Facebook Twitter
№ბს-28(2კ-23) 11 ოქტომბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - გ. ბ-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 12 მარტს გ. ბ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
მოთხოვნათა და მოპასუხეთა წრის დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელემ მოპასუხეებად მიუთითა - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და სსიპ შემოსავლების სამსახური, ხოლო საბოლოოდ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 13 აგვისტოს №CB1101501 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 18 სექტემბრის №28060 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 21 იანვრის №11468/2/2020 გადაწყვეტილების (2020 წლის 13 აგვისტოს №CB1101501 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ძალაში დატოვების ნაწილში) ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის, ჩამორთმეული ხის მასალის გ. ბ-ისთვის დაბრუნების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 13 აგვისტოს №CB1101501 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, 2020 წლის 13 აგვისტოს №CB1101501 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ძალში დატოვების ნაწილში სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 18 სექტემბრის №28060 ბრძანება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 21 იანვრის №11468/2/2020 გადაწყვეტილება; მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმის ხელახალი გამოკვლევის შედეგად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასების, ასევე თავად მოსარჩელის განმარტებიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნდა, რომ გ. ბ-ემ სამეწარმეო საქმიანობისათვის, 4 მ3 ხის მასალის ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე განახორციელა.
რაც შეეხება 2020 წლის 4 აგვისტოს №0538796167 ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ 14 მ3 ხის მასალას, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე, არ ჰქონდა დადგენილი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ არ იყო დადგენილი გ. ბ-ის მიერ ხის მასალის რამდენჯერმე ტრანსპორტირების მიზეზი. როგორც თავად მოსარჩელე განმარტავდა, ხის მასალას ამუშავებდა სახერხ საამქროში, მისი შეზღუდული მუშაობიდან გამომდინარე, რამდენჯერმე მოუწია ხის მასალის ტრანსპორტირება. 14 მ3 ხის მასალის იდენტიფიცირების მიზნით, №0000130-2019-126-0003; №0000130-2019-126-0001; №0000130-2019-126-0002 ცნობების მიხედვით უნდა დადგენილიყო, როდის დამუშავდა ხის მასალა, ხომ არ მოხდა მისი დამატებით დამუშავება და საბოლოოდ მიღებული ხის მასალის მდგომარეობა შეესაბამებოდა თუ არა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2020 წლის 6 აგვისტოს №50680/08/20 დასკვნაში აღწერილ ხის მასალის მდგომარეობას. მოპასუხეს, ასევე უნდა შეეფასებინა, იმ პირობებში, როდესაც არ დგინდებოდა 14 მ3 ხის მასალასთან მიმართებით დაფიქსირებული ცნობების განმეორებით გამოყენების ფაქტი (4 მ3 ხის მასალისგან განსხვავებით), აღნიშნული ხომ არ წარმოადგენდა, ამ ნაწილში გ. ბ-ის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის გამომრიცხავ გარემოებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები და აღნიშნა, რომ საკითხის ხელმეორედ შესწავლის პირობებში, თუკი დადგინდებოდა მხოლოდ 4 მ3 ხის მასალის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, შესაბამისად, ამ მასალის ღირებულების გათვალისწინებით, დადასტურებული სამართალდარღვევა ექვემდებარებოდა გადაკვალიფიცირებას, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის დარღვევად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის განჩინება, საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორი საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, „სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით“. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის თანახმად, „სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას“. ამავე მუხლის 3(2) ნაწილის თანახმად, „ამ მუხლის 1(1) ან 1(2) ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება 10 000 ლარს აღემატება, იწვევს პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას“.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება“. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 25(1) მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე“. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 16.10.2020 წელს №109449-21-12 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ტრანსპორტირების დროს გამოწერილი იყო ხე-ტყის №0538796167 სასაქონლო ზედნადები, აღნიშნული ზედნადების მიხედვით 2020 წლის 4 აგვისტოს ხორციელდებოდა გ. ბ-ის კუთვნილი 18 მ3 ფიცრისა და ძელაკის შიდა გადაზიდვა.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 16.10.2020 წელს №109449-21-12 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ტრანსპორტირების დროს გამოწერილი იყო ხე-ტყის №0538796167 სასაქონლო ზედნადები, აღნიშნული ზედნადების მიხედვით 2020 წლის 4 აგვისტოს ხორციელდებოდა გ. ბ-ის კუთვნილი 18 მ3 ფიცრისა და ძელაკის შიდა გადაზიდვა. ზედნადების ცხრილის მე-8 სვეტში მითითებული იყო ხის მასალის სახერხი საამქროდან გატანის 0000130-2019-126-0004 ცნობის ნომერი, აღნიშნული ცნობის მიხედვით 2019 წლის 25 ივლისს სახერხი საამქროდან გატანილი იყო 4 მ3 ფიცარი. იგივე ცნობის გამოყენებით, 2019 წლის 25 ივლისს ხაშურიდან თბილისში გადმოზიდული იყო 4 მ3 ფიცარი (სასაქონლო ზედნადები №0466979252), 2020 წლის 29 ივლისს №0537466291 სასაქონლო ზედნადებით ხაშურიდან თბილისში ჩატანილი იყო 4 მ3 ფიცარი. 2020 წლის 2 აგვისტოს №o0538332071 სასაქონლო ზედნადებში ისევ იქნა დაფიქსირებული აღნიშნული ცნობა, ამჯერად 4 მ3 ფიცრის თბილისიდან ხაშურში გადაზიდვაზე, ხოლო 2020 წლის 4 აგვისტოს №0538796167 სასაქონლო ზედნადებით ისევ იყო დაფიქსირებული 4 მ3 ფიცრის ხაშურიდან თბილისში ტრანსპორტირების ფაქტი.
რაც შეეხება №0538796167 სასაქონლო ზედნადებში მითითებული 14 მ3 ხის მასალის გადაზიდვის ფაქტს, სასაქონლო ზედნადების გამოწერის სავალდებულო შემთხვევებთან ერთად, კანონმდებლობა ითვალისწინებს ასევე მისი გამოწერის წესს, რომლის მიხედვითაც სასაქონლო ზედნადებში მითითებული ყველა რეკვიზიტი ექვემდებარება შევსებას კანონით დადგენილი წესით, რათა საგადასახადო ორგანომ შეძლოს პირის მიერ ტრანსპორტირებული საქონლის დოკუმენტებთან შესაბამისობის გადამოწმება და აღნიშნულით უკანონო (აღურიცხავი) საქონლის ტრანსპორტირების აღკვეთა, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს საგადასახადო კონტროლის ეფექტიანობის ამაღლებას საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით. შესაბამისად, სასაქონლო ზედნადებში არასწორი ინფორმაციის შეტანა უთანაბრდება ზედნადების არარსებობას, ვინაიდან, ზედნადების არასწორი ფორმით არსებობა ვერ უზრუნველყოფს საგადასახადო ორგანოს მიერ გადამხდელთა მიმართ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრირების ფუნქციის ჯეროვან შესრულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან 0538796167 სასაქონლო ზედნადები შევსებულ იქნა არასწორად, იგულისხმება რომ იგი არ იქნა გამოწერილი იმ საქონელზე, რომლის ტრანსპორტირებასაც ახდენდა მოსარჩელე მხარე, შესაბამისად, ზედნადებში მითითებული საქონელი (18 მ3 ხის მასალა) მთლიანობაში და არა ცალ-ცალკე აღებული, მოიაზრება ერთი სამართალდარღვევის საქმის შემადგენელ ელემენტად და მისი (საქონლის) გამიჯვნა ჩადენილი ქმედების (სამართალდარღვევის) გადაკვალიფიცირების მიზნით საფუძველს მოკლებულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა სასამართლოს მსჯელობა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხის (14 მ3 ხის მასალის ტრანსპორტირების ნაწილში) ხელახალი გამოკვლევისა და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე.
კასატორი სსიპ შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ „მიმდინარე კონტროლის პროცედურების, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის, საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის შესაბამისად: 1. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა. 2. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, პირის და სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, საქონლის დათვლას თანმხლებ საბუთებთან შესაბამისობის დასადგენად, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთების, ასევე პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული პროცედურების დასაფიქსირებლად ტექნიკური საშუალებების გამოყენებას ახორციელებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი. ამასთან, შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. 3. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ან/და საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირები, კომპეტენციის ფარგლებში: ა) ახორციელებენ დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებული/შეძენილი საქონლის ან/და ამ საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, რაზედაც ადგენენ შესაბამის ოქმს; ბ) უზრუნველყოფენ საქონლის განთავსებას და დალუქვას საწყობებში ან ამ მიზნისათვის გამოსაყენებელ სხვა ადგილებში; გ) საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილი პირი საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების/შეძენის შესახებ ინფორმაციას, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად უგზავნის უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დასტურდება გ. ბ-ის (ს/ნ ...) მხრიდან სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იყო დაუსაბუთებელი, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 13 აგვისტოს CB1101501 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივრის განხილვისას დავის განმხილველი ორგანოს მიერ გამოკვლეული და შესწავლილია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება და გადაწყვეტილება მიღებულია ამ გარემოებათა შეჯერებისა და ანალიზის შედეგად. შესაბამისად, სადავო აქტების გამოცემასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სსიპ შემოსავლების სამსახურის მხრიდან დამატებით შესწავლას არ საჭიროებენ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 იანვრის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2019 წლის 10 ივლისის ელ-... ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებით დასტურდება, რომ 2019 წლის 10 ივლისს, გ. ბ-ემ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოსგან აუქციონზე შეიძინა 12034.13 ლარის ღირებულების ხის მასალა. 2019 წლის 25 ივლისს, გაიცა მრგვალი ხე-ტყის (მორის) ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროდან გატანის შესახებ №0000130-2019-126-0004 ცნობა, რომლის თანახმად, ხაშურში, სოფელი ...ში მდებარე სახერხი საამქროდან გ. ბ-ის მიერ გატანილი იყო 4 მ3 ფიცარი, დანიშნულების ადგილი ქ. თბილისი, ...ის ....
2020 წლის 25 ივლისის 466979252 ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების შესაბამისად, გ. ბ-ის მიერ ტრანსპორტირებული იყო 4 მ3 ფიცარი, ფირნიში ცნობის ნომერი №0000130-2019-126-0004; ტრანსპორტირების დაწყების ადგილი - ხაშური, ტრანსპორტირების დასრულების ადგილი - ქ. თბილისი, ...ის ...; ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტად მითითებული იყო ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები .../10.07.2019 წ. 2020 წლის 29 ივლისის №0537466291 ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების თანახმად, ხაშურიდან თბილისში/კახეთში ტრანსპორტირებული იყო გ. ბ-ის კუთვნილი ხის მასალა - ფიცარი - 1,4 მ3, ფირნიშის ცნობის ნომრად მითითებული იტო №0000130-2019-126-0003; ფიცარი - 4 მ3, ფირნიშის ნომერი №0000130-2019-126-0004; ფიცარი - 5 მ3, ფირნიშის ნომერი №0000130-2019-126-0001; ძელაკი - 7,6 მ3, ფირნიშის ნომერი №0000130-2019-126-0002; ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტად მითითებული იყო ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები .../10.07.2019წ.
2020 წლის 2 აგვისტოს №0538332071 ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებით განხორციელდა გ. ბ-ის კუთვნილი ხის მასალის ტრანსპორტირება, კერძოდ: ფიცარი - 1,4 მ3, ფირნიშის ცნობის ნომერი №0000130-2019-126-0003; ფიცარი - 4 მ3, ფირნიშის ნომერი №0000130-2019-126-0004; ფიცარი - 5 მ3, ფირნიშის ნომერი №0000130-2019-126-0001; ძელაკი - 7,6 მ3 ფირნიშის ნომერი №0000130-2019-126-0002. ტრანსპორტირების დაწყების ადგილად მითითებული იყო - თბილისი/კახეთი, ტრანსპორტირების დასრულების ადგილი - ხაშურის რაიონი, სოფელი ...ი. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი - ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები .../10.07.2019 წ. 2020 წლის 4 აგვისტოს, 18:09:56 საათზე, გამოწერილი იყო ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები №0538796167, რომლითაც ხორციელდებოდა გ. ბ-ის კუთვნილი ხის მასალის: ფიცარი - 1,4 მ3, ფირნიშის ცნობის ნომერი №0000130-2019-126-0003; ფიცარი - 4 მ3, ფირნიშის ცნობის ნომერი №0000130-2019-126-0004; ფიცარი - 5მ3, ფირნიშის ნომერი №0000130-2019-126-0001; ძელაკი - 7,6 მ3, ფირნიშის ცნობის ნომერი №0000130-2019-126-0002, შიდა გადაზიდვა (სატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომერი ...) ხაშურის რაიონის სოფელ ...იდან თბილისამდე, ...ის ... ნომერში. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი - ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები .../10.07.2019 წ.
სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა 2020 წლის 13 აგვისტოს გ. ბ-ის მიმართ შეადგინა №CB1101501 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, საგადასახადო კონტროლის განხორციელების დროს გამოვლინდა, რომ გ. ბ-ის მიერ დაირღვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები (სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას – მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოწერილიყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით), კერძოდ, სამეწარმეო საქმიანობისთვის 11 797.5 ლარის საბაზრო ღირებულების ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტების: „დახერხილი ხე-მასალა (ფიცარი)“ (9.84მ3x650 ლარი), „დახერხილი ხე-მასალა (ძელაკი)“ (8.31მ3x650 ლარი) ტრანსპორტირებას (სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი ..., მძღოლი - ი. ნ-ე, პ/ნ ..., გადამოწმების დრო 2020 წლის 4 აგვისტო, 19:44 საათი), ახორციელებდა კანონმდებლობით განსაზღვრული სასაქონლო ზედნადების გარეშე. გ. ბ-ე, დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 32 ნაწილის საფუძველზე 10 000 ლარით და ჩამოერთვა ტრანსპორტირებული საქონელი. ოქმის შენიშვნაში მითითებული იყო ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები №0538796167, ვერ მოხდა დოკუმენტების შესაბამისობის დადგენა. 2020 წლის 13 აგვისტოს, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა გ. ბ-ის მიმართ შეადგინა №CB1101495 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, 2020 წლის 4 აგვისტოს, 19:44 საათზე, ავტომანქანის (სახელმწიფო ნომერი ...) გადამოწმებისას გამოვლინდა, რომ გ. ბ-ე ახდენდა საკუთარი სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის (11 797.5 ლარის დახერხილი წიწვოვანი ხის მასალის (ფიცარი 9.84 მ3 და ძელაკი 8.31 მ3.) ტრანსპორტირებას. გ. ბ-ე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის საფუძველზე, დაჯარიმდა 500 ლარით.
სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2020 წლის 6 აგვისტოს №50680/08/20 დასკვნის თანახმად, ავტომანქანის (სახ. ნომერი ...) ძარადან ჩამოღებული გ. ბ-ის კუთვნლი 1. დახერხილი წიწვოვანი ხის მასალის (ფიცარი) მოცულობა შეადგენდა 9.84 მ3-ს. საბაზრო ღირებულება 6 396 ლარს, დღგ-ის ჩათვლით;. 2. დახერხილი წიწვოვანი ხის მასალის (ძელაკი) მოცულობა შეადგენდა 8.31 მ3-ს, საბაზრო ღირებულება 5 401.50 ლარს დღგ-ის ჩათვლით; ჯამურმა მოცულობამ შეადგინა 18.15 მ3. ხოლო ჯამურმა ღირებულებამ 11 797.50 ლარი დღგ-ის ჩათვლით.
2020 წლის 5 აგვისტოს გ. ბ-ეს ჩამოერთვა ახსნა-განმარტება, სადაც აღნიშნული იყო, რომ იგი ახორციელებდა ფერმერულ საქმიანობას, რისთვისაც იყენებდა ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტს (ფიცარი, ძელი). ხე-ტყის მორებს ყიდულობდა აუქციონის წესით სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოსგან, რომელსაც ამუშავებდა სახერხ საამქროში. ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტები, ფიცარი და ძელი ხაშურის რაიონიდან შიდა გადაზიდვით მიჰქონდა ქ. თბილისში გასაშრობად, გასაშალაშინებლად ან პირების ამოსაღებად. 2020 წლის 4 აგვისტოს, ქ. ხაშურიდან ქ. თბილისში, ...ის №...-ში მდებარე ხე-ტყის ბაზრობის მიმართულებით ახორციელებდა 18 მ3 ხე-ტყის მასალის ტრანსპორტირებას სატვირთო სატრანსპორტო საშუალებით (სახელმწიფო ნომრით ...), შიდა გადაზიდვის ელ. ზედნადებით №0538796167, რომელიც ქ. თბილისში, ...ზე, 19:44 საათზე გადაამოწმეს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, ზედნადებში აღმოჩნდა შეუსაბამობები. კერძოდ, 2019 წლის ივლისის სახერხი საამქროდან გატანის ცნობა გამოყენებული იყო განმეორებით, ასევე ბორტზე განთავსებული საქონლის ნაწილი, რომლის ზუსტ რაოდენობაც ვერ დაასახელა, გადამუშავებული იყო დაახლოებით 2 კვირის წინ, ხოლო ზედნადებში მითითებული იყო 2019 წლის ივლისში გადამუშავებული ხე-ტყის პროდუქტების შესაბამისი ცნობები. განმარტების თანახმად, აღნიშნული შეცდომით მოუვიდა.
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს აღმოსავლეთის განყოფილების ოფიცრის 2020 წლის 5 აგვისტოს №80439-21-12 მოხსენებითი ბარათის თანახმად, 2020 წლის 4 აგვისტოს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების მონიტორინგის მიზნით, მონიტორინგის სამმართველოს აღმოსავლეთის განყოფილების ოფიცრების მიერ ქ. თბილისში, ...ზე, 19:44 საათზე ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებზე გადამოწმდა ავტოსატრანსპორტო საშუალება სახ.ნომრით ..., რომლითაც ხორციელდებოდა გ. ბ-ის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის, დახერხილი ხის მასალის (ფიცარი, ძელაკი) ტრანსპორტირება. ფაქტთან დაკავშირებით, გადამოწმებისას დადგინდა, რომ ტრანსპორტირების დროს გამოწერილი იყო ხე-ტყის №0538796167 სასაქონლო ზედნადები. აღნიშნული ზედნადების მიხედვით, 2020 წლის 4 აგვისტოს, ხორციელდებოდა გ. ბ-ის კუთვნილი 18 მ3 ფიცრისა და ძელაკის შიდა გადაზიდვა. ხე-ტყის №0538796167 სასაქონლო ზედნადების ცხრილის მერვე სვეტში მითითებული იყო ხის მასალის სახერხი საამქროდან გატანის ცნობის ნომერი - №0000130-2019-126-0004, აღნიშნული ცნობის მიხედვით, 2019 წლის 25 ივლისს სახერხი საამქროდან გატანილი იყო 4 მ3 ფიცარი. №0000130-2019-126-0004 ცნობის ნომრის გამოყენებით, 2019 წლის 25 ივლისს ხაშურიდან თბილისში გადმოზიდული იყო 4 მ3 ფიცარი (სასაქონლო ზედნადები №0466979252), ასევე იგივე ცნობის ნომრის ხელმეორედ მითითებით 2020 წლის 29 ივლისს №0537466291 სასაქონლო ზედნადებით ხაშურიდან თბილისში ჩამოტანილი იყო 4 მ3 ფიცარი. 2020 წლის 2 აგვისტოს №0538332071 სასაქონლო ზედნადებში ისევ დაფიქსირდა აღნიშნული ცნობა, ამჯერად 4 მ3 ფიცრის თბილისიდან ხაშურში გადაზიდვაზე, ხოლო 2020 წლის 4 აგვისტოს №0538796167 სასაქონლო ზედნადებით ისევ იყო დაფიქსირებული 4 მ3 ფიცრის ხაშურიდან თბილისში ტრანსპორტირების ფაქტი. №0000130-2019-126-0004 ცნობის მითითებით ორჯერ ჩამოტანილი იყო ხის მასალა ხაშურიდან თბილისში და დოკუმენტურად დაფიქსირებული იყო ხაშურში ხის მასალის დაბრუნების მხოლოდ ერთი ფაქტი (2020 წლის 2 აგვისტოს №0538332071 სასაქონლო ზედნადები). ამასთან, გ. ბ-ის განმარტებით დადასტურებულია, როგორც №0000130-2019-126-0004 ცნობის განმეორებით არამართლზომიერად გამოყენების ფაქტი, ასევე ავტომობილის ძარაზე განთავსებული ხის მასალის დოკუმენტებთან შეუსაბამობა. კერძოდ, გ. ბ-ის განმარტებით, ავტომობილზე განთავსებული დახერხილი ხის მასალის ნაწილი დამუშავებული იყო დაახლოებით 2 კვირის წინ, დოკუმენტების მიხედვით კი, ავტომობილის ძარაზე განთავსებული ხის მასალა დამუშავებული იყო 2019 წლის ივლისში. ასევე, როგორც გ. ბ-ემ განმარტა, საქონლის ტრანსპორტირება შიდა გადაზიდვით ხაშურიდან თბილისში და შემდეგ უკან ხორციელდებოდა მისი შემდგომი დამუშავების მიზნით (გასალაშინება, პირების ამოღება), თუმცა 4 აგვისტოს ტრანსპორტირებული საქონელი არ იყო დამუშავებული. ამასთან, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დოკუმენტების მითითებით ზუსტად იგივე რაოდენობა შიდა გადაზიდვით ტრანსპორტირებული იყო 29 ივლისს ხაშურიდან კახეთში, 2 აგვისტოს კახეთიდან ხაშურში, ხოლო 4 აგვისტოს ხაშურიდან გადაიზიდებოდა ქ. თბილისი, ...ის ...-ის მიმართულებით. გ. ბ-ე ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით და არ იყო რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად.
2020 წლის 20 აგვისტოს, გ. ბ-ემ საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 13 აგვისტოს №CB1101495 და №CB1101501 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებისა და დარიცხული ჯარიმების გაუქმება. საჩივრის ავტორის განმარტებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...სა და ...ში მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ...) აშენებდა ხის სახლს და კოტეჯებს, რისთვისაც ესაჭიროებოდა ხის მასალა.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 18 სექტემბრის №28060 ბრძანებით გ. ბ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილი 2020 წლის 13 აგვისტოს №CB1101495 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმა 500 ლარი; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.ბრძანების თანახმად, მოცემულ შემთხვევაში დადასტურებული იყო 2020 წლის 13 აგვისტოს №CB1101501 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გ. ბ-ის მხრიდან ჩადენის ფაქტი, შესაბამისად, აღნიშნული ოქმი შედგენილი იყო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობდა მისი და მის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. რაც შეეხება №CB1101495 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს, საჩივრის განმხილველმა ორგანომ ამ ნაწილში გ. ბ-ის მოთხოვნა დააკმაყოფილა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გ. ბ-ე საგადასახადო ორგანოში ფიზიკურ პირად რეგისტრირებული იყო 2013 წლის 28 მარტიდან, შესაბამისად არ დასტურდებოდა მის მხრიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის და შესაბამისად, ჯარიმის დაკისრების საფუძველი.
2020 წლის 15 ოქტომბერს, გ. ბ-ემ №11468/2/2020 საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 18 სექტემბრის №28060 ბრძანების, 2020 წლის 13 აგვისტოს №CB1101501 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობა. საჩივარში აღნიშნული იყო, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...სა და ...ში მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მიმდინარეობდა ხის სახლებისა და კოტეჯების მშენებლობა, რისთვის სჭირდებოდა ხის მასალა. გამომდინარე იქიდან, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტში არ იყო ხის გადამამუშავებელი საამქროები, ახორციელებდა ამ მიზნით მის თბილისში გადაზიდვას. ამასთან, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემების გამო შეზღუდული იყო გადამამუშავებელი საამქროების მუშაობა. ზოგი საწარმოს მუშაობა შეწყვეტილი იყო ზოგი საწარმო დიდი დატვირთვით მუშაობდა და საჭირო იყო რიგში დგომა, ვინაიდან ადგილზე დასაწყობება დიდი ხარჯებთან იყო დაკავშირებული, განხორციელდა ხის მასალის გადაზიდვა ხაშურში და შემდეგ კვლავ გადაზიდვა ქ. თბილისში გადასამუშავებლად.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 21 იანვრის №11468/2/2020 გადაწყვეტილებით გ. ბ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საჩივრის განმხილველმა ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ გ. ბ-ის მიერ ჩადენილი იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 32 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ №0000130-2019-126-0004 ცნობის მითითებით ორჯერ იქნა ჩამოტანილი ხის მასალა ხაშურიდან თბილისში და დაფიქსირებულია ხაშურში ხის მასალის დაბრუნების მხოლოდ ერთი ფაქტი. ასევე, დადგენილია ავტომობილის ძარაზე განთავსებული ნაწილის ხის მასალის დოკუმენტებთან შეუსაბამობა, კერძოდ, გ. ბ-ის განმარტებით, ხის მასალის ავტომობილზე განთავსებული დახერხილი ხის მასალის ნაწილი დამუშავებული იყო დაახლოებით ორი კვირის წინ, დოკუმენტების მიხედვით კი, ხის მასალა დამუშავებული იყო 2019 წლის ივლისში. ასევე, საქონლის ტრანსპორტირება შიდა გადაზიდვით ხაშურიდან თბილისში შემდეგ უკან ხორციელდებოდა მისი შემდგომი დამუშავების მიზნით (გასალაშინება, პირების ამოღება), თუმცა აგვისტოს ტრანსპორტირებული საქონელი არ იყო დამუშავებული. ამასთან, ზუსტად იგივე რაოდენობები შიდა გადაზიდვით ტრანსპორტირებული იყო 29 ივლისს ხაშურიდან კახეთში, 2 აგვისტო კახეთიდან ხაშურში, ხოლო 4 აგვისტოს ქ. თბილისში, ...ის ... -ის მიმართულებით.
გ. ბ-ის საკუთრებაში იყო ხაშურის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე 80029.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი ...). ამ ტერიტორიაზე შეთანხმებული იყო კოტეჯების მშენებლობის არქიტექტორული პროექტი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.
ამავე კოდექსის 286-ე მუხლის 11; 12 და 32 ნაწილებით დადგენილია, რომ 11. სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 1 000 ლარს, − იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას. 12. სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, − იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას, ხოლო 32 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის 11 ან 12 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება 10 000 ლარს აღემატება, − იწვევს პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.
ზედნადებს მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ საგადასახადო, არამედ გარემოსდაცვითი მიზნებისათვის. საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლს 12 ნაწილი ნორმა დაემატა 20.11.2013წ. №1583 კანონით. საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებამდე სამართალდარღვევის დიფერენცირება არ ხდებოდა საქონლის სახეობის მიხედვით და სასაქონლო ზედნადების გარეშე სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი ნებისმიერი საქონლის ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა სამართალდარღვევისათვის ერთნაირ სამართლებრივ შედეგს იწვევდა. 20.11.2013წ. №1583 კანონის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის შემუშავების მიზანია სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისათვის, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობისა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმისათვის დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის გამკაცრება. აღნიშნულმა განაპირობა ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების მიმართ მუხლის ცალკე ნაწილის გამოყოფა და გამკაცრებული სანქციის დაწესება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მაისის ბს-271 (2კ-19) გადაწყვეტილება).
გასაჩივრებულ ნაწილში საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ განსხვავებით 4 მ3 ხის მასალისგან, არ დგინდება 14 მ3 ხის მასალის მონაცემების განმეორება, დუბლირება. აღნიშნულ გარემოებას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც 14 მ3 ხის მასალის მართლზომიერად გადაზიდვის დადასტურების შემთხვევაში, გამოირიცხება გ. ბ-ის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 32 ნაწილით გათვალისწინებული სახდელის გამოყენება და მას შესაძლოა დაეკისროს უფრო მსუბუქი, 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სახდელი.
საქმის მასალებით დადგენილია ზედნადებში დაფიქსირებული №0000130-2019-126-0003; №0000130-2019-126-0001; №0000130- 2019-126-0002 ცნობების ნომრებით საქონლის (ხის მასალა) ტრანსპორტირება - 2020 წლის 29 ივლისს ხაშურიდან თბილისში/კახეთში, 2020 წლის 2 აგვისტოს თბილისიდან/კახეთიდან ხაშურში, ხოლო 4 აგვისტოს ხაშურიდან თბილისში, ...ის ...-ის მიმართულებით. ამავდროულად, თითოეულ ტრანსპორტირების ფაქტზე გამოწერილია სასაქონლო ზედნადებები. მოსარჩელის მტკიცებით, ვინაიდან შესაბამისი ხის საამქროები ხაშურში არ იყო, კოტეჯების მშენებლობისათვის შეძენილი ხის მასალა დასამუშავებლად თბილისში ჩამოჰქონდა. ამასთან, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემების გამო შეზღუდული იყო სახერხი საამქროების მუშაობა, ადგილზე დასაწყობება კი, დიდი ხარჯებთან იყო დაკავშირებული, ამიტომ ხის მასალა ხაშურში გადაზიდა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული გ. ბ-ემ, ასევე საჩივრის განხილვისას დააფიქსირა, ადმინისტრაციულ ორგანოს დასახელებული ფაქტობრივი გარემოება არ გამოუკვლევია და არ შეუფასებია. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე, არ აქვს დადგენილი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ არ არის დადგენილი გ. ბ-ის მიერ ხის მასალის რამდენჯერმე ტრანსპორტირების მიზეზი, როგორც თავად განმარტავს, ხის მასალას ამუშავებდა სახერხი საამქროში, მისი შეზღუდული მუშაობიდან გამომდინარე, რამდენჯერმე მოუწია ხის მასალის ტრანსპორტირება. სადავო აქტის თანახმად, ხის მასალა - 14 მ3 დასამუშავებელია.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ მიუხედავად იმისა, რომ გ. ბ-ე საჩივრის განხილვის ეტაპზეც აფიქსირებდა, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემების გამო შეზღუდული იყო სახერხი საამქროების მუშაობა, ადგილზე დასაწყობება კი დიდი ხარჯებთან იყო დაკავშირებული, ამიტომ ხის მასალა რამდენჯერმე ხაშურში გადაზიდა, ადმინისტრაციულ ორგანოს დასახელებული ფაქტობრივი გარემოება არ გამოუკვლევია და არ შეუფასებია. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე, არ აქვს დადგენილი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, ადგილი ჰქონდა იგივე, თუ სხვა დასამუშავებელი/დამუშავებული ხის მასალის გადაზიდვას, არ არის დადგენილი გ. ბ-ის მიერ ხის მასალის რამდენჯერმე ტრანსპორტირების მიზეზი, რათა შესაძლო სამართალდარღვევის ფაქტის დადგენის მიზნით მოხდეს 14 მ3 ხის მასალის მისი მდგომარეობის გათვალისწინებით იდენტიფიცირება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნენ დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.





თავმჯდომარე ქ. ცინცაძე



მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე



გ. გოგიაშვილი