№ბს-625(კ-23) 25 ივლისი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა.ი.კ-ოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ა.ი.კ-ომ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის 2022 წლის 18 მარტის №03/00001362/2022-02 გადაწყვეტილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2022 წლის 18 აპრილის №01-145 ბრძანება; გ) დაევალოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს ახალი აქტის გამოცემით გასცეს ვიზა - ა.ი.კ-ოს სახელზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა.ი.კ-ოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ა.ი.კ-ოს მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 იანვრის განჩინებით ა.ი.კ-ოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა.ი.კ-ომ.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის სუბიექტური „მიზანშეუწონლობა“ მიიჩნია უტყუარ ჭეშმარიტებად და სრულიად უგულებელყო კასატორის, მისი ოჯახისა და არასრულწლოვანი შვილის ინტერესები. როგორც სააპელაციო სასამართლო მიუთითებს: „დოკუმენტების საიდუმლო ხასიათის გამო მათი შინაარსის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასახვის შესაძლებლობა არ არსებობს.“ აღნიშნულის ფონზე კასატორის დაცვის უფლება იმთავითვეა შეზღუდულია, კასატორს წართმეული აქვს შესაძლებლობა შეედავოს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ მითითებულ ფაქტებსა თუ არგუმენტებს. მოცემულ შემთხვევაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქმის განმხილველი სასამართლოს როლი, კრიტიკულად მიუდგეს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ მითითებულ ინფორმაციას და არ დაუშვას დისკრიმინაციული მიდგომა. ამავდროულად, სასამართლო ვალდებულია განსაკუთრებით გულისხმიერად მიუდგეს ოჯახისა და კასატორის არასრულწლოვანი შვილის ინტერესებს. შეუძლებელია კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ხელთ ჰქონდეს რაიმე ფაქტი/არგუმენტი ზემოხსენებული „მიზანშეუწონლობის“ დასასაბუთებლად, რის გამოც სასამართლოს მიერ უნდა შეფასდეს აღემატება თუ არა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ მითითებული ,,მიზანშეუწონლობა’’ ოჯახისა და კასატორის არასრულწლოვანი შვილის საუკეთესო ინტერესებს. კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი საიდუმლო ინფორმაცია/დოკუმენტაცია სააპელაციო სასამართლოსა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ იქნა კრიტიკულად შეფასებული/გამოკვლეული. სასამართლოს უნდა დაედგინა, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი მასალები არ ქმნის საფუძვლიან ვარაუდს კასატორის სასარგებლოდ ვიზის გაცემის მიზანშეუწონლად მისაჩნევად.
კასატორის განმარტებით, გასაჩივრებულ განჩინებაში არ არის განმარტებული საკვანძო ნორმები - „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 პუნქტი. მითითებული კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი არ არის იმპერატიულად ამკრძალავი ნორმა („შეიძლება უარი ეთქვას“). ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა იქნეს განხილული და გადაწყვეტილი, ესა თუ ის პოტენციური საფრთხე არის თუ არა საკმარისი საფუძველი უცხოელისათვის უარის სათქმელად. თუ „საფრთხე“ ჰიპოთეტურია/არარეალურია, პირს უარი არ უნდა ეთქვას ვიზის გაცემაზე. საკითხის გადაწყვეტისას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქმეში არსებულ სხვა ფაქტობრივ გარემოებებს. ამასთან, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოთვლის სხვადასხვა სახის სიკეთეს, რასაც შეიძლება საფრთხე მიადგეს ამა თუ იმ უცხოელის საქართველოში ყოფნით. თითოეული ჩამოთვლილი სიკეთე ერთმანეთისაგან თვისობრივად განსხვავდება, შესაბამისად, უცხოელმა ის მაინც უნდა იცოდეს, კონკრეტულად რომელ სიკეთეს უქმნის საფრთხეს. კონტრდაზვერვის დეპარტამენტი და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო შემოიფარგლება ჰიპოთეტურ „მიზანშეუწონლობაზე“ მითითებით და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის შაბლონური ხასიათის, უსაფუძვლო და დისკრიმინაციული.
კასატორის მოსაზრებით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი არ უნდა იქნეს გაგებული ისე, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება ჰქონდეს დაუსაბუთებელი მიზანშეუწონლობის შესახებ დასკვნები გასცეს. მოცემული ნორმის დაწესებით კანონმდებლის მიზანია, უარყოფილმა უცხოელმა არ შეიტყოს, რეალურად რა სახის ინფორმაცია აქვს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს (სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებს) მის შესახებ. ფაქტობრივად კი, ნებისმიერი მიზანშეუწონლობის შესახებ დასკვნა უნდა იყოს სათანადოდ დასაბუთებული, თუმცა დაინტერესებული პირებისათვის ხელმიუწვდომელი. სასამართლო არის ის საგამონაკლისო ორგანო, რომელსაც კონკრეტული დავის განხილვისას უნდა ჰქონდეს სრულყოფილი წვდომა როგორც დასკვნაზე, ისე მის დასაბუთებაზე. სასამართლომ უნდა შეაფასოს დასაბუთებულია თუ არა ესა თუ ის მიზანშეუწონლობის დასკვნა, არსებობს თუ არა რეალური საფრთხე. განსაკუთრებული კრიტიკული მიდგომით უნდა გამოიკვლიოს ყოველი ასეთი მიზანშეუწონლობის დასკვნა, რათა არ იქნას დაშვებული/წახალისებული არცერთი სახის დისკრიმინაცია.
კასატორი 2020 წელს შემოვიდა საქართველოში, მასზე გაიცა ბინადრობის ნებართვა და ბინადრობის მოწმობა (ID ბარათი). აღნიშნული გარემოება ნათლად მეტყველებს მიზანშეუწონლობის დასკვნის აბსურდულობასა და დაუსაბუთებლობაზე. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105.1 მუხლი და არ გამოიყენა არაერთი ნორმა, რომლებიც უნდა გამოეყენებინა, მაგალითად: „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლი („ბ“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტები), 25.1 მუხლი, 36-ე მუხლი. საყურადღებოა, რომ მოსარჩელე 2021 წლის 10 ნოემბრიდან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში საქართველოს მოქალაქე თ.რ-სთან და ჰყავთ საერთო შვილი - 2022 წლის 15 ივლისს დაბადებული ე.კ-ო.
გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლო მართალია, მიუთითებს ოჯახის ერთიანობის პრინციპს, თუმცა გაურკვეველი მიზეზით არ ახსენებს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპს. ამავდროულად, სააპელაციო სასამართლო, მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის ინტერესს ოჯახის ერთიანობის პრინციპზე აღმატებულად მიიჩნევს. როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის ინტერესი მხოლოდ ჰიპოთეტურია (არგუმენტირებული არ არის), აღნიშნული ინტერესი ვერ გადაწონის ოჯახის ერთიანობის პრინციპს. როდესაც საქმე შეეხება ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას, ამ შეთხვევაში სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის ინტერესი კიდევ უფრო მეტად უნდა იყოს დასაბუთებული და არგუმენტირებული. გასაჩივრებული განჩინების თანახმად, მამამ უნდა მიატოვოს რამდენიმე თვის შვილი, რაც ბავშვების საუკეთესო ინტერესებში არ შედის. გასაჩივრებული განჩინების ძალაში დატოვების შემთხვევაში ბავშვი უნდა აღიზარდოს მამის მზრუნველობის გარეშე (მით უმეტეს, რომ ე.კ-ოზე ფინანსურ ზრუნვას ძირითადად მამა ახორციელებს).
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა.ი.კ-ოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა.ი.კ-ოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) მოსარჩელე ა.ი.კ-ო არის ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე (ს.ფ 66, 70); ბ) 2022 წლის 22 თებერვალს, ა.ი.კ-ომ, განცხადებით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს და საქართველოს ვიზის გაცემა მოითხოვა (ს.ფ 80-84); გ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის 2022 წლის 18 მარტის №03/00001362/2022-02 გადაწყვეტილებით, ა.ი.კ-ოს უარი ეთქვა საქართველოს ვიზის გაცემაზე შემდეგი საფუძვლით - საქართველოს ვიზის მიღების მსურველი უცხოელის საქართველოში ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას (ს.ფ 19-21); დ) 2022 წლის 29 მარტს ა.ი.კ-ომ ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის 2022 წლის 18 მარტის №03/00001362/2022-02 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა (ს.ფ 86-88); ე) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2022 წლის 18 აპრილის №01-145 ბრძანებით, ა.ი.კ-ოს 2022 წლის 29 მარტის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ 74-76); ვ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2022 წლის 17 მარტის SSG 4 22 00041413 მიმართვის თანახმად, დეპარტამენტს ა.ი.კ-ოს სახელზე საქართველოს ვიზის გაცემა მიზანშეუწონლად მიაჩნია (ს.ფ 85); ზ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით, ა.ი.კ-ოს გადაუვადდა საქართველოდან გასვლის ვალდებულება 2022 წლის 14 აპრილამდე. სს „...ის“ 2022 წლის 22 თებერვლის ცნობით, ა.ი.კ-ო მითითებულ ბანკში არის ანგარიში მფლობელი. ...ის პოლისით ა.ი.კ-ოს აქვს ჯანმრთელობის დაზღვევა (ს.ფ 65, 67, 68-69); თ) შპს „...ის“ ცნობის ტანახმად, ა.ი.კ-ო არის ...ის სტუდენტი (ს.ფ 71-72); ი) ა.ი.კ-ო 2021 წლის 10 ნოემბერს დაქორწინდა თ.რ-ზე, 2022 წლის 15 ივლისს შეეძინათ შვილი - ე.კ-ო (ს.ფ 99, 123).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელისთვის ვიზის გაცემაზე უარის თქმის კანონიერება, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივ წესრიგის, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვისათვის საფრთხის შექმნის საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს საქართველოს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“. უცხოელის საქართველოში კანონიერად შემოსვლის/ყოფნის უფლების მოპოვების ერთ-ერთი შესაძლებლობა სწორედ ვიზის მიღებაა, რომელსაც დასახელებული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე გასცემს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება. ამასთან, კანონის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტის შესაბამისად, ვიზა არის დადგენილი ფორმის პირობითი ნებართვა, რომელიც გაიცემა სამგზავრო დოკუმენტში ვიზის ბლანკის დატანით ან ელექტრონულად (ელექტრონული ვიზა) და რომელიც საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლის ან საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის ფაქტის არარსებობის შემთხვევაში ადასტურებს უცხოელის უფლებას, შემოვიდეს ან/და იმყოფებოდეს საქართველოში ან ტრანზიტით გაიაროს საქართველოს ტერიტორია. ვინაიდან ვიზის გაცემით უცხოელი მოიპოვებს საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობას, ხოლო სახელმწიფო კისრულობს მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას საქართველოს ტერიტორიაზე, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით დეტალურად და ამომწურავად არის გაწერილი საქართველოში ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. მათ შორის, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, უცხოელს საქართველოს ვიზის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ საქართველოში მისი ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას. ამავე მუხლის 21 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შემთხვევაში უნდა არსებობდეს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა საქართველოს ვიზის გაცემის მიზანშეუწონლობის შესახებ. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით კი, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს ვიზის გაცემის ან საქართველოში შემოსვლის მიზანშეუწონლობის შესახებ დასკვნა არ საბუთდება.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივნისის №280 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოში ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესის“ მე-26 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად სამინისტრო ან/და ვიზის გამცემი ორგანო უფლებამოსილია, შესაბამისი ინფორმაცია გამოითხოვოს სახელმწიფო ორგანოებიდან, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირებისგან. ამავე წესის 28-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს ვიზის გაცემაზე უარი უნდა ეთქვას, თუ საქართველოში მისი ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას. წესის 26-ე მუხლის 31 პუნქტის მიხედვით, ამ წესის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლის გამოვლენის მიზნით, ინფორმაცია გამოითხოვება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევები, წესი და პირობები განისაზღვრება სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ორგანო, რომლისგანაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუძლია, მიიღოს ინფორმაცია უცხოელის მიერ ქვეყნისა და საზოგადოებისთვის საფრთხის შექმნის თაობაზე, არის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, რომელიც, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლიდან გამომდინარე, ეწევა ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციასა და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას. შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან უნდა გამოითხოვოს ინფორმაცია ვიზის გაცემაზე უარის თქმის კანონისმიერი საფუძვლების არსებობის საკითხის დასადგენად. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნა - წერილი კი წარმოადგენს ექსკლუზიური უფლებამოსილების განხორციელების შედეგად მომზადებულ მტკიცებულებას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უცხოელისათვის საქართველოს ვიზის გაცემის საკითხის გადაწყვეტა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2022 წლის 17 მარტის SSG 4 22 00041413 წერილის არსებობის პირობებში, შეეძლო გაეთვალისწინებინა აღნიშნული და მიეღო გადაწყვეტილება მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, თუმცა მიდგომა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, თანმიმდევრული და არ უნდა ქმნიდეს შეუსაბამო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლომ 2023 წლის 12 ივლისის მიმართვით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოითხოვა ინფორმაცია, რომელიც „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლიდან გამომდინარე, სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს და მხარეებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. საკასაციო პალატა, მიღებული საიდუმლო ინფორმაციის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელისათვის საქართველოს ვიზის გაცემის მიზანშეუწონლობა სათანადოდ არის დასაბუთებული. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ ინფორმაციაში მითითებული გარემოებები ქმნის საფუძვლიან ვარაუდს, რომ მოსარჩელე საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, რის გამოც გასაჩივრებული აქტები კანონშესაბამისია და არ არსებობს მოპასუხისათვის მოსარჩელის სახელზე ვიზის გაცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს 300 ლარს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, თუ კასატორს წინასწარ არ აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივარზე და ასევე მას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გადავადებული აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მისი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის შემთხვევაში, მას დაეკისრება გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 30 პროცენტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორს - ა.ი.კ-ოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ივნისის განჩინებით სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდა გადაუვადდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კასატორს - ა.ი.კ-ოს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 90 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა.ი.კ-ოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 იანვრის განჩინება;
3. ა.ი.კ-ოს დაეკისროს საკასაციო საჩივარზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 30%-ის – 90 ლარის გადახდა (მიმღები - ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი - TRESGE22; ხაზინის ერთიანი ანგარიშის №200122900; საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150);
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე