საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-801(კ-23) 05 ოქტომბერი, 2023 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ. კ-ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 01 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
თ. კ-ამ 2021 წლის 18 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ ამავე სააგენტოს 2021 წლის 26 აპრილის №03-1687/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის თ. კ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით თ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 26 აპრილის №03-1687/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თ. კ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 01 მარტის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, იგი ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. საქმეში წარმოდგენილია 2021 წლის 7 თებერვალს: ვანში, სოფელ ...ში დამატებითი მოკვლევის მიზნით განხორციელებული მონიტორინგის ოქმი, სადაც მითითებულია, რომ მისამართზე იმყოფებოდა თ. კ-ას მამამთილი - ვ. ქ-ი. მისი განმარტებით სახლში ცხოვრობენ თვითონ და მისი მეუღლე-მ. კ-ე, ხოლო თ. და მისი მეუღლე ზ. ცხოვრობენ თბილისში (იხ. 2021 წლის 7 თებერვლის დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების და გასაუბრების ოქმი). აღნიშნული წერილობითი მტკიცებულებით ცალსახად დასტურდებოდა, რომ თ. კ-ამ ძირითადი მონიტორინგის დროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია დაუმალა ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლებს, თუმცა სასამართლომ მითითებული ფაქტი არ გაითვალისწინა.
კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელე თ. კ-ამ 2015 წელს შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე. განაცხადის დამუშავების შედეგად მან მოიპოვა 8 ქულა. მონიტორინგის სამსახურის მიერ მოკვლეული მასალები გადაეცა დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას განსახილველად, კომისიამ 2021 წლის 2 აპრილს (ოქმი N19) იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და გადაწყვიტა, არ დაეკმაყოფილებინა მოსარჩელე საცხოვრებელი ფართით; შემდეგი მიზეზით: - არსებითად მცდარი ინფორმაცია მიაწოდა სააგენტოს მეუღლესთან თანაცხოვრების თაობაზე. კასატორის განმარტებით, მართალია, სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს დევნილ ოჯახთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, თუმცა მატერიალური და ფინანსური რესურსების მოცულობიდან და სახელმწიფოს ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა რიგითობას განსაზღვრავს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, აღნიშნული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაბამისი პრიორიტეტულობის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ მცდარი ინფორმაცია მიაწოდა სააგენტოს მეუღლესთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც ირკვევა, რომ იგი რეალურად ცხოვრობს მეუღლესთან - ზ. ქ-თან ერთად.
კასატორი, ზემოაღნიშნულ გარემოებებზე მითითებით, აღნიშნავს, რომ სადავო აქტი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულია საქმის სრულყოფილად შესწავლის შედეგად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივლისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს თ. კ-ას დევნილი ოჯახისთვის, მოსარჩელეთა მიერ სააგენტოსთვის არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდების საფუძვლით, გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა, ხოლო იმავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად. ამასთან, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე თ. კ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი; მან 2015 წელს შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე. განაცხადის დამუშავების შედეგად მან მოიპოვა 8 ქულა: 1.5 ქულა - ქირის ნაწილში; 3 ქულა - სოციალურად დაუცველის ნაწილში; 1 ქულა - არასრულწლოვანი შვილების ნაწილში; 3 ქულა - გამოსახლების ნაწილში სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს ორი შვილი. არის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში. მოსარჩელე შვილებთან ერთად ცხოვრობს ქირით და მისი ამჟამინდელი მისამართიდან მესაკუთრე ახორციელებს მოსარჩელის გამოსახლებას, რის გამოც მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ თ. კ-ას განცხადების საფუძველზე განაცხადი შეფასდა მოსარჩელის ყოფილი მეუღლის - ზ. ქ-ის განაცხადში მითითების გარეშე. 2020 წლის 2 დეკემბერს აპლიკაციაში მითითებულ მისამართზე: ქ. თბილისი, ...ი, კორპ 14ა. ბინა №9 თ. კ-ას განაცხადის მოკვლევის მიზნით განხორციელდა მონიტორინგი. როგორც მოსარჩელე განმარტავს, 1993 წლიდან ცხოვრობს მითითებულ მისამართზე ქირით. ბინის მესაკუთრე არის ა. ც-ი. თ. კ-ას განმარტებით დედასთან არ აქვს ურთიერთობა, არ იცის მისი საცხოვრებელი მისამართი. ძმა - თ. კ-ა დაკმაყოფილებულია, ცხოვრობს ოჯახთან ერთად ქ. თბილისში. პირველ მეუღლეს 14 წელია გაშორებულია. რაც შეეხება ზ. ქ-ს, მოსარჩელის განმარტებით, ისინი ოფიციალურ ქორწინებაში არ ყოფილან. მისი ინფორმაციით, ზ. ქ-ი ცხოვრობს ვანის რაიონი, სოფელი ...ში. 2011 წლის 7 თებერვალს: ვანში. სოფელი ...ში დამატებითი მოკვლევის მიზნით განხორციელდა მონიტორინგი. მისამართზე იმყოფებოდა თ. კ-ას მამამთილი - ვ. ქ-ი. მისი განმარტებით, სახლში ცხოვრობენ თვითონ და მისი მეუღლე - მ. კ-ე, ხოლო თ. და მისი მეუღლე ზ. ცხოვრობენ თბილისში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლი ადგენს რეგულირების სფეროს, რომლის შესაბამისადაც, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველო ახდენს ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადაცემული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციისა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის მიხედვით მინიჭებული ქულების გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და „გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის (დანართი №5) (შემდგომში – მონიტორინგის ფორმა) შედგენას, რომელსაც ხელს აწერენ მოცემული სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელ(ებ)ი და დევნილი ოჯახის სრულწლოვანი წევრები. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული სამმართველოს მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ შევსებულ კითხვარში წარდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის არსებითად მცდარი ან/და დევნილი ოჯახის მიერ მონიტორინგის დროს წარდგენილი იქნა დოკუმენტაცია, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მინიჭებულ ქულებზე, საცხოვრებელ მისამართზე, ოჯახის შემადგენლობაზე და/ან გადასაცემ საცხოვრებელ ფართზე, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია წარედგინება კომისიას, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია და სადავო არ არის, რომ თ. კ-ა შვილებით წლებია ცხოვრობს ქირით და სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი არ გააჩნია, მან წარდგენილი განაცხადის დამუშავების შედეგად მოიპოვა 8 ქულა. საკასაციო პალატა ქვედა ინსტანციების მსგავსად ვერ ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას მონიტორინგის მასალებში მითითებულ ვ. ქ-ის განმარტებაზე. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ვ. ქ-ის განმარტება, რომ თ. კ-ა და ზ. ქ-ი ცხოვრობენ თბილისში, ვერ იქნება მიჩნეული იმ გარემოების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად, რომ მითითებული პირები ერთად ცხოვრობენ და ეწევიან საერთო მეურნეობას და აღნიშნულის თაობაზე თ. კ-ამ სააგენტოს მიაწოდა არსებითად მცდარი ინფორმაცია. საგულისხმოა, რომ მეუღლესთან თანაცხოვრების თაობაზე თ. კ-ა მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს 2020 წლის 2 დეკემბერს თ. კ-ას საცხოვრებელ მისამართზე განხორციელებული ვიზიტისას მეზობლები არ გამოუკითხავთ, ხოლო მონიტორინგის სამსახურის „დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების“ (მისამართი: ვანი, სოფ. ...ი) 2011 წლის 7 თებერვლის ოქმში მითითებული ინფორმაცია არ იძლევა იმგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რაც საფუძვლად დაედო მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ბრძანების გამოცემას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 01 მარტის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე : გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე