Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით

საქმე №ბს-503(კ-22) 10 ოქტომბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - რ. ჟ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მოსარჩელეები - ნ. ი-ი, ქ. ხ-ი

მესამე პირები - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, მ. უ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

რ. ჟ-იმა, ნ. ი-იმა, ქ. ხ-იმა, ა. გ-იმა, ლ. ჩ-ემ, დ. ი-იმა, ი. გ-ამ, ნ. მ-იმა, ნ. წ-ამ, ც. გ-ემ, ნ. ნ-იმა, ლ. ხ-ამ, თ. კ-ემ, ვ. ი-იმა, ი. კ-ემ, მ. თ-ამ, გ. ჩ-ემ, მ. ს-იმა, ნ. გ-იმა, დ. ჩ-ემ, რ. მ-ემ და ზ. ჭ-ემ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 3 ივლისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც დაკმაყოფილდა მ. უ-ეის განცხადება - ქ. თბილისში, ...ის ქ. №21-ის მიმდებარედ არსებულ მის კუთვნილ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 280 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) 178 კვ.მ ფართობზე რეგისტრირებული სერვიტუტის უფლების გაუქმების თაობაზე; ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის მ. უ-ეის კუთვნილ 280 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მდებარე ქ. თბილისში, ...ის ქ. №21-ის მიმდებარედ (ს/კ ...)) 178 კვ.მ ფართობზე რეგისტრირებული სერვიტუტის უფლების აღდგენა. საქმის განხილვისას, დაზუსტდა მოსარჩელეთა წრე და მოსარჩელეებად მიეთითა რ. ჟ-ი, ნ. ი-ი და ქ. ხ-ი.

მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო მიწის ნაკვეთი არის საერთო სარგებლობის საავტომობილო გზა (სატრანსპორტო ზონა), ამიტომ მასზე სერვიტუტი დადებული იქნა ამ გზით მოსარგებლე პირთა განუსაზღვრელი წრის, უპირველეს ყოვლისა, ...ის ქუჩის მაცხოვრებელთა სასარგებლოდ, რადგან ძირითადად ისინი სარგებლობდნენ ამ გზით ავტომანქანების მოსაბრუნებლად, ერთმანეთის მიმართ გვერდის ასაქცევად და ...სთან ფეხით მისასვლელად. შესაბამისად, მათი აზრით, ასეთ ვითარებაში სააგენტოს უფლება არ ჰქონდა ...ის ქუჩის მაცხოვრებელთა საზიანოდ, მხოლოდ მ. უ-ეის განცხადების საფუძველზე, გაეუქმებინა სერვიტუტი სადავო გზაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით რ. ჟ-ის, ნ. ი-ისა და ქ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს რ. ჟ-იმა, ნ. ი-იმა და ქ. ხ-იმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით რ. ჟ-ის, ნ. ი-ისა და ქ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 29 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ჟ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, მიწის ნაკვეთი, რომელზეც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით გავრცელდა სერვიტუტი, წარმოადგენს საერთო სარგებლობის გზას. შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ არასწორად შეფასდა სერვიტუტის სახე, როგორც სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული კერძო სერვიტუტი. კასატორის მოსაზრებით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით სახეზეა საერთო სარგებლობის გზის საჯარო სერვიტუტით დატვირთვა, ვინაიდან საჯარო სერვიტუტი დგინდება საჯარო ინტერესების უზრუნველსაყოფად და ნიშნავს კონკრეტული მიწის ნაკვეთის ან ნაწილის საჯარო სარგებლობაში გადაცემას, განსხვავებით კერძო სერვიტუტისგან, რომელიც დგინდება მესაკუთრეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე და კონკრეტულადაა განსაზღვრული პირთა წრე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არაა. სერვიტუტის გაუქმებით უშუალო ზიანი ადგებათ არა მხოლოდ სადავო ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, არამედ ამ გზით მოსარგებლე ნებისმიერ პირს. აღნიშნული გზა უკავშირდება ტყის ზონას და საერთო სარგებლობის მიზნით უზრუნველყოფილი უნდა იქნეს გადაადგილებისა და დასვენების მიზნით ტყის ყველასთვის ხელმისაწვდომობა.

კასატორის მითითებით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სერვიტუტის რეგისტრაცია გააუქმა ისე, რომ მიწის ნაკვეთის სერვიტუტით დატვირთვის ინიციატორს - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს არ მიუმართავს მისთვის სერვიტუტის გაუქმების რეგისტრაციის მოთხოვნით. რაც შეეხება ამავე სააგენტოს 2019 წლის 2 მაისის წერილს, რომლითაც მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ეცნობა, რომ სააგენტო არ იყო წინააღმდეგი სერვიტუტის უფლების გაუქმებაზე, იგი ადმინისტრაციული ორგანოს არანაირ გადაწყვეტილებას არ შეიცავს და მიმართულია მხოლოდ მიწის ნაკვეთის მესაკუთრის მიმართ, რის გამოც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საჯარო სერვიტუტის რეგისტრაცია არ უნდა გაეუქმებინა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული რ. ჟ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ჟ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს. ხსენებული კანონი განსაზღვრავს რეგისტრაციის დეფინიციას, რომლის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

„საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის
თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება: ა) საკუთრება; ბ)
აღნაგობა, აღნაგობის უფლების იპოთეკით დატვირთვა; გ) უზუფრუქტი; დ) სერვიტუტი; ე) იპოთეკა; ვ) ქირავნობა, ქვექირავნობა; ზ) იჯარა, ქვეიჯარა; თ) თხოვება; ი) ლიზინგი; კ) საჯარო სამართლით გათვალისწინებული სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლებები; ლ) უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები.

