საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-157(კ-23) 5 მაისი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 სექტემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ს.ჩ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს.ჩ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და დაზუსტების შემდგომ მოითხოვა: სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 15 დეკემბრის N03-3093/ო ბრძანების ბათილად ცნობა, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის 2020 წლის 2, 3, 4 და 7 დეკემბრის №21 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა მოსარჩელე ს.ჩ-ის ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის ნაწილში, ს.ჩ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით ს.ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 15 დეკემბრის №03- 3093/ო ბრძანება ს.ჩ-ის ოჯახის ნაწილში; მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე - ს.ჩ-ის ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 სექტემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება.
პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საკუთრებაში არსებული (რაც უნდა დასტურდებოდეს საჯარო რეესტრის ამონაწერით) საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყრის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტი იძლევა ეკომიგრანტი ოჯახის განმარტებას, რომლის თანახმად, ეს არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი) და ცხოვრობენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობაში/სახლში ან ბუნებრივი ან ანთროპოგენული კატასტროფების ან/და ასეთი რისკების ზონაში.
განსახილველ შემთხვევაში მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ფართობით - 2 199 კვ.მ. მასზე განთავსებული შენობა- ნაგებობით, რომელიც საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია - ს.ჩ-ის სახელზე, სტიქიური მოვლენების, კერძოდ, მეწყერის შედეგად, ნამდვილად დაზიანდა. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ ს.ჩ-ე უდავოდ წარმოადგენდა ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ, საცხოვრებელი სახლის მიღების მოთხოვნაზე უფლებამოსილ სუბიექტს.
პალატამ აღნიშნა, რომ ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პროცედურა გათვალისწინებულია ზემომითითებული პროცედურის მე-2 მუხლით, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ეკომიგრანტი ოჯახის, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილებას ახორციელებს ამ ბრძანების საფუძველზე, სააგენტოს ან ეკომიგრანტი ოჯახის მიერ მოძიებული საცხოვრებელი სახლის, სააგენტოს მიერ შესყიდვის გზით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით კი, კონკრეტული ეკომიგრანტი ოჯახის განაცხადის დაკმაყოფილებაზე ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისია. ამასთან, ამავე მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, დეპარტამენტის მიერ განაცხადების დამუშავება გულისხმობს შემდეგს: ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების შესწავლას წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, დამატებითი მონაცემების მოძიებასა და აუცილებელი დოკუმენტაციის მოთხოვნას ეკომიგრანტი ოჯახისაგან და/ან შესაბამისი ორგანიზაცია/დაწესებულებისაგან; მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, თითოეული ეკომიგრანტი ოჯახისათვის წინასწარი ქულების მინიჭებას კრიტერიუმების მეშვეობით. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად დეპარტამენტის მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის მცდარი, მონაცემთა ბაზაში განაცხადს მიენიჭება სტატუსი „განაცხადი გაუქმებულია“, რის თაობაზეც ეცნობება განმცხადებელს დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ხსენებული პროცედურის მესამე მუხლით განსაზღვრულია ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის კრიტერიუმები, კერძოდ, საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის მიზნით, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროების შეფასებისას მონაცემთა ბაზაში დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის განსაზღვრისათვის. ეკომიგრანტი ოჯახი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პროცესში. სწორედ კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება ეკომიგრანტი ოჯახებისათვის საცხოვრებელი სახლების განაწილება.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ს.ჩ-ემ 2019 წლის 12 დეკემბერს შეავსო განაცხადი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე, როგორც ეკომიგრანტმა და დააგროვა 16.0 ქულა (სახლს აღენიშნება პირველი კატეგორიის დაზიანება - 10 ქულა; სხვა საცხოვრებელი არ აქვს საკუთრებაში - 6 ქულა). ასევე დადგენილია, რომ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ, 2020 წლის 2, 3, 4 და 7 დეკემბრის (სხდომის ოქმი №21) სხდომაზე განიხილა ს.ჩ-ის ოჯახის საკითხი და არ დააკმაყოფილა მისი განაცხადი, იმ მიზეზით, რომ სახლს შეეცვალა დაზიანების კატეგორია და დააკლდა 3 ქულა, ხოლო 13 ქულა არ აძლევდა კომისიას უფლებამოსილებას განეხილა მოსარჩელის საცხოვრებლით დაკმაყოფილების საკითხი, რადგან განიხილებოდა იმ ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების საკითხი, რომელთაც 16 ან მეტი წინასწარი სარეიტინგო ქულა ჰქონდათ მინიჭებული. ამდენად, მითითებული ოქმის საფუძველზე, სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 15 დეკემბრის №03-3093/ო ბრძანებით, საცხოვრებლით არ დაკმაყოფილდნენ ამ ბრძანების დანართში მოცემული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახები, მათ შორის, ს.ჩ-ის ოჯახი.
პალატამ მიიჩნია, რომ სადავო საკითხის მართებულად გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის დაზიანების ხარისხის განსაზღვრა, რამეთუ ს.ჩ-ის ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთი საფუძველი გახდა მოსარჩელის სახლისთვის მინიჭებული დაზიანების კატეგორიის ხარისხის ცვლილება, რამაც გამოიწვია 3 ქულის დაკლება, რაც აღარ იყო საკმარისი იმისთვის, რომ კომისიის მიერ მომხდარიყო საკითხის განხილვა. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ოჯახს სხვა საცხოვრებელი სახლი არ აქვს საკუთრებაში, რის გამოც მართებულად ჰქონდა მინიჭებული 6 ქულა, სადავო არ გამხდარა.
პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანების მე-3 პუნქტით დამტკიცებულია დანართი N3 „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების კრიტერიუმები“, რომლითაც განსაზღვრულია ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი სახლების დაზიანების კატეგორიები, კერძოდ, დაზიანების პირველი კატეგორია სახეზეა, თუ სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენებით (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარეების ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, ჯდენადი გრუნტი), გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა და არ ექვემდებარება აღდგენას, ხოლო მეორე კატეგორიის დაზიანების შემთხვევაში სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარეების ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, ჯდენადი გრუნტი), გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა, საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას.
დადგენილია, რომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიიდან 2020 წლის 24 იანვარს გაგზავნილი №453 წერილის თანახმად, სახლს მინიჭებული ჰქონდა დაზიანების პირველი კატეგორია, ხოლო დაზიანების მიზეზად მითითებული იყო - მეწყერი. საქმის მასალებში წარმოდგენილი მონიტორინგის ჯგუფის მიერ 2020 წლის 7 ოქტომბერს განხორციელებული მონიტორინგის მასალების მიხედვით, ირკვევა, რომ შემოწმება განხორციელდა ადგილზე, როდესაც გამოვლენილი იქნა, რომ საცხოვრებელი სახლი იყო მძიმედ ავარიული, დახეთქილი იყო საყრდენი კედლები, კარები, იატაკი. სახლს მთლიანად ჰქონდა მიღებული დეფორმაცია. სახლის ქვევიდან გამოედინებოდა წყალი, სახლზე მომდგარი იყო ბორცვი უკანა მხარეს. გეოლოგიური დასკვნით ოჯახი იყო გასაყვანი. საგულისხმოა, რომ აღნიშნული გადამოწმების შედეგად დაზარალების კატეგორია არ შეცვლილა და ისევ მითითებული იქნა პირველი კატეგორია. ამდენად,არ დგინდება, თუ რას დაეყრდნო სადავო აქტის გამოცემისას აპელანტი ადმინისტრაციული ორგანო და რის საფუძველზე განახორციელა მინიჭებული კატეგორიის ცვლილება და შესაბამისად, მინიჭებული ქულის შემცირება.
