Facebook Twitter
№ბს-363(კ-22) 5 მაისი, 2023 წელი ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

კასატორი - საქართველოს გენერალური პროკურატურა
მოწინააღმდეგე მხარე - ი. პ-ი
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

დავის საგანი - მატერიალური ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2019 წლის 13 მაისს ი. პ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: 1. დაევალოს საქართველოს გენერალურ პროკურატურას, მოსარჩელე ი. პ-ის სასარგებლოდ, როგორც რეაბილიტირებული პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის გამო მიყენებული მორალური ზიანის - 50 000 ლარის ოდენობით ანაზღაურება; 2. დაევალოს საქართველოს გენერალურ პროკურატურას, მოსარჩელე ი. პ-ის სასარგებლოდ, როგორც რეაბილიტირებული პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის გამო მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება: ა) სიღნაღის რაიონულ სასამართლოში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ადვოკატების მომსახურებაზე ინსტანციურად გაღებული ხარჯის - 17 500 ლარის ოდენობით; ბ) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ი. პ-ის მიერ დაკვეთილ და ჩატარებულ ალტერნატიულ საექსპერტო კვლევებზე გაღებული ხარჯის - 1500 ლარის ოდენობით; გ) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ი. პ-ის მიერ დაკვეთილ და ჩატარებულ ალტერნატიულ საექსპერტო კვლევებში მონაწილე ექსპერტების კვალიფიკაციის დამადასტურებელი, უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტების (მტკიცებულებების) დიპლომირებული თარჯიმნის მეშვეობით საქართველოს სახელმწიფო ენაზე თარგმნისას გაღებული ხარჯის - 184 ლარის ოდენობით, ხოლო დიპლომირებული თარჯიმნის თარგმანის სანოტარო წესით დამოწმებაზე გაღებული სანოტარო მოქმედების შესრულების საზღაურის ხარჯის - 92 ლარის ოდენობით; დ) ქ. თბილისიდან ქ. სიღნაღში, სისხლის სამართლის საქმის განმხილველ - სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გამართლებულ ი. პ-ისა და მისი ადვოკატების გამოსაცხადებლად მოსარჩელის მიერ 220 კმ. მანძილზე 64-ჯერ გამოცხადებისას 64-ჯერ საწვავის შესაძენად გაღებული ხარჯის - მთლიანობაში 9 400 ლარის ოდენობით; ე) ქ. თბილისიდან ქ. სიღნაღში, სისხლის სამართლის საქმის განმხილველ - სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გამართლებულ ი. პ-ისა და მისი ადვოკატების გამოსაცხადებლად მოსარჩელის მიერ 220 კმ. მანძილზე 64-ჯერ გამოცხადებისას 64-ჯერ კვებაზე გაღებული ხარჯის - 5 500 ლარის ოდენობით; ვ) სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას საფოსტო მომსახურებაზე მოსარჩელის მიერ გაღებული ხარჯის - 2000 ლარის ოდენობით; ზ) სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას მოსარჩელის მიერ დახარჯული ცელულოზა ქაღალდის ფურცლის ხარჯის - 800 ლარის ოდენობით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. პ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. დაევალა საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოსარჩელე ი. პ-ის სასარგებლოდ, როგორც რეაბილიტირებული პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის გამო მიყენებული მორალური ზიანის - 5000 ლარის ოდენობით ანაზღაურება. დაევალა საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოსარჩელე ი. პ-ის სასარგებლოდ, როგორც რეაბილიტირებული პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის გამო მიყენებული მატერიალური ზიანის 16 036 ლარის ოდენობით ანაზღაურება, კერძოდ: ა) სიღნაღის რაიონულ სასამართლოში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატასა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ადვოკატების მომსახურებაზე ინსტანციურად გაღებული ხარჯის - 4500 ლარის ოდენობით; ბ) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ი. პ-ის მიერ დაკვეთილ და ჩატარებულ ალტერნატიულ საექსპერტო კვლევებზე გაღებული ხარჯის - 1060 ლარის ოდენობით; გ) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ი. პ-ის მიერ დაკვეთილ და ჩატარებულ ალტერნატიულ საექსპერტო კვლევებში მონაწილე ექსპერტების კვალიფიკაციის დამადასტურებელი, უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტების (მტკიცებულებების) დიპლომირებული თარჯიმნის მეშვეობით საქართველოს სახელმწიფო ენაზე თარგმნისას გაღებული ხარჯი - 184 ლარის ოდენობით, ხოლო, დიპლომირებული თარჯიმნის თარგმანის სანოტარო წესით დამოწმებაზე გაღებული სანოტარო მოქმედების შესრულების საზღაურის ხარჯი - 92 ლარის ოდენობით; დ) ქ. თბილისიდან ქ. სიღნაღში, სისხლის სამართლის საქმის განმხილველ - სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გამართლებულ ი. პ-ისა და მისი ადვოკატების გამოსაცხადებლად მოსარჩელის მიერ 220 კმ. მანძილზე 64-ჯერ გამოცხადებისას 64-ჯერ საწვავის შესაძენად გაღებული ხარჯის - მთლიანობაში 9 400 ლარის ოდენობით; ე) სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას მოსარჩელის მიერ დახარჯული ცელულოზა ქაღალდის ფურცლის ხარჯის - 800 ლარის ოდენობით; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

ამავე გადაწყვეტილებით, მოპასუხე საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაეკისრა მოსარჩელის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ანაზღაურება 300 (სამასი) ლარის ოდენობით, ასევე - სასამართლოსგარეშე ხარჯის, მოცემულ საქმეზე მინდობილობების, დავალების ხელშეკრულებისა და სხვა დოკუმენტების სანოტარო წესით დამოწმებისათვის გაღებული სანოტარო ხარჯის - 70 ლარის ოდენობით, სარჩელის სასამართლოში წარდგენის, საქმის განხილვისას მოსარჩელეებისა და მისი წარმომადგენლების სასამართლო სხდომაზე გამოცხადების უზრუნველსაყოფად, სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით გადაადგილების გამო ტრანსპორტირებაზე გაღებული ხარჯის - 100 ლარის ოდენობით, მტკიცებულებათა მოძიება მოპოვებაზე გაღებული ხარჯების, რაც აუცილებელი გახდა წერილობითი და სხვაგვარი მტკიცებულებების მისაღებად - 120 ლარის ოდენობით ანაზღაურება. ასევე დაევალა, საქმის განხილვის უზრუნველსაყოფად პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელის, წერილობითი განცხადებების, წერილობითი შუამდგომლობების მომზადებაზე დახარჯული ცელულოზის ქაღალდის ფურცლებისათვის გაღებული ხარჯის - 90 ლარის ოდენობით, სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების, ასევე სხვა მტკიცებულებების ასლების მომზადებაზე გაღებული ხარჯებისათვის - 200 ლარის, მათ აკინძვაზე გაღებული ხარჯებისათვის - 10 ლარის, საქმის მასალების სასამართლოში გადაგზავნისას საფოსტო კავშირისათვის გაღებული დანახარჯის - 80 ლარის, საფოსტო კავშირისას მასალების საფოსტო კონვერტით შესაფუთად გაწეული დანახარჯის - 20 ლარის, ასევე, სატელევიზიო ვიდეოსიუჟეტების მხარისათვის გადასაცემად „ფლეშ მეხსიერების მოწყობილობის“ შესაძენად გაღებული ხარჯის - 39.98 ლარის ოდენობით, შსს მომსახურების სააგენტოში, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში, სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივში, სსიპ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში, კერძო სატელევიზიო სამაუწყებლო კომპანიებში ფასიან ანაზღაურებას დაქვემდებარებული მტკიცებულებების მისაღებად გაღებული ხარჯის - 404.04 ლარის ოდენობით და ანაზღაურებას დაქვემდებარებულ საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების სააღსრულებო ორგანოში აღსრულების უზრუნველსაყოფად სააღსრულებო ხარჯის - 200 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

სხვა ნაწილში სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2012 წლის 22 ნოემბერს, მოსარჩელე ი. პ-ის წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 1643 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სავარაუდო ჩადენისათვის. სიღნაღის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 ნოემბრის განჩინებით, მოსარჩელე ი. პ-ის შეეფარდა აღკვეთის ღონისძიება - გირაო. გირაოს თანხად განისაზღვრა 5000 ლარი, ხოლო, მისი შეტანის ვადად - 20 დღე; ბ) სიღნაღის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 მაისის განაჩენით, მოსარჩელე ი. პ-ი გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში და ცნობილ იქნა უდანაშაულოდ. ამასთან, აღნიშნული განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 02 მარტის განაჩენით, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 სექტემბრის განჩინებით, დაუშვებლად იქნა ცნობილი თბილისის პროკურატორის პროკურორ გ. შ-ის საკასაციო საჩივარი; გ) მოსარჩელე ი. პ-ის ინტერესებს, სისხლის სამართლებრივი დევნისა და სასამართლოში საქმის განხილვის სხვადასხვა ეტაპზე, იცავდა ხუთი ადვოკატი - თ. ჯ-ი, შ. გ-ი, გ. მ-ი, ლ. პ-იი და მ. ჩ-ი. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი, 2012 წლის 30 ნოემბრის სალაროს შემოსავლის ორდერებით დასტურდება, რომ ი. პ-იმა მ. ჩ-ის საადვოკატო მომსახურებისათვის აუნაზღაურა ჯამში 3313 ლარი; დ) მოსარჩელე ი. პ-ის მიერ მოცემული სისხლისსამართლებრივი საქმისათვის ჩატარებული იქნა არაერთი ალტერნატიული ექსპერტიზა, დოკუმენტების ტექნიკური, ხელნაწერებისა და ხელმოწერების ექსპერტიზა. საქმეში წარმოდგენილი, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსა და მოსარჩელის ადვოკატ ლ. პ-ის შორის დაიდო საექსპერტო ხელშეკრულებები 2012 წლის 3, 4 და 24 დეკემბერს. წარმოდგენილი შემოსავლის ორდერებით დასტურდება, რომ 2012 წლის 5 დეკემბერს ლა. პ-იმა გადაიხადა საექსპერტო მომსახურების საფასური - 55 ლარი, 2012 წლის 10 დეკემბერს - 100 ლარი, 2012 წლის 28 დეკემბერს - 825 ლარი. 2019 წლის 6 ივნისს მოსარჩელესა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შორის დაიდო საექსპერტო მომსახურების შესახებ კონტრაქტი, რის საფუძველზეც, მოსარჩელემ მომსახურების მისაღებად, 2019 წლის 24 ივლისს გადაიხადა 80 ლარი; ე) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მოსარჩელის მიერ დაკვეთილ და ჩატარებულ ალტერნატიულ საექსპერტო კვლევებში მონაწილე ექსპერტების კვალიფიკაციის დამადასტურებელი, უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტების (მტკიცებულებების) დიპლომირებული თარჯიმნის მეშვეობით საქართველოს სახელმწიფო ენაზე თარგმნისას გაღებული ხარჯი შეადგენს 184 ლარს, ხოლო დიპლომირებული თარჯიმნის თარგმანის სანოტარო წესით დამოწმებაზე გაღებული სანოტარო მოქმედების შესრულების საზღაურის ხარჯი - 92 ლარს; ვ) ქ. თბილისიდან ქ. სიღნაღში, სისხლის სამართლის საქმის განმხილველ - სიღნაღის რაიონულ სასამართლოში ი. პ-ისა და მისი ადვოკატების გამოსაცხადებლად მოსარჩელის მიერ 220 კმ. მანძილზე 64-ჯერ გამოცხადებისას 64-ჯერ საწვავის შესაძენად გაღებულმა ხარჯმა მთლიანობაში შეადგინა 9 400 ლარი.

საქართველოს კონსტიტუციის მე-18 და 31-ე მუხლებზე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-5 და მე-6 მუხლებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ შესაბამის თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად, უკანონოდ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის, ასევე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების გამო მიყენებული ზიანისათვის, კანონით განსაზღვრულია სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ასეთი დევნის უკანონობას, მის მართლსაწინააღმდეგო ხასიათს გულისხმობს, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული პირისათვის მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით, რადგან პირს, რომელსაც არ დაუდასტურდა ამა თუ იმ ქმედების ჩადენა, სისხლის სამართლებრივი დევნის ორგანოს ფორმალურად, კანონშესაბამისი ქმედებებით, ობიექტურად უსაფუძვლოდ მიადგა კონკრეტული ზიანი. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის, წარდგენილი ბრალდების დაუდასტურებლობის გამო სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა ან სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა იმთავითვე გულისხმობს პირის სამართლებრივ რეაბილიტაციას და წარმოშობს მის უფლებას - მოითხოვოს შესაბამისი კომპენსაცია. მორალური ზიანი არაქონებრივ ზიანს წარმოადგენს და მას ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია, იგი დაკავშირებულია პირის პატივისა და ღირსების შელახვასთან, განცდილ სტრესთან, შიშთან, უარყოფით ემოციებთან და ა.შ. თავისთავად პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა ბუნებრივად იწვევს პირის სტრესს, შიშს, უარყოფით ემოციებს, ლახავს მის პირად და საქმიან რეპუტაციას და ა.შ., თუმცა მორალური ზიანის და მისი ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია ზემოთ აღნიშნული ფაქტორების ხარისხის, მასშტაბის განსაზღვრა, ასევე პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში გამოყენებული ღონისძიებების (დაკავება, აღკვეთი ღონისძიებები და ა.შ.) მოცულობის მხედველობაში მიღება. მორალური ზიანის ანაზღაურება ვერ უზრუნველყოფს პირისათვის მიყენებული ფსიქო-ემოციური ზიანის სრულად აღმოფხვრას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, მაგრამ მის მიზანს შესაბამისი პირის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესება და განცდილი სტრესით, შიშით, უარყოფითი ემოციებით მიღებული მდგომარეობის შემსუბუქება წარმოადგენს და მის ოდენობას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მთელი რიგი ფაქტორების გათვალისწინებით განსაზღვრავს სასამართლო. ამასთან, პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა სახელმწიფოს ერთ-ერთ სპეციფიკურ ფუნქციას წარმოადგენს და მისი შედეგის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია, რადგან იგი დამოკიდებულია წინასწარ უცნობ ფაქტობრივ, თუ სამართლებრივ გარემოებებზე. შესაბამისად, სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველზე წარმოშობილი უარყოფითი ემოციების, განცდების, თუ სხვა სამართლებრივი შედეგების გარკვეულწილად თმენის ვალდებულება აქვს ყველას, რაც არ გამორიცხავს შემდგომ, უკანონო გამართლებული პირისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, თუმცა გავლენას ახდენს მორალური ზიანის ოდენობაზე.

სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივი დევნისა და სასამართლოში საქმის განხილვის პერიოდში, მოსარჩელე ი. პ-ის მიმართ გამოყენებული ღონისძიებებისა და აქედან გამომდინარე, მის მიერ განცდილი სტრესის, შიშის და უარყოფითი ემოციების ხარისხის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის მოთხოვნილი 50 000 ლარი არ წარმოადგენს ადეკვატურ ოდენობას, რის გამოც სარჩელი ამ ნაწილში ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაევალოს მორალური ზიანის ანაზღაურება 5000 ლარის ოდენობით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-17 მუხლებზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლებზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ მხარისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი, რომლის არსებობა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და ზიანის წარმოქმნას შორის დასტურდება სათანადო მტკიცებულებებით, ექვემდებარება სრულად ანაზღაურებას. გაწეული ხარჯების ანაზღაურებასთან მიმართებით მოსარჩელემ უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ხარჯების გაწევის ნამდვილობის დადასტურება, ხოლო, მეორე მხრივ, მათი გაწევის აუცილებლობა. მოსარჩელე, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების გამო, იძულებული იყო საკუთარი უფლებებისა და ინტერესების ეფექტურად დაცვისა და რეალიზებისათვის აეყვანა ადვოკატი და ესარგებლა მისი მომსახურებით საგამოძიებო ორგანოებსა თუ სასამართლოში, სრულყოფილად ესარგებლა სისხლის სამართლის კოდექსით ბრალდებულისათვის მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. ამრიგად, აღნიშნული ხარჯების გაწევა ცალსახად გამოწვეულია პირის მიერ დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით. საქმეში წარმოდგენილი, 2012 წლის 30 ნოემბრის, სალაროს შემოსავლის ორდერებით დასტურდება, რომ ი. პ-იმა მ. ჩ-ის საადვოკატო მომსახურებისათვის აუნაზღაურა ჯამში 3313 ლარი. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე, დადგენილია, რომ მოსარჩელე ი. პ-ის ინტერესებს სისხლის სამართლებრივი დევნისა და სასამართლოში საქმის განხილვის სხვადასხვა ეტაპზე იცავდა ხუთი ადვოკატი - თ. ჯ-ი, შ. გ-ი, გ. მ-ი, ლ. პ-იი და მ. ჩ-ი. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ, ზეპირსიტყვიერი შეთახმების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოში საქმეში მონაწილეობისთვის, სამ ადვოკატს გადაუხადა, ჯამში - 6000 ლარი, ხოლო, საკასაციო სასამართლოში - 3000 ლარი. მის მიერ საადვოკატო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯი მოთხოვნილია 17500 ლარის ოდენობით. დადგენილია, რომ მოსარჩელემ წარმოადგინა მხოლოდ ერთ-ერთ ადვოკატთან გაფორმებული იურიდიული მომსახურების მიღების შესახებ ხელშეკრულება და ასევე, მომსახურების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთან, უდავოა, რომ მას მომსახურებას უწევდნენ სხვა ადვოკატებიც, თუმცა, სხვა ადვოკატებთან მიმართებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები. მომსახურება, როგორც წესი, ანაზღაურებადია და მას იხდის ის პირი, რომელიც იღებს ადვოკატის მომსახურებას, შესაბამისად, კონკრეტული გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობა არ შეიძლება გახდეს ასეთი მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის სამართლიან ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი. სამართლიანი დაკმაყოფილება მოიცავს მოსარჩელისთვის ადვოკატის მომსახურებისთვის გადახდილი თანხის სწორად განსაზღვრას, მოცემულ შემთხვევაში, კი საქმეში 3313 ლარის გადახდის ქვითრის წარმოდგენისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი სხვა ადვოკატების მომსახურებაზე გაწეული ხარჯები, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს, მოსარჩელის მიერ საადვოკატო მომსახურებისათვის ანაზღაურებული თანხიდან, უნდა დაეკისროს ჯამში 4500 ლარი.

სასამართლოს განმარტებით, საგულისხმოა, რომ მოსარჩელის მიერ სისხლის სამართლებრივი საქმის წარმოებისას მის მიერ ჩატარებული ალტერნატიულ საექსპერტო კვლევებზე გაღებული ხარჯების დასაკმაყოფილებლად მოთხოვნილია 1500 ლარი, ხოლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, დასტურდება, რომ მოსარჩელემ გადაიხადა 1060 ლარი. საქმეში წარმოდგენილია, ასევე, თარჯიმნის მომსახურებისა და სანოტარო მომსახურების მიღებისთვის გაწეული ხარჯების დამადასტურებელი მტკიცებულებები, სულ 276 ლარის ოდენობით. რაც შეეხება სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გამოცხადებისას მისთვის და დამცველი ადვოკატებისთვის, გაწეული საწვავის შესაძენად გაღებულ ხარჯებს, საქმეში წარმოდგენილია არაერთი ქვითარი, რომლითაც დასტურდება, სისხლის სამართლებრივი საქმის მიმდინარეობის პერიოდში, მოსარჩელის მიერ საწვავის საფასურის გადახდა, შესაბამისად, აღნიშნული ხარჯი, სრულად უნდა იქნეს დაკმაყოფილებული - 9400 ლარის ოდენობით. ხოლო, რაც შეეხება, კვების ხარჯებს, მართალია, საქმეში წარმოდგენილია რამდენიმე მტკიცებულება კვების ხარჯების გაწევასთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელემ ხარჯების გაწევის ნამდვილობის დადასტურებასთან ერთად, უნდა დაადასტუროს მისი გაწევის აუცილებლობა. კვების ხარჯები არ აკმაყოფილებს მეორე კრიტერიუმს და ვერ ჩაჯდება მიყენებული ზიანის მოთხოვნის ნაწილში, რადგან კვების გადახდა, მხარის მიერ ისეთი სახის გაწეული ხარჯია, რომელიც არ არის კავშირში ბრალდებულის სახით პასუხისგებასთან, რადგან, პირი ბრალდებული იქნებოდა თუ არა, აღნიშნული თანხის გაწევა ისედაც წარმოადგენს მხარის ყოველდღიურ ხარჯს. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ სისხლის სამართლებრივი საქმის წარმოებისას - 800 ლარის ცელულოზა ქაღალდის ფურცლის ხარჯს, მართალია, აღნიშნული თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი საქმეში არ არის წარმოდგენილი, თუმცა, საქმის მიმდინარეობის პერიოდისა და მისი მოცულობითობის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოთხოვნა საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს. ხოლო საქმის წარმოებისას საფოსტო მომსახურებაზე მოსარჩელის მიერ გაღებული ხარჯის -2000 ლარის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა, არ არის დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებებით და შესაბამისად, მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი დაუსაბუთებელია.

საპროცესო ხარჯებთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისთვის მის სასარგებლოდ სასამართლოს გარეშე ხარჯის - ადვოკატის მომსახურებისთვის გადასახდელი ჰონორარის თანხის ანაზღაურება 7 000 ლარის ოდენობით. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, გონივრული ოდენობის სახით საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სასამართლოს გარეშე ხარჯის ანაზღაურება 300 ლარის ოდენობით.

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურებას უნდა დაექვემდებაროს: სასამართლოს გარეშე ხარჯის, მოცემულ საქმეზე მინდობილობების, დავალების ხელშეკრულებისა და სხვა დოკუმენტების სანოტარო წესით დამოწმებისათვის გაღებული სანოტარო ხარჯი - 70 ლარის ოდენობით, სარჩელის სასამართლოში წარდგენის, საქმის განხილვისას მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლების სასამართლო სხდომაზე გამოცხადების უზრუნველსაყოფად, სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით გადაადგილების გამო ტრანსპორტირებაზე გაღებული ხარჯი 100 ლარის ოდენობით, მტკიცებულებათა მოძიება-მოპოვებაზე გაღებული ხარჯების ანაზღაურება, რაც აუცილებელი გახდა წერილობითი და სხვაგვარი მტკიცებულებების მისაღებად - 120 ლარის ოდენობით, საქმის განხილვის უზრუნველსაყოფად პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელის, წერილობითი განცხადებების, წერილობითი შუამდგომლობების მომზადებაზე დახარჯული ცელულოზის ქაღალდის ფურცლებისათვის დახარჯული თანხა 90 ლარის ოდენობით, სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების, ასევე სხვა მტკიცებულებების ასლების მომზადებაზე გაღებული ხარჯები 200 ლარის ოდენობით, მათ აკინძვაზე გახარჯული ლითონის აკინძვით შეკვრაზე გაღებული ხარჯი 10 ლარის ოდენობით, საქმის მასალების სასამართლოში გადაგზავნისას საფოსტო კავშირისათვის გაღებული დანახარჯი - 80 ლარის ოდენობით, საფოსტო კავშირისას მასალების საფოსტო კონვერტით შესაფუთად გაწეული დანახარჯი - 20 ლარის ოდენობით, ასევე, სატელევიზიო ვიდეოსიუჟეტების მხარისათვის გადასაცემად „ფლეშ მეხსიერების მოწყობილობის“ შესაძენად გაღებული ხარჯის ანაზღაურება 39.98 ლარის ოდენობით (საგარანტიო ტალონი და საფასურის გადახდის ქვითარი, ტ. V, ს.ფ.56), შსს მომსახურების სააგენტოში, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში, სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივში, სსიპ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში, კერძო სატელევიზიო სამაუწყებლო კომპანიებში ფასიან ანაზღაურებას დაქვემდებარებული მტკიცებულებების მისაღებად გაღებული ხარჯი 404.04 ლარის ოდენობით (გადახდის ქვითრები, ტ. IV, ს.ფ. 76; ტ. V, ს.ფ. 77) და ანაზღაურებას დაქვემდებარებულ საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების სააღსრულებო ორგანოში აღსრულების უზრუნველსაყოფად სააღსრულებო ხარჯის ანაზღაურება 200 ლარის ოდენობით. სხვა ნაწილში სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 თებერვლის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე მითითებით პალატამ აღნიშნა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაკავშირებულია არაქონებრივი უფლებების დარღვევასთან, ხოლო ქონებრივი უფლებების უკანონო შეზღუდვა იწვევს მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. შესაბამისად, არსებობს გამართლებული პირის უფლების დაცვის მექანიზმი და გამართლებულ პირს შეუძლია, აღიდგინოს დარღვეული უფლებები, კერძოდ, გამართლებულ პირს აქვს შესაძლებლობა, დარღვეული უფლება აღიდგინოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების გზით.

მიყენებული მორალური ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით პალატამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებით სასამართლოს მიერ არამატერიალური ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კერძოდ, მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია: დამდგარი ზიანის სიმძიმე, შელახული უფლების მნიშვნელობა, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობა, საპატიმრო დაწესებულებაში პირის ყოფნის დრო და სხვა. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ი. პ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობდა 2012 წლიდან, ხოლო განაჩენი დადგა 2016 წლის 18 მაისს და ამასთან, სასამართლო საქმის წარმოება 2016 წელს არ დამთავრებულა. საქართველოს გენერალური პროკურატურა არ დაეთანხმა გამამართლებელ განაჩენს, გაასაჩივრა ზემდგომ ინსტანციებში, რის გამოც, საბოლოოდ, 2018 წლის 27 სექტემბრის განჩინებით დასრულდა სისხლის სამართლის საქმის წარმოება. აღნიშნული დროის ხანგრძლივობით მიმდინარე სისხლის სამართლის წარმოება ადასტურებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული მორალური ზიანის ანაზღაურების თანხა არ არის შეუსაბამოდ მაღალი. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხისათვის 5 000 ლარის დაკისრება მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნების პროპორციულია და ექცევა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 412-ე მუხლებზე მითითებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოსარჩელე, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების გამო, იძულებული იყო საკუთარი უფლებებისა და ინტერესების ეფექტურად დაცვისა და რეალიზებისათვის აეყვანა ადვოკატი, ესარგებლა მისი მომსახურებით სასამართლოში, ჩაეტარებინა ექსპერტიზა, სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გამოსაცხადებლად გაეღო საწვავის ხარჯები და სხვა ხარჯი, რომელიც აუცილებელი იყო საქმის წარმოებისთვის, რათა სრულყოფილად ესარგებლა სისხლის სამართლის კოდექსით ბრალდებულისათვის მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. ამრიგად, ი. პ-ის მხრიდან აღნიშნული ხარჯების გაწევა ცალსახად განპირობებულ იქნა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ მის მიმართ გატარებული ღონისძიებებით, რის გამოც არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობები. მატერიალური ზიანის მოთხოვნის ნაწილში სასარჩელო განცხადება შეიცავდა შესაბამის ფაქტობრივ გარემოებებს შესაბამის მტკიცებულებებზე მითითებით. აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საკმარისი მტკიცებულებების გარეშე დააკმაყოფილა სარჩელის მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, თუმცა ამავე დროს აპელანტი ვერ უთითებს იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომელთა საფუძველზეც გაქარწყლდებოდა სარჩელში მითითებული მტკიცებულებებისა და გარემოებების არსებობა.

პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია მასზედ, რომ ხარჯის გაწევის დადასტურების გარეშე დაეკისრა მოპასუხე მხარეს ჯამში 4500 ლარის ანაზღაურება და განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი ქვითრები ჯამში 3312.70 ლარის ოდენობისაა. ამასთან, საქმეში საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების არარსებობის პირობებშიც კი, არ წარმოიშობოდა მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან კანონმდებლობა არ უზღუდავს მხარეებს საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება გააფორმონ როგორც ზეპირად, ისე წერილობითი ფორმით, ხოლო ის ფაქტი, რომ ი. პ-ის ინტერესებს სისხლის სამართლის საქმის წარმოების სხვადასხვა სტადიებზე იცავდა რამდენიმე ადვოკატი, რომელთა მომსახურებაც, თავის მხრივ, სასყიდლიანია, უდავოდ მართებულს ხდის მოპასუხისთვის ადვოკატის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების დაკისრებას 4500 ლარის ოდენობით.

სააპელაციო პალატის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ სისხლის სამართლებრივი საქმის წარმოებისას მის მიერ ჩატარებული ალტერნატიულ საექსპერტო კვლევებზე გაღებული ხარჯების დასაკმაყოფილებლად მოთხოვნილი იყო 1500 ლარი, ხოლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ მოსარჩელემ გადაიხადა 1060 ლარი. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ასევე სწორი შეფასება მიეცა საქმეში წარმოდგენილ თარჯიმნის მომსახურებისა და სანოტარო მომსახურების მიღებისთვის გაწეული ხარჯების დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რომელთა მიხედვითაც გაღებულმა ხარჯმა სულ 276 ლარი შეადგინა. ხსენებული ხარჯები უდავოდ დაკავშირებულია სისხლის სამართლის წარმოებასთან და ექვემდებარება ანაზღაურებას.

სიღნაღის რაიონულ სასამართლოში ი. პ-ისა და მისი დამცველი ადვოკატების გამოცხადებისათვის საწვავის შესაძენად გაღებული ხარჯების ანაზღაურებასთან მიმართებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილია არაერთი ქვითარი, რომლითაც დასტურდება სისხლის სამართლებრივი საქმის მიმდინარეობის პერიოდში, მოსარჩელის მიერ საწვავის საფასურის გადახდა, შესაბამისად, აღნიშნული ხარჯი გაწეულია სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით და ექვემდებარება ანაზღაურებას.

სააპელაციო პალატის განმარტებით, რაც შეეხება მოსარჩელის მიერ სისხლის სამართლებრივი საქმის წარმოებისას 800 ლარის ცელულოზა ქაღალდის ფურცლის ხარჯს, მართალია, აღნიშნული თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი საქმეში არ არის წარმოდგენილი, თუმცა, საქმის მიმდინარეობის პერიოდისა და მისი მოცულობითობის, სარჩელისა და თანდართული მტკიცებულებების გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება აღნიშნულ ნაწილშიც დასაბუთებულია.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 207-ე მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე, 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 32-ე, 33-ე, მე-3, მე-19, 37-ე, 166-ე, 167-ე მუხლებზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა სახელმწიფოს ერთ-ერთ სპეციფიკურ ფუნქციას წარმოადგენს და მისი შედეგის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია, რადგან იგი დამოკიდებულია წინასწარ უცნობ ფაქტობრივ, თუ სამართლებრივ გარემოებებზე. სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს საზოგადოების, მისი წევრების უსაფრთხოების დაცვას, მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი/გამამართლებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივას. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველზე წარმოშობილი უარყოფითი ემოციების, განცდებისა თუ სხვა სამართლებრივი შედეგების გარკვეულწილად თმენის ვალდებულება აქვს ყველას.

ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია დადგინდეს ქმედების უკანონობა. მოცემულ შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობისას მოსარჩელის მიმართ საპროცესო ღონისძიებების გამოყენება მოხდა კანონით დადგენილი წესის დაცვით, კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ეფუძნებოდა კანონს და კანონის საფუძველზე მიღებულ საპროცესო დოკუმენტს - სასამართლო განჩინებას. ამდენად, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არ შეიძლება გაგებულ იქნეს, როგორც ვინმეს მხრიდან განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი ქმედებით ზიანის მიყენებად.

კასატორის განმარტებით, მორალური ზიანის ანაზღაურების თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია. დამოკიდებულია მრავალ სხვადასხვა პირობაზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მორალური ზიანის საკომპენსაციოდ, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა მთლიანად სასამართლოს გონივრული განსჯისათვის არის მინდობილი. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ კომპენსაციის ოდენობა ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ მდგომარეობას, შესაბამისად, ოდენობა უნდა გამომდინარეობდეს გონივრული და სამართლიანი განსჯის შედეგად. აუცილებელია შეფასდეს, როგორც კონკრეტული პიროვნება და მისი სუბიექტური დამოკიდებულება ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე ობიექტური გარემოებები. აქედან გამომდინარე, კანონმდებელმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში არსებული ჩანაწერით - „მორალური ზიანი უნდა ანაზღაურდეს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით“, მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრა მიანდო სასამართლოს.

კონკრეტულ შემთხვევაში ი. პ-ის სასამართლო განჩინების საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ჰქონდა გირაო 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა მის მიმართ მიმდინარეობდა დაახლოებით 3 წლისა და 6 თვის განმავლობაში. შესაბამისად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების, სამართლებრივი ნორმების, ასევე, მსგავს საქმეებზე სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის მორალური ზიანის სახით - 5 000 ლარის დაკისრება უსაფუძვლოა, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნების არაპროპორციულია, არ ექცევა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში.

კასატორი არ ეთანხმება მატერიალური ზიანის სახით 16 036 ლარისა და საპროცესო ხარჯის სახით 1 634.02 ლარის მასზედ დაკისრებას და განმარტავს, რომ ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უპირობოდ სრულად ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის. სისხლის სამართლის საქმეში მხოლოდ ადვოკატის მონაწილეობის ფაქტი არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას ამგვარი მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის დასადასტურებლად და შემდგომ ასანაზღაურებლად. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და მიიჩნია, რომ ხსენებული ხარჯები დაკავშირებულია სისხლის სამართლის საქმესთან და ექვემდებარება ანაზღაურებას მაშინ, როდესაც 4500 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა.

კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის 1060 ლარის, როგორც საექსპერტო კვლევებზე გაღებული ხარჯის, დაკისრებას და აღნიშნავს, რომ ი. პ-ის მიერ გაღებული ხარჯების არსებობა და მისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი საქმის მასალებით არ დასტურდება. ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორს, საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის 276 ლარის, როგორც ექსპერტების კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების მიღების, თარგმნისა და დამოწმებისათვის გაღებული ხარჯის დაკისრება და განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ პირადი სურვილით დამატებით გაღებული ხარჯი არანაირ კავშირში არ არის მოსარჩელის მიმართ წარმოებულ სისხლისსამართლებრივ დევნასთან, რასაც არანაირი გავლენა არ მოუხდენია სისხლის სამართლის საქმის შედეგზე. რაც შეეხება ქაღალდის ფურცლის ხარჯს (800 ლარი), გაუგებარია, რა მონაცემებზე დაყრდნობით დაადგინა სასამართლომ, რომ მოსარჩელის მიერ გახარჯულ იქნა 800 ლარის ქაღალდი. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. შესაბამისად, სასამართლომ გადახდის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულების გარეშე დააკისრა მოპასუხე მხარეს აღნიშნული თანხა.

საწვავის ხარჯის - 9400 ლარის დაკისრებასთან დაკავშირებით კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს მსჯელობა და მხოლოდ იმ ფაქტზე მითითება, რომ ი. პ-ი 64-ჯერ გამოცხადდა სასამართლოში და ესწრებოდა სხდომებს, არ არის დასტური იმისა, რომ მან ნამდვილად გასწია ხარჯი 9400 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ქვითრები (დუბლირებული) არ არის დამადასტურებელი მტკიცებულება იმისა, რომ აღნიშნული ხარჯი უშუალოდ ი. პ-ის მიერ იქნა გაწეული და, საერთოდ, იქნა თუ არა გაწეული ამ ოდენობის ხარჯი, შესაბამისად, მიადგა თუ არა მას ამ ოდენობის მატერიალური ზიანი. პირისთვის ზიანის ანაზღაურების დავალების სამართლებრივ საფუძველს კუმულატიურად რამდენიმე სამართლებრივი პირობის ობიექტურად არსებობა წარმოადგენს, კერძოდ, პირის მოქმედება, რამაც ზიანი გამოიწვია, უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო (კანონშეუსაბამო), პირს უნდა ჰქონდეს განზრახვა ან გაუფრთხილებლობა და ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზშედეგობრივი კავშირი, მაშასადამე, სისხლის სამართლის დევნის ორგანოსა და დამდგარ შედეგს შორის უნდა არსებობდეს პირდაპირი და უტყუარი მიზეზშედეგობრივი კავშირი. მატერიალური ზიანის ანაზღაურებისას უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ ზიანის გამომწვევ გარემოებებსა და განსაზღვრავდნენ მიყენებული ზიანის ოდენობას. მხოლოდ სისხლის სამართლის საქმის წარმოებაზე მითითება არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს, რათა დადგინდეს ბრალდების გამო კონკრეტული ოდენობით მატერიალური ზიანის დადგომის ფაქტი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის და ამავე კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის მოსარჩელის მიერ შუამდგომლობის სახით მოთხოვნილ და ნაწილობრივ დაკმაყოფილებულ სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით დაკისრებულ თანხებს, ჯამში 1634,02 ლარს, სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორი და აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მიმდინარე დავაზე მოსარჩელე ადვოკატით წარმოდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად, გაუგებარია ადვოკატის მომსახურებასა და მით უმეტეს, გადახდილ თანხაზე - 300 ლარზე მითითება. რაც შეეხება სასამართლოს მიერ საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის ხარჯების სახით სხვა თანხების დაკისრებას, ასევე მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს. გაწეული ხარჯები უნდა იყოს აუცილებელი, ანუ, მისი გაწევა, დარღვევის თავიდან ასაცილებლად ან მის გამოსასწორებლად აუცილებელი უნდა იყო. თანხა უნდა იყოს გონივრული ოდენობის. სასამართლო საჭიროებს მტკიცებულებას ქვითრებისა და ზედნადების სახით. ეს უკანასკნელი უნდა იყოს საკმარისად დეტალური, რათა სასამართლომ შეძლოს იმის განსაზღვრა, თუ რამდენად არის დასაკმაყოფილებელი მოთხოვნები. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია არაერთი დოკუმენტი, რომელსაც არანაირი შემხებლობა და კავშირი არ აქვს არც მიმდინარე ადმინისტრაციულ დავასთან და არც მოსარჩელის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმესთან. აღნიშნული ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს - სარჩელის გადატვირთვას. მეტიც, საქმეში წარმოდგენილია არაერთი დუბლირებული დოკუმენტი, ასევე, ერთი და იმავე შინაარსის შემცველი ინფორმაცია დისკის, ფლეშ მეხსიერების, წერილის, ლინკის თუ სხვა ფორმით. ყველა აღნიშნული დოკუმენტის წარმოდგენისა და მათზე ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა და არც ასეთი ხარჯის გაწევის აუცილებლობა დასტურდება. მათი უმრავლესობა არარელევანტური და საქმესთან კავშირში არმყოფი დოკუმენტებია, რომლებსაც არც საქმის შედეგზე ჰქონია გავლენა.

კასატორი მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-13 პუნქტზე და უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააღსრულებო ხარჯის სახით საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის თანხის დაკისრებას.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 დეკემბრის განჩინებით (ა) საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას მოსარჩელის მიერ ქაღალდის გაღებული ხარჯის - 800 ლარის ოდენობით მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მოსარჩელის დაკვეთით ჩატარებულ საექსპერტო კვლევებზე გაღებული ხარჯის - 1060 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში, ასევე, წინამდებარე საქმეზე პროცესის ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად, ხოლო (ბ) დანარჩენ ნაწილში (იმ ნაწილში, რომლითაც გასაჩივრებულია: ა) დაევალოს საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოსარჩელე ი. პ-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის - 5000 ლარის ოდენობით ანაზღაურება; ბ) დაევალოს საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოსარჩელე ი. პ-ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურება, კერძოდ: 1. სიღნაღის რაიონულ სასამართლოში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატასა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ადვოკატების მომსახურებაზე გაღებული ხარჯის - 4500 ლარის ოდენობით; 2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ი. პ-ის დაკვეთით ჩატარებულ საექსპერტო კვლევებში მონაწილე ექსპერტების კვალიფიკაციის დამადასტურებელი, უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტების (მტკიცებულებების) საქართველოს სახელმწიფო ენაზე თარგმნისას გაღებული ხარჯის - 184 ლარის ოდენობით, ხოლო თარგმანის სანოტარო წესით დამოწმებაზე გაღებული სანოტარო მოქმედების შესრულების საზღაურის ხარჯის - 92 ლარის ოდენობით; 3. ქ. თბილისიდან ქ. სიღნაღში, სისხლის სამართლის საქმის განმხილველ - სიღნაღის რაიონულ სასამართლოში ი. პ-ისა და მისი ადვოკატების გამოსაცხადებლად მოსარჩელის მიერ საწვავის შესაძენად გაღებული ხარჯის - 9 400 ლარის ოდენობით) საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და მოცემულ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 თებერვლის განჩინება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი (სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას მოსარჩელის მიერ დახარჯული ქაღალდის ხარჯის - 800 ლარის ოდენობით მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ი. პ-ის დაკვეთით ჩატარებული ექსპერტიზის ხარჯის - 1060 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში, წინამდებარე საქმეზე პროცესის ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში) უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები), ხოლო ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები (საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-6 ნაწილი ხაზს უსვამს ადამიანის თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლების განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ნორმა კონკრეტულად შეეხება უკანონოდ თავისუფლებაშეზღუდული პირის უფლებას, მოითხოვოს სახელმწიფო ორგანოებისა და მოსამსახურეთა უკანონო მოქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. კონსტიტუციის მე-13 მუხლთან კავშირშია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-5 მუხლი, რომლითაც აღიარებულია ადამიანის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს, რომ ყველა მსხვერპლს, ვინც ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით დააკავეს ან დააპატიმრეს, აქვს კომპენსაციის ქმედითი უფლება.
ამდენად, სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის 5.5 მუხლით - „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება“.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, თუ კერძო პირი რაიმე საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ დელეგირების ან დავალების საფუძველზე, ამ საქმიანობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი. ამასთან, კოდექსის 207-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი („ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული..“ (სუს 10.04.2014წ. Nბს-648-623(2კ-13) გადაწყვეტილება).
ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებას უკავშირდება სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი (სახელმწიფოს (მუნიციპალიტეტის) პასუხისმგებლობა სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეთა მიერ მიყენებული ზიანისათვის). 1005-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების პრინციპი 992-ე მუხლის ზოგადი დანაწესიდან გამომდინარეობს და მოიაზრებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების შესაძლებლობას მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების არსებობის პირობებში, ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენით. გარდა ამისა, ზიანის გამომწვევი ქმედება კავშირში უნდა იყოს საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან და ყურადღება უნდა გამახვილდეს არა ქმედების ჩამდენ პირზე, არამედ ფუნქციაზე, რომლის შესრულებასაც შეიძლება ემსახურებოდეს სახელმწიფო ან საჯარო მოსამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი, თავის მხრივ, შეიცავს საგამონაკლისო შემთხვევას, დელიქტის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტის - ბრალის გათვალისწინების გარეშე ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის შესაძლებლობის თაობაზე, კერძოდ, 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს. მნიშვნელოვანია, რომ 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობისათვის, დამდგარი ზიანის, მართლწინააღმდეგობისა და მიზეზობრივი კავშირის არსებობასთან ერთად, სახეზე უნდა იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი განმარტებიდან გამომდინარე, „..პირის რეაბილიტაციის უმთავრესი იურიდიული საფუძველი გამამართლებელი განაჩენია, რომელიც პირის არაბრალეულობასა და უდანაშაულობას ადასტურებს..“ (სუს 2019 წლის 7 თებერვლის №ბს-432-429 (2კ-17) გადაწყვეტილება და სხვ.).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ გარემოებებზე: ა) 2012 წლის 22 ნოემბერს მოსარჩელე ი. პ-ის წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 1643 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სავარაუდო ჩადენისათვის (ტ.1. ს.ფ. 230-231); ბ) სიღნაღის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 ნოემბრის განჩინებით ბრალდებულ ი. პ-ის მიმართ გამოყენებულ იქნა გირაო 5000 ლარის ოდენობით, რომლის შეტანის ვადად 20 დღე განისაზღვრა (ტ.1. ს.ფ. 238-340); გ) სიღნაღის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 მაისის განაჩენით ი. პ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში (ტომი 3, ს.ფ. 128-143); დ) აღნიშნული განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მარტის განაჩენით, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 სექტემბრის განჩინებით თბილისის პროკურატორის პროკურორ გ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად (ტომი 3, ს.ფ. 148-157, 160-165).
საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიმართ გამოტანილი სიღნაღის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 მაისის კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომლითაც ი. პ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში, წარმოადგენს მისი რეაბილიტაციის საფუძველს. განაჩენით უტყუარად დასტურდება დანაშაულის ჩადენის ფაქტის არარსებობა, შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას მოსარჩელის მიმართ ფორმალურად კანონიერად გამოყენებული ზემოქმედების ღონისძიებები, მარეაბილიტირებელი გარემოების დადგენისთანავე, სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისთვის, უნდა ჩაითვალოს უკანონოდ.
სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ზიანი ანაზღაურდება სისხლის სამართლის საქმეების მწარმოებელ ცალკეულ თანამდებობის პირთა ბრალეულობის დადგენის გარეშე. „..ამ მუხლის მიზნებისათვის, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისია პირის მარეაბილიტირებელი გარემოების არსებობა და შესაბამისი ქმედების უკანონობის დადგენა. ამ შემთხვევაში, რელევანტურია, დადგინდეს პირობა, ურომლისოდაც ზიანის გამომწვევი შედეგი არ დადგებოდა. შეფასების საგანს სცილდება ბრალეული მიზეზობრიობის (კონკრეტული პირის ბრალეული ქმედების არსებობის) დადგენა, რამაც გამოიწვია ზიანი. ბრალი არ წარმოადგენს უკანონო ბრალდების/მსჯავრდების ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების აუცილებელ წინაპირობას..“ (სუს 2021 წლის 27 მაისის №ბს-222(კ-კს-20) გადაწყვეტილება). „..დაუშვებელია დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მომწესრიგებელი ზოგადი ნორმებით (სკ-ის 992, 1005.1 მუხ.) დადგენილი მოთხოვნების განვრცობა სპეციალური ნორმით (სკ-ის 1005.3 მუხ.) მოწესრიგებულ კონკრეტულ სამართალურთიერთობაზე, რომელსაც ადგილი აქვს უკანონო ბრალდებისა და უკანონო მსჯავრდების შემთხვევაში..“ (სუს 07.02.2019წ. Nბს-432-429(2კ-17) გადაწყვეტილება).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
წინამდებარე საკასაციო საჩივრის ფარგლებში დავის საგანია მოპასუხეს დაეკისროს სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას მოსარჩელის მიერ დახარჯული ქაღალდის ხარჯის - 800 ლარის და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ი. პ-ის დაკვეთით ჩატარებული ექსპერტიზის ხარჯის - 1060 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ სისხლის სამართლებრივი საქმის წარმოებისას - 800 ლარის ცელულოზა ქაღალდის ფურცლის ხარჯის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი საქმეში არ არის წარმოდგენილი, თუმცა, საქმის მიმდინარეობის პერიოდისა და მისი მოცულობითობის გათვალისწინებით, აღნიშნული მოთხოვნა საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნულ განმარტებას და მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტზე, რომელსაც აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სრულად გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში (ასკ-ის მუხლი 17.1). მითითებული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოთა მითითებას სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობის პერიოდისა და მისი მოცულობითობის გათვალისწინებით მოსარჩელის მიერ გაწეული ქაღალდის ხარჯის გონივრულობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, გათვალისწინებით იმისა, რომ მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას 800 ლარის ღირებულების ცელულოზა ქაღალდისათვის გაღებული ხარჯის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, დაუსაბუთებელია მოთხოვნა აღნიშნული ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე და სარჩელი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მოსარჩელის დაკვეთით ჩატარებულ საექსპერტო კვლევებზე გაღებული ხარჯის - 1060 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას, პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოთა განმარტებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსა და მოსარჩელის ადვოკატ ლ. პ-ის შორის დაიდო საექსპერტო ხელშეკრულებები 2012 წლის 03, 04 და 24 დეკემბერს. წარმოდგენილი, შემოსავლის ორდერებით, დასტურდება, რომ 2012 წლის 05 დეკემბერს, ლა. პ-იმა გადაიხადა საექსპერტო მომსახურების საფასური - 55 ლარი, 2012 წლის 10 დეკემბერს - 100 ლარი, 2012 წლის 28 დეკემბერს - 825 ლარი. ხოლო, 2019 წლის 6 ივნისს, მოსარჩელესა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შორის დაიდო საექსპერტო მომსახურების შესახებ კონტრაქტი, რის საფუძველზეც, მოსარჩელემ მომსახურების მისაღებად 2019 წლის 24 ივლისს გადაიხადა - 80 ლარი.
საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ 2019 წლის 6 ივნისს, მოსარჩელესა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შორის დადებული საექსპერტო მომსახურების შესახებ კონტრაქტი, რის საფუძველზეც, მოსარჩელემ მომსახურების მისაღებად 2019 წლის 24 ივლისს გადაიხადა - 80 ლარი (ტ.5. ს.ფ. 69-75), შეეხებოდა წინამდებარე დავაზე მტკიცებულების მოპოვებას საწვავის ხარჯის განსაზღვრასთან დაკავშირებით და ექსპერტიზა ჩატარებულია სისხლის სამართლის საქმის დასრულების შემდეგ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მასალებზე: ა) 2012 წლის 3 დეკემბერს ი. პ-ის ადვოკატმა ლ. პ-იმა №1010194212 განცხადებით მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს და მოითხოვა ექსპერტიზის დანიშვნა. 2012 წლის 3 დეკემბერს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და ი. პ-ის ადვოკატ ლ. პ-ის შორის გაფორმებულია ხელშეკრულება №2010091712 (ტ.2. ს.ფ. 121-125). ამასთან, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 19 დეკემბრის №5010110612 მიმართვის თანახმად, განცხადება დატოვებული იქნა შეუსრულებლად გამოსაკვლევი დოკუმენტის (დედანი) და ნიმუშების წარუდგენლობის შეუძლებლობის გამო. აღნიშნული ექსპერტიზის დანიშვნაზე მოსარჩელის მიერ გაღებული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტი საქმეში წარმოდგენილი არ არის (ტ.2, ს.ფ.127); ბ) 2012 წლის 3 დეკემბერს ი. პ-ის ადვოკატმა ლ. პ-იმა №1010193912 განცხადებით მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს და მოითხოვა ექსპერტიზის დანიშვნა (დაჩქარებული წესით). 2012 წლის 3 დეკემბერს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და ი. პ-ის ადვოკატ ლ. პ-ის შორის გაფორმებულია ხელშეკრულება №2010091512 (ტ.2. ს.ფ. 128-132). სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 5 დეკემბრის №5010118812 აქტის თანახმად, ექსპერტიზა ვერ ჩატარდა ჩანაწერის უხარისხობის გამო. აღნიშნული ექსპერტიზის დანიშვნაზე მოსარჩელის მიერ გაღებული ხარჯების დასადასტურებლად წარმოდგენილია 55 ლარის გადახდის დამადასტურებელი შემოსავლის ორდერი, თუმცა მასში მითითებულია, რომ თანხა გადახდილია №3010084312 ექსპერტიზის ჩატარების მიზნით (ტ.2. ს.ფ. 133-138); გ) 2012 წლის 4 დეკემბერს ი. პ-ის ადვოკატმა ლ. პ-იმა №1010211412 განცხადებით მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს და მოითხოვა ექსპერტიზის დანიშვნა (დაჩქარებული წესით). 2012 წლის 4 დეკემბერს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და ი. პ-ის ადვოკატ ლ. პ-ის შორის გაფორმებულია ხელშეკრულება №2010097412 (ტ.2. ს.ფ. 139-143). სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 7 დეკემბრის №010099012 დასკვნის თანახმად, ხელწერის ექსპერტიზის ჩატარება შეუძლებელია. აღნიშნული ექსპერტიზის დანიშვნაზე მოსარჩელის მიერ გაღებული ხარჯების დასადასტურებლად წარმოდგენილია 100 ლარის გადახდის დამადასტურებელი შემოსავლის ორდერი, თუმცა მასში მითითებულია, რომ თანხა გადახდილია №3010097012 ექსპერტიზის ჩატარების მიზნით (ტ.2. ს.ფ. 144-149); დ) 2012 წლის 20 დეკემბერს ი. პ-ის ადვოკატმა ლ. პ-იმა №1010395912 განცხადებით მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს და მოითხოვა ექსპერტიზის დანიშვნა (დაჩქარებული წესით). 2012 წლის 20 დეკემბერს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და ი. პ-ის ადვოკატ ლ. პ-ის შორის გაფორმებულია ხელშეკრულება №2010146612 (ტ.2. ს.ფ. 173-176). სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 28 დეკემბრის №5010307212 მიმართვის თანახმად, განცხადება დატოვებულ იქნა შეუსრულებლად გამოსაკვლევი დოკუმენტის (დედანი) და ნიმუშების წარუდგენლობის შეუძლებლობის გამო. აღნიშნული ექსპერტიზის დანიშვნაზე მოსარჩელის მიერ გაღებული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტი საქმეში წარმოდგენილი არ არის (ტ.2. ს.ფ. 177-178); ე) 2012 წლის 24 დეკემბერს ი. პ-ის ადვოკატმა ლ. პ-იმა №1010436612 განცხადებით მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს და მოითხოვა ექსპერტიზის დანიშვნა (დაჩქარებული წესით). 2012 წლის 24 დეკემბერს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და ი. პ-ის ადვოკატ ლ. პ-ის შორის გაფორმებულია ხელშეკრულება №2010157212 (ტ.2. ს.ფ. 180-184). აღნიშნული ექსპერტიზის დანიშვნაზე მოსარჩელის მიერ გაღებული ხარჯების დასადასტურებლად წარმოდგენილია 200 ლარის გადახდის დამადასტურებელი შემოსავლის ორდერი (ტ.2. ს.ფ. 185-186); ვ) 2012 წლის 24 დეკემბერს ი. პ-ის ადვოკატმა ლ. პ-იმა №1010437312 განცხადებით მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს და მოითხოვა ექსპერტიზის დანიშვნა (დაჩქარებული წესით). 2012 წლის 24 დეკემბერს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და ი. პ-ის ადვოკატ ლ. პ-ის შორის გაფორმებულია ხელშეკრულება №2010157612 (ტ.2. ს.ფ. 194-198). აღნიშნული ექსპერტიზის დანიშვნაზე მოსარჩელის მიერ გაღებული ხარჯების დასადასტურებლად წარმოდგენილია 200 ლარის გადახდის დამადასტურებელი შემოსავლის ორდერი (ტ.2. ს.ფ. 199-200); ზ) 2012 წლის 24 დეკემბერს ი. პ-ის ადვოკატმა ლ. პ-იმა №1010437512 განცხადებით მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს და მოითხოვა ექსპერტიზის დანიშვნა (დაჩქარებული წესით). 2012 წლის 24 დეკემბერს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და ი. პ-ის ადვოკატ ლ. პ-ის შორის გაფორმებულია ხელშეკრულება №2010157712 (ტ.2. ს.ფ. 207-211). აღნიშნული ექსპერტიზის დანიშვნაზე მოსარჩელის მიერ გაღებული ხარჯების დასადასტურებლად წარმოდგენილია 200 ლარის გადახდის დამადასტურებელი შემოსავლის ორდერი (ტ.2. ს.ფ. 212-213); თ) 2012 წლის 24 დეკემბერს ი. პ-ის ადვოკატმა ლ. პ-იმა №1010436912 განცხადებით მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს და მოითხოვა ექსპერტიზის დანიშვნა (დაჩქარებული წესით). 2012 წლის 24 დეკემბერს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და ი. პ-ის ადვოკატ ლ. პ-ის შორის გაფორმებულია ხელშეკრულება №2010157412 (ტ.2. ს.ფ. 221-225). აღნიშნული ექსპერტიზის დანიშვნაზე მოსარჩელის მიერ გაღებული ხარჯების დასადასტურებლად წარმოდგენილია 200 ლარის გადახდის დამადასტურებელი შემოსავლის ორდერი (ტ.2. ს.ფ. 226-227); ი) 2012 წლის 24 დეკემბერს ი. პ-ის ადვოკატმა ლ. პ-იმა №1010437212 განცხადებით მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს და მოითხოვა ექსპერტიზის დანიშვნა (დაჩქარებული წესით). 2012 წლის 24 დეკემბერს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და ი. პ-ის ადვოკატ ლ. პ-ის შორის გაფორმებულია ხელშეკრულება №2010157512 (ტ.2. ს.ფ. 235-239). აღნიშნული ექსპერტიზის დანიშვნაზე მოსარჩელის მიერ გაღებული ხარჯების დასადასტურებლად წარმოდგენილია 25 ლარის გადახდის დამადასტურებელი შემოსავლის ორდერი (ტ.2. ს.ფ. 240-241);
ამდენად საქმის მასალების მიხედვით, სისხლის სამართლის საქმეზე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მოსარჩელის დაკვეთით ჩატარებულ საექსპერტო კვლევებზე გაღებული ხარჯი დასტურდება 825 ლარის ოდენობით, რომლის ანაზღაურებაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.1 მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე, მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. ამავე კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გაწეული საწვავის ხარჯის განსაზღვრასთან დაკავშირებით წინამდებარე დავაზე მტკიცებულების მოპოვების მიზნით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარებული ექსპერტიზისათვის მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა 80 ლარი. ამდენად, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება, რომ დასახელებული თანხა გაღებულია წინამდებარე დავაზე მტკიცებულების მოპოვების მიზნით, შესაბამისად, მოპასუხეს აღნიშნული თანხის ანაზღაურება უნდა დაეკისროს, როგორც განსახილველ საქმეზე სასამართლოსგარეშე საპროცესო ხარჯი.
რაც შეეხება წინამდებარე დავის ფარგლებში მოსარჩელე ი. პ-ის სასარგებლოდ საქართველოს გენერალურ პროკურატურისათვის გაწეული სასამართლოს გარეშე ხარჯის ანაზღაურებას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოპასუხე საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაეკისრა სასამართლოსგარეშე შემდეგი ხარჯების ანაზღაურება: მოცემულ საქმეზე მინდობილობების, დავალების ხელშეკრულებისა და სხვა დოკუმენტების სანოტარო წესით დამოწმებისათვის გაღებული სანოტარო ხარჯი - 70 ლარის ოდენობით, სარჩელის სასამართლოში წარდგენის, საქმის განხილვისას მოსარჩელეებისა და მისი წარმომადგენლების სასამართლო სხდომაზე გამოცხადების უზრუნველსაყოფად, სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით გადაადგილების გამო ტრანსპორტირებაზე გაღებული ხარჯი - 100 ლარის ოდენობით, მტკიცებულებათა მოძიება მოპოვებაზე გაღებული ხარჯების ანაზღაურება რაც აუცილებელი გახდა წერილობითი და სხვაგვარი მტკიცებულებების მისაღებად - 120 ლარის ოდენობით, საქმის განხილვის უზრუნველსაყოფად პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელის, წერილობითი განცხადებების, წერილობითი შუამდგომლობების მომზადებაზე დახარჯული ცელულოზის ქაღალდის ფურცლებისათვის - 90 ლარის ოდენობით, სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების, ასევე სხვა მტკიცებულებების ასლების მომზადებაზე გაღებული ხარჯებისათვის - 200 ლარი, მათ აკინძვაზე გახარჯული ლითონის ამკინძვით შეკვრაზე გაღებული ხარჯებისათვის - 10 ლარი, საქმის მასალების სასამართლოში გადაგზავნისას საფოსტო კავშირისათვის გაღებული დანახარჯის - 80 ლარი, საფოსტო კავშირისას მასალების საფოსტო კონვერტით შესაფუთად გაწეული დანახარჯი - 20 ლარი, ასევე, სატელევიზიო ვიდეო სიუჟეტების მხარისათვის გადასაცემად „ფლეშ მეხსიერების მოწყობილობის“ შესაძენად გაღებული ხარჯის ანაზღაურება - 39.98 ლარის ოდენობით, შსს მომსახურების სააგენტოში, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში, სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივში, სსიპ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში, კერძო სატელევიზიო სამაუწყებლო კომპანიებში ფასიან ანაზღაურებას დაქვემდებარებული მტკიცებულებების მისაღებად გაღებული ხარჯი 404.04 ლარის ოდენობით და ანაზღაურებას დაქვემდებარებულ საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების სააღსრულებო ორგანოში აღსრულების უზრუნველსაყოფად სააღსრულებო ხარჯის ანაზღაურება - 200 ლარის ოდენობით.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია მტკიცებულებები, კერძოდ, მოცემულ საქმეზე მინდობილობის სანოტარო წესით დამოწმებისათვის გაღებული სანოტარო ხარჯი - 13,8 ლარის ოდენობით (ტ.5. ს.ფ. 266), სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მომზადებაზე გაღებული ხარჯი - 73,9 ლარის ოდენობით (ტ.4. ს.ფ. 186), სატელევიზიო ვიდეო სიუჟეტების მხარისათვის გადასაცემად „ფლეშ მეხსიერების მოწყობილობის“ შესაძენად გაღებული ხარჯი - 39.98 ლარის ოდენობით (ტ.5. ს.ფ. 56), შსს მომსახურების სააგენტოში, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში, სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივში, სსიპ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში, კერძო სატელევიზიო სამაუწყებლო კომპანიებში ფასიან ანაზღაურებას დაქვემდებარებული მტკიცებულებების მისაღებად გაღებული ხარჯი 404.04 ლარის ოდენობით. შესაბამისად, ამ ნაწილში მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოსარჩელის მოთხოვნა დაეკისროს მოპასუხეს მოცემულ საქმეზე დავალების ხელშეკრულებისა და სხვა დოკუმენტების სანოტარო წესით დამოწმებისათვის გაღებული სანოტარო ხარჯის, მტკიცებულებათა მოძიება მოპოვებაზე გაღებული ხარჯების, საქმის განხილვის უზრუნველსაყოფად პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელის, წერილობითი განცხადებების, წერილობითი შუამდგომლობების მომზადებაზე დახარჯული ცელულოზის ქაღალდის ფურცლებისათვის ხარჯების, მტკიცებულებების ასლების მომზადებაზე გაღებული ხარჯების, მათ აკინძვაზე გახარჯული ლითონის ამკინძვით შეკვრაზე გაღებული ხარჯების, საქმის მასალების სასამართლოში გადაგზავნისას საფოსტო კავშირისათვის გაღებული დანახარჯის, საფოსტო კავშირისას მასალების საფოსტო კონვერტით შესაფუთად გაწეული დანახარჯის ანაზღაურება უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ასევე უსაფუძვლოა მოთხოვნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯის მოპასუხე მხარისათვის დაკისრების თაობაზე, რამდენადაც სასამართლოსგარეშე ხარჯის ანაზღაურების შესაძლებლობაზე მსჯელობა უშუალოდ უკავშირდება სასამართლოში საქმის წარმოების პერიოდში მარწმუნებლის სახელით განხორციელებულ მოქმედებათა ერთობლიობას.
რაც შეეხება, გადაადგილების გამო ტრანსპორტირებისათვის გაწეული ხარჯების 100 (ასი) ლარის ანაზღაურებას - საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის წარმოების ყველა ეტაპზე მოსარჩელის მონაწილეობა, ადასტურებს მისი გადაადგილებისათვის გარკვეული ხარჯის გაწევას, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მგზავრობის მანძილისა და ტრანსპორტის სავარაუდო სახეობის გათვალისწინებით, ამასთან, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ საქმე არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს მიერ, მითითებული ხარჯის ოდენობა საკასაციო სასამართლოს საფუძვლიანად მიაჩნია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის №ბს-776-768(2კ-4კს-15) განჩინებაზე, სადაც განიმარტა, რომ „მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოსგარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (სსსკ-ის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილი). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამასთან, ხარჯების განსაზღვრა ხდება სასამართლოში მხარის მიერ წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე, ამგვარი მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაშიც, მხარის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს თავადაც შეუძლია განსაზღვროს იურიდიული დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 11.02.08წ. №ას-792-1114-07 განჩინება), თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „პინკოვი და პინკი ჩეხეთის წინააღმდეგ“)“.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პროცესის ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს სასამართლო გადაწყვეტილებით, რომლითაც საქმე წყდება არსებითად. ამასთან, საპროცესო ხარჯის ოდენობა უნდა განისაზღვროს საქმეზე დამდგარი საბოლოო შედეგის მიხედვით, სამივე ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობითი საქმიანობის შედეგის გათვალისწინებით. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არსებობს ასევე წარმომადგენლობაზე გაწეული ხარჯის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების წინაპირობაც. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წინამდებარე საქმის სირთულის, მნიშვნელობის, წარმომადგენლობის ინტენსივობის, ინსტანციურობის, დავის გადაწყვეტის შედეგის გათვალისწინებით, სსსკ-ის 53.1 მუხლიდან გამომდინარე გონივრულია მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ 300 (სამასი) ლარის ოდენობით ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ანაზღაურების დაკისრება, რაც უკვე დაკმაყოფილებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. შესაბამისად, უსაფუძვლოა მოწინააღმდეგ მხარის მიერ საკასაციო შესაგებლით მოთხოვნილი 7000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 411-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას მოსარჩელის მიერ ქაღალდის გაღებული ხარჯის - 800 ლარის ოდენობით მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მოსარჩელის დაკვეთით ჩატარებულ საექსპერტო კვლევებზე გაღებული ხარჯის - 1060 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 თებერვლის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის მოსარჩელე ი. პ-ის სასარგებლოდ სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას მოსარჩელის მიერ ქაღალდის გაღებული ხარჯის - 800 ლარის ოდენობით მოპასუხისათვის დაკისრების, ასევე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მოსარჩელის დაკვეთით ჩატარებულ საექსპერტო კვლევებზე გაღებული ხარჯის - 1060 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. ი. პ-ის სარჩელი სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას მოსარჩელის მიერ ქაღალდის გაღებული ხარჯის - 800 (რვაასი) ლარის ოდენობით მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. ი. პ-ის სასარჩელო მოთხოვნა - საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაეკისროს ი. პ-ის სასარგებლოდ სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში საექსპერტო კვლევებზე გაღებული ხარჯის ანაზღაურება, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ - დაეკისროს საქართველოს გენერალურ პროკურატურას ი. პ-ის სასარგებლოდ 825 (რვაას ოცდახუთი) ლარის ანაზღაურება.
5. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი წინამდებარე საქმეზე პროცესის ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 თებერვლის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის მოსარჩელე ი. პ-ის სასარგებლოდ სასამართლოს გარეშე ხარჯის დაკისრების თაობაზე, კერძოდ, მოცემულ საქმეზე მინდობილობების, დავალების ხელშეკრულებისა და სხვა დოკუმენტების სანოტარო წესით დამოწმებისათვის გაღებული სანოტარო ხარჯი - 70 ლარის ოდენობით, მტკიცებულებათა მოძიება მოპოვებაზე გაღებული ხარჯების ანაზღაურება, რაც აუცილებელი გახდა წერილობითი და სხვაგვარი მტკიცებულებების მისაღებად - 120 ლარის ოდენობით, საქმის განხილვის უზრუნველსაყოფად პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელის, წერილობითი განცხადებების, წერილობითი შუამდგომლობების მომზადებაზე დახარჯული ცელულოზის ქაღალდის ფურცლებისათვის - 90 ლარის ოდენობით, სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების, ასევე სხვა მტკიცებულებების ასლების მომზადებაზე გაღებული ხარჯებისათვის - 200 ლარის, მათ აკინძვაზე გახარჯული ლითონის ამკინძვით შეკვრაზე გაღებული ხარჯებისათვის - 10 ლარის, საქმის მასალების სასამართლოში გადაგზავნისას საფოსტო კავშირისათვის გაღებული დანახარჯის - 80 ლარის, საფოსტო კავშირისას მასალების საფოსტო კონვერტით შესაფუთად გაწეული დანახარჯის - 20 ლარის, ანაზღაურებას დაქვემდებარებულ საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების სააღსრულებო ორგანოში აღსრულების უზრუნველსაყოფად სააღსრულებო ხარჯის ანაზღაურება - 200 ლარის ოდენობით და ამ ნაწილში მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება.
7. საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაეკისროს ი. პ-ის სასარგებლოდ მოცემულ საქმეზე მინდობილობის სანოტარო წესით დამოწმებისათვის გაღებული სანოტარო ხარჯი 13,8 ლარის ოდენობით, ასევე, სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მომზადებაზე გაღებული ხარჯები 73,9 ლარის ოდენობით.
8. დაეკისროს საქართველოს გენერალურ პროკურატურას ი. პ-ის სასარგებლოდ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მოსარჩელის დაკვეთით ჩატარებულ საექსპერტო კვლევაზე გაღებული ხარჯის 80 (ოთხმოცი) ლარის ანაზღაურება.
9. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 თებერვლის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის მოსარჩელე ი. პ-ის სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი თანხის 300 (სამასი) ლარის ოდენობით ანაზღაურების შესახებ, სარჩელის სასამართლოში წარდგენის, საქმის განხილვისას მოსარჩელეებისა და მისი წარმომადგენლების სასამართლო სხდომაზე გამოცხადების უზრუნველსაყოფად, სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით გადაადგილების გამო ტრანსპორტირებაზე გაღებული ხარჯის - 100 ლარის ანაზღაურების შესახებ, სატელევიზიო ვიდეო სიუჟეტების მხარისათვის გადასაცემად „ფლეშ მეხსიერების მოწყობილობის“ შესაძენად გაღებული ხარჯის - 39.98 ლარის ანაზღაურების შესახებ და შსს მომსახურების სააგენტოში, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში, სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივში, სსიპ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში, კერძო სატელევიზიო სამაუწყებლო კომპანიებში ფასიან ანაზღაურებას დაქვემდებარებული მტკიცებულებების მისაღებად გაღებული ხარჯის 404.04 ლარის ანაზღაურების თაობაზე.
10. სხვა ნაწილში საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე გ. მაკარიძე


მოსამართლეები: ქ. ცინცაძე


თ. ოქროპირიძე