Facebook Twitter
ბს-843(2კს-20) 22 ივნისი, 2023 წ.
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე), მ.ბ-ა, ნ.ს-ა (მესამე პირები)

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ა...“

მესამე პირი - სს „ს...“

დავის საგანი - მოსარჩელის უფლებამონაცვლეობა უძრავი ნივთის გასხვისებისას

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.06.2020წ. განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს „ავ...ამ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ მოპასუხის 24.04.2014წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 02.03.2016წ. განცხადებით მიმართა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს თბილისში, ...ის ქ. N27ა-ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის, კერძოდ, საზღვრების კორექტირების მოთხოვნით. სარეგისტრაციო სამსახურის მიერ წარმოება შეჩერდა ს.კ. ... ნაკვეთთან გადაფარვის გამო. თბილისის სარგისტრაციო სამსახურის 24.04.2014წ. გადაწყვეტილებით აღნიშნული ნაკვეთი კორექტირებული საზღვრებით დარეგისტრირდა ნ.ს-ას და მ.ბ-ას სახელზე, რა დროსაც ნაკვეთის საზღვრებში მოექცა შპს „ავ...ის“ კუთვნილი უძრავი ქონების ღობე, რაც მოსარჩელის მოსაზრებით, 24.04.2014წ. განხორციელებული რეგისტრაციის უკანონობას ადასტურებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.04.2016წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ნ.ს-ა და მ.ბ-ა, ხოლო 07.06.2016წ. განჩინებით - სს „ს...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.02.2017წ. განჩინებით, შპს „ავ...ის“ უფლებამონაცვლედ საქმეში ჩართულ იქნა შპს „ა...“ (შპს „ავ...ა“ შეერწყა შპს „ა...ას“).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.04.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ დასაბუთებით, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 24.04.2014წ. სადავო რეგისტრაციის განხორციელებისას, ს.კ. ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე, შპს „ავ...ის“ საკუთრებაში არსებული ს.კ. ... მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში უკვე იყო რეგისტრირებული შესაბამისი საკადასტრო მონაცემებით, მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების საჯარო რეესტრში ასახვა მოხდა სწორედ მესაკუთრის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზის საფუძველზე, რომლის სიზუსტეზე პასუხისმგებლობა თავად მესაკუთრეს ეკისრებოდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 24.04.2014წ. სადავო რეგისტრაციის განხორციელებისას, ს.კ. ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე ს.კ. ... მიწის ნაკვეთთან ზედდებას ადგილი არ ჰქონია. ყურადღება გამახვილდა აგრეთვე იმ გარემოებაზეც, რომ N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ცვლილების რეგისტრაციის შემდგომ, 2014 წლის დეკემბერში განხორციელდა შპს „ავ...ის“ საკუთრებაში არსებული N... მიწის ნაკვეთის დაყოფა ფართობისა და კონფიგურაციის შეუცვლელად, რა დროსაც ასევე არ დაფიქსირებულა შპს „ავ...ის“ კუთვნილი მიწის ნაკვეთის ზედდება მომიჯნავე მიწის ნაკვეთთან. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ დადასტურდა მესამე პირების საკუთრებაში შპს „ავ...ის“ კუთვნილი ნაკვეთის ნაწილის დარეგისტრირების ფაქტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.04.2017წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „ა...ის“ მიერ (შპს „ავ...ა“ შეერწყა შპს „ა...ს“).
საქმის სააპელაციო პალატაში განხილვისას აპელანტმა იშუამდგომლა თავის უფლებამონაცვლედ შპს „აშ...ის“ ჩართვის შესახებ იმ დასაბუთებით, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. N27ა-ში მდებარე უძრავი ქონების (ს.კ. ...) მესაკუთრე 2019 წლის 25 დეკემბრიდან არის შპს „აშ...ი“. მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ჩართვა ითხოვა აგრეთვე შპს „აშ...მა“ სააპელაციო პალატაში წარდგენილი წერილობითი განცხადებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.06.2020წ. განჩინებით შპს „ა...ის“ უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაერთო შპს „აშ...ი“. პალატამ აღნიშნა, რომ დღეის მდომარეობით ის უძრავი ქონება, რომლის საზღვრების კორექტირების საკითხსაც შპს „ა...ის“ სარჩელი ეხებოდა, შპს „აშ...ის“ საკუთრებაა. შპს „აშ...ის“ დირექტორმა თავადაც აღნიშნა, რომ იგი დაინტერესებული პირია, მის უფლებასა და ინტერესს შეიძლება მიადგეს ზიანი, რის გამო, სასკ-ის 92-ე მუხლის საფუძველზე არსებობს შპს „ა...ის“ უფლებამონაცვლედ საქმეში შპს „აშ...ის“ დაშვების წინაპირობები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.06.2020წ. განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, მ.ბ-ას და ნ.ს-ას მიერ.