ხსენებული ნორმატიული აქტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მოცემულ შემთხვევაში, სერვიტუტის წარმოშობის საფუძველზე და მიუთითებს, დადგენილია, რომ 2019 წლის 5 თებერვალს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სერვიტუტის უფლების წარმოშობის რეგისტრაცია ქ. თბილისში, ...ის ქ. №21-ის მიმდებარე უძრავ ნივთზე. განცხადებას თან ერთოდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 4 თებერვლის №7/6350 წერილი, რომლითაც სააგენტო ითხოვდა წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, ქ. თბილისში, ...ის ქ. №21-ის მიმდებარედ არსებული 280 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 178 კვ.მ მიწის ნაკვეთის დატვირთვას სერვიტუტის უფლებით. აღნიშნული წერილის საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 5 თებერვლის №... გადაწყვეტილებით, განცხადება დაკმაყოფილდა და მოთხოვნილ უძრავ ნივთზე (ს/კ ...) 2019 წლის 5 თებერვლიდან დარეგისტრირდა სერვიტუტის უფლება.

ასევე დადგენილია, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, ...ის ქ. №21-ის მიმდებარედ მდებარე უძრავი ნივთის (ს/კ ...) მესაკუთრე 2019 წლის 28 თებერვალს გამართულ აუქციონზე გახდა მ. უ-ე, რომელმაც განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 მარტის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით, განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ქ. თბილისში, ...ის ქ. №21-ის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით ..., საკუთრების უფლებით აღირიცხა მ. უ-ეის სახელზე. ამასთან, საჯარო რეესტრის ამონაწერში კვლავ მიეთითა, რომ აღნიშნული 280 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 178 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ვრცელდებოდა სერვიტუტის უფლება.

2019 წლის 19 მარტს მ. უ-ემ №28251/ფ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სერვიტუტის უფლების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი იყო მისი საკუთრების მიმდებარედ და ჰქონდა დამოუკიდებელი შესასვლელი, ხოლო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 2 მაისის №7/25965 წერილით მ. უ-ეს ეცნობა, რომ სააგენტო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, არ იყო წინააღმდეგი ზემოაღნიშნული სერვიტუტის უფლების გაუქმებაზე. შესაბამისად, 2019 წლის 3 ივლისს მ. უ-ემ №... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 2 მაისის №7/25965 წერილის საფუძველზე მოითხოვა სერვიტუტის უფლების შეწყვეტის რეგისტრაცია, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 3 ივლისის №... გადაწყვეტილებით, განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ქ. თბილისში, ...ის ქ. №21-ის მიმდებარედ არსებულ უძრავ ქონებაზე (ს/კ ...) შეწყდა რეგისტრირებული სერვიტუტის უფლება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში (21-ე, 22-ე და 23-ე მუხლები) კონკრეტულად არის გაწერილი ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სარეგისტრაციო ორგანო უფლებამოსილია უარი უთხრას პირს რეგისტრაციაზე, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-18 მუხლის თანახმად კი, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების)
შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.

სადავო საკითხთან მიმართებით, სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 247-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მიწის ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება შეიძლება სხვა მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრის სასარგებლოდ ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული), რომ ამ მესაკუთრეს უფლება ჰქონდეს, ცალკეულ შემთხვევებში ისარგებლოს ამ ნაკვეთით, ან აიკრძალოს ამ ნაკვეთზე ზოგიერთი მოქმედების განხორციელება, ანდა გამოირიცხოს დატვირთული ნაკვეთის მესაკუთრის ზოგიერთი უფლების გამოყენება სხვა ნაკვეთის მიმართ (სერვიტუტი). სერვიტუტის დადგენის მიმართ გამოიყენება უძრავი ნივთის შეძენისათვის გათვალისწინებული წესები. ამავე კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად კი, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. მითითებული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ თუ სერვიტუტი უკავშირდება მიწის ნაკვეთის გარკვეული უფლებით შესაძლო დატვირთვას, მისი დადგენა მხარეთა შეთანხმებით ხდება და როგორც წესი, მხარეები თავადვე ადგენენ უფლებამოსილი პირის უფლებებს სერვიტუტით დატვირთული მიწის ნაკვეთით სარგებლობის თაობაზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქ. თბილისში საზოგადოებრივი სერვიტუტის დადგენის საფუძვლებს არეგულირებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესი, რომლის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საზოგადოებრივი სერვიტუტი დგინდება ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების სამართლებრივი აქტებით, რომლებიც ეფუძნება განაშენიანების რეგულირების გეგმების და განაშენიანების რეგულირების წესების მოთხოვნებს, თუ ისინი განპირობებულია სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებით.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ მასალებსა და საქმის სასამართლოში განხილვისას სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის ახსნა-განმარტებაზე, რომლებიც გამორიცხავენ სადავო მიწის ნაკვეთის საზოგადოებრივი (საჯარო) სერვიტუტით დატვირთვას. ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, მიწის ნაკვეთის გასხვისება დღევანდელი მესაკუთრის მიერ იყო ინიციირებული და სერვიტუტის დადგენის მიზანი იყო ის, რომ სხვა პირის აუქციონზე გამარჯვების შემთხვევაში, მიმდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მ. უ-ე არ დარჩენილიყო მისასვლელი გზის გარეშე. აღნიშნული ახსნა-განმარტების საფუძვლიანობას ადასტურებს საქმეში დაცული მტკიცებულება (ტ.1, გვ. 233), სადაც მონიშნულია სერვიტუტის გავრცელების არეალი, კერძოდ, დასტურდება, რომ სერვიტუტი მისასვლელ გზასთან ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს აკავშირებს.

ასევე საყურადღებოა, რომ სერვიტუტი ეხებოდა მხოლოდ მესამე პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილს - 178 კვ.მ-ს, რომელიც ტყესთან გასასვლელ გზას არ უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეები ვერ შეძლებდნენ ამ გზით სხვა ქუჩაზე მოხვედრას იმ ნაწილის გავლის გარეშე, რომელიც არ იყო დატვირთული სერვიტუტის უფლებით. ამასვე ადასტურებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 15 ოქტომბრის №006273220 დასკვნა, რომლის თანახმად, მ. უ-ეის კუთვნილი ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მის გარშემო არსებული საჯარო გზების ვიზუალური დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ დონეთა შორის ძალზედ დიდი სხვაობისა და ციცაბო რელიეფის გათვალისწინებით, დღეისათვის, შეუძლებელია ...ის ქუჩიდან ...ის ჩიხზე მოხვედრა (როგორც საავტომობილო, ასევე საფეხმავლო) ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით ისე, რომ არ გადაიკვეთოს (არ ვისარგებლოთ) ... ან/და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები. ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც სერვიტუტის უფლება ეხებოდა მხოლოდ მიწის ნაკვეთის ნაწილს, ხოლო ...ის ქუჩის მაცხოვრებლები ვერ შეძლებდნენ ამ გზით სხვა ქუჩაზე მოხვედრას იმ ნაწილის გავლის გარეშე, რომელიც არ იყო დატვირთული სერვიტუტის უფლებით, დაუსაბუთებელია საკასაციო პრეტენზია ამ გზით მოსარგებლე ნებისმიერ პირისათვის უშუალო ზიანის მიყენებასთან დაკავშირებით, რაც საფუძველს აცლის საჯარო სერვიტუტის დადების მიზნობრიობას.

ასევე აღსანიშნავია, რომ მესამე პირის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტაცია, კერძოდ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 2 მაისის №7/25965 წერილი დაედო საფუძვლად, ქ. თბილისში, ...ის ქ. №21-ის მიმდებარედ არსებულ უძრავ ქონებაზე (ს/კ ...) რეგისტრირებული სერვიტუტის უფლების შეწყვეტას და არ არსებობდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი რაიმე გარემოება. შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 3 ივლისის №... სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნა, მოკლებულია ყოველგვარ საფუძვლიანობას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

ამგვარად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას სადავო აქტის კანონის მოთხოვნათა დაცვით მიღებასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ სადავო აქტი მიღებულია კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ; მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილი იყო, მიწის ნაკვეთის ამჟამინდელი მესაკუთრის განცხადებისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილობითი თანხმობის არსებობის პირობებში, მიეღო გადაწყვეტილება სადავო სერვიტუტის გაუქმების თაობაზე.

რაც შეეხება კასატორის პოზიციას მესამე პირის მ. უ-ეის მიერ გაღებული ადვოკატის ხარჯის ანაზღაურების მოსარჩელეთათვის სოლიდარულად დაკისრებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. ამავე მუხლის მე-5 ნაწილით კი ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მესამე პირი სარგებლობს მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა უფლებით და მას ეკისრება მოსარჩელის ყველა მოვალეობა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. უ-ე განსახილველ საქმეში ჩაბმულია სასკ-ის 16.2 მუხლით. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც წარმოადგენდა მესამე პირის მიერ გაღებული ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურების მოსარჩელეთათვის სოლიდარულად დაკისრების საფუძველს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან რ. ჟ-ის საკასაციო საჩივარზე ნ. გ-ეს 10.06.2022წ. №28594029 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ნ. გ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,


დ ა ა დ გ ი ნ ა

1. რ. ჟ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის განჩინება.
3. ნ. გ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს რ. ჟ-ის საკასაციო საჩივარზე 10.06.2022წ. №28594029 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


მოსამართლეები: ბ. სტურუა



მ. ვაჩაძე



გ. აბუსერიძე