Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით

საქმე №ბს-713(კ-21) 30 მაისი, 2023 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - შპს „ე...“
მესამე პირი - სს „ჯ...“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ხელშეკრულების დადების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ე...მა“ (ყოფილი შპს „ექ...“) 2017 წლის 30 ივნისს სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ბათილად ყოფილიყო ცნობილი ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 13 მარტის №368 ბრძანება, რომლითაც 2014 წლის 26 სექტემბრიდან შეწყვეტილად ჩაითვალა 2014 წლის 13 ივნისს თვითმმართველი ქალაქ რუსთავსა და შპს ,,ექ...ს“ შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის №06/53 ხელშეკრულება 700 ცალი ...ის შესყიდვის თაობაზე და მოპასუხეს დავალებოდა ხელშეკრულების დადება საჭირო ოდენობის ...ის ( ...ის) მიწოდებასთან დაკავშირებით.
სარჩელის მიხედვით, 2014 წლის 13 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა №06/53 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა მოპასუხის მხრიდან 700 ცალი ...ის შესყიდვას მოსარჩელისაგან. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 471 996 ლარს, ხოლო მოქმედების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 31 დეკემბერი. მოპასუხის 2014 წლის 26 სექტემბრის №1/7161 გადაწყვეტილებით, შპს ,,ექ...ს“ მიმართ შეწყდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2014 წლის 13 ივნისის №06/53 ხელშეკრულება. მოპასუხის მხრიდან სს ,,ჯ...ს“ მეშვეობით, ჩამოჭრილი იქნა საგარანტიო თანხა მოსარჩელის საბანკო ანგარიშიდან 24200 ლარის და 7000 ლარის ოდენობით. ამასთან რეგრესის წესით მოსარჩელის საბანკო ანგარიშიდან ჩამოჭრილი იქნა თანხა 16 000 ლარის, სულ 47 200 ლარის ოდენობით. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2014 წელს დაიწყო სასამართლო დავა. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ექ...ს“ წარმომადგენლის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი აქტი; სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,ექ...ს“ მიმართ კანონშეუსაბამოდ იქნა შეწყვეტილი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2014 წლის 13 ივნისის №06/53 ხელშეკრულება. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხე მხარის მიერ გასაჩივრდა სააპელაციო წესით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 08 სექტემბრის გადაწყვეტილებით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. 2017 წლის 13 მარტს მოპასუხის მიერ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება, თუმცა მოპასუხე მხარემ, ისევ იგივე საფუძვლით, უკანონოდ შეწყვიტა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ მხარეებს შორის არსებული 2014 წლის 13 ივნისის №06/53 ხელშეკრულება.
მოპასუხის - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მისი მითითებით, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, შპს „ექ...მა“ თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მიერ გამოცხადებულ ... ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობითა და შემდგომში 2014 წლის 13 ივნისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №06/53 ხელშეკრულებით, გამოხატა ნება და იკისრა ვალდებულება შეესრულებინა ყველა ის პირობა, რაც ხელშეკრულებით იქნა განსაზღვრული. 2014 წლის 13 ივნისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №06/53 ხელშეკრულება შეიცავდა ყველა არსებით პირობას: ხელშეკრულების საგანს, რომლის აღწერა მოცემული იყო ხელშეკრულების დანართ №1-სა და ტექნიკურ დავალებაში, ხელშეკრულების ღირებულებას, საქონლის მიწოდების ვადას, ადგილს და ნაკისრი ვალდებულების დარღვევისთვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. ხელშეკრულებაში ცალსახად განისაზღვრა ხელშეკრულების საგნის ის ხარისხი, რაც მიმწოდებელს უნდა წარმოედგინა. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2014 წლის 24 ივლისის №003832814 ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ მიმწოდებელმა ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით განსაზღვრული, შეთანხმებული ხარისხის საგნის ადმინისტრაციული ორგანოსთვის წარდგენა. მიუხედავად იმისა, რომ ... უმეტესი მაჩვენებლით შეესაბამებოდა ხელშეკრულების დანართ №1-სა და ტექნიკური დავალებით გათვალისწინებულ პირობებს, უნდა აღინიშნოს, რომ შეუსაბამობა იყო ...ის ისეთ ძირითად მახასიათებლებთან, როგორიცაა მისი წონა, მოცულობა, ...ის თავისთავად დახურვა და პარამეტრები. აღნიშნული ცალსახად გულისხმობს, რომ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საქონელი იყო ნაკლიანი, რაც შემსყიდველის ინტერესებში არ შედიოდა და მას წარმოეშვა უფლება მოეთხოვა უნაკლო ნივთის წარდგენა. 2014 წლის 25 აგვისტოს №1/6445 წერილით შპს „ექ...ს“ გაეგზავნა ექსპერტიზის დასკვნა და ეთხოვა გამოესწორებინა არსებული ხარვეზები. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, აღნიშნულისათვის გათვალისწინებული იყო 10 დღე, თუმცა მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიჩინა გულისხმიერება და ერთი თვის შემდეგ, უნაკლო ნივთის წარმოუდგენლობის გამო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე (1), 490-491 მუხლების თანახმად, კანონიერად მოშალა 2014 წლის 13 ივნისის №06/53 ხელშეკრულება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში, მესამე პირად ჩაება სს „ჯ...“. მესამე პირს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 მაისის გადაწყვეტილებით სს „ე...ს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 13 მარტის №368 ბრძანება მხარეთა შორის არსებული 2014 წლის 13 ივნისის №06/53 სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების 2014 წლის 26 სექტემბრიდან შეწყვეტილად ჩათვლის შესახებ; მოსარჩელის მოთხოვნა ხელშეკრულების გაფორმების გზით, ...ის მიწოდების დავალების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს სრულყოფილად არ ჰქონდა შესრულებული რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით განსაზღვრული გარემოებები. ამასთან მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეული იქნა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, რადგან გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით არ იყო დასაბუთებული მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნაზე უარის თქმის მართლზომიერება და მიზანშეწონილობა, რამაც გამოიწვია მოსარჩელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მოპასუხემ მხარეთა შორის არსებული 2014 წლის 13 ივნისის №06/53 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება 2014 წლის 26 სექტემბრიდან ჩათვალა შეწყვეტილად იმ საფუძვლით, რომ შეუსაბამო იყო ...ის წონა, მოცულობა, თავისთავად დახურვა და მისი პარამეტრები მიუხედავად იმისა, რომ ... უმეტესი მაჩვენებლით შეესაბამებოდა ხელშეკრულების დანართ №1-სა და ტექნიკური დავალებით გათვალისწინებულ პირობებს. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ, შპს ,,მ...სგან“ გამარტივებული ტენდერით შეძენილი ერთი ცალი ...ის ღირებულებამ 870 ლარი შეადგინა, ხოლო მოსარჩელისგან შესაძენი ...ის (ერთი ცალი) ღირებულება 672 ლარს შეადგენდა. მოპასუხემ შპს ,,მ...“ მიერ წარდგენილი ...ის ხელშეკრულების ტექნიკური პირობების შესაბამისობასთან დაკავშირებით ექსპერტიზა არ ჩაატარა, თუმცა მოსარჩელის მიერ წარდგენილ პროდუქციაზე ექსპერტიზა ჩაატარა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა და ელექტრონული ტენდერის გამოუცხადებლობა ეწინააღმდეგებოდა ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მიზანს სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფის შესახებ. სასამართლომ მხარეთა ყურადღება მიქცია იმ გარემოებას, რომ მოპასუხის მიერ ჩატარებული 2014 წლის 24 ივლისის ექსპერტიზის დასკვნის შინაარსი განსხვავდებოდა სასამართლოს მიერ ჩატარებული 2015 წლის 30 ივლისის ექსპერტიზის დასკვნის შინაარსიდან ...ის მოცულობასთან დაკავშირებით, ხოლო ორივე ექსპერტიზის დასკვნისგან განსხვავებული იყო შპს ,,მ...ს“ მიერ წარდგენილი ექსპერტიზის შინაარსი. ამასთან, მოპასუხემ უპირობოდ მიიღო რა ამ უკანასკნელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოების შესახებ, რომ შპს ,,მ...ს“ მიერ წარდგენილი ...ების მოცულობა თითქმის იგივე იყო, რაც მოსარჩელის მიერ წარდგენილ შემთხვევაში (1.0925 კუბ.მ; 1.0283 კუბ.მ). მოსარჩელემ ასევე არ შეაფასა ის გარემოება, რომ შპს ,,მ...“ მიერ წარდგენილი ...ის დასამზადებლად გამოყენებული ფურცლოვანი ლითონის მარკის დადგენა ვერ მოხერხდა, ვერ მოხერხდა ...ის კორპუსის ცხლად მოთუთიების ტექნოლოგიით EN ISO 1461 სტანდარტის შესაბამისობის დადგენა, მოთუთიების ფენის სისქის დადგენა, ხოლო ...ის ...ის წონა, ...ის კონსტრუქციის ზედაპირზე დატანილი სიხისტის ჩაღრმავებები, ...ის გადასაწევი თავსახურის ფორმა, თავსახურის დამჭერი ორი ერთეული ფიქსატორის დამაგრება და თავსახურის წინა მხარეს შემამჭიდროებელი რეზინის საგერმეტიზაციო ლენტის არსებობა მოსარჩელის მიერ წარდგენილ პროდუქციაზეც იყო იგივე. სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელთა მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილმა ...მა ვერ უზრუნველყო თავსახურის თავისთავად დახურვა, თუმცა ასეთის არსებობა არც შპს ,,მ...ს“ მიერ წარდგენილი პროდუქციით იკვეთებოდა, ექსპერტიზის დასკვნით ნაწილში ასეთი არ მითითებულა. სასამართლოს მოსაზრებით, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდებოდა ის გარემოება, რომ შპს ,,მ...ს“ მიერ წარდგენილ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას უფრო მეტი ნდობა გამოუცხადა, ვიდრე მოსარჩელის მიერ წარდგენილ აუდიტორულ დასკვნას, ვინაიდან ასეთ უპირატესობას მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა, ხოლო წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის გადაუმოწმებლობა სასამართლოს აძლევდა ვარაუდის საფუძველს საქმის გარემოებების იდენტურობის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების შესახებ.
პირველის ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 490-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს არ მიეცა და არ მოეთხოვა ნივთის შეცვლის გონივრული ვადა მაშინ, როდესაც ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2014 წლის 31 დეკემბერს მთავრდებოდა, თუმცა ხელშეკრულება 26 სექტემბერს ცალმხრივად შეწყდა. მოპასუხეს არც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 492-ე მუხლის შესაბამისად ნაკლის გამოუსწორებლობის ან შეუცვლელობის არსებობისას ფასის შემცირება მოუთხოვია. შესაბამისად სასამართლომ დაასკვნა, რომ ქალაქის რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული 2017 წლის 13 მარტის №368 ბრძანება არსებითად ეწინააღმდეგებოდა სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.
სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის ...ის (...ის) მიწოდების დავალების ნაწილში იმ მოტივით, რომ გასული იყო მხარეთა შორის არსებული 2014 წლის 13 ივნისის №06/53 ხელშეკრულებით გათვალისწინებული 700 ცალი შემკრები ...ის (...ის) მიწოდების ხელშეკრულებით დადგენილი ვადა და მოპასუხის მიერ აღნიშნული ... შეძენილი იქნა შპს ,,მ...სგან“ 2015 წლის 12 ივნისს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად უარყოფის მოთხოვნით. გადაწყვეტილება შპს „ე...ს“ არ გაუსაჩივრებია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ივლისის განჩინებით ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა რუსთავის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძვლები და მიიჩნია, რომ სახეზე იყო ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 13 მარტის №368 ბრძანების ბათილობის კანონით გათვალისწინებული წინაპირობა, შესაბამისად არ არსებობდა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის - ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის განმარტებით, ვალდებულების შესრულება წარმოადგენს ვალდებულებითი სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს. ისევე, როგორც კონტინენტური სამართლის სისტემის ქვეყნებში, საქართველოს შემთხვევაშიც ვალდებულების შესრულების მომწესრიგებელ ნორმებს ძირითადად დისპოზიციური ხასიათი აქვთ - ვალდებულების შესრულება დამოკიდებულია კონკრეტული სახის ვალდებულების შინაარსზე. ვალდებულების შესრულების ლეგიტიმური სახელშეკრულებო ინტერესი სამართლებრივი დაცვის თვალსაზრისით, განსაკუთრებული სიკეთეა ნებისმიერ სამართლებრივ სისტემაში. სახელშეკრულებო ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობა უკვე ვალდებულების დარღვევაა. სსკ-ის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველი კი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ეს ნორმა ნასყიდობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების ცენტრალური მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს. ამ სამართლებრივი ნორმის საფუძველზე აღმოცენებულ მოთხოვნას პირველადი მოთხოვნის უფლება ეწოდება. პირველადი მოთხოვნა მეორადი მოთხოვნისაგან იმით განსხვავდება, რომ უშუალოდ ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს და ხელშეკრულების მხარის მთავარი ინტერესია. ნასყიდობის ხელშეკრულებასთან მიმართებით აღსანიშნავია მყიდველის შემდეგი მეორადი მოთხოვნის უფლებები, რომლებიც მას წარმოეშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი გამყიდველმა დაარღვია სსკ-ის 488-489-ე მუხლებით გათვალისწინებული ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთის გადაცემის ვალდებულება: 1) ნივთის ნაკლის გამოსწორება; 2) ნაკლიანი გვაროვნული ნივთის შეცვლა; 3) ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლა; 4) ფასის შემცირება, თუკი მყიდველი არ ითხოვს ნაკლის გამოსწორებას, ან ახლით შეცვლას და არც ხელშეკრულებიდან გასვლას; 5) უარი საქონლის მიღებაზე, თუკი გამყიდველი მიაწვდის ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე ნაკლები რაოდენობით; 6) მიყენებული ზიანის ანაზღაურება. გამყიდველის მიერ მყიდველისათვის ნაკლიანი ნივთის გადაცემისას, ნაკლის გამოსწორების ან ნაკლიანი ნივთის შეცვლის მოთხოვნის უპირატესი გამოყენება, უდავოდ გამომდინარეობს სსკ-ის 490-ე, 491-ე, 492- ე, 494-ე მუხლების დანაწესებიდან. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნაკლის გამოსწორების ან ნაკლიანი ნივთის შეცვლისათვის განსაზღვრული ვადა უშედეგოდ გაივლის, მყიდველს ეძლევა შესაძლებლობა განახორციელოს სხვა მეორადი მოთხოვნები, როგორიცაა ხელშეკრულებიდან გასვლა, ფასის შემცირება თუ ზიანის ანაზღაურება.
საკასაციო პალატა დოქტრინასა და სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით, აგრეთვე, სამოქალაქო კოდექსის 405-ე და 352-ე მუხლების გაანალიზების საფუძველზე განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება კანონმდებლის მიერ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარისათვის მინიჭებული უფლებაა და მისი თავისებურება იმაშია, რომ ამისთვის არ არის აუცილებელი მეორე მხარის თანხმობა. სამოქალაქო კოდექსი და სხვა კერძოსამართლებრივი კანონმდებლობა შეიცავს აგრეთვე ისეთ ნორმებს, რომლებიც გამოიყენება მოთხოვნის საფუძვლით გათვალისწინებული წინაპირობების შემოწმებისას და ამდენად, ასრულებს დამხმარე ფუნქციას. დამხმარე ხასიათის ნორმებს განეკუთვნება ასევე უშუალოდ სამართლებრივი შედეგის დამფუძნებელი უფლების მომწესრიგებელი ნორმები, ისინი პირს სამართლებრივი შედეგის მოდიფიცირების უფლებას ანიჭებს ხელშეკრულების მეორე მხარის თანხმობის არსებობის მიუხედავად. დამფუძნებელია უშუალო სამართლებრივი შედეგის წარმომშობი უფლება, რომელიც პირს ანიჭებს უფლებამოსილებას, ცალმხრივი ნების გამოვლენით წარმოშვას, შეცვალოს ან გააუქმოს სამართლებრივი შედეგი. ასეთ დამფუძნებელ უფლებათა რიცხვს მიეკუთვნება ხელშეკრულებიდან გასვლა, რომელიც სკ-ის 355-ე მუხლის თანახმად, ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით. დამფუძნებელი უფლება განხორციელებულია ანუ შესაბამისი ნების გამოვლენა ნამდვილია იმ მომენტიდან, როდესაც იგი ხელშეკრულების მეორე მხარეს მიუვა, კერძოდ, მოხვდება მიმღების ძალაუფლების სფეროში და ამ უკანასკნელს ექნება მისი შინაარსის რეალურად განხორციელების შესაძლებლობა (იხ. დამატებით: დ. კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, 2009, 246.). ამ უფლებათა განსხვავებული სტატუსი, ცხადია, არ გამორიცხავს მათ განხორციელებას სასამართლოსათვის მიმართვის გზით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმე Nას-362-2021).
ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება კანონით გათვალისწინებული უფლებაა. ამიტომ კანონი ამომწურავად განსაზღვრავს ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლებსა და წესს, კერძოდ, იმას, თუ როდის შეუძლია ხელშეკრულების მხარეს მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა (სსკ-ის 405-ე, 352-359 -ე მუხლები). თუმცა, ეს არ გამორიცხავს, რომ მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებიდან გასვლის დამატებით პირობებზე. ხელშეკრულებიდან გასვლის, როგორც მეორადი მოთხოვნის უფლების საფუძვლები, შეიძლება დაიყოს მატერიალურ და ფორმალურ ნაწილებად. მატერიალურში იგულისხმება ვალდებულების დარღვევა, ხოლო ფორმალურში დამატებითი ვადის დაწესება (გაფრთხილება) და ხელშეკრულებაზე უარის თქმის შეტყობინება.
ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის კანონისმიერი წინაპირობებია: ა) ნამდვილობა (უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობის ზოგად პირობებს); ბ) მოვალის მხრიდან ხელშეკრულების არსებითი პირობის მნიშვნელოვანი დარღვევა. დარღვევა არსებითი ხასიათისაა, თუ მოვალის მხრიდან ძირითადი ვალდებულების დარღვევის გამო, ფაქტობრივი შესრულების დანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლებელი ხდება ან იკარგება მომავალში მისი შესრულების იმედი ანდა კრედიტორს ეკარგება შესრულებისადმი ინტერესი; გ) ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ განცხადების გაკეთებით მონაწილე მთლიანად გადის ხელშეკრულებიდან, რადგანაც კანონით დაუშვებელია ხელშეკრულებიდან ნაწილობრივი გასვლა; დ) მიუხედავად ვალდებულების მნიშვნელოვანი დარღვევისა, მოვალეს არ შეუძლია კრედიტორს მოსთხოვოს ხელშეკრულების ძალაში დატოვება; ე) ვალდებულების დარღვევისათვის კრედიტორი მთლიანად ან უმთავრესად არ არის პასუხისმგებელი; ვ) მოთხოვნას არ უპირისპირდება შესაგებელი, რომელიც უკვე წარმოდგენილია ან წარდგენილი იქნება დაუყოვნებლივ მოვალის მიერ, თუკი კრედიტორი უარს იტყვის ხელშეკრულებაზე (მაგალითად, შესაგებელი ვალდებულების გაქვითვაზე); ზ) სახეზეა კრედიტორის იურიდიული მოქმედება - ხელშეკრულებიდან გასვლისათვის მიცემული გონივრული ვადა, თუ ხელშეკრულებით ასეთი ვადა არ ყოფილა დადგენილი, ანდა, თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა - გაფრთხილება (იხ. დამატებით: მ.თოდუა/ჰ.ვილემსი, ვალდებულებითი სამართალი, თბილისი, 2006, 56; ჰ.ბიოლინგი/პ.ლუტრინგჰაუსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ცალკეული მოთხოვნის საფუძვლების სისტემური ანალიზი, თბილისი, 2009, გვ.39; შდრ: სუსგ Nას-1003-924-2017, 01 დეკემბერი, 2017.პ.34).
კასატორის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო სამართლით განმტკიცებულია მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი, რომელიც ყველაზე ნათლად ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების თავისუფლება ეფუძნება მხარეთა სურვილს, დაამყარონ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა. სახელშეკრულებო სამართალში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ხელშეკრულების შესრულების მომენტის განსაზღვრას. ხელშეკრულებაში ვადის განსაზღვრით შემსყიდველი ხელშეკრულების საგნის მიწოდებას უკავშირებს დროის ფაქტორს, რომელშიც უნდა მოასწროს მხარემ შესრულება. აღნიშნული განმსაზღვრელია ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულებისთვის.
განსახილველ შემთხვევაში, თვითმმართველი ქალაქი რუსთავსა (შემდგომში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი) და შპს ,,ექ...ს“ (შემდგომში - შპს ,,ე...“) შორის 2014 წლის 13 ივნისს გაფორმდა ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ნასყიდობის ხელშეკრულება 700 ცალი ...ის (...) შესყიდვის მიზნით. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 471 996 ლარს. საქონლის მიწოდების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღე, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად - 2014 წლის 31 დეკემბერი.
ამასთან, ,,მიმწოდებლის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების აღწერა მოცემული იყო ხელშეკრულების დანართი N1-სა და ტექნიკურ დავალებაში. ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.4 პუნქტით კი მიმწოდებელი ვალდებული იყო: ა) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულიყო სათანადო ხარისხისა და სრული მოცულობით, იმ ვადაში, რომელიც მითითებულია ხელშეკრულების 6.1 პუნქტში; ბ) მიწოდებული საქონლისათვის ქარხნული წუნის (დეფექტის) აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელმა უზრუნველყოს აღნიშნული დეფექტური საქონლის შეცვლა შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, მოთხოვნიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში“.
ფაქტობრივად, მხარეებმა ხელშეკრულებით თავისუფალი ნების ხელშეკრულების სტანდარტული (საგანი, შესრულების ვადა, ანაზღაურება, პასუხისმგებლობა და ა.შ.) და სპეციალური პირობები განსაზღვრეს დანართი N1-ის საფუძველზე (თუ რა ტექნიკურ პარამეტრებს უნდა აკმაყოფილებდეს ...).
აღნიშნული ვალდებულების ხელშეკრულების ვადაში შესრულების ეტაპზე, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 24 ივლისის N003832814 სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დადგინდა, რომ გამოსაკვლევად წარდგენილი ..., ჩატარებული კვლევის ფარგლებში, უმეტესი მაჩვენებლით შეესაბამებოდა ტექნიკური პირობით დადგენილ მახასიათებლებს; თუმცა ჩატარებული აზომვების შედეგად გამოანგარიშებული ...ის მოცულობამ შეადგინა 0,9945 კუბ.მ ნაცვლად 1.1 კუბ.მ-სა; ბ) ცარიელი ...ის აწონის შედეგად დაფიქსირებული წონა 104.500 კგ. არ ჯდებოდა ტექნიკური პირობით გათვალისწინებული წონის ინტერვალში 110-135კგ.; გ) ...ის ორივე მხარეს გადასაწევ მკლავებისა და გვერდით მზიდებს შორის თავისთავად დახურვისათვის არსებულმა მოწყობილობამ ჩატარებული შემოწმების პროცესში ვერ უზრუნველყო ...ის თავსახურის თავისთავად დახურვა; დ) ...ის აზომილი პარამეტრებიდან ცხრა ზომა არ შეესაბამებოდა ტექნიკური დავალების მოთხოვნებს.
წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე შპს ,,ექ...ს“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტისგან 2014 წლის 25 აგვისტოს No1/6445 წერილით ეთხოვა ხელშეკრულების 7.4 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოსწორება, თუმცა ,,მიმწოდებელმა“ აღნიშნულ ვადაში, არ წარმოადგინა არანაირი შესაგებელი ნაკლიანი შესრულების გამოსწორების მიზნით, მხოლოდ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემდეგ (ხელშეკრულება შეწყდა 26.09.2014წ), 2014 წლის 28 ოქტომბერს, გამოთქვა მზაობა ერთი კვირის ვადაში ახალი ...ების წარმოდგენის თაობაზე, თუმცა აღნიშნული რეალურად არ განუხორციელებია.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად, ახალი გარემოებების საფუძველზე, მუნიციპალიტეტმა 2017 წელს თავიდან შეისწავლა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საკითხი და განახორციელა ნივთის ნაკლის შეფასება; კერძოდ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 30 ივლისის N004147815 სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მცირე რაოდენობის გამოსაკვლევად წარმოდგენილი .../...ის უმეტესი მაჩვენებლები, ჩატარებული კვლევის ფარგლებში, შეესაბამებოდა შპს ,,ექ...სა“ და ქალაქ რუსთავის მერიას შორის არსებული 2014 წლის 13 ივნისის N06/53 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ტექნიკურ მოთხოვნებს. ტექნიკური პირობით დადგენილ მაჩვენებლებს არ შეესაბამებოდა: ა) ჩატარებული აზომვების შედეგად გამოანგარიშებული ...ის მოცულობამ შეადგინა 1.0283 კუბ.მ ნაცვლად 1.1 კუბ.მ-სა; ბ) ...ის ორივე მხარეს გადასაწევ მკლავებსა და გვერდით მზიდებს შორის თავსახურის თავისთავად დახურვისათვის არსებულმა მოწყობილობამ, ჩატარებული შემოწმების პროცესში, ვერ უზრუნველყო ...ის თავსახურის თავისთავად დახურვა; გ) ...ის აზომილი პარამეტრებიდან 9 ზომა არ შეესაბამებოდა ტექნიკური დავალების მოთხოვნებს. EN-840-3 სტანდარტით წარმოებული ...ისათვის მოცულობის გადახრა დასაშვებია +-5%-ის ფარგლებში, ე.ი ...ის მოცულობა შესაძლებელია მერყეობდეს 1.155-1.045 კუბ.მ-ის ინტერვალში, ხოლო ცარიელი ...ის წონა დასაშვებია მერყეობდეს 110-135 კგ.-ის ინტერვალში. ასევე შეფასდა მუნიციპალიტეტის მიერ შპს ,,მ...სთან“ გაფორმებული ხელშეკრულება.
განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დანართი N1-ით მხარეებმა განსაზღვრეს ...ის ტექნიკური პარამეტრები, რომელსაც ექსპერტიზის დასკვნებით (23.07.2014 და 30.07.2015), მიუხედავად იმისა, რომ მიწოდებული ...ების უმეტესი მაჩვენებელი შეესაბამებოდა ხელშეკრულების დანართი N1-ით დადგენილ მოთხოვნებს, ... მაინც შეიცავდა ტექნიკური წუნს წონასთან და თავსახურის თავისთავად დახურვასთან დაკავშირებით, ასევე 9 მაჩვენებელთან მიმართებით.
...ის მოცულობის გადახრისათვის დასაშვები +-5%-იანი ცდომილების მიუხედავად, შპს ,,ე...ს“ მიერ წარმოდგენილი ... მაინც ვერ აკმაყოფილებდა აღნიშნულ ცდომილებას. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ექსპერტიზისთვის ...ების შერჩევა განხორციელდა შემთხვევითობის პრინციპით და შემოწმდა მხოლოდ მცირე ნაწილი (2014 წელს საექსპერტოდ წარდგენილი იქნა 700-დან მხოლოდ 3 ერთეული ...ის ..., ასევე 2015 წელს), 700 ერთეული ...იდან ნახევარზე მეტი ..., იმაზე მეტად ხარვეზიანი (წუნდებული) იყო, ვიდრე 2015 წლის დასკვნაშია მითითებული, ამას ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ერთი და იგივე ექსპერტების მიერ 2014 და 2015 წლებში სხვადასხვა ...ების შემოწმებისას სხვადასხვა დასკვნა იქნა დადებული.
აღნიშნულის საფუძველზე, 2017 წლის მდგომარეობით, სახეზე იყო ნაკლიანი ნივთის წარმოდგენა, რომელიც 2014 წელს მიმწოდებლის მიერ დამატებითი ვადის დაწესების მიუხედავად არ იყო გამოსწორებული. ნაკლის არსებითი ხასიათის შესაფასებლად, მნიშვნელოვანია ...ის მახასიათებელი თვისების და დანიშნულების განსაზღვრა. მუნიციპალიტეტი ...ს იყენებს ...ის ეფექტიანად შეგროვების, განთავსებისა და გარემოს მავნე ზემოქმედებისგან/დაბინძურებისგან დაცვის მიზნით. ამ მიზნის მისაღწევად კი აუცილებელია სწორედ ...ის მოცულობა (რაც მეტი ... თავსდება ...ში, გარემო უფრო დაცულია დაბინძურებისგან), წონა და თავსახურის თავისთავად დახურვა. აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით ხორციელდება ...ის მდგრადობის, ხარისხისა და ფასის განსაზღვრა. შესაბამისად, მუნიციპალიტეტისთვის, ექსპერტიზის დასკვნის მიუხედავად, შპს ,,ე...ს“ მიერ მოწოდებული ...ები დასაბუთებულად იქნა მიჩნეული არსებითი ნაკლის მქონედ.
რაც შეეხება, მუნიციპალიტეტის მხრიდან ნივთის ნაკლის გამო ღირებულების შემცირების თაობაზე შეთავაზების არ გაკეთებას, 2017 წლის 10 მარტის მდგომარეობით, როგორც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 13.03.2017 N368 ბრძანებაშია მითითებული, ხელშეკრულების საგანი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ხელმისაწვდომი აღარ იყო, რადგან ,,მიმწოდებელმა“ შპს ,,ე...მა“ მიწოდებული ნივთი თავად წაიღო (ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილება), შესაბამისად 2017 წლის მდგომარეობით შესაფასებელი ობიექტი აღარ არსებობდა. რეალურად, მხარეებმა ხელშეკრულების მოშლის შედეგად თავად უზრუნველყვეს ერთმანეთისთვის მიღებული შესრულებისა და სარგებლის დაბრუნება.
კასატორის მითითებით, ხელშეკრულებაში ვადის განსაზღვრა ემსახურება ვალდებულების დროულად შესრულების მიზანს. ამ შემთხვევაში, მყიდველის ინტერესი დამოკიდებულია ვადაზე და კონკრეტულ ვადაში შესრულებაზე. ნივთის ვადის გასვლის შემდეგ მიწოდებამ, შესაძლებელია დაკარგოს ხელშეკრულების შესრულების ინტერესი. განსახილველ შემთხვევაში, ნასყიდობის საგნის მიწოდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტმა დაუქვემდებარა დროულ შესრულებას, ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში (ხელშეკრულების მუხლი 6.1). ხელშეკრულების საგნის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო ...ის დროულად შეგროვება და გატანა, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ 2015 წლიდან ...ის მართვის კოდექსის ამოქმედებით გამკაცრდა მუნიციპალიტეტის ვალდებულებები მუნიციპალური ...ის მართვის კუთხით, აღნიშნული ფუნქციის შესრულება, საზოგადოების წინაშე არსებული მაღალი პასუხისმგებლობის გარდა, საკანონმდებლო დონეზეც სავალდებულოდ შესასრულებელი იყო. შესაბამისად მუნიციპალიტეტმა, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, 2015 წელს გადაუდებელი აუცილებლობის გათვალისწინებით, ...ების შესყიდვის მიზნით ხელშეკრულება გააფორმა შპს ,,მ...სთან“. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტისთვის გადაუდებელი აუცილებლობის წინაშე დაყენება გამოიწვია სწორედ შპს ,,ე...ს“ არაჯეროვანმა შესრულებამ.
კასატორის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში საჯარო და კერძო ინტერესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რადგან საჯარო ინტერესი - ...ის შეგროვება, აღემატებოდა და დღესაც აღემატება კერძო ინტერესს, მით უმეტეს იმ შემთხვევაში, როდესაც ვალდებულების დარღვევა გამოწვეულია მოქმედება/უმოქმედობით. შესაბამისად, წარმოდგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები ადასტურებს, რომ მუნიციპალიტეტის მიერ დაცული იქნა სსკ-ის 405 მუხლის მოთხოვნები (შეტყობინების გაგზავნა, დამატებითი ვადის დაწესება და ნაკლის გამოსწორების საშუალება), თუმცა შპს ,,ე...ს“ მიერ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე (ხელშეკრულება შეწყდა შეტყობინების გაკეთებიდან 1 (ერთი) თვის შემდეგ), არ განხორციელებულა დროული რეაგირება (არ წარმოუდგენია მოთხოვნა ვადის გაგრძელებაზე, არ დაუფიქსირებია ნება ნაკლიანი ნივთის გამოსწორებაზე), არ წარმოდგენილა სათანადო ექსპერტიზის დასკვნა იმასთან დაკავშირებით, ტექნიკურ მაჩვენებლებთან მცირეოდენი მეტობა ან ნაკლებობა ახდენდნენ თუ არა უარყოფით გავლენას ...ის სამომხმარებლო თვისებებზე, შესაბამისად სასამართლოს მსჯელობა ხელშეკრულების მოქმედების ვადამდე (2014 წლის 31 დეკემბრამდე) შესრულების წარმოდგენის განსაზღვრის შესახებ, დაუსაბუთებელია.
მუნიციპალიტეტს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ...ებზე დადგენილი წუნის სამომხმარებლო თვისებებზე გავლენის შეფასება სცილდება სასამართლოს უფლებამოსილებას, რადგან ამ საკითხის სრულად შეფასებისთვის აუცილებელია შესაბამისი ცოდნა და შესაბამისი ექსპერტის კონკრეტული დასკვნა, რომელსაც არ პასუხობს არც 2014 და 2015 წელს შედგენილი დასკვნები. ასევე არასწორია სასამართლოს მიერ შპს ,,მ...სგან“ შეძენილი ...ის ღირებულების შეფასება მოსარჩელისაგან შეძენილი ...ის ღირებულებასთან, რადგან საბაზრო ეკონომიკა ყოველდღიურად განიცდის ცვლილებას, შესაბამისად ცვალებადია ფასებიც. განსახილველ შემთხვევაში, შპს ,,ე...სგან“ შესყიდვა განხორციელდა 2014 წელს, ხოლო შპს ,,მ...სთან“ 2015 წელს, ერთი წლის შემდეგ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 03 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განჩინებით, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და გადაწყდა მისი მხარეთა დასწრების გარეშე განხილვა.
შპს „ე...ს“ საკასაციო შესაგებელი არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, გასაჩივრებული განჩინებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების კანონიერების შესწავლის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველი კი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
ამავე კოდექსის 487-ე მუხლის მიხედვით, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი, ხოლო 488-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 490-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში.
ამავე კოდექსის 491-ე მუხლის მიხედვით, მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა 352-ე მუხლის (ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგები) მიხედვით. გამყიდველმა უნდა აუნაზღაუროს მყიდველს გაწეული დანახარჯები. ხოლო 492-ე მუხლის შესაბამისად, თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებული ფასი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა (სუსგ №ას-626-2021, 14.07.2021 წ.).
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თვითმმართველი ქალაქ რუსთავსა (შემდგომში - ,,შემსყიდველი“) და შპს ,,ექ...ს“ (შემდგომში - ,,მიმწოდებელი“) წარმომადგენლებს შორის, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონისა და პრეტენდენტის სატენდერო წინადადების საფუძველზე, 2014 წლის 13 ივნისს გაფორმდა №06/53 ხელშეკრულება 700 ცალი ...ის (...) შესყიდვის თაობაზე. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 471 996 ლარს (ერთი ...ის ფასი - 674.28 ლარი), ხოლო მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 31 დეკემბრამდე. ხელშეკრულების შესრულება უზრუნველყოფილი იყო მიმწოდებლის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების შესრულების 10%-ის ოდენობის შესაბამისი საბანკო/სადაზღვევო გარანტიის სახით.
