№ბს-330(კ-20) 31 მაისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 25 ნოემბერს გ. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2016 წლის 7 ნოემბრის №MOD 3 16 01048054 წერილის ბათილად ცნობა, 2016 წლის 15 ოქტომბრიდან სამხედრო სამსახურში აღდგენა, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მე-... საარტილერიო ბრიგადის ... განყოფილების კადრების ოფიცრის თანამდებობაზე დანიშვნა და მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ზღვრული ასაკის 2023 წლის 15 ივლისამდე გაგრძელების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 30 სექტემბრის №2628 ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ... საარტილერიო ბრიგადის შტაბის ...-ის კადრების ოფიცერი (შტატი №...), მაიორი - გ. ბ-ი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის“ მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის განკარგულებაში.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 1 მარტის №488 ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის განკარგულებაში მყოფი, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ... საარტილერიო ბრიგადის შტაბის ყოფილი ...-ის კადრების ოფიცერი, მაიორი - გ. ბ-ი დათხოვნილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2012 წლის 30 იანვრიდან, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის და მე-3 პუნქტის თანახმად.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2016 წლის 30 სექტემბრის №1/4/614,616 გადაწყვეტილებით, 1. კონსტიტუციური სარჩელი - №614-616 (საქართველოს მოქალაქეები - გ. ბ-ი და კ. შ-ი საქართველოს თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ) დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა სამსახურიდან გათავისუფლების შესაძლებლობას კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის ამოწურვის მომენტიდან, თუ არ არსებობდა სამსახურიდან გათავისუფლების კანონით განსაზღვრული სხვა საფუძვლები; 2. №614-616 კონსტიტუციურ სარჩელებზე (საქართველოს მოქალაქეები - გ. ბ-ი და კ. შ-ი საქართველოს თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ) შეწყდა საქმისწარმოება სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანების მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის და „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანების მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით; 3. არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმები ძალადაკარგულად იქნა ცნობილი მითითებული გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ. გვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
2016 წლის 26 ოქტომბერს, გ. ბ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მიუთითა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების თანახმად დადგენილი იქნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ იგი უსაფუძვლოდ დაითხოვა სამხედრო სამსახურიდან და საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების მე-9 თავის მე-5 პუნქტის თანახმად, მოითხოვა სამხედრო სამსახურში აღდგენა, კერძოდ, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მე-... საარტილერიო ბრიგადის შტაბის ...-ის კადრების ოფიცრის (შტატი №...) თანამდებობაზე, სამხედრო სამსახურის გასაგრძელებლად.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2016 წლის 7 ნოემბრის №MOD 3 16 01048054 წერილით განმცხადებელს ეცნობა, რომ მისი მოთხოვნა სამხედრო სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით ვერ დაკმაყოფილდებოდა, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2016 წლის 30 სექტემბრის №1/4/611,616 გადაწყვეტილების გავრცელება ვერ განხორციელდებოდა 2016 წლის 30 სექტემბრამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. ამასთან, განმცხადებლის მიმართ არ არსებობდა სხვა რაიმე სახის გადაწყვეტილება სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით.
2016 წლის 11 ნოემბერს, გ. ბ-მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრს და მოითხოვა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2016 წლის 7 ნოემბრის №MOD 3 16 01048054 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. ასევე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 1 მარტის №488 ბრძანების 95-ე პუნქტის ბათილად ცნობა, მისი სამსახურიდან დათხოვნისა და რეზერვში ჩარიცხვის შესახებ. საჩივრის ავტორმა ასევე მოითხოვა საქართველოს პრეზიდენტის №609 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-9 თავის მე-5 პუნქტის თანახმად ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა მისი სამხედრო სამსახურში აღდგენის თაობაზე.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2016 წლის 17 ნოემბრის №MOD 0 16 01089056 წერილით საჩივრის ავტორს განემარტა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოკლებული იყო კანონიერ შესაძლებლობას განეხილა წარდგენილი მოთხოვნა ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში და მას უფლება ჰქონდა მიემართა სასამართლოსათვის.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედი „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს: საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი. ამავე კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ე“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება, აგრეთვე იმავე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურობის დადასტურება იწვევს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობას საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.
აღნიშნულიდან გამომადინარე, საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივ შედეგებს წარმოშობდა და შესაბამისად, არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტი და მისი ნაწილი ძალას კარგავდა მხოლოდ მისი გამოქვეყნების მომენტიდან, რაც გულისხმობდა იმას, რომ ძალადაკარგულად გამოცხადებამდე, მის საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შედეგად წარმოშობილი სამართლებრივი შედეგები არ უქმდებოდა. იმის გამო, რომ აქტის არაკონსტიტუციურობა არ ვრცელდებოდა არაკონსტიტუციურად გამოცხადებამდე აქტით მოწესრიგებულ სამართალურთიერთობებზე, ერთიდაიგივე ურთიერთობა შესაძლოა განსხვავებულად მოწესრიგებულიყო აქტის არაკონსტიტუციურად ცნობამდე და მის შემდეგ.
შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2016 წლის 30 სექტემბრის №1/4/614,616 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი (ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა სამსახურიდან გათავისუფლების შესაძლებლობას კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის ამოწურვის მომენტიდან, თუ არ არსებობდა სამსახურიდან გათავისუფლების კანონით განსაზღვრული სხვა საფუძვლები) ავტომატურად არ იწვევდა აღნიშნული აქტის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართალებრივი აქტების ბათილად ცნობას, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 30 სექტემბრის №2628 ბრძანებისა (თანამდებობიდან გათავისუფლებისა და ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის განკარგულებაში გადაყვანის შესახებ) და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 1 მარტის №488 ბრძანების (საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ) ბათილად ცნობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელესთან დაკავშირებით გამოცემული აქტები ბათილად არ იყო ცნობილი სასამართლოს მიერ, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ იწვევდა ავტომატურად მათ ბათილად ცნობას, შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2016 წლის 7 ნოემბრის №MOD 3 16 01048054 წერილით მოსარჩელე - გ. ბ-ს სწორად ეთქვა უარი სამსახურში აღდგენაზე.
ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან კანონმდებლობა სამსახურში აღდგენას ცალსახად უკავშირებდა მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა, შესაბამისად, არ არსებობდა მოსარჩელე - გ. ბ-ის სამსახურში აღდგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი. ასევე, არ არსებობდა საფუძველი მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მოსარჩელეს ზღვრული ასაკის 2023 წლის 15 ივლისამდე გაგრძელების დავალების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 იანვრის განჩინებით გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, იგი 2016 წლის 26 ოქტომბრის განცხადებით და 25 ნოემბრის სასარჩელო განცხადებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსაგან და სასამართლოსაგან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული №1/4/614,616 გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტის 1993 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით დამტკიცებული სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების მე-9 თავის მე-5 პუნქტით, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის თანახმად, ოთხოვდა მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო სამსახურში აღდგენას 2016 წლის 15 ოქტომბრიდან და არავითარ პრეტენზიას არ აცხადებდა 2011 წლის 30 სექტემბრიდან 2016 წლის 15 ოქტომბრამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობაზე.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა ემსჯელა 2011 წლის 30 სექტემბრიდან 2016 წლის 15 ოქტომბრამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. სასამართლომ არ განმარტა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და ფაქტობრივად ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შემდეგ კასატორს რატომ არ ჰქონდა უფლება მოეთხოვა სამხედრო სამსახურში აღდგენა, როდესაც „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, იურიდიული ძალა არა აქვს ძალადაკარგულად გამოცხადებული ნორმატიული აქტის საფუძველზე მიღებულ ნორმატიულ აქტს მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი გამოცხადებული ძალადაკარაგულად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2016 წლის 7 ნოემბრის №MOD 3 16 01048054 წერილის ბათილად ცნობა, 2016 წლის 15 ოქტომბრიდან სამხედრო სამსახურში აღდგენა, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მე-... საარტილერიო ბრიგადის ... განყოფილების კადრების ოფიცრის თანამდებობაზე დანიშვნა და მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ზღვრული ასაკის 2023 წლის 15 ივლისამდე გაგრძელების დავალება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 30 სექტემბრის №2628 ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ... საარტილერიო ბრიგადის შტაბის ...-ის კადრების ოფიცერი (შტატი №...), მაიორი - გ. ბ-ი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის“ მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის განკარგულებაში, ხოლო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 1 მარტის №488 ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის განკარგულებაში მყოფი, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ... საარტილერიო ბრიგადის შტაბის ყოფილი ...-ის კადრების ოფიცერი, მაიორი - გ. ბ-ი დათხოვნილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2012 წლის 30 იანვრიდან, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის და მე-3 პუნქტის თანახმად.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ გ. ბ-ის საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ...-ის პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის განკარგულებაში გადაყვანა და შემდგომ, საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში დათხოვნა იმ დროს მოქმედი ნორმატიული აქტის შესაბამისად განხორციელდა.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქმეზე დადასტურებულად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გ. ბ-ის და კ. შ-ის კონსტიტუციური სარჩელის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2016 წლის 30 სექტემბრის №1/4/614,616 გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა სამსახურიდან გათავისუფლების შესაძლებლობას კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის ამოწურვის მომენტიდან, თუ არ არსებობდა სამსახურიდან გათავისუფლების კანონით განსაზღვრული სხვა საფუძვლები.
2016 წლის 26 ოქტომბერს გ. ბ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2016 წლის 30 სექტემბრის №1/4/614,616 გადაწყვეტილების საფუძველზე მოითხოვა სამხედრო სამსახურში აღდგენა, კერძოდ, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მე-... საარტილერიო ბრიგადის შტაბის ...-ის კადრების ოფიცრის (შტატი №...) თანამდებობაზე, სამხედრო სამსახურის გასაგრძელებლად.
განმცხადებელს - გ. ბ-ს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2016 წლის 7 ნოემბრის MOD 3 16 01048054 წერილით ეცნობა, რომ მისი მოთხოვნა სამხედრო სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით ვერ დაკმაყოფილდებოდა, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2016 წლის 30 სექტემბრის №1/4/611,616 გადაწყვეტილების გავრცელება ვერ განხორციელდებოდა 2016 წლის 30 სექტემბრამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. ამასთან, განმცხადებლის მიმართ არ არსებობდა სხვა რაიმე სახის გადაწყვეტილება სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. მისი უფლებამოსილება, შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით.
„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი.
აღნიშნული ორგანული კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ე“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება, აგრეთვე იმავე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურობის დადასტურება იწვევს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობას საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.
„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, არაკონსტიტუციურად ცნობილი სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კარგავს ძალას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან, თუ შესაბამისი გადაწყვეტილება არ ადგენს აქტის ან მისი ნაწილის ძალის დაკარგვის სხვა, გვიანდელ ვადას. ამავე ორგანული კანონის მე-20 მუხლის თანახმად, კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის არაკონსტიტუციურად ცნობა არ ნიშნავს ამ აქტის საფუძველზე ადრე გამოტანილი სასამართლოს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების გაუქმებას, იწვევს მხოლოდ მათი აღსრულების შეჩერებას საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უკუძალა ვერ მიენიჭება და 2016 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი კანონქვემდებარე აქტი ავტომატურად ვერ დაკარგავს თავის მოქმედების ძალას და მისი არაკონსტიტუციურობა ვერ გავრცელდება 2011-2012 წლებში წარმოქმნილ ურთიერთობებზე. ამასთან, საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველი დავის ფარგლებში, სასამართლოს შეფასების საგანს არა გ. ბ-ის სამსახურიდან გათავისუფლების აქტის კანონიერების შეფასება, არამედ მისი სამსახურში აღდგენაზე უარის თქმის შეფასება წარმოადგენს. ამასთან, მართალია, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სწორედ გ. ბ-ის კონსტიტუციური სარჩელის საფუძველზე არის მიღებული, მაგრამ საყურადღებოა ის გარემოება, რომ თავად განთავისუფლების აქტები მხარის მიერ საერთო სასამართლოებში სადავოდ არ გამხდარა (მოსარჩელის მიერ განხორციელდა სარჩელის გამოხმობა). ამდენად, დღეს შეფასების საგანია არა არაკონსტიტუციურ ნორმებზე დაყრდნობით მიღებული გათავისუფლების აქტი, არამედ განთავისუფლების აქტის ძალაში არსებობის პირობებში ადმინისტრაციული ორგანოს უარი სამსახურში აღდგენაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელესთან დაკავშირებით გამოცემული აქტები ბათილად არ არის ცნობილი, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ იწვევს ავტომატურად მათ ბათილად ცნობას, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2016 წლის 7 ნოემბრის №MOD 3 16 01048054 წერილით მოსარჩელე - გ. ბ-ს სწორად ეთქვა უარი სამსახურში აღდგენაზე. ასევე, არ არსებობდა საფუძველი მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მოსარჩელის ზღვრული ასაკის 2023 წლის 15 ივლისამდე გაგრძელების დავალების თაობაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. მაკარიძე