საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-913(კ-22) 17 მაისი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. შ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 დეკემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. შ-ამ 2020 წლის 27 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა: „დისციპლინური წესით დასჯისა და შს ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 დეკემბრის №MIA9 18 03108689 ბრძანების არარად აღიარება, მოსარჩელე ა. შ-ას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალის (დეპარტამენტი) ...ის სამმართველოს ...ის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოსთვის დავალება და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით ა. შ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ა. შ-ას მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 დეკემბრის განჩინებით ა. შ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ „დისციპლინური წესით დასჯისა და შს ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 დეკემბრის №MIA 9 1803108689 ბრძანებით მოსარჩელე ა. შ-ა, დისციპლინური სამართალწარმოების საფუძველზე, დათხოვნილ იქნა სამსახურიდან - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალის (დეპარტამენტი) ...ის სამმართველოს ...ის განყოფილების უფროსის თანამდებობიდან (ს.ფ. 15-16).
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტზე მითითებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომელსაც მინიჭებული აქვს სპეციალური წოდება და დადებული აქვს პოლიციელის ფიცი. კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ პოლიციელს, რომლის სამართლებრივ მდგომარეობას განსაზღვრავს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი და „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი. საჯარო მოსამსახურე კი წარმოადგენს საჯარო მმართველობაში დასაქმებულ პირს, რაც გულისხმობს, რომ იგი არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი, აღჭურვილი და გარანტირებული მოცემული სამართლის ინსტიტუტებით, უფლებამოსილებებითა და სტანდარტებით ისევე, როგორც დატვირთული ამ სამართლით დადგენილი საჯარო ვალდებულებების აღსრულებით.
პალატამ მიუთითა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის მიხედვით, სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს ერთიანი სისტემის შემადგენლობაშია სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, ტერიტორიული ორგანოები, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება ერთმმართველობის პრინციპის განმარტებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ერთმმართველობის პრინციპის შესაბამისად, სამინისტროს სისტემაში გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს მხოლოდ ერთი თანამდებობის პირი - მინისტრი. ამასთან, მინისტრი უფლებამოსილია მართვის ეფექტურობის მიზნით საკუთარი უფლებამოსილებების დელეგირება განახორციელოს სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ სხვა პირზე ისე, რომ თვითონაც შეინარჩუნოს იგივე უფლებამოსილება.
სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტსა და მე-2 პუნქტზე, რომელთა შესაბამისად, პოლიციელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის გამო. პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნაზე უფლებამოსილი პირია მინისტრი ან მინისტრის მიერ, უფლებამოსილების დელეგირების საფუძველზე, განსაზღვრული სხვა თანამდებობის პირი.
სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურეს ეკისრება დისციპლინური სახდელი. მითითებული წესდების მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, დისციპლინური სახდელის შეფარდებისა და მოხსნის უფლება აქვს შინაგან საქმეთა მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების უფროსებს, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელ პირებს, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელ პირს. „წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაცდომის გამოვლენისას, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი პირები სამინისტროს გენერალურ ინსპექციას შემდგომი რეაგირებისათვის წერილობითი ფორმით (წარდგინება) უგზავნიან გადაცდომის ამსახველ ფაქტებსა და გარემოებებს, რაზედაც დისციპლინური გადაცდომის ამსახველ დასკვნას ადგენს სამინისტროს გენერალური ინსპექცია და სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან მოსამსახურის დანიშვნა-გათავისუფლებაზე უფლებამოსილი პირი.
სააპელაციო პალატამ მითითებული წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„ზ“ ქვეპუნქტებზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ დისციპლინური გადაცდომის სახეებია სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა, სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება, სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება, ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა, ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ, თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა, მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს, ფიცის გატეხვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ მითითებული გადაცდომების გამო, დისციპლინური სახდელის დადებაზე უფლებამოსილება მინიჭებული აქვს მინისტრს და მინისტრის ბრძანებით, იგივე უფლებამოსილება დელეგირებული აქვს მოსამსახურის დანიშვნა - გათავისუფლებაზე უფლებამოსილ პირს.
პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ცხადად არის მითითებული მინისტრის აღნიშნული უფლებამოსილება, უფლებამოსილების დელეგირება სხვა თანამდებობის პირზე არ გულისხმობს იმ პირისათვის შესაბამისი უფლებამოსილების გაუქმებას, რომელმაც განახორციელა უფლების დელეგირება.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ა. შ-ას მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილი იყო გამოეყენებინა დისციპლინური სახდელი. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, რამდენადაც გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ, შესაბამისად არ არსებობს „დისციპლინური წესით დასჯისა და შს ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 დეკემბრის №MIA 9 18 03108689 ბრძანების არარად აღიარების საფუძვლები.
თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდური ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნების საფუძლიანობის შემოწმებისას სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი საკანონმდებლო დანაწესებით და ამ პირობებში მიიჩნია, რომ რამდენადაც კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას და განაცდური ხელფასის ანაზღაურდებას უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების თაობაზე აქტის გაუქმებას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა, შესაბამისად, არ არსებობს ა. შ-ას მოთხოვნების ამ ნაწილში დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ა. შ-ას მიერ.
კასატორი მიუთითებს სააპელაციო საჩივარში აღნიშნულ გარემოებებზე, კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამსახურის გავლა მოიცავს სამსახურში მიღების, თანამდებობაზე დანიშვნის, ატესტაციის, სპეციალური კონკურსის, წოდებების მინიჭების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, სამსახურიდან დათხოვნის/თანამდებობიდან გათავისუფლების, მოსამსახურის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებულ ნორმებს და სხვა საკითხებს. ამდენად, ცალსახაა, რომ „წესი“ განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირში სამსახურის გავლის წესს და სამსახურის გავლა თავისთავად გულისხმობს თანამდებობაზე დანიშვნას და თანამდებობიდან გათავისუფლებას. „წესის“ მე-2 მუხლი ახდენს დიფერენცირებას და განასხვავებს ერთმანეთისგან „სამინისტროს მოსამსახურეს“ და „სსიპ-ის მოსამსახურეს“. კერძოდ, ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურე არის პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე, სამოქალაქო პირი, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურე, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ-ის მოსამსახურე არის პოლიციელი, სამოქალაქო პირი, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურე; ამავე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით ასევე განმარტებულია ტერმინი „პოლიციელი“, რომელიც წარმოადგენს სსიპ-ში დასაქმებული წოდების მქონე პირს და იგი ინიშნება შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე, გარდა დამხმარე მოსამსახურისა.
მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ სამინისტროს მოსამსახურის ჩამონათვალ პირებში მითითებულია ტერმინი „პოლიციელი“, სწორედ მე-2 მუხლში მოცემული ტერმინთა განმარტებები არ იძლევა ნორმის ინტერპრეტაციის საშუალებას იმგვარად, რომ სამინისტროს მმართველობაში შემავალ სსიპ-ში დასაქმებული პოლიციელი მიჩნეულ იქნეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამინისტროს მოსამსახურედ, ცალსახაა, რომ ასეთი პირი შედის ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ „სსიპ-ის მოსამსახურის“ ჩამონათვალში და როდესაც საკითხი დგება ამ პირის თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებაზე, ბუნებრივია, იგი უნდა გადაწყდეს იმ ნორმების შესაბამისად, რომელიც ეხება „სსიპ-ის მოსამსახურის“ დანიშვნა-გათავისუფლებას.
კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელე დანიშნული იყო სსიპ მომსახურების სააგენტოს დირეტქორის მიერ და წარმოადგენდა სსიპ-ის მოსამსახურეს და არა „სამინისტროს მოსამსახურეს“. შესაბამისად, ასეთი პირის თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების საკითხი უნდა გადაწყდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 74-ე მუხლისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის N56 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად -სააგენტოს დირექტორი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს მოსამსახურეებს. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 34-ე მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან. აღნიშნული ნორმა ადგენს, რომ სსიპ-ის მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლება შეუძლია უფლებამოსილ პირს, ხოლო ასეთ უფლებამოსილ პირს, სადავო შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის N56 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს მომსახურების სააგენტოს დირექტორი, რომლის დისკრეციულ უფლემოსილებასაც განეკუთვნება როგორც მოსარჩელის თანამდებობაზე დანიშვნა, ისე მისი თანამდებობიდან გათავისუფლება.
