Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-851(კ-22) 7 ივნისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ.ფ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სპეციალური პენიტენციური სამსახური).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ.ფ-ემ 2019 წლის 28 ივნისს სარჩელით მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ სპეციალური პენიტენციური სამსახურის დირექტორის 2019 წლის 29 მაისის №3609 ბრძანების ბათილად ცნობისა და მსჯავრდებული მ.ფ-ის №... სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნების მოპასუხისთვის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ.ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინებით მ.ფ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდ, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება, მ.ფ-ე გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 29 მაისის №3609 ბრძანების შესაბამისობის დადგენა კანონმდებლობასთან. აღნიშნული აქტით სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს მსჯავრდებულის რისკების შეფასების გუნდის 2019 წლის 28 მაისის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი სხდომის ოქმის საფუძველზე, მსჯავრდებულ მ.ფ-ეს სასჯელის მოსახდელად განესაზღვრა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება და №... პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანილი იქნა №... პენიტენციურ დაწესებულებაში.
პატიმრობის კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებია: გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება; ქალთა სპეციალური დაწესებულება. ამავე კოდექსის მე-12 მუხლი ადგენს, რომ დახურული ტიპის დაწესებულება არის განსაკუთრებულად დაცული, როგორც შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, ისე სასიგნალიზაციო სისტემით აღჭურვილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება, რომელშიც უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა. დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულები განთავსებული არიან სპეციალურ საკნებში, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი ამ კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად. ხოლო 121 მუხლი კი ადგენს, რომ განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არის განსაკუთრებულად დაცული, შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება, რომელშიც მიღებულია უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები და უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულები განთავსებული არიან სპეციალურ საკნებში, სადაც მათზე მუდმივად ხორციელდება ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი. აუდიოსაშუალებებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელება დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
პატიმრობის კოდექსის 46-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, მსჯავრდებული სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მსჯავრდებულისთვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს სამსახურის გენერალური დირექტორი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებული სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება გადაყვანილ იქნეს სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში შემდეგ შემთხვევებში: მსჯავრდებულის საშიშროების რისკის გათვალისწინებით ან მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მოსამზადებლად; პენიტენციური დაწესებულების დებულების სისტემატური დარღვევისას; მსჯავრდებულისა და სხვა პირთა უსაფრთხოების ან პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; მსჯავრდებულის ავადმყოფობისას; პენიტენციური დაწესებულების რეორგანიზაციისას; პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციისას; პენიტენციური დაწესებულების გადატვირთულობისას; ამ კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1911 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, თუ მოსამართლის განჩინებით სამსახურის გენერალურ დირექტორს დაევალება შესაბამისი მსჯავრდებულის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელი განსაკუთრებული ზომების მიღება და ამ ღონისძიების გამოყენება აუცილებელია მსჯავრდებულის უსაფრთხოებისათვის; მსჯავრდებულის თანხმობის არსებობისას; სხვა მნიშვნელოვანი, დასაბუთებული გარემოების არსებობისას. ამავე მუხლის 41 ნაწილით კი დადგენილია, რომ მსჯავრდებულის რისკის შეფასებასა და პერიოდულ გადაფასებას უზრუნველყოფს რისკის შეფასების გუნდი. მსჯავრდებულის რისკის სახეები, რისკის შეფასების კრიტერიუმები, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესი, მსჯავრდებულის სხვა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესი და პირობები, აგრეთვე გუნდის საქმიანობის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
ამავე კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილლის მიხედვით, დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, როგორც წესი, სასჯელს იხდის: პირი, რომელიც პირველად არის მსჯავრდებული განზრახი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, სასამართლოს მიერ განესაზღვრა 10 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა; განზრახი დანაშაულისათვის არაერთგზის ნასამართლევი პირი, უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირი და ადრე ნასამართლევი პირი, რომლებსაც სასჯელის სახით განსაზღვრული ჰქონდათ თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე მსჯავრდებული, რომელიც ამ კოდექსით დადგენილი წესით გადმოყვანილია სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან. ხოლო 662 მუხლის თანახმად, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოსახდელად თავსდება საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებული, რომლის პიროვნული თვისებები, კრიმინალური ავტორიტეტი, დანაშაულის ჩადენის მოტივი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი ან/და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ან შეიძლება შეუქმნას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას ან გარშემომყოფთ, აგრეთვე საზოგადოების, სახელმწიფოს ან/და სამართალდამცველი ორგანოების უსაფრთხოებას.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის №395 ბრძანებით დამტკიცებული „მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის, გადაყვანის პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის“ მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასების პროცესი იწყება მსჯავრდებულის შესახებ ინფორმაციის დამუშავებით, რომლისთვისაც დაწესებულების დირექტორი ქმნის მონაცემთა პირველადი დამუშავების ჯგუფს და ადგენს იმ მსჯავრდებულთა სიას, რომელთა მონაცემებიც უნდა დაამუშაოს ჯგუფმა. ერთმა ჯგუფმა შეიძლება დაამუშაოს არაუმეტეს 700 მსჯავრდებულის მონაცემები. იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული ჩართულია სასჯელის მოხდის ინდივიდუალურ დაგეგმვაში, ჯგუფი ვალდებულია, მოცემული მსჯავრდებულის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვოს სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის შესაბამისი მულტიდისციპლინური გუნდისაგან, რომელიც ჯგუფს ინფორმაციას აწვდის დანართი №1-ის შესაბამისად.

აღნიშნული წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, გუნდი დამოუკიდებლად, მულტიდისციპლინური მიდგომის საფუძველზე ახორციელებს მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასებას და მისი რისკის სახის დადგენას. გუნდის წევრი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს სათანადო განათლება და პროფესიული გამოცდილება, აგრეთვე საქმიანი და მორალური თვისებები და შეუძლია შეასრულოს გუნდის წევრის ფუნქციები. ამავე წესის მე-12 მუხლის მიხედვით, დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველო, ამ წესის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად მიღებული მსჯავრდებულთა სიის დამუშავების მიზნით, სიის მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, დაწესებულებიდან მოპოვებული და დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარ სამმართველოში არსებული ინფორმაციის მიხედვით ავსებს დანართი №2-ით დადგენილ ფორმას და დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის ხელმოწერით უგზავნის გუნდს. დანართი №2-ით დადგენილ ფორმაში ისეთი ინფორმაციის შეტანისას, რომელიც მოპოვებულია „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ან წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას, ფორმა დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის ხელმოწერით გუნდს ეგზავნება საიდუმლო საქმისწარმოებისათვის დადგენილი წესების შესაბამისად. მსჯავრდებულ(ებ)ის შესახებ დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოდან მიღებული მასალები დაუყოვნებლივ გადაეცემა გუნდის წევრებს.
წესის მე-13 მუხლი არეგულირებს გუნდის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესს, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, გუნდი სხდომაზე განიხილავს დირექტორისა და დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის მიერ გაგზავნილ მასალებს და მსჯავრდებულის შესახებ დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის მიერ გაგზავნილი მასალების მიღებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში, იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის საშიშროების რისკის დადგენის თაობაზე. გადაწყვეტილება, როგორც წესი, მიიღება ზეპირი მოსმენის გარეშე. თუ გუნდი ჩათვლის, რომ მსჯავრდებულისათვის საშიშროების მომეტებული ან მაღალი რისკის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროა უშუალოდ მსჯავრდებულისაგან დამატებითი ინფორმაციის მიღება, იგი უფლებამოსილია, მსჯავრდებულს მოუსმინოს საკუთარი ინიციატივით.
ამავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, სხდომის ოქმი, რომელშიც ასახულია გუნდის გადაწყვეტილება და ამ წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიღებული ინფორმაცია, წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას და მისი გაცნობა შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ხოლო მე-11 პუნქტის მიხედვით, გუნდის სხდომის ოქმი, რომელშიც გუნდის გადაწყვეტილებაა ასახული, ეგზავნება სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტს, რომელიც უზრუნველყოფს მის აღრიცხვასა და სისტემატიზაციას ელექტრონული სახით.
სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა აღნიშნული წესის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვით, მსჯავრდებულის საშიშროების რისკის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დაწესებულების, გარშემომყოფთა, საზოგადოების, სახელმწიფოს ან/და სამართალდამცველი ორგანოების უსაფრთხოებისათვის მსჯავრდებულისგან მომდინარე საშიშროება, რომელიც განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე: მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები; ჩადენილი დანაშაულის კატეგორია და დანაშაულის ჩადენის მოტივი; დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი; დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა; მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი იმგვარი ქმედება, რომელიც იწვევს/გამოიწვევს დაპირისპირებას მსჯავრდებულთა მასასთან და საფრთხეს უქმნის/შეუქმნის მსჯავრდებულის/სხვა მსჯავრდებულების სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას ან პენიტენციური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას; დაწესებულების წარმომადგენლებთან და სხვა მსჯავრდებულებთან დამოკიდებულება, მათზე უარყოფითი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა; დაწესებულების დებულებითა და დღის განრიგით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება; ალკოჰოლის, აზარტული თამაშების, ნარკოტიკული, ახალი ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერებების მიმართ დამოკიდებულება; მსჯავრდებულის მიერ წარსულში, ასევე დაწესებულებაში დანაშაულის ჩადენის ფაქტები; დარჩენილი სასჯელის ხანგრძლივობა; დაწესებულებიდან გაქცევის ან გაქცევის მცდელობის ფაქტები; წარსულში დაწესებულებაში სასჯელის მოხდის შემთხვევები; მსჯავრდებულის ასაკი; ქურდულ სამყაროსთან/ტერორიზმთან დამოკიდებულება; დაწესებულებაში არსებულ სარეაბილიტაციო/რესოციალიზაციის პროგრამებში ჩართულობა; ისეთი თვითდაზიანების მიყენების/მცდელობის ფაქტები, რომლითაც საფრთხე ექმნება ან შეიძლება შეექმნას დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას; წახალისების/დისციპლინური სახდელის/დისციპლინური პატიმრობის გამოყენების ფაქტი.
პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ მსჯავრდებულის საშიშროების რისკის დადგენა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. საშიშროების რისკის დადგენის შესახებ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება ეფუძნება მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასების გუნდის მიერ სადავო საკითხის, ობიექტურ თუ სუბიექტურ გარემოებათა კვალიფიციურ დადგენა/შეფასებას. ამგვარი უფლებამოსილება მოპასუხეს ანიჭებს თავისუფლებას კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
განსახილველ შემთხვევაში, მსჯავრდებულის რისკების შეფასების გუნდმა სხდომაზე განიხილა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია მსჯავრდებულ მ.ფ-ის შესახებ. გუნდმა გადაწყვეტილების მიღებისას შეაფასა ზემოთ მითითებული მუხლით დადგენილი მსჯავრდებულის საშიშროების რისკის განმსაზღვრელი კრიტერიუმები, მიუთითა, რომ მსჯავრდებული მ.ფ-ე არ არის წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტის მქონე; მიმდინარე სასჯელის მოხდის პერიოდში წახალისებული არ ყოფილა, დასჯილია 13-ჯერ; მსჯავრდებულ მ.ფ-ეს საშიშროების მომეტებული რისკი განესაზღვრა 2017 წლის 15 ნოემბერს, მომეტებული რისკი განსაზღვრის შემდეგ მსჯავრდებულის ქცევა შეიცვალა უარესობისკენ, რისკის განსაზღვრის შემდეგ მსჯავრდებულ მ.ფ-ის მიმართ დისციპლინური ღონისძიება გამოყენებული იქნა 10-ჯერ. მსჯავრდებული მ.ფ-ე მიდრეკილია თვითდაზიანებისკენ. 2017 წლის 26 ოქტომბერს, №... დაწესებულების №... სარეჟიმო კორპუსზე განთავსებულმა მ.ფ-ემ ითხოვა ექიმის დახმარება, რა დროსაც მსჯავრდებულს აღენიშნებოდა სხეულზე დაზიანება, კერძოდ, მარჯვენა ლოყაზე ნაკაწრები, რაც, მისივე განმარტებით, მიიღო შემთხვევით წვერის პარსვის დროს. მსჯავრდებულ მ.ფ-ეს არ აქვს პროგრამებში მონაწილეობის სურვილი, უარყოფითი დამოკიდებულება აქვს პროგრამებში მონაწილეობის მიმართ; ასევე, არ აქვს სწავლის და მუშაობის სურვილი, უარყოფითი დამოკიდებულება აქვს მათ მიმართ. მსჯავრდებული მ.ფ-ე არ არის კრიმინალური სუბკულტურის მატარებელი. არის დისტანცირებული სხვა მსჯავრდებულებთან. არ იზიარებს ჩადენილ დანაშაულს. პატივისცემას არ იჩენს ადმინისტრაციის თანამშრომლების მიმართ. მსჯავრდებული მ.ფ-ე არ არის მოტივირებული ცვლილებებისკენ. არ აქვს გაცნობიერებული ჩადენილი დანაშაული და მისი უარყოფითი ხასიათი. საკუთარ აზრს გამოხატავს აგრესიით. არის გაუწონასწორებელი. არ არის კომუნიკაბელური და თავაზიანი. არის აგრესიული. მსჯავრდებულ მ.ფ-ის ნახევრად ღია ან დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსება, სადაც სასჯელს იხდის მსჯავრდებულთა დიდი რაოდენობა, საფრთხის შემცველი იქნება, როგორც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების უსაფრთხოების, ასევე, პენიტენციური სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის. ამდენად, ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდმა ერთხმად გადაწყვიტა, რომ მსჯავრდებულ მ.ფ-ის საშიშროების რისკის სახე არის მაღალი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მსჯავრდებულის რისკების შეფასების გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით მსჯავრდებულ მ.ფ-ის საშიშროების რისკის სახედ კანონიერად განისაზღვრა მაღალი. მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის მიერ დადგენილი და საქმის ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისობაშია.
პალატის მოსაზრებით, არ დასტურდება მოპასუხის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონით დადგენილ ფარგლებს გადაცილებით ან/და იმ მიზნის უგულებელყოფით, რა მიზნითაც გუნდს მინიჭებული აქვს აღნიშნული უფლებამოსილება. მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის №395 ბრძანებით დამტკიცებული „მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის, გადაყვანის პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესით“ დადგენილი რისკის შეფასების კრიტერიუმების საფუძველზე, მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის მიერ დადგენილი გარემოებები შესაბამისობაშია სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან.
ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დისკრეციული უფლებამოსილების კანონდარღვევით განხორციელებას ადგილი არ აქვს, გასაჩივრებული ბრძანება მიღებულია საშიშროების რისკის სახის შესაბამისად, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების განსაზღვრა კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა მ.ფ-ის მიერ.
კასატორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განხილვას ითხოვს. მ.ფ-ე აღნიშნავს, რომ მის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები ქვედა ინსტანციის სასამართლოებს არ გააჩნიათ. მისივე თქმით, მ.ფ-ეს დანაშაული არ ჩაუდენია არც ციხეში და არც ციხის გარეთ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 აგვისტოს განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ.ფ-ის საკასაციო საჩივარი, მ.ფ-ის შუამდგომლობა, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
დადგენილია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 29 მაისის №3609 ბრძანებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს მსჯავრდებულის რისკების შეფასების გუნდის 2019 წლის 28 მაისის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი სხდომის ოქმის საფუძველზე, მსჯავრდებულ მ.ფ-ეს სასჯელის მოსახდელად განესაზღვრა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება და №... პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანილი იქნა №... პენიტენციურ დაწესებულებაში.
მსჯავრდებულის რისკების შეფასების გუნდმა დაადგინა, რომ მსჯავრდებული მ.ფ-ე არ არის წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტის მქონე; მიმდინარე სასჯელის მოხდის პერიოდში წახალისებული არ ყოფილა, დასჯილია 13-ჯერ; მსჯავრდებულ მ.ფ-ეს საშიშროების მომეტებული რისკი განესაზღვრა 2017 წლის 15 ნოემბერს, მომეტებული რისკი განსაზღვრის შემდეგ მსჯავრდებულის ქცევა შეიცვალა უარესობისკენ, რისკის განსაზღვრის შემდეგ მსჯავრდებულ მ.ფ-ის მიმართ დისციპლინური ღონისძიება გამოყენებული იქნა 10-ჯერ. მსჯავრდებული მ.ფ-ე მიდრეკილია თვითდაზიანებისკენ. 2017 წლის 26 ოქტომბერს, №... დაწესებულების №... სარეჟიმო კორპუსზე განთავსებულმა მ.ფ-ემ ითხოვა ექიმის დახმარება, რა დროსაც მსჯავრდებულს აღენიშნებოდა სხეულზე დაზიანება, კერძოდ, მარჯვენა ლოყაზე ნაკაწრები, რაც, მისივე განმარტებით, მიიღო შემთხვევით წვერის პარსვის დროს. მსჯავრდებულ მ.ფ-ეს არ აქვს პროგრამებში მონაწილეობის სურვილი, უარყოფითი დამოკიდებულება აქვს პროგრამებში მონაწილეობის მიმართ; ასევე, არ აქვს სწავლის და მუშაობის სურვილი, უარყოფითი დამოკიდებულება აქვს მათ მიმართ. მსჯავრდებული მ.ფ-ე არ არის კრიმინალური სუბკულტურის მატარებელი. არის დისტანცირებული სხვა მსჯავრდებულებთან. არ იზიარებს ჩადენილ დანაშაულს. პატივისცემას არ იჩენს ადმინისტრაციის თანამშრომლების მიმართ. მსჯავრდებული მ.ფ-ე არ არის მოტივირებული ცვლილებებისკენ. არ აქვს გაცნობიერებული ჩადენილი დანაშაული და მისი უარყოფითი ხასიათი. საკუთარ აზრს გამოხატავს აგრესიით. არის გაუწონასწორებელ. არ არის კომუნიკაბელური და თავაზიანი. არის აგრესიული. მსჯავრდებულ მ.ფ-ის ნახევრად ღია ან დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსება, სადაც სასჯელს იხდის მსჯავრდებულთა დიდი რაოდენობა, საფრთხის შემცველი იქნება, როგორც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების უსაფრთხოების, ასევე, პენიტენციური სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის. მსჯავრდებულის რისკების შეფასების გუნდმა გასცა რეკომენდაცია მ.ფ-ის მაღალი საშიშროების რისკის გამო მისი შესაბამის დაწესებულებაში განთვსების შესახებ.
საკასაციო პალატა მიუთითებს „პატიმრობის კოდექსის“ პირველ მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდება კანონიერების, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით.
კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თავისუფლების აღკვეთის აღსრულების საფუძველია სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა. ხოლო ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სპეციალური პენიტენციური სამსახური არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში.
ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, პენიტენციური დაწესებულების სახეა, მათ შორის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებია: გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება; ქალთა სპეციალური დაწესებულება. კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად, დახურული ტიპის დაწესებულება არის განსაკუთრებულად დაცული, როგორც შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, ისე სასიგნალიზაციო სისტემით აღჭურვილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება, რომელშიც უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა. დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულები განთავსებული არიან სპეციალურ საკნებში, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი ამ კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად. კოდექსის მე-2 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულისთვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს სამსახურის გენერალური დირექტორი. მე-4 ნაწილის მიხედვით, სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებული სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება გადაყვანილ იქნეს სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში შემდეგ შემთხვევებში: მსჯავრდებულის საშიშროების რისკის (შემდგომ − რისკი) გათვალისწინებით ან მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მოსამზადებლად; პენიტენციური დაწესებულების დებულების სისტემატური დარღვევისას; მსჯავრდებულისა და სხვა პირთა უსაფრთხოების ან პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; მსჯავრდებულის ავადმყოფობისას; პენიტენციური დაწესებულების რეორგანიზაციისას; პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციისას; პენიტენციური დაწესებულების გადატვირთულობისას; ამ კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას; მსჯავრდებულის თანხმობის არსებობისას; სხვა მნიშვნელოვანი, დასაბუთებული გარემოების არსებობისას.
კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, როგორც წესი, სასჯელს იხდის: პირი, რომელიც პირველად არის მსჯავრდებული განზრახი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, სასამართლოს მიერ განესაზღვრა 10 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა; განზრახი დანაშაულისათვის არაერთგზის ნასამართლევი პირი, უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირი და ადრე ნასამართლევი პირი, რომლებსაც სასჯელის სახით განსაზღვრული ჰქონდათ თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე მსჯავრდებული, რომელიც ამ კოდექსით დადგენილი წესით გადმოყვანილია სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან. დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში აგრეთვე შეიძლება განთავსდნენ სხვა მსჯავრდებულები რისკის ფაქტორის გათვალისწინებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციული ორგანო შებოჭილია კანონიერების პრინციპით და უნდა იმოქმედოს დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და პირის ძირითადი უფლებების დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს არა კონკრეტული ვალდებულების შესრულების მიზნით, არამედ კანონით მინიჭებული თავისუფლების ფარგლებში, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და ნაკარნახევი კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად მიღებული საუკეთესო შედეგის მქონე გადაწყვეტილების მიღებით.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის №395 ბრძანებით დამტკიცებულ „მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის, გადაყვანის პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესზე“, რომელიც ადგენს მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასების პროცედურას.
ამდენად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასების გუნდმა სხდომაზე განიხილა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია მსჯავრდებულის შესახებ. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიერ გამოთხოვილ იქნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს მსჯავრდებულის რისკების შეფასების გუნდის 2019 წლის 28 მაისის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი სხდომის ოქმის (სრული სახით), ასევე, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საიდუმლო ოპერატიული ინფორმაცია მ.ფ-ის შესახებ. ინფორმაცია, საიდუმლოების შემცველობის გამო, წარმოდგენილ იქნა მხოლოდ სასამართლოსათვის და არ დაერთო საქმეს. ამასთან, სასამართლოს მიერ საიდუმლო ინფორმაციის შესწავლა და შემოწმება განხორციელდა კანონით დადგენილი წესით სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თუმცა მასში მითითებულმა ფაქტებმა ასახვა ვერ ჰპოვა განჩინებაში. აღნიშნული ინფორმაციის დასაბუთებულობის შემოწმების და სხვა მტკიცებულებებთან ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსგავსად, მიიჩნევს, რომ არ დასტურდება მოპასუხის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონით დადგენილ ფარგლებს გადაცილებით ან/და იმ მიზნის უგულებელყოფით, რა მიზნითაც გუნდს მინიჭებული აქვს აღნიშნული უფლებამოსილება. მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის №395 ბრძანებით დამტკიცებული „მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის, გადაყვანის პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესით“ დადგენილი რისკის შეფასების კრიტერიუმების საფუძველზე, მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის მიერ დადგენილი გარემოებები შესაბამისობაშია სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ დისკრეციული უფლებამოსილების კანონდარღვევით განხორციელებას ადგილი არ აქვს, გასაჩივრებული ბრძანება მიღებულია საშიშროების რისკის სახის შესაბამისად, დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების განსაზღვრა კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.ფ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე


მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე


გენადი მაკარიძე