Facebook Twitter
№ბს-681(კ-22) 7 ივნისი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ს. უ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურო; მესამე პირები - საქართველოს გენერალური პროკურატურა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ს. უ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2020 წლის 10 თებერვლის №596 ბრძანება; ბ) უკანონოდ იქნეს ცნობილი თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 10 დეკემბრის №87801 წერილი; გ) სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს დაევალოს შეწყვიტოს №01/08-01-00495 და №02/08-03-01023 სააღსრულებო საქმების წარმოება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 3 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური და საქართველოს გენერალური პროკურატურა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს. უ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ს. უ-ის მიერ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით ს. უ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. უ-ემ.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს ს. უ-ის მიმართ მიმდინარე სააღსრულებო წარმოების დაუსრულებლად დროში არსებობას - ს. უ-ის მიმართ არსებული სააღსრულებო წარმოება იქნება ყოველთვის და არ შეწყდება არასოდეს. შეუძლებელია ერთ პირს, თუნდაც სახელმწიფოს, გააჩნდეს რაიმე მოთხოვნა მეორე პირის მიმართ და მასზე არ ვრცელდებოდეს ხანდაზმულობა. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, მართალია, მსგავსი კატეგორიის საქმეებზე არ ვრცელდება ზოგადი 10-წლიანი ხანდაზმულობის ვადა, თუმცა კანონი არ განსაზღვრავს, რომ მსგავს შემთხვევებზე საერთოდ არ ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა. ამ შემთხვევაში შეეძლო სასამართლოს გამოეყენებინა ერთი მხრივ, სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ზოგადი 10-წლიანი ვადა ან სისხლის სამართლის კოდექსით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის დადგენილი 10-წლიანი ხანდაზმულობის ვადა.

სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ ს. უ-ე შეიწყალა საქართველოს პრეზიდენტმა და იგი გათავისუფლდა სასჯელისაგან. შესაბამისად, მხოლოდ ეს ფაქტიც საკმარისია სარჩელის დასაკმაყოფილებლად. ს. უ-ეს თანხის გადახდა სწორედ სასჯელის სახედ განესაზღვრა, ხოლო ყველანაირი სასჯელისაგან ის გათავისუფლდა პრეზიდენტის შეწყალებით. აღნიშნული გარემოება ცალკე უნდა შეფასდეს, როგორც სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის საფუძველი.

კასატორის მოსაზრებით, წარმოდგენილ დავაში სასამართლომ უნდა შეაფასოს, დასაშვებია თუ არა პირის მიმართ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობდეს დაუსრულებლად, შესაძლებელია თუ არა, პირმა ვერასოდეს შეძლოს თავის სახელზე უძრავი ან მოძრავი ქონების დარეგისტრირება, საბანკო ანგარიშის ფლობა და ა.შ.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ს. უ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. უ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 დეკემბრის განაჩენით ს. უ-ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 214-ე მუხლის II ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით. 2007 წლის 5 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, ს. უ-ე გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან. სერგო მურადის ძე უ-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება დაპატიმრება გაუქმდა და შეწყდა მის მიმართ ძებნა. ამავე განაჩენით სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ. დ-ეს და ს. უ-ეს სოლიდარულად დაეკისრათ თანხის 479 175,15 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა (ს.ფ 55-56); ბ) 2008 წლის 28 იანვარს გაცემული №1-350-07 სააღსრულებო ფურცლის თანახმად, სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ. დ-ეს და ს. უ-ეს სოლიდარულად დაეკისრათ 479 175,15 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (კრედიტორი: სახელმწიფო, მოვალეები: ნ. დ-ე, ს. უ-ე) (ს.ფ 53-54); გ) ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 28 იანვრის მიმართვით თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღსრულების დაწყების მოთხოვნით გაეგზავნა 2007 წლის 12 დეკემბრის №1-350 განაჩენი და მის საფუძველზე გაცემული 2008 წლის 28 იანვრის №1-350-07 სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ 52); დ) 2008 წლის 28 იანვარს გაცემული №1-350-07 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით 2008 წლიდან მიმდინარეობს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი იძულებითი სააღსრულებო მოქმედებები (ს.ფ 57-67); ე) საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 2 ოქტომბრის №02/10/01 განკარგულებით ს. უ-ე შეწყალებულ იქნა, გათავისუფლდა ძირითადი სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, გათავისუფლდა დამატებითი სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და მოეხსნა ნასამართლობა (ს.ფ 111-112); ვ) 2019 წლის 12 ნოემბერს ს. უ-ის წარმომადგენელმა, თ. ა-ემ №60025 განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ გასული იყო აღსრულების ვადა - 10 წელი. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განცხადების ავტორი მიუთითებდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრის დროს არ აღსრულებულა 10 წელში (ს.ფ. 113-118); ზ) თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 10 დეკემბრის №87801 წერილით განცხადების ავტორს უარი ეთქვა №01/08-01-00495 სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის თაობაზე, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ საქმის შეწყვეტისათვის არ არსებობდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (ს.ფ. 119-120); თ) თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 10 დეკემბრის №87801 წერილი 2020 წლის 13 იანვრის №1437 საჩივრით გაასაჩივრა ს. უ-ის წარმომადგენელმა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2020 წლის 10 თებერვლის №596 ბრძანებით ს. უ-ის წარმომადგენელს თ. ა-ეს უარი ეთქვა 2020 წლის 13 იანვრის №1437 საჩივრის დაკმაყოფილებაზე (ს.ფ 122, 126-128); ი) სასამართლოში საქმის განხილვისას სააღსრულებო წარმოებები ნომრით №01/08-01-00495 და №02/08-03-01023 გაერთიანდა და მათი აღსრულება დაევალა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს;
საკასაციო პალატა მიუთითებს მოსარჩელის მიმართ განაჩენის დადგომისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის პერიოდში მოქმედ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით პირს, რომელსაც უშუალოდ დანაშაულის შედეგად მიადგა ქონებრივი, ფიზიკური ან მორალური ზიანი, უფლება აქვს სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება და ამ მიზნით წარადგინოს სამოქალაქო სარჩელი. ამავე კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად, (1) სამოქალაქო სარჩელი შეიძლება წარდგენილ იქნეს იმ გამომძიებელთან ან პროკურორთან, რომლის წარმოებაშიცაა სისხლის სამართლის საქმე; (2) სამოქალაქო სარჩელს განიხილავს და წყვეტს სასამართლო, რომლის განსჯადიცაა სისხლის სამართლის საქმე. ზემოაღნიშნული კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, პროკურორი ვალდებულია წარადგინოს სარჩელი, თუ იმ პირის დანაშაულის ან მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, რომლის მიმართაც წარმოებს სისხლის სამართლის საქმე, ზიანი მიადგა სახელმწიფოს. 42-ე მუხლის თანახმად კი სარჩელი, რომელიც დაკმაყოფილდება სისხლის სამართლის საქმეზე, აღსრულდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესებით.
საკასაციო პალატა ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ ს. უ-ის მიმართ განაჩენის დადგომისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის პერიოდში მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებდა სისხლის სამართლის განმხილველი სასამართლოს მიერ სამოქალაქო სარჩელის განხილვის შესაძლებლობას დაზარალებულის მიერ სამოქალაქო სარჩელის წარდგენის შემთხვევაში. სახელმწიფოსათვის ზიანის მიყენების შემთხვევაში სარჩელის წარდგენის ვალდებულება პროკურორს გააჩნდა. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 დეკემბრის განაჩენით ს. უ-ე ცნობილი იქნა დამნაშავედ და ამავე განაჩენით დაკმაყოფილდა სამოქალაქო სარჩელი, კერძოდ, ნ. დ-ეს და ს. უ-ეს სოლიდარულად დაეკისრათ თანხის - 479 175,15 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს კასატორის შედავებაზე, რომ სასამართლოს შეეძლო გამოეყენებინა ერთი მხრივ, სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ზოგადი 10-წლიანი ვადა ან სისხლის სამართლის კოდექსით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის დადგენილი 10-წლიანი ვადა. პალატა მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებას გამამტყუნებელი განაჩენის ხანდაზმულობის გამო. ამავე ნორმის მიხედვით, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა ათ წელში მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. პალატა მიიჩნევს, რომ ნორმა განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადის გასვლას უკავშირებს მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლებას. მოცემულ შემთხვევაში კი, მოსარჩელეს თანხის გადახდა არ ქონია შეფარდებული არც ძირითადი და არც დამატებითი სასჯელის სახით. შესაბამისად, აღნიშნული საკანონმდებლო ნორმა ვერ გახდება პირის სამოქალაქო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. ასევე არ ქმნის სასამართლოს მიერ დადგენილი განაჩენით პირისათვის დაკისრებული ვალდებულებისგან გათავისუფლების საფუძველს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეწყალების აქტით მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისაგან ანდა მისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით.
ზემოაღნიშნულ ნორმაზე დაყრდნობით საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნაზე გავლენას ვერ იქონიებს ის ფაქტი, რომ ს. უ-ე შეიწყალა საქართველოს პრეზიდენტმა - აღნიშნული ინსტიტუტი დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან პირის გათავისუფლებას არ ითვალისწინებს.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულება შეწყდება, თუ თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 10 წელი, გარდა ალიმენტის გადახდევინების შესახებ, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებისა, აგრეთვე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოებული სააღსრულებო საქმეებისა.
ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს საგამონაკლისო შემთხვევებს, რომელზეც არ ვრცელდება ამავე ნორმით გათვალისწინებული დათქმა სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 10 წლის შემდეგ სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის თაობაზე, მათ შორის, დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებზე, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ წარმოებულ სააღსრულებო საქმეებზე. განსახილველ შემთხვევაში ს. უ-ეს დაკისრებული აქვს დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელის მიერ მითითებული სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის საფუძველი.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში წარმოდგენილია შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერებისა და სამართლებრივი ნორმის არაკონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი წარდგინებით მიმართვაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კონსტიტუციური წარდგინების საკითხს საქმის განმხილველი სასამართლო წყვეტს დამოუკიდებლად, საკუთარი ინიციატივით და არა მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ხოლო თუ მხარე კონკრეტულ ნორმას არაკონსტიტუციურად, საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული მისი უფლებების შემზღუდველად მიიჩნევს, იგი ასევე უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავად მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით. ამდენად, არ არსებობს მითითებული შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ს. უ-ის საკასაციო საჩივარზე 25.05.2022წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. უ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ოქტომბრის განჩინება;
3. ს. უ-ის შუამდგომლობა საკონსტიტუციო სასამართლოსათვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ წარდგინებით მიმართვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
4. ს. უ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 25.05.2022წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე: გ. მაკარიძე


მოსამართლეები: ქ. ცინცაძე


თ. ოქროპირიძე