საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-37(2კ-23) 11 ივლისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ჭ...“
მესამე პირი - თ.მ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ჭ...“-მ 2017 წლის 2 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 21 აპრილის №001395 მითითების, ამავე სამსახურის 2016 წლის 15 სექტემბრის №001395 დადგენილების, ასევე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 27 იანვრის №1-183 ბრძანების ბათილად ცნობა.
საქმის პირველ ინსტანციაში განხილვისას, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საპროცესო უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ჭ...“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ჭ...“-მ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „ჭ...-ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ჭ...-ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 15 სექტემბრის №001395 დადგენილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმის გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ამავე გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 27 იანვრის №1-183 ბრძანება. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ.
ადმინისტრაციული ორგანოების განმარტებით, საქმის მასალებში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 20 ივლისის ექსპერტიზის დასკვნის ერთ-ერთი რეკომენდაციის მიხედვით უნდა ჩატარებულიყო თ.მ-ის საკუთრებაში არსებული სარდაფის ტექნიკური მდგომარეობის დეტალური გამოკვლევა და მიღებული შედეგების მიხედვით, სარდაფის გაძლიერება ამ მიზნით სპეციალურად დამუშავებული გამაგრების პროექტის მიხედვით. საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ თ.მ-ის სარდაფის გაძლიერების ფაქტი და შესაბამისად, ამ ნაწილში შპს „ჭ...-ს“ მიერ არ იქნა შესრულებული მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
კასატორთა განმარტებით, საქმის მასალებში წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად ადმინისტრაციული ორგანოების მივიდნენ დასკვნამდე, რომ მოსარჩელემ არ შეასრულა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული რეკომენდაციები, რაც, ასევე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლის მიერაც იქნა დადასტურებული. მოსარჩელის მითითებასთან დაკავშირებით, რომ პროექტის მომზადების მიუხედავად ვერ განხორციელდა სამშენებლო სამუშაოები მესამე პირის - თ.მ-ის თანხმობის არარსებობის გამო, კასატორები განმარტავენ, რომ აღნიშნული არგუმენტი ვერ იქნებოდა გათვალისწინებული, რადგან ეს, შესაძლოა, წარმოადგენდეს საკუთრების უფლების ბოროტად გამოყენების წინაპირობას, რაც განეკუთვნება სამოქალაქო კანონმდებლობით რეგულირებად სფეროს და მსგავსი საკითხის განხილვა უნდა მოხდეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, ხოლო სადავო აქტი გამოცემულია საჯარო კანონმდებლობის საფუძველზე და აღნიშნული საფუძვლით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა უსაფუძვლოა. ამასთან, მხარის მიერ არ იქნა მოპოვებული სამშენებლო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განხორციელებული სამუშაოების დასრულების შესახებ დასკვნა, რომელიც დაადასტურებდა უსაფრთხოების წესების დარღვევის არარსებობის ფაქტს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 იანვრისა და 20 თებერვლის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივი შეფასებების მნიშვნელოვან ნაწილს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 21 აპრილის №001395 მითითების, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 15 სექტემბრის №001395 დადგენილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 27 იანვრის №1-183 ბრძანების კანონიერების შეფასება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესები მოწესრიგებულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით, რომლის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა, ბ) მითითება არ შესრულდა, გ) მითითება არადროულად სრულდება. 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად კი, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ. გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 49-ე მუხლის „ა“ პუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა: მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარით.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2016 წლის 13 აპრილის ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის №2540850 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ...ის გამზ. №64-ში, ასევე, ქ. თბილისში, ...ის გამზ. №66-ის მიმდებარედ ნაკვეთი №2/14, ნაკვეთი №2/18, ნაკვეთი №2/19, ქ. თბილისში, ...ის გამზ. №66-ში ნაკვეთი №2/24, ნაკვეთი №2/25, მოქალაქე ლ.პ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ №...) მრავალფუნქციური დანიშნულების ობიექტის ... (ა ბლოკი) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა სანებართვო მოწმობა. ამავე ბრძანებით დადგინდა, რომ მშენებლობისას გათვალისწინებული უნდა იქნას სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის 2016 წლის 7 აპრილის №ტე 14-2016-7 ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დასკვნა/რეკომენდაციები.
