Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით

საქმე №ბს-977(3კ-22) 30 მაისი, 2023 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)
კასატორი (მოსარჩელე) - შპს „მ...“
თავდაპირველი მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მარტის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „მ...მ“ 2018 წლის 3 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის 2018 წლის 30 მარტის №2018/30/03/02 აქტის 7.4. პუნქტით მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარიმო სანქციების გაუქმების თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის 2018 წლის 30 მარტის №2018/30/03/02 აქტის 7.1. პუნქტით მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და დაკისრებული 27 593.45 ლარის ჯარიმის გაუქმების თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის 2018 წლის 30 მარტის №2018/30/03/02 აქტის 7.2. პუნქტით მიღებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და დაკისრებული 13 828.96 ლარის ჯარიმის გაუქმების თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის 2018 წლის 30 მარტის №2018/30/03/02 აქტის 7.3. პუნქტით მიღებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და დაკისრებული 8 136.02 ლარის ჯარიმის გაუქმების თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 მაისის განჩინებით შპს „მ...ს“ სარჩელი განსჯადობით გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს.
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 მაისის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; შეჩერდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის 2018 წლის 30 მარტის №2018/30/03/02 ინდივიდუალური- ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მოქმედება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
სარჩელის დაზუსტების შემდგომ, საბოლოოდ, მოსარჩელემ 2018 წლის 30 მარტის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის №2018/30/03/02 აქტის, 2018 წლის 30 მარტის №2018/30/03/02 აქტით განსაზღვრული გარკვეული საჯარიმო სანქციების გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ხელახალი განხილვის შედეგად მიღებული 2018 წლის 19 ივლისის №04/41437 გადაწყვეტილების და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის 2019 წლის 12 მარტის №04/12690 გადაწყვეტილების „ბ“ ქვეპუნქტის ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის შპს „მ...სთვის“ საჯარიმო სანქციების გაუქმების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მოპასუხედ დამატებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო მიუთითა.
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „მ...ს“ სარჩელი მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი 2018 წლის 30 მარტის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის №2018/30/03/02 აქტი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ხელახალი განხილვის შედეგად მიღებული 2018 წლის 19 ივლისის №04/41437 გადაწყვეტილება 2018 წლის 30 მარტის 2018/30/03/02 აქტით განსაზღვრული გარკვეული საჯარიმო სანქციების გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის 2019 წლის 12 მარტის №04/12690 გადაწყვეტილების „ბ“ ქვეპუნქტი; შპს „მ...ს“ სარჩელი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის შპს „მ...სთვის“ საჯარიმო სანქციების გაუქმების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, ამ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შპს „მ...ს“ მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე, საკითხის ხელახლა განხილვისას შპს „მ...სთვის“ საჯარიმო სანქციების დაკისრების კანონიერების საკითხის შესწავლა და დაინტერესებულ პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფით, საჯარიმო სანქციების დაკისრების თუ გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება დაევალა.
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „მ...მ“, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 თებერვლის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოთხოვნით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 13 მაისის განჩინებით, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 თებერვლის განჩინება და მოცემულ საქმეში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეებად ჩაბმულ იქნენ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მარტის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეები) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; შპს „მ...ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა როგორც მოსარჩელემ, ასევე მოპასუხეებმა.
კასატორის - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივრის მიხედვით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შემოწმდა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად შპს „მ...ში“ რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმების შევსების მდგომარეობა 2013 წლის 28 თებერვლიდან 2017 წლის 22 მაისამდე პერიოდში. შემოწმება დაიწყო 2018 წლის 22 ოქტომბრიდან და დამთავრდა 2018 წლის 30 მარტს. შემოწმებისას შპს „მ...მ“ 689 შემთხვევაში ვერ წარადგინა გეგმური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით მოსარგებლეთა რეგისტრაციისათვის საჭირო თანხმობის ფორმები, რის გამოც ჩაითვალა, რომ შპს „მ...ს“ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ზედმეტად მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა 11 705,46 ლარი. შემოწმებით დადგინდა, რომ მიმწოდებლის მხრიდან დარღვეულია მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმის შევსების წესები, კერძოდ, 2014 წლის 31 ოქტომბრიდან შევსებულ მკაცრი აღრიცხვის 116 თანხმობის ფორმას თან არ ერთვის მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რის გამოც შპს „მ...ს“ თითოეულ შემთხვევაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ზედმეტად მიღებული აქვს 13 828,96 ლარი. შემოწმებისას ასევე დადგინდა, რომ მიმწოდებლის მხრიდან დარღვეულია „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის მოსარგებლეთა რეგისტრაციისთვის საჭირო თანხმობის ფორმისა და მისი შევსების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 28 თებერვლის N04/69/ო ბრძანების მოთხოვნები; კერძოდ, 174 თანხმობის ფორმაზე არ არის დაფიქსირებული მოსარგებლის ხელმოწერა, რეგისტრაციის თარიღი, რის გამოც შპს „მ...ს“ თითოეულ შემთხვევაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ზედმეტად მიღებული აქვს 4 068,01 ლარი. ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების 21-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 მაისის №517 განკარგულებითა და სპეციალური უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, სამედიცინო მომსახურებისა და დაფინანსების უწყვეტობის პრინციპით, 2013 წლის 31 მაისიდან შპს „მ...“ ...ის სამედიცინო ცენტრზე განხორციელდა 13 286 ბენეფიციარის ელექტრონული ბაზის გადაცემა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, გეგმური ამბულატორიული კომპონენტის ფარგლებში. მიმწოდებელმა 26 797 შემთხვევაში ვერ წარმოადგინა გეგმური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით მოსარგებლეთა რეგისტრაციისთვის საჭირო 12 915 თანხმობის ფორმა (უნომრო). შესაბამისად, ბენეფიციართა რეგისტრაცია განხორციელებულია თანხმობის ფორმის გარეშე. აქედან 5 645 შემთხვევაში სადაზღვევო კომპანია „...ს“ მოსარგებლეები გაპასიურდნენ 01.01.2014 წლამდე. შესაბამისად, მათზე არ განხორციელდა საჯარიმო სანქცია, ხოლო დანარჩენ 20 252 შემთხვევაში მოხდა საჯარიმო თანხის დაანგარიშება. ამავე დადგენილების დანართი №1-ის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, 2013 წლის 28 თებერვლიდან გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება ვალდებული იყო დანართი №1.1-ით განსაზღვრული ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში მოსარგებლეთა რეგისტრაცია განეხორციელებინა მხოლოდ მოსარგებლის თანხმობის საფუძველზე, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს მოსარგებლის ან არასრულწლოვანის შემთხვევაში მისი კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით. 2013 წლის 19 მაისიდან ეტაპობრივად განხორციელდა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო პროგრამების ბენეფიციარების „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში“ ინტეგრირება. შესაბამისად, ცვლილებები განხორციელდა ყველა ზემოაღნიშნულ დადგენილებაში; კერძოდ, 2013 წლის 10 მაისიდან სადაზღვევო პროგრამებიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ინტეგრირებული პირებისთვის სამედიცინო მომსახურების მიწოდება ხორციელდებოდა შესაბამისი წესებისა და პირობების გათვალისწინებით (საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-10 პუნქტი და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-11 პუნქტი), ხოლო 2014 წლის 1 იანვრიდან სამედიცინო მომსახურების მიწოდება ხორციელდება საქართველოს მთავრობის №36 დადგენილების დანართი №1.3-ის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისი წესებისა და პირობების გათვალისწინებით (საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-11 პუნქტი და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტი). ამავე პერიოდიდან (2014 წლის 1 იანვარი) „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში“ განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, ზემოაღნიშნული კონტინგენტისთვის სამედიცინო მომსახურებებზე გავრცელდა იგივე ზოგადი და დამატებითი პირობები (მ.შ. გეგმური ამბულატორიული მომსახურებისთვის მოსარგებლეთა რეგისტრაცია თანხმობის ფურცლით, ხოლო 2014 წლის 1 აპრილიდან მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტით), რაც განსაზღვრული იყო სახელმწიფო პროგრამის ძირითადი კონტინგენტისთვის (საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების დანართი №1-ის 22-ე მუხლის მე-14 პუნქტი და 23-ე მუხლის 22-ე პუნქტი). შესაბამისად, მიმწოდებლის მხრიდან დარღვეულია „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების 23-ე მუხლის მე-4 პუნქტი (პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებმა პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაცია უნდა განახორციელონ მხოლოდ მოსარგებლის თანხმობის (დადგენილი წესით) საფუძველზე, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს მოსარგებლის ან არასრულწლოვანის შემთხვევაში მისი კანონიერი წარმომადგენლის (მშობელი, პაპა, ბებია, და, ძმა, მეურვე ან მზრუნველი და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა კანონიერი წარმომადგენელი) ხელმოწერით), „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 17 მარტის №01-19/ნ და „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით მოსარგებლეთა რეგისტრაციისთვის საჭირო თანხმობის ფორმისა და მისი შევსების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 28 თებერვლის №04-69/ო ბრძანებების მოთხოვნები. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „გ.ა“ და „ზ“ ქვეპუნქტების, მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ, ზედმეტად მოთხოვნილი თანხა 687 179,06 ლარი, მე-19 მუხლის მე-14 პუნქტის საფუძველზე დარიცხული ჯარიმა 1 320 001.18 ლარი(2013 წლის მარტის თვიდან 2014 წლის იანვრის ჩათვლით-136,4 ლარი, 2014 წლის თებერვლიდან 2017 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით 1 319 864, 78 ლარი) ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას. დარიცხულმა საჯარიმო თანხამ 236 777,52 ლარი (2013 წლის მარტიდან 2014 წლის იანვრის ჩათვლით - 590,46 ლარი. 2014 წლის თებერვლიდან 2017 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით -236187,06 ლარი). ამ დარღვევების გამო სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ №2018/30/03/02 სადავო აქტით შპს „მ...ს“ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელად დაეკისრა 2 079 426,62 ლარი, საიდანაც 1 369 559,61 ლარი ექვემდებარება უკან დაბრუნებას, ხოლო 709 867 01 ლარი დამატებით ფინანსური ჯარიმა. 2018 წლის 23 მარტს, შპს „მ...მ“ წერილით მიმართა საქართველოს ბიზნესომბუდსმენს საკითხის განხილვის პროცესში ჩართულობის თხოვნით. ბიზნესომბუდსმენმა, თავის მხრივ 2018 წლის 21 მაისს №02-254/05 წერილით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა საკითხის ხელახალი შესწავლა. 2018 წლის 23 მაისს, შპს „მ...მ“ ასევე წერილობით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და გამოთქვა მზაობა ხელახალი განხილვაში ჩართულობასთან დაკავშირებით. ამავე წერილით, შპს „მ...მ“ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ჯარიმის ძირითადი ნაწილი დაწერილი იყო იმ კონტინგენტზე თანხმობის ფორმების არ ქონის გამო, რომელიც თავად სააგენტომ მიამაგრა და წარმოადგენდნენ საქართველოს მთავრობის №218 და №165 დადგენილების მოსარგებლეებს. საკითხის ხელახალი განხილვის პროცესში, რომელიც გაიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, 2018 წლის 6 ივნისს ჩართული იყო როგორც შპს „მ...“, ისე საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის აპარატი. 2018 წლის 12 ივნისს საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა რეკომენდაციით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა საკითხის ხელახლა შესწავლა და დარიცხული/დაკისრებული საჯარიმო სანქციების გაანგარიშება. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 13 თებერვლის №66 დადგენილებით, ,,გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებები გათავისუფლდნენ საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის მე-19 მუხლის მე 14 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონტროლის ან რევიზიის შედეგად დაკისრებული/დასაკისრებელი საჯარიმო სანქციების გადახდისაგან 2019 წლის 1 თებერვლამდე პერიოდზე და განესაზღვრათ პროგრამულად ანაზღაურებული თანხის უკან დაბრუნების ვალდებულება. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 12 მარტის №04/12690 წერილით შპს „მ...ს“ ეცნობა, რომ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 13 თებერვლის №66 დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, 2018 წლის 30 მარტის №2018/30/03/02 აქტის ფარგლებში: ა) გათავისუფლდა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის მე-19 მუხლის მე 14 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონტროლის შედეგად დაკისრებული საჯარიმო სანქციის - 1 369 559,61 ლარის გადახდის ვალდებულებისაგან, გ) 2019 წლის 13 თებერვლის მდგომარეობით უკან დასაბრუნებელი დარჩა პროგრამულად ანაზღაურებული 709 867,01 ლარი. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 19 ივლისის №04/41437 გადაწყვეტილებით, შპს „მ...ს“ მოთხოვნა 2018 წლის მარტის 30 2018/30/03/02 აქტებით განსაზღვრული გარკვეული საჯარიმო სანქციების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მსჯელობს ხანდაზმულობის საკითხზე და მიუთითებს, რომ შპს ,,მ...სთვის“ საჯარიმო სანქციების დაკისრების ან გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ხანდაზმულობის საკითხის გათვალისწინება. სასამართლო მსჯელობას ამყარებს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით, ხოლო ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის 15(1) მუხლის მიხედვით, კონტროლი ხორციელდება ანაზღაურებული/ასანაზღაურებელი შემთხვევების დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში. შემთხვევის დასრულებიდან 5 წლიანი კონტროლის განხორციელების ვადის განსაზღვრა, 3 წლიანი ვადის ნაცვლად, განაპირობა კონტროლის განხორციელების შეუძლებლობამ მანამდე არსებული 3 წლიანი ვადაში, ვინაიდან, პროგრამაში მონაწილე დაწესებულებების და ბენეფიციარების რიცხვი ძალიან მაღალია, მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიას და მაკონტროლებლის რესურსის გათვალისწინებით ვერ ხდებოდა ყველა პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულების შემოწმება. მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ახალი 5 წლიანი რეგულაციის დაწესება არ მოქმედებს მის მიღებამდე არსებულ ურთიერთობებზე, რომლებიც არ დასრულებულა და კვლავ გრძელდება, არ არის სწორი, ვინაიდან, სწორედ რომ კონტროლის განხორციელების მიზანს ემსახურებოდა აღნიშნული რეგულაციის შემოღება. აღნიშნული მოსაზრების/განმარტების მიხედვით, გამოდის, რომ მაკონტროლებელი ნორმის ამოქმედებიდან 5 წლის განმავლობაში ვერ განახორციელებს კონტროლს და მხოლოდ 3 წელზე უნდა გაავრცელოს, რაც არ ემსახურება საჯარო სამართლის მიზნებს და შესაბამისად, აღნიშნული საკითხი არ ეხება საჯარო სამართლის სფეროს. გარდა აღნიშნულისა, როგორც უკვე აღინიშნა, კონტროლი ხორციელდება ანაზღაურებული/ასანაზღაურებელი შემთხვევების დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში, ხოლო უკუძალის მინიჭება არ მომხდარა წარსულში მომხდარ და დასრულებულ შემთხვევებზე, არამედ შემთხვევები არ იყო დასრულებული. მართალია, ამ შემთხვევაში, 3 წლიანი ვადის ნაცვლად განისაზღვრა 5 წლიანი ვადა, თუმცა აღნიშნული გამართლებულია საჯარო ინტერესებით, რაც გულისხმობს იმას, რომ ძველი კანონით დადგენილი ვადები არ იყო საკმარისი აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებისათვის. ამავდროულად, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა წინასწარ ევარაუდა მისი ქმედების სამართლებრივი შედეგები. დარღვევების გათვალისწინებით, მდგომარეობა ხანდაზმულობის გაგრძელებამდე და გაგრძელების შემდეგ იდენტური იქნებოდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 10 მარტის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა.
კასატორის - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის მიხედვით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორი შეფასება მისცა საქმის მასალების საფუძველზე ფაქტობრივი გარემოებებს, რის გამოც არსებობდა გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24.1 მუხლის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით.
მოცემულ შემთხვევაში, სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტი არ შეიცავს დათქმას ახალი რედაქციის ნორმებისათვის უკუძალის მინიჭების თაობაზე. პალატა მიუთითებს, რომ „კანონის უკუძალის მინიჭება ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპს, რომლითაც დაუშვებელია აქტს უკუქცევითი ძალა მიენიჭოს, თუკი იგი აუარესებს პირის მდგომარეობას“. ხსენებული ნორმა საერთოდ არ ასახავს იმ სამართალურთიერთობას, რომელიც წარმოდგენილ დავაშია მოცემული. სააგენტომ მთავრობის დადგენილების შესაბამისად, მოითხოვა მეტობით გადახდილი თანხების უკან დაბრუნება, რომელზეც არათუ უკუძალა, არამედ გავრცელდა ახალი რეგულაცია. მთავრობის დადგენილებაში, რომელიც თავისი ბუნებით წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, გარკვეული საკითხი დარეგულირდა, რომელსაც უნდა მორგებოდა ხელშემკვრელი მხარე. ხელშეკრულების პირობის არ მოწონების შემთხვევაში სრული უფლება აქვს მხარეს დატოვოს პროგრამა, თუმცა, შპს „მ...მ“ არ გაატარა მკაცრი აღრიცხვის ფორმებში ბენეფიციარები, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ბენეფიციარების რეგისტრაცია მოიხსნა შპს „მ...ს“ ბაზიდან. ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, შპს „მ...“ შემოწმებამდე ითხოვდა იმავე რაოდენობის თანხის ჩარიცხვას კაპიტაციის მეთოდით, რაც თავდაპირველ მდგომარეობაში იყო.
კასატორის განმარტებით, სასამართლო განხილვაშია ასევე საქმე, რომელშიც ასევე შპს „მ...მ“ გაასაჩივრა ის ცვლილება, რომლის საფუძველზეც მას დაეკისრა ბენეფიციარების ხელახალი რეგისტრაცია, თუმცა სასამართლომ აბსოლუტურად კანონიერად მიიჩნია წარდგენილი ცვლილება და არ დააკმაყოფილა სარჩელი, არც ის მიუთითებია სასამართლოს, რომ უკუძალის პრინციპის გამოყენებით შპს „მ...ს“ არ ევალებოდა ბენეფიციარების ხელახალი რეგისტრაცია. ანუ გამოდის, რომ სასამართლომ ერთსა და იმავე შინაარსის საქმეზე მიიღო სხვადასხვა გადაწყვეტილებები - ერთში მიუთითა, რომ უკუძალა მოქმედებს და არ იყო ვალდებული ხელახალი დაერეგისტრირებინა ბენეფიციარები, ხოლო მეორე შემთხვევაში ძალაში დატოვა ცვლილება, რომლითაც ხელშემკვრელ მხარეს დაევალა ბენეფიციარების ხელახალი რეგისტრაცია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორს მიაჩნია, რომ საკასაციო სასამართლოს ევალება სამართლებრივი წესრიგის განსაზღვრა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბება. შესაბამისად, არსებითი მნიშვნელობის არის უზენაესმა სასამართლომ ჩანიშნოს ზეპირი მოსმენა და მხარეთა პოზიციის ზეპირად მოსმენის პირობებში ჩამოაყალიბოს ერთგვაროვანი მიდგომა, შესაბამისად, კასატორმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მარტის განჩინების გაუქმება იმ ნაწილში, სადაც არ დაკმაყოფილდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.
კასატორის - შპს „მ...ს“ საკასაციო საჩივრის მიხედვით, სასამართლომ სრულად გაიზიარა შპს „მ...ს“ პოზიცია როგორც ხანდაზმულობის, ისე ე.წ. ...ის კონტინგენტის ნაწილში და ბათილად ცნო სადავო აქტები, თუმცა არ დააკმაყოფილა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალების შესახებ მოთხოვნა, შესაბამისად, გადაწყვეტილებას ასაჩივრებს სწორედ ამ ნაწილში.
კასატორი მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლსა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საქმის მასალებიდან ცალსახად ირკვევა, რომ სადავო აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევის და შეფასების გარეშე, მოპასუხემ ვერ დაძლია აქტების კანონიერების თაობაზე მტკიცების ტვირთი, რაც დადასტურებულია სასამართლოს მიერ.
კასატორის განმარტებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშობა მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლომ დაადგინა, რომ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებები მიღებული იყო კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ყოველგვარი კონკრეტული გარემოებების მითითების გარეშე, რაც მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდა.
კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მხოლოდ იმ ნაწილში, რომლის თანახმად, სასამართლო ადმინისტრაციულ ორგანოს ხელახალი განხილვისთვის უბრუნებს სადავო აქტებს, რადგან შერჩევითი რევიზია განხორციელდა 2018 წლის მარტში, შესაბამისად, უკვე განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოებისას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელთ ჰქონდა ყველა საჭირო მტკიცებულება, რათა სათანადოდ გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, თუმცა აღნიშნული ვერ განახორციელა. კასატორის მოსაზრებით, არსებობდა სარჩელის სრულად დაკმაყოფილების ყველა სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, აქტები ეწინააღმდეგება კანონს და პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელეს, ხელახალი განხილვისთვის საქმის დაბრუნება კი, მხოლოდ თანხის ანაზღაურების პროცესს გააჭიანურებს და ფინანსურ ზიანს მიაყენებს უკვე დაზარალებულ სამედიცინო დაწესებულებას, რომელსაც გასაჩივრებული აქტების საფუძველზე კოლოსალურად მაღალი ჯარიმა აქვს დაკისრებული. სადავო აქტების პირველ 3 პუნქტთან მიმართებაში ცალსახად დაადგინა სასამართლომ, რომ დარღვეული იყო ხანდაზმულობის ვადები და ნაცვლად 5 წლისა, უნდა გავრცელებულიყო 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა. ხოლო ე.წ. ...-ს კონტინგენტის ნაწილში, ასევე ცალსახად დადგენილია, რომ ინტეგრირებულ კონტინგენტზე შპს „მ...ს“ არ ჰქონდა არანაირი თანხმობის შევსების ვალდებულება, ვინაიდან, მისი ნების საწინააღმდეგოდ მოხდა ბენეფიციარების მიმაგრება კლინიკებზე. შესაბამისად, კასატორს მიაჩნია, რომ არსებული მოცემულობისა და მტკიცებულების საფუძველზე სასამართლომ მოპასუხეს უნდა დაავალოს საჯარიმო სანქციების გაუქმების შესახებ ახალი აქტის გამოცემა.
კასატორის მითითებით, სასამართლოს მიერ ცალსახად დადგენილია შემოწმების ჩატარება ხანდაზმულობის ვადების დარღვევით და ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ ჰქონდა 5 წლიანი ხანდაზმულობის ჭრილში შეემოწმებინა კლინიკა. ამასთან, ,,...ს კონტინგენტის“ ნაწილში შემთხვევა დასრულებული იყო (მიმაგრების რეგისტრაცია) 2014 წლის 01 იანვარს და აღნიშნული კონტინგენტის ნაწილში დაკისრებული ჯარიმა ცალსახად ხანდაზმული იყო. ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ უცნობი იყო შემთხვევის დასრულების თარიღი, რადგან აქტში დაზუსტებით წერია, რომ ჯარიმა დაწერილი იყო 2014 წლის 01 იანვარს განხორციელებული მიმაგრების გამო. ამასთან შპს „მ...ს“ მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაყენებული იქნა შუამდგომლობა იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოედგინა ოფიციალური მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ,,...ის კონტინგენტის“ მიმაგრების თარიღი და ქმედების განმახორციელებელი. იმავე სხდომაზე მოპასუხემ დაადასტურა, რომ ქმედება მათ მიერ განხორციელდა 2014 წლის 01 იანვარს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ უცნობია მიმაგრების თარიღი, არ შეესაბამება უკვე დადგენილ ფაქტს.
პირველი ინსტანციის სასამართლოში შპს „მ...ს“ მიერ წარდგენილ იქნა CD დისკის სახით იმ ბენეფიციარების რეესტრი, რომლითაც დასტურდებოდა მათთვის გაწეული მომსახურება შესაბამისი პერიოდის და მოცულობის მითითებით (პროგრამის მოსარგებლეებისთვის გაწეული მომსახურების მოცულობა ორჯერ აღემატებოდა რეალურად მიღებულ შემოსავალს), ამ ბენეფიციარების იდენტიფიცირების ვალდებულება კი ჰქონდა ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელსაც საპასუხო წონადი არგუმენტი/მტკიცებულება არ წარმოუდგენია სასამართლო განხილვის არცერთ ეტაპზე. ამასთან, არც სასამართლოს გამოუყენებია საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება და არ დაუვალებია მოპასუხისთვის საპირისპირო მაიდენტიფიცირებელი მტკიცებულების წარდგენა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შპს „მ...სა“ და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივრები, ხოლო 2022 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „მ...ს“, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსა და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულია სასამართლოს შესაძლებლობა, შეცილებით სარჩელთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, მაშინ, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ხოლო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისთვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. ამასთან, „ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება სასამართლომ უნდა გამოიყენოს იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება“ (სუსგ №ბს-1285-1229(2კ-09), 20.04.2010წ.).
ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე საკითხი უნდა გადაწყვიტოს მხოლოდ კონკრეტული წინაპირობების არსებობისას, კერძოდ, თუკი ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია და შეუსწავლია საქმის გარემოებები, ამ გარემოებებს საქმის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა გააჩნიათ და მათი დადგენა და გამოკვლევა სასამართლოს მიერ შეუძლებელია.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან მოცემულ საქმეზე საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერება, პალატა უპირველეს ყოვლისა მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცდა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“.
„საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-20 მუხლის მეორე პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პროგრამების ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულება ზედამხედველობის ეტაპ(ებ)ის მიხედვით, ამ დადგენილებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია: გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში, არ აუნაზღაუროს სამედიცინო მომსახურების ღირებულება, ან მოსთხოვოს მიმწოდებელს ზედამხედველობის შედეგად გამოვლენილი არასწორად მიღებული დაფინანსების სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება და დაკისრებული საჯარიმო სანქციების გადახდა და/ან დააკისროს დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა. ამავე დადგენილების №1 დანართის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევებისას გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის საჯარიმო სანქციები: ა) შემთხვევის სრულ ანაზღაურებაზე უარი; ბ) უკვე ანაზღაურებული შემთხვევისას თანხის უკან დაბრუნება; გ) დამატებითი ფინანსური ჯარიმა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ.ა“ და „ზ“ ქვეპუნქტების თანახმად კი, განმახორციელებლის მიერ ანაზღაურებული თანხის სრულად უკან დაბრუნების საფუძველი არსებობს, თუ პაციენტი არ არის ამ პროგრამის მოსარგებლე; თუ შემთხვევის შესახებ მონაცემები ან/და დოკუმენტაცია არ ასახავს სინამდვილეს.
ამრიგად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა და სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული მომსახურების ანაზღაურების პროცედურა ხორციელდება იმპერატიულად დადგენილი და შესასრულებლად სავალდებულო პროცედურის მკაცრი დაცვით, რაც ერთი მხრივ, გულისხმობს სამედიცინო დაწესებულების მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის სწორად წარმოებასა და გაწეული მომსახურების შესახებ სააგენტოსთვის რეალური ინფორმაციის მიწოდებას, მეორე მხრივ, ასეთი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების ვალდებულებას. წარდგენილ ინფორმაციაში არსებითი შეუსაბამობის გამოვლენა კი, თავის მხრივ შეიძლება გახდეს კლინიკისთვის თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის ან უკვე ანაზღაურებული თანხის უკან დაბრუნების დავალების წინაპირობა.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შემოწმდა შპს ,,მ...ში“ რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმების შევსების მდგომარეობა 2013 წლის 28 თებერვლიდან 2017 წლის 22 მაისამდე პერიოდში. შემოწმება დაიწყო 2017 წლის 22 ოქტომბრიდან და დამთავრდა 2018 წლის 30 მარტს.
30.03.18 წლის №2018/30/30/02 თემატური შემოწმების აქტის მიხედვით დაფიქსირებულია შემდეგი დარღვევები:
1. აქტის 7.1 პუნქტი: 689 შემთხვევაში ძირითად კონტინგენტში დარეგისტრირებული პაციენტების ფაქტობრივი მისამართია სოფელი, რის გამოც ზედმეტად მიღებული თანხაა 11 705.46 ლარი - დაერიცხა ჯარიმა 27593.45 ლარი;
2. აქტის 7.2 პუნქტი: მკაცრი აღრიცხვის 116 ფორმას არ ერთვის მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რის გამოც მიმწოდებლის მიერ ზედმეტად მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა 6 914.48 ლარი - დაერიცხა ჯარიმა 13 828.96 ლარი;
3. აქტის 7.3 პუნქტი: 174 თანხმობის ფორმაზე არ ფიქსირდება მოსარგებლის ხელმოწერა, რეგისტრაციის თარიღი, რის გამოც მიმწოდებლის მიერ ზედმეტად მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა 4 068.01 ლარი - დაერიცხა ჯარიმა 8 136.02 ლარი;
4. აქტის 7.4 პუნქტი: 26 797 შემთხვევაში ვერ წარმოადგინა გეგმური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით მოსარგებლეთა რეგისტრაციისთვის საჭირო 2915 თანხმობის ფორმა (უნომრო). შესაბამისად, ბენეფიციართა მოსარგებლედ რეგისტრაცია განხორციელებულია თანხმობის ფორმის გარეშე. აქედან 5 645 შემთხვევაში სადაზღვევო კომპანია ,,...ის“ ბენეფიციარები გაპასიურდნენ 01.01.2014 წლამდე, შესაბამისად, მათზე არ განხორციელდა საჯარიმო სანქცია, ხოლო დანარჩენ 20 252 შემთხვევაში მოხდა საჯარიმო თანხის დაანგარიშება. აქტის მიხედვით, მიმწოდებლის მიერ ზედმეტად მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა 687 179.06 ლარი - დაერიცხა ჯარიმა 1 320 001.18 ლარი.
საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სადავო პერიოდში შემოწმებისას გამოვლენილი დარღვევების ძირითადი ნაწილი უკავშირდება ტექნიკურ ხარვეზებს, თუმცა რიგი არსებითი მნიშვნელობის საკითხები გამოსაკვლევია; კერძოდ, გასაჩივრებული აქტებით არ დგინდება, შპს ,,მ...ას“ ბრალეულობა თანხმობის ფორმების შეუვსებლობაზე სადაზღვევო კომპანია ,,...ის“ იმ ბენეფიციარებზე, რომელთა ბაზაც ადმინისტრაციულმა ორგანომ თავად გადასცა მოსარჩელეს; ვერ დგინდება ზუსტად როდის მოხდა სადაზღვევო კომპანია ,,...ის“ ბენეფიციართა ბაზის შპს ,,მ...სთვის“ გადაცემა და რეგისტრაცია; ვერ დგინდება შპს ,,მ...ს“ თანხმობის ფორმები არ ჰქონდა შევსებული მხოლოდ სადაზღვევო კომპანია ,,...ის“ ბენეფიციარებზე თუ სხვა პირებზეც. გარდა ამისა, არ გამოკვლეულა ბენეფიციარებს, რომლებზეც არ არსებობს თანხმობის ფორმები, შპს ,,მ...ში“ გაეწიათ თუ არა რაიმე სამედიცინო მომსახურება და თუ გაეწიათ, შესაძლებელია თუ არა, ამ ფორმით ნების გამოხატვიდან გამომდინარე, ისინი მივიჩნიოთ ამ სამედიცინო დაწესებულების ბენეფიციარებად. საგულისხმოა ის გარემოება, რომ სამედიცინო დაწესებულებაში აღრიცხულია არაერთი ბენეფიციარი, რომელთა დიდ ნაწილსაც გაეწიათ სამედიცინო მომსახურება, რომლებიც არ არიან დაზუსტებით იდენტიფიცირებულნი. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას იმის თაობაზე, რომ შემოწმების აქტში მოცემული დაუსაბუთებელი არგუმენტაცია და გამოკვლევის გარეშე გარემოებების ზოგადი ასახვა არ უნდა გახდეს სამედიცინო დაწესებულებისათვის საკმაოდ სოლიდური თანხის დაკისრების საფუძველი.
რაც შეეხება მოსარჩელის პოზიციას თანხების დაკისრების ხანდაზმულობის თაობაზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის 151 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგულირების სააგენტოს მიერ კონტროლი ხორციელდება ანაზღაურებული/ასანაზღაურებელი შემთხვევების დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში. მე-16 მუხლის პირველი პუნქტით კი, რეგულირების სააგენტოს მიერ რევიზია ხორციელდება ანაზღაურებული/ასანაზღაურებელი შემთხვევების დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 ოქტომბრის №552 დადგენილებით განხორციელებულ ცვლილებებამდე (ძალაშია 28.10.2015 წლიდან), საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილება კონტროლისა და გეგმური რევიზიის განხორციელების ვადად ადგენდა შემთხვევების დასრულებიდან 3 წელს.
პალატა შემოწმების პერიოდთან დაკავშირებით საკასაციო პალატის მიერ დადგენილი განმარტებიდან (იხ. სუსგ №ბს-1355(კ-20), 21.10.2021წ.) გამომდინარე აღნიშნავს, რომ ,,ზემოაღნიშნული ცვლილებების განხორციელებამდე არსებული რედაქცია, რომელიც გეგმური რევიზიის განხორციელებისათვის 3-წლიან ვადას ადგენდა, გავრცელებულ უნდა იქნეს ცვლილებების განხორციელებამდე არსებულ პერიოდზე, ხოლო რევიზიის 5-წლიანი ვადის გავრცელება დასაშვებია მხოლოდ 2015 წლის 26 ოქტომბრის შემდგომ პერიოდზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მიუთითოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მსგავს სამართლებრივ დავასთან მიმართებით ჩამოყალიბებულ ერთიან სასამართლო პრაქტიკაზე (სუსგ №ბს-658(კ-19), 25.02.2021წ.), რომელიც, მართალია, შეეხებოდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 მარტის №01-1/ნ ბრძანებით სამედიცინო შემთხვევების რევიზიის 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადის დაწესებას და მისი გავრცელების ფარგლებს, თუმცა მოხმობილ განჩინებაში განვითარებული მსჯელობები არსობრივად მიესადაგება განსახილველ შემთხვევას. კერძოდ, მითითებულ განჩინებაში, საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ „რეგულირების სააგენტო უფლებამოსილი იყო განეხორციელებინა არა ბრძანების ამოქმედებამდე უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში სხვადასხვა წლებში მოქმედი პროგრამების ფარგლებში გაწეულ მომსახურებათა რევიზია, არამედ უზრუნველეყო უშუალოდ 2011 წლის პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულების მიერ გაწეული მომსახურების სანაცვლოდ უკვე ანაზღაურებული შემთხვევების რევიზია შემდგომი 3 წლის განმავლობაში.“
ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულყოფილად და ჯეროვნად გამოიკვლიოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის ყველა გარემოება, დეტალურად და ამომწურავად დაასაბუთოს გამოვლენილი თითოეული სადავო საკითხი, რაზეც ზემოთ იქნა აღნიშნული, მართებულია სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ამომწურავად იმსჯელა სადავო საკითხთან დაკავშირებით, კასატორები დამატებით ვერ უთითებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების არსებით ფაქტობრივ თუ სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის არც ერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 28.09.2022წ. №24998 საგადახდო მოთხოვნით, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 15.07.2022წ. №04503 საგადახდო მოთხოვნით და შპს „მ...ს“ საკასაციო საჩივარზე 29.07.2022წ. N... საგადახდო დავალებით გადახდილი აქვთ სახელმწიფო ბაჟი 300-300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი უნდა დაუბრუნდეთ კასატორებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსა და შპს „მ...ს“ საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მარტის განჩინება;
3. კასატორს - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ200294519) დაუბრუნდეს 28.09.2022წ. №24998 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. კასატორს - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ს/ნ205035120) დაუბრუნდეს 15.07.2022წ. №04503 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5. კასატორს - შპს „მ...ს“ (ს/ნ...) დაუბრუნდეს 29.07.2022წ. N... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


მოსამართლეები: გ. აბუსერიძე


მ. ვაჩაძე


ბ. სტურუა