პალატამ ყურადღება გაამახვილა აგრეთვე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 17 დეკემბრის №5008418821 დასკვნაზე, რომლის თანახმად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფ. ...ში მდებარე საცხოვრებელი შენობა იმყოფებოდა ავარიულ მდგომარეობაში. შენობის კედლებზე არსებული ბზარების წარმოქმნის მიზეზს წარმოადგენდა საძირკველის არათანაბარი ჯდენები. შენობის დაზიანებათა ხარისხობრივი კლასიფიკაციის მიხედვით, შენობას გააჩნდა მე-4 ხარისხის დაზიანება. ჩასატარებელი გამაგრებითი სამუშაოების მოცულობიდან და სირთულიდან გამომდინარე, შენობაზე გამაგრება-გაძლიერებითი ღონისძიებების წარმოება იყო არარენტაბელური და რეკომენდებული იყო სპეციალურად დამუშავებული პროექტის მიხედვით დემონტაჟის განხორციელება. ამდენად, პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის სახლი დაზიანებული იყო იმდენად, რომ საცხოვრებლად იყო უვარგისი, რაც წარმოადგენდა დაზიანების ხარისხის პირველ კატეგორიად მიჩნევის საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ განსახლების საკითხის განხილვისას არასწორად შეუცვალა ეკომიგრანტის სახლს დაზიანების კატეგორია, რის გამოც არამართებულად შეუმცირა 3 ქულა. თავის მხრივ, მოსარჩელის ოჯახისთვის მინიჭებულ ქულათა არასწორმა განსაზღვრამ განაპირობა, კომისიის მხრიდან უსაფუძვლო გადაწყვეტილების გამოტანა, რის გამოც არსებობდა აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით მიღებული სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 15 დეკემბრის №03- 3093/ო ბრძანების ს.ჩ-ის ოჯახის ნაწილში ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნებოდა მოსარჩელის ოჯახი სათანადო საცხოვრებელი ფართით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 სექტემბრის განჩინება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორი თვლის, რომ სააგენტომ მართებულად დააკლო მოსარჩელეს 3 ქულა, რამეთუ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ს.ჩ-ის საცხოვრებლის მდგომარეობა შეესაბამება დაზიანების მე-2 კატეგორიას და არა პირველს. კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო გადაწყვეტილების მიღებისას სააგენტომ გაითვალისწინა ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროები და პრიორიტეტი მიანიჭა ისეთ ოჯახებს, რომლებიც სხვებთან შედარებით უფრო ადრე საჭიროებემ საცხოვრებლით დაკმაყოფილებას, რომლებსაც არ გააჩნიათ არანაირი საცხოვრებელი და საჭიროებენ სასწრაფო განსახლებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ (სადავო პერიოდში მოქმედი) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საკუთრებაში არსებული (რაც უნდა დასტურდებოდეს საჯარო რეესტრის ამონაწერით) საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყრის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა. ამავე პროცედურის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ეკომიგრანტი ოჯახის, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებას ახორციელებს ამ ბრძანების საფუძველზე, სააგენტოს ან ეკომიგრანტი ოჯახის მიერ მოძიებული საცხოვრებელი სახლის სააგენტოს მიერ შესყიდვის გზით.
დადგენილია, რომ ს.ჩ-ემ, როგორც ეკომიგრანტმა, 2019 წლის 12 დეკემბერს შეავსო განაცხადი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე და დააგროვა 16.0 ქულა (სახლს აღენიშნება პირველი კატეგორიის დაზიანება - 10 ქულა; სხვა საცხოვრებელი არ აქვს საკუთრებაში - 6 ქულა).
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 24 იანვრის №453 წერილის თანახმად, სახლს მინიჭებული ჰქონდა დაზიანების პირველი კატეგორია, ხოლო დაზიანების მიზეზად მითითებული იყო მეწყერი.
გასათვალისწინებელია, რომ 2020 წლის 7 ოქტომბერს მონიტორინგის ჯგუფის მიერ მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართზე (ამბროლაურის რაიონის სოფ. ...) განხორციელდა ადგილზე შემოწმება და შეივსო შესაბამისი ფორმა. საცხოვრებელი სახლის ვიზუალურად დათვალიერების შედეგად მონიტორინგის თანამშრომლების მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ საცხოვრებელი სახლი მძიმედ ავარიული იყო, დახეთქილი იყო საყრდენი კედლები, კარებები, იატაკი. სახლს მთლიანად ჰქონდა მიღებული დეფორმაცია. სახლის ქვევიდან გამოედინებოდა წყალი, სახლზე მომდგარი იყო ბორცვი უკანა მხარეს. გეოლოგიური დასკვნით ოჯახი იყო გასაყვანი. მონიტორინგის მასალებში ასევე აღინიშნა, რომ მითითებულ მისამართზე მუდმივად ცხოვრობდა მოსარჩელე - ს.ჩ-ე, ხოლო მისი შვილი მ.ჩ-ე ცხოვრობდა ქ. რუსთავში. ამასთან, დაზიანების ხარისხი შეფასდა პირველი კატეგორიით.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ დადგენილ გარემოებაზე, რომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მცხოვრები მოქ. ს.ჩ-ის საკარმიდამო ნაკვეთის და საცხოვრებელი სახლის არსებული მდგომარეობის შესახებ ვიზუალური საინჟინრო გეოლოგიური დასკვნის თანახმად, ს.ჩ-ის საკარმიდამო ნაკვეთი და ორსართულიანი ხის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს მდ. ლუხუნის მარჯვენა, სამხრეთ-აღმოსავლური ექსპოზიციის ფერდობის შუა ნაწილში და აგებულია შუა იურული ასაკის ქვიშაქვებით და თიხაფიქლებით. ეს ნალექები გადაფარულია მეოთხეული ასაკის ელუვიურ-დელუვიური გრუნტებით: თიხა- თიხნარებით და ღორღით, რომლებშიც გვხვდება დიდი ზომის ლოდებიც. მორფოლოგიურად ფერდობი წარმოადგენს ძველმეწყრულ ფერდობს, რომელიც ხასიათდება ლოკალური გააქტიურებული უბნებით.
საბოლოოდ, დასკვნის თანახმად, საცხოვრებელი სახლის დაზიანების ხარისხის და მისი მეწყრულ ფერდობზე მდებარეობის გათვალისწინებით, საჭიროდ იქნა მიჩნეული მოქ. ს.ჩ-ის ოჯახის გეოლოგიურად მდგრად ადგილზე გაყვანა.
ყურადსაღებია აგრეთვე, საქმეში წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 17 დეკემბრის №5008418821 დასკვნა, რომლის თანახმად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფ. ...ში მდებარე საცხოვრებელი შენობა იმყოფება ავარიულ მდგომარეობაში. შენობის კედლებზე არსებული ბზარების წარმოქმნის მიზეზს წარმოადგენს საძირკველის არათანაბარი ჯდენები. შენობის დაზიანებათა ხარისხობრივი კლასიფიკაციის მიხედვით, გააჩნია მე-4 ხარისხის დაზიანება. ჩასატარებელი გამაგრებითი სამუშაოების მოცულობიდან და სირთულიდან გამომდინარე, შენობაზე გამაგრება-გაძლიერებითი ღონისძიებების წარმოება არარენტაბელურია და რეკომენდირებულია განხორციელდეს დემონტაჟი, სპეციალურად დამუშავებული პროექტის მიხედვით.
დადგენილია, რომ მონიტორინგის მასალები წარედგინა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელ კომისიას, რომელმაც 2020 წლის 2, 3, 4 და 7 დეკემბრის (სხდომის ოქმი №21) სხდომაზე განიხილა ს.ჩ-ის ოჯახის საკითხი და არ დააკმაყოფილა მისი განაცხადი, რადგან კომისიის მიერ შეიცვალა დაზიანების კატეგორია და მოსარჩელეს დააკლდა 3 ქულა, ხოლო 13 ქულა არ აძლევდა კომისიას უფლებამოსილებას განეხილა მოსარჩელის საცხოვრებლით დაკმაყოფილების საკითხი, რადგან განიხილებოდა იმ ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების საკითხი, რომელთაც 16 ან მეტი წინასწარი სარეიტინგო ქულა ჰქონდათ მინიჭებული.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 23 დეკემბრის №03/1062 წერილით ს.ჩ-ეს ეცნობა, რომ სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 15 დეკემბრის №03-3093/ო ბრძანებით, „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის’’ 2020 წლის 2, 3, 4 და 7 დეკემბრის №21 ოქმის საფუძველზე, საცხოვრებლით არ დაკმაყოფილდნენ ამ ბრძანების დანართში მოცემული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახები, მათ შორის №149 ნომრით - ს.ჩ-ის ოჯახი.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად არ გაიზიარეს მოპასუხის პოზიცია იმის თაობაზე, რომ დაზიანება წარმოადგენს II კატეგორიას და კანონიერად მოხდა მოსარჩელისათვის 3 ქულის დაკლება, ვინაიდან სააგენტოს მიერ არ იქნა წარმოდგენილი აღნიშნულის დამატასტურებელი სათანადო მტკიცებულება. უდავოდ არის დადგენილი, რომ ს.ჩ-ის საცხოვრებელი სახლის დაზიანების ხარისხიდან, მისი მდებარეობიდან გამომდინარე საჭიროდ იქნა მიჩნეული მისი ოჯახის სხვა ადგილას გადაყვანა, ამასთანავე, გაიცა ს.ჩ-ის საცხოვრებელი სახლის დემოენტაჟის რეკომენდაცია, დაზიანების ხარისხი შეფასდა პირველი კატეგორიით. მხოლოდ მოპასუხის შეფასება დაზიანების ხარისხთან დაკავშირებით, ვერ გააქარწყლებს საქმეში წარმოდგენილ საინჟინრო-გეოლოგიურ დასკვნას, მონიტორინგის მასალებს, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას. ამრიგად, არ არსებობს ს.ჩ-ის ეკომიგრანტი ოჯახისთვის ქულის დაკლებისა და განსახლებაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლები, რაც გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველს ქმნის.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე