საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია
Facebook Twitter
საქმე №ბს-309(კ-23) 15 ივნისი, 2023 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2021 წლის 14 მაისს შ. ფ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა განახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მეუღლესთან ერთად ცხოვრობს ცაგერის რაიონის სოფელ ნასპერში. აქვს ერთადერთი საცხოვრებელი სახლი, რომელიც ავარიულ მდომარეობაშია, სიცოცხლისათვის საშიშია. შვილები დამოუკიდებლად ცხოვრობენ თავიან ოჯახებში. მეწყრული პროცესების შედეგად საცხოვრებელი სახლის დაზიანებამ მოიმატა, სახლი ჩრდილოეთ მხარეს ჩამოიშალა, კედელი დაიშალა, საყრდენ კედლებს აღენიშნება ბზარები, მოსალოდნელია შენობის მთლიანად ჩამოშლა, რის გამოც იქ ცხოვრება სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ გაცემული ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნით მოსარჩელის ოჯახი ექვემდებარება გეოლოგიურად მდგრად ადგილას გადაყვანასა. ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის 17.11.2020წ. №2852 წერილის შესაბამისად, მოსარჩელის ოჯახი შეყვანილია გარემოს ეროვნულ სააგენტოში გასაგზავნ სტიქიით დაზარალებული პირთა სიაში. შ. ფ-ემ მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე. ადმინისტრაციულმა ორგანომ დაადგინა, რომ მოსარჩელის ოჯახი არ საჭიროებდა გადაუდებელ განსახლებას ქ. ქუთაისში შვილის - ქ. ფ-ეის საცხოვრებელ სახლში ცხოვრების გამო. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება უსაფუძვლოა, ვინაიდან ქ. ფ-ეე სკოლის დასრულებისთანავე საცხოვრებლად გადავიდა ქ. ქუთაისში, იგი არ ეწეოდა საერთო მეურნეობას შ. ფ-ესთან და მისი მეუღლესთან ერთად. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მის შვილს არ სურს მშობლებთან ერთად ცხოვრება, რადგან დაავადებულია ასთმით, აქვს ქრონიკული დაავადებები, დაზიანებული აქვს ნერვული სისტემა და სურს მარტო ცხოვრება. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ის და მისი მეუღლე არიან სოციალურად დაუცველნი.
თბილისის სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 აპრილის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე №3/2841-21 მოსარჩელე შ. ფ-ეის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მ. ფ-ეე.
06.09.2022წ. მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხე. მოსარჩელის დაზუსტებულ მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 8 აპრილის №03-840/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის შესახებ. განსახილველ საქმეზე მოპასუხედ მითითებულ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ფ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 8 აპრილის №03-840/ო ბრძანება, მ. ფ-ეის (შ. ფ-ეის უფლებამონაცვლე) ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის ნაწილში; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ. ფ-ეის ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ბრძანებით შ. ფ-ეის განცხადება არ დაკმაყოფილდა სასწრაფოდ განსახლების საჭიროების არარსებობის გამო. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველთან, კერძოდ იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის ოჯახს შეუფერხებლად შეუძლია ისარგებლოს შვილის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, პალატამ განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით უტყუარად ვერ დასტურდებოდა მოსარჩელის ოჯახის მიერ მითითებული უძრავი ქონებით შეუფერხებლად სარგებლობის შესაძლებლობა, ასევე შეუძლებელი იყო სხვის საკუთრებაში შეუფერხებლად ცხოვრების ფაქტის დადგენა. პალატამ აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც სადავო არ არის მოსარჩელის საკუთრებაში სხვა უძრავი ქონების არარსებობის ფაქტი, უსაფუძვლოა სხვის საკუთრებაზე მითითებით მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
პალატამ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ, შესაბამისი კრიტერიუმებით შეფასების შედეგად, მოსარჩელის ეკომიგრანტ ოჯახს ჯამურად მიენიჭა 17.5 ქულა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული პროცედურის (დანართი №1) იმპერატიული მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე საჭიროებდა საცხოვრებელი ფართით სასწრაფოდ დაკმაყოფილებას. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია და საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები კერძოდ ის, რომ მოსარჩელეს გადაუდებელი განსახლების საჭიროება არ გააჩნია, რადგან შესაძლებლობა აქვს შეუზღუდავად ისარგებლოს ქალიშვილის საკუთრებით, მდებარე ქ. ქუთაისი, ...ს ქ.№13-ში. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის შვილს აქვს ასთმა და არ შეუძლია ...ში ცხოვრება, რის გამოც მშობლებმა შეუძინეს ქუთაისში მდებარე საცხოვრებელი ბინა. კასატორი აღნიშნავს, რომ ფ-ეების ოჯახი მუდმივად ცხოვრობს შვილთან ერთად. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. ფ-ეის სახელზეა აღრიცხული ქ. ქუთაისში, ...ს ქ. №13-ში მდებარე ბინა. ქ. ფ-ეეს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, რის გამოც მარტო ცხოვრება არც შეუძლია. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ 2021 წლის 1 აპრილის სხდომაზე (სხდომის ოქმი №1), შ. ფ-ეის საკითხი განიხილა ხელახლა, მისი 2021 წლის 16 მარტის №12446 და 2021 წლის 18 თებერვლის №7606 განცხადებების საფუძველზე და არ დააკმაყოფილა განაცხადი ალტერნატიული საცხოვრებლის ქონის გამო.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული "ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის კრიტერიუმების" მე-3 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებზე და აღნიშნავს, რომ მოსარჩელის საკითხი გამოკვლეულია სრულყოფილად, ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როდესაც დარწმუნდა მის მართებულობაში. სააგენტომ მოცემულ შემთხვევაში დაიცვა ყველა მოთხოვნა, რაც გათვალისწინებულია საკითხის მომწესრიგებელი აქტები.
კასატორი მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეზე არ იკვეთება კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლებით გათვალისწინებული წესის დარვევით სხდომის ჩატარება. ასევე არ იკვეთება კანონის ისეთ დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საკითხის შესასწავლად სააგენტომ მოიძია საჭირო დოკუმენტაცია, ადმინისტრაციული წარმოება ჩაატარა კანონით დადგენილი წესით, შესაბამისად, არ არსებობს სადავო ბრძანების ბათილად ცნობისა და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებზე, 53-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ სააგენტოს გადაწყვეტილება არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით, რის გამოც უნდა გაუქმდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 8 აპრილის №03-840/ო ბრძანების კანონიერება, მოსარჩელის მ. ფ-ეის, როგორც ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის ნაწილში და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის მოსარჩელის ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის შესახებ კანონით დადგენილი წესით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების ორგანიზების მიზნით, დამტკიცდა „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურა“, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს პროცედურა არეგულირებს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) განსახლების და საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობის საფუძველზე საკუთრებაში გადაცემის წესს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა. ამავე პროცედურის მე-2 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, ბოლო ეტაპზე განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ განსახლებას, მათ შორის იმ ეკომიგრანტი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას. ამავე პროცედურის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის მიზნით, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროების შეფასებისას მონაცემთა ბაზაში დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის განსაზღვრისათვის. ეკომიგრანტ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პროცესში.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესით“ გათვალისწინებულია სოციალური გარანტიები, მათ შორის, განსახლების უფლება ვრცელდება ეკომიგრანტის სტატუსით მოსარგებლე ოჯახებზე. დასახელებული ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ (დანართი №1) მე-2 მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულია შესაბამისი სამსახურის მიერ განცხადების დამუშავების პროცედურა და მოიცავს ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების შესწავლას წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, დამატებითი მონაცემების მოძიებასა და აუცილებელი დოკუმენტაციის მოთხოვნას ეკომიგრანტი ოჯახისაგან და/ან შესაბამისი ორგანიზაცია/დაწესებულებისაგან; მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, თითოეული ეკომიგრანტი ოჯახისათვის წინასწარი ქულების მინიჭებას კრიტერიუმების მეშვეობით. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, დეპარტამენტის მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის მცდარი, მონაცემთა ბაზაში განაცხადს მიენიჭება სტატუსი „განაცხადი გაუქმებულია“, რის თაობაზეც ეცნობება განმცხადებელს დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამავე მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად კი, იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე გადამოწმების შედეგად დადგინდება, რომ ოჯახს ფაქტობრივ მფლობელობაში აქვს საცხოვრებელი სახლი, რომელიც ამ პროცედურით გათვალისწინებული კრიტერიუმებით პრიორიტეტის მოპოვების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის ერთ ან რამდენიმე წევრს არ აქვს საკუთრებაში რეგისტრირებული ან რეგისტრირებულია სხვა პირის სახელზე, რომლითაც სარგებლობს შეუზღუდავად, ოჯახს დააკლდება 6 ქულა ალტერნატიული საცხოვრებელი სახლის კრიტერიუმში.
მოსარჩელე არის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული - ეკომიგრანტი. მოსარჩელე მ. ფ-ეის აწ. გარდაცვლილმა მეუღლემ, შ. ფ-ემ 2021 წლის 16 მარტის №12446 და 2021 წლის 18 თებერვლის №7606 განცხადებებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და ითხოვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალების გამო, მისი ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ, შესაბამისი კრიტერიუმებით შეფასების შედეგად, მოსარჩელის ეკომიგრანტ ოჯახს მიენიჭა 17.5 ქულა.
ქ. ცაგერის 2020 წლის 14 დეკემბრის ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის თანახმად, სოფ. ...ში მცხოვრები მოქ. შ. ფ-ეის საკარმიდამო ნაკვეთზე და საცხოვრებელ სახლზე არ განხორციელდა სახლის განმეორებით შეფასება და ძალაში დარჩა გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ 2017 წელს გაცემული ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა, რომლის მიხედვითაც მოსახლე ექვემდებარება გეოლოგიურად მდგრად ადგილზე გადაყვანას. დადგენილია, რომ მოსარჩელე - მ. ფ-ეის შვილის ქ. ფ-ეის საკუთრებაში ირიცხება ქ. ქუთაისში, ...ს ქუჩა №13ა-ში მდებარე ბინა №47, 34.46 კვ.მ., საკადასტრო კოდი: №....
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 17 ნოემბრის №2852 წერილით დგინდება, შ. ფ-ე შეყვანილია გარემოს ეროვნულ სააგენტოში გასაგზავნ სტიქიით დაზარალებული ოჯახების სიაში. 2017 წლის 25 აპრილის მონიტორინგისა და გადამოწმების ოქმის თანახმად, ცაგერში, სოფელი ...ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ცალი მხარე ჩამონგრეულია, რამდენიმე ადგილას საყდენ კედლებს აღენიშნება გამჭოლი ბზარები, გამაგრებითი სამუშაოების მიუხედავად სახლის დაზიანება კვლავ სახეზეა. გეოლოგიური დასკვნის თანახმად, ოჯახი ექვემდებარება განსახლებას მიმდინარე წლის აპრილის თვეში. ამავე გადამოწმების ოქმის თანახმად, შ. ფ-ე და მისი მეუღლე არიან სოციალურად დაუცველები და სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის 2021 წლის 1 აპრილის №1 ოქმით მიღებული გადაწყვეტილებით, მოსარჩელის განცხადება საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა, იმის გამო, რომ გადაუდებელ განსახლებას არ საჭიროებდა, რადგან აქვს შესაძლებლობა შეუფერხებლად ისარგებლოს შვილის - ქ. ფ-ეის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის 2021 წლის 1 აპრილის №1 ოქმის საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 2021 წლის 8 აპრილს გამოსცა №03-840/ო ბრძანება დანართში მოცემული პირების, მათ შორის მოსარჩელის, როგორც ეკომიგრანტი ოჯახის, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თქმის თაობაზე.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს ცხოვრების ისეთი დონე, საკვების, ტანსაცმლის, ბინის, სამედიცინო მოვლისა და საჭირო სოციალური მომსახურების ჩათვლით, რომელიც აუცილებელია თვითონ მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად, და უფლება უზრუნველყოფილი იყოს უმუშევრობის, ავადმყოფობის, ინვალიდობის, ქვრივობის,
მოხუცებულობის ან მისგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო არსებობის საშუალებათა დაკარგვის სხვა შემთხვევაში.
სასამართლო მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის 31-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, საცხოვრებელ ადგილზე უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ მიიღონ ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს შესაბამისი საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფას, უბინაობის პრობლემების თავიდან აცილებასა და შერბილებას მისი თანდათანობით აღმოფხვრის მიზნით.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მითითებას მასზედ, რომ არ არსებობს მოსარჩელის ეკომიგრანტი ოჯახის გადაუდებელი განსახლების აუცილებლობა შვილის საცხოვრებლით შეუზღუდავად სარგებლობის შესაძლებლობის გამო. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, დაუსაბუთებელია ადმინისტრაციული ორგანოს მტკიცება მ. ფ-ეის შვილის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის გამოყენების სამომავლო პერსექტივების განსაზღვრის კუთხით. საქმეში დაცული სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა №IV-100-ით დგინდება, რომ ქ. ფ-ეე არის შშმ პირი, დაავადებულია ბრონქული ასთმით, აქვს ვარიკოზული დაავადებები. ქ. ფ-ეის განცხადებით ავადმყოფობის გამო არ შეუძლია მშობლებთან ერთად ცხოვრება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დააამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტანტაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექპერტთა დასკვნებით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველი, მოსარჩელის შვილის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით შეუზღუდავად სარგებლობის ფაქტი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით უტყუარად ვერ დასტურდება. საქმეში დაცული მონიტორინგის 25.04.2017 წლის ოქმში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეს და მის მეუღლეს სხვა საცხოვრებელი სახლი არ გააჩნია. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელეს საკუთრებაში არ გააჩნია სხვა უძრავი ქონება უსაფუძვლოა სხვის საკუთრებაზე მითითებით მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც ცაგერის რაიონის სოფელ ...ში მდებარე შ. ფ-ეის სახლიდან მისი ოჯახის განსახლების აუცილებლობა სახლის დაზიანების ხარისხის (I კატეგორია) გათვალისწინებით უდავო იყო, ხოლო მოპასუხის მიერ მითითებული ალტერნატიული საცხოვრებელ სახლთან მიმართებით არ დგინდებოდა მოსარჩელის ცხოვრების ფაქტი და სამომავლო პერსპექტივები, დაუსაბუთებელია გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამდენად, მოსარჩელეს, როგორც ეკომიგრანტს შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, შეეზღუდა სახელმწიფოსგან საცხოვრებლით დაკმაყოფილების კანონით გარანტირებული უფლება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია კასატორის მიერ არ იქნა წარმოდგენილი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: გ. აბუსერიძე


ბ. სტურუა