№ბს-1114(კ-22) 31 მაისი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ე. ნ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. ნ-მა (E. N-; დაბ. ...წ. პასპორტის ნომერი: P RUS ...; რუსეთის ფედერაცია) 2022 წლის 28 მარტს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ, ე. ნ-ის მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 7 მარტის №1000780326 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და ე. ნ-ისათვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით ე. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ნ-ი (დაბადებული ... წლის ... ...ი) არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.
2022 წლის 4 თებერვალს ე. ნ-მა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მოითხოვა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ბინადრობის ნებართვის გაცემა.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 7 თებერვლის №1000780326/7 გადაწყვეტილებით „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილების საფუძველზე განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და აღნიშნული ხარვეზით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა დაევალა 2022 წლის 7 მარტამდე.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 7 თებერვლის №1000780326/7 გადაწყვეტილება ხარვეზის დადგენის თაობაზე სააგენტოს ინტერნეტ გვერდზე განთავსდა 2022 წლის 7 თებერვალს.
საქალაქო სასამართლოს მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, რომ ხარვეზის შესავსებად დამატებით რაიმე დოკუმენტი, რაც დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრას ხელს შეუწყობდა, განსაზღვრულ ვადაში ე. ნ-ს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის არ წარუდგენია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-83 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ვალდებული იყო განცხადება განუხილველად დაეტოვებინა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ნ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის განჩინებით ე. ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ნ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, სრულად დაეყრდნო ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებებს და არ გაიზიარა საქმეში არსებული მტკიცებულებები.
კასატორის მითითებით, გასაჩივრებულ განჩინების დასაბუთებაში არ არის ასახული ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომ 2018 წლის აგვისტოს თვეში ე. ნ-ს მიმართული ჰქონდა განცხადებით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით დადგენილ ვადაში, თუმცა მოხდა მისი დაკავება. განმცხადებელი 2018 წლიდან 2019 წლის 20 მაისამდე, მას შემდეგ, რაც კანონით დადგენილი წესით გადმოკვეთა საქართველოს ადმინისტრაციული საზღვარი, იმყოფებოდა საექსტრადაციო პატიმრობაში და ამასთანავე, ჩამორთმეული ჰქონდა სამგზავრო დოკუმენტი (პასპორტი), რომელიც იმავდროულად წარმოადგენდა საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელ დოკუმენტს.
შესაბამისად, კასატორის მითითებით, იგი მოკლებული იყო ყოველგვარ შესაძლებლობას, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, იმ პირობებში როდესაც იმყოფებოდა პატიმრობაში, საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 დღით ადრე წარედგინა სათანადო დოკუმენტი.
კასატორი აღნიშნავს, რომ მისი მეუღლე ზ. ნ-ა და მათი არასრულწლოვანი შვილები ა. ნ-ა, ს. ნ-ა და დ. ნ-ი არიან საქართველოს მოქალაქეები. ამასთან, მის ერთ-ერთ მცირეწლოვან შვილს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები (გულის მანკი) და საჭიროებს განსაკუთრებულ მზრუნველობას მშობლების მხრიდან. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით მოსარჩელე მხარე და მისი ოჯახი - მეუღლე და არასრულწლოვანი შვილები დაფუძნებულნი არიან საქართველოში. ის და მისი მეუღლე - ზ. ნ-ა ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას, აგრეთვე დასაქმებულნი არიან კომპანიაში, ხოლო, მათი შვილები - ა. ზ-ა და ს. ზ-ა 2020 წლიდან დადიან საბავშო ბაღში და აქტიურად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა აქტივობებში.
ამდენად, „ბავშვის უფლებათა კონვენციაზე“ მითითებით, კასატორი მიიჩნევს, რომ განსახილველი საკითხი უშუალოდ და პირდაპირ ეხება არასრულწლოვნების ინტერესებს და გავლენას ახდენს მათ უფლებებზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე. ნ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს, ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის გამო, კასატორის განცხადების განუხილველად დატოვების კანონიერების შეფასება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესით“ განსაზღვრულ უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების მე-3 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო). ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უცხოელი ვალდებულია, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე.
აღნიშნული წესის მე-13 მუხლი ადგენს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა-გადაწყვეტის წესსა და ვადებს. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო ყველა დოკუმენტი უნდა იქნეს წარდგენილი განცხადებასთან ერთად. სააგენტო უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, დამატებით მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც ასაბუთებენ ამ წესით გათვალისწინებულ ცალკეულ ფაქტებსა და გარემოებებს (საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის). უცხო ქვეყნის მოქალაქეს ასევე შეუძლია სააგენტოში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, თავისი ინიციატივით, წარადგინოს საკითხის განხილვისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, განცხადების განხილვის პროცესში, სააგენტოს უფლებამოსილებას, მიიწვიოს განმცხადებელი და მიიღოს მისგან საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია/ინფორმაცია და ახსნა-განმარტება, ხოლო განმცხადებლის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, განცხადება დატოვოს განუხილველად. ამავე დადგენილების მე-10 მუხლით დადგენილია მუდმივი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში დადგენილ გარემოებებზე, რომლის მიხედვითაც, ე. ნ-მა (დაბ: ... წელი) 2022 წლის 4 თებერვალს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემა მოითხოვა. ამავე დღეს განმცხადებელს გაეცნო და ჩაბარდა სამახსოვრო ბარათი, რომლითაც მას ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე განემარტა, რომ განცხადების რეგისტრაციიდან ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე დაინტერესებული პირი ვალდებულია განცხადების განხილვასთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაცია იხილოს ინტერნეტ გვერდზე: http://sda.gov.ge და http://psh.gov.ge.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 7 თებერვლის №1000780326/7 გადაწყვეტილებით განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ხარვეზით დადგენილი დოკუმენტების წარდგენა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში 2022 წლის 7 მარტამდე. განმცხადებელს განემარტა, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტის/ინფორმაციის მითითებულ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე. ამავე წერილით დადგინდა ინფორმაციის ინტერნეტგვერდზე: sda.gov.ge-ზე განთავსება.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ხარისხის მართვის სამსახურის 2022 წლის 5 აპრილის №01/75270 წერილის თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზების 2022 წლის 5 აპრილის მდგომარეობით, ე. ნ-ის №1000780326 საქმეზე (მუდმივი ბინადრობის ნებართვა) „სააგენტოს გადაწყვეტილება ხარვეზის დადგენის შესახებ“ აიტვირთა და ვებ-გვერდზე www.sda.gov.ge განთავსდა 2022 წლის 7 თებერვალს 10:50:00 საათზე.
ამასთან, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 7 თებერვლის №1000780326/7 წერილით განმცხადებელს ეცნობა, რომ წარმოსადგენი იყო: 1. სამგზავრო დოკუმენტის (პასპორტის) შესაბამისის წესით დამოწმებული ასლი; 2. ქორწინების მოწმობის ნოტარიული თარგმანი და ამავე დოკუმენტის ასლის დედანთან სისწორის დამადასტურებელი დოკუმენტი; 3. საქართველოში კანონიერად ყოფნის დოკუმენტი (ამავე დროს სააგენტოსათვის მომართვის დღისთვის, საქართველოში კანონიერად ყოფნის 40 დღიანი ვადის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი); 4. უცხოელის ან/და საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე მისი ნათესავის საქართველოში ლეგალური შემოსვლის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ საქართველოს მოქალაქე საპენსიო ასაკის ან სოციალური დახმარების მიმრები პირია - სახელმწიფო პენსიით ან სოციალური დახმარებით სარგებლობის დანმადასტურებელი დოკუმენტი. შემოსავლად ასევე შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 7 თებერვლის №1000780326/7 გადაწყვეტილებით განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ხარვეზით დადგენილი დოკუმენტების წარდგენა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში 2022 წლის 7 მარტამდე. თუმცა მას მითითებულ ვადაში, დამატებითი დოკუმენტები სააგენტოსთვის არ წარუდგენია. შესაბამისად, განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ განუხილველად დატოვა ე. ნ-ის 2022 წლის 4 თებერვლის №1000780326 განცხადება საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის დაწესებული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 დღით, გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა, ხოლო მე-5 ნაწილი ადგენს, რომ თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების თანახმად, ხარვეზის შესავსებად დამატებით რაიმე დოკუმენტი, რაც დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრას შეუწყობდა ხელს, ე. ნ-ს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის არ წარუდგენია, რის გამოც, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-83 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, უფლებამოსილი იყო განცხადება დაეტოვებინა განუხილველად.
რაც შეეხება, კასატორის მითითებას საექსტრადაციო პატიმრობაში ყოფნის გამო ხარვეზის შევსების შეუძლებლობის შესახებ, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ერთის მხრივ კასატორი მიუთითებს 2018-2019 წლებში საექსტრადაციო პატიმრობაში ყოფნაზე, რაც არ ემთხვევა მის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის პერიოდს, კერძოდ, 2022 წლის 4 თებერვალს, ხოლო მეორეს მხრივ, პატიმრობაში ყოფნა თავის მხრივ არ გამორიცხავდა მხარის შესაბამისი იურიდიული მოქმედების განხორციელების შესაძლებლობას. ამდენად, კასატორის აღნიშნული არგუმენტიც არ ქმნის სადავო აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, დ. მ-ს (პ/ნ ...) ე. ნ-ის საკასაციო საჩივარზე 24/08/2022წ. საგადასახადო დავალებით №0 გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. ნ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის განჩინება;
3. დ. მ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ე. ნ-ის საკასაციო საჩივარზე 24/08/2022წ. საგადასახადო დავალებით №0 გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. მაკარიძე