Facebook Twitter
№ბს-98(კ-21) 31 მაისი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა(ა)იპ „...ას“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს მთავრობა; მესამე პირი (სასკ 16.2) - სს „...ა“).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 27 ივლისს ა(ა)იპ „...ამ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 13 მარტის №2-152 ბრძანების („შპს „ე...ის“ მიერ ...ის მუნიციპალიტეტში, ...ას 500 კვ-იანი ძაბვის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილ ცვლილებაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ“) და საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 ივნისის ვირტუალური ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (რომლითაც არ დაკმაყოფილდა ა(ა)იპ „...ის“ ადმინისტრაციული საჩივარი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 13 მარტის №2-152 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ) ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „ე...ი“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ „...ას“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა(ა)იპ „...ამ“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 დეკემბრის განჩინებით ა(ა)იპ „...ას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება და აღნიშნა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტები გამოცემული იყო, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 13 მარტის №2-152 ბრძანება გამოცემული იყო „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, რამდენადაც სადავო პერიოდში მოქმედი გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის დანაწესის მიხედვით 2018 წლის 1 იანვრამდე „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შემთხვევაში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გაიცემოდა 2018 წლის 1 იანვრამდე გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემისთვის დადგენილი წესით. შესაბამისად, აპელანტის პოზიცია, რომ სადავო ბრძანება უნდა გამოცემულიყო ახალი კანონის - გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით დადგენილი წესითა და პროცედურით, იყო უსაფუძვლო.
2017 წლის 1 ივნისს მიღებული გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შემოღებით, კანონმდებლის მიზანი იყო გარკვეულ სამართლებრივ ჩარჩოში მოექცია საქმიანობის განხორციელების განაცხადის მქონე პირთა ის ქმედებები, რომელთაც ახალი კანონის ამოქმედებამდე განახორციელეს კანონითა და ნორმატიული აქტით დადგენილი წესით აუცილებელი მოქმედებები (მათ შორის გზშ-ს საჯარო განხილვა ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობით) გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მისაღებად. სხვაგვარად კანონმდებლობით დადგენილი წესით უკვე მომზადებული დოკუმენტის მფლობელ პირზე (საქმიანობის განმახორციელებელი) ახლად ამოქმედებული კანონის გავრცელება, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინების გარეშე, გამოიწვევდა ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე პირის მდგომარეობის უსაფუძვლოდ დამძიმებას, მათ მოუწევდათ უკვე ჩატარებული ღონისძიებების თავიდან ჩატარების უზრუნველყოფა (დროის, ფინანსური რესურსის ხარჯვა). შესაბამისად, ვინაიდან დაინტერესებულ პირს უკვე ჰქონდა კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურები განხორციელებული, რომელიც ინარჩუნებდა ძალას და ახალი კანონმდებლობის მოთხოვნებსაც აკმაყოფილებდა, არ არსებობდა ამ პროცედურების გათვალისწინებით, გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა(ა)იპ „...ამ“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 48-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ კანონმდებელმა ცალსახად, იმპერატიულად განსაზღვრა, რომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება 2018 წლის 1 იანვრამდე არსებული გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემისათვის დადგენილი წესით გაიცემა მხოლოდ 2018 წლის 1 იანვრამდე „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შემთხვევაში, რომელიც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადება/გამოცემისათვის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იყო დაწყებული 2018 წლის 1 იანვრამდე და არა ნებისმიერი პროცედურის დაწყების შემთხვევაში, რომელიც განხორციელდა საქმიანობის განმახორციელებლის ან თუნდაც სამინისტროს მიერ 2018 წლის 1 იანვრამდე და რომელიც უკავშირდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საბოლოო დოკუმენტის სახით ჩამოყალიბებას.
სასამართლომ სზაკ-ის 2.1 მუხლის "კ" ქვეპუნქტით განსაზღვრული ნორმის დეფინიციის საწინააღმდეგოდ, არასწორად დაასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია შპს „ე...ის“ 2017 წლის 10 ოქტომბრის წერილის საფუძველზე, რომლითაც საქმიანობის განმახორციელებლის მიერ სამინისტროსათვის საჯარო განხილვის პროცედურების დაწყების შესახებ ინფორმაციის მიწოდება განხორციელდა და რომელიც არ წარმოადგენს სზაკ-ის 2.1 მუხლის "თ" ქვეპუნქტით განსაზღვრულ განცხადებას - უფლების მოპოვებაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით დაინტერესებული მხარის მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით შეტანილ წერილობით მოთხოვნას.
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით სწორედ, რომ რადიკალურად განსხვავებული, გარემოსა და ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით აუცილებელი და განსხვავებული პროცედურებია განსაზღვრული ახალი რეგულაციებით, აღნიშნული დასკვნა ეწინააღმდეგება "გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის" მიღების ლეგიტიმურ მიზნებს, ვინაიდან ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სკოპინგის პროცედურის ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ დადგენილი წესით განხორციელების შემთხვევაში, იგი აუცილებლად დაუდგენდა საქმიანობის განმახორციელებელ პირს შესაბამის დავალებებს, რის შესრულებაც მას მოუწევდა გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის შედგენისათვის და ანგარიშიც სრულიად განსხვავებული შინაარსით ჩამოყალიბდებოდა, რომლითაც დაცული იქნებოდა გარემო და შესაბამისად ადამიანთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა. სწორედ ამ კანონისმიერი ვალდებულებების დაცვისაგან გაათავისუფლა სასამართლომ წინამდებარე უკანონო გადაწყვეტილებით საქმიანობის განმახორციელებელი, რითაც აშკარა და რეალური საფრთხე შეუქმნა როგორც გარემოს ისე ადამიანებს, მათ შორის მოსარჩელის კონსტიტუციით დაცულ უფლებებსა და თავისუფლებებს. შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სზაკ-ის 601 მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული წინაპირობები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა(ა)იპ „...ას“ საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 აპრილის განჩინებით, შპს „ე...ის“ საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს „...ა“.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ „...ას“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში - სადავო საკითხს „შპს ე...ის“ მიერ ...ის მუნიციპალიტეტში, ...ას 500 კვ-იანი ძაბვის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილ ცვლილებაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ“ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი არეგულირებს ისეთ სტრატეგიულ დოკუმენტთან და სახელმწიფო ან კერძო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომელთა განხორციელებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე, ადამიანის სიცოცხლეზე ან/და ჯანმრთელობაზე. ამ კოდექსის რეგულირების სფეროს განეკუთვნება გარემოზე ზემოქმედების შეფასების, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ექსპერტიზის ჩატარების პროცედურები (მუხლი 1).
მოცემული კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება არის ამ კოდექსის მე-13 მუხლის გათვალისწინებით გამოცემული აქტი, რომელიც გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელების სავალდებულო წინაპირობაა. თუ საქმიანობის განხორციელებისთვის საჭიროა გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზია/ნებართვა ან/და ასეთი ლიცენზიის/ნებართვის რომელიმე სტადიის დასრულება, აღნიშნული ლიცენზია/ნებართვა შეიძლება ძალაში შევიდეს ან/და ასეთი ლიცენზიის/ნებართვის შესაბამისი სტადია შეიძლება დასრულდეს მხოლოდ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შემდეგ, გარდა ამ კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გარემოზე ზემოქმედების შეფასება (შემდგომ – გზშ) არის შესაბამის კვლევებზე დაყრდნობით, გარემოზე შესაძლო ზემოქმედების გამოვლენისა და შესწავლის პროცედურა იმ დაგეგმილი საქმიანობისთვის, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე და რომელიც მიეკუთვნება ამ კოდექსის I დანართით გათვალისწინებულ საქმიანობას და, სკრინინგის გადაწყვეტილების შესაბამისად, ამავე კოდექსის II დანართით გათვალისწინებულ საქმიანობას. გზშ მოიცავს სკოპინგს, გზშ-ის ანგარიშის მომზადებას, საზოგადოების მონაწილეობას, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან კონსულტაციების გამართვას, მიღებული შედეგების შეფასების საფუძველზე ექსპერტიზის დასკვნის მომზადებას და მის მხედველობაში მიღებას ამ კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისას ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.
მოცემული კანონის მე-6 მუხლით დადგენილია, რომ გზშ-ის ძირითადი ეტაპებია: ა) ამ კოდექსის მე-8 და მე-9 მუხლებით განსაზღვრული სკოპინგის პროცედურა; ბ) საქმიანობის განმახორციელებლის ან კონსულტანტის მიერ გზშ-ის ანგარიშის მომზადება ამ კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად; გ) საზოგადოების მონაწილეობა; დ) სამინისტროს მიერ გზშ-ის ანგარიშში ასახული ინფორმაციის, საჭიროების შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებლის მიერ სამინისტროსთვის წარდგენილი დამატებითი ინფორმაციის, საზოგადოების მონაწილეობისა და უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან კონსულტაციების დროს მიღებული ინფორმაციის შეფასება; ე) ექსპერტიზის ჩატარება ამ კოდექსის VI თავის შესაბამისად; ვ) საჭიროების შემთხვევაში, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელება ამ კოდექსის V თავის შესაბამისად. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ეტაპების დასრულების შემდეგ მინისტრი გასცემს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი მიღებულია 2017 წლის 1 ივნისს. მოცემული კანონი ამოქმედდა ეტაპობრივად და მათ შორის, 2018 წლის 1 იანვრიდან, ამავე კანონით ძალადაკარგულად გამოცხადდა მანამდე მოქმედი „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი.
აღსანიშნავია, რომ გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით ახლებურად და უფრო დეტალურად მოწესრიგდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) მომზადების პროცედურა და ეტაპები, გაჩნდა გზშ-ს მიმართ ახალი მოთხოვნები, მათ შორის სკოპინგი (პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს გზშ-ისთვის/სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებისთვის მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს და ამ ინფორმაციის გზშ-ის ანგარიშში/სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშში ასახვის საშუალებებს (მუხლი 3.ს). თუმცა, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილით განისაზღვრა, რომ 2018 წლის 1 იანვრამდე „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შემთხვევაში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გაიცემა 2018 წლის 1 იანვრამდე გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემისთვის დადგენილი წესით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში, არსებით სადავო საკითხს საქართველოს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 13 მარტის №2-152 ბრძანებაზე (შპს „ე...ის“ მიერ ...ის მუნიციპალიტეტში, ...ას 500 კვ-იანი ძაბვის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილ ცვლილებაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ“) იმ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის გავრცელების საკითხი წარმოადგენს. სადავო არ არის ის გარემოება, რომ 2018 წლის 13 მარტის №2-152 ბრძანება გამოცემულია „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონის მოთხოვნათა დაცვით, მაგრამ კასატორი (მოსარჩელე) მიიჩნევს, რომ №2-152 ბრძანება უნდა გამოცემულიყო არა - „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონით დადგენილი წესისა და პროცედურის შესაბამისად, არამედ ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი - გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის (მიღებული 2017 წლის 1 ივნისს) საფუძველზე და მის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველოს კანონი - გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი მიღებულ იქნა 2017 წლის 1 ივნისს და ამავე კანონით განისაზღვრა, რომ 2018 წლის 1 იანვრამდე „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შემთხვევაში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გაიცემოდა 2018 წლის 1 იანვრამდე გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემისთვის დადგენილი წესით (მუხლი 48.1.).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო 2018 წლის 13 მარტის №2-152 ბრძანების საფუძვლად მითითებულია სწორედ, იმ დროს მოქმედი, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 48-ე მუხლი. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ, მართებულად, იმ დროს მოქმედი გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით იხელმძღვანელა, რომელიც თავის მხრივ „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შემთხვევაში, გამოსაყენებლ კანონად ამავე კანონზე („გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ ) უთითებდა.
კასატორი მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების საფუძვლები, რამდენადაც 2018 წლის 1 იანვრამდე ადმინისტრაციულ ორგანოში დაწყებული არ იყო ადმინისტრაციული წარმოება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ როგორც საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, შპს „ე...მა“ 2017 წლის 10 ოქტომბერს განცხადებით მიმართა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (ასლი ასევე გაეგზავნათ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს). განცხადებით სამინისტროს ეცნობა, რომ 2017 წლის 4 დეკემბერს, ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში, მისამართზე: ...ი, ...ის ქ. №27 გაიმართებოდა შპს „ე...ის“ მიერ განსახორციელებელი ...ას შემაერთებელი 500 კვ. ეგხ (ელექტროგადამცემი ხაზი)-ს მშენებლობის პროექტის საჯარო განხილვა. ინფორმაცია საჯარო განხილვის დანიშვნის თაობაზე გამოქვეყნებული იყო გაზეთ „...ას“ 2017 წლის 11 ოქტომბრის №... ნომერში. განცხადებით სამინისტროს წარედგინა დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში.
საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2017 წლის 23 ოქტომბრის №8898 წერილით სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს წინასწარი განხილვის მიზნით, გაეგზავნა შპს „ე...ის“ მიერ წარმოდგენილი 500 კვ. ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის „...ას“ მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილი ცვლილების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და GIS Shape ფაილები. ეთხოვათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი გზშ-ს ანგარიში საჭიროებდა რომელიმე საკითხის დაზუსტებას, ან დამატებით შესწავლას, შენიშვნები და მოსაზრებები მიეწოდებინათ 2017 წლის 17 ნოემბრამდე. საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2017 წლის 23 ოქტომბრის №8902 წერილით სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს წინასწარი განხილვის მიზნით, გაეგზავნა შპს „ე...ის“ მიერ წარმოდგენილი 500 კვ. ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის „...ას“ მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილი ცვლილების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში. ეთხოვათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი გზშ-ს ანგარიში საჭიროებდა რომელიმე საკითხის დაზუსტებას, ან დამატებით შესწავლას, შენიშვნები და მოსაზრებები მიეწოდებინათ 2017 წლის 17 ნოემბრამდე. საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2017 წლის 23 ოქტომბრის №8900 წერილით სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს წინასწარი განხილვის მიზნით, გაეგზავნა შპს „ე...ის“ მიერ წარმოდგენილი 500 კვ. ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის „...ას“ მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილი ცვლილების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და GIS კოორდინატები. ეთხოვათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი გზშ-ს ანგარიში საჭიროებდა რომელიმე საკითხის დაზუსტებას, ან დამატებით შესწავლას, შენიშვნები და მოსაზრებები მიეწოდებინათ 2017 წლის 17 ნოემბრამდე. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის 2018 წლის 2 მარტის №812 წერილით, სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს ეცნობა, რომ გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტში შპს „ე...ის“ მიერ, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით წარმოდგენილი იყო 500 კვ. ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის „...ას“ მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილი ცვლილების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, რომელსაც თან ახლდა საპროექტო ტერიტორიის GIS (გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემა) კოორდინატები. ეთხოვათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ საპროექტო ტერიტორია ან მისი ნაწილი განთავსებული იყო ტყის ფონდში, 2018 წლის 5 მარტამდე ეცნობებინათ პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული ტყის ფონდის ტერიტორიის ფართობი და მიეწოდებინათ ინფორმაცია აღნიშნულ ტერიტორიაზე გავრცელებული როგორც წითელი ნუსხის, ისე სხვა სახეობებთან დაკავშირები, რა სახის შემარბილებელი/საკომპენსაციო ღონისძიებები უნდა ყოფილიყო გატარებული. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 2018 წლის 6 მარტის №06/4504 წერილით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტს ეცნობა მათივე 2018 წლის 2 მარტის წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია.
2017 წლის 4 დეკემბერს, 14:00 საათზე, ქ. ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდა 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის ...ას მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილი ცვლილებების გზშ-ს ანგარიშის საჯარო განხილვა. აღნიშნულ სხდომაზე გამოიკვეთა შენიშვნები პროექტთან დაკავშირებით. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2017 წლის 4 დეკემბრის №9880 წერილით შპს „ე...ს“ ეთხოვა მოცემული შენიშვნების გათვალისწინება გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენამდე. შპს „ე...ის“ მიერ გათვალისწინებული შენიშვნების შემდეგ შედგა 500 კვ-იანი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის „...ას“ მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტი. ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილი ცვლილებების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 13 მარტის შპს „ე...ის“ მიერ ...ის მუნიციპალიტეტში, ...ას 500 კვ-იანი ძაბვის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილ ცვლილებაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ №2-152 ბრძანებით დამტკიცდა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება №15. 09.03.2018 წ; და მიენიჭა საქმიანობის განხორციელების უფლება შპს „ე...ის“ ...ას 500 კვ-იანი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილი ცვლილებების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება – ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ამასთან, ამავე კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია: ა) დაინტერესებული პირის განცხადება; ბ) ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება – გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის ფორმა, რომელიც დაკავშირებულია - ადმინისტრაციული აქტის როგორც გამოცემისა და აღსრულებასთან, ასევე, მომზადებასთან.
საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ როგორც საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ შპს „ე...ს“ 2017 წელს, იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უკვე მომზადებული და საზოგადოებისთვის საჯაროდ განსახილველად წარდგენილი ჰქონდა გზშ. ამასთან, დოკუმენტაცია უკვე გადაგზავნილი იყო საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, რომელსაც აღნიშნული დოკუმენტაცია მიწოდებული ჰქონდა სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს, სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოსთვის, შესაბამისი შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენისთვის. დოკუმენტაცია ასევე შესული იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია, 2018 წლის 1 იანვრამდე, მოქმედი კანონმდებლობის (საქართველოს კანონი „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“) შესაბამისად, მომზადებული გზშ-ს საზოგადოებისთვის გაცნობა და საჯარო განხილვა არა ადმინისტრაციული ორგანოს, არამედ საქმიანობის განმახორციელებლის (შპს „ე...ი“) პასუხისმგებლობა იყო და ადმინისტრაციული წარმოების ხასიათს არ ატარებდა, თუმცა ამ დროისთვის, შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებში უკვე დაწყებული იყო წარდგენილ გზშ-ზე მუშაობა და საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2017 წლის 4 დეკემბერს №9880 წერილით შპს „ე...ს“ ეცნობა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული შენიშვნები. ამავე წერილით მოთხოვნილი იყო ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენამდე, შენიშვნების გზშ ანგარიშში გათვალისწინება (ტ.2 ს.ფ. 220-222). საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2017 წლის 4 დეკემბრის №9880 წერილით შპს „ე...ს“ ეთხოვა მოცემული შენიშვნების გათვალისწინება გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენამდე. შპს „ე...ის“ მიერ გათვალისწინებული შენიშვნების შემდეგ შედგა 500 კვ-იანი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის „...ას“ მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტი. ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილი ცვლილებების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში.
„გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებდა, რომ სამინისტრო, „ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოფდა საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარდგენილ შესაბამის დოკუმენტაციაზე ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებას, რის საფუძველზედაც დგებოდა ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. ნებართვა გაიცემა მხოლოდ ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნის არსებობის შემთხვევაში (მუხლი 9). ასევე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 მაისის №31 ბრძანებით განსაზღვრული იყო თუ რა უნდა მოეცვა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს, რომელიც სამინისტროს წარედგინებოდა ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მისაღებად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გზშ-ს მომზადება და მისი სამინისტროსათვის წარდგენა, მათ შორის, სამინისტროს მხრიდან შენიშვნებისა და წინადადებების მისაღებად, შემდგომში მისი ანგარიშში ასახვის მიზნით, წარმოადგენდა ადმინისტრაციული წარმოების ეტაპს, შემდგომში ეკოლოგიური დასკვნის/ნებართვის მისაღებად. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების პროცესი, „შპს ე...ის“ მიერ ...ის მუნიციპალიტეტში, ...ას 500 კვ-იანი ძაბვის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილ ცვლილებაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ, დაწყებული იყო 2018 წლის 1 იანვრამდე, რაც ქმნიდა საქართველოს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 13 მარტის №2-152 ბრძანების („შპს ე...ის“ მიერ ...ის მუნიციპალიტეტში, ...ას 500 კვ-იანი ძაბვის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილ ცვლილებაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ“) გამოცემის საფუძვლებს, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სწორედ „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით ახლებურად ჩამოყალიბდა ადმინისტრაციული წარმოების ეტაპები, მასში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობები, ვადები და დადგენილ იქნა რომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება მოიცავდა: ა) ექსპერტიზას; ბ) საზოგადოებისა და უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოების მონაწილეობას; გ) შესაძლო ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შემთხვევაში – ამ კოდექსის V თავით გათვალისწინებულ პროცედურას (მუხლი 12). მსგავსი სახის განმარტებასა და წესს არ ითვალისწინებდა მანამდე მოქმედი „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ა(ა)იპ „...ას“ 08/02/2021 წ. საგადასახდო დავალება №64-ით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, 210 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა(ა)იპ „...ას“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 დეკემბრის განჩინება;
3. ა(ა)იპ „...ას“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 08/02/2021 წ. საგადასახდო დავალება №64-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.




თავმჯდომარე ქ. ცინცაძე




მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე




გ. მაკარიძე