Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1505(კ-22) 22 ივნისი, 2023 წელი

თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ... „ვ...“

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 08 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება




აღწერილობითი ნაწილი:


... „ვ...-მა“ 2019 წლის 04 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციის მიმართ. მოსარჩელემ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2017 წლის 30 მაისის N000791 დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 3 სექტემბრის N1272 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ... „ვ...-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ... „ვ...-ამ“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 08 ივნისის განჩინებით ... „ვ...“-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ... „ვ...-მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, გამოსწორებული დარღვევების ფონზე ადმინისტრაციულმა ორგანომ არასწორად გამოთვალა კანონდმებლობით დადგენილი ვადა, მიუხედავად იმისა, რომ გაგრძელებული იქნა 2 თვიანი ვადა, მითითებული ვადის სწორად გამოთვლის შემთხვევაში ,,საქართველოს პროდუქტის უსაფთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" შესაბამისად სამართალდარღვევის არ არსებობოს პირობებში უნდა შეეწყვიტა საქმისწარმოება.
კასატორის მითითებით ადმინისტრაციული ორგანოსთვის ცნობილი გახდა კასატორის მხრიდან დარღვევების გამოსასწორებლად არქიტექტურის სამსახურისადმი მიმართვის ფაქტი, ასევე უფლებამოსილ სამსახურში განცხადების განხილვის ბოლო ვადა, შესაბამისად კასატორმა აღნიშნა, რომ თუ კი ადმინისტრაციული ორგანოსთვის მთავარ მიზანს არ წარმოადგენდა პირის დაჯარიმება, არამედ სწორი ქალაქთმშენებლობითი პროცესების განხორციელება, მაშინ ვადების სწორად ათვლის შედეგად და კორექტირებული პროექტის შეთანხმების პირობებში უნდა შეეწყვიტა საქმისწარმოება საქმეზე და არ დაეკისრებინა ჯარიმა სამმაგი ოდენობა.
საკასაციო საჩივრის ავტორმა ასევე ყურადღება გაამახვილა დისკრეციულ უფლებამოსილებაზე, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელდა კანონის დარღვევით, კერძოდ ზეპირი მოსმენის სხდომაზე, რომელიც გაიმართა ზედამხედველობის სამსახურში მანამ სანამ მოხდებოდა კასატორის დაჯარიმება, ... „ვ...-ის“ დირექტორმა მიაწოდა ადმინისტრაციულ ორგანოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიმართული ჰქონდა არქიტექტურის სამსახურისადმი დარღვევების გამოსასწორებლად და უკანასკნელი ვადა პროექტის შესათანხმებლად იყო 2017 წლის 31 მაისი. შესაბამისად კასატორს მოლოდინი ჰქონდა, რომ სწორად მოხდებოდა მისთვის მოცემული 2 თვიანი ვადის ათვლა ან თუ ტექნიკურ ხარვეზს ექნებოდა ადგილი ვადის განსაზღვრისას, დარღვევების გამოსასწორებლად მიეცემოდა კანონმდებლობით განსაზღვრული სრული ვადა, რისი იურიდიული ინტერესი ნამდვილად არსებობდა, რადგან სწორად სრული ვადის განსაზღვრის პირობებში შესაძლებელი იქნებოდა დარღვევების გამოსწორება. შესაბამისად კასატორის მითითებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, ამავდროულად არსებითი მნიშვნელობა მიანიჭეს ისეთ გარემოებას, რომელიც საქმისთვის არ ყოფილა რელევანტური და მთავარი, არ გამოიყენეს კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინათ, ყოველივე აღნიშნული, კი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ... „ვ...-ის“ საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ... „ვ...-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავისათვის მნიშვნელობის მქონეა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ ... „ვ...-ის“ უნებართვო მშენებლობის განხორციელების საფუძვლით სამშენებლო სამართალდამრღვევ სუბიექტად მიჩნევისა და მისთვის სანქციის სამმაგი ოდენობით დაკისრების კანონიერების შეფასება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 19 თებერვლის N000948 დადგენილებით ... „ვ...“ დაჯარიმდა 4000 (ოთხი ათასი) ლარით პროექტის დარღვევით IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის. „ვ...“-ის მიერ გადახდილი იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 19 თებერვლის N000948 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარი.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 30 იანვარს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი N000791 რომლითაც დადგინდა, რომ ... „ვ...“-ის მიერ არ იქნა აღმოფხვრილი 19.02.2016 წლის N000948 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის სამართლებრივი საფუძვლები, კერძოდ, არ იქნა წარმოდგენილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ შეთანხმებული ახალი კორექტირებული არქიტექტურული პროექტი.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის 2017 წლის 30 მარტის N4/-3/50-გ/17 ბრძანებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 30 იანვრის N000791 შემოწმების აქტის საფუძველზე ... „ვ...“-ის მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა გაგრძელებული იქნა 2 თვით. ... „ვ...“-ის მიმართ საქმის განხილვისათვის გაგრძელებული ორთვიანი ვადის ათვლა დაიწყო 2017 წლის 30 მარტიდან 2017 წლის 30 მაისის ჩათვლით.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 30 მაისის N000791 დადგენილებით ... „ვ...“ დაჯარიმდა 12 000 (თორმეტი ათასი) ლარით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 19 თებერვლის N4-1/დ199-16 N000948 „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის სამართლებრივი საფუძვლის აღმოუფხვრელობის გამო.
2017 წლის 02 მაისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში წარდგენილი იქნა ... „ვ...“-ს თავმჯდომარის დ.მ-ის განცხადება კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით. ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 31 მაისის N3295641 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში სექტორი ... ...ას გამზირი N76ბ-ში (ნაკვეთი ...) თანასაკუთრების მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი, გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ მე-14.2 მუხლზე, რომლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ) შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. ამავე კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის 23-ე ნაწილი კი ადგენს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება შემოწმების აქტის შედგენით იწყება: ა) მშენებლობის დემონტაჟის დაუყოვნებლივ შეჩერების შესახებ დადგენილების მიღებისას; ბ) ამ კოდექსის 51-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევის არსებობისას; გ) დარღვევებისათვის საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილები მიღებისას; დ) დამრღვევის საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობის თანხით დაჯარიმებისას; ე) საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისას; ვ) შესაბამის ორგანოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად განცხადების წარუდგენლობისას, რომლის მშენებლობაც დამთავრებულია; ზ) თუ დამრღვევი განცხადების საფუძველზე აღიარებს სამშენებლო ობიექტზე არსებულ დარღვევებს და ითხოვს კანონით დადგენილი ზომების მიღებას; თ) ამ კოდექსის 251-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ი) ამ კოდექსის 49-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევის არსებობისას. „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 45-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტის მიხედვით (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 19 თებერვლის N000948 დადგენილების დროს მიღებული რედაქცია), „სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 4 000 ლარით“.
ამავე კოდექსის 26-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, „ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მისი დაკისრებიდან ყოველი 3 თვის შემდეგ, ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული პირები ჯარიმდებიან დაკისრებული ჯარიმით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობის თანხით, რომელიც დამრღვევს შეიძლება დაეკისროს არა უმეტეს სამჯერ.“
პალატა განმარტავს, მითითებული ნორმის სამართლებრივი ანალიზიდან გამომდინარეობს, რომ პირს დაკისრებული ჯარიმის სამმაგი ოდენობა ეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე პასუხისმგებლობის დაკისრებიდან სამი თვის ვადაში არ აღმოფხვრის ჯარიმის დაკისრების სამართლებრივ საფუძველს, კერძოდ, სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტს. აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში სამართალდამრღვევი - ... „ვ...“ ამის შესახებ ინფორმირებული იყო - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 19 თებერვლის №000948 დადგენილებით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია მან კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში გადაიხადა დაკისრებული ჯარიმა, მაგრამ ის დარღვევები რომლებიც გახდა ამ პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი ვერ გამოასწორა კანონით განსაზღვრულ ვადაში, კერძოდ, 2017 წლის 30 მაისის ჩათვლით. ხსენებული ვადის განსაზღვრა მოხდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის 2017 წლის 30 მარტის N4/-3/50-გ/17 ბრძანებით, რომლითაც ... „ვ...“-ის მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა გაგრძელებული იქნა 2 თვით.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მხარემ სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ 2017 წლის 30 მარტის N 4-3/50-3/17 ბრძანების გამოცემიდან მხოლოდ 2017 წლის 02 მაისს მიმართა არქიტექტურის სამსახურს კორექტირებული არქიტექტურული პროექტის გაცემის მოთხოვნით, მაშინ როდესაც მისთვის 2016 წლის 19 თებერვლიდან ცნობილი იყო შეთანხმებული არქიტექტორული პროექტის დარღვევის თაობაზე.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ასევე კასატორის განმარტებას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვადის არასწორად ათვლის თაობაზე და ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსგავსად მიუთითებს, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის 2017 წლის 30 მარტის N4/-3/50-გ/17 ბრძანების მეორე პუნქტით დაკონკრეტდა სამართალდარღვევის საქმის წარმოების გაგრძელებული ვადის შუალედი და კონკრეტულად მიეთითა, რომ ... „ვ...“-ის მიმართ საქმის განხილვისათვის გაგრძელებული ორთვიანი ვადა აითვლებოდა 2017 წლის 30 მარტიდან 2017 წლის 30 მაისის ჩათვლით, რითაც უფრო ნათელი გახდა მოსარჩელის მიერ შესასრულებელი ვალდებულების ბოლო თარიღი. ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოში ... „ვ...“-ს სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურთან შეთანხმებული ახალი კორექტირებული არქიტექტურული პროექტი უნდა წარედგინა 30 მაისის ჩათვლით, რაც მხარეს არ განუხორციელებია. რაც შეეხება ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 31 მაისის N3295641 ბრძანებას, რომლითაც შეთანხმდა ქ. თბილისში სექტორი ... ...ას გამზირი N76ბ-ში (ნაკვეთი ...) თანასაკუთრების მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი, გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა, ვერ დაედება საფუძვლად სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას, ვინაიდან ადმინისტრაციული წარმოებისთვის დადგენილ ვადებში (2017 წლის 30 მარტიდან 2017 წლის 30 მაისის ჩათვლით) არ მომხდარა მისი გამოცემა და ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოში სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დროისათვის კომპანიის მიერ დარღვევები არ იქნა აღმოფხვრილი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 30 მაისის N000791 დადგენილება კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 30 მაისის N000791 დადგენილების კანონიერად მიჩნევიდან გამომდინარე, ასევე უსაფუძვლოდ უნდა იქნეს მიჩნეული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 3 სექტემბრის N1272 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნაც, ვინაიდან როგორც საქმის მასალები ცხადყოფს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარებულ იქნა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდგომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ... „ვ...“-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების არსებით ფაქტობრივ თუ სამართლებრივ უსწორობას. საკასაციო პალატას აღნიშნავს, სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა სადავო ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. ... „ვ...-ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 08 ივნისის განჩინება;
3. დ.მ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ... „ვ...-ას“ საკასაციო საჩივარზე 2022 წლის 24 ნოემბერს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე