საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-312 (კს-23) 5 მაისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - გ.მ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 იანვრის განჩინება
დავის საგანი - საქმეში მესამე პირის ჩაბმაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ.მ-ემ 2020 წლის 27 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მოსარჩელე გ.მ-ის მონაწილეობის ფაქტის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2020 წლის 17 იანვრის N329-10 ოქმის, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2020 წლის 22 იანვრის N SSVA 00001434 აქტის ბათილად ცნობის, მოსარჩელისთვის ომის ვეტერანის სტატუსის მინიჭების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისმოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით გ.მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა გ.მ-ის მიერ.
გ.მ-ის წარმომადგენელმა გ.ტ-მა 2023 წლის 20 იანვარს N3/358 განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეზე N2ბ/4543-20 მესამე პირებად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ჩაბმა მოითხოვა. განმცხადებლის მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეზე მისაღებია ერთი საერთო გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 იანვრის განჩინებით გ.მ-ის შუამდგომლობა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ადმინისტრაციულ საქმეში (3ბ/1922-21), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მესამე პირებად ჩაბმის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
პალატამ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც, სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, ხოლო იმავე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრებამდე სასამართლო უფლებამოსილია აცნობოს პირს, რომლის ინტრესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და ჩააბას იგი საქმეში მესამე პირად. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი მესამე პირებად საქმეში ჩაბმის აუცილებლობას ადგენს იმ პირების მიმართ, რომლებიც არიანს ადავო სამართალურთიერთობის მონაწილეები, რომელთან მიმართებაშიც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, ანუ ასეთი პირები იმგვარად არიან დაკავშირებულნი სადავო სამართალურთიერთობასთან, რომ სასამართლოს მიერ ამ დავის გადაწყვეტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს ამ ურთიერთობასთან დაკავშირებულ, კანონითნ დაცულ მათ უფლებებსა და ინტერესზე.
პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დამკვიდრებულია როგორც მხარეთა და პოტენციურ მესამე პირთა საპროცესო უფლება – მიმართონ სასამართლოს საქმეში მესამე პირის ან მესამე პირად ჩაბმის მოთხოვნით, აგრეთვე, ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სასამართლოს გააჩნია, როგორც უფლებამოსილება, ასევე აკისრია პროცესუალური ვალდებულება მესამე პირის ჩაბმის თაობაზე, რაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დავების მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალური თავისებურებებიდან გამომდინარეობს. მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესის დაცვის მიზნის მიღწევას ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მოწვევის ინსტიტუტი ემსახურება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი არ წარმოადგენენ იმ სამართალურთიერთობის მონაწილე მხარეებს აღნიშნულ დავაზე, რომელთა თაობაზეც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. შესაბამისად, შუამდგომლობა, საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირებად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ჩაბმის თაობაზე, პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა გ.მ-ის მიერ.
კერძო საჩივრის ავტორი გ.მ-ე აღნიშნავს, რომ იგი 1994 წლის 13 ოქტომბრიდან მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში. 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში იგი იკავებდა ამ უწყების სამმართველოს ... განყოფილების უფროსი ინსპექტორის თანამდებობას. ამ დროისათვის გ.მ-ის სამხედრო წოდება იყო პოლიციის მაიორი და იგი იყო პასუხისმგებელი პირი დეპარტამენტის საიარაღო საწყობში არსებულ იარაღზე. 2008 წლის 07 და 09 აგვისტოს, ხელმძღვანელობის სიტყვიერი განკარგულების საფუძველზე, გ.მ-ე მივლინებული იქნა კონფლიქტის ზონაში საბრძოლო დანაყოფისათვის სხვადასხვა საბრძოლო აღჭურვილობის (მაგ. ხელყუმბარა, ნიჩაბი და სხვ.) ჩატანის მიზნით. აღნიშნული დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტით. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ 2010 წელს სამსახურეობრივი ბარათით შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებულ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენ სპეციალურ კომისიას გაუგზავნა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეთა სია ვეტერანის სტატუსის განსაზღრის მიზნით. დადგინდა, რომ სიაში აღინიშნებოდა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დაშვებული ტექნიკური შეცდომა, კერძოდ გ.მ-ის ნაცვლად მითითებული იყო გ.მ-ე, ხოლო გ.მ-ის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვებოდა.
ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ აუცილებელია მესამე პირებად საქმეში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ჩაბმა, რადგან გადაწყვეტილება უკავშირდება ამ უწყებებს, ერთი მხრივ, პირი, რომელსაც გააჩნია სასარჩელო მოთხოვნა, წარმოადგენს ამ უწყების ყოფილ თანამშრომელს და მეორეს მხრივ, კი სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო ვეტერანის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაზე ვალდებული პირი. კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ სასამართლოს მხრიდან ადგილი აქვს მართლმსაჯულების განხორციელებაზე უკანონოდ უარის თქმის ფაქტს, რითაც უხეშად დაირღვა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ფუძემდებლური დებულებები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 აპრილის განჩინებით გ.მ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილელად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ.მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს სასამართლოში მესამე პირების აუცილებელ, სავალდებულო მოწვევას. მოწვევა სავალდებულოა, თუ მოსაწვევი მესამე პირი სადავო სამართლებრივ ურთიერთობაში იმ ხარისხით არის ჩაბმული, რომ მასთან მიმართებაში მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, ე.ი. სასამართლო გადაწყვეტილება იმავდროულად ზემოქმედებას ახდენს მესამე პირის უფლებაზე ან ინტერესზე. მესამე პირთა აუცილებელი, სავალდებულო ფორმით ადმინისტრაციულ პროცესში ჩაბმა შესაძლებელია განხორციელდეს სასამართლოს ინიციატივით, თავად დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ან ერთ-ერთი მხარის ინიციატივით მოტივირებული განცხადების საფუძველზე. მესამე პირების მოწვევის სავალდებულო ხასიათი სახეზეა მაშინ, როდესაც მესამე პირი დაინტერესებულია პროცესის შედეგით და ამავდროულად იგი თავად არის გასაჩივრებული სამართლებრივი აქტის ადრესატი.
პროცესში მესამე პირად მოწვევა არ ატარებს ზოგად ხასიათს და მიმართულია არა მოსარჩელის ან მოპასუხის ინტერესების, არამედ უშუალოდ იმ პირის სამართლებრივი ინტერესების დაცვისაკენ, რომელიც მოწვეულია მესამე პირის სტატუსით, რათა მას მიეცეს შესაძლებლობა თავიდან აიცილოს ის არახელსაყრელი ზემოქმედება, რაც შესაძლოა დადგეს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ პირისათვის აღნიშნული პროცესუალური სტატუსის მინიჭება შესაძლოა მხოლოდ იმ პირობებში, თუ ის არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მესამე პირთა ინსტიტუტის მიზანს სამართლებრივი ინტერესების დაცვა, საქმის ყოველმხრივი განხილვა, ადმინისტრაციული პროცესის ეკონომიურობის შენარჩუნება და სამართლებრივი უზრუნველყოფა წარმოადგენს. ადმინისტრაციული პროცესის ეკონომიურობა მესამე პირთა მოწვევის ინსტიტუტთან მიმართებაში გამოიხატება იმით, რომ ერთი სასამართლო გადაწყვეტილებით განისაზღვრება რამდენიმე ურთიერთობის შინაარსი, მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც რამდენიმე ურთიერთობის შინაარსს განსაზღვრავს, პრეიუდიციული დანიშნულება აქვს. ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირის აუცილებელი, სავალდებულო ფორმით ჩაბმისას სახეზეა მესამე პირთა როგორც სამართლებრივ ინტერესზე ზემოქმედება სასამართლოს გადაწყვეტილებით, ასევე მათთვის გარკვეული უფლებებისა და მოვალეობების დაკისრება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას საქმეში სავალდებულო მოწვევის მესამე პირად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ჩაბმის თაობაზე შუამდგომლობის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოები არ წარმოადგენენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ პირებს, რადგან მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მოსარჩელე გ.მ-ის მონაწილეობის ფაქტის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2020 წლის 17 იანვრის N329-10 ოქმის, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2020 წლის 22 იანვრის N SSVA 00001434 აქტის, მოსარჩელისთვის ომის ვეტერანის სტატუსის მინიჭების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისთვის დავალების კანონიერების დადგენა.
სავალდებულო მესამე პირებად საქმის განხილვაში მოწვევა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება არა მხოლოდ ზემოქმედებას მოახდენს მათ სამართლებრივ ინტერესზე, არამედ სასამართლო გადაწყვეტილებით შესაძლოა განისაზღვროს მესამე პირთა უფლებები და მოვალეობები.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ მიიჩნია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი იმ პირებად, რომელთა უფლებებსა თუ კანონით დაცულ ინტერესთან მიმართებაში რაიმე სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. სადავო საკითხის გადაწყვეტის შედეგი გავლენას ვერ მოახდენს მათ უფლებებსა და ინტერესებზე, რის გამოც ისინი არ წარმოადგენენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით მოცემულ საქმეში სავალდებულო წესით ჩასაბმელ მესამე პირებს.
მხოლოდ ის გარემოება, რომ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე პირთა სია სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ გაუგზავნა, არ ადასტურებს განსახილველი დავის მონაწილეებად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიჩნევის მართებულობას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გ.მ-ის შუამდგომლობა მართებულად არ იქნა დაკმაყოფილებული. შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ.მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 იანვრის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 იანვრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე