Facebook Twitter
საქმე №ბს-571(კ-23) 10 ოქტომბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2020 წლის 28 დეკემბერს შ. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს პრეზიდენტის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, დაიბადა 1972 წელის 6 სექტემბერს. 1995 წელს დაამთავრა ...ის სახელობის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1989-1995 წლებში მუშაობდა ...ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ...ის პოზიციაზე. 1994-1995 წლებში იყო ...ის საკრებულოსა და მერიის საქალაქო გაზეთ „...“, 1995-1997 წ.წ-ში იყო გაზეთ „...ის“ კორესპოდენტი, 1998-99 წ.წ-ში თანამშრომლობდა ...ის ქართულ დიასპორასთან, 1999 წელს გახდა ...ის ქართულის სკოლა „...ის“ ნორჩ ჟურნალისტთა წრის ...ი, შემდგომ, ამავე სკოლის ისტორიის მასწავლებელი. 2006-2008 წლებში იყო ...აში საქართველოს საკონსულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამშრომელი. 2013 წელს იყო ნოტარიუსის თანაშემწე, ... წელს მიიღო მონაწილეობა არჩევნებში და მიიღო სადეპუტატო მანდატი. ოჯახური მდგომარეობიდან და საქმიანობიდან გამომდინარე პერიოდულად უხდებოდა ...აში ცხოვრება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სერვისების განვითარების სააგენტომ 2020 წლის 18 აგვისტოს მოამზადა უარყოფითი დასკვნა შ. გ-ისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამო. ზემოაღნიშნული დასკვნა გადაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს. საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 22 სეტემბრის №258 ბრძანებულებით „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 25-ე მუხლის შესაბამისად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით მოსარჩელეს შეუწყდა საქართელოს მოქალაქეობა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მისი განვლილი ცხოვრება არ იძლეოდა იმგვარი დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებთან შეუსაბამოდ მიეჩნიათ.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად არ გამოიკვლია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, გაუგებარია თუ რაზე დაყრდნობით ეთქვა უარი მოქალაქეობის შენარჩუნებაზე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ბრძანებულება არ არის სათანადოდ დასაბუთებული, არ ემყარება მოქალაქეობის შენარჩუნებზე უარის თქმისთვის დადგენილ კანონისმიერ საფუძვლებს.
მოსარჩელემ 19.03.2021წ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მოპასუხეებად მიუთითა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და საქართველოს პრეზიდენტი. სასარჩელო მოთხოვნათა არაერთგზისი დაზუსტების შემდეგ შ. გ-მა საბოლოოდ მოითხოვა: 1) შ. გ-ისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №258 ბრძანებულების ბათილად ცნობა; 2) შ. გ-ისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარის შესახებ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 18 აგვისტოს №1000711523 დასკვნის ბათილად ცნობა და 3) შ. გ-ისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 თებერვლის საოქმო განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოთხოვილ საიდუმლო ინფორმაციაზე დაშვების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით შ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება და 2022 წლის 16 თებერვლის საოქმო განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული 8.06.2022წ. გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. აპელანტმა ასევე მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.02.2022წ. საოქმო განჩინების გაუქმება და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოთხოვილ საიდუმლო ინფორმაციაზე დაშვება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის განჩინებით შ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2022 წლის 16 თებერვლის საოქმო განჩინება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ამავე კანონის 211 მუხლზე, რომლის მიხედვით, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე, ხოლო სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული. ამასთან, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე ვერ შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება არ შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ. გ-მა 2020 წლის 12 ივნისს, ...ის მოქალაქეობის მოპოვების შემდეგ, ელექტრონული განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება. განმცხადებლის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტაციით დგინდება და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ შ. გ-ს ...ის მოქალაქეობა მიღებული ჰქონდა საქართველოს სახელმწიფოდან საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ შესაბამისი თანხმობის მოპოვების გარეშე.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ შ. გ-ის განცხადებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში აღნიშნული პირისათვის უარის თქმის კანონიერი საფუძვლების არსებობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოიძია სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან და საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან. კერძოდ, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2020 წლის 4 ივლისის № SSG 6 20 00079506 წერილით ეცნობა, რომ დეპარტამენტს №1000711523 საქმეში მითითებული პირისათვის (შ. გ-ი) საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მინიჭება მიზანშეუწონლად მიაჩნდა. აღნიშნული საფუძვლად დაედო სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 2020 წლის 18 აგვისტოს უარყოფითი დასკვნას (№1000711523) ...ის მოქალაქის - შ. გ-ის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლოს მიერ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია შ. გ-ისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მიზანშეუწონლად მიჩნევის საფუძვლის დასადგენად. როგორც აღინიშნა, ინფორმაციის საიდუმლო ხასიათის გამო, იგი წარმოდგენილ იქნა მხოლოდ სასამართლოსათვის და არ დაერთო საქმეს. ამასთან, საიდუმლო ინფორმაციის შესწავლა და შემოწმება განხორციელდა კანონით დადგენილი წესით, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თუმცა, მასში მითითებულმა ფაქტებმა ასახვა ვერ ჰპოვა სასამართლო გადაწყვეტილებაში.
პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა მასზედ, რომ შ. გ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება არ შეესაბამებოდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს, რაც „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველს წარმოადგენდა. შესაბამისად, მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უარყოფითი დასკვნა შ. გ-ისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარის თქმის შესახებ, კანონშესაბამისი იყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, სააგენტო და პრეზიდენტი შემოიფარგლნენ უსაფრთხოების სამსახურის დასკვნაზე ზედაპირული მითითებით ისე, რომ არ გამოიკვლიეს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
კასატორი მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (ლუპსა რუმინეთის წინააღმდეგ), სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ სიცხადის ხარისხი, რაც შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას მოეთხოვება, მეტწილად რეგულირების კონკრეტულ სფეროზეა დამოკიდებული. საფრთხეები, რომლებიც ეროვნულ უშიშროებას ემუქრება განსხვავდება ხასიათისა და დროის მიხედვით და ამიტომ წინასწარ მათი განსაზღვრა რთულია. თუმცა პირს, რომლის მიმართაც ხორციელდება ეროვნული უშიშროების ინტერესებზე დამყარებული ღონისძიება, არ უნდა წაერთვას თვითნებობის გამომრიცხავი ყველა გარანტია, რაც ნიშნავს იმას, რომ სადავო ღონისძიება ზედმიწევნით უნდა გამოიკვლიოს დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა ორგანომ, რომელიც უფლებამოსილია შეამოწმოს ყველა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოება, რათა შეაფასოს ღონისძიების კანონიერება და უზრუნველყოს ხელისუფლების მიერ შესაძლო თვითნებობის პრევენცია.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოში ჰყავს მეუღლე, მშობლები, შვილი, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან. კასატორის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტით დაირღვევა ოჯახის ერთიანობის პრინციპი და ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-8 მუხლით დაცული პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება.
კასატორი აღნიშნავს, რომ მის მიმართ ასევე დარღვეულია კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლება, რამეთუ მის წარმომადგენელს არ აქვს წვდომა სახელმწიფო სამსახურიდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე. კასატორი მიუთითებს ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მუჰამადი რუმინეთის წინააღმდეგ, სადაც სასამართლომ დაადგინა, რომ უცხოელს არ შეუძლია მნიშვნელოვნად შეეწინააღმდეგოს ხელისუფლების განცხადებებს, რომელთა მიხედვით ეროვნულ უსაფრთხოებას ექმნება საფრთხე, ან დაუსაბუთებლად წარადგინოს მიზეზები მისი გაძევების წინააღმდეგ იმ შესატყვისი ფაქტობრივი ელემენტების ცოდნის გარეშე, რომლებმაც დაარწმუნა ხელისუფლება, რომ უცხოელი წარმოადგენს საფრთხეს ეროვნული უშიშროებისათვის. უცხოელი უნდა იყოს ინფორმირებული სამართალწარმოების დროს მის მიმართ წარდგენილი ბრალდების შინაარსის შესახებ. თუ რომელი ფაქტობრივი ინფორმაცია იქნება მისთვის მიწოდებული დამოკიდებულია დამოუკიდებელ ორგანოზე, რომელიც გადაწყვეტილებას მიიღებს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების გაცნობის შემდგომ. მხოლოდ კანონის მუხლების ციტირება არ წარმოადგენს ადეკვატურ ინფორმაციას ბრალდების შესახებ.
კასატორი აღნიშნავს, რომ მისი ბიოგრაფია ადასტურებს მის სარწმუნო კავშირს საქართველოსთან. კასატორის მოსაზრებით, მის წინააღმდეგ არ არსებობს არანაირი ინფორმაცია, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო საფუძველი იმისა, რომ მისთვის მოქალაქეობის შენარჩუნება არ შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის ინტერესებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შ. გ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №258 ბრძანებულების, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 18 აგვისტოს №100711523 დასკვნის ბათილად ცნობა და შ. გ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის დავალება.
დადგენილია, რომ 2020 წლის 12 ივნისს შ. გ-მა ელექტრონული განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა ...ის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება. ადმინისტრაციულ ორგანოში განმცხადებლის მიერ წარდგენილი იქნა შ. გ-ის მიმართ ...ის მიერ 2020 წლის 24 მარტს გაცემული №... პასპორტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, სადაც მოქალაქეობის გრაფაში დაფიქსირებულია ...ა, ხოლო პასპორტის მოქმედების ვადად განსაზღვრულის - 24.03.2030წ.
საკითხის განხილვის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2020 წლის 13 ივნისის და 2020 წლის 15 ივნისის №1000711523/1 წერილებით მიმართა სახელმწიფოს უსაფრთხოების
სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტსა და საქართველოს დაზვერვის სამსახურს მოთხოვნით ეცნობებინათ, არსებობდა თუ არა შ. გ-ისთვის უარის თქმის კანონიერი საფუძვლები.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2020 წლის 4 ივლისის №SSG 6 20 00079506 წერილით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს №1000711523 (შ. გ-ი) საქმეში მითითებული პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მინიჭება მიზანშეუწონლად მიაჩნდა.
საქართველოს დაზვერვის სამსახურის 2020 წლის 29 ივნისის №1/1478 წერილით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ სამსახურს №1000711523 განაცხადში მითითებული პირის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2020 წლის 9 ივლისის სხდომის №3803 ოქმის თანახმად, კომისიამ განიხილა და შეაფასა საქართველო/...ის მოქალაქის - შ. გ-ის მიმართ საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების მასალებში, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შესახებ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ან/და საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან წარმოდგენილი ინფორმაციისა და „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების“ დამტკიცების თაობაზე მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილების მე-19 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, კომისია არ იყო უფლებამოსილი ემსჯელა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული პირობის დადგენის საკითხზე. შესაბამისად, კომისიის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება უარყოფითი დასკვნის მომზადებასთან დაკავშირებით.
2020 წლის 18 აგვისტოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, ამავე სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2020 წლის 9 ივლისის №3803 სხდომის ოქმის გათვალისწინებით, მომზადდა უარყოფითი დასკვნა (№1000711523) ...ის მოქალაქის - შ. გ-ის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნა.
2020 წლის 19 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტი დაეთანხმა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე წარდგენილ უარყოფით დასკვნას.
2020 წლის 18 სექტემბერს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიიღო №1000713997 დასკვნა შ. გ-ის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ. აღნიშნული დასკვნის თანახმად, საქმის განხილვისას შესწავლილი იქნა საქართველოსთან შ. გ-ის სამართლებრივი კავშირი და დადგინდა, რომ იგი ითვლება საქართველოს მოქალაქედ. „მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების“ 38-ე მუხლის თანახმად, ასევე, განხილულ იქნა შ. გ-ის მიმართ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლების არსებობის საკითხი და დადგინდა, რომ შ. გ-ის მიმართ არსებობდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. შესაბამისად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული 2020 წლის 9 ივლისის №1000713997 განცხადება/წარდგინების დაკმაყოფილება და შ. გ-ისათვის (დაბ. ...წ.) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლით.
საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №258 ბრძანებულებით, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 25-ე მუხლის შესაბამისად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა შ. გ-ს, დაბადებულს 1972 წლის 6 სექტემბერს, საქართველოში.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით და ნატურალიზაციით. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პირობები და წესი და საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის ფლობა განისაზღვრება ორგანული კანონით.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლზე, რომლის თანახმად, საქართველოში დადგენილია ერთიანი მოქალაქეობა და საქართველოს მოქალაქე იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე მხოლოდ ამ კანონის მე-17 და 211-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამავე კანონის მე-17 მუხლი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების წინაპირობებს, ხოლო 211 მუხლი ადგენს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საფუძვლებს.
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211-ე მუხლის თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე, ხოლო სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული. ამასთან, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე ვერ შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება არ შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს.
მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების“ მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განხილვისას გამოვლინდა კანონის 211-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოება, სააგენტო ამზადებს უარყოფით დასკვნას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შ. გ-ს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე არ მიუღია თანხმობა საქართველოს სახელმწიფოსგან საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე.
დადგენილია, რომ შ. გ-ისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მიზანშეუწონლად მიჩნევის შესახებ მითითებულ დასკვნას საფუძვლად დაედო გასაიდუმლოებული საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების შედეგები, რომელიც კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე აღნიშნულ დოკუმენტში ვერ აისახებოდა.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას მასზედ, რომ გასაიდუმლოებული მასალების მისი წარმომადგენლითვის გაუცნობლობა არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას. „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლიდან გამომდინარე კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვით საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების, მასალების და სხვა მონაცემების ან მათი ნაწილის დასაიდუმლოების წესი და პირობები განისაზღვრება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. თავის მხრივ, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულია სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების შესაძლებლობა, მათ შორის, სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვების შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფის თანხმობის საფუძველზე იღებს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების მქონე სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის ხელმძღვანელი. ამ გადაწყვეტილების თაობაზე ეცნობება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის ქვედანაყოფს. ზემოხსენებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობა მიეკუთვნება სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის კატეგორიას, რომელზეც დაშვებაც ყველა პირს არ აქვს. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს არ წარმოადგენს ინფორმაციის განსაიდუმლოების საკითხი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის სახეები, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვით, ხოლო ამავე კანონის 21-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მოიპოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, გარდა ამ კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2023 წლის 19 სექტემბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს მიმართა. მიმართვაში აღნიშნულია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 18 აგვისტოს №1000711523 დასკვნით სააგენტომ, ამავე სააგენტოს 9.07.2020წ. №3803 სხდომის ოქმის გათვალისწინებით მოამზადა უარყოფითი დასკვნა ...ის მოქალაქის - შ. გ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე. აღნიშნულ დასკვნას საფუძვლად დაედო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ინფორმაცია, რომლითაც სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტმა მიზანშეუწონლად მიიჩნია შ. გ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 19 სექტემბრის მიმართვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ეთხოვა, საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის წარმოედგინა ინფორმაცია/მასალები (მათ შორის, საიდუმლო), რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ინფორმაციის გაცემას, მოსარჩელისათვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მიზანშეუწონლად მიჩნევას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ დისკრეციული უფლებამოსილება არ არის შეუზღუდავი და ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს ფაქტობრივი გარემოებები, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა და ამის საფუძველზე, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არსებითია სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის საკითხები, თუმცა მიდგომა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს თანმიმდევრული და არ უნდა ქმნიდეს შეუსაბამო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს, რომ, ზოგადად, ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ ინფორმაციას დაეყრდნოს და მხოლოდ მის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება. ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ, მასში მითითებული ცნობები გარკვეულ შემთხვევებში არის კონკრეტული და პირდაპირ მიუთითებს ისეთი გარემოებებზე, რომელიც სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის მიყენების რისკის არსებობაზე დასაბუთებულ ეჭვს იწვევს და აბსოლუტურად საკმარისი არის პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისათვის, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა საიდუმლო მასალებში მითითებული ინფორმაცია იყოს ზოგადი, შეიცავდეს საფრთხის მხოლოდ აბსტრაქტულ ფორმულირებას, არ ქმნიდეს ზემოხსენებული ინტერესებისთვის საფრთხის მიყენების საფუძვლიან ეჭვს და მოითხოვდეს დამატებით სხვა გარემოებების მხედველობაში მიღებასა და ერთობლივ გამოკვლევას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციის/მასალების (სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის) გაცნობის შედეგად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, რის გამოც არ არსებობს მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შ. გ-ს საკასაციო საჩივარზე 18.05.2023წ. №17138122302 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შ. გ-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის განჩინება;
3. შ. გ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 18.05.2023წ. №17138122302 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.




თავმჯდომარე მ. ვაჩაძე



მოსამართლეები: გ. აბუსერიძე



ბ. სტურუა