კასატორი მიუთითებს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
კასატორი თვლის, რომ სადავო შემთხვევაში სახეზეა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომელებიც გამოცემულია არაუფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ და ამგვარ აქტს არ შეიძლება გააჩნდეს იურიდიული ძალა მმართველობითი ორგანოების სამართლებრივ წესრიგს დაქვემდებარებული ფუნქციონირების საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. შ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 დეკემბრის განჩინებაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
დადგენილია, რომ „დისციპლინური წესით დასჯისა და შს ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 დეკემბრის №MIA 9 18 03108689 ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ (სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება), „დ“ (ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ) და „ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტების, ამავე წესდების მე-3 მუხლის „ზ“ პუნქტისა (სამსახურიდან დათხოვნა) და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“, „ზ“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ა. შ-ა გათავისუფლდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალის (დეპარტამენტი) ...ის სამმართველოს ...ის განყოფილების უფროსის (პოლიციის მაიორის) თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
ა. შ-ას სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლად მითითებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2018 წლის 30 ნოემბრის დასკვნა, რომლის შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის ა. შ-ას მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით, ინსპექციამ მიიჩნია, რომ პოლიციის მაიორმა ა. შ-ამ ჩაიდინა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ (სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა), „დ“ (ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ) და „ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც მისი მხრიდან გამოიხატა თავისი ხელმძღვანელი პირების წინასწარი განზრახვით, მიზანმიმართულად და მოტყუებით შეცდომაში შეყვანაში. ასევე, შვებულებაში მყოფი თანამშრომლისთვის (რა დროსაც აღნიშნულ სამინისტროს მოსამსახურეს შეჩერებული აქვს სამსახურებრივი ურთიერთობები) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ნებართვის მიცემაში (რა დროსაც თვითონაც გათავისუფლებულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან), რითაც დაარღვია შს მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანების 32-ე მუხლი (სამინისტროს მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის დროებითი შეჩერება ნიშნავს სამინისტროს მოსამსახურის დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან, სამინისტროს მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობები დროებით შეჩერდება - შვებულების დროს). ამდენად, ინსპექციამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ა. შ-ას მიმართ დისციპლინური სახდელის სახით გამოყენებული უნდა ყოფილიყო - სამსახურიდან დათხოვნა.
მოცემული დავის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს შეადგენს ა. შ-ას მიმართ „დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ ბრძანების გამოცემაზე უფლებამოსილ პირად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიჩნევის კანონიერება.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს პოლიციის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, პოლიციის ორგანიზაციული მოწყობის სამართლებრივ საფუძვლებს, პოლიციის ფუნქციებს, საპოლიციო ღონისძიებებსა და პოლიციის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების სამართლებრივ ფორმებს, პოლიციაში სამსახურის გავლის წესს, პოლიციელის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებს, პოლიციის საქმიანობის კონტროლს. ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პოლიციის სამსახურები სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებენ სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახით.
ამავე კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პოლიციაში სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტებით.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს ერთიანი სისტემის შემადგენლობაშია: სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, ტერიტორიული ორგანოები, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები.
ზემოაღნიშნულ დანაწესთან დაკავშირებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად აღნიშნეს, რომ სამინისტროს სისტემაში გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს მინისტრი. ამასთან, მინისტრი უფლებამოსილია, მართვის ეფექტურობის მიზნით, საკუთარი უფლებამოსილებების დელეგირება განახორციელოს სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ სხვა პირზე ისე, რომ თვითონაც შეინარჩუნოს იგივე უფლებამოსილება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე დასაქმებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალის (დეპარტამენტი) ...ის სამმართველოს ...ის განყოფილების უფროსის (პოლიციის მაიორის) თანამდებობაზე. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამინისტროს ხელმძღვანელობს შინაგან საქმეთა მინისტრი (შემდგომში ‑ მინისტრი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ამავე დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორისაა საჯარო სამართლის იურიდიული პირი ‑ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნის წესს და აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილებას განუსაზღვრავს მინისტრს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს (41-ე მუხ. მე-2 პუნქტ.).
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდება“ განსაზღვრავს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საფუძვლებს, სახდელებისა და წახალისების სახეებს, საქმისწარმოებისა და მოსამსახურეთათვის დისციპლინური სახდელების შეფარდებისა და მოხსნის წესს (პირვ. მუხ. პირვ. პუნქტ).
გასათვალისწინებელია, რომ „წესდება“ დისციპლინური პასუხისმგებლობის წესს ადგენს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიმართ და შესაბამისად, იგი ერთნაირად შეეხება როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამინისტროს მოსამსახურეს (პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე, სამოქალაქო პირი, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურე), აგრეთვე, ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სსიპ-ის მოსამსახურეს (სსიპ–ის პოლიციელი, სამოქალაქო პირი, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურე).
„წესდებით“ განსაზღვრულია დისციპლინური გადაცდომის სახეები, რომელთა შორისაა: სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა; ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ; მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს (მე-2 მუხ. მე-2 პუნქტ.).
„წესდებით“ აგრეთვე დადგინდა დისციპლინური სახდელის სახეები: შენიშვნა; საყვედური; სასტიკი საყვედური; სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; თანამდებობიდან ჩამოქვეითება; სპეციალური ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; სამსახურიდან დათხოვნა (მე-3 მუხ.).
დისციპლინურ სახდელთა შეფარდებასა და მოხსნაზე უფლებამოსილები პირები არიან: შინაგან საქმეთა მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები; სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები; სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების უფროსები; სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელი პირები; სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი პირი („წესდების“ მე-4 მუხ. მე-2 პუნქტ.).
„წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაცდომის გამოვლენისას სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი პირები სამინისტროს გენერალურ ინსპექციას შემდგომი რეაგირებისათვის, წერილობითი ფორმით (წარდგინება) უგზავნიან გადაცდომის ამსახველ ფაქტებსა და გარემოებებს, რაზედაც დისციპლინური გადაცდომის ამსახველ დასკვნას ადგენს სამინისტროს გენერალური ინსპექცია და სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან მოსამსახურის დანიშვნა-გათავისუფლებაზე უფლებამოსილი პირი („წესდების“ მე-4 მუხ. მე-3 პუნქტ.).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თანამშრომლის მიერ შრომის დისციპლინის წესის დარღვევისა და ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევის შემთხვევაში, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელ პირებს „წესდებით“ განესაზღვრათ დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნის შედგენის, დისციპლინური სახდელის დადების საკითხის განხილვის უფლებამოსილება, გარკვეულ შემთხვევებში (მე-4 მუხ.მე-4 პუნქტ.). ხოლო ამავე წესდების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილია, რომ ზემოაღნიშნულ პირებს უფლება არ აქვთ, მათ მიერ დისციპლინური სახდელის დადებისას გამოიყენონ სამსახურიდან დათხოვნა.
ამდენად, იმ დისციპლინური გადაცდომის სახეების არსებობისას, რომლებიც შეეხება სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობას, ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართულ უღირს საქციელს (განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ) და მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედებას, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელი პირები გადაცდომის ამსახველ ფაქტებსა და გარემოებებს უგზავნიან სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, რაზედაც ეს უკანასკნელი ადგენს დასკვნას, ხოლო სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან მოსამსახურის დანიშვნა–გათავისუფლებაზე უფლებამოსილი პირი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ ჩადენილ გადაცდომაზე დასკვნის მომზადება სამინისტროს გენერალური ინსპექციის ვალდებულებაა, ხოლო სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან მოსამსახურის დანიშვნა-გათავისუფლებაზე უფლებამოსილი პირი. განსახილველ შემთხვევაში, არ დასტურდება მოსარჩელის მიერ ისეთი გადაცდომის ჩადენა, რომლის ამსახველი დასკვნის შედგენის, დისციპლინური სახდელის დადების საკითხის განხილვის უფლებამოსილებას „წესდება“ სსიპ-ის ხელმძღვანელ პირს ანიჭებს, მეტიც, სსიპ-ის ხელმძღვანელებისთვის ამ უფლებამოსილებათა მინიჭების პირობებშიც, „წესდების“ მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, სსიპ-ის ხელმძღვანელები იზღუდებიან დისციპლინური სახდელის სახით სამსახურიდან დათხოვნის გამოყენებისაგან. ამასთან, მინისტრის მიერ უფლებამოსილების დელეგირება სხვა თანამდებობის პირზე არ გულისხმობს მინისტრისათვის შესაბამისი უფლებამოსილების გაუქმებას. ამდენად, საფუძვლესაა მოკლებული კასატორის მითითება, რომ მოსარჩელე დანიშნული იყო სსიპ მომსახურების სააგენტოს დირექტორის მიერ და მის გათავისუფლებაზე უფლებამოსილ პირს სწორედ სააგენტოს დირექტორი წარმოადგენდა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დავის საგანი ეხება შინაგან საქმეთა მინისტრის უფლებამოსილების ფარგლებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - მომსახურების სააგენტოში დასაქმებულ პირთა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შესაძლებლობას. აქტის არარად ცნობა დამოკიდებულია სამართალდარღვევის ხასიათზე. ადმინისტრაციული აქტის არარად ცნობა ყველაზე რადიკალური ზომაა, აღნიშნული შესაძლოა უფლებამოსილების მნიშვნელოვანი გადამეტების და უფლების მნიშვნელოვანი შეზღუდვის შემთხვევაში. არარა აქტი გამოცემისთანავე არარაა, ის არ ცვლის სამართლებრივ მდგომარეობას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადავო აქტი არ ექცევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედების სფეროში.
რაც შეეხება თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნების საფუძლიანობას, სააპელაციო პალატამ სწორად აღნიშნა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი საკანონმდებლო დანაწესების შესაბამისად, კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას და განაცდური ხელფასის ანაზღაურებას უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების თაობაზე აქტის გაუქმებას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა, შესაბამისად, არ არსებობს ა. შ-ას მოთხოვნების ამ ნაწილში დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. შ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე