელებს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატში (შემდგომში – მინისტრის აპარატი) შექმნილი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები – პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისია“.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტანტანციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. 102.3 მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ საქმის მასალებით დადასტურებულია და სადავოდ არაა გამხდარი, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 08.08.2020 წლის №61-01 დასკვნის/ცნობის თანახმად -,,პიროვნების ს-ა ნ. ი.-ს ასული, დაბადებული: ... წელს, მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მიჩნეულია სოხუმის რაიონი, სოფ. ..., ცხოვრების წლები: 1987 წლიდან - 1992 წლის სექტემბრამდე“. ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობის 08.08.2019 წ. №0000558 ცნობის თანახმად, ,,ნ. ს-ა ი.-ს ასული, პ/ნ:..., არის იძულებით გადაადგილებული პირი აფხაზეთიდან, სოხუმის რ-ნი, სოფ. ...“.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ამდენად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა გულისხმობს არა კონკრეტულ ადგილზე პირის რეგისტრაციის ფაქტის შესწავლას, არამედ პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული, ფაქტობრივი ცხოვრების მისამართის დადგენას, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი, რაც შეიძლება დასტურდებოდეს, მაგალითად, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს („მუდმივი საცხოვრებელი ადგილის“ დეფინიციასთან დაკავშირებით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 9 ივნისის განჩინება საქმეზე №ბს-1896-1849(კ-10)). კანონი მუდმივი ცხოვრების ფაქტს პირის კონკრეტულ მისამართზე რეგისტრაციასთან არ აიგივებს. კონსტიტუციის 14.1 მუხლის თანახმად, ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევისა და საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლება. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ქონა არ გამორიცხავს პირის კონსტიტუციით გარანტირებულ მიმოსვლის და გადაადგილების თავისუფლებას. პირს გააჩნია უფლება თავისუფლად გაადგილდეს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთი ნაწილდება მხარეთა შორის. ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მტკიცების ტვირთი მოიცავს აგრეთვე ფაქტების მტკიცების ტვირთსაც. თითოეულმა მხარემ უნდა მიუთითოს თავის სასარგებლოდ მოქმედ გარემოებებზე და თუ იგი სადავო გახდება, უნდა დაამტკიცოს ამ გარემოების არსებობა.
საკსაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო გადაწყვეტილება დაეფუძნა ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების მიერ 23.09.2019წ. შედგენილ გამოკითხვის ოქმებს. ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ 23.09.2019წ. შედგენილი გამოკითხვის ოქმის თანახმად, მოქალაქე ნ. თ-ამ განმარტა, რომ ნ. ს-ას იცნობს პირადად, მოსარჩელე სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა ...ის უნივერსიტეტში, ზუგდიდში დადიოდა ზაფხულობით. მოქალაქე ნ. თ-ას განმარტებით, არ ახსოვს თუ რომელ წლებში ცხოვრობდა ნ. ს-ა ზუგდიდში, თუმცა უთითებს, რომ ნ. ს-ა ქ. სოხუმიდან წამოვიდა სხვა დევნილებთან ერთად 1993 წელს. ასევე მოქალაქე ლ. კ-ას ჩვენებით, ნ. ს-ა მისი მეზობელია, არ ახსოვს ნ. ს-ას ზუგდიდში ცხოვრების პერიოდი, თუმცა განმარტავს, რომ 1993 წლამდე ნ. ს-ა ცხოვრობდა მასთან ერთად ქ. სოხუმში. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოწმეთა ჩვენებები არ არის გამომრიცხავი ნ. ს-ას საცხოვრებელი ადგილად ქ. სოხუმის განსაზღვრისათვის. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 08.08.2020 წლის №61-01 დასკვნით კი ცალსახად და არაორაზროვნად დგინდება ნ. ს-ას 1987-1992 წლებში სოფელ ...ში ცხოვრების ფაქტი.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ნ. ს-ა აკმაყოფილებდა კანონით დადგენილ კრიტერიუმებს და მის მიმართ უნდა გამოცემულიყო დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ნოემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: გ. აბუსერიძე


ბ. სტურუა