საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-138(კ-23) 11 ივლისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ. ვ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
გ. ვ-მა 2022 წლის 19 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების - 1280.90 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა გ. ვ-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 1280.90 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 12 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე არის უსაფუძვლო და ხანდაზმული, რადგან გ. ვ-მა 2017 წლის პირველ ივლისამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 1341 მუხლით გათვალისწინებული 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სასარჩელო განცხადებით სასამართლოს მიმართა 2019 წლის 19 ივლისს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ. ამჟამად მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი აღარ ითვალისწინებს 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულებას. შესაბამისად, სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნაზე უნდა გავრცელდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ ხანდაზმულია გ. ვ-ის მოთხოვნა და მას უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაკისრების კანონიერება, სასარჩელო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინებით.
საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელე შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან, შესაბამისად, სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის გათვალისწინებით, ის წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს. ამდენად, მხარეთა შორის სადავო არ არის მოხელის სტატუსი, სახელფასო დავალიანების არსებობის ფაქტი და მისი ოდენობა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულების არსებობის დადასტურების მიუხედავად, საკასაციო საჩივრის ძირითად საფუძვლად მიუთითებს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, შესაფასებელია დავალიანების ანაზღაურების წინაპირობები.
საკასაციო პალატა მიუთითებს 2017 წლის პირველ ივლისამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1341 მუხლზე, რომლითაც გათვალისწინებულია 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას, წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. აღნიშნული ნორმით კანონმდებელმა განსაზღვრა საჯარო მოსამსახურეებზე წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება იმ ორგანოების მიმართ, რომელთანაც შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდნენ დასაქმებულები, ხოლო დასაქმებულს წარმოეშვა მოთხოვნის უფლება 2005 წლამდე არსებული სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე. ამდენად, სახელმწიფომ სპეციალური საკანონმდებლო დათქმით აიღო ვალდებულება დასაქმებულების მიმართ, აენაზღაურებინა დროის კონკრეტულ მონაკვეთში გადაუხდელი სახელფასო დავალიანება.
მართალია, კანონით გათვალისწინებული უფლების განხორციელებაზე ვრცელდება ხანდაზმულობის ვადები, თუმცა, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ვინაიდან, 2017 წლამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 1341 მუხლიდან გამომდინარე, 2005 წლამდე წარმოქმნილი დავალიანების ანაზღაურება სახელმწიფოს კანონისმიერ ვალდებულებად განისაზღვრა, მასზე ახალი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე, არ ვრცელდებოდა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა და ექვემდებარებოდა სახელმწიფოს მიერ სავალდებულო ანაზღაურებას.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციით დაცულია მოქალაქეთა შრომითი უფლებები და გარანტირებულია შრომის სამართლიანი ანაზღაურება. შესრულებული სამუშაოსათვის მუშაკმა უნდა მიიღოს შრომის შესაბამისი ანაზღაურება და აღნიშნული, დამსაქმებლის კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის 137-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მისი მოქმედება დაიწყო 1997 წლის 1 დეკემბრიდან და დღეს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ შესახებ კანონის 127-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნულმა კანონმა მოქმედება შეწყვიტა 2017 წლის 1 ივლისს. ამჟამად მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი აღარ შეიცავს 1341 მუხლის მსგავს უფლების წარმომშობ ნორმას, შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობით, 2005 წლამდე წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების მოთხოვნა შეზღუდულია ხანდაზმულობის ვადით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ხანდაზმულობის ვადის ათვლა უკავშირდება ახალი კანონის ამოქმედების მომენტს, კერძოდ, 2017 წლის 1 ივლისს. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასტურდება, რომ 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების მოთხოვნის უფლების რეალიზება შესაძლებელია 2017 წლის 1 ივლისიდან, სამი წლის განმავლობაში.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 2 ივნისს გაცემული ცნობის თანახმად, დადგენილია, რომ გ. ვ-ის მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერიცხება 1998 წლის ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, 1999 წლის ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის, 2000 წლის მარტის, აპრილის, მაისის, ივნისისა და 2003 წლის ნოემბრის თვის დავალიანება თანამდებობრივი სარგოს სახით 493.60 ლარის, წოდების - 100.79 ლარის, წ/ნამსახურების - 76.74 ლარის, ხოლო ულუფის - 826 ლარის ოდენობით, ჯამში - 1497.13 ლარი, საშემოსავლო - 216.23 ლარი, გასაცემი თანხა - 1280 ლარი. შესაბამისად, დავალიანების არსებობის ფაქტი და ოდენობა მხარეთა შორის სადავო არ არის. კასატორი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ითხოვს მხოლოდ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითებით, ვინაიდან 2017 წლის პირველ ივლისამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 1341 მუხლის დანაწესისგან განსხვავებით, ამჟამად მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი აღარ ითვალისწინებს 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულებას.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სამართლის თეორიაში გაბატონებული შეხედულებებისა და დადგენილ სტაბილური სასამართლო პრაქტიკის თანახმად, ვალის აღიარება საკმაოდ რთული და კომპლექსური ინსტიტუტია. იგი მხარეთა ნების თავისუფალ გამოვლენას მოიაზრებს, რაც მიზნად ისახავს გარკვეულ სამართლებრივ შედეგს. სამართლებრივად რელევანტური ნება შესაძლოა, მიმართული იყოს როგორც არსებული სამართლებრივი ურთიერთობის დადასტურებისკენ (ვალის დეკლარაციული აღიარება), ისე ახალი ურთიერთობის წარმოშობისკენ (ვალის კონსტიტუციური აღიარება). აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, გაიმიჯნოს, ვალის აღიარების რომელ სახესთან გვაქვს საქმე, რამეთუ თითოეულ მათგანს თავისი მნიშვნელობა და განსხვავებული სამართლებრივი შედეგები აქვს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლი (იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას; თუ ვალის არსებობა აღიარებულია ანგარიშსწორების (გადახდის) საფუძველზე ან მორიგების გზით, მაშინ ფორმის დაცვა არ არის აუცილებელი) განამტკიცებს ე.წ. კონსტიტუტიურ (აბსტრაქტულ) ვალის აღიარებას, სადაც მხარეთა ნება მიმართულია ახალი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისკენ. ამ ხელშეკრულებით მოვალე აღიარებს გარკვეული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას, თუმცა ამ ურთიერთობისგან დამოუკიდებლად კისრულობს კრედიტორის წინაშე გარკვეული შესრულების განხორციელებას, ანუ დგინდება ახალი, დამოუკიდებელი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, წარმოიშობა ახალი მოთხოვნა, რომელიც არ არის დამოკიდებული ძველი სამართლებრივი ურთიერთობის ნამდვილობაზე. ახალი ხელშეკრულება დამოუკიდებელია მისი სამართლებრივი საფუძვლისგან და მისი მიზანი არ არის ე.წ. ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნა. ახალი ხელშეკრულების ძალით ვალდებულება შესრულებას მაშინაც ექვემდებარება, როცა ძველი ურთიერთობის არსებობა სადავო არის მხარეთათვის (სუსგ №ას-153-2022, 01.02.2023წ.).
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2022 წლის 29 ივნისის MIA 0 22 01764382 წერილზე, რომლითაც ირკვევა, რომ გ. ვ-ის მიმართ გასულ წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების გადახდის თაობაზე მოთხოვნასთან დაკავშირებით მოპასუხე მხარემ აიღო ვალდებულება მოსარჩელე მხარის მიმართ სახელფასო დავალიანების დაუყოვნებლივ დაფარვის შესახებ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან საჭირო სახსრების გამოყოფის შემთხვევაში.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას. ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულების თავისებურება სწორედ ისაა, რომ მასში ვალდებულების შესრულების მზაობა იკვეთება (სუსგ №ას-1133-1079-2014, 30.09.2015წ.; №ას-226-213-2015, 18.05.2015წ.).
ამდენად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2022 წლის 29 ივნისის MIA 0 22 01764382 წერილით სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ვალის აღიარება, რაც იმავე კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველს ქმნის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაკისრების მართლზომიერების შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე