Facebook Twitter
№ბს-31(3კ-23) 7 ივნისი, 2023 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე


საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ა. მ-ი
კასატორი (მოპასუხე) - ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია
კასატორი (მესამე პირი) - მ. ს-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, დისკრიმინაციის გამო მორალური ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება



ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ა. მ-იმა სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

სარჩელის თანახმად, 2014 წლის 11 ნოემბრიდან ა. მ-ი მუშაობდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის თანამდებობაზე. 2017 წლის ოქტომბერში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში, მოსარჩელემ მხარი არ დაუჭირა მერობის კანდიდატ ა. ზ-ის. 2017 წლის ნოემბერში გამართულ არჩევნების მეორე ტურში, საბოლოო გამარჯვება მოიპოვა ა. ზ-იმა. ამ უკანასკნელმა უფლებამოსილების დაწყების შემდეგ ა. მ-ის განუცხადა, რომ „ერთად ვერ იმუშავებდნენ“. მოსარჩელის მიმართ ადგილი ჰქონდა არათანაბარ მოპყრობას, იყო დისკრიმინაციის მსხვერპლი. 2018 წლის 2 აპრილს, დაახლოებით 16:00 საათზე, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა მოსარჩელეს წარუდგინა წერილი, რომლის მიხედვით, იმავე დღეს ა. მ-ი უნდა გამოცხადებულიყო სადისციპლინო კომისიის სხდომაზე. 5 აპრილს მოსარჩელემ მიიღო გათავისუფლების ბრძანება და 2 აპრილის სხდომის ოქმი. 2018 წლის 2 აპრილამდე ა. მ-ის არ მიუღია შენიშვნა და არ დაკისრებია პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული სარჩელი): ა) ბათილად იქნეს ცნობილი 2018 წლის 4 აპრილის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის №227 ბრძანება და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 2 აპრილის სადისციპლინო კომისიის სხდომის ოქმი მოსარჩელე ა. მ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში; ბ) ა. მ-ი აღდგეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის თანამდებობაზე (ან სხვა ტოლფას თანამდებობაზე); გ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიას ა. მ-ის სასარგებლოდ დაეკისროს განაცდური ხელფასის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენის დღემდე, თვეში 1200 ლარის ოდენობით; დ) მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს დისკრიმინაციის გამო მორალური ზიანის ანაზღაურება 1000 ლარის ოდენობით.

2. მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის განჩინებით ა. მ-ის სარჩელი მოპასუხე ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ გადაეგზავნა განსჯად - ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით, ჩაერთო მ. ს-ე.

4. მცხეთის რაიონული სასამართლოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით ა. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ა. მ-ი 2014 წლის 11 ნოემბრიდან 2018 წლის 4 აპრილამდე მუშაობდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის თანამდებობაზე; ბ) 2018 წლის 2 მარტს შედგა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის სადისციპლინო კომისიის სხდომა, რომელზეც დღის წესრიგის პირველ საკითხად განისაზღვრა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის ...ის - თ. ა-ისა და სოფლის მეურნეობის, ქონების მართვისა და სტატისტიკის ...ის - მ. მ-ის მოხსენებითი ბარათების განხილვა. ამავე კომისიის გადაწყვეტილებით სხდომაზე წარდგენილი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის ...ის მოხსენებითი ბარათები ჩაითვალა დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების საფუძვლად; გ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 12 მარტის №160 ბრძანების საფუძველზე ა. მ-ის მიმართ დაიწყო დისციპლინური წარმოება და ამავე დღეს ჩატარდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის სადისციპლინო კომისიის №2 სხდომა, რომელზეც დადგინდა ზეპირი მოსმენის ჩატარება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის - ა. მ-ის მონაწილეობით; დ) ა. მ-ის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის სადისციპლინო კომისიის თავმჯდომარის წერილით ეცნობა 2018 წლის 2 აპრილის სადისციპლინო კომისიის სხდომისა და მასში მონაწილეობის შესახებ; ე) 2018 წლის 2 აპრილს ჩატარდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის სადისციპლინო კომისიის №3 სხდომა, რომელზეც დადგინდა ა. მ-ის მიერ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ფაქტი და ამავე კომისიის სხდომაზე მიღებულ იქნა დასკვნა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის - ა. მ-ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - სამსახურიდან გათავისუფლების შეფარდების შესახებ; ვ) ა. მ-ი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 4 აპრილის №227 ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. 2018 წლის 2 აპრილის სხდომის №3 ოქმი და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ა. მ-ის ჩაბარდა 2018 წლის 5 აპრილს; ზ) 2018 წლის 2 აპრილამდე ა. მ-ის არ მიუღია რაიმე სახის შენიშვნა და არ დაკისრებია პასუხისმგებლობის ზომა. 2017 წლის 29 დეკემბერს საახალწლო პრემიის სახით ამ უკანასკნელმა მიიღო 812 ლარი; თ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 3 ივლისის ბრძანებით ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის ვაკანტურ პოზიციაზე დაინიშნა მ. ს-ე.

სასამართლოს განმარტებით, წინამდებარე დავის არსებითად სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, ა. მ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება განპირობებულია მის მიერ დისციპლინურ გადაცდომათა ჩადენით, სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობით, თუ რეალურად, სახეზეა დისკრიმინაციის ფაქტი, რაც გულისხმობს ქვეყნის მმართველი პოლიტიკური ძალის ცალკეული წარმომადგენლის მიერ ისეთ მიდგომას, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებული მოხელეების მიმართ იწვევს უთანასწორობას და პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციას, მათი შრომითი უფლებების შელახვასა და სამსახურიდან გათავისუფლებას პოლიტიკური გემოვნებისა თუ კუთვნილების გამო. შესაბამისად, პირველ რიგში, უნდა შემოწმდეს მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას ხომ არ დაედო საფუძვლად მის მიმართ გაუმართლებელი, განსხვავებული მოპყრობა.

სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის არგუმენტი, რომ იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს მხოლოდ იმის გამო, რომ 2017 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მხარი არ დაუჭირა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მერობის ახალ კანდიდატს, რის გამოც ეს უკანასკნელი განაწყენებული იყო ა. მ-იზე და უფლებამოსილების დაწყების შემდეგ განუცხადა, რომ ,,ერთად ვერ იმუშავებდნენ’’, არ არის გამყარებული კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებით და არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები. მოსარჩელის მიერ მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ პერიოდულად მის მიმართ კეთდებოდა გამომწვევი განცხადებები და ის არაფორმალურად გრძნობდა, რომ იყო დისკრიმინაციის მსხვერპლი, ვერ გამოდგება საკმარის საფუძვლად, რათა სასამართლომ ირწმუნოს და დადგენილად მიიჩნიოს ის გარემოება, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებას საფუძვლად დისკრიმინაცია დაედო. მოსარჩელე მხარის შუამდგომლობით სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მოსარჩელის ძმა - ლ. მ-ი, რომელმაც განმარტა, რომ ა. მ-ისგან გადმოცემით იცის ახალი მერის მოსვლის შემდეგ ძმის სამსახურში დაძაბული ურთიერთობისა და მერთან დაპირისპირების შესახებ, თუმცა არათანაბარი მოპყრობის დამადასტურებელი რაიმე კონკრეტული ფაქტის შესახებ ინფორმაცია მოწმემ სასამართლოს ვერ მიაწოდა. შესაბამისად, მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარუდგინა დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულება და ვერ მიუთითა რაიმე ობიექტურ გარემოებაზე ან შესაბამის მტკიცებულებაზე, რომელთა ინდივიდუალური ან ერთობლივი ანალიზი სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას დაედგინა დისკრიმინაციის ფაქტი.

სასამართლოს მოსაზრებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სადისციპლინო კომისიის სხდომაზე გამოტანილი დასკვნა მიღებულია საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად და შესაბამისობაშია კანონთან, რაც, საბოლოოდ, საფუძვლად დაედო ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 4 აპრილის №227 ბრძანებას. სადისციპლინო კომისიის სხდომის ოქმის კანონიერების საკითხის განხილვა უნდა მოხდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 4 აპრილის №227 ბრძანების კანონშესაბამისობის საკითხის განხილვისას, ვინაიდან იგი საფუძვლად დაედო სადავო ბრძანებას.

სასამართლოს განმარტებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 2 აპრილის სადისციპლინო კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ...ს ა. მ-ის დაუდგინდა მძიმე დისციპლინური გადაცდომა, რაც გამოიხატა შიდა აუდიტის სამსახურის დებულებით გათვალისწინებული მოვალეობების არაჯეროვან შესრულებაში. ამასთან, ამავე სხდომაზე მიღებულ იქნა დასკვნა ა. მ-ისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომის შეფარდების შესახებ. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 4 აპრილის №227 ბრძანებით კი, ეს უკანასკნელი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. შესაბამისად, განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები, კერძოდ, არსებული ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებები ამართლებდა თუ არა პირის შრომითი უფლების შეზღუდვას - სამსახურიდან გათავისუფლებას, დამსაქმებელი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განხორციელებული ქმედება არის თუ არა ადეკვატური შექმნილ ვითარებაში და ხომ არ მოხდა დასაქმებულის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების - შრომის თავისუფლების უსაფუძვლო შეზღუდვა.

სასამართლოს განმარტებით, 2018 წლის 2 მარტს შედგა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის სადისციპლინო კომისიის სხდომა, რომელზეც დღის წესრიგის პირველ საკითხად განისაზღვრა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის ...ის - თ. ა-ის და სოფლის მეურნეობის, ქონების მართვისა და სტატისტიკის ...ის - მ. მ-ის მოხსენებითი ბარათების განხილვა. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის სადისციპლინო კომისიის გადაწყვეტილებით სხდომაზე წარმოდგენილი მოხსენებითი ბარათები ჩაითვალა დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების საფუძვლად, ვინაიდან გამოითქვა დასაბუთებული ეჭვი ...ის ა. მ-ის მხრიდან დებულებით გათვალისწინებული სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების გამო სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის თაობაზე. 2018 წლის 2 აპრილს ა. მ-ის მონაწილეობით ჩატარდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის სადისციპლინო კომისიის №3 სხდომა, რომელზეც დადგინდა ა. მ-ის მიერ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი, კერძოდ, ამავე კომისიის სხდომის ოქმის თანახმად, დისციპლინური გადაცდომა გამოიხატა შემდეგში: დებულების მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, არ ხორციელდებოდა შიდა აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შემდგომი შესრულების მონიტორინგი და კონტროლი; დებულების მე-3 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, არ შეასრულა მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო სახსრების გამოყენების, ვალდებულებების აღების, შესყიდვების პროცედურების განხორციელების, ხელშეკრულების გაფორმების, გადახდების განხორციელების შესწავლა და შეფასება; დებულების მე-7 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის უფროსმა ა. მ-იმა 2014 წლიდან გამგებლისათვის/მერისათვის არ წარადგინა სამსახურის საქმიანობის ანგარიში; დებულების მე-7 მუხლის ,,ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წლების განმავლობაში არ შეიმუშავა შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამა; არ განახორციელა გამგეობის/მერიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საიჯარო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემოწმება და კონტროლი, წლების განმავლობაში მოიჯარეების მხრიდან ადგილი ჰქონდა საიჯარო ქირის გადაუხდელობას, რითაც მატერიალური ზიანი მიადგა ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობებს, რაზედაც ასევე არანაირი რეაგირება არ მოუხდენია; სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის ანგარიშიდან ირკვევა, რომ გამგეობაში 2015-2016 წლებში ჩატარებული არ არის ინვენტარიზაცია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით დამტკიცებული ,,საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ თანახმად, რაზედაც ...ს არ მოუხდენია რაიმე სახის რეაგირება; არ განახორციელა მონიტორინგი და შემოწმება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის ანგარიშში დაფიქსირებულ სხვა დარღვევებზე; მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილებაში არ ინახება 2014 წლიდან მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარდგენილი გამგებლისა, საკრებულოსა და ჰარმონიზაციის ცენტრისათვის; მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული არ არის სამსახურის 2018 წლის სამუშაო გეგმა. ამდენად, გაურკვეველია სამსახურის უფლებამოსილების განხორციელების პროცესის მიმდინარეობა; შიდა აუდიტის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, არც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში და არც მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში არ შეამოწმა სახელფასო დანამატის გაცემის კანონიერება, მაშინ როდესაც საკითხის ყოველგვარი შესწავლის გარეშე, სამართლებრივი საფუძვლის არარსებობისას და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გამგეობის თანამდებობის პირებზე, მათ შორის, აუდიტის სამსახურის ...ზე ა. მ-იზე 2016-2017 წლებში გაიცემოდა სახელფასო დანამატი ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით სისტემატურად. ამრიგად, არ მოუხდენია თანხების ხარჯვის კანონიერების შესწავლა და შეფასება; არც მოთხოვნის შემთხვევაში და არც პირადი ინიციატივით ფინანსთა სამინისტროში წარდგენილი არ არის შიდა აუდიტის სამსახურის წლიური და სტრატეგიული გეგმები; არ ხდებოდა სამსახურის მიერ შემუშავებული და გაცემული რეკომენდაციების შემდგომი შესრულების მონიტორინგი და კონტროლი; არ ხდებოდა მუნიციპალიტეტის როგორც გამგეობის/მერიის, ისევე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების ვალდებულებების აღების, შესყიდვის პროცედურების, მიზანშეწონილობის შესწავლა, ანალიზი და შეფასება.

სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე მხარის შედავება იმ ნაწილში, რომ ა. მ-ი, როგორც ...ი, წლების განმავლობაში არ ახდენდა გამგეობის/მერიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საიჯარო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემოწმებასა და კონტროლს; წლების განმავლობაში მოიჯარეების მხრიდან ადგილი ჰქონდა საიჯარო ქირის გადაუხდელობას, რითაც მატერიალური ზიანი მიადგა ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობებს, რაზეც ა. მ-ის რეაგირება არ ჰქონდა. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული ნაწილობრივ დაადასტურა კიდეც ა. მ-იმა როგორც მის მიერ წარდგენილ შესაგებელში კომისიის სხდომის ოქმთან დაკავშირებით, ასევე სასამართლო სხდომაზე. მან ვერ შეძლო უტყუარი წერილობითი მტკიცებულების სასამართლოსთვის წარდგენა, რომელიც გააბათილებდა მოპასუხე მხარის პოზიციას. მისი არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ ზეპირ მოლაპარაკებებს აწარმოებდა მოიჯარეებთან და ვინაიდან მოიჯარეების მხრიდან დაიწყო დავალიანებების დაფარვა, არ ჩათვალა საჭიროდ წერილობითი რეკომენდაციის გაცემა საიჯარო დავალიანებების ამოღების შესახებ, არ არის საკმარისი საფუძველი მისი ბრალეულობის გამოსარიცხად. შესაბამისად, ...მა არ შეასრულა დებულებით გათვალისწინებული სამსახურებრივი ვალდებულება, კერძოდ, სამსახურმა რეაგირების გარეშე დატოვა კომპანიების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების (საიჯარო ქირის გადაუხდელობა) შეუსრულებლობის ფაქტები და არ გასცა შესაბამისი დასკვნები, რაც რეკომენდაციებთან ერთად გაგზავნილი უნდა ყოფილიყო ხელმძღვანელობისთვის სათანადო რეაგირებისათვის.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ...მა 2015-2016 წლებში არ ჩაატარა მუნიციპალიტეტის მერიის ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია. აღნიშნული დასტურდება 2017 წლის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშით, რომლის თანახმად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ფინანსური ანგარიშგება 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით შესაბამისობაში არ არის მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან - საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №70 ბრძანებულება „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“; საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია „ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“; საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანება „ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“.

სასამართლოს განმარტებით, „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივებისა და მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის შესახებ“ შპს „ა...ის“ 2017 წლის 31 მარტის აუდიტორული დასკვნის თანახმად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივებისა და მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარების პროცესში წამოჭრილმა სირთულეებმა აჩვენა, რომ მიუხედავად საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების მოთხოვნისა, დადგენილი წესების შესაბამისად ყოველი საანგარიშო წლის ბოლოსთვის მუნიციპალიტეტის მიერ ჩატარებულიყო ძირითადი აქტივებისა და მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია, წლების განმავლობაში ინვენტარიზაციის ჩაუტარებლობამ სრული ქაოსი შექმნა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ძირითადი აქტივებისა და მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვისა და მოვლა-პატრონობის კუთხით. ამავე დასკვნაში მითითებულია ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად 144.000 ლარის ოდენობით დანაკლისის შესახებ, რის გამოც გაიცა რეკომენდაციები, გამოვლენილ სხვაობებს მისცემოდა სათანადო შეფასება, რასაც მოსარჩელე მხარეც ადასტურებს.

სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ ...ის მიერ დასახელებულ რეკომენდაციებზეც არ განხორციელებულა რეაგირება და განმარტა, რომ, მართალია, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია 28.05.2015 წლით დათარიღებული საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის აუდიტორული შემოწმების ანგარიში და 08.08.2016 წლით დათარიღებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ყ...ში“ აუდიტორული შემოწმების ანგარიში, სადაც ...ს გაცემული აქვს ინვენტარიზაციის ჩატარების რეკომენდაცია, თუმცა შემდეგში რა ქმედითი ღონისძიებები იქნა გატარებული ამ კუთხით და ახდენდა თუ არა შიდა აუდიტის სამსახური შემდგომ მონიტორინგს, შესაბამისი მტკიცებულება მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია.

სასამართლოს განმარტებით, შიდა აუდიტის სამსახურმა არ განახორციელა შემდგომი შემოწმება და მონიტორინგი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის 6 ოქტომბრის ანგარიშში დაფიქსირებულ სხვა დარღვევებზეც და მოსარჩელის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ ჩაჰბარებია დასახელებული ანგარიში უსაფუძვლო და არადამაჯერებელია.

სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ შიდა აუდიტის სამსახურის დებულების მე-7 მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ა. მ-იმა 2014 წლიდან გამგებელს/მერს არ წარუდგინა სამსახურის საქმიანობის ანგარიში. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ მან გამგებელს წარუდგინა 2015-2016 წლების წლიური და ინდივიდუალური შემოწმების ანგარიშები, ასევე, 2017 წლის ინდივიდუალური ანგარიში, გარდა წლიურისა, რასაც ობიექტური გამართლება ჰქონდა. სასამართლოს განმარტებით, დებულების თანახმად, დასახელებული დოკუმენტები არ წარმოადგენს სამსახურის საქმიანობის ანგარიშს. ასევე, მოსარჩელემ დაადასტურა, რომ მას წლების განმავლობაში არ შეუმუშავებია შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამა.

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მისთვის დისციპლინური საქმისწარმოების დაწყებამდე არ იყო ცნობილი წლიური და სტრატეგიული გეგმების დამტკიცების შესახებ და ისე მოახდინა ინფრასტრუქტურის სამსახურის შემოწმება, კერძოდ, სასამართლოს განმარტებით, მართალია, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ა. მ-იმა 2017 წლის დეკემბრის თვეში მერს დასამტკიცებლად წარუდგინა 2018 წლის წლიური და 2018-2020 წლების სტრატეგიული გეგმები, თუმცა შემდეგ ისე მოახდინა სამსახურების შემოწმება, რომ არ გაურკვევია, დამტკიცებული იყო თუ არა დასახელებული გეგმები მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ის არგუმენტი, რომ 2017 წლის ნოემბრიდან ყაზბეგის მუნიციპალიტეტს ჰყავს ახალი მერი და მასთან დაძაბული ურთიერთობის გამო გამორჩა ამ საკითხის გარკვევა, ა. მ-ის არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან.

სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ ა. მ-ი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების პროცესში ახდენდა სხვადასხვა სამსახურების მიმართ გაცემული რეკომენდაციების შემდგომ მონიტორინგსა და კონტროლს, რაც მას დებულებით ევალებოდა. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა საკმაოდ ვრცელი დოკუმენტაცია იმის საილუსტრაციოდ, რომ იგი სხვადასხვა სამსახურების მიმართ გასცემდა რეკომენდაციებსა და ახდენდა ამ რეკომენდაციების შესრულებაზე შემდგომ მონიტორინგს. ასევე სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ მას, როგორც ...ს უფლება ჰქონდა თავისი შეხედულებით განესაზღვრა იმ საკითხთა წრე, რომელზეც სამსახურს რეაგირება უნდა მოეხდინა, თუმცა მოსარჩელის არგუმენტი იმ ნაწილში, რომ მას ასევე შეეძლო არ გაეცა შესაბამისი რეკომენდაციები და ამის უფლებას მას კანონი ანიჭებდა, უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნია.

სასამართლოს განმარტებით, მართალია, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, შიდა აუდიტორი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და დაუშვებელია მის საქმიანობაში რაიმე ფორმით ჩარევა ან მასზე სხვაგვარი ზემოქმედება, თუმცა აღნიშნული იმთავითვე გულისხმობს სამსახურის ...ის პასუხისმგებლობას, მასზე დაკისრებული ვალდებულებები შეასრულოს კანონის მოთხოვნათა განუხრელი დაცვით და მოვალეობებისადმი გულგრილმა დამოკიდებულებამ შედეგად არ უნდა გამოიწვიოს საჯარო ინტერესის და რეპუტაციის ხელყოფა.

სასამართლოს განმარტებით, დებულებით პირდაპირ გათვალისწინებული სამსახურებრივი ვალდებულებების შეუსრულებლობამ, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი, არა მარტო მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა საჯარო დაწესებულებას, არამედ გარკვეული ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულების რეპუტაციას. აღნიშნული ერთობლიობაში წარმოადგენს მძიმე დისციპლინურ გადაცდომას, რაც გახდა ა. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი. რეპუტაციის შელახვაში და რეპუტაციისათვის ზიანის მიყენებაში მოიაზრება ისეთი ქმედებები, როდესაც მოხელე კანონის დარღვევით მოქმედებს ან ისეთ რამეს განახორციელებს, რაც მის მიმართ დაკისრებული ფუნქციების მიმართ არაჯეროვან ან/და გულგრილ დამოკიდებულებაზე მიანიშნებს. ასეთ შემთხვევაში, ნდობა მოხელის თუ საჯარო დაწესებულების მიმართ ქრება და მისი ავტორიტეტიც იკლებს. შესაბამისად, შედეგი, რასაც იწვევს მოხელის ქმედება, საკმაოდ მძიმეა, იმდენად, რამდენადაც რეპუტაციის აღდგენა დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე მხარის არგუმენტი, რომ იგი სადისციპლინო კომისიის სხდომის თარიღის შესახებ არ იქნა გაფრთხილებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით და მას მხოლოდ 2018 წლის 2 აპრილს ეცნობა სხდომის შესახებ. ამასთან, სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული არ წარმოადგენს იმ სახის დარღვევას, რაც, შესაძლოა, საფუძველი გახდეს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისთვის, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა თავად ა. მ-ი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ იგი უშუალოდ ესწრებოდა 2018 წლის 2 აპრილის კომისიის სხდომას. ამავე სხდომის ოქმის თანახმად, ეს უკანასკნელი გაეცნო დისციპლინური გადაცდომის საფუძვლებს, მას განემარტა ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 92-ე მუხლით დადგენილი უფლებები და მიეცა შესაძლებლობა გამოეთქვა მოსაზრება განსახილველ სადავო საკითხებთან დაკავშირებით, ასევე, წარედგინა შესაგებელი კომისიის სხდომის ოქმთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ დისციპლინური წარმოების ფარგლებში კომისიის მიერ ჯეროვნად, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად იქნა შესწავლილი ყველა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება და სწორი შეფასება მიეცა დამდგარ შედეგს, კერძოდ, ა. მ-ი უშუალოდ მონაწილეობდა ადმინისტრაციულ წარმოებაში, მას განემარტა ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 92-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები, კომისიის სხდომაზე მისცა ახსნა-განმარტება სადავო საკითხებთან დაკავშირებით, ამასთან, მიეცა შესაძლებლობა წარედგინა წერილობითი შესაგებელი კომისიის სხდომაზე დასმული თითოეული გამოსაკვლევი საკითხის ირგვლივ და წარედგინა მისი პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი, რომ მერის ბრძანება ა. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ არ შეიცავდა დასაბუთებას, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი იძლევა შესაძლებლობას, ბრძანება გამოცემულ იქნეს შესაბამისი დასაბუთების გარეშე იმ შემთხვევაში, როდესაც მხარისთვის ცნობილი იყო ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან მიმართებით სასამართლოს განმარტებით, იმისათვის, რომ მოპასუხეს დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება, აუცილებელია დადგინდეს მისი მხრიდან მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

5. მცხეთის რაიონული სასამართლოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ა. მ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ა. მ-ის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა მოცემულ საქმეზე მცხეთის რაიონული სასამართლოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ა. მ-ის სარჩელი. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 4 აპრილის №227 ბრძანება და დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრულყოფილი შესწავლა-გამოკვლევის შედეგად აღნიშნულთან დაკავშირებით ახალი აქტის გამოცემა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, მე-3 და მე-10 მუხლებზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633 მუხლზე და განმარტა, რომ მოსარჩელის მითითებით იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს მხოლოდ იმის გამო, რომ 2017 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მხარი არ დაუჭირა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მერობის ახალ კანდიდატს, რის გამოც ეს უკანასკნელი განაწყენებული იყო ა. მ-იზე და უფლებამოსილების დაწყების შემდეგ განუცხადა, რომ „ერთად ვერ იმუშავებდნენ“. მოსარჩელის მტკიცების საპირისპიროდ მოპასუხემ განმარტა, რომ ა. მ-იმა ჩაიდინა მძიმე დისციპლინური გადაცდომა შიდა აუდიტის სამსახურის დებულებით გათვალისწინებული სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების გამო, რამაც შედეგად გამოიწვია მისი სამსახურიდან გათავისუფლება.

სააპელაციო პალატის განმარტებით, მართებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის განმარტებები არ არის გამყარებული კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებით და არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები. ა. მ-ის მიერ მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ პერიოდულად ხდებოდა მის მიმართ გამომწვევი განცხადებების გაკეთება და ის არაფორმალურად გრძნობდა, რომ იყო დისკრიმინაციის მსხვერპლი, ვერ გამოდგება იმის საკმარის საფუძვლად, რათა სასამართლომ ირწმუნოს და დადგენილად მიიჩნიოს ის ფაქტი, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებას საფუძვლად დისკრიმინაცია დაედო. მოწმის სახით დაკითხულმა მოსარჩელის ძმამ - ლ. მ-იმა განმარტა, რომ ა. მ-ისგან გადმოცემით იცის ახალი მერის მოსვლის შემდეგ ძმის სამსახურში დაძაბული ურთიერთობისა და მერთან დაპირისპირების შესახებ. არათანაბარი მოპყრობის დამადასტურებელი რაიმე უშუალო, კონკრეტული ფაქტის შესახებ ინფორმაცია მოწმემ სასამართლოს ვერ მიაწოდა. ა. მ-იმა პალატას ვერ წარუდგინა დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულება, ვერ მიუთითა რაიმე ობიექტურ გარემოებასა და შესაბამის მტკიცებულებაზე, რომელთა ინდივიდუალური ან ერთობლივი ანალიზი სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას დაედგინა დისკრიმინაციის ფაქტი, შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელის მოთხოვნის - დისკრიმინაციის გამო მორალური ზიანის ანაზღაურების - 1000 ლარის ოდენობით დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც კანონიერად იქნა მიჩნეული დისციპლინური გადაცდომის გამო ა. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლება (დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ღონისძიების გამოყენება). სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, 98-ე მუხლზე და განმარტა, რომ, მართალია, საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული სამსახურებრივი მოვალეობების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობამ შესაძლოა გამოიწვიოს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, მაგრამ საყურადღებოა ის გარემოება, რომ ყოველი დისციპლინური ღონისძიების გამოყენება, როგორც ადმინისტრაციის ცალმხრივი ნების გამოვლენა, მართლზომიერად უნდა განხორციელდეს. ადმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა განხორციელდეს პროპორციულობის მოთხოვნათა დაცვით, საჯარო მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება ხდება დამდგარი შედეგის სიმძიმის, ვალდებულების დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ამიტომ სამსახურიდან გათავისუფლება, როგორც უკიდურესი ღონისძიება, უნდა იყოს ადეკვატური და დარღვევის სიმძიმის პროპორციული.

სასამართლომ მიუთითა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის მე-7, მე-9 და მე-11 პუნქტებზე, მე-7 მუხლის „ვ“ და „ო“ ქვეპუნქტებზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 93-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, 94-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე და განმარტა, რომ მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა თუ არა დისციპლინური გადაცდომის ჩადენას და თუ ადგილი ჰქონდა, მაშინ უნდა შეფასდეს, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გამოყენებული იქნა თუ არა ა. მ-ის მიმართ გადაცდომის შესაბამისი დისციპლინური ღონისძიება.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიმართ ადრე არ ყოფილა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რაიმე ღონისძიება. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 98-ე მუხლის თანახმად, დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურეს შეიძლება დაეკისროს დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან გათავისუფლება მხოლოდ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის. ა. მ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილების მიღებისას მოპასუხის მიერ ადმინისტრაციული წარმოების დროს სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთობლიობაში უნდა შეფასებულიყო მისი მოქმედება, უნდა დადგენილიყო ის ზიანი, რაც უშუალოდ მისი მოქმედებით მიადგა ან შესაძლოა მისდგომოდა ადმინისტრაციულ ორგანოს ან/და მესამე პირს, მისი სუბიექტური დამოკიდებულება ზიანისადმი და ბრალეულობის ხარისხი, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მის მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის და სხვ. დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომის დაკისრებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ მკაფიოდ უნდა დაასაბუთოს მისი გამოყენების აუცილებლობა. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, რომ მოსარჩელის საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევების სიმძიმე არ შეაფასა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ, ის ფაქტები, რაც მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ა. მ-ის დისციპლინურ გადაცდომად მიიჩნია, არ ქმნის მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების უპირობო და ლეგიტიმურ საფუძველს.

საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და საქმის განხილვისას გამოვლენილი გარემოებების პირობებში მოპასუხის პოზიცია სააპელაციო პალატისთვის არ იქნა საკმარისად მიჩნეული იმის დასადასტურებლად, რომ ა. მ-ის ქმედება იყო იმ სიმძიმის, რაც განაპირობებდა მის მიმართ უკიდურესი დისციპლინური სახდელის დაკისრების საფუძვლიანობას და კანონიერებას, აქედან გამომდინარე, პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული უნდა ყოფილიყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მეოთხე ნაწილი.

სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ ა. მ-ის საქმიანობაში გამოვლენილი ზემოაღნიშნული გადაცდომები არ უნდა დარჩეს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან რეაგირების გარეშე. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოკვლევა-შეფასების შედეგად ხელახლა უნდა იმსჯელოს მისი დისკრეციის ფარგლებში ხომ არ არის შესაძლებელი მოსარჩელის მიმართ სამსახურიდან გათავისუფლების ნაცვლად დისციპლინური პასუხისმგებლობის სხვა შესაბამისი ღონისძიების გამოყენება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ა. მ-ის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიისა და მ. ს-ეის მიერ.

6.1 კასატორი - ა. მ-ი აღნიშნავს, რომ მას არ ჩაუდენია რაიმე სახის გადაცდომა, რის გამოც ის შეიძლება გათავისუფლებულიყო სამსახურიდან ან დაჰკისრებოდა დისციპლინური პასუხისმგებლობა. მოსარჩელე იყო დისკრიმინაციის მსხვერპლი. ადმინისტრაციული წარმოება ჩატარდა ფორმალურად და ის წინასწარ გადაწყვეტილი შედეგით უნდა დასრულებულიყო.

კასატორის განმარტებით, იგი 2014 წლის 11 ნოემბრიდან მუშაობდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის თანამდებობაზე. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის №227 ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. 2017 წლის ოქტომბერში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში, მხარი არ დაუჭირა მერობის კანდიდატს - ა. ზ-ის. 2017 წლის ნოემბერში გამართულ არჩევნების მეორე ტურში, საბოლოო გამარჯვება მოიპოვა ა. ზ-იმა, რომელიც განაწყენებული იყო მოსარჩელის მიმართ და უფლებამოსილების დაწყების შემდეგ განუცხადა მას, რომ „ერთად ვერ იმუშავებდნენ". მოსარჩელე გახდა არათანაბარი მოპყრობის მსხვერპლი, პერიოდულად ხდებოდა მის მიმართ გამომწვევი განცხადებების გაკეთება და ის არაფორმალურად ყოველთვის გრძნობდა, რომ იყო დისკრიმინაციის მსხვერპლი. 2018 წლის 2 აპრილს, დაახლოებით 16:00 საათზე, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა გადასცა წერილი, რომლის მიხედვით, იმავე დღეს 2 აპრილს მოსარჩელე უნდა გამოცხადებულიყო სადისციპლინო კომისიის სხდომაზე. 5 აპრილს მოსარჩელემ მიიღო გათავისუფლების ბრძანება და 2 აპრილის სხდომის ოქმი. აღნიშნულ გარემოებას სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა, რეალურად, მხოლოდ დროის სიმცირის გამო, ვერანაირი განხილვა ვერ იქნებოდა უზრუნველყოფილი - განხილვას მხოლოდ ფორმალური ხასიათი ჰქონდა.

კასატორი აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი გადაცდომა, რომელსაც ადმინისტრაციული ორგანო ედავებოდა მოსარჩელეს იყო 2015-2016 წლებში მუნიციპალიტეტის მერიის ქონების ინვენტარიზაციის ჩაუტარებლობა. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის მიერ წარდგენილი იყო ინვენტარიზაციის აქტი (რომლის კომისიის წევრებიც იყვნენ სადისციპლინო კომისიის წევრები). ამ მოცემულობის პირობებში, გაურკვეველია სასამართლოს შეფასება, რომ ინვენტარიზაცია არ ყოფილა ან კანონშეუსაბამოდ იყო შესრულებული. ინვენტარიზაცია ჩატარდა მ-ის რეკომენდაციით და შესრულდა სწორედ სადისციპლინო კომისიის წევრების - კ-ის და ქ-ის (ასევე სხვა პირების) მიერ და თუ დარღვევა იყო, პირველ რიგში, საინვენტარიზაციო კომისიის წევრების პასუხისმგებლობა უნდა დამდგარიყო. მოსარჩელე მ-ი საინვენტარიზაციო კომისიის წევრი არსებული რეგულაციების გათვალისწინებით ვერ იქნებოდა. სასამართლო თავისი გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ უთითებს, რომ მოსარჩელემ გასცა რეკომენდაცია ინვენტარიზაციის შესახებ.

სასამართლოს არ შეუფასებია ფაქტობრივი გარემოება, რომლის თანახმად, მოსარჩელეს არც ერთხელ არ აქვს მიღებული შენიშვნა და გათავისუფლებამდე 3 თვით ადრე ფულადი პრემიაც კი მიიღო. მნიშვნელოვანია სასამართლოს წინააღმდეგობრივი შეფასება სამსახურის უფროსის კომპეტენციასთან დაკავშირებით. სასამართლო აღიარებს ნორმატიულ რეგულირებას, რომლის მიხედვითაც აუდიტის სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, თავისი შეხედულებით განსაზღვროს საკითხთა წრე, რომელზედაც სამსახურს რეაგირება უნდა მოეხდინა, ამასთანავე, სასამართლო აღნიშნავს: „არგუმენტი, რომ ასევე შეეძლო არ გაეცა შესაბამისი რეკომენდაციები და ამის უფლებას მას კანონი ანიჭებდა, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია’’. სასამართლო ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე უთითებს, თითქოს მ-ის უმოქმედობამ მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა საჯარო დაწესებულებას. სამსახურებრივი უმოქმედობა, რითაც მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი ადგება დაწესებულებას წარმოადგენს საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებულ დანაშაულს (მუხლი 342, სამსახურებრივი გულგრილობა). სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე მსგავსი შეფასება და დასკვნა სასამართლოს მხრიდან ნათელი ილუსტრაციაა, რომ მოსარჩელეს სამართლიანი სასამართლოს უფლება დაერღვა.

კასატორის განმარტებით, გაუგებარი და ბუნდოვანია რეპუტაციულ ზიანზე მითითება - როდის და კონკრეტულად რაში გამოიხატა. სასამართლოს და მოპასუხეს არ დაუსაბუთებია წლების განმავლობაში რატომ არ ხდებოდა რაიმე რეაგირება მოსარჩელის უმოქმედობასა და გადაცდომებზე. დარღვევების არსებობის შემთხვევაში კი, რატომ არ შეიძლებოდა მოსარჩელის მიმართ ნაკლებად მკაცრი ღონისძიების გამოყენება.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს სრული შესაძლებლობა ჰქონდა არსებითად გადაეწყვიტა დავა, რომელიც დაიწყო 2018 წლის 4 აპრილს, როდესაც კასატორი სამსახურიდან გათავისუფლდა. გათავისუფლებას წინ უსწრებდა დისკრიმინაციული მოპყრობა სამსახურში. პირველი ინსტანციის სასამართლოს მ-იმა სარჩელით მიმართა 2018 წლის 14 მაისს, ხოლო სასამართლომ გადაწყვეტილება 2019 წლის 5 ივნისს მიიღო. სააპელაციო სასამართლომ განიხილა საქმე ა. მ-ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე და გადაწყვეტილება 2021 წლის 15 ნოემბერს მიიღო, რომელიც მოსარჩელეს ჩაჰბარდა 2022 წლის 1 დეკემბერს. გაჭიანურებული საქმის განხილვა აზრს უკარგავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას. მოცემულ შემთხვევაში, არა თუ ჭიანურდება საქმის განხილვა, არამედ ფაქტობრივად ადგილი აქვს მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმას, რაც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევაა.

6.2 კასატორის - ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში თითქმის არ ასახა ის დარღვევები, რაც დაადგინა სადისციპლინო კომისიამ. დარღვევების ჩამონათვალი არის საკმაოდ ვრცელი და მძიმე ხასიათის, რომლის გამოც ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიას მიადგა როგორც რეპუტაციული, ისე მატერიალური ზიანი. სააპელაციო სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ა. მ-ის მიერ მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების გამო ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოქმნილი ისეთი დარღვევა, რომლის გამოც ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიას მიადგა 144 000 ლარის ოდენობის ზიანი (2015-2016 წლებში ინვენტარიზაციის ჩაუტარებლობა, აღნიშნულ საკითხზე სააპელაციო სასამართლოს დამატებითი მტკიცებულების სახით წარედგინა საგამოძიებო სამსახურიდან ცნობა, რომ აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება), ასევე, საიჯარო ურთიერთობებიდან გამომდინარე, ვალდებულებების შეუსრულებლობიდან წარმოქმნილი მატერიალური ზიანი, არასწორად გაცემული პრემიების/დანამატების საკითხი და სხვ.

კასატორის მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები: დისციპლინური სამართალწარმოების მასალები, მოხსენებითი ბარათები, სახელმწიფო აუდიტის დასკვნა, წლიური და ინდივიდუალური აუდიტორული შემოწმების ანგარიშები, 2018 წლის 2 აპრილს ა. მ-ის მონაწილეობით ჩატარებული ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის სადისციპლინო კომისიის №3 სხდომის ოქმი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ახსნა-განმარტებები ადასტურებს, რომ ა. მ-ი არაჯეროვნად ახორციელებდა თავის მოვალეობას და მის მიერ ჩადენილია მძიმე დისციპლინური გადაცდომა, კერძოდ:
ა) აუდიტის სამსახურის უფროსის უმოქმედობა, არასათანადო ქმედების განხორციელება, რაც უკავშირდება მუნიციპალიტეტის მერიის ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარებას 2015-2016 წლებში. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის ანგარიშიდან ირკვევა, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში 2015-2016 წლებში არ ჩატარებულა ინვენტარიზაცია, როგორც უძრავ-მოძრავი ქონების, ასევე, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ნაწილში. 2015-2016 წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად შედგენილ დასკვნაში გამოვლენილია შემდეგი გარემოებები: 2015-2016 წლებში არ არის მიღწეული მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრული მოქმედი კანონმდებლობით დაწესებული მიზნები - ფინანსური და არაფინანსური აქტივების დაცულობაზე კონტროლი, აქტივების და ვალდებულებების, ასევე, ბალანსის საცნობარო მუხლებში ასახული მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთების დადგენა და სხვ. გამოვლენილი გარემოებების გათვალისწინებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაასკვნა, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ფინანსური ანგარიშგება 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით შესაბამისობაში არ არის მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან. 2015-2016 წლებში აუდიტის სამსახურის უფროსის მიერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, არ არის განხორციელებული ისეთი ქმედითი ღონისძიებები, რომელიც უზრუნველყოფდა 2015-2016 წლებში ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში ინვენტარიზაციის ჩატარებას, როგორიცაა გამგებლისათვის, მუნიციპალიტეტის სამსახურების უფროსებისთვის მოხსენებითი ბარათების, დასკვნების, მონიტორინგების შედეგების, რეკომენდაციების, ინვენტარიზაციის ჩატარების მოთხოვნის გაგზავნა, ინვენტარიზაციის ჩატარების ანგარიშების მოთხოვნა. 2015-2016 წლებში ინვენტარიზაციის ჩაუტარებლობამ გამოიწვია მუნიციპალიტეტის მერიაში ინვენტარიზაციის ჩატარების გართულება. მოსარჩელის მიერ წარდგენილია შპს „ა...ის“ 2017 წლის 31 მარტის აუდიტორული დასკვნა „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივებისა და მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის შესახებ“, საიდანაც დასტურდება, რომ წლების განმავლობაში მოუგვარებელმა პრობლემებმა და ინვენტარიზაციის ჩაუტარებლობამ სრული ქაოსი შექმნა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ძირითადი აქტივებისა და მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვისა და მოვლა-პატრონობის კუთხით. ამავე დასკვნით, გამოვლინდა დანაკლისი 144 000 ლარის ოდენობით და გაიცა ჩატარებულ ინვენტარიზაციის შედეგებზე რეკომენდაციები და წინადადებები. აუდიტის სამსახურის ...ს ასევე არ განუხორციელებია შესაბამისი რეაგირება. აუდიტორული დასკვნით ერთ-ერთი რეკომენდაცია არის შემდეგი: ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგებიდან გამომდინარე გამოვლენილ სხვაობებს უნდა მიეცეს სათანადო შეფასება, რაზეც აუდიტის სამსახურის მიერ არ განხორციელებულა შესაბამისი რეაგირება. ასევე, არ მოუხდენია არანაირი რეაგირება სხვა რეკომენდაციებზე, რაც მიმართული იქნებოდა შემდგომში მუნიციპალიტეტის ქონების ინვენტარიზაციის სრულყოფისაკენ. აუდიტის ანგარიშზე თანდართული სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა აღწერის ოქმი №1 შედგენილია გარკვეული სახის ხარვეზებით, რაც გამოიხატება შემდეგში: არ არის მითითებული რომელი ქონება რომელ სამსახურს ეკუთვნის, ასევე, ხშირ შემთხვევაში ინვენტარიზაციის ობიექტებზე არ არის მინიჭებული საინვენტარიზაციო ნომერი. აღნიშნულმა ხარვეზებმა შემდგომში გაართულა ინვენტარიზაციის ჩატარება. აუდიტის სამსახურის ...ს არც აღნიშნულ ხარვეზზე არ აქვს ყურადღება გამახვილებული და არ აქვს გაცემული შესაბამისი რეკომენდაცია. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების ინვენტარიზაციის სირთულეებზე მიუთითებს ასევე ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის ...ის თ. ა-ის 20.02.2018 წლის წერილიც, საიდანაც ირკვევა, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში დასრულდა ინვენტარიზაცია, სადაც საკმაოდ გართულდა ინვენტარის აღწერა, ნაშთების შედარება, ვინაიდან წლების განმავლობაში არ ტარდებოდა შესაბამისი საინვენტარიზაციო ღონისძიებები, არ ხდებოდა ცვეთის დარიცხვა და უხეშად ირღვეოდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის №702011 ბრძანება. ზემოაღნიშნული მსჯელობა მიუთითებს, რომ 2015-2016 წლებში, ასევე, შემდგომში აუდიტის სამსახურის ...ის უმოქმედობამ გამოიწვია ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ძირითადი აქტივებისა და მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვის გაძნელება, ასევე, 2017 წლის 31 მარტის აუდიტორული დასკვნით გამოვლენილი დანაკლისით ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიას მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. მოსარჩელის მტკიცება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2016 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს. მას შემდეგ, რაც ზემოაღნიშნული აუდიტის დასკვნიდან ცნობილი გახდა 144 000 ლარის დანაკლისის თაობაზე, ა. მ-ის არ განუხორციელებია არცერთი ქმედითი ღონისძიება, რომ გამოევლინა დანაკლისის საფუძვლები, მათ შორის, არ გაუცია მერზე რეკომენდაცია, რომ მიემართათ სათანადო ორგანოებისათვის. ყაზბეგის მერმა მხოლოდ აუდიტის სამსახურის ახალი ...ის, მ. ს-ეის, რეკომენდაციის საფუძველზე, 2019 წლის 7 ივნისს მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი განცხადებით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს დამატებით მტკიცებულებად წარედგინა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის 2020 წლის 22 აპრილის №13/19-22255 წერილი, რომლითაც დასტურდება, რომ ყაზბეგის მერიის შიდა აუდიტის მიერ ჩატარებული შემოწმების მასალების საფუძველზე, რომელიც ეხებოდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე არსებული ძირითადი აქტივებისა და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციას, ასევე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 7 ივნისის წერილის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №092040919001 საქმეზე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის კუთვნილი, დიდი ოდენობის ქონების გაფლანგვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. აღსანიშნავია, რომ ა. მ-იმა არც სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში ამ საკითხზე მითითების შემდეგ არ განახორციელა დანაკლისის საფუძვლების გამოკვლევა, შესაბამისი რეკომენდაციის გაცემა. ა. მ-ის მიერ თავისი მოვალეობების არაჯეროვანმა შესრულებამ ზიანი მიაყენა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიას, ასევე, მისი უმოქმედობიდან ჩანს მისი არასათანადო, არაგულისხმიერი და კანონსაწინააღმდეგო დამოკიდებულება დაკავებული თანამდებობით დაკისრებული მოვალეობების შესრულების მიმართ;
ბ) აუდიტის სამსახურის უფროსის მიერ არ განხორციელებულა გამგეობის/მერიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საიჯარო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემოწმება და კონტროლი. წლების განმავლობაში მოიჯარეების მხრიდან ადგილი ჰქონდა საიჯარო ქირის გადაუხდელობას, რითაც მატერიალური ზიანი მიადგა ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულებებს, რაზედაც აუდიტის სამსახურის ...ს ასევე არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. აღნიშნული ქმედებით ა. მ-იმა დაარღვია შიდა აუდიტის დებულების მე-3 მუხლის მე-11 პუნქტი. აღნიშნულ დარღვევას ადასტურებს, მოსარჩელის პოზიციაც - 2018 წლის 2 აპრილის სადისციპლინო კომისიის სხდომაზე მოსარჩელემ განაცხადა, რომ წლების განმავლობაში საიჯარო ქირის გადაუხდელობა არ წარმოადგენს დარღვევას და საგანგაშო ფაქტად არ მიაჩნია. ...ის 05.02.2018 წლის №100/05.02.18 მოხსენებით ბარათში ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის მიმართ, ა. მ-ი აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მისი სუბიექტური მოსაზრების გამო, შიდა აუდიტის სამსახურის მიერ არ ყოფილა გაცემული რეკომენდაცია საიჯარო დავალიანებების ამოღების შესახებ. ამავე წერილში ის უთითებს, რომ დავალიანება იმ დროისთვის ერიცხება მხოლოდ ორ დამქირავებელს, ა(ა)იპ სასწავლო ინტელექტუალურ ცენტრ ,,...ს’’ - 4100 ლარი და შპს „ნ...ს“ - 76.77 ლარი. სოფლის მეურნეობის, ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვის და სტატისტიკის ...ის - მ. მ-ის 14.02.2018 წლის №150.14.02.2018 №128 09.0-2018 წლის მოხსენებითი ბარათებიდან ირკვევა, რომ იმ დროისათვის დავალიანება ერიცხება 5 დამქირავებელს, საერთო თანხით 12 957 ლარი, მათ შორის, ა(ა)იპ სასწავლო ინტელექტუალურ ცენტრ ,,...ს’’ ორი წლის იჯარის ქირა - 8200 ლარი, დამატებული 1476 ლარი პირგასამტეხლო, ერთობლიობაში 9676 ლარი. სოფლის მეურნეობის, ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვის და სტატისტიკის ...ის - მ. მ-ის მიერ წარმოდგენილია საიჯარო ქირის პირგასამტეხლოების ოდენობა წლების მიხედვით 2013 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, რაც იმის მანიშნებელია, რომ წლების განმავლობაში არ ხდებოდა ხელშეკრულებების ჯეროვანი შესრულება. ამასთანავე, საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის, ქონების მართვის, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის 2016 წლის აუდიტორული შემოწმების ანგარიში, რომელშიც არ არის ასახული საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო ხელშეკრულების დარღვევის ფაქტები, ასევე, დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობები, მაშინ როდესაც ზემოაღნიშნულ მ. მ-ის მოხსენებით ბარათში 2016 წელს იჯარის ხელშეკრულების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს ოდენობად მითითებულია 1404 ლარი, რაც ადასტურებს, რომ 2016 წელს ადგილი ჰქონდა იჯარის ხელშეკრულებების დარღვევას, რომელიც აუდიტის სამსახურის ...ის 2016 წლის აუდიტორული შემოწმების აქტში არ ასახულა. სასამართლოში წარმოდგენილია ზემოთ აღნიშნული სამსახურის შიდა აუდიტორული შემოწმების 2013-2014 წწ., 2015 წლის ანგარიშები, სადაც ასევე, არ არის ასახული მოიჯარეთა მიერ ხელშეკრულების დარღვევის ფაქტები საიჯარო ქირის გადაუხდელობის ნაწილში. ზემოთ მოცემული მსჯელობა და მტკიცებულებათა შეფასება ცხადყოფს აუდიტის სამსახურის ...ის მიერ თავის მოვალეობათა არაჯეროვან შესრულებას - იჯარის ხელშეკრულების დარღვევის ფაქტებზე არ არის დაწერილი შესაბამისი დასკვნები, სადაც ასახული იქნებოდა დასარიცხი ჯარიმების/საურავების ოდენობა. აღნიშნული დასკვნები რეკომენდაციებთან ერთად არ არის გაგზავნილი შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელებისათვის.
გ) ა. მ-ის მიერ არ ხდებოდა სახელფასო დანამატის გაცემის სისწორის გამოკვლევა, რითაც მან დაარღვია შიდა აუდიტის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის მე-11 პუნქტი, რომლის თანახმად, არ შესრულდა მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესწავლა, შეფასება. ასევე, დაარღვია შიდა აუდიტის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის მე-9 პუნქტი, რომელიც ავალებს აუდიტის სამსახურს ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ პირებში ასიგნებების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალური ფასეულობებისა და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების შესწავლა-შეფასებას და შესაძლო დარღვევების, ხარვეზების და რისკების განსაზღვრის მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას. მოსარჩელის პოზიციით მას არ ევალებოდა აღნიშნული საკითხის კვლევა, ვინაიდან დანამატის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. სახელმწიფო აუდიტის დასკვნის შემაჯამებელი მიმოხილვის პირველ პუნქტში აღნიშნულია, რომ „2015 წელს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებზე გაიცა 97,9 ათასი ლარის დანამატი. გაცემის საფუძვლად მითითებულია აღდგომის, გიორგობის და ახალი წლის დღესასწაულები, მაშინ როდესაც ამ პერიოდისათვის მოქმედი კანონმდებლობა დანამატის გაცემას აღნიშნული მოტივით არ ითვალისწინებდა.“ 2016 წლიდან დანამატის გაცემა დაიწყო საჯარო მოხელეების ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის, როგორც წესი, ერთსა და იმავე პირებზე, თუმცა აუდიტის სამსახურის ...ის მიერ არ ხდებოდა სახელფასო დანამატის გაცემის კანონიერების გამოკვლევა. აუდიტის სამსახურის ...ზე, ა. მ-იზე 2016-2017 წლებში გაიცემოდა სახელფასო დანამატი ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით სისტემატურად.
დ) მოსარჩელეს არ განუხორციელებია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის ანგარიშში დაფიქსირებული სხვა დარღვევების შემოწმება და მონიტორინგი. მოსარჩელის პოზიციაა, რომ მას აღნიშნული დასკვნა არ ჩაჰბარებია. მოპასუხის მიერ წარმოდგენილია წერილები, რომლებიც ადასტურებს, რომ ოქტომბრის თვეში ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შესულია საქართველოს სახელმწიფო აუდიტის 06.10.2017 წლის №08089/18 წერილი, რომლითაც ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობას გაეგზავნა სახელმწიფო აუდიტის 2017 წლის 6 ოქტომბერს დამტკიცებული №52/36 ანგარიში. ამავე წერილით ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ...ის მაშინდელ ხელმძღვანელს, გ. ქ-ის დაევალა აღნიშნული დასკვნიდან გამომდინარე დარღვევებზე სათანადო რეაგირების განხორციელება. ასეთივე შინაარსის წერილები შევიდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში უკვე ახალი ხელმძღვანელის, ა. ზ-ის მერობის პერიოდში, კერძოდ, სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციიდან 15/12/2017 წელს №04868 წერილი, შემდგომში იმავე უწყებიდან განმეორებითი წერილები, რადგან არ იყო განხორციელებული სათანადო რეაგირება. მოსარჩელის განმარტებით, ის არ იცნობდა აღნიშნულ წერილებს. მოსარჩელის ასეთი პოზიცია არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, რომ არც ერთ ხელმძღვანელს არ ჩაეყენებინა აუდიტის სამსახურის ...ი საქმის კურსში, მაშინ როდესაც სახელმწიფო აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებულ საკითხებზე რეაგირების მოხდენა უშუალოდ აუდიტის სამსახურის უფროსის მოვალეობებში შედის. ამასთანავე, სახელმწიფო აუდიტის დასკვნა ქვეყნდება საჯაროდ და იმ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელისთვის ცნობილი იყო, რომ მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა სახელმწიფო აუდიტის შემოწმება, რაშიც, როგორც თვითონ აცხადებს, თავადვე იყო ჩართული, სულ მცირე დასკვნის გამოცემიდან 6 თვის განმავლობაში უნდა მოეკითხა, თუ რა შედეგებით დასრულდა შემოწმება ან მოეძებნა სახელმწიფო აუდიტის ვებგვერდზე. მისი მხრიდან საწინააღმდეგო ქმედება, მეტყველებს მხოლოდ საქმისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე.
ე) დებულების მე-7 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის უფროსს, ა. მ-ის 2014 წლიდან გამგებლისთვის/მერისთვის არ წარუდგენია სამსახურის საქმიანობის ანგარიში. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია აუდიტის სამსახურის აუდიტორული შემოწმების წლიური და ინდივიდუალური აქტები, რომლებსაც ის წარუდგენდა ხელმძღვანელობას. აღნიშნული აქტები არ არის სამსახურის საქმიანობის ანგარიში. სამსახურის საქმიანობის ანგარიში არის შიდა აუდიტის დებულებით განსაზღვრული აუდიტის სამსახურის ფუნქციების შესრულების ქრონოლოგიური აღწერა, მათი შესრულების განხორციელების ეტაპების დაფიქსირება.
ვ) მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილებაში არ ინახება 2014 წლიდან მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარდგენილი გამგებლისა, საკრებულოსა და ჰარმონიზაციის ცენტრისათვის. აუდიტის სამსახურის დებულების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად (2014 წლის 27 ნოემბრის რედაქცია), აუდიტის სამსახური ვალდებულია შიდა აუდიტის ანგარიში წარუდგინოს გამგებელს, საკრებულოსა და ჰარმონიზაციის ცენტრს. მოსარჩელის განმარტება, რომ მას არ ევალებოდა ზემოაღნიშნული ვალდებულების განხორციელება, უსაფუძვლოა.
ზ) მერიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული არ არის სამსახურის 2018 წლის სამუშაო გეგმა. ამდენად, გაურკვეველია სამსახურის უფლებამოსილების პროცესის მიმდინარეობა. დამტკიცებული წლიური გეგმა არის შიდა აუდიტის სამოქმედო დოკუმენტი, რომელიც ლეგიტიმურს ხდის მის მიერ განხორციელებულ საქმისწარმოებას. მართალია, მოსარჩელემ წარადგინა დასამტკიცებლად 2018 წლის სამუშაო გეგმა, მაგრამ შემდგომში ისე, რომ არ გაურკვევია დამტკიცდა თუ არა ის, განახორციელა ინდივიდუალური სახის აუდიტორული შემოწმება, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან დარღვევას და ცხადყოფს მოსარჩელის ზერელე დამოკიდებულებას თავისი საქმიანობისადმი.
თ) აუდიტის სამსახურის უფროსს, დებულების მე-7 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წლების განმავლობაში არ შეუმუშავებია შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამა. მოსარჩელის განმარტებით, მან არ შეიმუშავა აღნიშნული პროგრამა, რადგან არც სხვა უწყებებს არ აქვთ შემუშავებული. მოსარჩელის აღნიშნული არგუმენტი ვერ გაამართლებს მის მიერ თავის ვალდებულების შეუსრულებლობას.
ი) არ ხდებოდა მუნიციპალიტეტის როგორც გამგეობის, ასევე, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების ვალდებულებების აღების, შესყიდვების პროცედურების, მიზანშეწონილობის შესწავლა, ანალიზი, შეფასება. აღნიშნული დარღვევები ასევე დაფიქსირებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის 6 ოქტომბრის დასკვნაში, რომლებზეც აუდიტის სამსახურის ...ის მიერ არ იყო განხორციელებული სათანადო რეაგირება.
კ) ...ის მიერ განხორციელებული საქმიანობის შეფასებისას, კომისიამ დაადგინა, რომ შიდა აუდიტის დებულების მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, არ ხორციელდება შიდა აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შემდგომი შესრულების მონიტორინგი და კონტროლი. მართალია, მოსარჩელის მიერ, წარმოდგენილი დოკუმენტებიდან ჩანს, რომ მის მიერ ხორციელდებოდა გარკვეული სახის რეკომენდაციების გაცემა, მაგრამ არა იმ საკითხებზე, რომელიც ზემოთ აღინიშნა და რომლებზეც რეაგირების განუხორციელებლობამ გამოიწვია მუნიციპალიტეტისათვის ზიანის მიყენება, კერძოდ, აუდიტის სამსახურის ...ის მიერ არ ხდებოდა მონიტორინგის განხორციელება და რეკომენდაციების გაცემა იჯარის ხელშეკრულებების ჯეროვან შესრულებასთან, პირგასამტეხლოს მოთხოვნასთან, სახელფასო დანამატების გამოკვლევასთან, ინვენტარიზაციის საკითხებთან დაკავშირებით და ა. შ. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა საწინააღმდეგოს - პირიქით, ის აცხადებს, რომ მას შეეძლო არ გაეცა აღნიშნულ საკითხებზე რეკომენდაცია, არ განეხორციელებინა მონიტორინგი, ვინაიდან მას ამის უფლებას აძლევს კანონი, მას აქვს უფლება თავის შეხედულებით განსაზღვროს საკითხები, რომლებზეც საჭიროა რეაგირების მოხდენა. მოსარჩელე აპელირებს „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ კანონის მე- 3 მუხლზე, რომელიც აწესებს შიდა აუდიტის სუბიექტისა და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს, თუმცა აღნიშნული მუხლის დანაწესი არ გულისხმობს შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობას, ის თავისი საქმიანობაში შეზღუდულია კანონმდებლობით, მოქმედებს და ხელმძღვანელობს კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, იგი ვალდებულია დაიცვას შიდა აუდიტის სუბიექტის დებულება. დისციპლინური წარმოებისას დადგინდა მოპასუხის მიერ შიდა აუდიტის სამსახურის დებულების პუნქტების/ქვეპუნქტების დარღვევა, აუდიტის სამსახურის ...ის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვანი შესრულება, რაც ასევე, დაადასტურა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის ანგარიშმა. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სადისციპლინო კომისიის 02.04.2018 წლის №3 სხდომის ოქმი ზედმიწევნით პასუხობს კანონის მოთხოვნებს, კერძოდ: კომისიის მიერ დეტალურად არის გაწერილი სამსახურებრივი ფუნქციები და მოვალეობები, რომლებიც არ შეასრულა დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენმა პირმა, დისციპლინური გადაცდომის აღწერა, ჩადენის დრო და ადგილი, დისციპლინური გადაცდომის მძიმე ხასიათი, ასევე სხვა ინფორმაცია, რამაც განაპირობა მოსარჩელისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება. დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის დასკვნა კანონის შესაბამისად გადაეგზავნა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერს, რომელმაც გამოიყენა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 94-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის პირველი წინადადებით მინიჭებული უფლება მოხელისათვის დასკვნით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების თაობაზე და 2018 წლის 4 აპრილს გამოსცა ბრძანება №227 :ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის - ა. მ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენს მოსარჩელე, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა დისციპლინურ წარმოებაში, ესწრებოდა და მონაწილეობას იღებდა დისციპლინური კომისიის 02.04.2018 წლის სხდომაში, მისთვის ცნობილი იყო ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა სადავო ბრძანება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სადისციპლინო კომისიის 02.04.2018 წელს მიღებული გადაწყვეტილება და მის საფუძველზე გამოცემული 04.04.2018 წლის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის №227 ბრძანება სრულ თანხვედრაშია მოქმედ კანონმდებლობასთან.

კასატორის განმარტებით, ა. მ-იმა ჩაიდინა მძიმე დისციპლინური გადაცდომა, რითაც მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიას, ასევე, ზიანი მიადგა საჯარო ინტერესს, საჯარო დაწესებულების რეპუტაციას, იმდენად რამდენადაც, სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში დარღვევათა ჩამონათვალი არის საკმაოდ ვრცელი და აუდიტის სამსახურის გამართული მუშაობის შემთხვევაში ეს დარღვევები მინიმუმამდე იქნებოდა დაყვანილი. დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის რეპუტაციის შელახვა, რამაც გამორიცხა ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივი მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების შესაძლებლობის განხილვა, მით უფრო, რომ მოსარჩელის თანამდებობიდან გამომდინარე, მას მოეთხოვებოდა საჯარო მოხელისათვის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი კომპეტენციისა და პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტი.

6.3 კასატორის - მ. ს-ეის განმარტებით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში პრაქტიკულად საერთოდ არ არის ასახული ის დარღვევები, რაც დაადგინა სადისციპლინო კომისიამ და შემდგომში პირველი ინსტანციის სასამართლომ. სააპელაციო სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე არ ჩათვალა ა. მ-ის მიერ ჩადენილი დარღვევები დისციპლინურ გადაცდომად და კანონის არასწორად გამოყენებით დაადგინა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ თავიდან უნდა გამოიკვლიოს ა. მ-ის საქმე. ადმინისტრაციულ ორგანოს სადავო აქტი გამოცემული აქვს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების ყოველმხრივი, სრული, ობიექტური გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე.

ა. მ-ის მიერ აუდიტის სამსახურის უფლებამოვალეობების არაჯეროვნად განხორციელების გამო მატერიალური ზიანი მიადგა ყაზბეგის მუნიციპალიტეტს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის რეპუტაციას. აუდიტის სამსახურის ...ის რეპუტაცია შეილახა იმდენად, რომ გამოირიცხა მის მიერ მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულება, კერძოდ: 2015-2016 წლებში არ მომხდარა ინვენტარიზაცია, რაზედაც ა. მ-იმა, როგორც აუდიტის სამსახურის ...მა არ განახორციელა სათანადო რეაგირება (ამ პერიოდში მის მიერ არ განხორციელებულა საჭირო რეკომენდაციების გაცემა, მონიტორინგი და კონტროლი) და შედეგად ყაზბეგის მუნიციპალიტეტს მიადგა ზიანი 144 000 ლარის ოდენობით. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 31 მარტის აუდიტორული დასკვნა „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივებისა და მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის შესახებ”. ამასთანავე, 2015-2016 წლებში ინვენტარიზაციის ჩაუტარებლობამ გამოიწვია მუნიციპალიტეტის მერიაში ინვენტარიზაციის ჩატარების გართულება, კერძოდ, ზემოხსენებული დასკვნიდან დასტურდება, რომ წლების განმავლობაში მოუგვარებელმა პრობლემებმა და ინვენტარიზაციის ჩაუტარებლობამ სრული ქაოსი შექმნა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ძირითადი აქტივებისა და მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვისა და მოვლა-პატრონობის კუთხით. ამავე დასკვნით, გამოვლინდა დანაკლისი 144 000 ლარის ოდენობით და გაიცა ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგებზე რეკომენდაციები და წინადადებები. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ მას შემდეგ რაც ა. მ-ისთვის ზემოხსენებული აუდიტორული დასკვნიდან ცნობილი გახდა გამოვლენილი დანაკლისის შესახებ, მის მიერ არ განხორციელებულა არანაირი ქმედითი ღონისძიება, რაც გამოავლენდა დანაკლისის საფუძვლებს. მას არ მიუმართავს რეკომენდაციით მერისათვის, რათა მოეხდინა შესაბამისი ორგანოებისათვის მიმართვა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მ. ს-ეის მიერ გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმართა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურას სათანადო რეაგირებისათვის. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება გამოვლენილი დანაკლისის ფაქტთან დაკავშირებით.

სადისციპლინო კომისიამ დაადგინა, რომ წლების განმავლობაში არ ხდებოდა საიჯარო ქირის გადახდა მოიჯარეების მიერ, რაზედაც აუდიტის სამსახურის ...ს, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი იყო აღნიშნული ფაქტები არ განუხორციელებია სათანადო რეაგირება. საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო მუნიციპალიტეტს მიადგა ზიანი. უფრო მეტიც, აღნიშნულთან დაკავშირებით 2018 წლის 2 აპრილის სადისციპლინო კომისიის სხდომაზე მოსარჩელემ განაცხადა, რომ წლების განმავლობაში საიჯარო ქირის გადაუხდელობა არ წარმოადგენს დარღვევას და საგანგაშო ფაქტად არ მიაჩნია. ა. მ-ის მიერ საქმისათვის ასეთი მიდგომით მუნიციპალიტეტს მიადგა ზიანი. მის მიერ უნდა განხორციელებულიყო ქმედითი ღონისძიებები არსებული პრობლემის აღმოსაფხვრელად. გადამხდელებზე უნდა დაწერილიყო შესაბამისი დასკვნები, სადაც აისახებოდა დასარიცხი ჯარიმების/საურავების ოდენობა, უნდა მომხდარიყო აღნიშნული დასკვნების გაგზავნა შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელებისათვის რეკომენდაციებთან ერთად, მათ შორის, მუნიციპალიტეტის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის კუთხით.

სადისციპლინო კომისიამ დაადგინა არაერთი დარღვევა, საიდანაც ჩანს ა. მ-ის არასათანადო დამოკიდებულება დაკავებული თანამდებობით დაკისრებული მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით, მისი ზერელე დამოკიდებულება საქმისადმი, რამაც რეპუტაციული ზიანი მიაყენა ყაზბეგის მუნიციპალიტეტს. დებულების მე-3 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, მოსარჩელემ არ შეასრულა მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო სახსრების გამოყენების, ვალდებულების აღების, შესყიდვების პროცედურების განხორციელების, გადახდების განხორციელების შესწავლა და შეფასება. მოსარჩელე აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხების შესწავლა და შეფასება ხდებოდა ინდივიდუალურად, როდესაც მოწმდებოდა შესაბამისი სამსახური. ეს პოზიცია არასწორია, ვინაიდან შიდა აუდიტის სამსახურის მიერ უნდა ხორციელდებოდეს მიმდინარე პროცესების მონიტორინგი, რათა თავიდან იქნეს აცილებული დარღვევები და გადაცდომები. შიდა აუდიტის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა მიმდინარე პროცესების მონიტორინგი, რათა არ მოხდეს გადაცდომები. სახელმწიფო აუდიტის შემოწმების პერიოდში მუნიციპალიტეტის რიგ სამსახურებში დაფიქსირებული დარღვევები და გადაცდომები პირდაპირი ინდიკატორია შიდა აუდიტის სამსახურის მუშაობის ხარისხის შეფასებისათვის და პასუხისმგებლობა დარღვევების სიმძიმეზე და რაოდენობაზე ასევე ეკისრება შიდა აუდიტის სამსახურს. სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოვლენილი დარღვევები კი რეპუტაციულ ზიანს აყენებს ადმინისტრაციულ ორგანოს.

სადისციპლინო კომისიამ დაადგინა დარღვევა, რომელიც შეეხება მოსარჩელის მიერ 2018 წლის სამუშაო გეგმის დაუმტკიცებლობას. ამასთან დაკავშირებით მოსარჩელემ მუნიციპალიტეტის მერიის სადისციპლინო კომისიის 2018 წლის 2 აპრილის სხდომაზე განაცხადა, რომ 2018 წლის სამუშაო გეგმა დამტკიცებული ჰქონდა. თუმცა სადისციპლინო კომისიის სხდომის ოქმთან დაკავშირებით შესაგებელში განაცხადა, რომ 2018 წლის სამუშაო გეგმა არ ჰქონდა დამტკიცებული, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათლად ჩანს მოსარჩელის წინააღმდეგობრივი განცხადებები, რაც კიდევ ერთხელ ლახავს მის რეპუტაციას.

სადისციპლინო კომისიამ დაადგინა დარღვევა, რომელიც შეეხება სახელფასო დანამატების კანონიერების შემოწმებას. მოსარჩელემ ამის საპასუხოდ განაცხადა, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებდა მუნიციპალიტეტის გამგებელი და აღნიშნული სახელფასო დანამატები გაიცემოდა კონკრეტული თანამდებობის პირებზე ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებით. აღნიშნული პოზიცია არ შეესაბამება შიდა აუდიტის სამსახურისათვის კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტს. მოცემულ შემთხვევაში, უნდა არსებობდეს შესაბამისი დოკუმენტაცია, თუ რა ზეგანაკვეთური სამუშაოები შესრულდა კონკრეტული პირების მიერ, ამის გამო შიდა აუდიტის სამსახურს უნდა მოეთხოვა შესაბამისი დოკუმენტაცია, ასევე, დასაბუთება თუ რატომ გაიცა კონკრეტულ პირებზე დანამატი.

რაც შეეხება დარღვევას - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის ანგარიშში დაფიქსირებული სხვა დარღვევების შემოწმებასა და მონიტორინგთან დაკავშირებით, მოსარჩელე აცხადებს, რომ მას აუდიტის დასკვნა ოფიციალურად არ ჩაბარებია. ამასთანავე, მოსარჩელის პოზიციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დაფიქსირებულ დარღვევებსა და გადაცდომებზე ზომები უნდა მიეღო მუნიციპალიტეტის გამგებელს და არა შიდა აუდიტის სამსახურს, მაშინ როცა აღნიშნული ფუნქცია პირდაპირ შიდა აუდიტის სამსახურის ვალდებულებაა. სახელმწიფო აუდიტის დასკვნა არის საჯარო და ქვეყნდება ვებგვერდზე. ამდენად, ა. მ-ის თავისუფლად შეეძლო გასცნობოდა მითითებულ დასკვნას და გაეტარებინა შესაბამისი ღონისძიებები (თუნდაც პირადად არ გადასცემოდა აღნიშნული დასკვნა). ა. მ-ისთვის ცნობილი იყო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მუნიციპალიტეტში მიმდინარე აუდიტის შესახებ, მის პირდაპირ ინტერესში უნდა ყოფილიყო აღნიშნული დასკვნის გაცნობა და შესაბამისი რეაგირების განხორციელება. საქმეში წარმოდგენილია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 06/10/2017 წლის №08089/18 წერილი, სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციის 15/12/2017 წლის №04868 წერილი, რომელიც პირდაპირ ავალებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიას აუდიტორული კვლევით გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირებას, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაბამისი წერილის მომზადება და სათანადო რეაგირება უნდა მომხდარიყო აუდიტის სამსახურის მიერ (ფუნქციურად აღნიშნული აუდიტის სამსახურის მოვალეობაა), თუმცა ალექსი მარასაგიშვილის მიერ აღნიშნულ დასკვნაზე არ მოხდა არანაირი რეაგირება. ზემოაღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს აუდიტის სამსახურის არასათანადო დამოკიდებულებას თავისი ვალდებულებებისადმი, რაც ლახავს მის რეპუტაციას და გამორიცხავს მის მიერ მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას.

ა. მ-ის გათავისუფლების შემდეგ გამოვლინდა მძიმე დარღვევა, რაც საფუძველი გახდა გამოძიების დაწყებისათვის. აღნიშნულის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა დამატებითი მტკიცებულებები, კერძოდ: 2019 წლის 29 მაისს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტს მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს შპს „ე...თან“ 19.10.2016 წელს დადებული ხელშეკრულების (რომლის საგანია საკანალიზაციო ქსელის და გამწმენდი მოწყობილობის სამუშაოების შესრულება) არაჯეროვანი შესრულების შედეგად გამოვლენილ ფინანსურ სხვაობებზე სათანადო რეაგირების თხოვნით. ამჟამად აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რომ ა. მ-ი არაჯეროვნად ასრულებდა მასზე კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით დაკისრებულ მოვალეობებს. საქმეში წარმოდგენილია ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის ა. მ-ის 19.05.2017 წლის ამავე მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის, ქონების მართვის, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის აუდიტორული შემოწმების ანგარიში. აღნიშნული ანგარიშის მე-6 გვერდზე (პირველი აბზაცი) აუდიტის სამსახურის ...ის მიერ შეფასებულია ხსენებული ხელშეკრულება. ხელშეკრულების შესრულების შეფასებისას მითითებულია მხოლოდ ის გარემოება, რომ ამინდის გაუარესების გამო ხელშეკრულებას ვადა გაუგრძელდა 30.05.2017 წლამდე. სასამართლოში წარმოდგენილი წერილით დასტურდება, რომ ამ პერიოდში უკვე არსებობს სერიოზული დარღვევები, კერძოდ, 2017 წლის 1 ივლისს წარმოდგენილ იქნა „ს...ს“ ინსპექტირების ექსპერტიზის ანგარიში მთელი რიგი დარღვევებით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება მოწმობს, რომ ა. მ-იმა შემოწმების პერიოდში არასრულყოფილად შეაფასა შპს „ე...თან“ 19.10.2016 წელს დადებული ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობა და არ გასცა შესაბამისი რეკომენდაციები, რაც თავიდან ააცილებდა მუნიციპალიტეტს მიყენებულ მატერიალურ ზარალს და სირთულეებს. აღნიშნული ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო დღემდე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გამართულად არ ფუნქციონირებს საკანალიზაციო ქსელი.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ კანონით და შიდა აუდიტის სამსახურის დებულებით გათვალისწინებული აუდიტის სამსახურის ...ის ფუნქცია-მოვალეობების გათვალისწინებით, უნდა შეეფასებინა ა. მ-ის მიერ ჩადენილი დარღვევები, ვინაიდან, აღნიშნული დებულებით და კანონით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევა პირდაპირ კავშირშია ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციებისთვის, მიზნებისთვის, საქმიანობისთვის ზიანის მიყენებასთან.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. მ-ისა და მ. ს-ეის საკასაციო საჩივრები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის განჩინებით ა. მ-ის, მ. ს-ეის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მათი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.


სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიისა და მ. ს-ეის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება ა. მ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები). ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ა. მ-ი 2014 წლის 11 ნოემბრიდან 2018 წლის 4 აპრილამდე მუშაობდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის თანამდებობაზე; ბ) 2018 წლის 2 მარტს შედგა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის სადისციპლინო კომისიის სხდომა, რომელზეც დღის წესრიგის პირველ საკითხად განისაზღვრა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის ...ის - თ. ა-ისა და სოფლის მეურნეობის, ქონების მართვისა და სტატისტიკის ...ის - მ. მ-ის მოხსენებითი ბარათების განხილვა. ამავე კომისიის გადაწყვეტილებით სხდომაზე წარმოდგენილი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის ...ის მოხსენებითი ბარათები ჩაითვალა დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების საფუძვლად (ტ.1 ს.ფ 61-65); გ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 12 მარტის №160 ბრძანების საფუძველზე ა. მ-ის მიმართ დაიწყო დისციპლინური წარმოება და ამავე დღეს ჩატარდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის სადისციპლინო კომისიის სხდომა, რომელზეც დადგინდა ზეპირი მოსმენის ჩატარება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის, ა. მ-ის მონაწილეობით (ტ.1 ს.ფ 55-60); დ) ა. მ-ის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის სადისციპლინო კომისიის თავმჯდომარისგან წერილობით ეცნობა 2018 წლის 2 აპრილის სადისციპლინო კომისიის სხდომისა და მასში მონაწილეობის შესახებ (ტ.1 ს.ფ 96); ე) 2018 წლის 2 აპრილს ჩატარდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის სადისციპლინო კომისიის სხდომა (ოქმი №3), რომელზეც დადგინდა ა. მ-ის მიერ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ფაქტი. ამავე კომისიის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის, ა. მ-ის მიმართ შეფარდებული ყოფილიყო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - სამსახურიდან გათავისუფლება (ტ.1 ს.ფ 75-78); ვ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის სადისციპლინო კომისიის 2018 წლის 2 აპრილის №3 სხდომის ოქმისა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 98-ე მუხლის საფუძველზე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 4 აპრილის №227 ბრძანებით ა. მ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან (ტ.1 ს.ფ 53); ზ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის სადისციპლინო კომისიის 2018 წლის 2 აპრილის სხდომის №3 ოქმი და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ა. მ-ის ჩაბარდა 2018 წლის 5 აპრილს (იხ. სარჩელი, მე-3 ფაქტობრივი გარემოება); თ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 3 ივლისის ბრძანებით ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის ვაკანტურ პოზიციაზე დაინიშნა მ. ს-ე (ტ.2 ს.ფ 38).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით.
სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული დანაწესი განამტკიცებს შრომის თავისუფლებას. შრომის თავისუფლება მოიცავს როგორც ადამიანისათვის მინიჭებულ უფლებას, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2/4-24, 28.02.1997), ასევე, სახელმწიფოს ვალდებულებას, იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და დაიცვას მათი შრომითი უფლებები (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2/2-389, 26.10.2007). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2/2-389, 26.10.2007), დაცულია არა მარტო უფლება, აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომის თავისუფლების სამართლებრივი დაცვის გარანტიები გათვალისწინებულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო საკანონმდებლო აქტებითაც. კერძოდ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. ამასთან, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება. საკასაციო სასამართლო აგრეთვე მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევებში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ: ა) ყველა მუშაკის უფლება არ შეუწყდეთ დასაქმება ასეთი შეწყვეტის თაობაზე საპატიო მიზეზების გარეშე, რაც დაკავშირებული უნდა იყოს მათ შესაძლებლობასთან ან ქცევასთან ან განპირობებული უნდა იყოს შრომითი დაწესებულების, საწარმოს ან სამსახურის ოპერატიული მოთხოვნებით; ბ) მუშაკთა უფლება, რომელთა დასაქმება შეწყვეტილი იქნება საპატიო მიზეზების გარეშე, სათანადო კომპენსაციაზე ან სხვა შესაბამის დაკმაყოფილებაზე. ამ მხრივ მხარეები ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ მუშაკის, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი დასაქმება შეწყდა საპატიო მიზეზების გარეშე, მიუკერძოებელ ორგანოში საჩივრის შეტანის უფლება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში ინდივიდთა შრომითი უფლებების დაცვისათვის ქმედითი მექანიზმების შექმნა სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს. ხსენებული ვალდებულების ზედმიწევნითი განხორციელების საჭიროება სახელმწიფოს მხრიდან თავს იჩენს მით უფრო საჯარო სექტორში, სადაც სახელმწიფო ეროვნული საკანონმდებლო ბაზის, კერძოდ, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, ერთი მხრივ, თავად ქმნის დასაქმებულ საჯარო მოხელეთა შრომითი უფლებების დაცვის გარანტიებს, ხოლო, მეორე მხრივ, იგი თავად გვევლინება დამსაქმებლის როლში, რაც საგრძნობლად ზრდის მისი მხრიდან დასაქმებულ საჯარო მოხელეთა უფლებების, განსაკუთრებით კი, შრომითი უფლებების დაცვის სავალდებულოობის ხარისხს. საჯარო მოსამსახურე კონკრეტული გადაწყვეტილების, მით უფრო საჯარო მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას და საჭიროების შემთხვევაში, გათავისუფლების შემდგომი პროცედურების განხორციელებისას შეზღუდულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი კანონიერების პრინციპით, რომლის მიხედვით, საჯარო მოსამსახურე თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას უნდა მოქმედებდეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად. მისი ნებისმიერი ქმედება უნდა ემსახურებოდეს კანონის უზენაესობის დაცვას და ეფუძნებოდეს კანონისმიერი დათქმის პრინციპს. ამავე შინაარსის დანაწესი გათვალისწინებულია აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლით დადგენილი კანონიერების პრინციპითაც, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის თანამდებობიდან ა. მ-ის გათავისუფლების კანონიერება. ამასთან, იქიდან გამომდინარე, რომ მოსარჩელის ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნა არის, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს დისკრიმინაციის გამო მორალური ზიანის ანაზღაურება 1000 ლარის ოდენობით, სასამართლო თავდაპირველად შეაფასებს ხომ არ დაედო საფუძვლად მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებას დისკრიმინაცია და არსებობს თუ არა მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი.
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. ამავე კანონის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა, და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-14 მუხლის თანახმად, კონვენციით გაცხადებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე სქესის, რასის, კანის ფერის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობებისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნის განურჩევლად. კონვენციის მე-12 ოქმის 1-ლი მუხლის თანახმად, კანონით დადგენილი ნებისმიერი უფლებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობებისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნისა. დაუშვებელია საჯარო ხელისუფლების მხრიდან ვინმეს დისკრიმინაცია პირველ პუნქტში აღნიშნული რომელიმე საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დისკრიმინაციის ცნებას განსაზღვრავს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი და ადგენს „პირდაპირი“ და „ირიბი“ დისკრიმინაციის ლეგალურ დეფინიციას. მითითებულთაგან პირველს მიეკუთვნება იმგვარი მოპყრობა, რომელიც პირს მადისკრიმინირებელი ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებთან. რაც შეეხება ირიბ დისკრიმინაციას, იგი სახეზეა მაშინ, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს დისკრიმინაციის რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს. თუმცა, როგორც ერთ, ისე - მეორე შემთხვევაში, არ უნდა არსებობდეს განსხვავებული მოპყრობის გამამართლებელი გარემოებები. ადამიანთა გარკვეული კატეგორიის დისკრიმინაცია შეიძლება ხდებოდეს მათი რასობრივი კუთვნილების, ეროვნების, სარწმუნოების, პოლიტიკური მრწამსისა და სხვა ამგვარი ნიშნებითა თუ მოტივით. დისკრიმინაცია, რა ფორმითაც უნდა იყოს იგი გამოხატული, ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინციპებს და აკრძალულია როგორც შიდასახელმწიფოებრივი, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმებით. იმისათვის, რომ განსხვავებული მოპყრობა გამართლებულად ჩაითვალოს, იგი უნდა ემსახურებოდეს კანონიერი მიზნის მიღწევის ინტერესებს და დაცული უნდა იყოს გონივრული პროპორციულობა მისაღწევ მიზანსა და გამოყენებულ საშუალებებს შორის, ანუ მიზნის მისაღწევად გამოყენებული საშუალებები უნდა იყოს აუცილებელი და შესაფერისი (დისკრიმინაციის ტესტი).
როგორც საქართველოს საკონსტიტუციო, ისე - ევროსასამართლოს პრაქტიკაში დამკვიდრებულია დისკრიმინაციის ფაქტის გამოვლენის მეთოდები - ე.წ „შეფასების ტესტები“: საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოება აღიარებს „მკაცრი შეფასებისა“ და „რაციონალური დიფერენციაციის ტესტს“, რომელთაგან პირველს იყენებს ე.წ „კლასიკური“ (კანონით პირდაპირ გათვალისწინებული) ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის კვლევისას, ხოლო მეორეს - ყველა სხვა შემთხვევასთან მიმართებით. მკაცრი ტესტის გამოყენების საჭიროებას სასამართლო ასევე ადგენს დიფერენციაციის ინტენსივობის ხარისხის მიხედვით. შეფასების ტესტთან მიმართებით ევროსასამართლო არ ადგენს დისკრიმინაციის საფუძვლების იერარქიას, არამედ მიიჩნევს, რომ განსხვავებული მოპყრობა დისკრიმინაციულია, თუ მას არ აქვს გონივრული და ობიექტური გამართლება, ანუ, თუ არ აქვს ლეგიტიმური მიზანი, ან თუ არ არსებობს გონივრული თანაბარზომიერება ლეგიტიმურ მიზანსა და მიზნის მისაღწევად გამოყენებულ საშუალებას შორის (იხ. Mizzi v. Malta, №26111/02).
დისკრიმინაციასთან მიმართებით მტკიცების ტვირთის განაწილებისას, საკასაციო პალატა ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633 მუხლით, რომლის თანახმად, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს განმარტებით, მტკიცების ტვირთი მოცემულ სფეროში შემდეგია: მას შემდეგ რაც მომჩივანი დაადასტურებს განსხვავებული მოპყრობის არსებობას, უკვე მთავრობის ვალდებულებაა დაამტკიცოს, რომ იგი გამართლებული გახლდათ. რაც შეეხება იმას, თუ რა წარმოადგენს prima facie მტკიცებულებას, რომელიც შეძლებს მტკიცების ტვირთის მოპასუხე სახელმწიფოზე გადაკისრებას, სასამართლომ აღნიშნა, რომ მის წინაშე არსებულ სამართალწარმოებაში არ არსებობს პროცედურული ბარიერები მტკიცებულების მისაღებობასთან დაკავშირებით ან წინასწარგანსაზღვრული ფორმულა მის შესაფასებლად. სასამართლო იღებს დასკვნებს, რომლებიც, მისი აზრით, არის გამყარებული ყველა მტკიცებულების თავისუფალი შეფასებით, მათ შორის, ისეთი დასკვნებით, რომლებიც შესაძლოა გამომდინარეობდეს ფაქტებიდან და მხარეთა არგუმენტებიდან. დისკრიმინაციის საფუძვლით სარჩელის აღძვრის შემთხვევაში, მოსარჩელის პროცესუალური ვალდებულებაა მიუთითოს კონკრეტული ფაქტები, ხოლო მოპასუხე ვალდებულია, უარყოს მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, ამტკიცოს, რომ დისკრიმინაციის ფაქტს ადგილი არ ჰქონია და, რომ ამ საფუძვლით მოსარჩელის განთავისუფლება არ მომხდარა.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2017 წლის ოქტომბერში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში, მხარი არ დაუჭირა მერობის კანდიდატ ა. ზ-ის. 2017 წლის ნოემბერში გამართულ არჩევნების მეორე ტურში, საბოლოო გამარჯვება მოიპოვა ა. ზ-იმა. ამ უკანასკნელმა უფლებამოსილების დაწყების შემდეგ ა. მ-ის განუცხადა, რომ „ერთად ვერ იმუშავებდნენ“. ა. მ-ის განმარტებით, მის მიმართ ადგილი ჰქონდა არათანაბარ მოპყრობას, იყო დისკრიმინაციის მსხვერპლი და სთხოვდნენ სამსახურიდან წასვლას.
საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას, რომ მოსარჩელის განმარტებები არ არის გამყარებული კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებით და არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, რომელიც მის მიმართ დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს შექმნიდა. მოსარჩელის ზოგადი მითითება იმის შესახებ, რომ მის მიმართ ხდებოდა გამომწვევი განცხადებების გაკეთება და არაფორმალურად ყოველთვის გრძნობდა, რომ იყო დისკრიმინაციის მსხვერპლი არ ქმნის საკმარის საფუძველს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისათვის. ამდენად, არ არსებობს დისკრიმინაციის დადგენისა და აღნიშნული საფუძვლით მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მოსარჩელის მიერ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენა და ამ საფუძვლით მისი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის თანამდებობიდან გათავისუფლების კანონიერება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო სამართალურთიერთობა დაკავშირებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან, რომელიც აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. აღნიშნული კანონის პრინციპებიდან გამომდინარე, საჯარო მოსამსახურის ნებისმიერი ქმედება კანონის უზენაესობისა და კანონისმიერი დათქმის პრინციპებს უნდა ემყარებოდეს (კანონიერების პრინციპი); საჯარო მოსამსახურე ვალდებულია, თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება საჯარო სამსახურის პრინციპებისა და საჯარო ინტერესების დაცვის საფუძველზე განახორციელოს (ერთგულების პრინციპი); საჯარო მოსამსახურე თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა ხელმძღვანელობდეს მხოლოდ საჯარო ინტერესებით. მას ეკრძალება პირადი ინტერესებით ხელმძღვანელობა (მიუკერძოებლობის პრინციპი); საჯარო მოსამსახურე თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობისთვის პირადად აგებს პასუხს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ანგარიშვალდებულების პრინციპი).
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის 1-ლი პუნქტი განსაზღვრავს მოხელის დისციპლინური გადაცდომების ჩამონათვალს, კერძოდ, ესენია: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა; ბ) საჯარო დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შექმნა; გ) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოხელისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, დისციპლინური გადაცდომა შესაძლებელია იყოს მძიმე ან მსუბუქი. დისციპლინური გადაცდომა ითვლება მძიმედ, თუ: ა) დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის რეპუტაციის შელახვა, რაც გამორიცხავს ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას; ბ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულების რეპუტაციას; გ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულებას; დ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულებაში მომუშავე სხვა საჯარო მოსამსახურეს, მესამე პირს ან საჯარო ინტერესს; ე) მოხელემ უარი თქვა ამ კანონით გათვალისწინებულ შეფასებაზე; ვ) დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე პირმა ჩაიდინა ახალი დისციპლინური გადაცდომა.
ზემოაღნიშნული კანონის 93-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული დისციპლინური წარმოების დროს მოპოვებული მასალების ანალიზის შედეგად ადგენს დასკვნას: ა) დისციპლინური გადაცდომის არსებობისა და პირისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომის შეფარდების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შეუძლებლობის შესახებ; ბ) დისციპლინური გადაცდომის არარსებობის შესახებ. 94-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის დასკვნის მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) მოხელისთვის დასკვნით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ან უფრო მსუბუქი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების თაობაზე; ბ) მსუბუქი დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში – მოხელის დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე; გ) დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულისთვის დასკვნის დასაბუთებული შენიშვნებით დაბრუნების თაობაზე.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომაა სამსახურიდან გათავისუფლება. 97-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი უნდა იყოს. მოხელისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებისას გათვალისწინებული უნდა იყოს: ა) დისციპლინური გადაცდომა ჩადენილია განზრახ თუ გაუფრთხილებლობით; ბ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის სიმძიმე; გ) მოქმედებს თუ არა დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობა; დ) დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის შეფასების შედეგები; ე) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობის მიზეზი; ვ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობა; ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მცდელობა, თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგი; თ) სხვა გარემოება, რომელიც გავლენას ახდენს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრაზე. ამავე კანონის 98-ე მუხლის თანახმად, სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი პრინციპიდან გამომდინარე, დისციპლინური გადაცდომისათვის, საჯარო მოხელესთან მიმართებაში შესაბამისი ზემოქმედების ზომის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებით და წესით. ამასთანავე, დისციპლინური გადაცდომის გამოვლენასთან დაკავშირებული პროცედურის სრულყოფილად ჩატარების ვალდებულება, ერთი მხრივ, საჯარო წესრიგის, ხოლო, მეორე მხრივ, კერძო პირის უფლების დაცვის მიზანს უნდა ემსახურებოდეს. უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს კანონისმიერი ვალდებულებიდან გამომდინარეობს ქმედების სწორი კვალიფიკაცია, რაც შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი ფაქტების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე. სავარაუდო გადაცდომა, თავისი შინაარსით, სრულად უნდა შეესაბამებოდეს კანონით ასეთად მიჩნეული ქმედების ნიშნებს. საჯარო მოხელისათვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად, მტკიცებულებათა ერთობლიობით უნდა დადასტურდეს შესაბამისი დარღვევის შემცველი ფაქტების არსებობა. ამასთანავე, „..სამსახურიდან გათავისუფლება, როგორც უკიდურესი ღონისძიება, უნდა იყოს დარღვევის სიმძიმის პროპორციული. დარღვევის ჩამდენი მოხელისათვის კონკრეტული სახდელის შერჩევა უფლებამოსილი ორგანოს დისკრეციაა, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს მიღებული გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთების საჭიროებას..“ (სუს 2020 წლის 28 მაისის №ბს-623(კ-19) განჩინება).
მოცემულ შემთხვევაში ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის სადისციპლინო კომისიის 2018 წლის 2 აპრილის სხდომის №3 ოქმში აღნიშნულია, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის - ა. მ-ის მიერ ჩადენილ იქნა მძიმე დისციპლინური გადაცდომა, რაც გამოიხატება შიდა აუდიტის სამსახურის დებულებით გათვალისწინებული მოვალეობების არაჯეროვან შესრულებაში, კერძოდ: დებულების მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, არ ხორციელდებოდა შიდა აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შემდგომი შესრულების მონიტორინგი და კონტროლი; დებულების მე-3 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, არ შეასრულა მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო სახსრების გამოყენების, ვალდებულებების აღების, შესყიდვების პროცედურების განხორციელების, ხელშეკრულების გაფორმების, გადახდების განხორციელების შესწავლა და შეფასება; დებულების მე-7 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის ...ს ა. მ-ის 2014 წლიდან გამგებლისათვის/მერისათვის არ წარუდგენია სამსახურის საქმიანობის ანგარიში; დებულების მე-7 მუხლის ,,ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წლების განმავლობაში არ შეუმუშავებია შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამა; არ განახორციელა გამგეობის/მერიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საიჯარო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემოწმება და კონტროლი, წლების განმავლობაში მოიჯარეების მხრიდან ადგილი ჰქონდა საიჯარო ქირის გადაუხდელობას, რითაც მატერიალური ზიანი მიადგა ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობებს, რაზედაც ასევე არანაირი რეაგირება არ მოუხდენია; სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის ანგარიშიდან ირკვევა, რომ გამგეობაში 2015-2016 წლებში ჩატარებული არ იყო ინვენტარიზაცია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით დამტკიცებული ,,საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ თანახმად, რაზედაც ...ს არ მოუხდენია რაიმე სახის რეაგირება; არ განუხორციელებია მონიტორინგი და შემოწმება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის ანგარიშში დაფიქსირებულ სხვა დარღვევებზე; მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილებაში არ ინახება 2014 წლიდან მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარდგენილი გამგებლისა, საკრებულოსა და ჰარმონიზაციის ცენტრისათვის; მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული არ იყო სამსახურის 2018 წლის სამუშაო გეგმა. ამდენად, გაურკვეველია სამსახურის უფლებამოსილების განხორციელების პროცესის მიმდინარეობა; შიდა აუდიტის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, არც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში და არც მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში არ შეუმოწმებია სახელფასო დანამატის გაცემის კანონიერება, მაშინ როდესაც საკითხის ყოველგვარი შესწავლის გარეშე, სამართლებრივი საფუძვლის არარსებობისას და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გამგეობის თანამდებობის პირებზე, მათ შორის, აუდიტის სამსახურის ...ზე - ა. მ-იზე 2016-2017 წლებში გაიცემოდა სახელფასო დანამატი ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით სისტემატურად. ამრიგად, არ მოუხდენია თანხების ხარჯვის კანონიერების შესწავლა და შეფასება; არც მოთხოვნის შემთხვევაში და არც პირადი ინიციატივით ფინანსთა სამინისტროში წარდგენილი არ იყო შიდა აუდიტის სამსახურის წლიური და სტრატეგიული გეგმები; არ ხდებოდა სამსახურის მიერ შემუშავებული და გაცემული რეკომენდაციების შემდგომი შესრულების მონიტორინგი და კონტროლი; არ ხდებოდა მუნიციპალიტეტის როგორც გამგეობის/მერიის, ისევე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების ვალდებულებების აღების, შესყიდვის პროცედურების, მიზანშეწონილობის შესწავლა, ანალიზი და შეფასება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც არეგულირებს ამავე კანონით განსაზღვრულ დაწესებულებებში სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის დანერგვის წესსა და პრინციპებს, აგრეთვე სხვა საკითხებს, რომლებიც მნიშვნელოვანია სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის შემუშავებისათვის, ჩამოყალიბებისა და განხორციელებისათვის (1.1 მუხლი). ამავე კანონის მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, შიდა აუდიტი არის დაწესებულების საქმიანობის გაუმჯობესებისკენ, მისი მიზნების მიღწევის უზრუნველყოფისა და მისი ამოცანების სრულყოფილად შესრულებისკენ მიმართული დამოუკიდებელი, ობიექტური, მარწმუნებელი და საკონსულტაციო საქმიანობა, რომელიც სისტემატიზებული, დისციპლინებული და ორგანიზებული მიდგომით აფასებს და აუმჯობესებს რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესის ეფექტიანობას. მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, შიდა აუდიტის სუბიექტი ფუნქციურად დამოუკიდებელია შიდა აუდიტის დაგეგმვის, განხორციელებისა და ანგარიშგების პროცესში. შიდა აუდიტორი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, შიდა აუდიტის სტანდარტების, შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსისა და სხვა ინსტრუქციებისა და სამართლებრივი აქტების შესაბამისად. დაუშვებელია შიდა აუდიტორის საქმიანობაში ჩარევა ან მასზე სხვაგვარი ზემოქმედება.
„სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შიდა აუდიტი ეხმარება დაწესებულებას მიზნების მიღწევაში შემდეგი საქმიანობების განხორციელებით: ა) დაწესებულების წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება; ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; გ) დაწესებულების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებთან და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება; დ) დაწესებულების საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; ე) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება; ვ) დაწესებულების აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება; ზ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს დაწესებულების საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, ამ კანონის მიზნებს და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.
ზემოაღნიშნული კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი: ა) შეიმუშავებს და დაწესებულების ხელმძღვანელს დასამტკიცებლად წარუდგენს შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს; ბ) კოორდინაციას უწევს შიდა აუდიტორთა საქმიანობას და უნაწილებს მათ ფუნქციებს ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად; გ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე; დ) უზრუნველყოფს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის, ასევე დაწესებულების ორგანიზაციული სტრუქტურისა და ფუნქციების შეფასებას; ე) უზრუნველყოფს შიდა აუდიტორების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას; ვ) თანამშრომლობს ჰარმონიზაციის ცენტრთან და მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის დოკუმენტაციასა და ინფორმაციას; ზ) ითვალისწინებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში გაცემულ შესაბამის რეკომენდაციებსა და მითითებებს; თ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის ობიექტისთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულებაზე; ი) შეიმუშავებს და ახორციელებს შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ნოემბრის №33 დადგენილებით დამტკიცებულ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულებაზე (ძალადაკარგულია - 29.06.2018), რომლის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას; ბ) დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს თანამშრომელთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; უზრუნველყოფს შიდა აუდიტორების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას; დ) კოორდინაციას უწევს სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობას; უნაწილებს მათ ფუნქციებს ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად; აკონტროლებს სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას; ე) პერიოდულად ისმენს თანამშრომელთა ანგარიშებს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ვ) სამსახურის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს გამგებელს; ზ) შუამდგომლობს სამსახურის მოხელის/მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების და გადამზადების მიზნით; თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს გამგებლის ცალკეულ დავალებებს; ი) შეიმუშავებს და დაწესებულების ხელმძღვანელს დასამტკიცებლად წარუდგენს შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს; კ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე; ლ) თანამშრომლობს ჰარმონიზაციის ცენტრთან და მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის დოკუმენტაციასა და ინფორმაციას; მ) ითვალისწინებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში გაცემულ შესაბამის რეკომენდაციებსა და მითითებებს; ნ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის ობიექტისთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულებაზე; ო) შეიმუშავებს და ახორციელებს შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამას; პ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს; ჟ) სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
ამავე დებულების მე-3 მუხლის შესაბამისად, სამსახურის ფუნქციებია: 1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება; 2. შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში; 3. გამგეობის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; 4. გამგეობაში ადამიანური, მატერიალური და სხვა რესურსების გამოყენების მართვის სფეროში განხორციელებული საქმიანობისა და გადაწყვეტილებების შესაბამისობის შემოწმება და შეფასება; 5. შიდა აუდიტის სტრატეგიული და წლიური გეგმების შემუშავება და საანგარიშო წლის დაწყებამდე გამგებლისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; 6. მოთხოვნის შემთხვევაში, დამტკიცებული წლიური და სტრატეგიული გეგმის წარდგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრში; 7. სამსახურის მიერ შემუშავებული და გაცემული რეკომენდაციების შემდგომი შესრულების მონიტორინგი და კონტროლი; 8. ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; 9. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში ასიგნებების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალური ფასეულობების და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების შესწავლა, ანალიზი, შეფასება და შესაძლო დარღვევების, ხარვეზებისა და რისკების განსაზღვრის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; 10. ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შემოწმება, საქართველოს კანონმდებლობასთან და მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით; 11. მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო სახსრების გამოყენების, ვალდებულებების აღების, შესყიდვების პროცედურის განხორციელების, ხელშეკრულების გაფორმების, გადახდების განხორციელების შესწავლა და შეფასება; 12. ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის თვითმმართველობის მიზნებთან თანხვედრისა და შესაბამისობის ანალიზი, მათი ეფექტურობის ამაღლების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; 13. მუნიციპალიტეტის აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება; 14. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი; კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზი და მათი პრევენცია; გამგებლისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა; 15. ინსპექტირების განხორციელების ფარგლებში ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება; 16. შიდა აუდიტის შედეგად შემუშავებულ და გაცემულ რეკომენდაციათა შემდგომი შესრულების მონიტორინგი და კონტროლი; 17. დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, გამგებელთან შეთანხმებით, მასალების შესაბამის ორგანოში გადაგზავნა; 18. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მხარდაჭერა; 19. თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან თანამშრომლობა; 20. გამგებლის დავალებების შესრულება; 21. „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით სამსახურისათვის განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
საქმეში წარმოდგენილია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის 6 ოქტომბრის ანგარიში, სადაც აღნიშნულია შემდეგი: „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების თანახმად, ინვენტარიზაციის ჩატარება სავალდებულოა ყოველწლიურად, საბიუჯეტო წლის ბოლოს, გარდა უძრავი ქონებისა, საბიბლიოთეკო ფონდებისა და ასევე იმ აქტივებისა და ვალდებულებებისა, რომელთა ინვენტარიზაცია ჩატარდა საანგარიშგებო წლის 1 ოქტომბრის შემდეგ. აღნიშნული ქონებისათვის ბრძანებით განსაზღვრულია ინვენტარიზაციის ჩატარების სხვადასხვა ვადა. ინსტრუქციით დადგენილი წესის შესაბამისად, ინვენტარიზაციას ექვემდებარება ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული აქტივები და ვალდებულებები, აგრეთვე ბალანსის საცნობარო მუხლებში აღრიცხული საოპერაციო იჯარით აღებული ძირითადი აქტივები, პასუხსაგებ შენახვაზე მიღებული მატერიალური ფასეულობები, ხარჯებში ჩამოწერილი ექსპლუატაციაში მყოფი მატერიალური მარაგები, ამორტიზებული ძირითადი აქტივები. გამოვლენილი გარემოება: 2015-2016 წლებში ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა. შესაბამისად, არ არის მიღწეული მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული მუნიციპალიტეტისათვის დაწესებული მიზნები: ფინანსური და არაფინანსური აქტივების დაცულობაზე კონტროლი; აქტივებისა და ვალდებულებების, ასევე ბალანსის საცნობარო მუხლებში ასახული მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთების დადგენა; გამოუყენებელი აქტივების გამოვლენა; ფინანსური და არაფინანსური აქტივების შენახვის წესებისა და პირობების შემოწმება; ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული მოთხოვნებისა და ვალდებულებების რეალურობის შემოწმება; აქტივებისა და ვალდებულებების ფაქტობრივი ნაშთების შედარება ორგანიზაციის სააღრიცხვო მონაცემებთან და სხვ.’’(ტ.1. ს.ფ. 101-138).
საქმეში ასევე წარმოდგენილია ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების და მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის შესახებ შპს „ა...ის“ 2017 წლის 31 მარტის აუდიტორული დასკვნა (ტ.2. ს.ფ. 146-149), რომელშიც აღნიშნულია შემდეგი: ,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების და მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარების პროცესში წამოჭრილმა სირთულეებმა აჩვენა, რომ მიუხედავად საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის ბრძანება №605 მოთხოვნისა, დადგენილი წესების შესაბამისად ყოველი საანგარიშო წლის ბოლოსათვის მუნიციპალიტეტის მიერ ჩატარებულიყო ძირითადი აქტივებისა და მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია, მუნიციპალიტეტის მიერ წლების განმავლობაში არ ტარდებოდა ძირითადი აქტივებისა და მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია, არ დგინდებოდა რეალური ნაშთები, არ ხდებოდა მორალურად და ფიზიკურად მოძველებული აქტივების ექსპლუატაციიდან მოხსნა და ჩამოწერა, წლების განმავლობაში გახარჯული მატერიალური ფასეულობა (ე.წ. მცირეფასიანი) კვლავ აღრიცხვაზე რჩებოდა მუნიციპალიტეტის ბალანსზე და არ დგებოდა სათანადო დოკუმენტი მათი ჩამოწერისათვის. საბიუჯეტო ორგანიზაციებში ბუღალტრული აღრიცხვის ინსტრუქციის 35-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, პასუხისმგებელი პირების შეცვლისას ტარდება მათ პასუხისმგებალობაში არსებული აქტივების ინვენტარიზაცია, ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც მტკიცდება ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ, თუმცა მუნიციპალურ ქონებაზე არ არის გამოყოფილი მატერიალურად პასუხისმგებელი პირები, არაა გაფორმებული ხელშეკრულებები მატერიალურ პასუხისმგებლობაზე და საერთოდ ვინ არის პასუხისმგებელი მუნიციპალიტეტის ქონებაზე აუდიტისადმი უცნობია, აგრეთვე მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დროებით სხვაზე გადაცემულ ქონებაზე სათანადოდ არ ფორმდებოდა ქონების თხოვების (ან იჯარა) ხელშეკრულება. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან შეიძლება ითქვას, რომ წლების განმავლობაში მოუგვარებელმა პრობლემებმა სრული ქაოსი შექმნა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ძირითადი აქტივებისა და მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვისა და მოვლა-პატრონობის კუთხით. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით გრძელვადიანი აქტივების (შენობა-ნაგებობები, მიწა, დაუმთ. მშენებლობა) საბალანსო ღირებულება 2017 წლის 1 მარტის მდგომარეობით შეადგენს 15536194.36 ლარს, სატრანსპორტო საშუალებების - 1354451.00 ლარს, სხვა ძირითადი საშუალებების - 486504.71 ლარს, სასაქონლო მატერიალური მარაგების - 221486.37 ლარს, ავტო-სათადარიგო ნაწილების - 58716.39 ლარს, ხოლო ტერიტორიულ ერთეულებზე რიცხული ქონების ღირებულება - 81080.20 ლარს. 2017 წლის 1 მარტის მდგომარეობით ჩატარებული ინვენტარიზაციით გრძელვადიანი აქტივების (შენობა-ნაგებობები, მიწა, დაუმთ. მშენებლობა) ინვენტარიზაციის შედეგად სხვაობამ (ნაკლებობამ) შეადგინა 6077.00 ლარი, სატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში ინვენტარიზაციის სხვაობამ (ნაკლებობამ) - 6626.00 ლარი, სხვა ძირითად საშუალებებში ინვენტარიზაციის სხვაობამ (ნაკლებობამ) შეადგინა 9168.00 ლარი, სასაქონლო მატერიალური მარაგებში ინვენტარიზაციის (ნაკლებობამ) შეადგინა 38489.30 ლარი, ავტო-სათადარიგო ნაწილების სხვაობამ (ნაკლებობამ) შეადგინა 52722.40 ლარი, ხოლო ტერიტორიულ ერთეულებზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციის სხვაობამ (ნაკლებობამ) შეადგინა 30999.05 ლარი. ჩატარებული ინვენტარიზაციით გამოვლინდა შემდგომი ექსპლუატაციისათვის უვარგისი, მორალურად მოძველებული და ფიზიკურად გაცვეთილი აქტივები, რაც მითითებულია აღწერის უწყისებში, რომლებიც ექვემდებარება ბალანსიდან ჩამოწერას’’.
ზემოაღნიშნული დასკვნების გათვალისწინებით, რომელსაც ასევე დაეყრდნო ადმინისტრაციული ორგანო (სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის 6 ოქტომბრის ანგარიში), საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის - ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის მითითებას, რომ 2015-2016 წლებში აუდიტის სამსახურის ...ის მიერ ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, არ არის განხორციელებული ისეთი ქმედითი ღონისძიებები, რომელიც უზრუნველყოფდა 2015-2016 წლებში ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში ინვენტარიზაციის ჩატარებას, როგორიცაა გამგებლისათვის, მუნიციპალიტეტის სამსახურების უფროსებისთვის მოხსენებითი ბარათების, დასკვნების, მონიტორინგების შედეგების, რეკომენდაციების, ინვენტარიზაციის ჩატარების მოთხოვნის გაგზავნა, ინვენტარიზაციის ჩატარების ანგარიშების მოთხოვნა. მართალია, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია 28.05.2015 წლით დათარიღებული საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის აუდიტორული შემოწმების ანგარიში (ტ.2. ს.ფ. 262-269) და 08.08.2016 წლით დათარიღებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ყ...ში“ აუდიტორული შემოწმების ანგარიში (ტ.2. ს.ფ 270-276), სადაც ...ს გაცემული აქვს ინვენტარიზაციის ჩატარების რეკომენდაცია, თუმცა შემდეგში რა ქმედითი ღონისძიებები იქნა გატარებული ამ კუთხით და ახდენდა თუ არა შიდა აუდიტის სამსახური შემდგომ მონიტორინგს, შესაბამისი მტკიცებულება მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია, რაც ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ნოემბრის №33 დადგენილებით დამტკიცებული ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების 3.7 მუხლის შესაბამისად, აუდიტის სამსახურის ფუნქციას წარმოადგენს.
საქმეში წარმოდგენილია ა. მ-ის 2018 წლის 5 თებერვლის მოხსენებითი ბარათი (№100) მუნიციპალიტეტის მიერ იჯარით გაცემულ ქონებასთან დაკავშირებით (ტ.1. ს.ფ. 81), რომელშიც იგი განმარტავს შემდეგს: ,,მოქმედი საიჯარო ხელშეკრულებით გაცემულია სულ 18 ობიექტი, ამათგან მუნიციპალიტეტის დავალიანება აქვს 2 დამქირავებელს, ესენია: ა(ა)იპ სასწავლო ინტელექტუალური ცენტრი „...ი“ – 4100 ლარი, შპს „ნ...“ – 76,77 ლარი. რაც შეეხება მონიტორინგს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ არ ყოფილა გაცემული რეკომენდაცია საიჯარო დავალიანებების შესახებ, რადგან მუნიციპალიტეტის მხრიდან ხდებოდა წერილობითი შეტყობინებების გაგზავნა დავალიანების დაფარვასთან დაკავშირებით მოიჯარეებთან’’.
ამავდროულად, საქმეში წარმოდგენილია სოფლის მეურნეობის, ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვის და სტატისტიკის ...ის - მ. მ-ის 14.02.2018 წლის №150 და 2018 წლის 9 თებერვლის №128 მოხსენებითი ბარათები (ტ.1. ს.ფ. 82-83), რომლებშიც აღნიშნულია, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებების ვადების გათვალისწინებით დროულად არ ხდებოდა თანხების ჩარიცხვა მოიჯარეების მიერ. საიჯარო ქირის პირგასამტეხლო წლების მიხედვით შეადგენს: ა) 2013 წელს - 152 ლარს; ბ) 2014 წელს - 215 ლარს; გ) 2015 წელს - 185 ლარს; დ) 2016 წელს - 1404 ლარს; ე) 2017 წელს - 5327 ლარს, სულ: 7283 ლარს. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებების გათვალისწინებით 2018 წელს დროულად არ მოხდა თანხების ჩარიცხვა მოიჯარეების მიერ. ამავე მოხსენებით ბარათში მითითებულია იმ მოიჯარეების სია, რომლებმაც ვადაგადაცილებით გადაიხადეს წლიური საიჯარო ქირა ან საერთოდ არ გადაიხადეს და მათი პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი საიჯარო ქირის 0,1 პროცენტს, კერძოდ: 1. ლ. ა-ის - 45 ლარს; 2. ვ. პ-ის - 88 ლარს; 3. ა(ა)იპ სამთო-სათხილამურო სკოლა „მ...ს“ - 2920 ლარს; 4. ი. ს-ის - 228 ლარს; 5. ა(ა)იპ სასწავლო ინტელექტუალური ცენტრი „...ის“ – 1476 (პირგასამტეხლო) + 8200 (ორი წლის იჯარის ქირა)= 9676 ლარს.
გარდა იმისა, რომ მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც გააქარწყლებდა ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს, მოსარჩელე 2018 წლის 5 თებერვლის მოხსენებითი ბარათში თავად ადასტურებს, რომ შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ არ ყოფილა გაცემული რეკომენდაცია საიჯარო დავალიანებების შესახებ.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის სადისციპლინო კომისიის 2018 წლის 2 აპრილის სხდომის №3 ოქმში მითითებულ დასკვნას, რომ მოსარჩელემ არ განახორციელა გამგეობის/მერიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საიჯარო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემოწმება და კონტროლი, წლების განმავლობაში მოიჯარეების მხრიდან ადგილი ჰქონდა საიჯარო ქირის გადაუხდელობას. აღნიშნულით კი, მოსარჩელის მიერ დარღვეულია ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ნოემბრის №33 დადგენილებით დამტკიცებული ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის მე-11 პუნქტი, რომლის თანახმად, აუდიტის სამსახურის ფუნქცია არის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო სახსრების გამოყენების, ვალდებულებების აღების, შესყიდვების პროცედურის განხორციელების, ხელშეკრულების გაფორმების, გადახდების განხორციელების შესწავლა და შეფასება.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის 6 ოქტომბრის ანგარიშში აღნიშნულია შემდეგი: ,,2015 წელს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებზე გაიცა 97,9 ათასი ლარის დანამატი. გაცემის საფუძვლად მითითებულია აღდგომის, გიორგობის და ახალი წლის დღესასწაულები. ამ პერიოდისათვის მოქმედი კანონმდებლობა დანამატის გაცემას აღნიშნული მოტივით არ ითვალისწინებდა. მუნიციპალიტეტმა ხარვეზი გამოასწორა 2016 წელს, კერძოდ, სამართლებრივი აქტების შესაბამისად, დანამატი გაიცა საჯარო მოხელეების ზეგანაკვეთური მუშაობისთვის’’.
ამასთან, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ნოემბრის №33 დადგენილებით დამტკიცებული ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, აუდიტის სამსახურის ფუნქცია არის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო სახსრების გამოყენების, ვალდებულებების აღების, შესყიდვების პროცედურის განხორციელების, ხელშეკრულების გაფორმების, გადახდების განხორციელების შესწავლა და შეფასება. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, სამსახურის ფუნქცია არის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში ასიგნებების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალური ფასეულობების და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების შესწავლა, ანალიზი, შეფასება და შესაძლო დარღვევების, ხარვეზებისა და რისკების განსაზღვრის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ არ მომხდარა მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესწავლა და შეფასება (მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში) საკასაციო პალატა იზიარებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის სადისციპლინო კომისიის 2018 წლის 2 აპრილის სხდომის №3 ოქმში მითითებულ დასკვნას, რომ მოსარჩელის მიერ დარღვეულია დებულების მე-3 მუხლის მე-9 და მე-11 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები.
ასევე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ნოემბრის №33 დადგენილებით დამტკიცებულ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის უფროსი სამსახურის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს გამგებელს. ამავე მუხლის ,,ო’’ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, სამსახურის უფროსი შეიმუშავებს და ახორციელებს შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამას. საკასაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ მოსარჩელის მიერ გამგებლისთვის წარდგენილი 2015-2016 წლების წლიური და ინდივიდუალური შემოწმების ანგარიშები, ასევე 2017 წლის ინდივიდუალური ანგარიში, არ წარმოადგენს სამსახურის საქმიანობის ანგარიშს. ამასთან, მოსარჩელემ დაადასტურა, რომ მას წლების განმავლობაში არ შეუმუშავებია შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის სადისციპლინო კომისიის 2018 წლის 2 აპრილის სხდომის №3 ოქმში მითითებულ დასკვნას, რომ მოსარჩელის მიერ დარღვეულია დებულების მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ვ’’ და ,,ო’’ ქვეპუნქტები.
ასევე იზიარებს საკასაციო სასამართლო ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის სადისციპლინო კომისიის 2018 წლის 2 აპრილის სხდომის №3 ოქმში მითითებულ დასკვნას, რომ მოსარჩელის მიერ დარღვეულია ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №33 დადგენილებით დამტკიცებული ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების (2014 წლის რედაქცია) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი (სამსახურის უფროსი შიდა აუდიტის წლიური ანგარიში წარუდგინოს გამგებელს, საკრებულოს და ჰარმონიზაციის ცენტრს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე), ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ დასახელებული ნორმით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცით დასტურდება, რომ იგი სხვადასხვა სამსახურების მიმართ გასცემდა გარკვეულ რეკომენდაციებსა და ახდენდა ამ რეკომენდაციების შესრულებაზე შემდგომ მონიტორინგს, თუმცა საყურადღებოა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აქარწყლებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის 6 ოქტომბრის ანგარიშში და შპს „ა...ის“ 2017 წლის 31 მარტის აუდიტორული დასკვნაში მითითებულ ფაქტებს იმის შესახებ, რომ 2015-2016 წლებში ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა, მუნიციპალიტეტის მიერ წლების განმავლობაში არ ტარდებოდა ძირითადი აქტივებისა და მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია, არ დგინდებოდა რეალური ნაშთები, არ ხდებოდა მორალურად და ფიზიკურად მოძველებული აქტივების ექსპლუატაციიდან მოხსნა და ჩამოწერა, წლების განმავლობაში გახარჯული მატერიალური ფასეულობა (ე.წ. მცირეფასიანი) კვლავ აღრიცხვაზე რჩებოდა მუნიციპალიტეტის ბალანსზე და არ დგებოდა სათანადო დოკუმენტი მათი ჩამოწერისათვის. ამავე დასკვნების თანახმად, წლების განმავლობაში მოუგვარებელმა პრობლემებმა სრული ქაოსი შექმნა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ძირითადი აქტივებისა და მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვისა და მოვლა-პატრონობის კუთხით და გამოწვია დანაკლისი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე დადგენილი გარემოებების ერთობლიობით დასტურდება ა. მ-ის მიერ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი - დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის რეპუტაციის შელახვა, რაც გამორიცხავს ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას; დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულების რეპუტაციას. შესაბამისად, მოსარჩელის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაშია მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან, პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით. საქმეზე არ დასტურდება ა. მ-ის მიმართ გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის შეუსაბამობა მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომების სიმძიმესთან. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელა კანონით დადგენილ ფარგლებში და გამოიყენა დისციპლინური პასუხისმგებლობის მიზნის მიღწევის პროპორციული ღონისძიება. შესაბამისად, მოსარჩელეს პასუხისმგებლობის ზომის სახით მართებულად განესაზღვრა სამსახურიდან გათავისუფლება და არ არსებობს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სადავო ბრძანების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები თანამდებობაზე აღდგენისა და მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის დაკისრებასთან დაკავშირებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ საჭიროებს დასაბუთებას, თუ დაინტერესებული მხარისათვის ცნობილია ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზედაც გამოიცა ეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე მონაწილეობდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის სადისციპლინო კომისიის 2018 წლის 2 აპრილის სხდომაზე და მიეცა შესაძლებლობა დეტალურად მიეთითებინა თავისი პოზიცია თითოეულ იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომელსაც მას ადმინისტრაციული ორგანო ედავებოდა. ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 2 აპრილის სხდომის №3 ოქმი, სადაც დაწვრილებით არის აღწერილი თუ რამ განაპირობა მიღებული ყოფილიყო გადაწყვეტილება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, 2018 წლის 5 აპრილს ჩაჰბარდა მოსარჩელეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებასთან ერთად (იხ. სარჩელი, მე-3 ფაქტობრივი გარემოება). აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ დაუსაბუთებელია მოსარჩელის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მერის ბრძანება ა. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ არ შეიცავს დასაბუთებას, რის გამოც ბათილად უნდა იქნას ცნობილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიისა და მ. ს-ეის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება.




სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე, 411-ე მუხლებით და

გადაწყვიტა:

1. ა. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიისა და მ. ს-ეის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. ა. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე: გ. მაკარიძე


მოსამართლეები: ქ. ცინცაძე


თ. ოქროპირიძე