Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1176(2კ-22) 11 ივლისი, 2023 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. მ-ი

კასატორი (მესამე პირი) მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივლისის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 6 ივლისს მ. მ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 23 ივნისის №04/13571 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხის - სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის, კ. ბ-ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვალების გამო, მ. მ-ისათვის 2019 წლის 4 სექტემბრიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 მარტის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 23 ივნისის №04/13571 გადაწყვეტილება; მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლის საფუძველზეც, კ. ბ-ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვალების გამო, მ. მ-ს 2019 წლის 4 სექტემბრიდან დაენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია და აუნაზღაურდება განაცდური დაგროვილი სახელმწიფო კომპენსაცია 2019 წლის 4 სექტემბრიდან. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივლისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

კასატორის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ საქართველოს კანონის 18.1 მუხლის თანახმად, ამ კანონის 5.2. მუხლის „ა“ - „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირთა სამსახურებრივი უფლება-მოვალეობის შესრულების პერიოდში გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი ცნობა გასცა გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრზე, კერძოდ დედაზე. ამავე კანონის 26.3 მუხლის თანახმად, კომპენსაციის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოების, კომპენსაციის დანიშვნის წესი და პირობები განსაზღვრულია მინისტრის ნორმატიული აქტით. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის 46/ნ ბრძანების 15.2 მუხლი ადგენს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვალების შემთხვევაში მეუღლისათვის კომპენსაციის დანიშვნას საფუძვლად უნდა დაედოს ქორწინების მოწმობა (რაც საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, განსახილველ შემთხვევაში არ მოიძებნება).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში. კასატორის განმარტებით, კანონმდებელი ნათლად აღნიშნავს ქორწინების რეგისტრაციის ფაქტის მნიშვნელობას, იურიდიული თვალსაზრისით შესაბამისი უფლება-მოვალეობების წარმოშობის ნაწილში. ქორწინების რეგისტრაციის მნიშვნელობა ვლინდება ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის დანაწესშიც, რომლის თანახმად, მეუღლეთა უფლება მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება და არა სასამართლოს მიერ დადგენილი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, ფაქტობრივ ქორწინებაში ყოფნის თაობაზე. საქართველო მიეკუთვნება იმ ქვეყანათა რიცხვს სადაც ქორწინება სამართლებრივ შედეგს წარმოშობს, მხოლოდ სახელმწიფო ორგანოში რეგისტრაციისას. ადმინისტრაციული ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რამდენადაც კანონმდებლობა ცალსახად მოითხოვს, რომ კომპენსაციის დასანიშნად წარმოდგენილი უნდა იყოს ქორწინების მოწმობა, ადმინისტრაციული ორგანო არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს პირთა თანაცხოვრების საფუძველზე კომპენსაციის დანიშვნასთან დაკავშირებით და ამგვარად გადაუხვიოს საკანონმდებლო დონეზე არსებულ ჩანაწერს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მ. მ-ზე ვერ გასცემდა ცნობას, სწორედ ქორწინების რეგისტრაციის ფაქტის არარსებობის გამო. 2020 წლის 13 თებერვლის ცნობა გაიცა არა რომელიმე კონკრეტული პირის სახელზე, არამედ ზოგადი შინაარსით იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ კ. ბ-ი ნამდვილად გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.

კასატორის განმარტებით, მართალია, იზიარებს სასამართლოს მსჯელობას ოჯახური ცხოვრების მნიშვნელობასთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნავს, რომ მეუღლეთა თანაცხოვრების ფატი შესაძლოა მხედველობაში იქნეს მიღებული ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით სწორედ ბავშვის მიმართ უფლება- მოვალეობების წარმოშობის ნაწილში, მათ შორის, მამობის აღიარების თვალსაზრისით, და არა სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად, რომლისთვისაც კანონმდებელი ქორწინების რეგისტრაციის არსებობას იმპერატიულად მოითხოვს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

მეორე კასატორმა - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ საკასაციო საჩივარში მიუთითა, რომ მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მ. მ-სა და კ. ბ-ს ჰყავთ საერთო შვილები, აღნიშნული ფაქტი გავლენას ვერ მოახდენს მ. მ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან გარდაცვლილი კ. ბ-ი და მ. მ-ი არ იყვნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში.

კასატორის განმარტებით, რაც შეეხება, იმ ფაქტს, რომ მ. მ-ს და მის არასრულწლოვან შვილებს 1998 წლის 1 ოქტომბრიდან დანიშნული ჰქონდათ „მარჩენალის დაკარგვის გამო“ პენსია (2006 წლის 1 იანვრიდან ეწოდა კომპენსაცია). საყურადღებოა, ის გარემოება, რომ მ. მ-ს სახელმწიფო გასაცემელზე უფლება წარმოეშვა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ (2006 წლის 1 იანვრამდე არსებული რედაქცია) საქართველოს კანონით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად. აღნიშნული კანონის 26.1 და 28-ე მუხლების თანახმად, „მარჩენალის დაკარგვის გამო“ პენსიის მიღების უფლება ეძლეოდათ გარდაცვლილი მარჩენალის ოჯახის იმ წევრებს, რომლებიც იმყოფებოდნენ გარდაცვლილი პირის კმაყოფაზე ან მათგან იღებდნენ რაიმე დახმარებას, რაც წარმოადგენდა მუდმივ და ძირითად საარსებო წყაროს. ამასთან, მითითებული კანონის 27.1 მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი პირ(ებ)ის მშობელს პენსია ენიშნებოდა შეღავათიანი პირობით, 14 წლის ასაკამდე შვილ(ებ)ის მოვლისათვის. ამ შემთხვევაში, კი, არასრულწლოვანი პირის მშობლისათვის კანონის ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა, გარდაცვლილის კმაყოფაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი და არა ქორწინების მოწმობა. შესაბამისად, მ. მ-ს მარჩენალის დაკარგვის გამო პენსია დანიშნული ჰქონდა 3 სულზე (თვითონ და თავის არასრულწლოვან შვილებზე) და იგი სახელმწიფო გასაცემლის წილში შედიოდა, როგორც არასრულწლოვანი შვილის მომვლელი, მისი 14 წლის ასაკის შესრულებამდე და არა, როგორც გარდაცვლილი კ. ბ-ის მეუღლე. სააგენტოში დაცული ინფორმაციით, მ. მ-ს სახელმწიფო კომპენსაციის გაცემა შეუწყდა 2007 წლის 1 ივნისიდან უმცროსი შვილის (გ. ბ-ი) 14 წლის ასაკის შესრულების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი, განსხვავებით „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონისა, „მარჩენალის გარდაცვალების გამო“ და „ოჯახის წევრის - გარდაცვალების“ საფუძვლით სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნის საკითხებს აწესრიგებდნენ განსხვავებულად და ის გარემოება, რომ თავის დროზე მ. მ-ს არასრულწლოვანი შვილების 14 წლის ასაკის შესრულებამდე დანიშნული ჰქონდა მარჩენალდაკარგულის კომპენსაცია, ავტომატურად ვერ გახდებოდა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ოჯახის წევრის გარდაცვალების საფუძვლით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძველი.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთანავე, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის მეუღლისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმის კანონიერება, სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად საჭირო ქორწინების სარეგისტრაციო მოწმობის წარუდგენლობის მოტივით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე კ. ბ-ი (დაბადებული ... წელს) გარდაიცვალა ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. 2016 წლის 31 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაიცა N1316186 ცნობა მ. გ-ზე (კ. ბ-ის დედა) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის 221 მუხლით გათვალისწინებული ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაციის დასანიშნად. ამავე ცნობის თანახმად, მ. გ-ის შვილი კ. ბ-ი გარდაცვლილია „პოლიციის შესახებ“ კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. 2019 წლის 4 სექტემბერს გარდაიცვალა მ. გ-ი და ოჯახს 2019 წლის 4 სექტემბერს შემდეგ კომპენსაცია არ მიუღია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის“ შესახებ კანონის 221 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაცია არის ოჯახისათვის განკუთვნილი სარგებელი, რომელიც გულისხმობს კომპენსაციის პროპორციულ განაწილებას გარდაცვლილის ოჯახის წევრებს (მშობლები, მეუღლე, შვილები 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო შვილები (ასაკის მიუხედავად)) შორის. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-15 მუხლის მიხედვით, კომპენსაციას შესაბამისი განცხადების საფუძველზე ნიშნავს სააგენტო. განცხადებას თან უნდა ერთოდეს შესაბამისი უწყების წარდგინება, რომელიც მზადდება კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე, აგრეთვე მაძიებლის მომართვის შემთხვევაში – მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო კანონიერი წარმომადგენლის მომართვის შემთხვევაში − კანონიერი წარმომადგენლის პირადობისა და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტები (კანონიერი წარმომადგენლის მომართვის შემთხვევაში მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა სავალდებულო არ არის, თუ წარმომადგენლობის დოკუმენტში მოცემულია მაძიებლის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პირის მიერ ამ წესით განსაზღვრული კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობისას განცხადებას თან უნდა ერთვოდეს შემდეგი სახის დოკუმენტები: საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღის (1991 წლის 9 აპრილი) შემდეგ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ოჯახის წევრებისათვის: გარდაცვალების მოწმობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება პირის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვალების ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტი (სამართლებრივი საფუძვლის მითითებით), საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთან დამატებით მშობლებზე – გარდაცვლილის დაბადების მოწმობა, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა (ა3 ქვეპუნქტი).

საკასაციო სასამართლოს მიიჩნევს, რომ დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შეფასება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლისთვის კომპენსაციის დანიშვნის მიზნებისთვის.

საქმეში წარმოდგენილი N618 მოწმობის მიხედვით, პოლიციის ზემდეგი კ. ბ-ის ოჯახის წევრებს: შვილს - ... წელს დაბადებულ მ. ბ-ს; შვილს - ... წელს დაბადებულ გ. ბ-ს და მეუღლეს - მ. მ-ს ,,სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად დაენიშნათ კომპენსაცია მარჩენალის გარდაცვალების გამო. კომპენსაციას იღებდა მეუღლე მ. მ-ი.

ასევე საქმეში არსებული მ. ბ-ის დაბადების მოწმობის თანახმად, ირკვევა, რომ ... წლის ... ...ს მ. ბ-ის მშობლები არიან: დედა - მ. მ-ი, მამა - კ. ბ-ი. ხოლო გ. ბ-ის დაბადების მოწმობიდან დგინდება, რომ ... წლის ... ...ს დაბადებული გ. ბ-ის მშობლები არიან: დედა მ. მ-ი, მამა - კ. ბ-ი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დაადგინეს, რომ მ. მ-ი და კ. ბ-ი, მის გარდაცვალებამდე ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად, ჰყავდათ საერთო შვილები და მათ შორის არსებობდა იმგვარი საოჯახო ურთიერთობა, რომელიც არ იყო ფორმალური (ოფიციალური) კუთხით გამყარებული - ქორწინება დარეგისტრირებული შესაბამისი წესით.

მოქალაქეთა კომპენსაციით უზრუნველყოფა სახელმწიფოს მხრიდან სოციალური პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს პირისათვის ცხოვრების სტანდარტების შენარჩუნებაზე და უზრუნველყოფდეს, შესაბამისი უფლების სათანადოდ რეალიზებით, პირის საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილ მონაწილეობას. საქართველოს კონსტიტუცია ხაზს უსვამს სოციალური უფლებებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭებას. კონსტიტუციის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. ასევე, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.

საკასაციო სასამართლო განმეორებით აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის“ შესახებ კანონის 221 მუხლის მიხედვით ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაცია არის ოჯახისათვის განკუთვნილი სარგებელი, რომელიც გულისხმობს კომპენსაციის პროპორციულ განაწილებას გარდაცვლილის ოჯახის წევრებს შორის. ამდენად კომპენსაციის დასანიშნად მნიშვნელოვანია კომპენსაციის მიმღები პირის გარდაცვლილის ოჯახის წევრობა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ N618 მოწმობა, პოლიციის ზემდეგი კ. ბ-ის ოჯახის წევრების შესახებ, საქმის სხვა გარემოებებთან ერთობლიობაში ქმნიდა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს. შესაბამისად საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მ. მ-ი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის 221-ე მუხლის საფუძველზე წარმოადგენს სოციალური პაკეტის მიღების უფლების მქონე სუბიექტს, როგორც "პოლიციის შესახებ" კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრი (სუსგ ბს-486(კ-19) 11.11.2019წ.; ბს-1091-1085(კ-17), 08.02.2018წ.).

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.



ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


მოსამართლეები: ბ. სტურუა


მ. ვაჩაძე


გ. აბუსერიძე