№ბს-717(კ-21) 22 ივნისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ა(ა)იპ ,,...’’
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებელი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ივლისის განჩინება
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება, საჯარო ინფორმაციის გაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2017 წლის 23 მარტს ა(ა)იპ „...მ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ.
მოსარჩელემ მოპასუხისათვის ა(ა)იპ ,,...ს“ 2017 წლის 24 თებერვლის განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაციის, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად ვ. მ-ის არჩევის შემდეგ კონსულტანტების, ექსპერტების და მრჩევლების ვინაობის, რაოდენობისა და დასაქმების ვადების შესახებ ინფორმაციის გაცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ „...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა(ა)იპ „...მ“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ივლისის განჩინებით ა(ა)იპ „...ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა(ა)იპ „...ს“ წარმომადგენელმა ა. დ-მა 2017 წლის 24 თებერვალს №03-3799 განცხადებით მიმართა სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომლითაც მოითხოვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10, 28-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაცია, მათ შორის ვ. მ-ის დირექტორად არჩევის შემდეგ თუ რამდენი კონსულტანტი, ექსპერტი და მრჩეველი ჰყავს (ჰყოლია) საზოგადოებრივ მაუწყებელს. ასევე მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია მათი ვინაობისა და დასაქმების ვადების თაობაზე.
სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის 2017 წლის 15 მარტის №981/02 წერილით ა. დ-ს განემარტა, საზოგადოებრივი მაუწყებლის კონსულტანტების, ექსპერტების და მრჩევლების ვინაობის შესახებ ინფორმაცია შეიცავდა პერსონალურ მონაცემებს, რის გამოც საქართველოს კონსტიტუციის 41.2 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის „ნ“ პუნქტის, 10.1. მუხლის, 271 მუხლის, 28.1 მუხლის და 44.1 მუხლის თანახმად, სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებელი მოკლებული იყო შესაძლებლობას გაეცა აღნიშნული ინფორმაცია. ამასთან, დადგენილია, რომ სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია მოსარჩელეს გაეგზავნა ელ-ფოსტის საშუალებით.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებები და აღნიშნა, რომ საჯარო ინტერესის სფეროს არ შეიძლება მიეკუთვნებოდეს ინფორმაცია სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმებული ნებისმიერი პირის შესახებ. პირის პერსონალურ მონაცემთა სამართლებრივ რეჟიმზე ზემოქმედებს პირის სტატუსი, კერძოდ, საჯარო პირების მონაცემთა დაცვის რეჟიმი განსხვავდება სხვა პირების სამართლებრივი დაცვის რეჟიმისაგან. თანამდებობის პირთან დაკავშირებით პირადი სფეროს შემცველი ინფორმაციის საჯაროობა ემსახურება იმ მიზანს, რომ უზრუნველყოფილი იყოს თანამდებობის პირთა შესახებ ინფორმაციის გამჭირვალობა, რის გამოც მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, თანამდებობის პირის მონაცემები ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად ღიაა.
სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლით რეგლამენტირებული იყო სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულების ცნება და აგრეთვე მოცემული იყო იმ სახელმწიფო დაწესებულებათა ამომწურავი ჩამონათვალი, რომლებში საქმიანობაც ითვლებოდა საჯარო სამსახურად, აღნიშნულ ჩამონათვალში კი საჯარო სამართლის იურიდიული პირი გათვალისწინებული არ იყო. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ მიუთითა „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1261 მუხლის მე-2 პუნქტზე და აღნიშნა, რომ შესაბამის პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლები არ ითვლებოდნენ საჯარო მოსამსახურეებად. სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული პირები არ იყვნენ რა საჯარო მოსამსახურეები და მათი საქმიანობა არ ითვლებოდა რა საჯარო სამსახურში საქმიანობად, სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელში ზემოაღნიშნული პირების მუშაობის შესახებ ინფორმაცია განხილული უნდა ყოფილიყო, როგორც კერძო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია. აღნიშნული ინფორმაციის გაცემის ვალდებულება კი სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელს არ გააჩნდა, რის გამოც არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა(ა)იპ „...მ“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებელი საგამონაკლისო საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს არ მიეკუთვნება და მასზე მოქმედებდა აღნიშნული კანონი. რაც შეეხება ამავე კანონის 126 პრიმა მუხლს, აღნიშნული შეზღუდვა როგორც გარდამავალი პერიოდის ბუნების გათვალისწინებით, გამომდინარეობდა არა შესაბამისი პირების კერძო საკითხს მიკუთვნებულ სფეროში დატოვებისაკენ, არამედ კანონის იმპლემენტაციისათვის აუცილებელ პერიოდს წარმოადგენდა.
მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენდა ინფორმაციის კატეგორიას, რომელიც ღია უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის, განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას, რადგან კონკრეტული პირების (ექსპერტების, კონსულტანტებისა და მრჩევლების) საჯარო სამსახურში დასაქმების ფაქტი არცერთ შემთხვევაში არ უნდა ჩაითვალოს პირის კერძო სფეროს მიკუთვნებულ საკითხად. კერძო სფეროს იდენტიფიკაციისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კრიტერიუმს წარმოადგენს პირის ლოგიკური მოლოდინი, რომ მის შესახებ საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაცია იქნება დაფარული. ამ კუთხით საინტერესოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, კერძოდ უზენაესი სასამართლო საქმეზე №ბს-425-418(კ-15) განმარტავს, რომ „შეუძლებელია ინფორმაცია, საჯარო სამსახურში მუშაობის შესახებ, განხილულ იქნეს, როგორც კერძო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია. [...] იმისათვის, რომ ინფორმაცია ჩაითვალოს კერძო საკითხებთან დაკავშირებულად, პირს უნდა გააჩნდეს მისი დაცვის გონივრული მოლოდინი. საჯარო სამსახურში მუშაობის ფაქტი კი ვერ ჩაითვლება პირის პირად სფეროს მიკუთვნებულ ინფორმაციად, რომლის გასაიდუმლოების ვარაუდიც პირს შეიძლება გააჩნდეს.“
უზენაესმა სასამართლომ ასევე მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა საქმეზე №ბს-49-48(კ-16) (სადაც მოსარჩელემ 2015 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროდან სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის შესახებ ინფორმაცია მოითხოვა, კერძოდ: ირიცხებოდა თუ არა მასზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღი (რა მოდელი, რა ფერი), ასევე როდის იქნა აღნიშნული იარაღი გადაცემული და დოკუმენტაცია მისი ხელმოწერით იარაღის აღების თაობაზე). აღნიშნულ საქმეში შსს-ს პოზიციით მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია იყო პერსონალური მონაცემების შემცველი, შესაბამისად იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას გაესაჯაროვებინა ეს ინფორმაცია. უზენაესი სასამართლოს განმარტებით კი: „ [...] ცნობილია, რომ თ. ბ. ჭ-ე მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში და სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაცია ვერ ჩაითვლება პირის პირად სფეროს მიკუთვნებულ ინფორმაციად, რომლის გასაიდუმლოების ვარაუდიც პირს შეიძლება გააჩნდეს.”
კასატორის მითითებით, აუცილებელია ხელმისაწვდომი იყოს ბიუჯეტის დაფინანსების და ბიუჯეტის ხარჯვის გამჭვირვალობის, საჯარო ფინანსების ხარჯვასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი საჯარო ინფორმაცია, მათ შორის ისეთი თუ ვინ დაინიშნენ საჯარო დაფინასების საფუძველზე შექმნილ სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელში კონკრეტულ თანამდებობაზე და რამდენად მოხდა მათი შერჩევა ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე. მოცემულ შემთხევაში სწორედ რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებმა უნდა უზრუნველყონ კანონმდებლის მიზნის რეალიზება შეიქნას პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამების საზოგადოებისათვის მიმწოდებელი მაუწყებელი. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებელი განსხვავებული სტატუსის მატარებელი სსიპ-ია და მისი ანგარიშვალდებულება მაუწყებლის შესახებ კანონის შესაბამისად, მხოლოდ საზოგადოების წინაშე არის განსაზღვრული.
კასატორის მოსაზრებით, თუკი ჩაითვლება, რომ აღნიშული ინფორმაცია არის პირის კერძო სფეროს მიკუთვნებული საკითხი და შესაბამისად პერსონალური ინფორმაცია, ამ შემთხვევაშიც არსებობს საფუძველი, რომ იგი გასაჯაროვდეს. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პერსონალური მონაცემები შეიძლება გახდეს საჯაროდ ხელმისაწვდომი, თუკი ეს ემსახურება სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზანს. ინფორმაციის თავისუფლების უფლება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა კონკურენტული უფლებებია და მათ შორის უპირატესობის მინიჭებისას სასამართლომ უნდა გამოიყენოს საჯარო ინტერესის ტესტი დაცულ სიკეთეებს შორის პროპორციულობის დასადგენად. კასატორის მითითებით, ცალსახაა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენს მაღალი საჯარო ინტერესის საგანს. „...“ წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის მიზანია გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა საქართველოში. აღნიშნული მიზნების განსახორციელებლად, ორგანიზაციისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეს წვდომა საჯარო ინფორმაციასთან და მათ შორის ისეთ ინფორმაციასთან, რომელიც შესაძლოა არ განეკუთვნებოდეს ღია ტიპის ინფორმაციას, თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე იყოს გადამწყვეტი მნიშვნელობის ან ერთადერთი საშუალება ჭეშმარიტების დასადგენად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა(ა)იპ „...ს“ საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაშვებად იქნა მიჩნეული ა(ა)იპ „...ს“ საკასაციო საჩივარი და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ „...ს“ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში სასამართლოს მიერ შესაფასებელ მთავარ საკითხს, მოწინააღმდეგე მხარის - სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ კონსულტანტების, ექსპერტების და მრჩევლების ვინაობის (შესაბამისი რაოდენობისა და ვადების მითითებით) შესახებ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის კანონიერების შეფასება წარმოადგენს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად. ამასთან, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან ან სხვა პირად საკითხებთან, არავისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჯარო ინტერესების, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დასაცავად.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების შესაბამისად, „საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით დაცული ინფორმაციის ღიაობა ხელს უწყობს სახელმწიფო დაწესებულებების ანგარიშვალდებულების ამაღლებასა და საქმიანობის ეფექტიანობის ზრდას. ღია მმართველობის პირობებში სახელმწიფო ორგანოებს/თანამდებობის პირებს აქვთ მოლოდინი, რომ შესაძლოა, მათი საქმიანობა გადამოწმდეს ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ და გადაცდომების აღმოჩენის შემთხვევაში დაექვემდებარონ როგორც სამართლებრივ, ისე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. შესაბამისად, სახელმწიფო დაწესებულებებში დაცული საჯარო ინფორმაციის ღიაობა წარმოადგენს სახელმწიფო ორგანოების საქმიანობაზე ეფექტიანი საზოგადოებრივი კონტროლის მნიშვნელოვან წინაპირობას. ღია მმართველობა არსებითად მნიშვნელოვანია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო დაწესებულებებსა და მოქალაქეებს შორის ნდობის განსამტკიცებლად, სამართალდარღვევების (მაგალითად, კორუფცია, ნეპოტიზმი, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა) პრევენციისა და არსებული დარღვევების დროულად გამოსავლენად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის №1/4/757 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“,II-5).
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულება უმთავრესი პრინციპია თავად მოწინააღმდეგე მხარის - სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაში. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის (საზოგადოებრივი მაუწყებლის სამართლებრივი სტატუსი) თანახმად, პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამების საზოგადოებისათვის მიწოდების მიზნით ეს კანონი აფუძნებს ერთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ქონების საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობისათვის შექმნილი, საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას. ამდენად, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოპასუხე - სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც მოქმედებს საჯარო დაფინანსებით და ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე.
საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება ეკისრება არა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს, არამედ საჯარო დაწესებულებას, რომელიც უფრო ფართო ცნებაა და ადმინისტრაციულ ორგანოსთან ერთად ასევე მოიცავს სახელმწიფო ან მუნიციპალური ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირებს ასეთი დაფინანსების ფარგლებში (სზაკ 27ა.). ამასთან, საჯარო ინფორმაციის გაცემის მარეგულირებელი კანონმდებლობა იმგვარად არის ჩამოყალიბებული, რომ საჯარო დაწესებულება ვალდებულია ყოველთვის გასცეს საჯარო ინფორმაცია, თუკი არ არსებობს ინფორმაციის გაცემის დამაბრკოლებელი საფუძვლები, როგორიცაა - ინფორმაციის მიკუთვნება კომერციული ან პროფესიული საიდუმლოებისთვის ან პერსონალური მონაცემებისთვის (სზაკ 28; 10).
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 271 მუხლის შესაბამისად, პერსონალური მონაცემების ცნება, მათ დაცვასა და დამუშავებასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით განსაზღვრულია (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომ ამ კანონის მიზანია, პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა. მოცემული კანონი პერსონალურ მონაცემს განმარტავს როგორც - ნებისმიერი ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით. ხოლო, მონაცემთა დამუშავება გულისხმობს - ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერ მოქმედებას, კერძოდ, შეგროვებას, ჩაწერას, ფოტოზე აღბეჭდვას, აუდიოჩაწერას, ვიდეოჩაწერას, ორგანიზებას, შენახვას, შეცვლას, აღდგენას, გამოთხოვას, გამოყენებას ან გამჟღავნებას მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფებას ან კომბინაციას, დაბლოკვას, წაშლას ან განადგურებას.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ: ა) არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა; ბ) მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით; გ) მონაცემთა დამუშავება საჭიროა მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად; დ) მონაცემთა დამუშავება საჭიროა მონაცემთა სუბიექტის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად; ე) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა დამმუშავებლის ან მესამე პირის კანონიერი ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი; ვ) კანონის თანახმად, მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა ისინი ხელმისაწვდომი გახადა; ზ ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია კანონის შესაბამისად მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად; თ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად). ამავე კანონის მე-4 მუხლის თანახმად კი, მონაცემთა დამუშავებისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი პრინციპები: ა) მონაცემები უნდა დამუშავდეს სამართლიანად და კანონიერად, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად; ბ) მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის. დაუშვებელია მონაცემთა შემდგომი დამუშავება სხვა, თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნით; გ) მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელი ც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად. მონაცემები უნდა იყოს იმ მიზნის ადეკვატური და პროპორციული, რომლის მისაღწევადაც მუშავდება ისინი; დ) მონაცემები ნამდვილი და ზუსტი უნდა იყოს და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა განახლდეს. კანონიერი საფუძვლის გარეშე შეგროვებული და დამუშავების მიზნის შეუსაბამო მონაცემები უნდა დაიბლოკოს, წაიშალოს ან განადგურდეს; ე) მონაცემები შეიძლება შენახულ იქნეს მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების მიზნის მისაღწევად. იმ მიზნის მიღწევის შემდეგ, რომლისთვისაც მუშავდება მონაცემები, ისინი უნდა დაიბლოკოს, წაიშალოს ან განადგურდეს ან შენახული უნდა იქნეს პირის იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენს ნებისმიერი პირისათვის ინფორმაციის საჯაროობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, მაგრამ აღნიშნული მოიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული დეფინიციის ფარგლებში - საჯარო ინფორმაციას, რაც არ გულისხმობს პერსონალურ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანო ასევე შეზღუდულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მონაცემების დამუშავების საფუძვლებითა და პრინციპებით.
საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პერსონალურ მონაცემს წარმოადგენს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედი კანონმდებლობა არათუ არ უშვებს ყველა სახის პერსონალური მონაცემის გასაიდუმლოების შესაძლებლობას, არამედ საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელი, თანამდებობის პირებისთვის ადგენს ისეთი პერსონალური მონაცემების პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულებას, როგორიცაა პირადი და ოჯახური ქონებრივი მონაცემები და ა.შ. მათ შორის, ასეთი ვალდებულება, სადავო პერიოდში დადგენილი იყო საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა რელიგიური, კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობებისათვის შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა) ხელმძღვანელისა და მისი მოადგილისათვისაც (იხ. სადავო პერიოდში მოქმედი - საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილება; თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება ((ძალადაკარგულია - 29.03.2019, №178)). ამასთან, საჯარო დაწესებულების საჯარო მოსამსახურეები აღმასრულებელი პრივილეგიის საფუძველზე, თავისუფლდებიან სზაკ-ის III თავით (ინფორმაციის თავისუფლება) დადგენილი მოვალეობებისგან და ადმინისტრაციულ ორგანოში თანამდებობის პირის მიერ გადაწყვეტილებათა მომზადების პროცესში მონაწილე საჯარო მოსამსახურის ვინაობა დაცულია, თუმცა თანამდებობის პირის ვინაობის გასაიდუმლოება დაუშვებელია (სზაკ 27, 29). ამდენად, ცალსახაა, რომ პირადი ინფორმაციის დაცვის სტანდარტი განსხვავებულია თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა, მოხელეთა შემთხვევებში. აღნიშნულს განაპირობებს საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულებისა და თანამდებობის პირთა და ადმინისტრაციულ ორგანოთა მიმართ მომეტებული საჯარო ინტერესის არსებობა.
პირის პერსონალურ მონაცემთა სამართლებრივ რეჟიმზე ზემოქმედებს პირის სტატუსი, კერძოდ, საჯარო პირების მონაცემთა დაცვის რეჟიმი განსხვავდება სხვა პირების სამართლებრივი დაცვის რეჟიმისაგან. თანამდებობის პირთან დაკავშირებით პირადი სფეროს შემცველი ინფორმაციის საჯაროობა ემსახურება იმ მიზანს, რომ უზრუნველყოფილი იყოს თანამდებობის პირთა შესახებ ინფორმაციის გამჭირვალობა. ამდენად, მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, თანამდებობის პირის მონაცემები ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად ღიაა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილება №ბს-425-418(კ-15); 7 აპრილი, 2016 წელი).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ როგორც უკვე აღინიშნა, საჯარო დაწესებულებაში არსებული ინფორმაცია ზოგადი წესის შესაბამისად, ხელმისაწვდომია, თუკი არ არსებობს მისი გასაიდუმლოების საფუძველი, განსახილველ შემთხვევაში როგორიცაა - ინფორმაციის პერსონალურ ინფორმაციად კვალიფიცირება. თავის მხრივ, ნებისმიერი პერსონალური, პირის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია დახურულია, თუკი არ არსებობს მისი გასაჯაროების საფუძველი. ასეთი საფუძველი შესაძლოა პირდაპირ იყოს კანონმდებლობით განსაზღვრული ან ინფორმაციის დამმუშავებელს თავად მოუწიოს არსებული ინტერესების დაბალანსებით, პროპორციული გადაწყვეტილების მიღება, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, რომლის თანახმადაც, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან ან სხვა პირად საკითხებთან, არავისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჯარო ინტერესების, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დასაცავად.
საკასაციო სასამართლო პირველ რიგში მნიშვნელოვნად თვლის გამიჯნოს თავად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის შინაარსი. მოცემულ შემთხვევაში, მოთხოვნილი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად ვ. მ-ის არჩევის შემდეგ კონსულტანტების, ექსპერტების და მრჩევლების რაოდენობის, მათი ვინაობისა და დასაქმების ვადების შესახებ ინფორმაციის გაცემა. აღსანიშნავია რომ მოთხოვნილი ინფორმაციის ნუსხა იყოფა პერსონალურ, მაიდენტიფიცირებელი შინაარსის მქონე და დეპერსონიზებული ტიპის ინფორმაციად. კონსულტანტების, ექსპერტების და მრჩევლების ვინაობა მათი პირადი, მაიდენტიფიცირებელი მონაცემია, თუმცა მათი რაოდენობა და დასაქმების ვადები ვერ იქნება მიჩნეულ მათ მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციად და ის დეპერსონიზებულ ფორმას ატარებს („პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 2.რ. - მონაცემთა დეპერსონალიზაცია − მონაცემთა იმგვარი მოდიფიკაცია, რომ შეუძლებელი იყოს მათი დაკავშირება მონაცემთა სუბიექტთან ან ასეთი კავშირის დადგენა არაპროპორციულად დიდ ძალისხმევას, ხარჯებსა და დროს საჭიროებდეს). საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს არა კონსულტანტების, ექსპერტების და მრჩევლების რაოდენობა და დასაქმების ვადები, რამდენადაც ასეთი ინფორმაცია მიღებული აქვს მას, ზოგადად, დეპერსონიზებული სახით, არამედ მათი ვინაობა და შესაბამისად მათი დასაქმების ვადები იდენტიფიცირებული სახით (თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.10.2017 წ. სასამართლო სხდომის ოქმი). ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში, მთავარ, არსებით საკითხს კონსულტანტების, ექსპერტების და მრჩევლების ვინაობის შესახებ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლიანობა წარმოადგენს.
მოცემულ შემთხვევაში საყურადღებოა როგორც მოთხოვნილი ინფორმაციის სახე, ფორმა, ასევე ის სუბიექტები და მათი საქმიანობის სპეციფიკაცია, ვისაც შეეხება ეს ინფორმაცია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ როგორც უკვე აღინიშნა, სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებელი ექცევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული საჯარო დაწესებულების დეფინიციაში, რამდენადაც არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი და მისი დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი. შესაბამისად, იგი ვალდებულია უზრუნველყოს დაინტერესებული პირებისათვის საჯარო ინფორმაციაზე წვდომა, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია ეხება არა სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის თავმჯდომარეს ან მის მოადგილეს, არამედ ეხებოდა კონსულტანტებს, ექსპერტებს და მრჩევლებს, რომლებიც არ არიან ხელმძღვანელი თანამდებობის პირები და ლეგიტიმურად არ მოიაზრებიან საჯარო ინტერესის სფეროში.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საჯარო სამსახური არის – სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქმიანობა (მუხლი 3. „გ“). აღნიშნულთან ერთად, სასამართლო ასევე მიუთითებს ამავე კანონის 1261 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის მიხედვით, გარდამავალ პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო, რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა) არ ვრცელდება ამ კანონის (გარდა ამ კანონის 34-ე მუხლის მე-6 პუნქტისა, 35-ე, 36-ე და 39- ე–43-ე მუხლებისა) მოქმედება. ამ პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები (გარდა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკითხებისა) წესრიგდება საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გარდამავალ პერიოდად ჩაითვალა 2017 წლის 1 ივლისიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდი (შემდგომში განხორციელებული ცვლილებებით - 2025 წლის 1 იანვრამდე პერიოდი).
ამდენად, სადავო პერიოდში, მოთხოვნილი ინფორმაციის სუბიექტები არ მიიჩნეოდნენ საჯარო მოსამსახურეებად, რაც დამატებით უსვამს ხაზს მათი მონაცემების არა საჯარო სფეროდ მიჩნევის საფუძვლიანობას. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია არა გადამწყვეტი, თუმცა მნიშვნელოვანი ფაქტორია პირის მოლოდინი მისი მონაცემების პირადულ ინფორმაციად შენარჩუნების თაობაზე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2016 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება CASE OF MAGYAR HELSINKI BIZOTTSÁG v. HUNGARY (Application no. 18030/11), §193). მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს მოპასუხის შეფასებას, რომ ინფორმაციის სუბიექტებს - კონსულტანტებს, ექსპერტებს და მრჩევლებს ჰქონდათ ლეგიტიმური მოლოდინი, რომ მათი მონაცემები დარჩებოდა გასაჯაროების გარეშე, რამდენადაც ისინი არ იკავებდნენ საჯარო მოსამსახურის ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირის თანამდებობის პირის პოზიციას, მათი მონაცემები იქნებოდა დაცული.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ კასატორის მიერ მითითებული უზენაესი სასამართლოს პრეცედენტული განჩინებები შეეხება, განსახილველი საქმისგან განსხვავებულ ფაქტობრივ მოცემულობას, კერძოდ, საჯარო მოსამსახურეთა შესახებ და მათ მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცემას.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაცული სიკეთის მნიშვნელობიდან გამომდინარე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე - საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უზრუნველყო ინფორმაციის მაქსიმალურად გაცემა დეპერსონიზებული სახით, დასაქმებულ პირთა რაოდენობის, დასაქმების ვადებისა და ანაზღაურების თაობაზე, მიღწეულია ინფორმაციის საჯაროობის მარეგულირებელი კანონმდებლობის მიზანი. საკასაციო სასამართლო ვერ ხედავს საფუძველს, რომ მოთხოვნილი ინფორმაციიდან, მხოლოდ ვინაობების განუცხადებლობის შემთხვევაში, შესაძლოა ზიანი მიადგეს საჯარო ინტერესის დაკმაყოფილებისა და საჯარო დებატისათვის საჭირო გარემოს შექმნას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ინფორმაციის სუბიექტების - სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის კონსულტანტების, ექსპერტების და მრჩევლების ვინაობის გამხელაზე უარს კანონიერად მიიჩნევს. ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის საფუძველზე არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ამასთან, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში ა(ა)იპ ,,...ს“ მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე და 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა(ა)იპ ,,...ს’’ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ივლისის განჩინება;
3. ა(ა)იპ ,,...ს“ მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი