Facebook Twitter
საქმე #ბს-125(კ-23) 6 ივლისი, 2023 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა


საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე


კასატორი (მოპასუხე) – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ა.ლ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება



ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :


2022 წლის 20 მაისს ა.ლ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 2022 წლის 18 აპრილის სხდომის ოქმის საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2022 წლის 18 აპრილის #7310 ბრძანებით სასჯელის მოსახდელად მას განესაზღვრა განსაკუთრებული - მაღალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. იქამდე საშიშროების რისკის ბოლო გადაფასება განხორციელდა 2021 წლის 21 აპრილს, რის საფუძველზეც, მას განესაზღვრა საშიშროების მაღალი რისკი. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ხსენებული გადაფასების შემდგომ, ა.ლ-ის მხრიდან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის ან თვითდაზიანების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. პირიქით, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, იგი გამოირჩევა დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით, თავაზიანობით, დაწესებულების თანამშრომლებთან მიმართებით მშვიდი, გაწონასწორებული, არააგრესიული დამოკიდებულებით, ემოციებისა და ქცევის კონტროლით. მოსარჩელის განმარტებით, ანალოგიურ ინფორმაციას შეიცავს სხდომის ოქმი, რომელშიც მითითებულია, რომ ა.ლ-ეს აქვს სარეაბილიტაციო და სოციალურ პროგრამებში მონაწილეობის, სწავლისა და მუშაობის სურვილი, თუმცა შესაძლებლობა - არა.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ბრძანება, რომლითაც გადაფასების შემდგომ საშიშროების რისკის სახედ მას კვლავ მაღალი რისკი განესაზღვრა, არის უსაფუძვლო. მსჯავრდებულის მიმართ საშიშროების რისკის გადაფასების საკითხის შესწავლა ხდება სწორედ იმიტომ, რომ მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს იხდის, მიეცეს თავისი ქცევის შესაფერის, ადეკვატურ გარემოში სასჯელის მოხდის გაგრძელების შესაძლებლობა. მოსარჩელის განმარტებით, მის შესახებ მითითებულია წარსულში არსებული გარემოებები, რომელთა გამოც, შესაბამისად, იმ ეტაპზე მას განესაზღვრა საშიშროების რისკი, ხოლო რამდენადაც მისი ქცევა დადებითად შეიცვალა, აღნიშნული მის სასარგებლოდ უნდა აისახოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია მისი პირადი საქმის და გარემოებების სრულყოფილი შესწავლის, შეფასებისა და შეჯერების გარეშე.
ამდენად, მოსარჩელემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2022 წლის 18 აპრილის #7310 ბრძანებისა და ა.ლ-ისათვის საშიშროების მაღალი რისკის განსაზღვრის თაობაზე მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი 2022 წლის 18 აპრილის სხდომის ოქმის ბათილად ცნობა, ასევე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურისათვის ა.ლ-ისათვის რისკის შეფასების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით ა.ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2022 წლის 18 აპრილის #7310 ბრძანება და მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი 2022 წლის 18 აპრილის სხდომის ოქმი ა.ლ-ისათვის საშიშროების მაღალი რისკის განსაზღვრის თაობაზე; მოპასუხეს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ა.ლ-ის მიმართ საშიშროების რისკის განსაზღვრის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ ა.ლ-ის მიმართ შედგენილია მონაცემთა პირველადი დამუშავების ფორმა (ნაწილი I), რომელშიც აღნიშნულია მსჯავრდებულ ა.ლ-ის პირადი მონაცემები, ინფორმაცია დანაშაულისა და სასჯელის შესახებ. სასჯელის დასაწყისი განსაზღვრულია 06.09.2019წ.-დან; სასჯელის დასასრული განსაზღვრულია - 05.03.2031წ.-მდე; დარჩენილი სასჯელის ხანგრძლივობა - 8 წელი, 11 თვე, 12 დღე; მსჯავრდებულის დაწესებულებაში ყოფნის ხანგრძლივობა 00 წელი, 10 თვე და 27 დღე (იმჟამად განთავსებულ დაწესებულებაში მოთავსებული იყო 05.06.2021წ.-დან). ასევე, აღწერილია წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები. პენიტენციურ დაწესებულებაში ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაციად მითითებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782 მუხლის პირველი ნაწილი (5 ეპიზოდი), დანიშნული სასჯელის სახე და ხანგრძლივობა - 1 წელი. ამავე ფორმის მე-2 ნაწილში აღწერილია დისციპლინური დარღვევები: 04.07.2015წ.-დან 18.04.2021წ.-მდე პერიოდში - 34 დისციპლინური დარღვევა გამოყენებულია სხვადასხვა დაწესებულებაში განთავსებისას. მათგან, ერთი დისციპლინური დარღვევის შედეგად პირი მოთავსებული იყო სამარტოო საკანში. ასევე, ა.ლ-ის მიმართ 29.04.2015წ.-დან 28.11.2019წ.-ის ჩათვლით 4-ჯერ გამოყენებული იყო წახალისების სხვადასხვა ფორმა. ამასთან, 20.07.2016წ.-დან 07.01.2017წ.-ის ჩათვლით დაფიქსირებულია თვითდაზიანების 5 შემთხვევა, მიზეზად მსჯავრდებულის მიერ დასახელებულია აღელვება.
2016 წლის 4 თებერვალს მოხდა მსჯავრდებულ ა.ლ-ის საშიშროების რისკის განსაზღვრა, რის შედეგადაც, მას რისკის სახედ განესაზღვრა საშიშროების მაღალი რისკი. 2017 წლის 11 იანვარს განესაღვრა საშიშროების მაღალი რისკი. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის #395 ბრძანებით დამტკიცებული „მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის, გადაყვანის პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის“ თანახმად, 2019 წლის 23 დეკემბერს მოხდა მსჯავრდებულის საშიშროების რისკის გადაფასება, რის შემდეგაც რისკის სახედ საშიშროების მომეტებული რისკი განესაზღვრა.
2021 წლის 21 აპრილს, საშიშროების რისკის გადაფასების შედეგად, ა.ლ-ეს რისკის სახედ განესაზღვრა მაღალი რისკი. საშიშროების რისკის გადაფასების (21.04.2021წ.) შემდგომ, მსჯავრდებულ ა.ლ-ის მხრიდან თვითდაზიანების მიყენების/მცდელობის ან/და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ამავე ფორმის III ნაწილით დადგენილია, რომ მსჯავრდებულს აქვს პროგრამებში მონაწილეობის სურვილი, მაგრამ არ აქვს შესაძლებლობა. აქვს სწავლის სურვილი, მაგრამ არ აქვს შესაძლებლობა. აქვს მუშაობის სურვილი, მაგრამ არ აქვს შესაძლებლობა. თავაზიანია დაწესებულების თანამშრომლებთან მიმართებით. სამომავლო გეგმებზე არ პასუხობს. საკუთარ აზრს გამოხატავს აგრესიის გარეშე, შეუძლია ემოციების და ქცევის კონტროლი.
სასამართლომ მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი 2022 წლის 18 აპრილის სხდომის ოქმით, ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ გუნდმა მხედველობაში მიიღო მონაცემების პირველადი დამუშავების შედეგად შეკრებილი ინფორმაცია მსჯავრდებულ - ა.ლ-ესთან მიმართებით, ასევე, გაითვალისწინა მიღებული საიდუმლო ინფორმაციის შინაარსი და გუნდმა მიიჩნია, რომ ა.ლ-ის განთავსება ნახევრად ღია ან დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, სადაც სასჯელს იხდის მსჯავრდებულთა დიდი რაოდენობა, საფრთხის შემცველი იქნება როგორც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების უსაფრთხოების, ასევე, პენიტენციური სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდმა ერთხმად გადაწყვიტა, რომ მსჯავრდებულ ა.ლ-ის საშიშროების რისკის სახე არის მაღალი.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2022 წლის 18 აპრილის #7310 ბრძანების თანახმად, მსჯავრდებული ა.ლ-ე განთავსებულ იქნა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის #... პენიტენციურ დაწესებულებაში.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა პატიმრობის კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის მიხედვით, პენიტენციური დაწესებულების სახეებია: ა) პატიმრობის დაწესებულება; ბ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება.
ამავე კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებია: ა) გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ბ) დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; გ) ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; დ) დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ე) განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ვ) არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება; ზ) ქალთა სპეციალური დაწესებულება.
ამავე საკანონმდებლო აქტის 121 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არის განსაკუთრებულად დაცული, შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება, რომელშიც მიღებულია უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები და უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულები განთავსებული არიან სპეციალურ საკნებში, სადაც მათზე მუდმივად ხორციელდება ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი. აუდიოსაშუალებებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელება დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
ამავე კანონის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებული სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულისთვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს სამსახურის გენერალური დირექტორი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილში ჩამოთვლილია ის შემთხვევები, როდესაც სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით მსჯავრდებული შეიძლება გადაყვანილ იქნეს სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში. მითითებული ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, მსჯავრდებული სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა შეიძლება მოხდეს საშიშროების რისკების გათვალისწინებით. ამავე მუხლის 41 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულის რისკის შეფასებასა და პერიოდულ გადაფასებას უზრუნველყოფს რისკის შეფასების გუნდი (შემდგომ − გუნდი). მსჯავრდებულის რისკის სახეები, რისკის შეფასების კრიტერიუმები, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესი, მსჯავრდებულის სხვა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესი და პირობები, აგრეთვე გუნდის საქმიანობის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
პატიმრობის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებიდან არაუგვიანეს 20 დღისა სამსახურის გენერალური დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რომელი ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში უნდა მოიხადოს მსჯავრდებულმა სასჯელი.
საქალაქო სასამართლომ, ასევე, მიუთითა „მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის #395 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით, მსჯავრდებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომში – სამსახური) გენერალური დირექტორის (შემდგომში – გენერალური დირექტორი) გადაწყვეტილებით შეიძლება გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში (შემდგომში – დაწესებულება), საშიშროების რისკის ფაქტორის გათვალისწინებით.
ამავე წესის მე-4 პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულის საშიშროების რისკის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დაწესებულების, გარშემომყოფთა, საზოგადოების, სახელმწიფოს ან/და სამართალდამცველი ორგანოების უსაფრთხოებისათვის მსჯავრდებულისგან მომდინარე საშიშროება, რომელიც განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე: ა) მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები; ბ) ჩადენილი დანაშაულის კატეგორია და დანაშაულის ჩადენის მოტივი; გ) დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი; დ) დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა; ე) მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი იმგვარი ქმედება, რომელიც იწვევს/გამოიწვევს დაპირისპირებას მსჯავრდებულთა მასასთან და საფრთხეს უქმნის/შეუქმნის მსჯავრდებულის/სხვა მსჯავრდებულების სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას ან პენიტენციური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას; ვ) დაწესებულების წარმომადგენლებთან და სხვა მსჯავრდებულებთან დამოკიდებულება, მათზე უარყოფითი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა; ზ) დაწესებულების დებულებითა და დღის განრიგით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება; თ) ალკოჰოლის, აზარტული თამაშების, ნარკოტიკული, ახალი ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერებების მიმართ დამოკიდებულება; ი) მსჯავრდებულის მიერ წარსულში, ასევე დაწესებულებაში დანაშაულის ჩადენის ფაქტები; კ) დარჩენილი სასჯელის ხანგრძლივობა; ლ) დაწესებულებიდან გაქცევის ან გაქცევის მცდელობის ფაქტები; მ) წარსულში დაწესებულებაში სასჯელის მოხდის შემთხვევები; ნ) მსჯავრდებულის ასაკი; ო) ქურდულ სამყაროსთან/ტერორიზმთან დამოკიდებულება; პ) დაწესებულებაში არსებულ სარეაბილიტაციო/რესოციალიზაციის პროგრამებში ჩართულობა; ჟ) ისეთი თვითდაზიანების მიყენების/მცდელობის ფაქტები, რომლითაც საფრთხე ექმნება ან შეიძლება შეექმნას დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას; რ) წახალისების/დისციპლინური სახდელის/დისციპლინური პატიმრობის გამოყენების ფაქტი.
ამავე წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საშიშროების რისკის სახეებია: ა) დაბალი; ბ) საშუალო; გ) მომეტებული; დ) მაღალი.
ამავე წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასების პროცესი იწყება მსჯავრდებულის შესახებ ინფორმაციის დამუშავებით, რომლისთვისაც დაწესებულების დირექტორი (შემდგომში – დირექტორი) ქმნის მონაცემთა პირველადი დამუშავების ჯგუფს (შემდგომში – ჯგუფი) და ადგენს იმ მსჯავრდებულთა სიას, რომელთა მონაცემებიც უნდა დაამუშაოს ჯგუფმა. ერთმა ჯგუფმა შეიძლება დაამუშაოს არაუმეტეს 700 მსჯავრდებულის მონაცემები. იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული ჩართულია სასჯელის მოხდის ინდივიდუალურ დაგეგმვაში, ჯგუფი ვალდებულია, მოცემული მსჯავრდებულის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვოს სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის შესაბამისი მულტიდისციპლინური გუნდისაგან, რომელიც ჯგუფს ინფორმაციას აწვდის დანართი #1-ის შესაბამისად.
ამავე წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გუნდი დამოუკიდებლად, მულტიდისციპლინური მიდგომის საფუძველზე ახორციელებს მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასებას და მისი რისკის სახის დადგენას. გუნდის წევრი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს სათანადო განათლება და პროფესიული გამოცდილება, აგრეთვე საქმიანი და მორალური თვისებები და შეუძლია შეასრულოს გუნდის წევრის ფუნქციები.
ამავე წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველო, ამ წესის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად მიღებული მსჯავრდებულთა სიის დამუშავების მიზნით, სიის მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, დაწესებულებიდან მოპოვებული და დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარ სამმართველოში არსებული ინფორმაციის მიხედვით ავსებს დანართი #2-ით დადგენილ ფორმას და დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის ხელმოწერით უგზავნის გუნდს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, დანართი #2-ით დადგენილ ფორმაში ისეთი ინფორმაციის შეტანისას, რომელიც მოპოვებულია „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ან წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას, ფორმა დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის ხელმოწერით გუნდს ეგზავნება საიდუმლო საქმისწარმოებისათვის დადგენილი წესების შესაბამისად.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულ(ებ)ის შესახებ დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოდან მიღებული მასალები დაუყოვნებლივ გადაეცემა გუნდის წევრებს.
ამავე წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გუნდი სხდომაზე განიხილავს დირექტორისა და დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის მიერ გაგზავნილ მასალებს და მსჯავრდებულის შესახებ დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის მიერ გაგზავნილი მასალების მიღებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში, იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის საშიშროების რისკის დადგენის თაობაზე. გადაწყვეტილება, როგორც წესი, მიიღება ზეპირი მოსმენის გარეშე. თუ გუნდი ჩათვლის, რომ მსჯავრდებულისათვის საშიშროების მომეტებული ან მაღალი რისკის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროა უშუალოდ მსჯავრდებულისაგან დამატებითი ინფორმაციის მიღება, იგი უფლებამოსილია, მსჯავრდებულს მოუსმინოს საკუთარი ინიციატივით.
ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სხდომის ოქმი, რომელშიც ასახულია გუნდის გადაწყვეტილება და ამ წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიღებული ინფორმაცია, წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას და მისი გაცნობა შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ამავე მუხლის მე-8-მე-10 პუნქტების თანახმად, გუნდი მსჯავრდებულის საშიშროების რისკს განსაზღვრავს დანართი #1-ის და დანართი #2-ის შესაბამისად მიწოდებული ინფორმაციის ამ წესის მე-4 მუხლით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეფასების შედეგად. გუნდი მსჯავრდებულის საშიშროების რისკის სახის განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილებას მისი მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის გენერალურ დირექტორს.
ამავე წესის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 1. საშიშროების რისკის სახის სავარაუდო ცვლილების დადგენის მიზნით, გუნდი უზრუნველყოფს უკვე შეფასებულ მსჯავრდებულთა პერიოდულ გადაფასებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშიშროების მაღალი რისკის დადგენიდან არაუგვიანეს 12 თვისა. პროცედურის დაწყება ასევე შესაძლებელია ამ ვადის დაუცველად განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც მკვეთრად შეიცვალა მსჯავრდებულის ქცევა ან სხვა გარემო პირობები ან/და მსჯავრდებულის იმავე ტიპის დაწესებულებაში დატოვება გაუმართლებელია.
საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საიდუმლო ინფორმაციის შემცველ 2022 წლის 18 ნოემბრის სხდომის ოქმზე, რომლითაც დადგენილი იყო, რომ გუნდმა მხედველობაში მიიღო მონაცემების პირველადი დამუშავების შედეგად შეკრებილი ინფორმაცია მსჯავრდებულ - ა.ლ-ესთან მიმართებით, ასევე, გაითვალისწინა მიღებული საიდუმლო ინფორმაციის შინაარსი და მიიჩნია, რომ ა.ლ-ის განთავსება ნახევრად ღია ან დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, სადაც სასჯელს იხდის მსჯავრდებულთა დიდი რაოდენობა, საფრთხის შემცველი იქნება როგორც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების უსაფრთხოების, ასევე, პენიტენციური სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდმა ერთხმად გადაწყვიტა, რომ მსჯავრდებულ ა.ლ-ის საშიშროების რისკის სახე არის მაღალი.
ამდენად, საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ მსჯავრდებულ ა.ლ-ისათვის საშიშროების მაღალი რისკის დადგენისას გუნდის გადაწყვეტილების მიღების პროცესში აღიწერა მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, თუმცა გუნდის სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება, ასევე, დაეფუძნა პენიტენციურ დეპარტამენტში არსებულ ოპერატიულ ინფორმაციას, რაც წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. შესაბამისად, მხარეთათვის გასაჩივრებული სხდომის ოქმი ცნობილი იყო გამოცალკევებული ღია ინფორმაციის გათვალისწინებით. რაც შეეხება ოქმის საიდუმლო ნაწილს, აღნიშნული სასამართლოს მიერ გამოთხოვილ იქნა, თუმცა ინფორმაციისათვის საიდუმლო ხასიათის გამო, მისი შინაარსი გადაწყვეტილებაში არ აისახა. შესაბამისად, სასამართლოს მიერ აღნიშნული ინფორმაცია შეფასდა სადავო სხდომის ოქმში მის საფუძვლად არსებული მონაცემების პირველადი დამუშავებისათვის შევსებულ ფორმაში ასახულ მონაცემებთან ერთად.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, ამავე კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლებზე და აღნიშნა, რომ მსჯავრდებულის შესაბამის დაწესებულებაში განთავსების განსაზღვრა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. ამგვარი უფლებამოსილება მოპასუხეს ანიჭებს თავისუფლებას კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამასთან, ამგვარი გადაწყვეტილების დასაბუთება ხსნის მიღებული გადაწყვეტილების კანონშესაბამისობას და სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას სადავოობის პირობებში შეაფასოს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონიერება.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა გუნდის 2022 წლის 18 აპრილის სხდომის ოქმში ასახულ და მსჯავრდებულის მონაცემთა დამუშავებისას შეკრებილი პირის ქცევის დადებით მახასიათებლებზე. სასამართლოს მოსაზრებით, საყურადღებო იყო, ასევე, ის გარემოება, რომ სადავო სხდომის ოქმი არ შეიცავდა სათანადო დასაბუთებას, თუ რატომ არ იქნა მხედველობაში მიღებული მსჯავრდებულის რისკის ბოლო გადაფასების შემდეგ მსჯავრდებულის ქცევის ცვლილება დადებითი კუთხით.
ამასთან, საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის განმარტებაზე, რომ მას მონაწილეობა ჰქონდა მიღებული აქტივობებში, რის შედეგადაც მან მიიღო შესაბამისი სიგელები. ასევე, მანვე განმარტა, რომ მაღალი რისკის განსაზღვრის პერიოდში მას მონაწილეობა ჰქონდა მიღებული თვითმეწარმეობის პროგრამაში, სადაც მისი ნამუშევრებით დაწესებულებამ გაიმარჯვა. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ იმჟამად მას ჰქონდა სოციალურ აქტივობაში ჩართვის სურვილი, მაგრამ არ ჰქონდა შესაძლებლობა, გამოწვეული იყო სწორედ განსაკუთრებული რისკის განსაზღვრის გამო დაწესებულების რეჟიმის გათვალისწინებით.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასჯელის მოხდის პერიოდში ა.ლ-ის მიერ სოციალურ აქტივობაში მონაწილეობის ფაქტი ასახული არ იყო მსჯავრსებულის შესახებ მონაცემთა დამუშავების შესაბამის ფორმაში. ამდენად, აღნიშნული გარემოება გამოკვლეული არ იყო სადავო გადაწყვეტილების მიღებისას და მის შესახებ დასაბუთებას სადავო ოქმი არ შეიცავდა. ამასთან, მნიშვნელოვანი იყო ის გარემოება, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში არ ყოფილა მიღებული ა.ლ-ის ქცევის დადებითად შეცვლის ფაქტორი.
შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, სამომავლოდ სადავო საკითხის გადაწყვეტისათვის არსებული საიდუმლო ინფორმაციის დამუშავებისას მოეძიებინა და დაედგინა ისეთი ფაქტები და გარემოებები, რომლებიც ღია ინფორმაციასთან ერთობლიობაში, საკმარისი იქნებოდა გადასაწყვეტი საკითხის სათანადო დასაბუთებისათვის. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მიიჩნია, რომ არსებობდა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების წინაპირობები, კერძოდ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2022 წლის 18 აპრილის #7310 ბრძანებისა და ა.ლ-ისათვის საშიშროების მაღალი რისკის განსაზღვრის თაობაზე მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი 2022 წლის 18 აპრილის სხდომის ოქმის ბათილად ცნობის საფუძვლები. შესაბამისად, მოპასუხეს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს უნდა დავალებოდა გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ, მსჯავრდებულ ა.ლ-ის მიმართ საშიშროების რისკის განსაზღვრის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებული სამართლებრივი შეფასებები.
ამასთან, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების მიზნით სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებული არგუმენტაცია და მიიჩნია, რომ სასჯელის მოხდის პერიოდში ა.ლ-ის მიერ სოციალურ აქტივობაში მონაწილეობის ფაქტი ასახული არ იყო მსჯავრსებულის შესახებ მონაცემთა დამუშავების შესაბამის ფორმაში. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, დაასკვნა, რომ აღნიშნული გარემოება გამოკვლეული არ იყო სადავო გადაწყვეტილების მიღებისას და მის შესახებ დასაბუთებას სადავო ოქმი არ შეიცავდა. ამასთან, მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში არ ყოფილა მიღებული ა.ლ-ის ქცევის დადებითად შეცვლის ფაქტორი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, მოცემული კატეგორიის საქმეზე არ არსებობს სასამართლო პრაქტიკა. ამასთან, კასატორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლსი მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და არსებობს ვარაუდი, რომ დარღვევებს შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლომ საქმე დასაშვებად უნდა ცნოს და სამსახურის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით გამართოს ზეპირი მოსმენა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მსჯავრდებულ ა.ლ-ის მიმართ საშიშროების რისკის გადაფასების პროცედურის დაწყება დაავალა. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული დავის ფაქტობრივი გარემოებები, ამასთან, განჩინებაში განვითარებული მსჯელობა შეიცავს არაერთ უზუსტობას და გარკვეული საკითხების არასწორ ინტერპრეტაციას.
კასატორის მითითებით, სასამართლოს დასაბუთება არ შეიცავს მითითებებს, თუ რატომ არის სადავო ბრძანება კანონსაწინააღმდეგო, ასევე, არსებითად დაირღვა თუ არა აქტის მომზადების ან გამოცემის კანონით დადგენილი მოთხოვნები.
კასატორის შეფასებით, სასამართლო გასაჩივრებულ განჩინებაში ფაქტობრივად მხოლოდ იმაზე მსჯელობს, რომ მსჯავრდებულს მონაწილეობა აქვს მიღებული სოციალურ აქტივობებში და აღნიშნული არ არის შეფასებული გუნდის მიერ, ასევე, მიუთითებს, რომ შეფასებული არ არის მსჯავრდებულის ქცევა. კასატორი არ ეთანხმება ზემოაღნიშნულს და მიუთითებს, რომ გუნდის საიდუმლო ინფორმაციის შემცველ სხდომის ოქმში ასახულია მსჯელობა მსჯავრდებულის ქცევასთან დაკავშირებით, კერძოდ, აღნიშნულია, რომ საშიშროების რისკის ბოლო გადაფასების შემდგომ, მსჯავრდებულის ქცევა არ გაუარესებულა. ამასთან, ოქმში მითითებულია, რომ მსჯავრდებულის ქცევამ სასჯელის მოხდის პერიოდში 34-ჯერ გამოიწვია დისციპლინური ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა. მსჯავრდებული წახალისდა 4-ჯერ. სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მხრიდან თვითდაზიანების ფაქტს ექვსჯერ ჰქონდა ადგილი. ამასთან, მსჯავრდებულმა სასჯელის მოხდის პერიოდში 5-ჯერ ჩაიდინა დანაშაული. თავის მხრივ, არსებობს ოპერატიული (საიდუმლო) ინფორმაცია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს სარჩელი არ უნდა დაეკმაყოფილებინა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 მაისის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :


საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადგილობრივ კანონმდებლობაში პატიმრის დაწესებულებაში მიღების კლასიფიკაციისა და განთავსების წესები განსაზღვრულია საქართველოს პატიმრობის კოდექსით და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით, ხოლო უშუალოდ მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შეფასება რეგულირდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის #395 ბრძანებით დამტკიცებული „მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის, გადაყვანის პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესით“.
საკასაციო პალატა მიუთითებს პატიმრობის კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის მიხედვით, პენიტენციური დაწესებულების სახეებია: ა) პატიმრობის დაწესებულება; ბ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება.
ამავე კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებია: ა) გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ბ) დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; გ) ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; დ) დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ე) განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ვ) არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება; ზ) ქალთა სპეციალური დაწესებულება.
ამავე კოდექსის 121 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არის განსაკუთრებულად დაცული, შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება, რომელშიც მიღებულია უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები და უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულები განთავსებული არიან სპეციალურ საკნებში, სადაც მათზე მუდმივად ხორციელდება ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი. აუდიოსაშუალებებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელება დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს პატიმრობის კოდექსის 46-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მსჯავრდებული სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულისთვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს სამსახურის გენერალური დირექტორი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილში ჩამოთვლილია ის შემთხვევები, როდესაც სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით მსჯავრდებული შეიძლება გადაყვანილ იქნეს სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში. მითითებული ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, მსჯავრდებული სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა შეიძლება მოხდეს საშიშროების რისკების გათვალისწინებით. ამავე მუხლის 41 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულის რისკის შეფასებასა და პერიოდულ გადაფასებას უზრუნველყოფს რისკის შეფასების გუნდი (შემდგომ − გუნდი). მსჯავრდებულის რისკის სახეები, რისკის შეფასების კრიტერიუმები, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესი, მსჯავრდებულის სხვა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესი და პირობები, აგრეთვე, გუნდის საქმიანობის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
პატიმრობის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებიდან არაუგვიანეს 20 დღისა სამსახურის გენერალური დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რომელი ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში უნდა მოიხადოს მსჯავრდებულმა სასჯელი.
საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის #395 ბრძანებით დამტკიცებული „მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის“ მე-3 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით, მსჯავრდებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომში – სამსახური) გენერალური დირექტორის (შემდგომში – გენერალური დირექტორი) გადაწყვეტილებით შეიძლება გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში (შემდგომში – დაწესებულება), საშიშროების რისკის ფაქტორის გათვალისწინებით.
ამავე წესის მე-4 პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულის საშიშროების რისკის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დაწესებულების, გარშემომყოფთა, საზოგადოების, სახელმწიფოს ან/და სამართალდამცველი ორგანოების უსაფრთხოებისათვის მსჯავრდებულისგან მომდინარე საშიშროება, რომელიც განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე: ა) მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები; ბ) ჩადენილი დანაშაულის კატეგორია და დანაშაულის ჩადენის მოტივი; გ) დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი; დ) დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა; ე) მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი იმგვარი ქმედება, რომელიც იწვევს/გამოიწვევს დაპირისპირებას მსჯავრდებულთა მასასთან და საფრთხეს უქმნის/შეუქმნის მსჯავრდებულის/სხვა მსჯავრდებულების სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას ან პენიტენციური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას; ვ) დაწესებულების წარმომადგენლებთან და სხვა მსჯავრდებულებთან დამოკიდებულება, მათზე უარყოფითი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა; ზ) დაწესებულების დებულებითა და დღის განრიგით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება; თ) ალკოჰოლის, აზარტული თამაშების, ნარკოტიკული, ახალი ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერებების მიმართ დამოკიდებულება; ი) მსჯავრდებულის მიერ წარსულში, ასევე დაწესებულებაში დანაშაულის ჩადენის ფაქტები; კ) დარჩენილი სასჯელის ხანგრძლივობა; ლ) დაწესებულებიდან გაქცევის ან გაქცევის მცდელობის ფაქტები; მ) წარსულში დაწესებულებაში სასჯელის მოხდის შემთხვევები; ნ) მსჯავრდებულის ასაკი; ო) ქურდულ სამყაროსთან/ტერორიზმთან დამოკიდებულება; პ) დაწესებულებაში არსებულ სარეაბილიტაციო/რესოციალიზაციის პროგრამებში ჩართულობა; ჟ) ისეთი თვითდაზიანების მიყენების/მცდელობის ფაქტები, რომლითაც საფრთხე ექმნება ან შეიძლება შეექმნას დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას; რ) წახალისების/დისციპლინური სახდელის/დისციპლინური პატიმრობის გამოყენების ფაქტი.
ამავე წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საშიშროების რისკის სახეებია: ა) დაბალი; ბ) საშუალო; გ) მომეტებული; დ) მაღალი. ამავე წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასების პროცესი იწყება მსჯავრდებულის შესახებ ინფორმაციის დამუშავებით, რომლისთვისაც დაწესებულების დირექტორი (შემდგომში – დირექტორი) ქმნის მონაცემთა პირველადი დამუშავების ჯგუფს (შემდგომში – ჯგუფი) და ადგენს იმ მსჯავრდებულთა სიას, რომელთა მონაცემებიც უნდა დაამუშაოს ჯგუფმა. ერთმა ჯგუფმა შეიძლება დაამუშაოს არაუმეტეს 700 მსჯავრდებულის მონაცემები. იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული ჩართულია სასჯელის მოხდის ინდივიდუალურ დაგეგმვაში, ჯგუფი ვალდებულია, მოცემული მსჯავრდებულის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვოს სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის შესაბამისი მულტიდისციპლინური გუნდისაგან, რომელიც ჯგუფს ინფორმაციას აწვდის დანართი #1-ის შესაბამისად. ამავე წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გუნდი დამოუკიდებლად, მულტიდისციპლინური მიდგომის საფუძველზე ახორციელებს მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასებას და მისი რისკის სახის დადგენას. გუნდის წევრი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს სათანადო განათლება და პროფესიული გამოცდილება, აგრეთვე საქმიანი და მორალური თვისებები და შეუძლია შეასრულოს გუნდის წევრის ფუნქციები.
ამავე წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველო, ამ წესის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მიღებული მსჯავრდებულთა სიის დამუშავების მიზნით, სიის მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, დაწესებულებიდან მოპოვებული და დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარ სამმართველოში არსებული ინფორმაციის მიხედვით ავსებს დანართი #2-ით დადგენილ ფორმას და დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის ხელმოწერით უგზავნის გუნდს.
დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, დანართი #2-ით დადგენილ ფორმაში ისეთი ინფორმაციის შეტანისას, რომელიც მოპოვებულია „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ან წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას, ფორმა დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის ხელმოწერით გუნდს ეგზავნება საიდუმლო საქმისწარმოებისათვის დადგენილი წესების შესაბამისად.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულ(ებ)ის შესახებ დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოდან მიღებული მასალები დაუყოვნებლივ გადაეცემა გუნდის წევრებს. ამავე წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გუნდი სხდომაზე განიხილავს დირექტორისა და დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის მიერ გაგზავნილ მასალებს და მსჯავრდებულის შესახებ დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის მიერ გაგზავნილი მასალების მიღებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში, იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის საშიშროების რისკის დადგენის თაობაზე. გადაწყვეტილება, როგორც წესი, მიიღება ზეპირი მოსმენის გარეშე. თუ გუნდი ჩათვლის, რომ მსჯავრდებულისათვის საშიშროების მომეტებული ან მაღალი რისკის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროა უშუალოდ მსჯავრდებულისაგან დამატებითი ინფორმაციის მიღება, იგი უფლებამოსილია, მსჯავრდებულს მოუსმინოს საკუთარი ინიციატივით.
ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, სხდომის ოქმი, რომელშიც ასახულია გუნდის გადაწყვეტილება და ამ წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიღებული ინფორმაცია, წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას და მისი გაცნობა შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-8 - მე-10 პუნქტების თანახმად, გუნდი მსჯავრდებულის საშიშროების რისკს განსაზღვრავს დანართი #1-ის და დანართი #2-ის შესაბამისად მიწოდებული ინფორმაციის ამ წესის მე-4 მუხლით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეფასების შედეგად. გუნდი მსჯავრდებულის საშიშროების რისკის სახის განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილებას მისი მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის გენერალურ დირექტორს.
ამავე წესის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საშიშროების რისკის სახის სავარაუდო ცვლილების დადგენის მიზნით, გუნდი უზრუნველყოფს უკვე შეფასებულ მსჯავრდებულთა პერიოდულ გადაფასებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშიშროების მაღალი რისკის დადგენიდან არაუგვიანეს 12 თვისა. პროცედურის დაწყება ასევე შესაძლებელია ამ ვადის დაუცველად განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც მკვეთრად შეიცვალა მსჯავრდებულის ქცევა ან სხვა გარემო პირობები ან/და მსჯავრდებულის იმავე ტიპის დაწესებულებაში დატოვება გაუმართლებელია.
საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე, კერძოდ, დადგენილია, რომ ა.ლ-ის მიმართ შედგენილია მონაცემთა პირველადი დამუშავების ფორმა (ნაწილი I), რომელშიც აღნიშნულია მსჯავრდებულ ა.ლ-ის პირადი მონაცემები, ინფორმაცია დანაშაულისა და სასჯელის შესახებ. სასჯელის დასაწყისი განსაზღვრულია 06.09.2019წ.-დან; სასჯელის დასასრული განსაზღვრულია - 05.03.2031წ.-მდე; დარჩენილი სასჯელის ხანგრძლივობა - 8 წელი, 11 თვე, 12 დღე; მსჯავრდებულის დაწესებულებაში ყოფნის ხანგრძლივობა 00 წელი, 10 თვე და 27 დღე (იმჟამად განთავსებულ დაწესებულებაში მოთავსებული იყო 05.06.2021წ.-დან). ასევე, აღწერილია წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები. პენიტენციურ დაწესებულებაში ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაციად მითითებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782 მუხლის პირველი ნაწილი (5 ეპიზოდი), დანიშნული სასჯელის სახე და ხანგრძლივობა - 1 წელი. ამავე ფორმის მე-2 ნაწილში აღწერილია დისციპლინური დარღვევები: 04.07.2015წ.-დან 18.04.2021წ.-მდე პერიოდში 34 დისციპლინური დარღვევა გამოყენებულია სხვადასხვა დაწესებულებაში განთავსებისას. მათგან, ერთი დისციპლინური დარღვევის შედეგად პირი მოთავსებული იყო სამარტოო საკანში. ასევე, ა.ლ-ის მიმართ 29.04.2015წ.-დან 28.11.2019წ.-ის ჩათვლით 4-ჯერ გამოყენებული იყო წახალისების სხვადასხვა ფორმა. ამასთან, 20.07.2016წ.-დან 07.01.2017წ.-ის ჩათვლით დაფიქსირებულია თვითდაზიანების 5 შემთხვევა, მიზეზად მსჯავრდებულის მიერ დასახელებულია აღელვება.
2016 წლის 4 თებერვალს მოხდა მსჯავრდებულ ა.ლ-ის საშიშროების რისკის განსაზღვრა, რის შედეგადაც, მას რისკის სახედ განესაზღვრა საშიშროების მაღალი რისკი. 2017 წლის 11 იანვარს განესაღვრა საშიშროების მაღალი რისკი. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის #395 ბრძანებით დამტკიცებული „მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის, გადაყვანის პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის“ თანახმად, 2019 წლის 23 დეკემბერს მოხდა მსჯავრდებულის საშიშროების რისკის გადაფასება, რის შემდეგაც რისკის სახედ საშიშროების მომეტებული რისკი განესაზღვრა.
საკასაციო სასამართლო, ასევე, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2021 წლის 21 აპრილს, საშიშროების რისკის გადაფასების შედეგად, ა.ლ-ეს რისკის სახედ განესაზღვრა მაღალი რისკი. საშიშროების რისკის გადაფასების (21.04.2021წ.) შემდგომ, მსჯავრდებულ ა.ლ-ის მხრიდან თვითდაზიანების მიყენების/მცდელობის ან/და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ამავე ფორმის III ნაწილით დადგენილია, რომ მსჯავრდებულს აქვს პროგრამებში მონაწილეობის სურვილი, მაგრამ არ აქვს შესაძლებლობა. აქვს სწავლის სურვილი, მაგრამ არ აქვს შესაძლებლობა. აქვს მუშაობის სურვილი, მაგრამ არ აქვს შესაძლებლობა. თავაზიანია დაწესებულების თანამშრომლებთან მიმართებით. სამომავლო გეგმებზე არ პასუხობს. საკუთარ აზრს გამოხატავს აგრესიის გარეშე, შეუძლია ემოციების და ქცევის კონტროლი.
ამასთან, მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი 2022 წლის 18 აპრილის სხდომის ოქმით დადგენილია, რომ გუნდმა მხედველობაში მიიღო მონაცემების პირველადი დამუშავების შედეგად შეკრებილი ინფორმაცია მსჯავრდებულ - ა.ლ-ესთან მიმართებით, ასევე, გაითვალისწინა მიღებული საიდუმლო ინფორმაციის შინაარსი და მიიჩნია, რომ ა.ლ-ის განთავსება ნახევრად ღია ან დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, სადაც სასჯელს იხდის მსჯავრდებულთა დიდი რაოდენობა, საფრთხის შემცველი იქნება როგორც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების უსაფრთხოების, ასევე, პენიტენციური სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდმა ერთხმად გადაწყვიტა, რომ მსჯავრდებულ ა.ლ-ის საშიშროების რისკის სახე არის მაღალი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მსჯავრდებულ ა.ლ-ისათვის საშიშროების მაღალი რისკის დადგენისას გუნდის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში აღიწერა მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, თუმცა გუნდის სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება, ასევე, დაეფუძნა პენიტენციურ დეპარტამენტში არსებულ ოპერატიულ ინფორმაციას, რაც წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. შესაბამისად, მხარეთათვის გასაჩივრებული სხდომის ოქმიდან ცნობილია მხოლოდ ღია ინფორმაცია. რაც შეეხება ოქმის საიდუმლო ნაწილს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 28 ივნისის მიმართვით საქართველოს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2022 წლის 18 აპრილის #7310 ბრძანების გამოცემის საფუძვლად არსებული მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 2022 წლის 18 აპრილის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი სხდომის ოქმი და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია - დანართი #2. საკასაციო სასამართლოს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის საიდუმლო ხასიათის გათვალისწინებით, მისი შინაარსი გადაწყვეტილებაში არ აისახება, თუმცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველმხრივ და სრულყოფილად გამოკვლევა-შეფასების შედეგად, ფასდება სადავო სხდომის ოქმში, მის საფუძვლად არსებული მონაცემების პირველადი დამუშავებისათვის შევსებულ ფორმაში ასახულ მონაცემებთან ერთად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.
საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
ზემოაღნიშნულ სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის საშიშროების რისკისა და მისი შესაბამის დაწესებულებაში განთავსების საკითხის განსაზღვრა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. გადაწყვეტილების მიღების პროცესში მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდი ითვალისწინებს არა მხოლოდ პატიმრის პერსონალურ, პირად ინტერესებს, არამედ დაწესებულების, გარშემომყოფთა, საზოგადოების, სახელმწიფოს ან/და სამართალდამცველი ორგანოების უსაფრთხოებისათვის მსჯავრდებულისგან მომდინარე საშიშროების ხარისხს, სხვა პატიმართა უსაფრთხოებას. ასევე, მსჯავრდებულთა კონკრეტულ პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების თაობაზე გადაწყვეტილება იმგვარად უნდა იქნეს მიღებული, რომ მიღწეულ იქნეს როგორც სასჯელის მიზნები, აგრეთვე, პენიტენციური სისტემის გამართული ფუნქციონირება.
თუმცა საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, განმარტავს, რომ მსჯავრდებულთათვის საშიშროების რისკის განსაზღვრა სხვადასხვა საკითხთა ერთობლივ შეფასებასთან არის დაკავშირებული. აღნიშნულ კომპლექსურ პროცესში გადაწყვეტილების მიმღები ორგანო სარგებლობს მიხედულების ფართო ფარგლებით, რამდენადაც საკითხის სპეციფიკურობა და მსჯავრდებულებზე ყოველდღიური დაკვირვების ფაქტობრივი შესაძლებლობა ამარტივებს ზემოხსენებულ კრიტერიუმთა შეფასების პროცესს. ცხადია, აღნიშნული არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს უკონტროლო თავისუფლებას და სასამართლო რევიზიის სრულ გამორიცხვას, თუმცა თავისუფალი მოქმედების ფართო არეალი გარკვეულწილად ავიწროვებს სასამართლო კონტროლის ფარგლებს.
ამასთან, სასამართლო იცავს რა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს, იმავდროულად, აქვს შესაძლებლობა მოახდინოს ზემოქმედება მმართველობის ამ სფეროზე, ვინაიდან არ არსებობს აბსოლუტური დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე, როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა. უფლებამოსილება ყოველთვის უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რომლებიც საფუძვლად დაედო ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, თანასწორობის, დასაბუთებულობის, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნას. შესაბამისად, ამგვარი გადაწყვეტილების დასაბუთება ხსნის მიღებული გადაწყვეტილების კანონშესაბამისობას და სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, სადავოობის პირობებში, შეაფასოს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულმა ა.ლ-ემ 34-ჯერ ჩაიდინა დისციპლინური გადაცდომა. ასევე, დაფიქსირებულია თვითდაზიანების 5 შემთხვევა, რის მიზეზადაც დასახელებულია აღელვება. საგულისხმოა, რომ ა.ლ-ეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში ჩადენილი აქვს (5 ეპიზოდი) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (პენიტენციურ დაწესებულებაში ან მოთავსების სხვა ადგილას, გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ, აგრეთვე დროებითი ყოფნის იზოლატორში ან ჰაუპტვახტში მოთავსებული პირის მიერ აკრძალული საგნის შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და ამ საგნით სარგებლობა).
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ საშიშროების რისკის გადაფასების (21.04.2021წ.) შემდგომ მსჯავრდებულ ა.ლ-ის მხრიდან თვითდაზიანების მიყენების/მცდელობის ან/და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. იგი თავაზიანია დაწესებულების თანამშრომლებთან მიმართებით. სამომავლო გეგმებზე არ პასუხობს. საკუთარ აზრს გამოხატავს აგრესიის გარეშე, შეუძლია ემოციების და ქცევის კონტროლი.
ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, მას მიღებული აქვს მონაწილეობა აქტივობებში, რის შედეგადაც, მან მიიღო შესაბამისი სიგელები. ასევე, მაღალი რისკის განსაზღვრის პერიოდში, მას მონაწილეობა აქვს მიღებული თვითმეწარმეობის პროგრამაში, სადაც მისი ნამუშევრებით დაწესებულებამ გაიმარჯვა. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ ამჟამად მას აქვს სოციალურ აქტივობაში ჩართვის სურვილი, მაგრამ არ აქვს შესაძლებლობა, გამოწვეულია სწორედ განსაკუთრებული რისკის განსაზღვრის გამო დაწესებულების რეჟიმის გათვალისწინებით.
საკასაციო სასამართლო, ცხადია, მიესალმება მსჯავრდებულთა ჩართულობას სოციალურ აქტივობებში, მათ კარგ ყოფა-ქცევას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, თუმცა აქვე განმარტავს, რომ მსჯავრდებულის დადებითი კუთხით ცვლილება არის ერთ-ერთი, თუმცა არა ერთადერთი და გადამწყვეტი ფაქტორი მსჯავრდებულის საშიშროების რისკის განსაზღვრისათვის. რისკის დადგენის პროცესში, დაწესებულებაში გამოვლენილ ქცევასთან და დაწესებულებაში არსებულ სარეაბილიტაციო/რესოციალიზაციის პროგრამებში ჩართულობასთან, ასევე, წახალისების/დისციპლინური სახდელის/დისციპლინური პატიმრობის გამოყენების ფაქტებთან ერთად, მხედველობაში მიიღება ისეთი მნიშვნელოვანი მახასიათებლები, როგორიცაა მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები, ჩადენილი დანაშაულის კატეგორია და დანაშაულის ჩადენის მოტივი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი იმგვარი ქმედება, რომელიც იწვევს/გამოიწვევს დაპირისპირებას მსჯავრდებულთა მასასთან და საფრთხეს უქმნის/შეუქმნის მსჯავრდებულის/სხვა მსჯავრდებულების სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას ან პენიტენციური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, დაწესებულების წარმომადგენლებთან და სხვა მსჯავრდებულებთან დამოკიდებულება, მათზე უარყოფითი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, დაწესებულების დებულებითა და დღის განრიგით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება, მსჯავრდებულის მიერ წარსულში, ასევე დაწესებულებაში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ისეთი თვითდაზიანების მიყენების/მცდელობის ფაქტები, რომლითაც საფრთხე ექმნება ან შეიძლება შეექმნას დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას და სხვა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებულის მიერ გამოვლენილი კარგი ქცევა, შესაძლოა, იყოს დროებითი, შედარებით მკაცრი რეჟიმის მქონე სასჯელაღსრულების დაწესებულებისაგან თავის დაღწევის სურვილით განპირობებული. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევს მსჯავრდებულის ზოგად ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას და მის განზრახვას ჩადენილი თითოეული პოზიტიური ქმედებისადმი. ხშირ შემთხვევაში, მსჯავრდებულის ქცევის დადებითი გამოვლინება, შესაძლოა, იყოს დამაბნეველი, ერთი შეხედვით იმის მიმანიშნებელი, რომ მსჯავრდებული გამოსწორებულია და მისი საშიშროების რისკი შემსუბუქებულია, თუმცა, რეალურად, შესაძლებელია, ქცევის ცვლა აიხსნებოდეს მსჯავრდებულის პირადი დაინტერესებით, რომ შეიმსუბუქოს საშიშროების რისკი და თავი დააღწიოს მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებას. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ეჭვის საფუძველს ქმნის, განსაკუთრებით, ისეთი ვითარება, როდესაც მსჯავრდებულს ზოგადად ახასიათებს ნეგატიური ქცევა, ხოლო, დროის მოკლე მონაკვეთში, მისი ქცევა საგრძნობლად დადებითად იცვლება. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო საგულისხმოდ მიიჩნევს იმ გარემოებასაც, რომ მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის მართებული განსაზღვრა ფუნდამენტურ მნიშვნელობას იძენს მთელი რიგი ღირებულებების დაცვის კუთხით. შესაბამისად, რისკის გადაფასების პროცედურების მართებული წარმართვა, მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის სწორი განსაზღვრა უნდა ემყარებოდეს ყოველგვარი ეჭვის მაქსიმალურ გამორიცხვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკითხისადმი არასიღრმისეულმა და ზედაპირულმა დამოკიდებულებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს გამოუსწორებელი სავალალო, უარყოფითი შედეგები.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სწორედ ზემოაღნიშნული გარემოებები ქმნის იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მსჯავრდებულის ქცევის დადებითად შეცვლის დროს გადამწყვეტია არა ზოგადად ქცევის გამოსწორება, არამედ მსჯავრდებულის დამოკიდებულება ამგვარი ცვლილებისადმი. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, არსებითია განისაზღვროს, მსჯავრდებულის ცვლილება არის რეალური, თუ გარკვეული პირადი მიზნებით ნაკარნახევი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, თითქოს მსჯავრდებულის რისკის შეფასების პროცესში ადმინისტრაციულ ორგანოს მხედველობაში არ მიუღია ა.ლ-ის ქცევის დადებითად შეცვლის ფაქტორი. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოთხოვილი საიდუმლო ინფორმაციით ნათლად დასტურდება, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილად აქვს გამოკვლეული, შესწავლილი და ურთიერთშეჯერებული ა.ლ-ის პიროვნული მახასიათებლები, ასევე, მის მიერ სასჯელის მოხდის პროცესში გამოვლენილი ქცევის როგორც დადებითი, აგრეთვე, ნეგატიური ასპექტები. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ა.ლ-ისათვის საშიშროების მაღალი რისკის განსაზღვრის თაობაზე ემყარება საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილ, სათანადო გამოკვლევა-შეფასებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ მართებულად დააბალანსა როგორც მსჯავრდებულ ა.ლ-ის, ასევე, სხვა მსჯავრდებულთა და ზოგადად, პენიცენციური სამსახურის ინტერესები. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერად მიჩნევა არ გამორიცხავს, სამომავლოდ, მსჯავრდებულ ა.ლ-ის მხრიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დადებითი ქცევის განგრძობის შემთხვევაში, საშიშროების გადაფასების შედეგად მისთვის შედარებით მსუბუქი რისკის განსაზღვრას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა.ლ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და


გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ა.ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: გ. აბუსერიძე


ბ. სტურუა