კერძო საჩივრის ავტორებმა მ.ბ-ამ და ნ.ს-ამ აღნიშნეს, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. N27ა-ში მდებარე 8277 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს.კ. ...) მესაკუთრე იყო შპს „ა...“, რომელიც ასევე ფლობდა მიმდებარედ არსებულ 209 კვ.მ. მიწის ნაკვეთს. მოგვიანებით 8277 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გაიყო ორ მიწის ნაკვეთად: ფართით 8113 კვ.მ. (ს.კ. ...) და ფართით 164 კვ.მ. (ს.კ. ...). სწორედ აღნიშნულ 164 კვ.მ. მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დაფიქსრიდა ზედდება მესამე პირების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან მიმართებით (ს.კ. ...). კერძო საჩივრის ავტორებმა ყურადღება გაამახვილეს იმ გარემოებაზე, რომ შპს „აშ...მა“ უძრავი ქონება შეიძინა აუქციონზე. ამასთანავე, როგორც საჯარო რეესტრიდან ამონაწერებით დასტურდება სახელმწიფო ქონების აუქციონზე გატანის წინ დაზუსტდა გასაყიდი მიწის ნაკვეთის საზღვრები. სწორედ რეგისტრირებული დაზუსტებული საზღვრებითა და ფართობით მოხდა მიწის ნაკვეთის გასხვისება. შპს „აშ...მა“ ჯამში შეიძინა 8517 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ჯამში შესყიდული აქვს სამი ნაკვეთი) და გადაიხადა შესაბამისი თანხა, იგი ფლობს უძრავ ქონებას სრულად აუქციონზე შესყიდულ ფარგლებში. შეძენილი ფართის გარდა შპს „აშ...ს“ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით რაიმე უფლება არ აქვს, აუქციონის პირობებში სხვა რაიმე დამატებითი უფლებების შესახებ მითითება არ მომხდარა.
კერძო საჩივრის ავტორის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოსაზრებით, ის გარემოება, რომ უძრავი ქონების მესაკუთრე ამჟამად არა შპს „ა...ა“, არამედ შპს „აშ...ია“, არ ქმნის პირველი იურიდიული პირის უფლებამონაცვლედ მეორეს ცნობის საფუძველს, რადგან ამ იურიდიულ პირებს ერთმანეთთან არანაირი სამართლებრივი კავშირი არ აქვთ. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველია უფლებამონაცვლეობა მატერიალურ სამართალში, როდესაც მატერიალური სამართლის ნორმების მიხედვით დასაშვებია სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტების შეცვლა და ახალი სუბიექტი მთლიანად ან ნაწილობრივ თავის თავზე იღებს თავისი წინამორბედის უფლებებს ან მოვალეობებს. შესაბამისად, თუ უფლებამონაცვლეობა მატერიალური სამართლის მიხედვით დასაშვებია, მაშინ დასაშვებია საპროცესო უფლებამონაცვლეობაც (სუსგ 30.01.2018წ. Nას-1477-1397-2017, 07.02.2019წ. Nას-74-2019). ამდენად, სასამართლოს უნდა შეეფასებინა შპს „ა...სა“ და შპს „აშ...ს“ შორის უფლებამონაცვლეობის დადგენის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლების არსებობა. აღნიშნული შპს-ები არიან დამოუკიდებელი იურიდიული პირები და მათ შორის რაიმე სამართლებრივი კავშირი არ არის. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ განმარტა, რომ იურიდიული პირის უფლებამონაცვლეობა წარმოიშობა კანონის ან ნორმატიული აქტის საფუძველზე. საწარმოთა უფლებამონაცვლეობა არსებობს რეორგანიზაციისას, სხვა კომპანიასთან შერწყმისას თუ გამოყოფისას (სუსგ 10.04.2020წ. Nას-1776-2019). კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ დავის დაწყების საფუძველი გახდა მოსარჩელის მიერ მის საკუთრებაში უკვე დაზუსტებული საზღვრების მქონე მიწის ნაკვეთის საზღვრების კიდევ ერთხელ დაზუსტების მოთხოვნა. მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი ნახაზით იცვლებოდა უძრავი ნივთის საზღვრების კონფიგურაცია და ზედდება ხდებოდა 2014წ. დაზუსტებული რეგისტრაციის მქონე მომიჯნავე მიწის ნაკვეთთან. მოსარჩელე შპს „ავ...ა“ შეერწყა შპს „ა...ს“, შესაბამისად, ეს უკანასკნელი განსახილველ დავაში მართებულად ჩაერთო თავდაპირველი მოსარჩელის უფლებამონაცვლედ. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 29.10.2019წ. ბრძანების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 30.10.2019წ. გადაწყვეტილებით ... (ნაკვეთის წინა ნომერი: ...) საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი ამოირიცხა შპს „ა...ის“ კაპიტალიდან და დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად. შემდგომში მოხდა ს.კ ... უძრავი ქონების რეგისტრაციის არაერთგზის დაზუსტება, კერძოდ, მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული ნაგებობების საზღვრების დაზუსტება. აუქციონზე უძრავი ქონების გატანა მოხდა მხოლოდ ამ პროცედურების შემდეგ, ამდენად, უპირობო აუქციონის ფორმით გაიყიდა სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული დაზუსტებული საზღვრების მქონე მიწის ნაკვეთი. აუქციონზე ქონების შემძენი გახდა შპს „აშ...ი“ და აღირიცხა მესაკუთრედ. კერძო საჩივრის ავტორმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „აშ...მა“ შეიძინა N... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი, ხოლო 22.06.2020წ. სიტუაციური ნახაზებით დგინდება, რომ შპს „ავ...ის“ განცხადებაზე თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე (რომლის საფუძველზეც დაიწყო დავა) ასახული უძრავი ნივთი ზედდებაში იყო N... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთთან. ამდენად, თუ შპს „აშ...ი“ დავას გააგრძელებს შპს „ავ...ის“ მიერ 2016 წ. წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფძველზე, ზედდება უდგინდება თავისივე მიწის ნაკვეთთან (ს.კ. ...). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიიჩნევს, რომ არ არსებობს უფლებამონაცვლეობის დადგენის საფუძვლები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების, გასაჩივრებული განჩინებისა და კერძო საჩივრების გაცნობის შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვ.) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყველა სტადიაზე, მათ შორის ზედა ინსტანციის სასამართლოებში. ამდენად, ასკ-ის 1.2, სსკ-ის 92.1 მუხლების შესაბამისად, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში უფლებამონაცვლეობის საფუძველია სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა. საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძვლები სსკ-ის 92-ე მუხლში ამომწურავად არ არის ჩამოთვლილი მათი მრავალფეროვნების გამო, ნორმა აწესებს მხოლოდ უფლებამონაცვლეობის ზოგად პრინციპს - სადავო ურთიერთობებიდან ერთ-ერთი მხარის გასვლას და ასახელებს მხარის გასვლის პრაქტიკაში ყველაზე გავრცელებულ რამდენიმე მაგალითს, როგორებიცაა: მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და იქვე მითითებას ახდენს ნორმაში არარსებული, „სხვა“ საფუძვლით საპროცესო უფლებამონაცვლეობის დადგენის შესაძლებლობაზე. საპროცესო უფლებამონაცვლეობა გულისხმობს მხარეებისა და მესამე პირების შეცვლას იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა. ამდენად, საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველს ქმნის უფლებამონაცვლეობა მატერიალურ სამართალში, როდესაც ახალი სუბიექტი მთლიანად ან ნაწილობრივ თავის თავზე იღებს წინამორბედის უფლებებს და მოვალეობებს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, უძრავი ნივთის გასხვისების შედეგად ძველი მესაკუთრის იურიდიული ინტერესის ახალ მესაკუთრეზე გადასვლის საკითხი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დაინტერესებული მხარე არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ან უნდა გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე, რომლის კანონიერ ინტერესებზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან რეალაქტი. დაინტერესებული მხარის ცნების მნიშვნელობა განპირობებულია იმით, რომ იგი უკავშირდება პირის უფლებას მიიღოს მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში და გამოვიდეს მხარედ სასამართლოში სამართლებრივი დავის განხილვისას. დავა სამართლებრივია, უკეთუ სასამართლოს წინაშე ისმება საკითხი უფლების ან კანონიერი ინტერესის არსებობის შესახებ. ასეთი უფლების არსებობა, ინტერესის კანონით დაცულობის საკითხი სასამართლოს მიერ წყდება საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების მიღებისას. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს შეადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შესაბამისად სახეზეა შეცილებითი სარჩელი. აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მხოლოდ იმ პირს, რომლის უფლებასა და ინტერესს აქტი ან/და მისი გამოუცემლობა აყენებს უშუალო და ინდივიდუალურ ზიანს. იურიდიული (პროცესუალური) ინტერესის დაკმაყოფილება არ არის თვითმიზანი, იგი მატერიალურ-სამართლებრივი ინტერესის დაკმაყოფილებას ემსახურება, პროცესუალური უფლების არსი მატერიალური უფლების გამოვლენაში მდგომარეობს, ამ მიზანს ემსახურება მთელი მტკიცებითი საქმიანობა, აგრეთვე სასამართლოს მიერ მატერიალური სამართლის ნორმების განმარტება. ამასთანავე, პროცესუალურ ინტერესს და პროცესუალურ უფლებას დამოუკიდებელი მნიშვნელობაც აქვს, იმისდა მიუხედავად გააჩნია თუ არა მოსარჩელეს მატერიალური უფლება ან კანონით დაცული ინტერესი (სუსგ 03.06.2021წ. ბს-992(კს-20)), სარჩელის დასაშვებობის წინაპირობების, სარჩელის აღძვრის უფლების მიმნიჭებელი კანონიერი ინტერესის არსებობის დადასტურება შემდგომში სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებლობას არ განაპირობებს, პირის მოსარჩელედ (მოსარჩელის უფლებამონაცვლედ) დაშვების დროს არ მოწმდება სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობა.
საქმის მასალებით დგინდება, რომ ქ. თბილისში, ...ის ქუჩაზე ერთმანეთის მომიჯნავედ ამავე თანმიმდევრობით განლაგებულია შემდეგი ნაკვეთები: ს.კ. ..., ს.კ. ... და ს.კ. .... N... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის ამჟამინდელი მესაკუთრეა მესამე პირი, კერძო საჩივრის ავტორი - მ.ბ-ა, ხოლო N... და N... საკადასტრო კოდების მქონე უძრავი ნივთების მესაკუთრე არის შპს „აშ...ი“, თუმცა სარჩელის აღძვრის დროისათვის ვითარება განსხვავებული იყო. იმ პერიოდში ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის მესაკუთრეები იყვნენ მესამე პირები - მ.ბ-ა და ნ.ს-ა, ხოლო N... და N... საკადასტრო კოდების მქონე უძრავი ნივთების მესაკუთრედ აღრიცხული იყო შპს „ავ...ა“. სარჩელის აღძვრის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ შპს „ავ...ამ“ ვერ მოახდინა თავის სახელზე რიცხული უძრავი ქონების საზღვრის კორექტირება მეზობელ - N... ნაკვეთთან ზედდების დაფიქსირების გამო, შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელით შპს „ავ...ამ“ მოითხოვა მესამე პირების - მ.ბ-ას და ნ.ს-ას სახელზე 24.04.2014წ. განხორციელებული დაზუსტებული რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. სარჩელის აღძვრის შემდგომ შპს „ავ...ა“ შეერწყა შპს „ა...ს“, რის შედეგად N... და N... საკადასტრო კოდების მქონე უძრავი ნივთების მესაკუთრედ აღირიცხა შპს „ა...“, რომლის 100%-იანი წილის მესაკუთრე იყო სახელმწიფო. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 29.10.2019წ. N1/1-5542 ბრძანებით შპს „ა...ის“ კაპიტალიდან ამოღებულ იქნა გარკვეული უძრავი ნივთები, მათ შორის, ქ. თბილისში, ...ის ქუჩაზე მდებარე N... და N... კოდის მქონე ქონება. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 29.10.2019წ. N... წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეთხოვა აღნიშნული ნივთების სახელმწიფოს საკუთრებაში აღრიცხვა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 30.10.2019წ. და 31.10.2019წ. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების საფუძველზე ზემოაღნიშნული ქონების მესაკუთრედ დარეგისტრირდა სახელმწიფო. შემდგომში N... და N... კოდის მქონე უძრავი ნივთებზე გამოცხადდა N... აუქციონი, რომელშიც 13.12.2019წ. გაიმარჯვა შპს „აშ...მა“. აუქციონის შედეგების საფუძველზე 25.12.2019წ. ერთი მხრივ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და მეორე მხრივ შპს „აშ...ს“ შორის დაიდო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზების ნასყიდობის ხელშეკრულება, გაყიდვის ფასის - საპრივატიზებო თანხის: 10 050 000 ლარის გადახდა სადავო არ არის. აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე N... და N... კოდის მქონე უძრავი ნივთებზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მესაკუთრედ აღირიცხა შპს „აშ...ი“. ამდენად, ამ ეტაპზე თავდაპირველი მოსარჩელე - შპს „ავ...ა“ და შემდგომში მის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩართული სუბიექტი - შპს „ა...“ აღარ არიან მ.ბ-ას საკუთრებაში არსებული N... კოდის მქონე მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ნაკვეთების მესაკუთრეები. შესაბამისად, დადგენას საჭიროებს დავის წარმოების იურიდიული ინტერესის ბედი: მეზობელი ნაკვეთების მესაკუთრის ცვლილებით კანონიერი ინტერესის ახალ მესაკუთრეზე გადასვლა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მატერიალური სამართალი ითვალისწინებს ორი სახის უფლებამონაცვლეობას: უნივერსალურს (ზოგად) უფლებამონაცვლეობას, როდესაც უფლებამონაცვლეზე გადადის მისი წინამორბედის ყველა უფლება-მოვალეობა და სინგულარულ (კერძო) უფლებამონაცვლეობას, როდესაც უფლებამონაცვლეზე გადადის მხოლოდ ცალკეული უფლება-მოვალეობანი. უნივერსალური უფლებამონაცვლეობა უფლება-მოვალეობათა მთელი წრის გადაცემას მოიაზრებს მაშინ, როდესაც სინგულარული უფლებამონაცვლეობა უფლება-მოვალეობათა მხოლოდ ნაწილის, რამდენიმე ან თუნდაც ერთი უფლება-მოვალეობების პირისათვის გადაცემას გულისხმობს. ამასთანავე, სინგულარული უფლებამონაცვლეობა, უნივერსალურისგან განსხვავებით, არა მხოლოდ არ გამორიცხავს, არამედ უმეტესად გულისხმობს კიდეც უფლების თავდაპირველი და შემდგომი მფლობელის პარალელურ არსებობას, ერთ-ერთი უფლების სხვა პირისათვის გადაცემა იმთავითვე არ მოიაზრებს უფლების თავდაპირველი მფლობელის, როგორც სამართალსუბიექტის გაქრობას. სინგულარული უფლებამონაცვლეობის ტრადიციული მაგალითია ცესია - მოთხოვნის დათმობა, რა დროსაც მართალია იცვლება მოთხოვნის მესაკუთრე, თუმცა იგი განაგრძობს არსებობას თავისი უფლება-მოვალეობების მასის დანარჩენი ნაწილით, იგი მხოლოდ გადის კონკრეტული სამართალურთერთობიდან და მის ნაცვლად ურთიერთობაში ერთვება სხვა პირი. ამდენად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოსაზრება, რომ ვინაიდან შპს „ა...სა“ და შპს „აშ...ს“ რაიმე ორგანიზაციული კავშირი არ აქვთ და დამოუკიდებლად არსებული სუბიექტები არიან, ამიტომ გამოირიცხება მათი უფლებამონაცვლეობა, არ არის დასაბუთებული, რადგან განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დგინდება, რომ კონკრეტული დავის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შესაფასებელია სინგულარული და არა უნივერსალური უფლებამონაცვლეობის არსებობა. საფუძველს მოკლებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მითითება უფლების გადასასვლელად უფლების მფლობელი იურიდიული პირის რეორგანიზაციის საჭიროების შესახებ. მართალია იურიდიული პირის რეორგანიზაციისას მართლაც წარმოიშობა უფლებამონაცვლე სხვა იურიდიული პირი, თუმცა იურიდიული პირის რეორგანიზაცია უფლებამონაცვლეობის წარმომშობი ერთ-ერთი და არა ერთადერთი შემთხვევაა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კონკრეტულ სამართალურთიერთობაში სუბიექტის ჩანაცვლების არაერთი მექანიზმი არსებობს, მათ შორის შესაძლოა მოაზრებულ იქნეს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებაც. ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას მყიდველი საფასურის გადახდის სანაცვლოდ ხდება ნასყიდობის საგნის მესაკუთრე და ამასთანავე, შესაძლოა გახდეს შეძენილ ნივთთან დაკავშირებული სხვა უფლება-მოვალეობების მატარებელიც, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ უფლება-მოვალეობების პიროვნული ხასიათის გამო მათი სხვა პირისათვის გადაცემა იკრძალება. განსახილველ შემთხვევაში მართალია აღძრულია შეცილებითი სარჩელი, თუმცა სარჩელის შინაარსის გათვალისწინებით დავას მიკუთვნებითი მიზანი აქვს. სარჩელის მიზანია მესამე პირების სახელზე განხორციელებული სადავო რეგისტრაციის ბათილად ცნობის შემდეგ მეზობლად მდებარე უძრავი ნივთის საზღვრების კორექტირება, შესაბამისად, სარჩელს არ აქვს რაიმე კონკრეტული პირისაგან - თავდაპირველი მოსარჩელისაგან განუყოფელი მიზანი. ამ კუთხით გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ფართის დაზუსტების მოთხოვნის საფუძვლად რაიმე სახელობითი უფლებადამდგენი დოკუმენტი, რომელიც ფართზე სახელდობრ შპს „ა...ის“ უფლებას დაადასტურებდა და რეგისტრირებული უძრავი ქონების შემდგომი მესაკუთრის მიერ ამ ქონების საზღვრების კორექტირების მოთხოვნის შესაძლებლობას გამორიცხავდა, საქმეში დაცული არ არის და მასზე ვერც კერძო საჩივრის ავტორები უთითებენ. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ უფლებამონაცვლეობის დადგენის შესაძლებლობა დამოკიდებულია კონკრეტული დავის თავისებურებებზე, სასარჩელო მოთხოვნის მიზანზე, მის ფაქტობრივ თუ სამართლებრივ საფუძვლებზე, ასევე სასამართლოში სადავოდ გამხდარი უფლების შინაარსზე. ნასყიდობის ხელშეკრულების დადება ყველა შემთხვევაში არ მოიაზრებს დავაში მოსარჩელის უფლებამონაცვლის ჩაბმის შესაძლებლობას.
კერძო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის შპს „აშ...ის“ მიერ აუქციონზე ისეთი უძრავი ქონების შეძენა, რომლის რეგისტრაცია უკვე დაზუსტებული იყო და რომლის მახასიათებლებიც კონკრეტულად იყო განსაზღვრული. კერძო საჩივრების ავტორთა აზრით, აღნიშნული გამორიცხავს შპს „აშ...ის“ იურიდიული ინტერესის არსებობას და ამდენად, მოსარჩელის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩართვის შესაძლებლობას. კერძო საჩივრის ავტორთა მიერ მითითებული ზემოაღნიშნული გარემოება მნიშვნელობის მქონე შეიძლება იყოს დავის არსებითი გადაწყვეტისას და არა წარმოდგენილი კერძო საჩივრების საფუძვლიანობის განხივლისას. კონკრეტულ შემთხვევაში საკასაციო პალატა იხილავს მოსარჩელის უფლებამონაცვლედ შპს „აშ...ის“ საქმეში ჩართვის კანონიერებას, იგი არ ახდენს სასარჩელო მოთხოვნათა საფუძვლიანობასა და დასაბუთებულობაზე მსჯელობას, დავის არსებითად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება ცდება კერძო საჩივრის განხილვის ფარგლებს. ამასთანავე, სარჩელის ცხადი უსაფუძვლობის შემთხვევაშიც კი პირს არ ეზღუდება სასამართლო დავის წარმოების შესაძლებლობა, უკეთუ დავის წარმოების მიმართ მისი იურიდიული ინტერესი იკვეთება. განსახილველ შემთხვევაში შპს „აშ...ი“ უთითებს, რომ მის ინტერესს შეადგენს თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საზღვრებისა და ფაქტობრივად არსებული ღობის შესაბამისობაში მოყვანა, საკადასტრო საზღვრის რეალურად არსებული საზღვართან დამთხვევის უზრუნველყოფა. ამდენად, შპს „აშ...ი“ ასახელებს დავის წარმოების პატივსადებ ინტერესს, ასაბუთებს სარჩელზე დამდგარი სამართლებრივი შედეგით დაინტერესებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაინტერესებული მხარის ცნების მნიშვნელობა განპირობებულია იმით, რომ იგი უკავშირდება პირის უფლებას მიიღოს მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში და გამოვიდეს მხარედ სასამართლოში სამართლებრივი დავის განხილვისას. დავა სამართლებრივია უკეთუ სასამართლოს წინაშე ისმება საკითხი უფლების ან კანონიერი ინტერესის არსებობის შესახებ. ასეთი უფლების არსებობა, ინტერესის კანონით დაცულობის საკითხი სასამართლოს მიერ წყდება საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების მიღებისას, რაც შეეხება სარჩელის დასაშვებობას, სარჩელის დასაშვებად მიჩნევისათვის საკმარისია ინტერესის, როგორც ასეთის არსებობა, ინტერესის არსებობის ვარაუდი. მოსარჩელეს უნდა გააჩნდეს დავის მის სასარგებლოდ გადაწყვეტის მიმართ მნიშვნელოვანი იურიდიული ინტერესი (სუსგ 07.07.2016წ. Nბს-383-377(კს-15)), რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, რადგან როგორც მოსარჩელე მხარე უთითებს, მესამე პირების სახელზე განხორციელებული გასაჩივრებული რეგისტრაციით მოხდა მეზობელი (მოსარჩელე მხარის საკუთრებაში არსებული) ნაკვეთის ნაწილის დარეგისტრირება, რის გამო მეზობელი ნაკვეთის ღობე მოექცა მესამე პირთა სახელზე რიცხული ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებში, შედეგად მოსარჩელე მხარის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის საკადასტრო საზღვრები ფაქტობრივად არსებულ ვითარებასთან შეუსაბამოა, რისი გასწორებაც მესამე პირთა რეგისტრაციის ბათილად ცნობით არის შესაძლებელი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის მიზნის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ N... და N... საკადასტრო კოდების მქონე უძრავი ნივთების ამჟამინდელ მესაკუთრეს - შპს „აშ...ს“ დავის წარმოების, მესამე პირთა სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობის ისეთივე ინტერესი აქვს, როგორც მის წინამორბედებს - ჯერ შპს „ავ...ას“, ხოლო შემდგომში შპს „ა...ს“ ჰქონდათ. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით შპს „ა...ის“ უფლებამონაცვლედ შპს „აშ...ის“ ჩართვა მართებულად განხორციელდა. წარმოდგენილი კერძო საჩივრები არ შეიცავს განსახილველ დავაში უფლებამოანცვლეობის დაუშვებლობის სათანადო დასაბუთებას, მათი უმეტესი ნაწილი სარჩელის საფუძვლების უარყოფაზეა ორიენტირებული, რაც ცდება კერძო საჩივრის განხილვის ფარგლებს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს (სკ-ის 198.1 მუხ.), განსახილველ შემთხვევაში სახეზეა უძრავი ნივთის საკუთრებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება (რომლის საფუძვლიანობაც ამ ეტაპზე არ მოწმდება). უკეთუ აღნიშნული მოთხოვნის უფლება უძრავი ნივთის ახალ მესაკუთრეზე არ გადადის, მაშინ მან უნდა შეწყვიტოს არსებობა ან დარჩეს ძველი მესაკუთრის მფლობელობაში, რაც განსახილველ შემთხვევაში შეუძლებელია, რადგან სარჩელის მიზანია უძრავი ქონების საკადასტრო და ფაქტობრივი საზღვრის შესაბამისობაში მოყვანა, მოსარჩელე მხარის მიერ თავის სახელზე არსებული რეგისტრირებული მონაცემების დაზუსტების სურვილს საფუძვლად არ უდევს რაიმე დამოუკიდებელი, განპიროვნებული, დამატებით ფართზე საკუთრების უფლებადამდგენი დოკუმენტი, რაც საზღვრის კორექტირების მოთხოვნის უფლების ახალ შემძენზე გადასვლას გამორიცხავდა. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში უძრავი ქონების საზღვრის კორექტირების მოთხოვნას (რაც სარჩელის მიზანია), არ აქვს პიროვნული ხასიათი (სარჩელის მიზანია უძრავი ნივთის საკადატრო და ფაქტობრივი საზღვრის შესაბამისობის უზრუნველყოფა), რაც უფლებამონაცვლეობის დასაშვებობას ადასტურებს. მხედველობაშა მისაღები აგრეთვე, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონი მარეგისტრირებელ ორგანოში მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის საფუძვლებს შორის არ ასახელებს უძრავი ქონების გასხვისებას (22-ე მუხ.). მართალია წარმოების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების სუბიექტის არარსებობა (22-ე მუხ. „გ“ ქვ.პ.), თუმცა აღნიშნული არ უნდა გაიგივდეს სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების სუბიექტის ცვლილებასთან, განმცხადებლის სხვა პირით ჩანაცვლების შემთხვევასთან, რა დროსაც უფლების მფლობელი სუბიექტი კვლავაც არსებობს, თუმცა შეცვლილია.
განსახილველ საქმეზე უფლებამონაცვლეობის დადგენის გამომრიცხავი საფუძვლების არსებობას არ ადასტურებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მითითება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.04.2020წ. Nას-1776-2019 განჩინებაზე, რადგან კერძო საჩივრის ავტორის მიერ ციტირებული მსჯელობა ასახულია განჩინების აღწერილობით ნაწილში და შეადგენს სააპელაციო სასამართლოს და არა საკასაციო პალატის განმარტებას, ხოლო სააპელაციო პალატის მოსაზრებები არ არის საკასაციო სასამართლოსათვის განმსაზღვრელი. გასათვალისწინებელია, რომ სააგენტოს მიერ მითითებულ საქმეზე სააპალაციო სასამართლოს მიერ დამდგარი სამართლებრივი შედეგის უცვლელად დატოვების მიუხედავად, საკასაციო პალატის Nას-1776-2019 განჩინების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს კერძო საჩივრის ავტორის მიერ ციტირებული მსჯელობის გამეორებას, ხოლო გასაჩივრებული განჩინებაზე/გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა იმთავითვე არ მოიაზრებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში/გადაწყვეტილებაში ასახული მოტივაციის საკასაციო პალატის მიერ სრულად გაზიარებას, სააპელაციო პალატის ყველა დასკვნის მართებულად მიჩნევას.
კერძო საჩივრების ავტორთა მოსაზრება, რომ აუქციონის ფარგლებში მხოლოდ უძრავი ნივთი გასხვისდა და აუქციონის პირობებში დამატებით რაიმე უფლების გასხვისებაზე მითითება არ მომხდარა, რაც საქმეში შპს „აშ...ის“ მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ჩართვას გამორიცხავს, არ არის დასაბუთებული. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უფლებათა გარკვეული კატეგორია იმთავითვე გამომდინარეობს უძრავი ნივთის საკუთრების უფლებიდან და ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას დამატებით აღნიშვნას არ საჭიროებს, მაგ.: უძრავი ქონების შეძენისას სავსებით არ არის საჭირო ხელშეკრულებაში მითითება ისეთ უფლებებზე, როგორებიცაა: ახალი მესაკუთრის მიერ შეძენილი ნივთით სარგებლობა, მისი შეკეთება, შემდგომი გასხვისება, იჯარით გაცემა და სხვ.. განსახილველი უფლებაც სწორედ ასეთ უფლებათა კატეგორიას განეკუთვნება, პირს მიწის ნაკვეთზე თავისი საკუთრების უფლებიდან გამომდინარე აქვს მიწის საზღვრების კორექტირების ზოგადი მოთხოვნის უფლება, რაც საქმეში ახალი შემძენის უფლებამონაცვლედ ჩაბმის შესაძლებლობას განაპირობებს, ხოლო შემდგომში ამ უფლების კონკრეტული რეალიზება რამდენად იმსახურებს დაკმაყოფილებას, დავის არსებითი განხილვის საგანს შეადგენს და ცდება კერძო საჩივრის ფარგლებს.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უთითებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ ... და ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთებს შორის მოქცეულია ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი, შესაბამისად, შპს „აშ...ის“ საკუთრებაში რიცხული ... კოდის მქონე ნაკვეთის საზღვრის დაზუსტება თავისივე საკუთრებაში რიცხული ... კოდის მქონე ნაკვეთის გადაფარვას გამოიწვევს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, ... და ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთებს შორის მართლაც მოქცეულია ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი, რომელიც ისევე როგორც ... ნაკვეთი შპს „აშ...ის“ საკუთრებაშია, თუმცა გაურკვეველია აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების რელევანტურობა წარმოდგენილი კერძო საჩივრების საფუძვლიანობაზე მსჯელობის კონტექსტში. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ ამ ეტაპზე მოწმდება მხოლოდ მოსარჩელის უფლებამონაცვლეობის დასაშვებობის და არა სარჩელის საფუძვლიანობის საკითხები. აქვე საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს, რომ სარჩელი აღძრულია არა საკუთარ ნაკვეთთან გადაფარვის, არამედ მესამე პირების ნაკვეთთან ზედდების აღმოფხვრის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში დავა არც იარსებებდა, რადგან მოსარჩელე (მისი უფლებამონაცვლე) თავისი ნების შესაბამისად შეძლებდა თავისივე საკუთრებაში არსებული ორ ნაკვეთს შორის არსებული საზღვრის კორექტირებას. მიმდინარე დავა იმ საფუძვლით წარმოიშვა, რომ მოსარჩელის (მისი უფლებამონაცვლის) სურვილის შესაბამისად მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საზღვრის კორექტირების შემთხვევაში, საზღვარი ცდება მოსარჩელე მხარის საკუთრების ფარგლებს, მათ შორის ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის საზღვარს და მესამე პირთა საკუთრებაში არსებული ქონების საკადასტრო საზღვარში შეჭრას იწვევს. ამდენად, სააგენტოს ზემოაღნიშნული არგუმენტი სრულად არარელევანტურია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.06.2020წ. განჩინების გაუქმების, კერძო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძვლები. ამასთანავე, მართალია შპს „აშ...ის“ სურვილი საქმეში მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ჩართვის თაობაზე სადავო არ არის, თუმცა საკასაციო პალატა მაინც ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ საქმეში დაცულია შპს „აშ...ის“ 19.02.2020წ. და 22.06.2020წ. განცხადებები, რომლითაც იგი საქმეში მოსარჩელე მხარედ, შპს „ა...ის“ უფლებამონაცვლედ ჩართვას შუამდგომლობს და უფლებამოანცვლეობის დადგენის წინაპირობების არსებობას ასაბუთებს. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში შპს „აშ...ის“ მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ჩართვა სწორედ მისი ნების მხედველობაში მიღებით გახდა შესაძლებელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე, 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, მ.ბ-ას და ნ.ს-ას კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.06.2020წ. განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე



მოსამართლეები: ქ. ცინცაძე



გ. გოგიაშვილი