დადგენილია, რომ 2016 წლის 21 აპრილს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილ იქნა №001395 მითითება შპს „ჭ...“-ს მიმართ, რომლის თანახმად, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მიმდინარე მშენებლობისას დარღვეული იქნა უსაფრთხოების წესები, კერძოდ, არ იქნა გათვალისწინებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 20 ივლისის №004215815 და 30 ოქტომბრის №006501515 და სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის 2016 წლის 8 აპრილის დასკვნებით გათვალისწინებული შენიშვნები და რეკომენდაციები. დარღვევების გამოსწორების მიზნით, ამავე მითითებით შპს „ჭ...“-ს განესაზღვრა 25 კალენდარული დღის ვადა, კერძოდ, მას დაევალა ქ. თბილისში, ...ის ქ. №1-ში მდებარე ექვსსართულიანი სახლის პირველ სართულზე არსებული სარდაფის ტექნიკური მდგომარეობის დეტალური გამოკვლევა, სათანადო ტექნიკური, საპროექტო და სანებართვო დოკუმენტაციის საფუძველზე და მშენებლობის უსაფრთხოების წესების სრული დაცვით გამოკვლევის შედეგად მიღებული მონაცემებისა და ზემოაღნიშნული დასკვნებით გათვალისწინებული ხარვეზების, რეკომენდაციებისა და მოთხოვნების შესრულება. მითითებით ასევე დავალებულ იქნა სამშენებლო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განხორციელებული სამუშაოების დასრულების შემდეგ საექსპერტო დასკვნის ადმინისტრაციული ორგანოსთვის წარდგენა.
ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 15 სექტემბერს ქ. თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ მიღებული იქნა №001395 დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე, რომლითაც შპს „ჭ...“ დაჯარიმდა 3 000 (სამი ათასი) ლარით ქ. თბილისში, ...ის გამზ. №64-ში, ასევე, ქ. თბილისში, ...ის გამზ. №66-ის მიმდებარედ ნაკვეთი №2/14, ნაკვეთი №2/18, ნაკვეთი №2/19, ს/კ... ...ოს მშენებლობაზე, მშენებლობის უსაფრთხოების წესების
დარღვევისათვის, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით, მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა გამოიხატა სამსახურის 2016 წლის 21 აპრილის მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობაში.
საკასაციო პალატა საჭიროდ მიიჩნევს აღინიშნოს სადავო აქტებში მითითებული ექსპერტიზის დასკვნებით გაცემული რეკომენდაციების შესახებ, კერძოდ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 20 ივლისის №004215815 ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ თ.მ-ის კუთვნილი სარდაფის შემდგომი უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის საჭიროა დაუყოვნებლივ აღიკვეთოს მშენებლობის მხრიდან შენობის მზიდი ტორსული კედლის გასწვრივ ატმოსფერული ნალექების ჩადინება, აღიკვეთოს ან მინიმუმამდე შემცირდეს მძიმე ტექნიკის მოძრაობის შედეგად გამოწვეული ვიბრაციული დატვირთვები; ჩატარდეს სარდაფის ტექნიკური მდგომარეობის დეტალური გამოკვლევა და მიღებული შედეგების მიხედვით მოხდეს სარდაფის გაძლიერება ამ მიზნით სპეციალურად დამუშავებული გამაგრების პროექტის მიხედვით. ექსპერტიზის ამავე ბიუროს 2015 წლის 30 ოქტომბრის №006501515 ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. №1-ში მდებარე მრავალსართულიანი შენობის მდებარე თ.მ-ის კუთვნილ საცხოვრებელ ფართზე დინამიკური პროცესების მონიტორინგის მიზნით, საჭიროა არსებულ ბზარებზე თაბაშირის მანიშნების მოწყობა და მათზე დაკვირვების წარმოება. ამასთან, სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის 2016 წლის 7 აპრილის №ტე 14-2016-7 საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის მე-2 პუნქტის თანახმად კი, საცხოვრებელი სახლის შემდგომი ნორმალური ექსპლუატაციის პირობების უზრუნველსაყოფად აუცილებელია მშენებარე ...ოს მიმდებარე კედელი გაილესოს, კედელზე დამაგრებული საბათქაშე ბადის გამოყენებით. ასევე აუცილებელია საცხოვრებელი სახლის სარდაფის კედელზე ჰიდროსაიზოლაციო ფენის მოწყობა; ნაგებობებს შორის ესტაკადის ქვედა ზონიდან წყალარინების სისტემის ორგანიზება.
საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად დგინდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა შპს „ჭ...-ს“ მიერ სრულად შესრულებულად არ მიიჩნიეს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 30 ოქტომბრის №006501515 და 2015 წლის 20 ივლისის №004215815 ექსპერტიზის დასკვნებით გათვალისწინებული რეკომენდაციები. მათი მითითებით, ქ. თბილისში, ...ის ქ. №1-ში მდებარე ექვსსართულიან შენობასთან მიმართებაში განხორციელებულია მხოლოდ ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები, რასთან დაკავშირებითაც წარმოდგენილია, 2016 წლის 14 სექტემბრის შპს „დ...ის“ წერილი, ხოლო სამსახურში წარდგენილი დოკუმენტაციისა და ობიექტზე არსებული მდგომარეობის მიხედვით არ დასტურდება მითითებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შესრულება. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანოსათვის ცნობილი იყო, რომ კომპანიამ მოამზადა უძრავი ნივთის საძირკვლის გამაგრების პროექტი და მზად იყო დაეწყო სამუშაოები, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოსთვის ისიც იყო ცნობილი, რომ გამაგრებითი სამუშაოები ვერ შესრულდა მესაკუთრის თანხმობის არქონის გამო. საყურადღებოა შპს „ჭ...“-ს წარმომადგენლის მითითება მასზედ, რომ კომპანიის მიერ ძირითადად შესრულდა 2016 წლის 21 აპრილის №001395 მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები, მხარის მიერ ვერ მოხერხდა მხოლოდ სარდაფის გაძლიერება-გამაგრება, თუმცა პროექტი დაუკვეთეს იმ ორგანიზაციას, რომელიც მოწონებულ იქნა თვით სარდაფის მესაკუთრის - თ.მ-ის მიერ. მიუხედავად ამისა, მესაკუთრე კვლავ არ დაეთანხმა შპს „ჯ...“-ის გამაგრების პროექტს, ვინაიდან მიიჩნია, რომ ხსენებული პროექტის შესაბამისად, გამაგრების სამუშაოს წარმოება დააზიანებდა მის ქონებას და მოითხოვა ნებისმიერი ზემოქმედების შეწყვეტა. საქმის მასალებში კომპანია უთითებს, რომ იგი უშედეგოდ ცდილობდა სარდაფის მესაკუთრის - თ.მ-ის თანხმობის მოპოვებას, მისგან არ იყო ნებართვა ან თანხმობა მუშაობის წარმოებაზე, ხოლო მისი ნების გარეშე მის უძრავ ქონებაში შეჭრა ან სხვა მოქმედების განხორციელება ვერ მოხდებოდა. შესაბამისად, მისი განმარტებით, კომპანიამ შეასრულა ის სამშენებლო სამუშაოები, რაც კანონისა და ფაქტობრივი მდგომარეობიდან იყო გამომდინარე.
აღსანიშნავია, რომ საქმის მასალებით, კერძოდ, მესამე პირის - თ.მ-ის წერილებით და ზეპირი განმარტებებით დასტურდება, რომ უნდობლობის საფუძველზე იგი წინააღმდეგი იყო მის საკუთრებაში დაეშვა აპელანტის მხარის წარმომადგენლები, ხოლო, მეორე მხრივ, საქმის მასალების თანახმად დასტურდება ის ფაქტი, რომ ადმინისტრაციული ორგანოსათვის ცნობილი იყო კომპანიის მითითებები მესამე პირის მიერ გამოთქმულ წინააღმდეგობასთან დაკავშირებით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას, აძლევს რა საშუალებას გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, ნიშანდობლივია, რომ საქმის მასალებში არსებული ზემოხსენებული დოკუმენტები წინააღმდეგობაში მოდის სადავო აქტებში მითითებულ გარემოებებთან, რაც მიუთითებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებების ხელახლა გამოკვლევის აუცილებლობაზე. განსახილველ შემთხვევაში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 15 სექტემბრის №001395 სადავო დადგენილება არ ასახელებს რამ შეუშალა ხელი კომპანიას მითითებით მისთვის დაკისრებული ვალდებულების სრულად შესრულებაში, მითითების რა ნაწილი იქნა მიჩნეული შეუსრულებლად იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალები ცხადყოფენ, რომ მითითების სრულად შესრულების მიზნით კომპანიამ განახორციელა არაერთი ქმედება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს, კომპანიის განმარტებათა არსებობის პირობებში, საკითხის გადაწყვეტისას დამატებით მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და გამოეკითხა მესამე პირი - თ.მ-ი და დაედგინა, ნამდვილად მისი თანხმობის არარსებობის გამო არ იქნა შესრულებული მითითებით განსაზღვრული ვალდებულებები კომპანიის მიერ თუ არსებობდა სხვა რაიმე ობიექტური მიზეზი, რის გამოც მოსარჩელემ, არაერთი ცდის მიუხედავად, ვერ განახორციელა ექსპერტიზის დასკვნებში მითითებული რეკომენდაციები.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და მტკიცებულებები შეაგროვოს დაინტერესებულ მხარეთა მოსმენის, მოწმეთა დაკითხვის ან კანონით სხვა ნებისმიერი განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სადავო აქტები სწორად იქნა ბათილად ცნობილი და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას მართებულად დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე