№ბს-375(კ-22) 9 ოქტომბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თამარ ოქროპირიძე, ქეთევან ცინცაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – ლ.დ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ლ.დ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა): ა) ბათილად იქნეს ცნობილი 2019 წლის საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV) ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საპრეტენზიო განცხადების განმხილველი საგნობრივი კომისიის 2019 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილება (აპლიკანტი - ლ.დ-ე, ნაშრომის შტრიხკოდი - ..., ჩაითვალოს, რომ ლ.დ-ემ აღნიშნული საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი ტესტირების შედეგად მიიღო 25 ქულა); ბ) დაევალოს მოპასუხეს - სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აპელანტ ლ.დ-ისთვის 1 (ერთი) კრედიტ ქულის მინიჭების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით ლ.დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი 2019 წლის საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV) ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საპრეტენზიო განცხადების განმხილველი საგნობრივი კომისიის 2019 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილება (აპლიკანტი - ლ.დ-ე, ნაშრომის შტრიხკოდი - ..., 10.2 დავალების ნაწილში; ჩაითვალოს, რომ ლ.დ-ემ აღნიშნული საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი ტესტირების შედეგად მიიღო 25 ქულა). დაევალა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრს, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აპელანტ ლ.დ-ისთვის 1 (ერთი) კრედიტ ქულის მინიჭების შესახებ.
სასამართლომ მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) სსიპ ...ის ქალაქ ქუთაისის №... საჯარო სკოლის დირექტორის 2019 წლის 29 ნოემბრის დახასიათებით ირკვევა, რომ ლ.დ-ემ 1990 წლის 25 სექტემბერს დაიწყო მუშაობა ქალაქ ქუთაისის ...ის გიმნაზიაში დაწყებითი კლასების პედაგოგად. 1998 წელს, გიმნაზიის რეორგანიზაციის შემდეგ, მუშაობა გააგრძელა ...ის სახელობის №... დაწყებით სკოლაში. 2009 წლის 14 სექტემბრიდან მუშაობა გააგრძელა სსიპ ...ის ქალაქ ქუთაისის №... საჯარო სკოლაში, სადაც დღემდე მოღვაწეობს. მისი პედაგოგად მუშაობის სტაჟი 32 წელს შეადგენს; ბ) ლ.დ-ემ მონაწილეობა მიიღო 2019 წლის საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისათვის ორგანიზებულ ტესტირებაში და მიიღო შემდეგი შეფასება: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV) - 24 ქულა, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 25 ქულა, გადასალახი ქულის მისაღწევად დააკლდა 1 ქულა. ამასთან, 9.2, 9.3, 10.2 და 42.2 დავალებები შეფასდა 0 (ნული) ქულით, ხოლო 50-ე დავალება 9 ქულით (მაქსიმალური ქულა - 11); გ) 2019 წლის 19 აგვისტოს, ლ.დ-ემ, მისი ნაშრომის 9.2, 9.3, 10.2, 42.2 და 50-ე დავალებების შეფასებასთან დაკავშირებით, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარადგინა საპრეტენზიო განცხადება №... 2019 წლის საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV) ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საპრეტენზიო განცხადების განმხილველი საგნობრივი კომისიის 2019 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით ლ.დ-ის საპრეტენზიო განაცხადი/საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებულ დავალებებში მის მიერ მიღებული შეფასებები დარჩა უცვლელი; დ) 2019 წლის 24 სექტემბერს, ლ.დ-ის წარმომადგენელმა - თ.ნ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომლსაც სთხოვა, ეცნობებინა ჰყავდათ თუ არა შესაბამისი სპეციალისტი, რომელიც განახორციელებდა პრაქტიკოს მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელ ტესტირებაში, კერძოდ, ქართულ ენასა და ლიტერატურის ტესტირებაში (დაწყებითი საფეხური 1-4) მონაწილე კონკურსანტის ნაშრომის შეფასებას და გასცემდა თუ არა ბიურო აღნიშნული სახის ნაშრომების შეფასების დასკვნას. აღნიშნული წერილის პასუხად, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 08 ნოემბრის №5007144919 წერილით თ.ნ-ეს ეცნობა, რომ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, როგორც სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულება, მოკლებულია შესაძლებლობას, ჩაატაროს ექსპერტიზა პრაქტიკოს მასწავლებელთა ტესტირებაში მონაწილე კონკურსანტის ნაშრომის შეფასებაზე; ე) 2019 წლის 24 ოქტომბერს ლ.დ-ის წარმომადგენელმა - თ.ნ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს და სთხოვა, ეცნობებინა ჰყავდათ თუ არა ისეთი დამოუკიდებელი სპეციალისტი, რომელიც ახორციელებდა პრაქტიკოს მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელ ტესტირებაში, კერძოდ, ქართულ ენასა და ლიტერატურის ტესტირებაში (დაწყებითი საფეხური 1-4) მონაწილე კონკურსანტის ნაშრომის შეფასებას დამოუკიდებლად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში და ჰქონდა თუ არა მათ დაწესებულებაში მომუშავე რომელიმე პირს შესაბამისი კომპეტენცია, რათა გაეცა დასკვნა ზემოთ ხსენებულ ტესტირებაში მონაწილე მასწავლებლის ნაშრომების შეფასების შესახებ. აღნიშნულ წერილზე სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის პასუხი საქმეში წარმოდგენილი არ არის; ვ) საქმეში წარმოდგენილია ქალაქ ქუთაისის ...ის №... საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის მ.ა-ას ანალიზი ლ.დ-ის ნაშრომთან დაკავშირებით, სადაც იგი მსჯელობს ლ.დ-ის ნაშრომის მე-10 და 50-ე დავალებებთან მიმართებით, კერძოდ, 10.2 დავალებასთან დაკავშირებით, სპეციალისტი განმარტავს, რომ ლ.დ-ეს ძალიან კარგად აქვს შესრულებული დავალება. ამასთან, ლირიული ნაწარმოების აღქმა, მით უფრო გალაკტიონისა, სხვადასხვაგვარია მკითხველისთვის. ეს არაა მათემატიკა და მშრალი ციფრების მეცნიერება, რომელთა კომბინაციით აუცილებლად ზუსტი ციფრით გამოხატული პასუხი უნდა მიიღო. პედაგოგი მიიჩნევს, რომ ლ.დ-ის პასუხი ლოგიკური და თანმიმდევრულია და ის იმსახურებს 2 ქულიდან 1 ქულას მაინც. ნაშრომის 50-ე დავალებასთან დაკავშირებით კი, სადაც მოსარჩელემ დაიმსახურა 2-დან 1 ქულა, სპეციალისტი უთითებს, რომ ნაშრომში არ არის ზედაპირული მსჯელობა, დასკვნა ლოგიკურად გამომდინარეობს მსჯელობიდან, მონაკვეთები ლოგიკურად უკავშირდება ერთმანეთს. ნაშრომში ჩანს ლოგიკური და არგუმენტირებული მსჯელობის უნარები, შესაბამისად, სპეციალისტის აზრით, სამართლიანობა მოითხოვს, რომ ამ კრიტერიუმის მიხედვით 1-ის ნაცვლად 2 ქულა დაიწეროს. პედაგოგი მიიჩნევს, რომ ლ.დ-ის ნაშრომი წარმოდგენილია მაღალი ხარისხით და შეფასების კრიტერიუმების სრული დაცვით და თუ ნაშრომი დამატებით დამუშავდება სპეციალისტის, კერძოდ, კომპეტენტური პროფესიონალის მიერ, რომელსაც ექნება შესაბამისი სერტიფიკატი და ხარისხი, დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ ლ.დ-ეს არათუ დააკლდა 1 ქულა ბარიერის გადასალახად, არამედ მან მოიპოვა დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე მეტი, რაც გათვალისწინებული იყო ბარიერის გადალახვისათვის. სპეციალისტი თვლის, რომ 1 ქულის დაკლება, როგორც პირველადი გასწორების, ისე აპელაციის მხრიდან, ხელოვნური ბარიერია და მიიჩნევს, რომ პედაგოგ ლ.დ-ისათვის სამართლიანობის აღდგენა იქნება მოტივაცია მისი 32-წლიანი პედაგოგიური მოღვაწეობის გაგრძელების, რაც გამოიხატება ქვეყანაში განათლების უმაღლესი დონის განვითარებაში; ზ) საქმეში წარმოდგენილია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - მ.ც-ის დასაბუთება ლ.დ-ის ნაშრომთან დაკავშირებით, ნაშრომის მე-10 და 50-ე დავალებებთან მიმართებით, კერძოდ, 10.2 დავალებასთან დაკავშირებით, სპეციალისტი განმარტავს, რომ დავალების შესრულებისას პედაგოგმა ლ.დ-ემ მიაგნო ფრაზას, რომელშიც ავტორი ბუნების სურათში ადამიანის მონაწილეობას აჩვენებს. მისი განმარტებით, „ხმა ისმის საკრავების“, სწორედ ეს სტრიქონი გამოხატავს ლექსის კომპოზიციურ მთლიანობაში ადამიანის ჩართულობას, რაკი გამსწორებლის მიერ სწორ პასუხად ჩათვლილ ფორმატში ტექსტის ბოლო სტრიქონში იმავე აქტივობაზეა საუბარი („დაღალული წყდება ხმა საკრავების“), ხოლო პედაგოგს ამოცნობილი აქვს კომპოზიციაში ადამიანის თანამონაწილეობა. (ის უკრავს - „ხმა საკრავების“) აპლიკანტს შიძლება ჩაეთვალოს კითხვის I ნაწილი და მოემატოს 1 ქულა, რადგან სწორედ „საკრავების ხმა“ განსაზღვრავს აქაც (ბოლო სტრიქონში) ადამიანის თანამონაწილეობას ბუნების პროცესში. რაც შეეხება 50-ე დავალებას II კრიტერიუმის ნაწილში, სადაც მაქსიმალურ ქულად გათვალისწინებულია 3, მ.ც-ი მიიჩნევს, რომ ლ.დ-ის ნაშრომი ამ კრიტერიუმის პირობას სავსებით აკმაყოფილებს, მსჯელობა თანმიმდევრულია, მოყვანილია დამაჯერებელი, მრავალფეროვანი, ორიგინალური არგუმენტები, მაგალითები, განხილული კონტრარგუმენტები, რის გამოც, ნაშრომი ამ ნაწილში იმსახურებს არა 2, არამედ 3 ქულას. ამავე დავალების V კრიტერიუმთან (სინტაქსი, მორფოლოგია, პუნქტუაცია) დაკავშირებით კი, სპეციალისტი უთითებს, რომ რადგან ნაშრომში არ არის დაშვებული ბევრი შეცდომა, საერთო ჯამში, ნაშრომი სინტაქსურად გამართულია, შესრულებულია თანამედროვე ქართულის სალიტერატურო ნორმების დაცვით, ამიტომ შესაძლებლად მიიჩნევს აქაც მოემატოს 1 ქულა და დაეწეროს მაქსიმალური - 2 ქულა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 14 მარტის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესის“ მე-19 მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტებზე, მე-2 მუხლის „ჟ“ და „ზ“ ქვეპუნქტებზე, მე-20 მუხლზე, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, 27-ე მუხლის მე-2 პუნქტზე მითითებით სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს განხილვის საგანს იმ ფაქტის შესწავლა წარმოადგენს, ლ.დ-ის ნამუშევარი იძლეოდა თუ არა ქულის მომატების შესაძლებლობას საგნობრივი კომისიის მხრიდან. საპრეტენზიო განცხადების წარდგენის დროს, ლ.დ-ე სადავოდ ხდიდა ნაშრომის 9.2, 9.3, 10.2, 42.2 და 50-ე დავალებების შეფასებას, ხოლო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე, იგი აპელირებდა ნაშრომის 10.1, 10.2 და 50-ე დავალებებზე, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ 10.1 დავალების ნაწილში საგნობრივ კომისიას არ უმსჯელია, მოცემულ ნაწილზე ვერც სასამართლომ იმსჯელა და შემოიფარგლა მხოლოდ 10.2 და 50-ე დავალებების შეფასებით.
სასამართლოს განმარტებით, მე-10 დავალების პირობა იყო შემდეგი: „წაიკითხეთ გალაკტიონ ტაბიძის ლექსი და შეასრულეთ 10.1 და 10.2 დავალებები: ,,ლაჟვარდ ცაზე დღეა თეთრი კრავების, დასავლეთის კარი ჩატყდა ზმორებით; უნაზესი ისმის ხმა საკრავების, ბაღებს იქით, სადღაც, გადაშორებით. მზის გადასვლამ სივრცეები დაწმინდა. იბინდება, იბინდება მთაწმინდა... ...ციდან მთებზე ეშვებიან კრავები, დაღალული წყდება ხმა საკრავების’’. 10.2 დავალების პირობა იყო შემდეგი: „ამოწერეთ ორი ტაეპი, რომლებიც ლექსის კომპოზიციურ მთლიანობაში ადამიანის მონაწილეობას გვიჩვენებს. იმსჯელეთ, რა მხატვრული ეფექტის მისაღწევად იყენებს ავტორი მათ“. აღნიშნულ დავალებაზე მოსარჩელემ წერილობით შემდეგი პასუხი გასცა: „უნაზესი ისმის ხმა საკრავების“, „ბაღებს იქით, სადღაც, გადაშორებით“. ეპითეტი, იყენებს იმისთვის, რომ ეს ბუნებრივი მოვლენა, ლამაზად, ხატოვნად შეადაროს ბუნების საოცარ სილამაზეს, ადამიანის განწყობას. ამ კრიტერიუმში ლ.დ-ის ნაშრომი შეფასებულია 0 ქულით. სქემის მიხედვით კი, 0 ქულა იწერება მაშინ, როდესაც: - შეცდომითაა ამოწერილი ტაეპები და მსჯელობა მცდარია; - არ არის ამოწერილი ტაეპები და მსჯელობა მცდარია. მოცემულ შემთხვევაში, სქემის თანახმად, სწორ პასუხად მიჩნეულია შემდეგი ტაეპები: „უნაზესი ისმის ხმა საკრავების“, „დაღალული წყდება ხმა საკრავების“. მოპასუხე მიიჩნევს, რომ აპლიკანტს ამოწერილი აქვს 2 ტაეპი, რომელიც სწორედაც, რომ ვერ აერთიანებს, ვერ კრავს ლექსის კომპოზიციურ სურათს, რის გამოც, დავალების ამ ნაწილში, ლ.დ-ეს სამართლიანად უწერია 0 ქულა.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია მოცემულ საკითხთან დაკავშირებით და ყურადღება გაამახვილა სქემაზე, რომლის თანახმად, აღნიშნულ დავალებაში 1 ქულა იწერება შემდეგ შემთხვევებში: - სწორად არის ამოცნობილი და ამოწერილი შესაბამისი ტაეპები ლექსიდან („უნაზესი ისმის ხმა საკრავების“, „დაღალული წყდება ხმა საკრავების“), თუმცა წარმოდგენილი მსჯელობა ზედაპირული და სქემატურია; -სწორად არის ამოცნობილი და ამოწერილი შესაბამისი ტაეპები ლექსიდან („უნაზესი ისმის ხმა საკრავების“, „დაღალული წყდება ხმა საკრავების“), თუმცა არ არის წარმოდგენილი მსჯელობა; - არ ჩანს ამოწერილი ორი სტრიქონი, თუმცა წარმოდგენილია სქემატური მსჯელობა ავტორის მხატვრული ჩანაფიქრის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სწორად აქვს ამოცნობილი და ამოწერილი ერთი ტაეპი („უნაზესი ისმის ხმა საკრავების“) და განვითარებული აქვს ზედაპირული მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მხატვრული ეფექტის მისაღწევად იყენებს ავტორი მათ. ამავე საკითხთან მიმართებით, საყურადღებოა საქმეში წარმოდგენილი, ქალაქ ქუთაისის ...ის №... საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის - მ.ა-ას ანალიზი, სადაც იგი 10.2 დავალებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ლ.დ-ეს ძალიან კარგად აქვს შესრულებული დავალება. ამასთან, ლირიული ნაწარმოების აღქმა, მით უფრო გალაკტიონისა, სხვადასხვაგვარია მკითხველისთვის. ეს არაა მათემატიკა და მშრალი ციფრების მეცნიერება, რომელთა კომბინაციით აუცილებლად ზუსტი ციფრით გამოხატული პასუხი უნდა მიიღო. პედაგოგი მიიჩნევს, რომ ლ.დ-ის პასუხი ლოგიკური და თანმიმდევრულია და ის იმსახურებს 2 ქულიდან 1 ქულას მაინც. საყურადღებოა ასევე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - მ.ც-ის დასაბუთება ლ.დ-ის ნაშრომთან დაკავშირებით, კერძოდ, 10.2 დავალებასთან მიმართებით სპეციალისტი განმარტავს, რომ დავალების შესრულებისას პედაგოგმა ლ.დ-ემ მიაგნო ფრაზას, რომელშიც ავტორი ბუნების სურათში ადამიანის მონაწილეობას აჩვენებს. მისი განმარტებით, „ხმა ისმის საკრავების“, სწორედ ეს სტრიქონი გამოხატავს ლექსის კომპოზიციურ მთლიანობაში ადამიანის ჩართულობას, რაკი გამსწორებლის მიერ სწორ პასუხად ჩათვლილ ფორმატში ტექსტის ბოლო სტრიქონში იმავე აქტივობაზეა საუბარი („დაღალული წყდება ხმა საკრავების“), ხოლო პედაგოგს ამოცნობილი აქვს კომპოზიციაში ადამიანის თანამონაწილეობა (ის უკრავს - „ხმა საკრავების“) აპლიკანტს შეიძლება ჩაეთვალოს კითხვის I ნაწილი და მოემატოს 1 ქულა, რადგან სწორედ „საკრავების ხმა“ განსაზღვრავს აქაც (ბოლო სტრიქონში) ადამიანის თანამონაწილეობას ბუნების პროცესში.
სასამართლოს განმარტებით, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ორი სპეციალისტის წერილობითი განმარტება, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას დაასკვნას, რომ ლ.დ-ის ნაშრომი, 10.2 დავალების ნაწილში, იმსახურებდა 1 ქულის მომატებას, რაც საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ აღნიშნულ ნაწილში ბათილად ყოფილიყო ცნობილი სადავო - 2019 წლის საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV) ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საპრეტენზიო განცხადების განმხილველი საგნობრივი კომისიის 2019 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილება აპლიკანტ ლ.დ-ის ნაწილში.
ნაშრომის 50-ე დავალებასთან დაკავშირებით სასამართლომ მიიჩნია, რომ საგნის გამოცდაზე, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირების შედეგად მიღებული ქულა, გასაჩივრებული ტესტის შემთხვევაში, შეფასებული იყო სწორად შემდეგ გარემოებათა გამო: 50-ე დავალება (ანალიტიკური წერა) ფორმულირებული იყო შემდეგნაირად: „1989 წელს გადაღებულ ფილმში „მკვდარი პოეტების საზოგადოება“, მოქმედება ვითარდება ქალაქ ველტონის ვაჟთა კოლეჯში. ტრადიცია, ღირსება, დისციპლინა და სრულყოფილება - ეს ის ოთხი საყრდენია, რომლებზეც ველტონის აკადემია დგას. მოსწავლეები კი კოლეჯს, „ველტონის“ ნაცვლად, „ჰელტონს“ (hellton - ჯოჯოხეთური) უწოდებენ. კოლეჯში ახლად მოსული ლიტერატურის მასწავლებელი მისტერ კიტინგი პირველსავე გაკვეთილზე ამოახევინებს მოსწავლეებს სახელმძღვანელოს იმ გვერდს, რომელზეც პოეზიის სტანდარტული, ქრესტომათიული, სქემატური განმარტებაა მოცემული და სთავაზობს, თითოეულმა თავისებურად გაიაზროს პოეზიის არსი, თითოეული თავისი გზით მივიდეს პოეზიის განცდამდე. სხვა ეპიზოდში, კიტინგის მითითებით, მოსწავლეები წრეზე დადიან - თითოეული განსხვავებული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი მანერით. ისმის მასწავლებლის ხმა: „მე მინდა, თქვენ საკუთარი გზა იპოვოთ, საკუთარი გზა საკუთარი ნაბიჯებით, რიტმით, ნებისმიერი მიმართულებით...“, „ბიჭებო, ეცადეთ, იპოვოთ საკუთარი ხმა...“, „ნუ დაემორჩილებით ამ მდგომარეობას - თავი დააღწიეთ!“ გაიაზრეთ მოცემული ინფორმაცია, განაზოგადეთ სათქმელი და იმსჯელეთ: - რა პრობლემაზეა მინიშნება მოცემულ ტექსტში? - რა განაპირობებს ამ პრობლემას და რა შედეგებს იწვევს ის? - რა შეიძლება დავსახოთ ამ პრობლემის გადაჭრის გზად? აღნიშნულ დავალებაში მოსარჩელეს მიღებული აქვს უმაღლესი 11 ქულიდან 9 ქულა. მას მაქსიმალურ ქულაზე თითო ქულით ნაკლები აქვს მე-2 (მსჯელობა და არგუმენტაცია) და მე-5 (სინტაქსი, მორფოლოგია, პუნქტუაცია) კრიტერიუმებში. შესაბამისად, სასამართლომაც მხოლოდ ამ ნაწილში იმსჯელა, კერძოდ, სქემის თანახმად, 3 ქულით ფასდება ესე, როდესაც: „მოცემულია საკითხის შესახებ თანმიმდევრული მსჯელობა, მოყვანილია დამაჯერებელი, მრავალფეროვანი, ორიგინალური არგუმენტები, მაგალითები, განხილული კონტრარგუმენტები“. ნაშრომის (იხ. ტომი 1, ს.ფ. 23) მიხედვით კი ჩანს, რომ მართალია, მოცემულია საკითხის შესახებ თანმიმდევრული მსჯელობა და მოყვანილია არგუმენტები, თუმცა, მოსარჩელე მიჯაჭვულია დავალების პირობას და ვერ ახერხებს საკითხის განზოგადებას, ასევე ნაშრომში არ გვხვდება მსჯელობა არც კონტრარგუმენტების შესახებ, რის გამოც მან დაიმსახურა 2 ქულა. რაც შეეხება მე-5 კომპონენტს (სინტაქსი, მორფოლოგია, პუნქტუაცია), აღნიშნულ ნაწილში სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის მსჯელობა და მიიჩნია, რომ ნაშრომში დაფიქსირებულია ენობრივი შეცდომის ისეთი შემთხვევები, რომლებიც მსუბუქ გადაცდომად ვერ იქნება განხილული, რაც თავის მხრივ, გამორიცხავს მაქსიმალური - 2 ქულით შეფასებას, ვინაიდან სქემის მიხედვით, 2 ქულით მხოლოდ მაშინ ფასდება ნაშრომი, როდესაც: „არ არის დაშვებული ან დაშვებულია მხოლოდ უმნიშვნელო სინტაქსური, ორთოგრაფიულ-მორფოლოგიური და პუნქტუაციური შეცდომები, დაცულია თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმები“.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტით გადაწყვეტილი დავის მთავარი საკითხი - ქულის მომატებაზე უარი, 10.2 დავალების ნაწილში არაადექვატურია, რასაც ასევე ამყარებს საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი ორი სპეციალისტისა და სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწვეული კონკრეტული დარგის სპეციალისტის განმარტება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ 2019 წლის საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV) ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საპრეტენზიო განცხადების განმხილველი საგნობრივი კომისიის 2019 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილება (გასაჩივრებულ ნაწილში, 10.2 დავალების შეფასების ნაწილში), როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული, იგი ხელყოფს მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს, რაც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მას, რის გამოც გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. შესაბამისად, სასამართლოს მიერ ასევე დაკმაყოფილდა მეორე სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალა გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ლ.დ-ისთვის 1 (ერთი) კრედიტ ქულის მინიჭების შესახებ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ლ.დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ბათილად იქნა ცნობილი აპლიკანტი ლ.დ-ის, ნაშრომის შტრიხკოდი - ..., 10.2 დავალების ნაწილში და ჩაითვალა, რომ ლ.დ-ემ აღნიშნული საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი ტესტირების შედეგად მიიღო 25 ქულა. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მხოლოდ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, სააპელაციო ინსტანციით დავის განხილვისას ნაშრომის შეფასების კანონიერება განხორციელდა მხოლოდ 10.2 ტესტური დავალების ნაწილში.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: ა) ლ.დ-ემ მონაწილეობა მიიღო 2019 წლის საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისათვის ორგანიზებულ ტესტირებაში და მიიღო შემდეგი შეფასება: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV) - 24 ქულა, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 25 ქულა, გადასალახი ქულის მისაღწევად დააკლდა 1 ქულა. ამასთან, 9.2, 9.3, 10.2 და 42.2 დავალებები შეფასდა 0 (ნული) ქულით, ხოლო 50-ე დავალება 9 ქულით (მაქსიმალური ქულა - 11). 2019 წლის 19 აგვისტოს, ლ.დ-ემ, მისი ნაშრომის 9.2, 9.3, 10.2, 42.2 და 50-ე დავალებების შეფასებასთან დაკავშირებით, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარადგინა საპრეტენზიო განცხადება №...; ბ) მე-10 დავალების პირობა იყო შემდეგი: „წაიკითხეთ გალაკტიონ ტაბიძის ლექსი და შეასრულეთ 10.1 და 10.2 დავალებები: ლაჟვარდ ცაზე დღეა თეთრი კრავების, დასავლეთის კარი ჩატყდა ზმორებით; უნაზესი ისმის ხმა საკრავების, ბაღებს იქით, სადღაც, გადაშორებით. მზის გადასვლამ სივრცეები დაწმინდა. იბინდება, იბინდება მთაწმინდა...... ციდან მთებზე ეშვებიან კრავები, დაღალული წყდება ხმა საკრავების. აღნიშნული ლექსის მიხედვით, 10.2 დავალების პირობა იყო: „ამოწერეთ ორი ტაეპი, რომლებიც ლექსის კომპოზიციურ მთლიანობაში ადამიანის მონაწილეობას გვიჩვენებს. იმსჯელეთ, რა მხატვრული ეფექტის მისაღწევად იყენებს ავტორი მათ“; გ) აღნიშნულ დავალებაზე მოსარჩელემ წერილობით შემდეგი პასუხი გასცა: „უნაზესი ისმის ხმა საკრავების“, „ბაღებს იქით, სადღაც, გადაშორებით“. ეპითეტი, იყენებს იმისთვის, რომ ეს ბუნებრივი მოვლენა, ლამაზად, ხატოვნად შეადაროს ბუნების საოცარ სილამაზეს, ადამიანის განწყობას. მოცემულ ნაწილში ლ.დ-ის ნაშრომი შეფასდა 0 ქულით; დ) 2019 წლის საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV) ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საპრეტენზიო განცხადების განმხილველი საგნობრივი კომისიის 2019 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით ლ.დ-ის საპრეტენზიო განაცხადი/საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებულ დავალებებში მის მიერ მიღებული შეფასებები დარჩა უცვლელი.
პალატამ მიუთითა საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-797(კ-18)), სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „საგამოცდო კომისიის მიერ ნაშრომის შეფასება კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებათა რიგს განეკუთვნება, რომელშიც სასამართლოს კონტროლი გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება. სასამართლო ფლობს დავის გადაწყვეტის სრულ იურისდიქციას, თუმცა სფეროს სპეციფიკის გათვალისწინებით განსხვავდება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული სფეროს რეგულირების ხარისხი, სასამართლო კონტროლის სიმჭიდროვე, ინტენსივობა. შესაბამისად, სასამართლოს კონტროლი ამ პირობებში უნდა იყოს სათანადო და თანაზომიერი, დასაცავი ობიექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული დისკრეციის მიმართ გამკაცრებული ტესტის გამოყენება (სუსგ 13.02.2013წ. №ბს-448- 443(კ-12)). გამოცდის შედეგთან დაკავშირებით პრეტენზიის წარდგენის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია შეაფასოს გადაწყვეტილების მიღების პროცედურული მხარე, კანონმდებლობით განსაზღვრული დისკრეციული უფლებამოსილების საზღვრების გამოყენების დაცულობა და მიზანთან მისი შესაბამისობის სისწორე, შეფასების საყოველთაოდ მიღებული მასშტაბის, თანასწორობის პრინციპის დაცულობა (გამოსაცდელი პირების არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება (მაგ. მოფიქრებისათვის ნაკლები დროის მიცემა, გამოცდის არასამუშაო გარემოში წარმართვა)), ფაქტების სწორად დადგენის მოთხოვნის, გამოცდის პროცედურული წესების დაცულობა. სასამართლო კონტროლი მოიცავს აგრეთვე ისეთ საკითხებს, რომელიც უკავშირდება გამომცდელის მიერ გამოცდისათვის განსაზღვრული დანაწესის გაუთვალისწინებლობას, არასწორი ფაქტობრივი გარემოებებით ხელმძღვანელობას (მაგ. გამომცდელი საგამოცდო კითხვას გამოცდასთან შეუსაბამო შინაარს აძლევს, დასმული კითხვა ცდება პროგრამის ფარგლებს და სხვ.), საგამოცდო ტესტის, მისი შინაარსობრივი წყობის, დასმული კითხვისა და მასზე სწორად მიჩნეული პასუხის აშკარად შეუსაბამობას, გამომცდელის მიერ გაცნობიერებულად საკითხისადმი კავშირში არმყოფი მოსაზრებებით მოქმედებას. გამომცდელის შეფასებაზე სასამართლო კონტროლი დასაშვებია, როდესაც შეფასება შესაძლოა საგნის სპეციფიკაში ჩაღრმავების გარეშე, იმ შემთხვევაში, როდესაც გამომცდელის შეფასება ემყარება მეცნიერულ - პროფესიული მოსაზრებების ისეთ აშკარა და გონივრულ ზღვარს გადამცდარ არასწორ გააზრებასა და შეფასებას, რომლის შედეგი ყოვლად დაუსაბუთებელი, ირაციონალური და მიუღებელია სასამართლოსათვის“.
პალატის მითითებით, ლ.დ-ე სადავოდ არ ხდის პროცედურულ საკითხს, არ უთითებს თანასწორობის პრინციპის დარღვევით იდენტურ შემთხვევაში სხვების მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას, ადმინისტრაციული ორგანოს არსებული პრაქტიკის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღებას, მოსარჩელე არ ეთანხმება დავალებაზე გაცემული პასუხის შეფასებას. მხედველობაშია მისაღები, რომ სასამართლო კონტროლს თავისი საზღვრები აქვს, რადგან შეფასების პროცესს მრავალი ისეთი ელემენტი ახლავს, რომელიც არ ექვემდებარება ზუსტ შეფასებას (გამომცდელის სუბიექტური შთაბეჭდილება, გამომცდელის პროფესიული თავისებურებების ზემოქმედება შეფასებაზე და სხვ.). გამოცდის ჩატარება დაკავშირებული არის შეფასების აუცილებლობასთან, გამომცდელის მიხედულებასთან, რომელიც წარმოადგენს ამ საქმიანობის, შეფასებითი კატეგორიების გამოყენების უცილობელ ელემენტს, შესაბამისად, ამ სფეროში რეგულაციას მიზნად აქვს არა მიხედულების სრული აღმოფხვრა, არამედ მისი თვითნებობაში გადაზრდის თავიდან აცილება, დისკრეციის სფეროს შეზღუდვა. დისკრეციის სფეროს შეზღუდვა ზოგადად დადებითი პროცესია, თუმცა მიხედულების სრული იგნორირება, სრული კონტროლი გამოიწვევდა კონკრეტული პასუხის სპეციფიკურობის, მიზანშეწონილობის ფაქტორის გათვალისწინების უარყოფას, ორგანოს საქმიანობის არაეფექტურობას. კომისიის სადავო გადაწყვეტილება უკავშირდება მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისაგან დაკომპლექტებული კომისიის საგნობრივ კომპეტენციას, ერთჯერად სიტუაციას, რომლის რეკონსტრუქცია და გადამოწმება მოსამართლის მიერ შეუძლებელია (გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გამოსაცდელის ცოდნის დონეს სახელდობრ გამოცდის ჩატარების მომენტისათვის და არა მის შემდეგ), შემფასებელი ახდენს შეფასებას საგამოცდო საკითხების სირთულეების გათვალისწინებით და საერთო შედეგების შეფასების საფუძველზე (შეფასება თავის თავში შეიცავს შედარების ელემენტს, შეფასება შესაბამისობაში უნდა იყოს სხვა აპლიკანტების მიერ მიღებულ შეფასებებთან, ამდენად, გასათვალისწინებელია გამოსაცდელების საშუალო დონე, საგამოცდო ნიშანი იმ ურთიერთობათა სისტემის ნაწილია, რომელიც გარკვეულწილად არის საგამოცდო პრაქტიკის, გამომცდელთა გამოცდილებისა და წარმოდგენების შედეგი), რაც საგამოცდო გადაწყვეტილებისათვის ქმნის შეფასების თავისუფალ სივრცეს (იხ. აგრეთვე სუსგ 08.07.04წ., №ბს-94-11-კს-04; 20.10.10წ. №ბს-342-331(კ-10); 25.03.09წ. №ბს-1448-1406(კს-08); 20.07.11წ. №ბს-1805-1760(კ-10)). დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს შესაძლებლობას კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება (სზაკ-ის მე-2 მუხ. „ლ“ ქვ.პ.). შეფასების ფართო ველის აღიარება იწვევს გადაწყვეტილების მიღების დისკრეციული სივრცის აღიარებას. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა ადმინისტრაციული დისკრეციული უფლებამოსილება სპეციალიზებულ სფეროში. გამომცდელის გადაწყვეტილების სრული სასამართლო შემოწმების დაშვების შემთხვევაში, გამოცდების მიღების ფუნქცია უცილობლად მთლიანად სასამართლოში გადაინაცვლებს. სასამართლო არ არის უფლებამოსილი იკისროს გამომცდელის ფუნქცია და შეაფასოს მოსარჩელის სპეციალური ცოდნა. დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს მოქმედების თავისუფლებას, თუმცა არ ქმნის სამართლისგან სრულიად თავისუფალ სივრცეს, ასეთ პირობებში მოქალაქეს არ ერთმევა უფლება მოითხოვოს მის მიმართ უშეცდომო გადაწყვეტილების მიღება. არ არსებობს სრულიად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც სრული მოწესრიგება. გარემოებათა სიმრავლის, სფეროს თავისებურებების გათვალისწინებით სასამართლო შემოწმების მასშტაბი ცვალებადია. ორგანოს მიხედულების სფეროს გაფართოებას იწვევს განუსაზღვრელი ცნებები. საგამოცდო წარმოება მოიცავს ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას და შეფასების პროცესთან დაკავშირებულ განუსაზღვრელ ცნებებს. ასეთი ორმაგი დატვირთვის მოწესრიგება განაპირობებს დისკრეციული უფლებამოსილების სპეციფიკას. განუსაზღვრელი, ზოგადი სამართლებრივი ტერმინები არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს არჩევანის სრულ თავისუფლებას, უშეცდომო დისკრეციული გადაწყვეტილებების მიღების, პირის უფლებების დაცვის მოთხოვნიდან გამომდინარე, ასეთი ტერმინები სწორად უნდა განიმარტოს, ცნებების განმარტების სისწორე ექვემდებარება სასამართლო კონტროლს, თუმცა საგამოცდო წარმოების მოწესრიგება ანიჭებს ადმინისტრაციულ ორგანოს გარკვეულ თავისუფლებას ამ ცნებების შემადგენლობის განმარტებისას და სასამართლო კონტროლიც ამ თავისებურების გათვალისწინებით ხორციელდება. საგამოცდო კომისია თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ადგენს, თუ როდის არის სახეზე წესით დადგენილი წინაპირობა - გააზრებული ცოდნა, ნაწილობრივი ცოდნა, რომლებიც სრულად არ არიან განსაზღვრულები და თავის მხრივ, უქმნიან საგამოცდო კომისიას გარკვეულწილად შეფასების თავისუფალ სივრცეს, რაც დამახასიათებელია საგამოცდო პროცესისათვის. შეფასების გარკვეული თავისუფლების მიუხედავად, ცხადია, რომ მისი გამოყენება ობიექტურად და სამართლიანად უნდა ხდებოდეს. დისკრეციული უფლებამოსილების სპეციფიკური პროცესი წინააღმდეგობაში არ უნდა მოვიდეს მოქალაქეთა დარღვეული უფლების სასამართლო წესით აღდგენის ინტერესთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, და უნდა ექვემდებარებოდეს სასამართლო კონტროლს. მმართველობის ყველა აქტი, მათ შორის დისკრეციული უფლებამოსილებიდან გამომდინარე გადაწყვეტილება, ექვემდებარება სასამართლო კონტროლს. სზაკ-ის 7.2 მუხლის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ დაიშვება პირის ძირითადი უფლებისა და კანონიერი ინტერესების შელახვა. დისკრეცია არ წარმოადგენს სასამართლო ხელისუფლების კონტროლისაგან თავისუფალ სივრცეს (სუსგ 11.04.12წ. №ბს-1655-1627(კ-11), 20.10.10წ. №ბს-342-331(კ-10)), ადმინისტრაციული ორგანოს მიხედულება უკიდეგანო არ არის და მის ფარგლებში თვითნებობის, დისკრიმინაციის, დისკრეციული უფლებამოსილების გადაჭარბების ან არამიზნობრივი გამოყენების გამოვლენა დაუშვებელია, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეცია არ ნიშნავს თანასწორობის ან კანონიერების პრინციპის უგულებელყოფას, დისკრეციული უფლებამოსილება სამართლებრივად შებოჭილი თავისუფლებაა. დისკრეციული უფლებამოსილების ცნებისათვის იმანენტურია მისი სამართლებრივი ბოჭვა, რაც სასამართლო კონტროლის პირობებშია შესაძლებელი. მოცემულ შემთხვევაში, დისკრეციული ველის შეზღუდვის, ამ სფეროში ერთგვარი ინტერვენციის, სასამართლო კონტროლის გაფართოების შესაძლებლობას გარკვეულწილად იძლევა სასერტიფიკაციო გამოცდის შეფასების სქემა.
სასამართლოს მითითებით, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 12 აგვისტოს №139/19 ბრძანებით დამტკიცდა 2019 წლის საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისათვის შეფასების სქემები ამ ბრძანების დანართების შესაბამისად. აღნიშნული სქემის თანახმად №10.2 დავალების მაქსიმალურ შეფასებას წარმოადგენდა 2 ქულა, რომელიც იწერებოდა იმ შემთხვევაში თუ სწორად იყო ამოცნობილი და ამოწერილი შესაბამისი ტაეპები - ,,უნაზესი ისმის ხმა საკრავების, დაღალული წყდება ხმა საკრავების’’ - წარმოდგენილი იყო დამაჯერებელი მსჯელობა ავტორის მხატვრული ჩანაფიქრის შესახებ. 1 ქულა იწერება იმ შემთხვევაში თუ: 1) სწორად არის ამოცნობილი და ამოწერილი შესაბამისი ტაეპები ლექსიდან (უნაზესი ისმის ხმა საკრავების, დაღალული წყდება ხმა საკრავების), თუმცა წარმოდგენილი მსჯელობა ზედაპირული და სქემატურია; 2) სწორად არის ამოცნობილი და ამოწერილი შესაბამისი ტაეპები ლექსიდან (უნაზესი ისმის ხმა საკრავების, დაღალული წყდება ხმა საკრავების), თუმცა არ არის წარმოდგენილი მსჯელობა; 3) არ ჩანს ამოწერილი ორი სტრიქონი, თუმცა წარმოდგენილია სქემატური მსჯელობა ავტორის მხატვრული ჩანაფიქრის შესახებ. 0 ქულა იწერება იმ შემთხვევაში, თუ 1) შეცდომითაა ამოწერილი ტაეპები და მსჯელობა მცდარია; 2) არ არის ამოწერილი ტაეპები და მსჯელობა მცდარია.
სააპელაციო პალატის განმარტებით, 10.2 დავალება განეკუთვნება ე.წ. ღია ტიპის დავალებას, ასეთ დავალებას არ აქვს თანდართული სავარაუდო პასუხები, რის გამოც მნიშვნელობა ენიჭება დასაბუთებას. დასაბუთება, განმარტება უფრო მაღალი სააზროვნო დონის მაჩვენებელია, ვიდრე დასახელება, აღწერა, ის ავლენს აპლიკანტის ანალიზის, სინთეზისა და შეფასების უნარებს. განსახილველ შემთხვევაში, დასაბუთებულია აპელანტის პოზიცია იმის თაობაზე, რომ აპლიკანტი ვალდებული იყო წარმოედგინა დამაჯერებელი მსჯელობა ავტორის მიზანდასახულობის შესახებ - ეჩვენებინა ადამიანისა და ბუნების ჰარმონიული თანახმიერობის, ადამიანის, როგორც ბუნების განუყოფელი ნაწილის მხატვრული სურათის შესახებ მსჯელობა. ასევე, ამოეცნო და ამოეწერა 2 ტაეპი (უნაზესი ისმის ხმა საკრავების, დაღალული წყდება ხმა საკრავების), რომლებიც ლექსის კომპოზიციურ ერთიანობაში ადამიანის მონაწილეობას გვიჩვენებს ან წარმოედგინა სქემატური მსჯელობა ავტორის მხატვრული ჩანაფიქრის შესახებ. საქმეში წარმოდგენილი 2019 წლის საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირების შეფასების სქემის მიხედვით, (რომელიც არაა სადავო), ქულის მინიჭების სავალდებულო კრიტერიუმებად დადგენილია, რომ: 1) აპლიკანტის მიერ სწორად უნდა ყოფილიყო ამოცნობილი და ამოწერილი შესაბამისი ტაეპები - უნაზესი ისმის ხმა საკრავების, დაღალული წყდება ხმა საკრავების, და ასევე წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო დამაჯერებელი მსჯელობა ავტორის მხატვრული ჩანაფიქრის შესახებ (2 ქულა); და 2) აპლიკანტის მიერ თუ სწორად იქნებოდა ამოცნობილი და ამოწერილი შესაბამისი ტაეპები ლექსიდან (უნაზესი ისმის ხმა საკრავების, დაღალული წყდება ხმა საკრავების), მაგრამ წარმოდგენილი მსჯელობა ზედაპირული და სქემატური იქნებოდა; ან სწორად იქნებოდა ამოცნობილი და ამოწერილი შესაბამისი ტაეპები ლექსიდან (უნაზესი ისმის ხმა საკრავების, დაღალული წყდება ხმა საკრავების), მაგრამ არ იქნებოდა წარმოდგენილი მსჯელობა; ან ნაშრომში არ ჩანდა ამოწერილი ორი სტრიქონი (ტაეპები), მაგრამ წარმოდგენილი იქნებოდა სქემატური მსჯელობა ავტორის მხატვრული ჩანაფიქრის შესახებ, დავალება შეფასდებოდა 1 (ერთი) ქულით.
სააპელაციო პალატის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება არ მიუთითებს, რომ ლ.დ-ის მიერ შესრულებულ 10.2 დავალებაში გაცემული პასუხი აკმაყოფილებს შეფასების სქემით ქულის მინიჭებისათვის დადგენილ რომელიმე კრიტერიუმს, საქალაქო სასამართლოს მხრიდან კი, სქემით დადგენილი შეფასების კრიტერიუმების გაცდენა, პალატის აზრით, არ წარმოადგენს სასამართლოს კომპეტენციას. სადავო აქტით გადაწყვეტილი დავის მთავარი საკითხი - ქულის მომატებაზე უარი ადექვატურია, ადგილი არ აქვს თვითნებობას, დისკრეციული უფლებამოსილების გადაცილებას, მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომას და გადაწყვეტილება შეესაბამება დადგენილი შეფასების სქემის მოთხოვნებს.
სააპელაციო პალატის განმარტებით, მოსარჩელის წარმომადგენლებისა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სწორად აქვს ამოცნობილი და ამოწერილი ერთი ტაეპი („უნაზესი ისმის ხმა საკრავების“) და განვითარებული აქვს ზედაპირული მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მხატვრული ეფექტის მისაღწევად იყენებს ავტორი მათ, რაც მათი შეხედულებით აპლიკანტს უნდა ჩაეთვალოს კითხვის I ნაწილი და მოემატოს 1 ქულა, დაუსაბუთებელია, რადგან 2019 წლის მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდის შეფასების სქემა იძლევა გარკვეული მასშტაბით შეფასების გადამოწმების შესაძლებლობას, სქემაში მოცემულია შეფასების ზოგადი მასშტაბი. განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანო ნაშრომის შეფასებისას მოქმედებდა კონკრეტული სქემის მიხედვით და იმ პირობებში, როდესაც აპლიკანტს ამოწერილი აქვს ორი სწორი ტაეპიდან მხოლოდ ერთი და ზოგადი მსჯელობა ადმინისტრაციულ ორგანოს შეფასებული აქვს მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, შეუძლებელია მსჯელობა აპლიკანტისათვის ერთი ქულის მომატების შესაძლებლობაზე. აღნიშნულს კი, თავის მხრივ, ვერ გადაწონის საქმის მასალებში წარმოდგენილი ქალაქ ქუთაისის ...ის №… საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის მ.ა-ს ანალიზი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ.დ-ემ.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონოა, ვინაიდან პალატამ საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევით მიიღო გადაწყვეტილება. დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა 10.2 დავალების შეფასების სქემასთან დაკავშირებით და განმარტება, თუ რა შემთხვევაში ეკუთვნოდა ლ.დ-ის ნაშრომს ერთი ქულა. ნაშრომის 10.2 დავალების საკითხზე მსჯელობისას პალატა თითქოს შეფასების კრიტერიუმებს დაეყრდნო (რადგან ვერ გასცდებოდა მოქმედების არეალს), თუმცა სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ 1 კრედიტქულის კრიტერიუმზე ნაწილობრივ და არა სრულ ჩამონათვალზე. შესაბამისად, მსჯელობის გარეშე დატოვა 0 ქულის მინიჭების კრიტერიუმები. 0 ქულა მიეკუთვნებოდა ნაშრომს თუ: ა) შეცდომითაა ამოწერილი ტაეპები და მსჯელობა მცდარია; ბ) არ არის ამოწერილი ტაეპები და მსჯელობა მცდარია. სქემის მიხედვით, ლ.დ-ემ ერთი ტაეპი სწორად ამოიცნო და ამოწერა („უნაზესი ისმის ხმა საკრავების“), ასევე განვითარებული აქვს ზედაპირული მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მხატვრული ეფექტის მისაღწევად იყენებს ავტორი მათ. შესაბამისად, გამოირიცხა 0 ქულით შეფასების კრიტერიუმი.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ.დ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 სექტემბრის განჩინებით, ლ.დ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ.დ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლებელია დასაბუთებული იყოს აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმებისა და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.
საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ლ.დ-ე მონაწილეობდა 2019 წლის საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისათვის ორგანიზებულ ტესტირებაში და მიიღო შემდეგი შეფასება: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV) - 24 ქულა, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 25 ქულა, გადასალახი ქულის მისაღწევად დააკლდა 1 ქულა. ამასთან, 9.2, 9.3, 10.2 და 42.2 დავალებები შეფასდა 0 (ნული) ქულით, ხოლო 50-ე დავალება 9 ქულით (მაქსიმალური ქულა - 11) (ტ.2, ს.ფ. 42-43, 29-38); ბ) 2019 წლის 19 აგვისტოს ლ.დ-ემ მის ნაშრომის 9.2, 9.3, 10.2, 42.2 და 50-ე დავალებების შეფასებასთან დაკავშირებით, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარადგინა საპრეტენზიო განცხადება №.... 2019 წლის საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV) ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საპრეტენზიო განცხადების განმხილველი საგნობრივი კომისიის 2019 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით ლ.დ-ის საპრეტენზიო განაცხადი/საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებულ დავალებებში მის მიერ მიღებული შეფასებები დარჩა უცვლელი (ტ.1, ს.ფ. 19, 160-162); გ) საქმეში წარმოდგენილია ქალაქ ქუთაისის ...ის №... საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის - მ.ა-ის ანალიზი ლ.დ-ის ნაშრომთან დაკავშირებით, სადაც იგი მსჯელობს ლ.დ-ის ნაშრომის მე-10 დავალებასთან მიმართებით. ანალიზში აღნიშნულია შემდეგი: ,,პედაგოგ ლ.დ-ეს უწერია: ,,უნაზესი ისმის ხმა საკრავების, ბაღებს იქით, სადღაც გადაშორებით...’’, ხოლო ტესტის შემდგენელს სწორ პასუხად აღქმული აქვს შემდეგი: ,,უნაზესი ისმის ხმა საკრავების, დაღალული წყდება ხმა საკრავების’’... დიდი ლოგიკა არც ამ საორიენტაციო პასუხსა და საკითხის დასმაში იგრძნობა, თუ ადამიანის მონაწილეობას ვეძებთ ლექსის ამ ნაწილში, რატომ არ შეიძლება ადამიანი, ,,ბაღებს იქით, სადღაც’’... რომ იყოს, ის ადამიანი, რომელიც საკრვის უნაზეს ხმას გამოსცემს ... იმ ლოგიკით, დავალების შემდგენელი, რომ გულისხმობს: ,,დაღალული წყდება ხმა საკრავების’’. სპეციალისტი განმარტავს, რომ ლ.დ-ეს ძალიან კარგად აქვს შესრულებული დავალება. ლირიული ნაწარმოების აღქმა, მით უფრო გალაკტიონისა, სხვადასხვაგვარია მკითხველისთვის. ეს არაა მათემატიკა და მშრალი ციფრების მეცნიერება, რომელთა კომბინაციით აუცილებლად ზუსტი ციფრით გამოხატული პასუხი უნდა მიიღო. ლ.დ-ის პასუხი იმსახურებს 2 ქულიდან 1 ქულას მაინც (ტ.1, ს.ფ. 163-168); დ) საქმეში წარმოდგენილია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - მ.ც-ის შეფასება ლ.დ-ის 10.2. ნაშრომთან დაკავშირებით. სპეციალისტი განმარტავს, რომ დავალების შესრულებისას პედაგოგმა ლ.დ-ემ მიაგნო ფრაზას, რომელშიც ავტორი ბუნების სურათში ადამიანის მონაწილეობას აჩვენებს. მისი განმარტებით, ,,ხმა ისმის საკრავების’’, სწორედ ეს სტრიქონი გამოხატავს ლექსის კომპოზიციურ მთლიანობაში ადამიანის ჩართულობას, რაკი გამსწორებლის მიერ სწორ პასუხად ჩათვლილ ფორმატში ტექსტის ბოლო სტრიქონში იმავე აქტივობაზეა საუბარი („დაღალული წყდება ხმა საკრავების“), ხოლო პედაგოგს ამოცნობილი აქვს კომპოზიციაში ადამიანის თანამონაწილეობა (ის უკრავს - „ხმა საკრავების“) აპლიკანტს შიძლება ჩაეთვალოს კითხვის I ნაწილი და მოემატოს 1 ქულა, რადგან სწორედ „საკრავების ხმა“ განსაზღვრავს აქაც (ბოლო სტრიქონში) ადამიანის თანამონაწილეობას ბუნების პროცესში (ტ.1, ს.ფ. 177).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს 2019 წლის საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV) ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საპრეტენზიო განცხადების განმხილველი საგნობრივი კომისიის 2019 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილების (მოსარჩელე მოითხოვს, ჩაითვალოს, რომ ლ.დ-ემ საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი ტესტირების შედეგად მიიღო 25 ქულა) კანონიერების შეფასება და სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დავალდებულება ლ.დ-ისთვის 1 (ერთი) კრედიტ ქულის მინიჭების შესახებ. საყურადღებოა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრის სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, განხილულ იქნა მხოლოდ 10.2 დავალების ნაწილში ლ.დ-ის ნაშრომის შეფასება. შესაბამისად, წინამდებარე საკასაციო საჩივრის ფარგლებშიც საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ დავალების ამ ნაწილში მოპასუხის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების საკითხზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 14 მარტის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესი“ (ძალადაკარგულია - 13.09.2019, №193/ნ) განსაზღვრავდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) მიერ საგნის გამოცდის ჩატარებასთან, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადგენასთან დაკავშირებულ საკითხებს (მუხ. 1); დასახელებული წესის 7.2 მუხლის თანახმად, ტესტირების ჩატარებას უზრუნველყოფს ცენტრი. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ტესტირება ტარდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შემდეგ საგნებში - ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I – IV კლასები). მე-8 მუხლის შესაბამისად, ტესტირების თითოეული ნაწილისათვის ტესტებს, შეფასების ზოგად კრიტერიუმებსა და შეფასების სქემებს შეიმუშავებს ცენტრი (1); ტესტირების შეფასების ზოგადი კრიტერიუმები და ტესტის მაქსიმალური ქულები დგინდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ტესტირების დაწყებამდე (2); ტესტირების ჩატარების შემდეგ თითოეული საგნის/პროფესიული უნარების შესაბამისად, ცენტრი ქმნის პირველადი შეფასების სქემებს. შეფასების სქემები საბოლოოდ ფორმირდება და ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება აპლიკანტთა ნაშრომების პირველადი გასწორების შემდგომ (3). ამავე ბრძანების მე-2 მუხლის „ჟ“ პუნქტის თანახმად, შეფასების სქემა განიმარტება, როგორც ცენტრის მიერ ეროვნული სასწავლო გეგმის, მასწავლებლის პროფესიული სტანდარტისა და შეფასების ზოგადი კრიტერიუმების შესაბამისად შედგენილი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ხორციელდება აპლიკანტების ნაშრომების გასწორება.
2017 წლის 14 მარტის №46/ნ ბრძანების თანახმად, ტესტირება მიმდინარეობს ცენტრის მიერ დადგენილი პროცედურებით (15.1 მუხლი). ცენტრი, ტესტირებების სრულად დასრულებიდან არაუგვიანეს 15 დღისა, უზრუნველყოფს გამოყენებული ტესტური დავალებებისა და შეფასების სქემების განთავსებას ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე (მე-17 მუხლი). აპლიკანტს უფლება აქვს, საპრეტენზიო განაცხადი ამ თავით დადგენილი წესით წარადგინოს ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე ან/და ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით (მე-20 მუხლი). ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ხდება საგამოცდო ცენტრში (21.1 მუხლი).
დასახელებული წესის 24-ე მუხლის შესაბამისად, ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადები განიხილება საპრეტენზიო კომისიის მიერ (1); ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადები განიხილება შესაბამისი საგნობრივი კომისიის მიერ (2); ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვისას საგნობრივი კომისიისთვის ცნობილი არ უნდა იყოს აპლიკანტის ვინაობა (3); საგნობრივი კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც მონაწილეობდა ტესტის შედგენაში ან მიმდინარე წელს არის გამსწორებელი (4).
წესის 27-ე მუხლის თანახმად, ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადი, ნაშრომთან ერთად გადაეცემა შესაბამის საგნობრივ კომისიას, რომლის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (1); საპრეტენზიო განაცხადის განხილვისას, საგნობრივი კომისია უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ საპრეტენზიო განაცხადში მითითებული ტესტური დავალების/დავალებების ფარგლებში, ტესტური დავალების/დავალებების შეფასების სისწორეზე და საპრეტენზიო განაცხადების წარმოდგენის ვადის დასრულებიდან 20 დღის ვადაში მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება/გადაწყვეტილებები: ა) აპლიკანტისთვის ქულის მომატების შესახებ; ბ) აპლიკანტისთვის ქულის დაკლების შესახებ; გ) აპლიკანტისთვის ქულის უცვლელად დატოვების შესახებ (2); საგნობრივი კომისია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას, მისი მიღებიდან ორი დღის ვადაში გადასცემს ცენტრის დირექტორს (3); საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილებები ცენტრის მიერ განთავსდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე, საპრეტენზიო განაცხადების წარმოდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 25 დღის ვადაში. საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილებები, საგამოცდო ბარათის კოდის გამოყენებით, ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის (4).
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს 10.2 დავალების ნაწილში ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება და იმ ფაქტის შესწავლა ლ.დ-ის ნამუშევარი იძლეოდა თუ არა ქულის მომატების შესაძლებლობას საგნობრივი კომისიის მხრიდან.
საქმის მასალებით დგინდება, რომ მე-10 დავალების პირობა იყო შემდეგი: „წაიკითხეთ გალაკტიონ ტაბიძის ლექსი და შეასრულეთ 10.1 და 10.2 დავალებები: ლაჟვარდ ცაზე დღეა თეთრი კრავების, დასავლეთის კარი ჩატყდა ზმორებით; უნაზესი ისმის ხმა საკრავების, ბაღებს იქით, სადღაც, გადაშორებით. მზის გადასვლამ სივრცეები დაწმინდა. იბინდება, იბინდება მთაწმინდა... ...ციდან მთებზე ეშვებიან კრავები, დაღალული წყდება ხმა საკრავების’’. 10.2 დავალების პირობა იყო: „ამოწერეთ ორი ტაეპი, რომლებიც ლექსის კომპოზიციურ მთლიანობაში ადამიანის მონაწილეობას გვიჩვენებს. იმსჯელეთ, რა მხატვრული ეფექტის მისაღწევად იყენებს ავტორი მათ“ (ტ.2. ს.ფ. 47-(61)-112).
აღნიშნულ დავალებაზე მოსარჩელემ წერილობით შემდეგი პასუხი გასცა: „უნაზესი ისმის ხმა საკრავების“, „ბაღებს იქით, სადღაც, გადაშორებით“. ეპითეტი, იყენებს იმისთვის, რომ ეს ბუნებრივი მოვლენა, ლამაზად, ხატოვნად შეადაროს ბუნების საოცარ სილამაზეს, ადამიანის განწყობას’’. მოცემულ დავალებაში ლ.დ-ის ნაშრომი შეფასებულია 0 ქულით (ტ.1, ს.ფ. 111).
ასევე დადგენილია, რომ 2019 წლის საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპენტენციების დადასტურების შეფასების სქემის თანახმად, სწორ პასუხად მიჩნეულია შემდეგი ტაეპები: „უნაზესი ისმის ხმა საკრავების“, „დაღალული წყდება ხმა საკრავების“. ამავე შეფასების სქემის მიხედვით, 0 ქულა იწერება როდესაც: - შეცდომითაა ამოწერილი ტაეპები და მსჯელობა მცდარია; - არ არის ამოწერილი ტაეპები და მსჯელობა მცდარია. დავალებაში 1 ქულა იწერება შემდეგ შემთხვევებში: - სწორად არის ამოცნობილი და ამოწერილი შესაბამისი ტაეპები ლექსიდან („უნაზესი ისმის ხმა საკრავების“, „დაღალული წყდება ხმა საკრავების“), თუმცა წარმოდგენილი მსჯელობა ზედაპირული და სქემატურია; - სწორად არის ამოცნობილი და ამოწერილი შესაბამისი ტაეპები ლექსიდან („უნაზესი ისმის ხმა საკრავების“, „დაღალული წყდება ხმა საკრავების“), თუმცა არ არის წარმოდგენილი მსჯელობა; - არ ჩანს ამოწერილი ორი სტრიქონი, თუმცა წარმოდგენილია სქემატური მსჯელობა ავტორის მხატვრული ჩანაფიქრის შესახებ. ამავე სქემის შესაბამისად, მაქსიმალური - 2 ქულა იწერება იმ შემთხვევაში, თუ სწორად არის ამოცნობილი და ამოწერილი შესაბამისი ტაეპები - „უნაზესი ისმის ხმა საკრავების“, „დაღალული წყდება ხმა საკრავების“, წარმოდგენილია დამაჯერებელი მსჯელობა ავტორის მხატვრული ჩანაფიქრის შესახებ (ტ.1, ს.ფ. 24-32). მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო მიიჩნევს, რომ აპლიკანტს ამოწერილი აქვს 2 ტაეპი, რომელიც ვერ აერთიანებს, ვერ კრავს ლექსის კომპოზიციურ სურათს, რის გამოც, დავალების ამ ნაწილში, ლ.დ-ეს მიღებული აქვს 0 ქულა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ზემოაღნიშნულ სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განხილვისას არავითარი მტკიცებულება არ იძენს წინასწარ დადგენილ ძალას. შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მტკიცებულებებს საკუთარი შინაგანი რწმენით აფასებდეს, რომელიც თავის მხრივ, მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას უნდა ემყარებოდეს.
როგორც ზემოთ აღინიშნა, საქმეში წარმოდგენილია ქალაქ ქუთაისის ...ის №... საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის - მ.ა-ის ანალიზი ლ.დ-ის ნაშრომთან დაკავშირებით, სადაც იგი მსჯელობს ლ.დ-ის ნაშრომის მე-10 დავალებასთან მიმართებით. სპეციალისტი განმარტავს, რომ ლ.დ-ეს ძალიან კარგად აქვს შესრულებული დავალება და პასუხი იმსახურებს მინიმუმ 1 ქულას. ასევე, საქმეში წარმოდგენილია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - მ.ც-ის შეფასება ლ.დ-ის 10.2. ნაშრომთან დაკავშირებით. სპეციალისტის განმარტებით, დავალების შესრულებისას ლ.დ-ეს ამოცნობილი აქვს დავალების მთავარი პირობა - კომპოზიციაში ადამიანის თანამონაწილეობა, რაც იძლევა საშუალებას ჩაეთვალოს კითხვის I ნაწილი და მოემატოს 1 ქულა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება განიმარტება, როგორც უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში (1); ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება (2). მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა (1); დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა (2).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს მოქმედების თავისუფლებას, თუმცა არ ქმნის სამართლისგან სრულიად თავისუფალ სივრცეს, ასეთ პირობებში მოქალაქეს არ ერთმევა უფლება მოითხოვოს მის მიმართ უშეცდომო გადაწყვეტილების მიღება. არ არსებობს სრულიად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც სრული მოწესრიგება. გარემოებათა სიმრავლის, სფეროს თავისებურებების გათვალისწინებით სასამართლო შემოწმების მასშტაბი ცვალებადია. ორგანოს მიხედულების სფეროს გაფართოებას იწვევს განუსაზღვრელი ცნებები. საგამოცდო წარმოება მოიცავს ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას და შეფასების პროცესთან დაკავშირებულ განუსაზღვრელ ცნებებს. ასეთი ორმაგი დატვირთვის მოწესრიგება განაპირობებს დისკრეციული უფლებამოსილების სპეციფიკას. განუსაზღვრელი, ზოგადი სამართლებრივი ტერმინები არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს არჩევანის სრულ თავისუფლებას, უშეცდომო დისკრეციული გადაწყვეტილებების მიღების, პირის უფლებების დაცვის მოთხოვნიდან გამომდინარე, ასეთი ტერმინები სწორად უნდა განიმარტოს, ცნებების განმარტების სისწორე ექვემდებარება სასამართლო კონტროლს, თუმცა საგამოცდო წარმოების მოწესრიგება ანიჭებს ადმინისტრაციულ ორგანოს გარკვეულ თავისუფლებას ამ ცნებების შემადგენლობის განმარტებისას და სასამართლო კონტროლიც ამ თავისებურების გათვალისწინებით ხორციელდება. საგამოცდო კომისია თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ადგენს თუ როდის არის სახეზე წესით დადგენილი წინაპირობა - გააზრებული ცოდნა, ნაწილობრივი ცოდნა, რომლებიც სრულად არ არიან განსაზღვრულები და თავის მხრივ, უქმნიან საგამოცდო კომისიას გარკვეულწილად შეფასების თავისუფალ სივრცეს, რაც დამახასიათებელია საგამოცდო პროცესისათვის. შეფასების გარკვეული თავისუფლების მიუხედავად, ცხადია, რომ მისი გამოყენება ობიექტურად და სამართლიანად უნდა ხდებოდეს. დისკრეციული უფლებამოსილების სპეციფიკური პროცესი წინააღმდეგობაში არ უნდა მოვიდეს მოქალაქეთა დარღვეული უფლების სასამართლო წესით აღდგენის ინტერესთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, და უნდა ექვემდებარებოდეს სასამართლო კონტროლს. მმართველობის ყველა აქტი, მათ შორის დისკრეციული უფლებამოსილებიდან გამომდინარე გადაწყვეტილება, ექვემდებარება სასამართლო კონტროლს. სზაკ-ის 7.2 მუხლის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ დაიშვება პირის ძირითადი უფლებისა და კანონიერი ინტერესების შელახვა. დისკრეცია არ წარმოადგენს სასამართლო ხელისუფლების კონტროლისაგან თავისუფალ სივრცეს (სუსგ 11.04.12წ. №ბს-1655-1627(კ-11), 20.10.10წ. №ბს-342-331 (კ-10)), ადმინისტრაციული ორგანოს მიხედულება უკიდეგანო არ არის და მის ფარგლებში თვითნებობის, დისკრიმინაციის, დისკრეციული უფლებამოსილების გადაჭარბების ან არამიზნობრივი გამოყენების გამოვლენა დაუშვებელია, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეცია არ ნიშნავს თანასწორობის ან კანონიერების პრინციპის უგულებელყოფას, დისკრეციული უფლებამოსილება სამართლებრივად შებოჭილი თავისუფლებაა. დისკრეციული უფლებამოსილების ცნებისათვის იმანენტურია მისი სამართლებრივი ბოჭვა, რაც სასამართლო კონტროლის პირობებშია შესაძლებელი. მოცემულ შემთხვევაში დისკრეციული ველის შეზღუდვის, ამ სფეროში ერთგვარი ინტერვენციის, სასამართლო კონტროლის გაფართოების შესაძლებლობას გარკვეულწილად იძლევა სასერტიფიკაციო გამოცდის შეფასების სქემა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-797(კ-18)).
ზემოაღნიშნული შეფასების სქემაზე მითითებით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 10.2 დავალება, თავის თავში, მოიცავს კიდევ 2 ქვედავალებას, რომელთაგანაც პირველი არ არის ე.წ. ღია დავალება, ხოლო მეორე - ე.წ. ღია დავალებაა, რომელიც იძლევა აპლიკანტის მხრიდან მსჯელობის შესაძლებლობას. შესაბამისად, მხოლოდ ის გარემოება, რომ აპლიკანტს ამოწერილი აქვს 2 ტაეპი, რომელიც ვერ აერთიანებს, ვერ კრავს ლექსის კომპოზიციურ სურათს, ან 2 ტაეპიდან ერთი ტაეპი არასწორადაა ამოწერილი, არ იძლევა ნაშრომის პირდაპირ 0 ქულით შეფასების შესაძლებლობას. საყურადღებოა, რომ მოსარჩელეს სწორად აქვს ამოცნობილი და ამოწერილი ორიდან ერთი ტაეპი („უნაზესი ისმის ხმა საკრავების“). ამასთანავე, აპლიკანტს განვითარებული აქვს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მხატვრული ეფექტის მისაღწევად იყენებს ავტორი მათ („ეპითეტი, იყენებს იმისთვის, რომ ეს ბუნებრივი მოვლენა, ლამაზად, ხატოვნად შეადაროს ბუნების საოცარ სილამაზეს, ადამიანის განწყობას“). შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით, 10.2 დავალების მეორე ქვედავალება ვერ შეფასდება ერთმნიშვნელოვნად მცდარად, ვინაიდან მეორე ქვედავალების მსჯელობის ნაწილში ერთმნიშვნელოვანი, ერთადერთი ცალსახა პასუხი არ არსებობს. აპლიკანტი პასუხობს დავალების მოთხოვნას და შეძლებისდაგვარად ავითარებს მსჯელობას. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაუსაბუთებელია სადავოდ გამხდარ 10.2 დავალებაში ლ.დ-ის 0 (ნული) ქულით შეფასება.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე ლ.დ-ის ნაშრომის 10.2 დავალებასთან დაკავშირებით საქმეში წარმოდგენილი ქალაქ ქუთაისის ...ის №... საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის - მ.ა-ის ანალიზი და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - მ.ც-ის დასაბუთება, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, იძლევა დასკვნის შესაძლებლობას, რომ სადავო საკითხი გადაწყდეს მოსარჩელის სასარგებლოდ და დაევალოს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აპელანტ ლ.დ-ისთვის 1 (ერთი) კრედიტ ქულის მინიჭების შესახებ.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველი საქმის გარემოებები განსხვავდება სააპელაციო პალატის მიერ მითითებულ საქმეზე არსებული გარემოებებისგან (სუს 07.03.2019წ. გადაწყვეტილება საქმეზე #ბს-797(კ-18)), რამეთუ განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო არ ახდენს მოსარჩელის სპეციალური ცოდნის შეფასებას. კონკრეტულ საქმეზე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ შეფასების სქემა არასწორად მიუსადაგა მოსარჩელის ნაშრომს და შესაბამისად, არასწორად განსაზღვრა დავალების ქულა, რასაც ასევე ადასტურებს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მხარის მიერ წარმოდგენილი შეფასებები.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი). სსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს სსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი ანალიზის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩიარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სსკ-ის 411-ე მუხლის საფუძველზე, მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება ლ.დ-ის სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ.დ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს უნდა დაეკისროს ლ.დ-ის მიერ სარჩელსა (ტ.1, ს.ფ. 52) და საკასაციო საჩივარზე (ტ. 2, ს.ფ. 320) საქმის განხილვისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - (100+300) 400 (ოთხასი) ლარის ანაზღაურება. ამასთან, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით (ტ.2. ს.ფ. 202) უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრებით დასტურდება, რომ 2019 წლის 2 დეკემბერს მოსარჩელის მიერ დაზუსტებულ სარჩელზე დამატებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 200 (ორასი) (100+100) ლარის ოდენობით, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე - 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით (ტ.1. ს.ფ. 217-219). გათვალისწინებით იმისა, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდგომ მოსარჩელეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება არ მოუთხოვია და აღნიშნულზე სასამართლოს არსებითად არ უმსჯელია, ამასთან, მოსარჩელეს თავდაპირველი სარჩელის აღძვრისას გადახდილი ჰქონდა სახელმწიფო ბაჟი, ზემოაღნიშნული 250 (ორასორმოცდაათი) ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს, როგორც სარჩელზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
რაც შეეხება მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის დაკისრებას, საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ განსახილველი საქმის მიმდინარეობისას მოსარჩელე წარმოდგენილი იყო ადვოკატით. ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე, თუმცა აღნიშნული უპირობოდ არ წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ სარჩელის მთლიანად ან/და ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში მოპასუხე მხარეს, მოსარჩელის სასარგებლოდ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი დაეკისროს იმ ოდენობით, რა ოდენობითაც აქვს მხარეს წარმოდგენილი იურიდიული მომსახურების გადახდის საფასურის დამადასტურებელი მტკიცებულება, რადგან წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის განსაზღვრისას მოქმედებს გონივრული და სამართლიანი შეფასების სტანდარტი, რა დროსაც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული დავის საგანი (საქმის კატეგორია), საქმის სირთულე, განხილვის ხანგრძლივობა და ა.შ. ეს დებულება სამართლებრივი ურთიერთობის ამოსავალი პრინციპია, რომელიც ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია 2019 წლის 11 სექტემბრის სალაროს შემოსავლის ორდერი №... (ტ.1. ს.ფ. 53), რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილია იურიდიული მომსახურების საფასური ჯამში 550 (ხუთას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით (მიმღები - ო.კ-ე). შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დავის სირთულის, მნიშვნელობიდან და ხანგრძლივობიდან (მოსარჩელის ინტერესებს სამივე ინსტანციის სასამართლოში იცავდა წარმომადგენელი) გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 550 (ხუთას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით განსაზღვრა გონივრულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე, 53-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ლ.დ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ლ.დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. ბათილად იქნეს ცნობილი 2019 წლის საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV) ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საპრეტენზიო განცხადების განმხილველი საგნობრივი კომისიის 2019 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილება აპლიკანტის - ლ.დ-ის (ნაშრომის შტრიხკოდი - ...) 10.2 დავალების ნაწილში;
5. დაევალოს სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აპელანტ ლ.დ-ისთვის 1 (ერთი) კრედიტ ქულის მინიჭების შესახებ და ჩაითვალოს, რომ ლ.დ-ემ საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი ტესტირების შედეგად მიიღო 25 ქულა;
6. სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაეკისროს ლ.დ-ის მიერ სარჩელსა და საკასაციო საჩივარზე საქმის განხილვისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 400 (ოთხასი) ლარის ანაზღაურება;
7. სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, ლ.დ-ის სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 550 (ხუთას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
8. ლ.დ-ეს (პირადი ნომერი: ...), დაუბრუნდეს თ.ნ-ის (პირადი ნომერი: ...) მიერ 2019 წლის 02 დეკემბერს №0 საგადასახადო დავალებით (რეფერენსი №...) სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი (მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში, სხვა შემოსულობები (თვითმმართველი ქალაქი თბილისი); მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 300773150; მიმღები ბანკი/ხაზინა - ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, ბანკის კოდი: TRESGE22; გადახდის დანიშნულება - სახელმწიფო ბაჟი სასამართლოში განსახილველ საკითხებზე; დამატებითი ინფორმაცია - ლ.დ-ის პ/ნ ... ადმინისტრაციულ საქმეზე);
9. ლ.დ-ეს (პირადი ნომერი: ...), დაუბრუნდეს თ.ნ-ის (პირადი ნომერი: ...) მიერ 2019 წლის 02 დეკემბერს №0 საგადასახადო დავალებით (რეფერენსი №...) სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი (მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში, სხვა შემოსულობები (თვითმმართველი ქალაქი თბილისი); მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 300773150; მიმღები ბანკი/ხაზინა - ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, ბანკის კოდი: TRESGE22; გადახდის დანიშნულება - სახელმწიფო ბაჟი სასამართლოში განსახილველ საკითხებზე; დამატებითი ინფორმაცია - ლ.დ-ის პ/ნ ... ადმინისტრაციულ საქმეზე);
10. ლ.დ-ეს (პირადი ნომერი: ...), დაუბრუნდეს თ.ნ-ის (პირადი ნომერი: ...) მიერ 2019 წლის 02 დეკემბერს №0 საგადასახადო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი (მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში, სხვა შემოსულობები (თვითმმართველი ქალაქი თბილისი); მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 300773150; მიმღები ბანკი/ხაზინა - ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, ბანკის კოდი: TRESGE22; გადახდის დანიშნულება - სახელმწიფო ბაჟი სასამართლოში განსახილველ საკითხებზე; დამატებითი ინფორმაცია - ლ.დ-ის პ/ნ ... ადმინისტრაციულ საქმეზე (სარჩელის უზრუნველყოფა));
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
ქ. ცინცაძე