ხელშეკრულების 2.2 მუხლის მიხედვით, ,,მიმწოდებელის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების აღწერა მოცემული იყო დანართ №1-სა და ტექნიკურ დავალებაში. 7.4 მუხლის თანახმად, ,,მიმწოდებელი“ ვალდებული იყო შეესრულებინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სათანადო ხარისხისა და სრული მოცულობით ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში. მიწოდებული საქონლისათვის ქარხნული წუნის (დეფექტის) აღმოჩენის შემთხვევაში, ,,მიმწოდებელს“ უნდა უზრუნველყო აღნიშნული დეფექტური საქონლის შეცვლა ,,შემსყიდველის“ მოთხოვნის შესაბამისად, მოთხოვნიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. ხელშეკრულების ტექნიკური დავალების 3.2 მუხლით დადგინდა შესყიდვის ობიექტის ტექნიკური პირობები (სულ 17 პირობა); მათ შორის: ...ის ტევადობა, ზომები, .., ცარიელი ...ის წონა; კორპუსის კედლის სისქე; ... ასახდელი მექანიზმის აუცილებლობა და სხვა.
საქმის მასალებით ისიც დადგენილია, რომ მიწოდებული ...ების ხელშეკრულების არსებით პირობებთან შესაბამისობის მიზნით, ,,შემსყიდველმა“ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნა სასაქონლო ექსპერტიზა. ექსპერტიზის 2014 წლის 24 ივლისის №003832814 დასკვნის თანახმად დადგინდა, რომ გამოსაკვლევად წარდგენილი ..., ჩატარებული კვლევის ფარგლებში, უმეტესი მაჩვენებლით შეესაბამებოდა ტექნიკური პირობით დადგენილ მახასიათებლებს; თუმცა ჩატარებული აზომვების შედეგად გამოანგარიშებული ...ის მოცულობამ შეადგინა 0,9945 კუბ.მ ნაცვლად 1.1 კუბ.მ-სა; ბ) ცარიელი ...ის აწონის შედეგად დაფიქსირებული წონა 104.500 კგ. არ ჯდებოდა ტექნიკური პირობით გათვალისწინებული წონის ინტერვალში 110-135კგ.; გ) ...ის ორივე მხარეს გადასაწევ მკლავებისა და გვერდით მზიდებს შორის თავისთავად დახურვისათვის არსებულმა მოწყობილობამ ჩატარებული შემოწმების პროცესში ვერ უზრუნველყო ...ის თავსახურის თავისთავად დახურვა; დ) ...ის აზომილი პარამეტრებიდან ცხრა ზომა არ შეესაბამებოდა ტექნიკური დავალების მოთხოვნებს.
წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე შპს ,,ექ...ს“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტისგან 2014 წლის 25 აგვისტოს №1/6445 წერილით ეთხოვა 10 კალენდარული დღის ვადაში ხარვეზის გამოსწორება, ხოლო 2014 წლის 26 სექტემბრიდან ,,შემსყიდველის“ მიერ შეწყდა 2014 წლის 13 ივნისს თვითმმართველი ქალაქ რუსთავსა და შპს ,,ექ...ს“ შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის №06/53 ხელშეკრულება, ამასთან, მოსარჩელის საბანკო ანგარიშიდან ,,შემსყიდველის“ ანგარიშზე გადაირიცხა საგარანტიო თანხა.
გარდა ზემოაღნიშნული დასკვნისა, საქმეში ასევე მოთავსებულია შპს ,,ს...ის ცენტრის“ 2015 წლის 23 აპრილის ექსპერტიზის დასკვნა №4/006, რომლითაც დადგენილია შპს ,,ექ...ს“ კუთვნილი ...ის ...ის ნიმუშის სრული შესაბამისობა ხელშეკრულების დანართ №1-ით წარმოდგენილ პარამეტრებთან და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობა.
ასევე საქმეში არსებობს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 30 ივლისის N004147815 სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, მცირე რაოდენობის გამოსაკვლევად წარმოდგენილი .../...ის უმეტესი მაჩვენებლები, ჩატარებული კვლევის ფარგლებში, შეესაბამებოდა შპს ,,ექ...სა“ და ქალაქ რუსთავის მერიას შორის არსებული 2014 წლის 13 ივნისის №06/53 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ტექნიკურ მოთხოვნებს. ტექნიკური პირობით დადგენილ მაჩვენებლებს არ შეესაბამებოდა: ა) ჩატარებული აზომვების შედეგად გამოანგარიშებული ...ის მოცულობამ შეადგინა 1.0283 კუბ.მ ნაცვლად 1.1 კუბ.მ-სა; ბ) ...ის ორივე მხარეს გადასაწევ მკლავებსა და გვერდით მზიდებს შორის თავსახურის თავისთავად დახურვისათვის არსებულმა მოწყობილობამ, ჩატარებული შემოწმების პროცესში, ვერ უზრუნველყო ...ის თავსახურის თავისთავად დახურვა; გ) ...ის აზომილი პარამეტრებიდან 9 ზომა არ შეესაბამებოდა ტექნიკური დავალების მოთხოვნებს. EN-840-3 სტანდარტით წარმოებული ...ისათვის მოცულობის გადახრა დასაშვებია +-5%-ის ფარგლებში, ე.ი ...ის მოცულობა შესაძლებელია მერყეობდეს 1.155-1.045 კუბ.მ-ის ინტერვალში, ხოლო ცარიელი ...ის წონა დასაშვებია მერყეობდეს 110-135 კგ.-ის ინტერვალში.
საქმეში წარმოდგენილია ...ის ინსტიტუტის ...ის გამოკვლევისა და ტესტირების დასკვნაც, რომლითაც ...ის შიდა მოცულობამ შეადგინა 1050 ლიტრი, ხოლო წონამ - 114.60 კგ.
ამდენად, შეიძლება დავასკვნათ, რომ საქმის მასალებში მოცემულია ...ების №06/53 ხელშეკრულების დანართ №1-სა და ტექნიკურ დავალებაში მითითებულ პარამეტრებთან შესაბამისობის შესახებ არაერთი დასკვნა, რასთან დაკავშირებითაც მხარეები სხვადასხვა პოზიციებს აფიქსირებენ: მოსარჩელე ადასტურებს მიწოდებული ...ების ხელშეკრულების ტექნიკურ დავალებასთან ნაწილობრივ შეუსაბამობას, თუმცა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცდომილება ჯდება საერთაშორისო სტანდარტის 10% ცდომილების ფარგლებში, ხოლო კასატორის მოსაზრებით, მიწოდებული ნივთი იყო არსებითი ნაკლის მქონე, რაც მოსარჩელის მიერ, მიუხედავად მიცემული ვადისა, არ გამოსწორებულა.
ამდენად, დავის მართებულად გადაწყვეტისთვის, საქმეში წარმოდგენილი საექსპერტო კვლევების გაანალიზებიდან გამომდინარე, უნდა დადგინდეს, ,,მიმწოდებელის“ მიერ ,,შემსყიდველისათვის“ გადაცემულ ...ის შემკრებლებს გააჩნდათ თუ არა იმ სახის ნაკლი, რაც შეუსაბამო იყო №06/53 ხელშეკრულებით დადგენილ არსებით პირობებთან, რის შესაბამისად უნდა შეფასდეს კასატორის მიერ ხელშეკრულების მოშლის მართლზომიერება.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 490-ე, 491-ე და 492-ე მუხლები არაჯეროვან შესრულებასთან მიმართებით, რამდენიმე ალტერნატიულ მოთხოვნას განიხილავს. კერძოდ, თუ მყიდველი დამატებითი ვადის დაწესებით პირველადი მოთხოვნის შესრულების მექანიზმს არ იყენებს, სხვა მეორადი მოთხოვნები, როგორც წესი, არ წარმოიშობა. ხოლო, თუ დამატებითი შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა უშედეგოდ გავიდა, ასეთ შემთხვევაში მყიდველს აქვს ხელშეკრულებიდან გასვლის, ფასის შემცირებისა და, ბრალის არსებობის შემთხვევაში, შესრულების ნაცვლად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, რომელნიც, თავის მხრივ, ალტერნატიულ კონკურენციაში იმყოფებიან ერთმანეთთან. ნიშანდობლივია, რომ ნაკლის გამოსწორებასა და ნაკლიანი ნივთის უნაკლოთი შეცვლას შორის არჩევანის უფლებასთან დაკავშირებით ქართულ სამართალში არჩევანის უფლება გამყიდველს აქვს მინიჭებული (სოფიო ჩაჩავა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში. მტკიცებულების სრულყოფილად გამოკვლევა გულისხმობს თავდაპირველად მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ - მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (სუსგ №ას-1125-1389-09, 26.03.2010 წ.).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასების დროს სასამართლო ხელმძღვანელობს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც თავისუფალია და იმავდროულად კანონის დანაწესითაა შეზღუდული (მუხლი 105). შინაგანი რწმენა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად ყალიბდება. მტკიცებულებათა შეფასება არა სპონტანური და ინტუიციური, არამედ სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს (სუსგ №ას-279-264-17, 21.04.17წ.). მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი მიუთითებს სასამართლოსათვის არა სუბიექტურ მოსაზრებებზე დაყრდნობით მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადგენილად მიჩნევაზე, არამედ, მოსამართლის შინაგან რწმენაზე, რომელიც შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ შეფასებაზეა დაფუძნებული.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ, სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (Seryavin and Others v. Ukraine §§55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, §59; Perez v. France, §80). ამასთან, მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ, ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (Milatova and others v. The Czech republic §59; Niderost-huber v. Switzerland, § 24; K.S. v. finland § 21).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამდენად, სააპელაციო პალატა არა მარტო უფლებამოსილია შეამოწმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებით დარღვევების არსებობა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების შესახებ მსჯელობა, არამედ თავად გამოიკვლიოს და შეაფასოს მტკიცებულებები, რომელიც აუცილებელია საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისთვის. სააპელაციო სასამართლოსაგან განსხვავებით, საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენასთან დაკავშირებული პროცესუალური საქმიანობა გამოიხატება არა ფაქტების დადგენაში, არამედ დასადგენ ფაქტებზე მითითებაში. პროცესუალური დანაწესებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აფასებს არა მტკიცებულებებს, არამედ ამ მტკიცებულებათა სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფასების მართებულობას (სუსგ №ბს-985(კ-20), 24.11.2021 წ.).
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნა 2014 წლის 13 ივნისს დადებული №06/53 ხელშეკრულების კასატორის მიერ უკანონოდ მოშლის და საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსის დარღვევის შესახებ, დაუსაბუთებელია. სასამართლოს მიერ საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები ...ების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პარამეტრებთან დაკავშირებით, ფაქტობრივად არ შეფასებულა, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც საქმეში არსებული დასკვნები ამ მიმართებით მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან, თუმცა გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს მსჯელობას, განსხვავების პირობებში ერთ-ერთი დასკვნისათვის უპირატესობის მინიჭების აუცილებლობის შესახებ. აღსანიშნავია ისიც, რომ სასამართლოს მიერ სადავო საკითხი შეფასდა მხარეებს შორის ვერტიკალური, ქვემდებარეობითი ურთიერთობის ფარგლებში, მაშინ როდესაც ადმინისტრაციულმა ორგანომ ხელშეკრულება ცალმხრივად მოშალა როგორც კრედიტორმა და არა, როგორც საჯარო უფლებამოსილების იმპერატიული ნების გამომხატველმა სუბიექტმა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში არის დაუსაბუთებელი, განჩინება მოკლებულია ამ ნაწილში სამართლებრივ და ფაქტობრივ წინამძღვრებს, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის. ზემოაღნიშნული თავის მხრივ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების პირობაა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე, 410, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.


მოსამართლეები: გ. აბუსერიძე


მ.ვაჩაძე


ბ. სტურუა