საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-160(კ-23) 11 ივლისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ. ა-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2021 წლის 16 დეკემბერს ნ. ა-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მან 2005 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ...ის ფაკულტეტი და მიენიჭა ...ს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ასევე ...ს კვალიფიკაცია. აღნიშნულის შემდგომ, 2005 წელს მოსარჩელე ჩაირიცხა შპს ს...ის სასწავლო ინსტიტუტში, ჩააბარა მისაღები გამოცდები (რაც წარმოადგენდა ჩარიცხვის წინაპირობას), მიღების შემდგომ გადაიხადა შესაბამისი საფასური და გაიარა IV-V სასწავლო კურსი. მოსარჩელის განმარტებით, ...ის ინსტიტუტი დაამთავრა 2007 წელს და მიენიჭა ...ს, ...ის, პრაქტიკოსი ...ს კვალიფიკაცია.
მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ მისი აკადემიური და პროფესიული მოღვაწეობა ...ის სფეროში უკვე 15 წელია აქტიურად მიმდინარეობს. ამასთან, იგი წარმოადგენს სადოქტორო პროგრამის სტუდენტს და მობილობის გზით უნივერსიტეტის შეცვლისას გამოკვეთილი საჭიროებიდან გამომდინარე, 2021 წლის 11 ნოემბერს მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს შპს ს...ის სასწავლო ინსტიტუტის მიერ 2007 წელს მის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურების მოთხოვნით, რაზეც ცენტრმა 2021 წლის 18 ნოემბრის MES 0 21 0001240069 გადაწყვეტილებით უთხრა უარი იმ არგუმენტზე მითითებით, რომ მოსარჩელემ სტუდენტის სტატუსი მოიპოვა კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით.
მოსარჩელემ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2021 წლის 18 ნოემბრის MES 0 21 0001240069 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის კერძო სამართლის იურიდიული პირის - ს...ის სასწავლო ინსტიტუტის მიერ ნ. ა-ას სახელზე გაცემული SFI №000001 დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ა-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2021 წლის 18 ნოემბრის MES 0 21 0001240069 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა კერძო სამართლის იურიდიული პირის - ს...ის სასწავლო ინსტიტუტის მიერ ნ. ა-ას სახელზე გაცემული SFI №000001 დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის განჩინებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2021 წლის 11 ნოემბერს ნ. ა-ამ მოითხოვა კერძო სამართლის იურიდიული პირის ს...ის სასწავლო ინსტიტუტის მიერ 2007 წლის 10 დეკემბერს მის სახელზე გაცემული SFI №000001 უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის, რომლითაც მიენიჭა ...ს, ...ის, პრაქტიკოსი ...ს კვალიფიკაცია, ნამდვილობის დადასტურება, თუმცა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უარი უთხრა დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე იმ საფუძვლით, რომ 2005 წელს ინსტიტუტში ჩარიცხული არ იყო ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე, კერძოდ, მან სტუდენტის სტატუსი მოიპოვა კანონმდებლობით დადგენილი წესის (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა) გარეშე (ლიცენზირებულ, არაღიარებულ რეჟიმში).
სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის ...ის სასწავლო ინსტიტუტმა 2005 წელს აკრედიტაცია გაიარა ს...ის სასწავლო ინსტიტუტის სახელწოდებით და ამ სახელწოდებით არსებობდა აკრედიტაციის შეწყვეტამდე - 2009 წლის სექტემბრამდე. ამასთან, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე ს...ის სასწავლო ინსტიტუტის რექტორის 2005 წლის 27 ივლისის №19 ბრძანებით თსუ-ს ...ის ფაკულტეტის ბაკალავრი - ნ. ა-ა ჩარიცხული იქნა ...ის ფაკულტეტის IV კურსზე, მის მიერ ჩაბარებული იქნა I-III კურსის ყველა განსხვავებული საგანი, წარმატებით დაიცვა სადიპლომო ნაშრომი და ასევე წარმატებულად ჩააბარა სახელმწიფო გამოცდა, რის შედეგადაც მასზე 2007 წლის 10 დეკემბერს გაიცა SFI №000001 უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები 2005-2006 სასწავლო წლის დასაწყისამდე არ იყვნენ ვალდებულნი აბიტურიენტები მიეღოთ ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ შედგენილი სიების საფუძველზე. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ნ. ა-ა ინსტიტუტში ჩარიცხული იქნა სასწავლო წლის დაწყებამდე (2005 წლის 27 ივლისს), მის მიმართ ზემოაღნიშნული კანონის დანაწესის გამოყენება დაუშვებელი იყო.
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. ა-ას და არამხოლოდ მას (მაგ: დამსაქმებელს) გააჩნდა კანონიერი ნდობა კერძო სამართლის იურიდიული პირის - ს...ის სასწავლო ინსტიტუტის მიერ ნ. ა-ას სახელზე გაცემული SFI №000001 დიპლომის და იმ სამართლებრივი შედეგების მიმართ, რაც დადგა აღნიშნული დიპლომის გამოყენებით. ამდენად, განმსაზღვრელი იყო ის გარემოება, რომ მოსარჩელე ახორციელებდა პროფესიულ საქმიანობას აღნიშნული დიპლომის საფუძველზე და სახელმწიფო აღიარებდა ყველა იმ შედეგს, რაც მოსარჩელის უფლებებზე აისახა. აღნიშნული კი, ქმნიდა იმის მტკიცების საკმარის საფუძველს, რომ ნ. ა-ას ნდობა გაცემული დიპლომის მიმართ იყო დაცვის ღირსი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებას და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მხოლოდ კანონის ზოგად განმარტებებს და პირის მიმართ კანონიერი ნდობის დასაბუთებით დაავალა ცენტრს ნ. ა-ას დიპლომის ნამდვილობის დადასტურება, თუმცა განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს არცერთი კონკრეტული, მატერიალური უფლების დამდგენი ნორმა, რომელიც ცენტრმა დაარღვია ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში.
კასატორმა არ გაიზიარა სასამართლოს მითითება, რომ მოსარჩელე 2005 წლის 27 ივლისს რექტორის ბრძანებით ჯერ უნდა ჩარიცხულიყო მე-4 კურსზე, შემდეგ კი ჩაებარებინა განსხვავებული საგნები. ეს კი იმ პირობებში, როდესაც ნ. ა-ა ჩარიცხული იყო ერთსაფეხურიან პროგრამაზე, სადაც არა სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დოკუმენტის საფუძველზე, არამედ ზოგადსაგანმანათლებლო დოკუმენტის - ატესტატის საფუძველზე უნდა ჩარიცხულიყო და 2005 წელს სტუდენტის სტატუსი მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით მოეპოვებინა. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა შეფასება არ მისცეს იმ უმნიშვნელოვანეს გარემოებას, რომ ნ. ა-ა ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე (რომელზე ჩარიცხვის საფუძველს წარმოადგენდა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა), მე-4 კურსზე ჩაირიცხა 2005 წლის 27 ივლისს და სტუდენტის სტატუსი მოიპოვა კანონმდებლობით დადგენილი წესის გვერდის ავლით.
კასატორმა აღნიშნა, რომ ნ. ა-ას ჩარიცხვის პერიოდში, 2005 წლის 27 ივლისს უკვე მოქმედებდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმა, რომლის მიხედვითაც, სტუდენტის სტატუსის მოპოვებისთვის აუცილებელი იყო ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, საფუძველს მოკლებულია სასამართლოს მიერ იმ გარემოებაზე ყურადღების გამახვილება, რომ მოსარჩელე ს...ის სასწავლო ინსტიტუტში ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის დიპლომის საფუძველზე. ამასთან, კასატორმა ს...ის სასწავლო ინსტიტუტის რექტორის 2021 წლის 25 ოქტომბრის №596 წერილზე მითითებით აღნიშნა, რომ აღნიშნულ ინსტიტუტში სწავლის ოფიციალური ხანგრძლივობა 1992 წლიდან 2007 წლის ჩათვლით იყო 5 წელი (ერთსაფეხურიანი სწავლება). ერთსაფეხურიან სწავლებაზე კი პირი ირიცხება არა უმაღლესი საგანმანათლებლო დოკუმენტის, არამედ ზოგადი განათლების დოკუმენტის - ატესტატის საფუძველზე, რომლის ჩარიცხვის წინაპირობას 2005 წლიდან უდავოდ კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვა და ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა ესაჭიროებოდა.
კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ის დანაწესი, რომელიც პირდაპირ ადგენს, რომ მოპოვებული რანგირებული ქულების საფუძველზე პირმა უნდა მოიპოვოს სწავლის გაგრძელების უფლება მისთვის სასურველ დაწესებულებაში და მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი საგნებისა და კრედიტების თავსებადობის დადგენა, საჭიროების შემთხვევაში განსხვავებული დისციპლინების ჩაბარება და განსაზღვრა თუ რომელი კურსიდან გააგრძელებს პირი სწავლას.
SFI №000001 დიპლომის მიმართ ნ. ა-ას კანონიერი ნდობის არსებობასთან დაკავშირებით კი კასატორმა განმარტა, რომ დიპლომი არ წარმოადგენს კანონმდებლობით განსაზღვრულ, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის იმ სამართლებრივ ფორმას, რომელთან მიმართებითაც, ფორმალურად მაინც არის შესაძლებელი კანონიერი ნდობის საკითხზე მსჯელობა. კერძოდ, კასატორმა აღნიშნა, რომ დიპლომი არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი იმპერატიულად ადგენს, რომ კანონიერი ნდობის საკითხი მიემართება მხოლოდ აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამასთან, კანონიერი ნდობა ვრცელდება სწორედ იმ შემთხვევაზე, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო ბათილად ცნობს მის მიერ გამოცემულ აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ს...ის სასწავლო ინსტიტუტის მიერ ნ. ა-ას სახელზე გაცემული SFI №000001 დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2021 წლის 18 ნოემბრის MES 0 21 0001240069 გადაწყვეტილების კანონიერება.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანს განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა წარმოადგენს, რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელიც ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას. ამავე კანონის 25-ე მუხლი კი განსაზღვრავს, რომ საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესზე“, რომელიც არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საერთაშორისო დაცვის მქონე პირების და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას. ამავე წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი, ასევე საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, ან/და საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლისას მიღებული შეფასებების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, უმაღლესი განათლების აღიარების წინაპირობაა პირის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 11 პუნქტზე, რომლის თანახმად ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2005–2006 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ამ დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად. ხოლო ამავე კანონის ნ. ა-ას ჩარიცხვის პერიოდში მოქმედი რედაქციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელმწიფო აკრედიტებული პროგრამით სწავლის უფლება აქვს მხოლოდ ერთიან ეროვნულ გამოცდებგავლილ აბიტურიენტს მიღებული ქულების კოეფიციენტებით რანგირების საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ნ. ა-ა 2001 წელს ჩაირიცხა და 2005 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ...ის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სრული კურსი, სპეციალობით ზოგადი ...ა და მის სახელზე გაიცა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის B N001095 ბაკალავრის დიპლომი. აღნიშნულის შემდგომ, ს...ის სასწავლო ინსტიტუტის რექტორის 2005 წლის 27 ივლისის №19 ბრძანების საფუძველზე, ნ. ა-ა ჩაირიცხა აღნიშნულ ინსტიტუტში, IV კურსზე. ხოლო ამავე ინსტიტუტმა 2007 წლის 10 დეკემბერს ნ. ა-ას სახელზე გასცა SFI №000001 უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი, რომლის თანახმად, მან დაასრულა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სრული კურსი და მიენიჭა ...ს, ...ის, პრაქტიკოსი ...ს კვალიფიკაცია.
ასევე დადგენილია, რომ თბილისის ...ის სასწავლო ინსტიტუტმა 2005 წელს აკრედიტაცია გაიარა ს...ის სასწავლო ინსტიტუტის სახელწოდებით (15.02.05 №2-19/254 - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების აკრედიტაციის საბჭო) ამ სახელწოდებით არსებობდა აკრედიტაციის შეწყვეტამდე - 2009 წლის სექტემბრამდე.
დადგენილია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2021 წლის 18 ნოემბრის MES 0 21 0001240069 გადაწყვეტილებით ნ. ა-ას უარი ეთქვა SFI №000001 წარჩინების დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე. იმ არგუმენტზე მითითებით, რომ შპს ს...ის სასწავლო ინსტიტუტში ჩარიცხვის მომენტში ნ. ა-ას არ გააჩნდა სტუდენტის სტატუსი (აღნიშნული დროისთვის ის წარმოადგენდა სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულს). ამასთან, ნ. ა-ას სტუდენტის სტატუსი არ მოუპოვებია ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე, მან სტუდენტის სტატუსი მოიპოვა კანონმდებლობით დადგენილი წესის (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა) გარეშე (ლიცენზირებულ, არაღიარებულ რეჟიმში).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკაზე, რომლითაც განსაზღვრულია, რომ: „კანონიერი ნდობის საფუძველს ქმნის არა მხოლოდ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (სზაკ-ის 601 მუხლის მე-4, მე-5, მე-6 ნაწილები), არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედებაც (რეალაქტი). კანონიერი ნდობის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებები, კანონიერი ნდობა დაცვის ღირსია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საკითხი უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს ეხება. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, თავისი სამართლებრივი შედეგებით (პირს ერთმევა პროფესიული მიზნებისთვის დიპლომის გამოყენების უფლება), უთანაბრდება აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას, რამეთუ წარსულში მიღებული სწავლის შედეგების არაღიარება წარმოადგენს სწავლის შედეგის დე-ფაქტო გაბათილებას, შესაბამისად დიპლომის გაცემის მიმართ სრული მოცულობით მოქმედებს კანონიერი ნდობის პრინციპი“ (სუსგ №ბს-1065(კ-20), 20.10.2021წ.). „დავის საგანია არა დიპლომის ბათილად ცნობა, არამედ მისი ნამდვილობის დადასტურებაზე უარი, რაც, განსახილველი საქმის გარემოებებიდან გამომდინარე (დიპლომის დადასტურებაზე უარი გამორიცხავს მის გამოყენებას პროფესიული მიზნებისათვის), სამართლებრივი შედეგებით უთანაბრდება აქტის გაუქმებას და ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ამ დოკუმენტების მიმართ სრული მოცულობით ვრცელდება კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქცია“ (სუსგ №ბს-812(კ-18), 04.10.2018წ.). „წარსულში მიღებული სწავლის შედეგების არაღიარება სწავლის შედეგის დე ფაქტო გაბათილებაა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დიპლომის აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებული გარემოება არ შეიძლება გახდეს ფიზიკური პირისათვის კონსტიტუციით გარანტირებული შრომის თავისუფლებისა და სამსახურში დასაქმების მოპოვებული უფლების შეზღუდვის საფუძველი, ამასთან, აღნიშნული გარემოება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი საფუძვლად დაედოს საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმას, თუ კასატორი დაასაბუთებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოებების არსებობას... ამასთან, დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე ახალი აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება არ არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან კანონიერ ინტერესებს და აღნიშნული აქტის გამოცემაზე უარით მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი არათანაზომიერია.“ (სუსგ №ბს-1265(კ-19), 05.03.2020წ.).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ნ. ა-ა ჩარიცხულ იქნა აკრედიტებულ სასწავლო დაწესებულებაში, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ჰქონდა საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის უფლება. ამდენად, მართალია მოსარჩელე ინსტიტუტში არ ჩარიცხულა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, თუმცა აკრედიტებულ სასწავლო დაწესებულებაში მის მიერ გავლილ იქნა შესაბამისი სასწავლო პროგრამა და აიღო დიპლომი, რომლის საფუძველზეც, როგორც მოსარჩელე განმარტავს, დაიწყო პროფესიული საქმიანობა. შესაბამისად, მოსარჩელეს ჰქონდა კანონიერი ნდობა აკრედიტებული სასწავლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომის მიმართ. ამდენად, აღნიშნული გარემოებები კუმულაციურად ქმნის იმ ერთობლიობას, რომელიც საკმარისია სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2021 წლის 18 ნოემბრის MES 0 21 0001240069 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოსარჩელის მიმართ გაცემული SFI №000001 დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისთვის.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარზე 17.01.2023წ. №00239 საგადახდო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (ს/კ 202330566) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის განჩინება.
3. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (ს/კ 202330566) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 17.01.2023წ. №00239 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე