Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით

საქმე ბს-№961(კ-22) 19 სექტემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისი
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ლ. ჩ-ა
მესამე პირი - ქ. ბათუმის მერია
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივნისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ჩ-ამ 2018 წლის 6 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის მიმართ, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2018 წლის 15 აგვისტოს ... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 08 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და შპს „ტ...ს“ მიერ შესრულებული აზომვითი ნახაზის შესაბამისად ქ. ბათუმში, ...ის ქუჩის №16-ში მდებარე 45.21 კვ.მ ფართის მის სახელზე რეგისტრაციის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 ნოემბრის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. ჩ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2018 წლის 15 აგვისტოს №... გადაწყვეტილება და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 8 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს დაევალა ლ. ჩ-ას მინდობილი პირის, ნ. მ-ეის მიერ 2015 წლის 1-ელ ოქტომბერს წარდგენილი №... განცხადების თავიდან განხილვა და სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივნისის განჩინებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 01 ივლისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და ამავე სააგენტოს აჭარის რეგიონულმა ოფისმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა მოითხოვეს.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სადავო გადაწყვეტილებასთან მიმართებაში ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, გამოიკვლია ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული მონაცემები ლ. ჩ-ას დაინტერესებაში არსებულ - ქ. ბათუმი, ...ის №16 მისამართზე მდებარე ფართთან დაკავშირებით და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილებები, რადგან არ დადასტურდებოდა ლ. ჩ-ას საკუთრების უფლება ზემოაღნიშნულ ქონებაზე. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 17 სექტემბრის №26:30 ბრძანებით, ლ. ჩ-ას უარი ეთქვა ზემოაღნიშნულ 45 კვ.მ ფართის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემაზე იმ საფუძვლით, რომ ფართი ირიცხებოდა სახელმწიფო საბინაო ფონდში, რომლის საკუთრებაში გადაცემა მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მოხდებოდა იმ პირზე, ვინც ფართის კანონიერი მოსარგებლეს წარმოადგენდა.
ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ დისტანციური წარმოების პროცესში ადგილზე გასვლით დადგინდა, რომ ლ. ჩ-ას მოთხოვნილი ფართი, საპრივატიზაციო ობიექტია, რადგანაც საცხოვრებელი ფუნქცია და დანიშნულება აქვს. მართალია ფოტომასალითაც დასტურდება, რომ იგი ლ. ჩ-ას საკუთრებაში აღრიცხული საცხოვრებელ ფართზეა მიერთებული, თუმცა დადასტურებულია, რომ აღნიშნული ქონება არ წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განსაკარგავ ფართს, რის გამოც ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ლ. ჩ-ას უარი ეთქვა 45 კვ.მ ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე.
მარეგისტრირებელი ორგანო საკასაციო სასამართლოს ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში სრულად გამოიკვლია როგორც დაინტერესებული პირის - ლ. ჩ-ას მიერ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტები, ასევე ტექბიუროს არქივში დაცული ინფორმაცია, შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა და გაუგებარია რა გარემოება უნდა გამოიკვლიოს სააგენტომ, მაშინ როდესაც არ დგინდება ლ. ჩ-ას საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე, შესაბამისად საფუძველს მოკლებული იყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32 ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2013 წლის 30 ივლისს ... გადაწყვეტილები მოყვანილი მოსაზრების კანონშესაბამისობის შესახებ, რომლის თანახმად თავად დაინტერესებულ პირს, ლ. ჩ-ას განემარტა და დაევალა ქ. ბათუმში, ...ის ქ. №16-ის მიმდებარე 45.21 კვ.მ ფართობის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით უფლებამოსილი ორგანოს დადასტურების წარდგენა, რომ ის საპრივატიზაციო ფართს არ წარმოადგენდა, ხოლო უარის თქმის საფუძვლად ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია ის ფაქტი, რომ ლ. ჩ-ამ უფლებამოსილი ორგანოს დადასტურება არ წარადგინა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სადავოს წარმოადგენდა მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული ქ. ბათუმში, ...ის ქ. №16-ში მდებარე 45 კვ.მ ფართის იდენტიფიცირება, აგრეთვე, ფართის დანიშნულება და მისი მახასიათებლები, რაც საჭიროებს ტექბიუროში პირველადი აღრიცხვიდან დაწყებული, მთელი პერიოდის განმავლობაში, მათ შორის ფართის მიმართ პერიოდული ცვლილებებისა და ტექნიკური მახასიათებლების აღრიცხვასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო სამსახურის მიერ საკითხის ხელახლა გამოკვლევას.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოს შესაძლებლობაზე და აღნიშნავს, რომ სასამართლომ მითითებული მუხლის საფუძველზე საკითხი უნდა გადაწყვიტოს მხოლოდ კონკრეტული წინაპირობების არსებობისას; კერძოდ, თუკი ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია და შეუსწავლია საქმის გარემოებები, ამ გარემოებებს საქმის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს და მათი დადგენა და გამოკვლევა სასამართლოს მიერ შეუძლებელია. ხსენებული მუხლის გამოყენებისას სასამართლომ უნდა დაასაბუთოს, კონკრეტულად რომელი ფაქტობრივი გარემოება არ იქნა შესწავლილი და დადგენილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რა საკითხი საჭიროებს გამოკვლევას და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული მტკიცებულებათა საკუთარი ინიციატივით მოპოვების უფლებამოსილების გამოყენების პირობებშიც კი, რატომ არის ამ ფაქტების დადგენა შეუძლებელი სასამართლოს მიერ. მხოლოდ ამგვარი დასაბუთების შემთხვევაში მიიჩნევა მართებულად ადმინისტრაციული ორგანოსთვის საკითხის ხელახლა გამოკვლევის დავალება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო ვალდებულია, არსებითად გადაწყვიტოს სასამართლოში მიმდინარე დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში საკითხი შეეხება საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას, პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი განმარტებულია, როგორც სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოება იწყება სწორედ სარეგისტრაციო დოკუმენტაციის წარდგენით, რა დროსაც მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარეგისტრაციო სამსახურმა, მისი საქმიანობის სპეციფიკისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ უტყუარობის პრეზუმფციის არსებობის გამო, სარეგისტრაციო საქმიანობა უნდა განახორციელოს კანონმდებლობით იმპერატიულად დადგენილი მოთხოვნების სრულყოფილად დაცვით. ყოველი რეგისტრაცია, მასში ცვლილების შეტანა თუ სარეგისტრაციო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი ტრანზაქცია განახორციელოს არა აბსტრაქტულად შესაძლო გარემოებასა და ვარაუდზე, არამედ, შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ასევე, რიგ საკითხებთან დაკავშირებით მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება, განახორციელოს კერძო და საჯარო ინტერესთა პროპორციულობის პრინციპზე დაყრდნობით და არ დაუშვას საკუთრების უფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. შესაბამისად, საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე მარეგისტრირებელმა ორგანომ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს როგორც საკუთრების უფლების რეგისტრაციის ძირითადი იურიდიული საფუძველი - უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და სარეგისტრაციო წარდგენილი სხვა დოკუმენტაცია, ასევე - მასთან რეგისტრირებული მონაცემები და დაცული ინფორმაციაც, ერთი მხრივ, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მხოლოდ სათანადო საფუძვლით განხორციელების, მეორე მხრივ კი, სხვისი საკუთრების უფლების ხელყოფის გამორიცხვის საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ 22.12.1994 წლის №2-4708 ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ლ. ჩ-ას საკუთრებაშია ქ. ბათუმში, ...ის ქ. №16-ში მე-2 სართულზე მდებარე საცხოვრებელი ბინა, 20.11 კვ.მ. ფართით, რომელზეც მიერთებულია და წლების განმავლობაში ფლობს 45.21 კვ.მ ფართს, რაც დადასტურებულია, ბმა „მ...ს“ 17.11.2013 წლის კრების ოქმით. აღნიშნული ფართის სარეგისტრაციოდ ლ. ჩ-ამ 2015 წლის 7 ოქტომბერს მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს, თუმცა იმ საფუძვლით, რომ არ იყო წარმოდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტი, კერძოდ არ დგინდებოდა წარმოადგენდა თუ არა დასარეგისტრირებელი ფართი საპრივატიზებო ფართს, განმცხადებელს დაევალა ამ გარემოების დასადგენად უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის წარდგენა.
ლ. ჩ-ამ 2016 წლის 24 თებერვალს განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა, ქ. ბათუმში ...ის ქ. №16-ში არსებული, 45 კვ.მ ფართის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემა. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსმა ლ. ჩ-ას სახელზე 2016 წლის 04 მარტს გამოსცა №25/3266 მიმართვა, რომლის მიხედვით, მერია ფართის საკუთრებაში გაფორმების შესახებ აქტის გამოცემის წინააღმდეგი იყო, რადგანაც ყოფილი ტექ.ბიუროს არქივში დაცული ნახაზის მიხედვით იგი წარმოადგენდა არა დამხმარე სათავსოს (საკუჭნაოს), არამედ სახელმწიფო საბინაო ფონდში არსებულ ფართს, ლ. ჩ-ა კი ფართის კანონიერ მოსარგებლეს არ წარმოადგენდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №3513/16) ლ. ჩ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის 2106 წლის 04 მარტის №25/3266 წერილი, ასევე მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 30 მაისის №25/8691 წერილი და ქ. ბათუმის მერიას დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ლ. ჩ-ას განცხადებაზე, ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა №16-ში მდებარე, 45კვ.მ დამხმარე ფართის (საკუჭნაო), უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ (ტომი 1, ს.ფ.243).
სასამართლოს მითითებით, დასადგენი იყო აღნიშნული ფართის სამართლებრივი მდგომარეობა - სადავო წერილით მიჩნეული იყო სახელმწიფო საბინაო ფონდის ფართად, თუმცა მერის მოადგილის 2011 წლის 20 აპრილის წერილით, 15.6 კვ.მ ფართის სამეურნეო სათავსო, საკუჭნაო წარმოადგენდა ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრებას.
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 17 სექტემბრის №2630 ბრძანებით, ლ. ჩ-ას კვლავ უარი ეთქვა ქ. ბათუმში ...ის ქ. №16-ში არსებული, 45 კვ.მ ფართის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემაზე, იმ საფუძვლით, რომ საკუთრებაში გადაცემას მოთხოვნილი ფართი წარმოადგენდა სახელმწიფო საბინაო ფონდში არსებულ ფართს, რომლის საკუთრებაში გადაცემა მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მოხდებოდა იმ პირზე, ვინც ფართის კანონიერ მოსარგებლეს წარმოადგენდა.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა №16-ში არსებული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ამხანაგობა „მ...ს“ წევრთა საკუთრებად (ს/კ ...) და მასზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი მესაკუთრედ არ ფიქსირდება.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ იმ პირობებში, როდესაც ლ. ჩ-ას მიერ სარეგისტრაციო წარდგენილი შპს „ტ...ს“ აზომვით ნახაზზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით დატანილი ფართიდან ნაწილი - 15.90 კვ.მ საჯარო რეესტრის დასკვნით შეადგენს №2-4708 (22.12.1994) ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაყიდ ფართობს, ხოლო ნაწილი, კერძოდ, 22.53 კვ.მ ფართი სახლის სართულის გეგმის მიხედვით, №48 ოთახის ფართობია, რომლის კონკრეტული დანიშნულება, რომ ის საცხოვრებელია, თუ დამხმარე ფართი, არ დგინდება და ამას ვერც მოპასუხე და საქმეში ჩართული მე-3 პირი, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია აზუსტებს, ლ. ჩ-ას სარეგისტრაციო განაცხადთან დაკავშირებით მარეგისტრირებელ ორგანოს არ გააჩნდა საფუძველი 2015 წლის 29 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოების შესაჩერებლად, ხოლო შემდეგ შესაწყვეტად იმ დასაბუთებაზე მითითებით, რომ ლ. ჩ-ამ ვერ შეძლო ქ. ბათუმში, ...ის ქ. №16-ში მდებარე 45.21 კვ.მ ფართობის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით უფლებამოსილი ორგანოს დადასტურების წარდგენა, რომ ის საპრივატიზაციო ფართს არ წარმოადგენდა. ამდენად, სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გამოცემული სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2018 წლის 15 აგვისტოს №... გადაწყვეტილება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და დასაბუთებულობას.
საკასაციო პალატა ვერ გაზიარებს კასატორის პოზიციას სრულყოფილი სარეგისტრაციო წარმოების ჩატარების თაობაზე, რადგან დასტურდება, რომ საჯარო რეესტრს არსებითად არ შეუფასებია და არ გაუკეთებია დასკვნა - ლ. ჩ-ას მიერ მოთხოვნილი ფართი წარმოადგენდა თუ არა, როგორც სადავო აქტებშია მითითებული „საპრივატიზებო ფართს“. მოცემულ შემთხვევაში გარემოებათა სრულყოფილი შესწავლისა და გამოკვლევის ნაცვლად, საჯარო რეესტრმა განმცხადებელს უმართებულოდ დაავალა „უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის წარდგენა“ იმგვარად, რომ ზოგადი მითითების გარდა არ დაუკონკრეტებია, ვინ მიაჩნდა „უფლებამოსილ ორგანოდ“ და კონკრეტულად ამ ორგანოს მიერ გაცემული რომელი დოკუმენტი უნდა წარედგინა ლ. ჩ-ას; მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სააღრიცხვო ბარათის ჩანაწერებით არ დგინდება სართულებრივ გეგმაზე მონიშნული ფართის მფლობელი. თავის მხრივ, მოსარჩელე ლ. ჩ-ას სარეგისტრაციო განაცხადთან ერთად საჯარო რეესტრში წარდგენილი ჰქონდა ამხანაგობის კრების გადაწყვეტილება, რომლითაც დასტურდება, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციას მოთხოვნილი ფართი, საპრივატიზაციო ანუ კომუნალურ ფონდს მიკუთვნებული არ იყო. აღნიშნული გარემოებების შემოწმება კი, საჯარო რეესტრის კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენდა, რაც, თავის მხრივ, ადასტურებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გარეშე გადაწყვეტილების მიღებას.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ამომწურავად იმსჯელა სადავო საკითხთან დაკავშირებით, საკასაციო საჩივარში დამატებით არ არის მითითებული სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების არსებით ფაქტობრივ თუ სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის არც ერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 26.09.2022წ. №54127 საგადახდო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი - უნდა დაუბრუნდეს კასატორს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივნისის განჩინება;
3. კასატორს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202238621) დაუბრუნდეს 26.09.2022წ. №54127 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


მოსამართლეები: გ. აბუსერიძე



მ. ვაჩაძე



ბ. სტურუა