საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-597(კ-23) 5 ოქტომბერი, 2023 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ. რ-ი
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 თებერვლის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
ზ. რ-მა 2021 წლის 31 მაისს სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და ამავე კომისიის 2021 წლის 28 აპრილის №გ-39.382111814 განკარგულების ბათილად ცნობა, ასევე ქალაქ რუსთავში, ... მკ/რ-ის მე-7 კორპუსთან მდებარე 20.3 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ავტოფარეხი) ზ. რ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
სარჩელში აღნიშნულია, რომ ზ. რ-ი მეუღლესთან, შვილებსა და შვილიშვილებთან ერთად, ცხოვრობს ქალაქ რუსთავში, ... მ/რ-ის მე-7 კორპუსში მდებარე ბინა №3-ში. 1985 წელს, დანარჩენ მობინადრეებთან ერთად, ააშენა კაპიტალური ავტოფარეხი. მოსარჩელემ 2019 წლის 23 მაისს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციის მიზნით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. ამავე სააგენტომ სარეგისტრაციო განცხადება თანდართული დოკუმენტებით გადაუგზავნა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რომელმაც, მოსარჩელის მოსაზრებით, დაუსაბუთებლად და უკანონოდ უთხრა უარი მას საკუთრების უფლების აღიარებაზე.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 18 ივნისის განჩინებით მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჩაერთო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით ზ. რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 28 აპრილის №გ-39.382111814 განკარგულება და მოპასუხეს - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 თებერვლის განჩინებით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლებზეც მიუთითებდა ქვედა ინსტანციის სასამართლოებში და დამატებით აღნიშნავს, რომ სადავო აქტით ზ. რ-ს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ სალეგალიზაციო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა საერთო სარგებლობის ნაკვეთს, რომელიც გამიზნული იყო კორპუსის შიდა ეზოში გასასვლელად. ამასთან დაკავშირებით, კასატორი მიუთითებს „ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 დადგენილების მე-2 მუხლის ჰ7 ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საზოგადოებრივი სივრცე არის ნაშენი ტერიტორიების საზღვრებში ან მის გარეთ მდებარე ქუჩა, გზა, მოედანი, ხიდი, სკვერი, პარკი, ბაღი, წყლის ზედაპირი და მისი სანაპირო ზოლი, ბუნებრივი ან ხელოვნური ლანდშაფტი, მიწის ნაკვეთებს შორის გასასვლელი და სხვა მსგავსი ტიპის სივრცეები ან/და მიწის ნაკვეთები, რომლებიც განკუთვნილია ან გადაცემულია საზოგადოებრივი მოხმარებისთვის ან/და ასეთად არის დადგენილი (საჯარო სერვიტუტი) მოქმედი ქალაქთმშენებლობითი გეგმებით. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი სივრცე არსებობს ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში დადგენილ ყველა ფუნქციურ ზონაში, საზოგადოებრივი სივრცე, კასატორის მოსაზრებით, წარმოადგენს შესაფასებელ კატეგორიას და დგინდება იმის მიხედვით, ტერიტორია რამდენად შეესაბამება ზემოთ მითითებული ნორმის შინაარსს. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სალეგალიზაციო ტერიტორია წარმოადგენდა შიდა ეზოში შესასვლელს (გასასვლელს), იგი იყო საზოგადოებრივი მოხმარებისთვის განკუთვნილი საზოგადოებრივი სივრცე, რომლის განსაზღვრისთვის არ იყო აუცილებელი წითელი ხაზების დადგენა, ამასთან, ორთოფოტოთი დგინდება, რომ №7 კორპუსი გამიჯნულია (ს/კ ...), რითაც დასტურდება, რომ სალეგალიზაციო ობიექტი არ არის მოქცეული წითელი ხაზების შიგნით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს თავად შეეძლო აღნიშნულთან დაკავშირებით ემსჯელა და მიეღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მითითებას სალეგალიზაციო მიწის ნაკვეთზე განთავსებულ მსუბუქი კონსტრუქციის ავტოფარეხთან დაკავშირებით, კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი ფოტომასალითა და ადგილზე დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ ავტოფარეხი მხოლოდ რკინის კონსტრუქციითაა ნაგები, მიწის გრუნტთან მყარად დაკავშირებულია, თუმცა ადმინისტრაციულ ორგანოს მოსარჩელისათვის აღნიშნული გარემოებით არ უთქვამს უარი მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.
გარდა ამისა, კასატორი ყურადღებას მიაქცევს სასამართლოს მითითებას სალეგალიზაციო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მ. გ-ის საკუთრებაში არსებულ ავტოფარეხთან დაკავშირებით (ს/კ ... ) და განმარტავს, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება აღიარებულია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 23 აპრილის საკუთრების მოწმობის საფუძველზე, რა დროსაც ქალაქს განაშენიანების გენერალური გეგმა არ ჰქონდა. აღიარების კომისიის 2020 წლის 28 სექტემბრის №87 განკარგულებით კი, საკადასტრო საზღვრებში მოექცა მ. გ-ის საკუთრება ფართის იმავე მითითებით, რაც არ გულისხმობს საკუთრების უფლების გადაცემას (საზღვრების ცვლილებამდე ზედდება ხდებოდა სხვის მფლობელობაში არსებულ ფართთან), შესაბამისად, სასამართლოს მითითება, რომ ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე (მესაკუთრე - მ. გ-ი) საკუთრების მოწმობა დამოწმებული იქნა 2020 წლის 28 სექტემბრის №87 განკარგულებით, არ შეესაბამება სინამდვილეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივნისის განჩინებით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზ. რ-ისთვის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერება, უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის სალეგალიზაციო ობიექტის საზოგადოებრივი სარგებლობის ფართად განხილვის საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად მიიჩნევა ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ასეთ შემთხვევაში პირმა, ასევე უნდა დაადასტუროს, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი ნამდვილად თვითნებურად ჰქონდა დაკავებული, ფლობდა და სარგებლობდა დასახელებული კანონის ამოქმედებამდე (2007წ.).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების აღიარების შეზღუდვის იმპერატიულ დანაწესს შეიცავს ზემოაღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო), დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი.
საკუთრების უფლების აღიარების შეზღუდვის შესახებ პირდაპირ მითითებას და ანალოგიურ მოწესრიგებას ითვალისწინებს აგრეთვე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო), დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი.
დასახელებული სამართლებრივი ნორმების დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია თუნდაც აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ პირობებს, შესაძლოა, მაინც არსებობდეს საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხველი სხვა გარემოებები. შესაბამისად, კანონმდებლობით გათვალისწინებული საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელი გარემოების არსებობა, დამატებითი მტკიცებულებების შესწავლისა და გამოკვლევის გარეშეც, თავის მხრივ, წარმოადგენს საკმარის საფუძველს განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისთვის. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ საფუძვლით ეთქვა უარი ზ. რ-ს საკუთრების უფლების აღიარებაზე, ამდენად, მოცემული დავის ფარგლებში, პირველ ყოვლისა, შესაფასებელია სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა თუ არა საზოგადოებრივი სარგებლობის სივრცეს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი/ აგეგმვითი ნახაზით დადგენილია, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილია ქალაქ რუსთავში, ... მკ/რ-ის მე-7 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 20.3 კვ.მ ფართის მქონე მიწის ნაკვეთი. ნახაზის მიხედვით, ამავე მიწის ნაკვეთზე განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების ფართი აშენებულ მდგომარეობაში 20.3 კვ.მ ფართობის ოდენობით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული დავის მართებულად გადაწყვეტისთვის ადმინისტრაციული ორგანოსთვის არსებითი მნიშვნელობის იყო იმ გარემოების დადგენა, აღნიშნული ტერიტორია იყო თუ არა მოქცეული კორპუსის კუთვნილი ტერიტორიის ფარგლებში (წითელ ხაზებში), რაც იმთავითვე გამორიცხავდა კომისიის მიერ მის განკარგვას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია სააპელაციო პალატის სხდომაზე კომისიის წარმომადგენლის განმარტება, რომ №7 კორპუსს წითელი ხაზები არ აქვს, რაც გულისხმობს იმას, რომ აღიარების კომისიის მიერ აღნიშნული გარემოება გამოკვლეული არ არის.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებზე, რომელთა მიხედვით, შენობა არის სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით (მათ შორის, ხის კონსტრუქციით), გარდა დროებითი შენობისა, ხოლო დროებითი შენობა არის ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და რომელსაც არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები.
მოცემულ შემთხვევაში, ქალაქ რუსთავში, ... მკ/რ-ის მე-7 კორპუსში მცხოვრები მოქალაქეები - ო. გ-ე, ე. ბ-ე და გ. ხ-ი ადასტურებენ, რომ მათ მეზობლად მცხოვრებ ზ. რ-ს ავტოფარეხი აშენებული აქვს 1985 წლიდან. საქმეში წარმოდგენილია ასევე 2021 წლის 20 აპრილის ადგილზე დათვალიერების აქტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია რკინის კონსტრუქციის ავტოფარეხი. მასში შენობა-ნაგებობის სხვა მახასიათებლები აღნიშნული არ არის. საქმეში წარმოდგენილი ფოტომასალებით არ დგინდება ის ფაქტი, რომ ავტოფარეხი მხოლოდ რკინის კონსტრუქციითაა აგებული. ამრიგად, საქმის მასალებით არ დგინდება, სადავო მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა, წარმოადგენს თუ არა ისეთ კონსტრუქციულ სისტემას, რომელიც მიწის გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული. აღნიშნული გარემოების გამორკვევა კი არსებითი მნიშვნელობისაა, ვინაიდან, თუ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არ მდებარეობს, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასზე არის განთავსებული შენობა (გრუნტთან მყარად დაკავშირებული). შესაბამისად, განსახილველ საქმეში არსებითი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოების გამორკვევას, სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა არის დროებითი ნაგებობა თუ მიწის გრუნტთან მყარად დაკავშირებული შენობა.
ამრიგად, საკასაციო სასამართლო დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მოცემულ დავასთან მიმართებაში და აღნიშნავს, რომ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის ხელახალი განხილვის საჭიროება. თავდაპირველად, მნიშვნელოვანია უტყუარად დადასტურდეს სადავო ტერიტორიის სტატუსი, რა მიმართებითაც შემოწმებულ უნდა იქნეს მისი ფუნქციური დანიშნულება საზოგადოებრივი სარგებლობის თვალსაზრისით. სადავო მიწის ნაკვეთის საზოგადოებრივი საჭიროების გზად მიჩნევის გამორიცხვის შემთხვევაში კი, კანონის მიზნებიდან გამომდინარე, უნდა შეფასდეს შენობის მდგრადობა, კერძოდ, შენობა დროებითია თუ მიწის გრუნტთან მყარად დაკავშირებული ნაგებობაა.
აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5 მუხლის შესაბამისად, განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს: ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე; დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საფუძველი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე