Facebook Twitter
№ბს-446(კ-22) 25 ივლისი, 2023 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თამარ ოქროპირიძე, ქეთევან ცინცაძე

კასატორი (მოპასუხე) – სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „...ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „...ის“ წარმომადგენელმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2020 წლის 3 თებერვლის №ს/რ-115-13 რევიზიის აქტი; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2020 წლის 9 ივნისის №02/6538 გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

მოსარჩელის განმარტებით, პაციენტ ი. ს-ის სამედიცინო დოკუმენტაცია სარეცენზიოდ გადაეგზავნა სსიპ ... უნივერისტეტს. რეცენზენტთა დასკვნის გათვალისწინებით, შპს „...ს“ დაეკისრა ჯარიმა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე 30 931,2 ლარის ოდენობით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-6 პუნქტებზე, ამავე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, 96-ე მუხლზე მითითებით მოსარჩელე აღნიშნავს, რომ რევიზიის აქტში არ არის განმარტებული, თუ რომელი სამართლებრივი ნორმის საფუძველზე განაცხადეს რეცენზენტებმა ინფექციონისტის ჩართვის მიზანშეწონილობის შესახებ. ასევე, რევიზიის აქტში არ არის დასაბუთებული, თუ რა დადებითი შედეგი შეიძლება გამოეღო ინფექციონისტის ჩართვას. უცნობია ჩატარდა თუ არა ადმინისტრაციული წარმოება სადავო საკითხთან დაკავშირებით. აქტის გამომცემი ორგანოს მიერ დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლი, რადგან სააგენტოს წარმომადგენლების მიერ საკითხის შესწავლა განხორციელდა კლინიკაში, მათ წარედგინათ მხოლოდ ექიმ-სპეციალისტთა ახსნა-განმარტებები, ხოლო შპს „...ისათვის“ სრულიად უცნობი იყო რეცენზენტთა ჩართულობის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიერ რეცენზენტებსა და სააგენტოს წარედგინებოდათ შპს „...ის“ სამართლებრივი არგუმენტაცია კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით. მხარისთვის მოსაზრების წარდგენის უფლების შეზღუდვაზე გამონაკლისს ადგენს კანონი, თუმცა დაინტერესებულ პირს უნდა ეცნობოს ადმინისტრაციული წარმოების შესახებ, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მისი მონაწილეობა საქმეში. მოსარჩელეს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ არავითარი შეტყობინება არ მიუღია. შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ შეძლო კანონმდებლობით მინიჭებული უფლების რეალიზება - ადმინისტრაციული ორგანოსთვის წარედგინა მოსაზრებები, ასევე რეცენზენტთა დასკვნის საპასუხო არგუმენტები.

2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2020 წლის 3 თებერვლის №ს/რ-115-13 რევიზიის აქტი და 2020 წლის 9 ივნისის №02/6538 გადაწყვეტილება. მოპასუხე სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დაევალა, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

სასამართლომ მიუთითა საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ 2020 წლის 3 თებერვალს მიიღო №ს/რ-115-13 რევიზიის აქტი, რომლის თანახმად, საქართველოს მთავრობის №36 დადგენილების „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ №1 დანართის მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის გათვალისწინებით, რევიზიის შედეგად ბიუჯეტში გადასახდელმა თანხამ შეადგინა 30931.2 ლარი; ბ) სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2020 წლის 3 თებერვლის №ს/რ-115-13 რევიზიის აქტი გასაჩივრებულ იქნა №25641 ადმინისტრაციული საჩივრით და მოთხოვნილ იქნა ზემოაღნიშნული რევიზიის აქტის და მოსარჩელე შპს „...ის“ მიმართ დაკისრებული თანხების გადახდის ვალდებულების გაუქმება; გ) სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2020 წლის 9 ივნისის №02/6538 გადაწვეტილებით შპს „...ის“ ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა; დ) საქმეზე დაკითხული მოწმის - გ. ა-ას განმარტებით, პროფესიით ექიმია და მუშაობს კლინიკა „...ში“ ანესთეზიისა და რეანიმაციის განყოფილების ... . წელიწადნახევრის წინ იგი გაეცნო პაციენტის ისტორიას, რომელიც ეხებოდა დაავადებულ პაციენტს, რომელმაც სამი-ოთხი დღის დაგვიანებით მიმართა კლინიკას, იგი იმყოფებოდა რეანიმაციულ განხოფილებაში, პირველ ეტაპზე მოხდა მდგომარეობის სტაბილიზაცია, მაგრამ მალევე წინა პლანზე წავიდა ინფექციური გართულებები, სუნთქვის უკმარისობა, პაციენტი გადაყვანილ იქნა ხელოვნურ სუნთქვაზე, მკურნალობის დროს რამდენჯერმე შეიცვალა ანტიბიოტიკები, მიუხედავად აღნიშნულისა, ინფექციის დაძლევა ვერ მოხერხდა და პაციენტი გარდაიცვალა კლინიკა „...ში“. მისივე განმარტებით, პაციენტის მკურნალობა ნაწარმოებია სწორად, რაც შეეხება ანტიბიოტიკების ცვლილებას, აღნიშნულს რეგულაციები უშვებს, როდესაც ადამიანი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, მკურნალ რეანიმატოლოგს აქვს უფლება, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება ანტიბიოტიკის შეცვლასთან დაკავშირებით. მისივე განმარტებით, თავისივე დასკვნაში გააკეთა შენიშვნა, მასზედ, რომ ვინაიდან ანტიბიოტიკების ცვლილებამ არ მოიტანა შედეგი, მიზანშეწონილი იქნებოდა, რომ ყოფილიყო სეფსოლოგის, ინფექციონისტის კონსულტაცია. ინფექციონისტის ჩაურთველობა არ ნიშნავდა არასათანადო, არაჯეროვან მკურნალობის ჩატარებას. მოცემულ შემთხვევაში ინფექციონისტის კონსულტაცია ვერ შეცვლიდა მდგომარეობას.

„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონზე, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1-ით დამტკიცებულ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირველი მუხლის „ა“ პუნქტზე, მე-3 მუხლზე, მე-4 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „მ“ ქვეპუნქტებზე, მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-9 მუხლის პირველ, მე-2 და მე-4 პუნქტებზე, მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტზე, მე-16 მუხლის პირველ, მე-2, მე-3, მე-5 პუნქტებზე, მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტსა და ამავე მუხლის მე-9 პუნქტზე მითითებით სასამართლომ აღნიშნა, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ 2020 წლის 3 თებერვალს მიიღო №ს/რ-115-13 რევიზიის აქტი, რომლის თანახმად, საქართველოს მთავრობის №36 დადგენილების „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ №1 დანართის მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის გათვალისწინებით, რევიზიის შედეგად ბიუჯეტში გადასახდელმა თანხამ შეადგინა 30 931.2 ლარი.

ზემოაღნიშნული დადგენილების მე-20 მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-19 მუხლის მესამე პუნქტის „ზ“ და „გ.ა“ ქვეპუნქტებზე, 151 მუხლის მე-2 პუნქტზე მითითებით სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლო ადმინისტრაციულ ორგანოს უტოვებს საბოლოო გადაწყვეტილების - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პრეროგატივას. ასევე, იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო დაადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის უკანონობასა და მოსარჩელის სუბიექტური უფლების ხელყოფას, ავალებს ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რამდენადაც სასამართლო არ არის უფლებამოსილი, თვითონ განახორციელოს ადმინისტრაციული ორგანოსადმი კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილსა და ამავე კოდექსის 96-ე მუხლზე მითითებით სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო საკითხთან დაკავშირებით მოსარჩელეს ისე უთხრა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რომ არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მათი ობიექტური შეფასების საფუძველზე არ მიიღო გადაწყვეტილება, კერძოდ, სადავო აქტი დაუსაბუთებელია და არ იძლევა პასუხს კონკრეტულად, რომელი მტკიცებულება, თუ გარემოება წარმოშობდა შპს „...ის“ მიმართ გამოყენებული საჯარიმო სანქციის აუცილებლობას. აღნიშნული გარემოება კი, საბოლოო ჯამში, მიუთითებს იმაზე, რომ სადავო აქტის მიღებისას მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ განახორციელა ადმინისტრაციული აქტის საფუძვლად არსებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და შეფასება. სრულყოფილად არ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინებით სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: ა) სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათის (№1/54/37) მიხედვით, პაციენტი - ი. ს-ი (5 წლის) 15.01.18წ 18:30 სთ-ზე ჰოსპიტალიზირებულ იქნა შპს „...ში“, დიაგნოზით: „სუნთქვის მწვავე უკმარისობა“. სამედიცინო ბარათში ექიმ გ. ა-ის (სახ. სერტიფიკატი „ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგია“) ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ პაციენტს დაავადება დაეწყო სამი დღის წინ, ერთეული ხველით, ჭირვეულობით, აღარ იღებდა საკვებსა და სითხეს. ხველა გახდა ინტენსიური, გაძნელდა სუნთქვა, გამოიხატა ქოშინი, დაერთო ციანოზი, ცხელებამ იმატა 39.6°C. ანტიპირეტული საშუალების ფონზე პაციენტი მივარდა, გახდა ადინამიური, აჭრელდა, რის გამოც მოყვანილ იქნა კლინიკაში. პაციენტის ზოგადი მდგომარეობა კლინიკაში შესვლისას იყო უკიდურესად მძიმე, რაც განპირობებული იყო სუნთქვის მძიმე უკმარისობით. პაციენტს აღენიშნებოდა ერთეული სუნთქვა R-4-7), ნევროლოგიურად ცნობიერება იყო შეცვლილი, დიფუზური ციანოზი, მარმარილოსებრი სიჭრელე, შენებით ცივი, ცნობიერება შეცვლილი. Cor-ტონები მკვეთრად მოყრუებული. ანამნეზს ამძიმებდა ბავშვთა ცერებრული დამბლა ფსიქომოტორული განვითარების შეფერხებით. Cor-ტონები მკვეთრად მოყრუებული. Pulmo - აუსკულტაციით ორმხრივ მკვეთრად შესუსტებული სუნთქვის ფონზე ორივე ზედაპირზე კრეპიტიული ხიხინი, ზემო წილებში მსტვინავი ხინინი. ჩატარდა ზედა სასუნთქი გზების სანაცია. დაწყებულ იქნა ვენტილაცია ამბუს თვითშლადი ტომრით. გამოხატული ჰიპოგლიკემიის გამო, ინტრავენურად შეყვანილ იქნა გლუკოზა. პაციენტი მოთავსდა რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტში, დიაგნოზით: „სუნთქვის მწვავე უკმარისობა“. მკურნალობაში ჩაერთო დოფამინი. დაინიშნა და ჩატარდა შემდეგი კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები: სისხლის საერთო ანალიზი, სისხლის ბიოქიმიური ანალიზი (CRP, Creatinini, ALT, AST, E-Stat, HCV), გულმკერდის რენტგენოგრაფია. რენტგენოგრამაზე გამოვლინდა ინფილტრაციული ცვლილებები, რის გამოც დაწყებულ იქნა ანტიბიოტიკოთერაპია. 16.01.18წ.-17.01.18წ. პაციენტის ზოგადი მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე. გრძელდებოდა ოქსიგენო და აეროზოლო თერაპია, მოცულობითი მხარდაჭერა კრისტალოიდური ხსნარებით. მიეწოდებოდა ჟანგბადი სველი წესით. მიმდინარეობდა ვიტალური პარამეტრების მუდმივი კონტროლი. ჩატარდა ერით.მასის ტრანსფუზია, დინამიკაში დასტაბილურდა ჰემოგლობინ-ჰემატოკრიტის მაჩვენებლები, შემცირდა კრეატინინი. 18.01.18წ. პაციენტის მდგომარეობა დინამიკაში გაუარესდა. მოიმატა სუნთქვის მწვავე უკმარისობის ნიშნებმა, ჩატარებული რენტგენოლოგიური დასკვნის მიხედით: მარჯვნივ პრეჰილარულად გამოისახა ინფილტრაციული ცვლილებები, მარცხნივ ჰილუსი გაფართოებული და ინფილტრირებული, ჰიპოვენტილირებული უბანი ჰომოგენური დაჩრდილვის ხარჯზე, სინუსები თავისუფალი. პირის ღრუდან ჰემორაგიული ხასიათის გამონაჟონის ინტენსივობამ დინამიკაში იმატა. ასევე, ჰემორაგიული გამონაჟონი დაფიქსირდა ცენტრალური ვენის კათეტერის ირგვლივ. შეიცვალა ანტიბიოტიკოთერაპია (მეროპენემი+ვანკომიცინი) გამოვლენილი მკვეთრი კოაგულაციური დარღვევების გამო განხორციელდა აგპ ტრანსფუზია. სუნთქვის უკმარისობის გაღრმავებისა და ზოგადი კლინიკური მონაცემების გათვალისწინებით პაციენტი გადაყვანილ იქნა ფ.ხ.ვ-ზე (21:00სთ). თრომბოციტოპენიის გამო ჩატარდა თრომბომასის ტრანსფუზია. მდგომარეობა რჩებოდა მძიმე. 19.01.18წ.-11.02.18წ. პაციენტის მდგომარეობა იყო მძიმე. მიუხედავად მკურნალობისა, რენტგენოლოგიური და აუსკულტაციური მონაცემები მნიშვნელოვანი გაუმჯობესების გარეშე. კრიტიკული ანემიის გამო მიმდინარეობდა ერით.მასისი ტრანსფუზია, ჩატარდა ნახველის და ცენტრალური ვენის კათეტერის ბაქტერიოლოგიური კვლევა. ბაქტერიული კულტურის ზრდა არ აღინიშნა. პაციენტის ზოგადი მდგომარეობა იყო პროგნოზულად არაკეთილსაიმედო. პერიოდულად ხორციელდებოდა ტრაქეობრონქული ხის სანაცია, საიდანაც მიიღებოდა სისხლის შემცველი უხვი რაოდენობის სეკრეტი. Cor-ტონები მოყრუებული, რითმული. Pulmo - აუსკულტაციით ორმხრივ მკვეთრად შესუსტებული სუნთქვის ფონზე დიფუზურად სხვადასხვა კალიბრის სველი ხიხინი. 03.02.18წ ჩატარებული რენტგენოლოგიური კვლევაში გამოიხატა გაძლიერებული სისხლძარღვოვანი სურათი, მარჯვნივ პრეჰილარულად გამოისახა ინფილტრაციული ცვლილებები, მარცხნივ შუა ველში - კარდიალურად არაჰომოგენური დაჩრდილვა, ჰილუსები მცირედ უსტრუქტურო, გაძლიერებული, მარჯვნივ სინუსი არ ნათდებოდა სრულად. 09.02.18 პაციენტის მდგომარეობა დინამიკაში გაუარესდა. 09.02.18წ ჩატარებული რენტგენოგრამა მკვეთრი ცვლილებების გარეშე. ჰემოდინამიკის სტაბილიზაციის მიზნით უგრძელდებოდა ინოტროპული მხარდაჭერა. სისხლის საერთო ანალიზში გამოვლინდა ღრმა ლეიკოპენია, ანემია, თრომბოციტოპენია, CRP-265.5. 12.02.18წ. ჩატარებულ რენტგენოგრამაზე გამოვლინდა მარცხენა ფილტვის ველებში სრული ჰომოგენური დაჩრდილვა, ხოლო მარცხნივ ფილტვის ველში - სრული არაჰომოგენური დაჩრდილვა, სინუსები არ ნათდებოდა. მდგომარეობა შეფასდა სეპტიცემიად, მკურნალობაში შეტანილ იქნა ცვლილებები. ჰემოდინამიკის სტაბილიზაცია იყო გაძნელებული, საჭიროებდა მასიურ ინფუზიურ თერაპიას. ნევროლოგიური სტატუსი იყო უცვლელი. 13.02.18წ. 09:15 სთ-ზე პაციენტს აღენიშნა მყარი ჰიპოტენზია, ტენდეცია ბრადიკარდიისკენ, რასაც მოჰყვა გულის გაჩერება. საინტუბაციო მილიდან აღინიშნა ვარდისფერი, ქაფიანი ნახველი, უხვი რაოდენობით, დაწყებული გულ-ფილტვის რეანიმაციის მიუხედავად, 10:00 სთ-ზე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. დასკვნითი დიაგნოზი: „სუნთქვის მწვავე უკმარისობა, პნევმონია დაუზუსტებელი, ბავშვთა ცერებრული დამბლა, მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი, ანემია დაუზუსტებელი, კოაგულაციური დეფექტი დაუზუსტებელი, თრომბოციტოპენია დაუზუსტებელი, სეპტიცემია დაუზუსტებელი“; ბ) პაციენტ ი. ს-ის სამედიცინო დოკუმენტაცია სარეცენზიოდ (ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია) გადაეგზავნა სსიპ „... უნივერსიტეტს“. სამედიცინო დოკუმენტაციის რეცენზიის დასკვნის მიხედვით: „იმის გათვალისწინებით, რომ პაციენტის მდგომარეობა, კონკრეტულად კი ფილტვების ვენტილაციური ფუნქცია, ასევე ფილტვების რენტგენოლოგიური და აუსკულტაციური მონაცემები, მიმდინარე ანტიბიოტიკოთერაპიის ფონზე არ უმჯობესდებოდა, მიზანშეწონილი იქნებოდა მკურნალობაში ინფექციონისტის ჩართვა“; გ) სარეცენზიო დასკვნის გათვალისწინებით, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ 2020 წლის 3 თებერვალს მიიღო №ს/რ-115-13 რევიზიის აქტი, რომლის თანახმად, საქართველოს მთავრობის №36 (21.02.2013წ) დადგენილების „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ №1 დანართის მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის გათვალისწინებით (იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელმა პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებაზე უარი განუცხადა პროგრამის მოსარგებლეს, ან მომსახურება გაუწია დაგვიანებით (მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გარდა), ან არასრულად, ან არაჯეროვნად, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას გასაწევი/გაწეული მომსახურებისთვის განმახორციელებლის მიერ პროგრამით ასანაზღაურებელი/ანაზღაურებული თანხის ღირებულების სამმაგი ოდენობის სახით), დაწესებულებას დაეკისრა ჯარიმა ასანაზღაურებელი/ანაზღაურებული თანხის (10 310. 40 ლარი) სამმაგი ოდენობით (სულ 30 931.2 ლარი); დ) სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2020 წლის 3 თებერვლის №ს/რ-115-13 რევიზიის აქტი ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა შპს „...ის“ წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა რევიზიის აქტის ბათილად ცნობა და სამედიცინო დაწესებულების მიმართ დაკისრებული თანხების გადახდის ვალდებულების გაუქმება; ე) სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2020 წლის 9 ივნისის №02/6538 გადაწყვეტილებით შპს „...ის“ ადმინისტრაციული საჩივარი, არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატის განმარტებით, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილება დეტალურად და იმპერატიულად ადგენს სააგენტოს მიერ რევიზიის დაწყების წინაპირობებს. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს სადავოდ ქცეული, 2020 წლის 3 თებერვლის №ს/რ-115-13 რევიზიის აქტის თანახმად, შპს „...ში“ რევიზია დაწყებულ იქნა ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 8 აგვისტოს №04-14/5834 წერილის საფუძველზე, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმეში არ არის წარმოდგენილი მითითებული წერილი, შესაბამისად, ვერ დგინდება, თუ რა იყო მითითებული ამ წერილში, რითი იყო ახსნილი და რატომ იქნა მიჩნეული მიზანშეწონილად შპს „...ში“ რევიზიის ჩატარება.

პალატის მითითებით, გასაჩივრებული აქტები შინაარსობრივად სრულად ეყრდნობა სსიპ ... უნივერსიტეტის სამედიცინო დოკუმენტაციის რეცენზიას, რომელსაც ხელს აწერს მხოლოდ ერთი პირი, კლინიკა „...ის“ ანესთეზიისა და რეანიმაციის განყოფილების ... - გ. ა-ა. ამდენად, უდავოა, რომ დასკვნა პაციენტ ი. ს-ის მკურნალობის პროცესში ინფექციონისტის ჩართვის მიზანშეწონილობის შესახებ, წარმოადგენს მხოლოდ ექიმ გ. ა-ას პირად მოსაზრებას. იმის გათვალისწინებით, რომ სადავო საკითხი მიეკუთვნება მედიცინის სფეროს და მის შესაფასებლად საჭიროა სპეციალური ცოდნა, აქტის დასაბუთებად საკმარისი არ არის მხოლოდ ექიმ გ. ა-ას მოსაზრების გაზიარება. ადმინისტრაციულ ორგანოს წერილობით დასაბუთებაში უნდა მიეთითებინა იმ გარემოებებზე, თუ რით იქნა გამყარებული გ. ა-ას დასკვნა და რა არგუმენტების მოშველიებით იქნა გამორიცხული საწინააღმდეგო პოზიციის მტკიცების შესაძლებლობა. მხოლოდ და მხოლოდ „...ის“ ანესთეზიისა და რეანიმაციის განყოფილების ...ის, გ. ა-ას მოსაზრება არ ქმნიდა საკმარის საფუძველს და არ ანიჭებდა ადმინისტრაციულ ორგანოს უფლებამოსილებას, ემსჯელა და მიეღო სადავო გადაწყვეტილება მოსარჩელისთვის საჯარიმო სანქციის დაკისრების შესახებ.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 53-ე მუხლის პირველ და მე-5 ნაწილებზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე მითითებით პალატამ აღნიშნა, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2020 წლის 3 თებერვლის №ს/რ-115-13 რევიზიის აქტი და 2020 წლის 9 ივნისის №02/6538 გადაწყვეტილება გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საკასაციო საჩივრის თანახმად, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, რომელიც სწავლობს პაციენტთათვის გაწეულ სამედიცინო დახმარების ხარისხს, ხელშეკრულება აქვს დადებული სსიპ ... უნივერსიტეტთან, რომელსაც სამედიცინო დახმარების ხარისხის შესაფასებლად ეგზავნება პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაცია, შესაბამისი მასალა (პრეპარატი, კტ. კვლევები და ა.შ.), ექიმთა ახსნა-განმარტებები და მასში გამოთქმული შენიშვნების საფუძველზე, შესაბამისი დარგის ექიმ-სპეციალისტთა ჩართულობით, კეთდება დასკვნა (რეცენზია). აღნიშნული ექსპერტები (რეცენზენტები) თავისი საქმიანობის ფარგლებში ხელმძღვანელობენ ქვეყანაში აღიარებული გაიდლაინით, პროტოკოლებით, არიან დამოუკიდებელნი, ობიექტურნი და ყოველგვარი სუბიექტური შეხედულების გარეშე იძლევიან შესაბამის დასკვნას.

განსახილველ შემთხვევაში, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფროსის (№02-549/მ 21.09.2018წ.) ბრძანებისა და ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის წერილის (№04-14/5834 08.08.2018წ.) საფუძველზე, შესწავლილ იქნა შპს „...ში“ პაციენტ ი. ს-ისათვის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული სამედიცინო დახმარების საკითხი.

რეცენზეტთა დასკვნის თანახმად, ,,იმის გათვალისწინებით, რომ პაციენტის მდგომარეობა, კონკრეტულად კი, ფილტვების ვენტილაციური ფუნქცია, ასევე ფილტვების რენტგენოლოგიური და აუსკულტაციური მონაცემები, მიმდინარე ანტიბიოტიკოთერაპიის ფონზე არ უმჯობესდებოდა, მიზანშეწონილი იქნებოდა მკურნალობაში ინფექციონისტის ჩართვა’’. ამდენად, რეცენზიის დასკვნაში ერთმნიშვნელოვნად არის მითითებული, რა არგუმენტებზე დაყრდნობით არის დასკვნა გამოტანილი, კერძოდ: „პაციენტის მდგომარეობა, კონკრეტულად კი ფილტვების ვენტილაციური ფუნქცია, ასევე ფილტვების რენტგენოლოგიური და აუსკულტაციური მონაცემები, მიმდინარე ანტიბიოტიკოთერაპიის ფონზე არ უმჯობესდებოდა“. აღნიშნული ცალსახად მიუთითებს, რომ რეცენზენტს შესწავლილი აქვს როგორც რენტგენოლოგიური დასკვნა, ასევე პაციენტის ობიექტური მდგომარეობის ამსახველი მონაცემები და დასკვნა ინფექციონისტის ჩართვის მიზანშეწონილობაზე მოცემულ მონაცემებზე დაყრდნობით გამოიტანა. შესაბამისად, სწორედ აღნიშნული დასკვნის საფუძველზე იქნა მიღებული სადავოდ გამხდარი 03.02.20წ №ს/რ-115-13 რევიზიის აქტი, რომლის საწინააღმდეგო დასკვნა მოწინააღმდეგე მხარის მიერ საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ იქნა წარმოდგენილი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შესწავლილი მასალებითა და რეცენზიის დასკვნით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ რეგულირების სააგენტოს დისკრეციულ უფლებას წარმოადგენს სამედიცინო მომსახურების არასრულად/არაჯეროვნად მიჩნევა, დადგინდა, რომ შპს „...ში“ პაციენტ ი. ს-ისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურება უნდა ჩაითვალოს არასრულად/არაჯეროვნად.

ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილების მიღებისას სრულად დაიცვა კანონით დადგენილი ვადები. მხარეს არ შეუზღუდა მისთვის მინიჭებული უფლებები, ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ ყველა სადავო გარემოებაზე გასცა ადეკვატური, დასაბუთებული პასუხი, განმარტა მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლები და შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები. სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილების მიღებისას რეგულირების სააგენტომ იხელმძღვანელა წარმოდგენილი რეცენზიის დასკვნით და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულად ქმნიდა საფუძველს შპს „...ში“ პაციენტ ი. ს-ისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურება ჩათვლილიყო არასრულად/არაჯეროვნად. აღნიშნულის საწინააღმდეგო დასკვნა ან თუნდაც მოსაზრება ადმინისტრაციული აქტის შედგენისა და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ეტაპზე წარმოდგენილი არ ყოფილა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივნისის განჩინებით სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები), ხოლო ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები (საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) წარმოადგინა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2020 წლის 3 თებერვლის №ს/რ-115-13 რევიზიის აქტისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2020 წლის 9 ივნისის №02/6538 გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება.

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“-„გ“ და „კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპებია: ა) მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების საყოველთაო და თანაბარი ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს ნაკისრი სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებით გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში; ბ) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა, პაციენტის პატივის, ღირსებისა და მისი ავტონომიის აღიარება; გ) ექიმისა და სხვა სამედიცინო პერსონალის დამოუკიდებლობა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში; კ) პირველადი ჯანმრთელობის დაცვის, მათ შორის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პრიორიტეტულობა, მათში სახელმწიფო და კერძო სექტორების მონაწილეობა, საოჯახო მედიცინისა და ოჯახის ექიმის ინსტიტუტის განვითარება და მასზე დაფუძნებული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქესა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვთ, ისარგებლონ დადგენილი წესით დამტკიცებული ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სამედიცინო დახმარებით, რასაც განახორციელებს სათანადო სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტი, განურჩევლად საკუთრებისა და სამართლებრივი ფორმისა.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36-ე დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირველი მუხლის თანახმად, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია: ა) საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ) ამ დადგენილების 21 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.

ამავე პროგრამის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1.3-ის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეები არიან 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები. ასევე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისა;

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-19 მუხლის (საჯარიმო სანქციები) მე-9 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელმა პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებაზე უარი განუცხადა პროგრამის მოსარგებლეს, ან მომსახურება გაუწია დაგვიანებით (მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გარდა), ან არასრულად, ან არაჯეროვნად, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას გასაწევი/გაწეული მომსახურებისთვის განმახორციელებლის მიერ პროგრამით ასანაზღაურებელი/ანაზღაურებული თანხის ღირებულების სამმაგი ოდენობის სახით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში შესაფასებელ გარემოებას, მოსარჩელის მიერ პაციენტისთვის გაწეული მომსახურების არასრულად/არაჯეროვნად მიჩნევისა და მისთვის ჯარიმის დაკისრების საფუძვლიანობა წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: ა) სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათის (№1/54/37) მიხედვით, პაციენტი - ი. ს-ი (5 წლის) 15.01.18წ 18:30 სთ-ზე ჰოსპიტალიზირებულ იქნა შპს „...ში“, დიაგნოზით: „სუნთქვის მწვავე უკმარისობა“. სამედიცინო ბარათში ექიმ გ. ა-ის (სახ. სერტიფიკატი „ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგია“) ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ პაციენტს დაავადება დაეწყო სამი დღის წინ, ერთეული ხველით, ჭირვეულობით, აღარ იღებდა საკვებსა და სითხეს. ხველა გახდა ინტენსიური, გაძნელდა სუნთქვა, გამოიხატა ქოშინი, დაერთო ციანოზი, ცხელებამ იმატა 39.6°C. ანტიპირეტული საშუალების ფონზე პაციენტი მივარდა, გახდა ადინამიური, აჭრელდა, რის გამოც მოყვანილ იქნა კლინიკაში. პაციენტის ზოგადი მდგომარეობა კლინიკაში შესვლისას იყო უკიდურესად მძიმე, რაც განპირობებული იყო სუნთქვის მძიმე უკმარისობით. პაციენტს აღენიშნებოდა ერთეული სუნთქვა R-4-7), ნევროლოგიურად ცნობიერება იყო შეცვლილი, დიფუზური ციანოზი, მარმარილოსებრი სიჭრელე, შენებით ცივი, ცნობიერება შეცვლილი. Cor-ტონები მკვეთრად მოყრუებული. ანამნეზს ამძიმებდა ბავშვთა ცერებრული დამბლა ფსიქომოტორული განვითარების შეფერხებით. Cor-ტონები მკვეთრად მოყრუებული. Pulmo - აუსკულტაციით ორმხრივ მკვეთრად შესუსტებული სუნთქვის ფონზე ორივე ზედაპირზე კრეპიტიული ხიხინი, ზემო წილებში მსტვინავი ხინინი. ჩატარდა ზედა სასუნთქი გზების სანაცია. დაწყებულ იქნა ვენტილაცია ამბუს თვითშლადი ტომრით. გამოხატული ჰიპოგლიკემიის გამო, ინტრავენურად შეყვანილ იქნა გლუკოზა. პაციენტი მოთავსდა რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტში, დიაგნოზით: „სუნთქვის მწვავე უკმარისობა“. მკურნალობაში ჩაერთო დოფამინი. დაინიშნა და ჩატარდა შემდეგი კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები: სისხლის საერთო ანალიზი, სისხლის ბიოქიმიური ანალიზი (CRP, Creatinini, ALT, AST, E-Stat, HCV), გულმკერდის რენტგენოგრაფია. რენტგენოგრამაზე გამოვლინდა ინფილტრაციული ცვლილებები, რის გამოც დაწყებულ იქნა ანტიბიოტიკოთერაპია. 16.01.18წ.-17.01.18წ. პაციენტის ზოგადი მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე. გრძელდებოდა ოქსიგენო და აეროზოლო თერაპია, მოცულობითი მხარდაჭერა კრისტალოიდური ხსნარებით. მიეწოდებოდა ჟანგბადი სველი წესით. მიმდინარეობდა ვიტალური პარამეტრების მუდმივი კონტროლი. ჩატარდა ერით.მასის ტრანსფუზია, დინამიკაში დასტაბილურდა ჰემოგლობინ-ჰემატოკრიტის მაჩვენებლები, შემცირდა კრეატინინი. 18.01.18წ. პაციენტის მდგომარეობა დინამიკაში გაუარესდა. მოიმატა სუნთქვის მწვავე უკმარისობის ნიშნებმა, ჩატარებული რენტგენოლოგიური დასკვნის მიხედით: მარჯვნივ პრეჰილარულად გამოისახა ინფილტრაციული ცვლილებები, მარცხნივ ჰილუსი გაფართოებული და ინფილტრირებული, ჰიპოვენტილირებული უბანი ჰომოგენური დაჩრდილვის ხარჯზე, სინუსები თავისუფალი. პირის ღრუდან ჰემორაგიული ხასიათის გამონაჟონის ინტენსივობამ დინამიკაში იმატა. ასევე, ჰემორაგიული გამონაჟონი დაფიქსირდა ცენტრალური ვენის კათეტერის ირგვლივ. შეიცვალა ანტიბიოტიკოთერაპია (მეროპენემი+ვანკომიცინი) გამოვლენილი მკვეთრი კოაგულაციური დარღვევების გამო განხორციელდა აგპ ტრანსფუზია. სუნთქვის უკმარისობის გაღრმავებისა და ზოგადი კლინიკური მონაცემების გათვალისწინებით პაციენტი გადაყვანილ იქნა ფ.ხ.ვ-ზე (21:00სთ). თრომბოციტოპენიის გამო ჩატარდა თრომბომასის ტრანსფუზია. მდგომარეობა რჩებოდა მძიმე. 19.01.18წ.-11.02.18წ. პაციენტის მდგომარეობა იყო მძიმე. მიუხედავად მკურნალობისა, რენტგენოლოგიური და აუსკულტაციური მონაცემები მნიშვნელოვანი გაუმჯობესების გარეშე. კრიტიკული ანემიის გამო მიმდინარეობდა ერით.მასისი ტრანსფუზია, ჩატარდა ნახველის და ცენტრალური ვენის კათეტერის ბაქტერიოლოგიური კვლევა. ბაქტერიული კულტურის ზრდა არ აღინიშნა. პაციენტის ზოგადი მდგომარეობა იყო პროგნოზულად არაკეთილსაიმედო. პერიოდულად ხორციელდებოდა ტრაქეობრონქული ხის სანაცია, საიდანაც მიიღებოდა სისხლის შემცველი უხვი რაოდენობის სეკრეტი. Cor-ტონები მოყრუებული, რითმული. Pulmo - აუსკულტაციით ორმხრივ მკვეთრად შესუსტებული სუნთქვის ფონზე დიფუზურად სხვადასხვა კალიბრის სველი ხიხინი. 03.02.18წ ჩატარებული რენტგენოლოგიური კვლევაში გამოიხატა გაძლიერებული სისხლძარღვოვანი სურათი, მარჯვნივ პრეჰილარულად გამოისახა ინფილტრაციული ცვლილებები, მარცხნივ შუა ველში - კარდიალურად არაჰომოგენური დაჩრდილვა, ჰილუსები მცირედ უსტრუქტურო, გაძლიერებული, მარჯვნივ სინუსი არ ნათდებოდა სრულად. 09.02.18 პაციენტის მდგომარეობა დინამიკაში გაუარესდა. 09.02.18წ ჩატარებული რენტგენოგრამა მკვეთრი ცვლილებების გარეშე. ჰემოდინამიკის სტაბილიზაციის მიზნით უგრძელდებოდა ინოტროპული მხარდაჭერა. სისხლის საერთო ანალიზში გამოვლინდა ღრმა ლეიკოპენია, ანემია, თრომბოციტოპენია, CRP-265.5. 12.02.18წ. ჩატარებულ რენტგენოგრამაზე გამოვლინდა მარცხენა ფილტვის ველებში სრული ჰომოგენური დაჩრდილვა, ხოლო მარცხნივ ფილტვის ველში - სრული არაჰომოგენური დაჩრდილვა, სინუსები არ ნათდებოდა. მდგომარეობა შეფასდა სეპტიცემიად, მკურნალობაში შეტანილ იქნა ცვლილებები. ჰემოდინამიკის სტაბილიზაცია იყო გაძნელებული, საჭიროებდა მასიურ ინფუზიურ თერაპიას. ნევროლოგიური სტატუსი იყო უცვლელი. 13.02.18წ. 09:15 სთ-ზე პაციენტს აღენიშნა მყარი ჰიპოტენზია, ტენდეცია ბრადიკარდიისკენ, რასაც მოჰყვა გულის გაჩერება. საინტუბაციო მილიდან აღინიშნა ვარდისფერი, ქაფიანი ნახველი, უხვი რაოდენობით, დაწყებული გულ-ფილტვის რეანიმაციის მიუხედავად, 10:00 სთ-ზე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. დასკვნითი დიაგნოზი: „სუნთქვის მწვავე უკმარისობა, პნევმონია დაუზუსტებელი, ბავშვთა ცერებრული დამბლა, მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი, ანემია დაუზუსტებელი, კოაგულაციური დეფექტი დაუზუსტებელი, თრომბოციტოპენია დაუზუსტებელი, სეპტიცემია დაუზუსტებელი“ (ს.ფ. 32-35); ბ) პაციენტ ი. ს-ის სამედიცინო დოკუმენტაცია სარეცენზიოდ (ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია) გადაეგზავნა სსიპ „... უნივერსიტეტს“. სამედიცინო დოკუმენტაციის რეცენზიის დასკვნის მიხედვით: „იმის გათვალისწინებით, რომ პაციენტის მდგომარეობა, კონკრეტულად კი ფილტვების ვენტილაციური ფუნქცია, ასევე ფილტვების რენტგენოლოგიური და აუსკულტაციური მონაცემები, მიმდინარე ანტიბიოტიკოთერაპიის ფონზე არ უმჯობესდებოდა, მიზანშეწონილი იქნებოდა მკურნალობაში ინფექციონისტის ჩართვა“ (ს.ფ. 67-68); გ) სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2020 წლის 3 თებერვლის №ს/რ-115-13 რევიზიის აქტით დაწესებულებას დაეკისრა ჯარიმა ასანაზღაურებელი/ანაზღაურებული თანხის (10 310.40 ლარი) სამმაგი ოდენობით (სულ 30 931.2 ლარი) (ს.ფ. 32-35); დ) სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2020 წლის 3 თებერვლის №ს/რ-115-13 რევიზიის აქტი ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა შპს „...მა“, რომელმაც მოითხოვა რევიზიის აქტის ბათილად ცნობა და სამედიცინო დაწესებულების მიმართ დაკისრებული თანხების გადახდის ვალდებულების გაუქმება (ს.ფ. 19-21); ე) სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2020 წლის 9 ივნისის №02/6538 გადაწყვეტილებით შპს „...ის“ ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 58-61).

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36-ე დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი) მე-16 მუხლის თანახმად, რევიზიას ახორციელებს რეგულირების სააგენტო გეგმური და არაგეგმური ფორმით (1); რევიზია ითვალისწინებს მიმწოდებელ დაწესებულებაში პროგრამული შემთხვევის სამედიცინო დოკუმენტაციის შემოწმებას. რევიზია წარმოებს შერჩევითად ან/და საჭიროებისამებრ. რევიზიის შერჩევითი პრინციპით განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება რეგულირების სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სამინისტროსთან შეთანხმებით. რეგულირების სააგენტოს სარევიზიო ჯგუფი მიმწოდებლისგან ითხოვს საჭირო დოკუმენტაციას და ახორციელებს მის დეტალურ შემოწმებას. რევიზიისთვის საჭირო ინფორმაციას ასევე ითხოვს პროგრამის განმახორციელებლისგანაც. მიმწოდებელი დაწესებულება და პროგრამის განმახორციელებელი ვალდებულია, სარევიზიო ჯგუფს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ყველა საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია და მათი დამოწმებული ქსეროასლები (რევიზიის განმახორციელებლის მოთხოვნის შესაბამისად) (2); რევიზიისას შესაძლებელია, გამოყენებული იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციები (გაიდლაინები) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტები (პროტოკოლები) (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და რეცენზენტთა დასკვნები (5).

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, სამედიცინო დოკუმენტაციითა და სარეცენზიო დასკვნის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რეგულირების სააგენტოს მიერ საკითხის შესწავლა განხორციელდა სამედიცინო დოკუმენტაციისა და რეცენზენტთა დასკვნის ურთიერთშეჯერებით. რეცენზენტთა დასკვნის თანახმად, „იმის გათვალისწინებით, რომ პაციენტის მდგომარეობა, კონკრეტულად კი ფილტვების ვენტილაციური ფუნქცია, ასევე ფილტვების რენტგენოლოგიური და აუსკულტაციური მონაცემები, მიმდინარე ანტიბიოტიკოთერაპიის ფონზე არ უმჯობესდებოდა, მიზანშეწონილი იქნებოდა მკურნალობაში ინფექციონისტის ჩართვა“, რაც არ განხორციელებულა მოსარჩელე სამედიცინო დაწესებულების მიერ.

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად, მცირეწლოვანი ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის არმქონე პაციენტისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის აუცილებლობისას ან მისი სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის დროს სამედიცინო ჩარევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ პაციენტის ინტერესების გათვალისწინებით. პაციენტის ინტერესები არის ასევე უპირატესად გასათვალისწინებელი „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონშიც, ასევე საერთაშორისო სამართლის რიგ უმნიშვნელოვანეს წყაროებში/აქტებში (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მარტის №ბს-1526(კ-18) განჩინება). ასევე ამავე კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამედიცინო საქმიანობის აღსრულებისას ჯანმრთელობის დაცვის პერსონალმა უნდა იხელმძღვანელოს ეთიკური ფასეულობებით – ადამიანის პატივისა და ღირსების აღიარების, სამართლიანობის, თანაგრძნობის პრინციპებით, აგრეთვე პროფესიული ეთიკის შემდეგი ნორმებით: ა) იმოქმედოს მხოლოდ პაციენტის ინტერესების შესაბამისად; ბ) არ გამოიყენოს თავისი პროფესიული ცოდნა და გამოცდილება ჰუმანიზმის პრინციპების საწინააღმდეგოდ; გ) პაციენტის ინტერესებთან დაკავშირებული პროფესიული გადაწყვეტილებების მიღებისას იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი, არ იმოქმედოს ანგარებით; დ) იზრუნოს პროფესიული საქმიანობის პრესტიჟის ამაღლებაზე, პატივისცემით მოეპყრას კოლეგებს.

ამასთან, ევროპის სოციალური ქარტიის მე-11 მუხლის თანახმად, ჯანმრთელობის დაცვაზე უფლების ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ უშუალოდ ან საჯარო ან კერძო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, მიიღონ ზომები, რომლებიც, კერძოდ, მიზნად ისახავენ: ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზების მაქსიმალურად აღმოფხვრას; ჯანმრთელობის განმტკიცებისა და ჯანმრთელობის საკითხებში ინდივიდუალური პასუხისმგებლობის წახალისებისათვის საკონსულტაციო და საგანმანათლებლო საშუალებების უზრუნველყოფას; შეძლებისდაგვარად ეპიდემიურ, ენდემურ და სხვა დაავადებათა, ისევე როგორც, უბედურ შემთხვევათა აღკვეთას.

ამდენად, ბავშვების ჯანმრთელობის დაცვის აღმატებული ინტერესის შესაბამისად მოქმედებისა და მისთვის უმაღლესი სტანდარტის ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების გაწევის საჭიროების საპირწონედ, მოსარჩელე მხარეს - გაწეული სამედიცინო მომსახურების საფუძვლიანობისა და უალტერნატივობის შესახებ სათანადო დასაბუთება საქმის არც ადმინისტრაციულ ორგანოში და არც სასამართლოში სამართალწარმოებისას წარმოუდგენია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც სამედიცინო დაწესებულებამ ავადმყოფობის მიმდინარეობის გათვალისწინებით მკურნალობის პროცესში არ ჩართო ინფექციონისტი, სახეზეა არასრული/არაჯეროვანი შესრულება. აღნიშნულის გათვალისწინებით არ არსებობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული, სადავო აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც უნდა დაკმაყოფილდეს სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აქტის მომზადებისა და გამოცემის წესის აშკარა დარღვევად ჩაითვლება შემთხვევა, როდესაც ასეთი დარღვევის არ არსებობის პირობებში განსახილველ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება აცნობოს დაინტერესებულ მხარეს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, პირველ რიგში განპირობებულია იმ გარემოებით, რომ წარმოების დაწყების პირველ სტადიაზე უცნობია საბოლოო შედეგის შესახებ და ვინაიდან ამ შედეგით შესაძლოა გაუარესდეს დაინტერესებული პირის სამართლებრივი მდგომარეობა, მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში და დაიცვას თავისი უფლება უკანონო ხელყოფისაგან. მისმა მონაწილეობამ შესაძლოა გავლენა იქონიოს შედეგზე და მიღებული იქნას განსხვავებული გადაწყვეტილება, ვიდრე ეს მიღებული იქნებოდა მისი დასწრების გარეშე.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ შპს „...ს“ ჰქონდა შესაძლებლობა წარედგინა საკუთარი მოსაზრებები სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირებიის სააგენტოს მიერ რევიზიის აქტის გამოცემისას, თუმცა, ამავე დროს საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე მონაწილეობას იღებდა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაში (ს.ფ. 63-65). ამასთან, ცხადია მოსარჩელის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობა (რევიზიის აქტის გამოცემის დროს) გავლენას ვერ იქონიებდა საბოლოო შედეგზე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზე არ არის კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლებისა და იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს - შპს „...ის“ უნდა დაეკისროს სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში საქმის განხილვისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1696,56 (150+1546,56) ლარის (ს.ფ. 161, 214, 224) ანაზღაურება. ამასთან, მოსარჩელის - შპს „...ის“ მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი (ს.ფ. 25) უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე, 411-ე, 53.1 მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. შპს „...ის“ მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
5. შპს „...ს“ (ს/კ ...) დაეკისროს სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში საქმის განხილვისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1696,56 (150+1546,56) (ათას ექვსას ოთხმოცდათექვსმეტი ლარი და ორმოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის ანაზღაურება;
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე გ. მაკარიძე


მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე


ქ. ცინცაძე