Facebook Twitter
ბს-1216(კ-22) 20 ივნისი, 2023წ.
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.2022წ. განჩინებაზე.


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შ.დ-ემ 02.08.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 01.07.2019წ. წერილის ბათილად ცნობა და 2018 წლის დეკემბრის თვის სოციალური პაკეტის თანხის 100 ლარის, ასევე წარსული პერიოდის მიუღებელი სოციალური პაკეტის თანხის ანაზღაურება, კერძოდ, სოციალური პაკეტის შეჩერების დღიდან (2019 წლის 01 იანვრიდან) სოციალური პაკეტის განახლების დღემდე (2019 წლის01 მაისამდე) ჯამში 480 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.01.2022წ. გადაწყვეტილებით, შ.დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 01.07.2019წ. №04/35402 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა შ.დ-ისთვის წარსული პერიოდის მიუღებელი სოციალური პაკეტის თანხის ანაზღაურება - წინასწარ პატიმრობაში ყოფნის გამო სოციალური პაკეტის შეჩერების დღიდან (2019 წლის 01 იანვრიდან) სოციალური პაკეტის განახლების დღემდე (2019 წლის 01 მაისამდე), ჯამში 480 ლარის ოდენობით, ასევე შ.დ-ისთვის 2018 წლის დეკემბრის თვის სოციალური პაკეტის თანხის - 100 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.2022წ. განჩინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სპეციალური კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი (საქართველოს მთავრობის 23.07.2012წ. №279 დადგენილება) მიუღებელი შემწეობის ანაზღაურებას უკავშირებს გამამართლებელი განაჩენის დადგომას და არ შეიცავს მითითებას სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შემთხვევაზე, რაც არ უნდა იქნეს გაგებული ვიწროდ. კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის უნდა განიმარტოს მიზანმიმართულად. სასამართლომ უნდა გამოიყენოს განმარტების ისეთი წესები, რომლის მიხედვით კანონი უნდა იყოს განმარტებული კანონმდებლის მიზნისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის ფარგლებში. სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს კანონმდებლის განზრახვით, როგორც ნორმის განმარტების საშუალებით (სუსგ №ბს-479-459(კ-10), 21.10.2010წ., №ბს-10(კ-20) 09.07.2020წ.). საქართველოს მთავრობის 23.07.2012წ. №279 დადგენილების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის დათქმა უნდა განიმარტოს არა ამოგლეჯილად, არამედ სისტემურად კანონმდებლის ნებისა და მიზნის გათვალისწინებით. მოცემული ნორმის მიზანია მიუღებელი შემწეობა აუნაზღაურდეს იმ პირს, რომლის მიმართ არ დამდგარა გამამტყუნებელი განაჩენი, რაც მოცემული საქმის შემთხვევაში სახეზეა, კერძოდ, შ.დ-ის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა შეურაცხადობის გამო, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლის შესაბამისად, წარმოადგენს ბრალის გამომრიცხველ გარემოებას. ამდენად, სადავო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 01.07.2019წ. N04/35402 ადმინისტრაციული აქტი, რომლითაც შ.დ-ეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველია. აღნიშნული გარემოება კი ქნის მიუღებელი შემწეობის ანაზღაურების წინაპირობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 23.07.2012წ. №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“ მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სოციალური პაკეტის გაცემა ჩერდება ბენეფიციარის წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სოციალური პაკეტის შეჩერების დღიდან მიუღებელი თანხა ანაზღაურდება პირის მიმართ მხოლოდ გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა და დაენიშნა იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა, სააგენტო ვერ გასცდებოდა მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებს და ვერ აანაზღაურებდა პატიმრობის გამო შეჩერებული სახელმწიფო გასაცემლის განახლებამდე მიუღებელი სოციალური პაკეტის თანხას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილია, რომ შ.დ-ე არის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირი, ასევე 1996 წლის 14 ნოემბრიდან რეგისტრირებულია სოციალური პაკეტის მიმღებად და იღებს შემწეობას. 22.11.2018წ. შ.დ-ეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა წინასწარი პატიმრობა, რის საფუძველზე შეჩერდა სოციალური პაკეტის გაცემა. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 03.01.2019წ. განჩინებით, ბრალდებულ შ.დ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა, მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და დაენიშნა იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა, მკურნალობის ვადა განისაზღვრა სამი თვით. .... ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 08.04.2019წ. ცნობის თანახმად, შ.დ-ე 2019 წლის 03 იანვრიდან 03 აპრილამდე ცენტრში გადიოდა სტაციონალური მკურნალობის კურსს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის რაიონული განყოფილების 14.08.2019წ. ცნობის თანახმად, შ.დ-ეს სოციალური პაკეტი წინასწარი პატიმრობის საფუძვლით შეუჩერდა 2019 წლის პირველი იანვრიდან, ხოლო განახლდა იმავე წლის პირველი მაისიდან (თვეში 120 ლარის ოდენობით), ასევე იმავე განყოფილების 15.08.2019წ. წერილით დგინდება, რომ 2018 წლის დეკემბრის თვის სოციალური პაკეტის თანხა (100 ლარი) დაბრუნდა სახაზინო ანგარიშზე. საქართველოს მთავრობის 23.07.2012წ. №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესის და პირობების“ მე-11 მუხლით განსაზღვრულია სოციალური პაკეტის შეჩერებისა და განახლების საფუძვლები. მითითებული მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სოციალური პაკეტი ჩერდება პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში, სოციალური პაკეტი განახლდება განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, ხოლო პირისთვის გამამრთლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთის წლისა, სოციალური პაკეტის შეჩერების დღიდან განცხადებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) წარდგენის შემდეგ. განსახილველ შემთხვევაში მიუღებელი სოციალური პაკეტის თანხის გაუცემლობის საფუძვლად კასატორი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ კანონმდებლობა შეჩერებული სოციალური პაკეტის ანაზღაურებას ითვალისწინებს მხოლოდ გამამართლებელი განაჩენის დადგომის შემთხვევაში და არა სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისას.
უკვე აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 23.07.2012წ. №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესის და პირობების“ 11.2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი წინასწარ პატიმრობაში ყოფნის გამო შეჩერებული სოციალური პაკეტის განახლების შესაძლებლობას ითვალისწინებს პირისთვის გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმა შესაძლოა ვერ გაითვალისწინოს კონკრეტული ურთიერთობის გადაწყვეტის ყველა შესაძლო მოდელი, ამასთანავე, კანონის ინტერპრეტაცია უნდა ემსახურებოდეს ამ კანონის მიზნის მიღწევას. კანონის განმარტების ერთ-ერთ მეთოდს წარმოადგენს ტელეოლოგიური განმარტება, რომელიც შეეხება სამართლის ნორმის დამოკიდებულებას სამართლებრივი უსაფრთხოების, თანასწორებისა და მიზანშეწონილობის პრინციპების მიმართ. ფართო გაგებით, კანონის განმარტების მეთოდებს განეკუთვნება სამართლის ნორმათა განვრცობა იმ შემთხვევებზე, რომლებიც კანონმდებლის მიერ არ იქნა გათვალისწინებული. ტელეოლოგიური განმარტება ნიშნავს სამართლის ნორმის ობიექტური მიზნის განსაზღვრას. ნორმის მიზნის გარკვევას დიდი მნიშვნელობა აქვს ნორმის შეფარდების პროცესში. „ნორმის ბუნდოვანობა მისი არაკონსტიტუციურობის ზღვარზე არ გადის მანამ, სანამ მისი გონივრული განმარტება იურიდიული მეთოდოლოგიით შესაძლებელია ისე, რომ საკმარისი დამაჯერებლობით ცხადი და თვალსაჩინო გახდეს ამ ნორმით მოწესრიგებული ურთიერთობების ნამდვილი არსი, ამ თვალსაზრისით, ნორმის კონსტიტუციურობის შესაფასებლად პირველ რიგში, უნდა გაირკვეს მისი შინაარსი. ამისათვის აუცილებელია ნორმის განმარტება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 26.12.2007წ. გადაწყვეტილება საქმეზე N1/3/407 „საქართველოს ახლაგზარდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე ე. ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16). ამდენად, ტელეოლოგიური ანუ მიზნობრივი განმარტებისას მნიშვნელოვანია კანონის განმარტება ამ ნორმის მიზნიდან გამომდინარე, იმის გარკვევა, რას ისახავდა ეს ნორმა მიზნად. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270.1 მუხლის თანახმად, გამამართლებელი განაჩენი ნიშნავს ბრალდებულისთვის წაყენებული ბრალის დაუდასტურებლობას. მოცემულ შემთხვევაში შ.დ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა. სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება პირის დამნაშავეობის დადგენის და მისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით. პირის დამნაშავედ ან უდანაშაულოდ ცნობა, ისევე როგორც სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა, გულისხმობს კონკრეტული პირის (ბრალდებულის) მიმართ სისხლისსამართლებრივი პროცედურების დასრულებას. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სისხლის სამართლის კოდექსის 34.1 მუხლზე, რომლის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ შეერაცხება ბრალად იმას, ვისაც ამ ქმედების ჩადენის დროს ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობის, ფსიქიკის დროებითი აშლილობის, ჭკუასუსტობის ან სხვა ფსიქიკური დაავადების გამო არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ანდა ეხელმძღვანელა მისთვის. თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შეურაცხადი იყო, სასამართლო მხარის შუამდგომლობით წყვეტს მის მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნას, ამასთანავე, საქმის განმხილველი მოსამართლე ვალდებულია „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის 221 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, იმავე განჩინებით გადაწყვიტოს ამ პირისთვის იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების საკითხი (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191.2 მუხ.). მოცემულ შემთხვევაში შ.დ-ის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა შეურაცხადობის გამო, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლის შესაბამისად, წარმოადგენს ბრალის გამომრიცხველ გარემოებას. მოსარჩელის მიმართ დანიშნულ იძულებით ფსიქიატრიული მკურნალობა არის არა სასჯელის სახე, არამედ „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის 221 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიება - იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა. ამდენად, ზემოთ მითითებული ნორმის მიზანია - მიუღებელი შემწეობის ანაზღაურება იმ პირისათვის, რომლის მიმართ არ დადასტურებულა ბრალი, არ დამდგარა გამამტყუნებელი განაჩენი. სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თუ მათი სამართლებრივი შეფასების უსწორობის სათანადო დასაბუთებას, წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზიები (შედავება).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.2022წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე



მოსამართლეები: ქ. ცინცაძე



გ. გოგიაშვილი