საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-87(კ-23) 26 სექტემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ი/მ თ.ე-ა
მოწინააღმდეგე მხარეები - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; სსიპ შემოსავლების სამსახური
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2018 წლის 18 ივნისს ი/მ თ.ე-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 5 თებერვალსა და 2018 წლის 6 მარტს, ახდენდა დახერხილი ხის მასალის ტრანსპორტირებას, რომლებზეც გამოწერილი ჰქონდა შესაბამისი სასაქონლო ზედნადებები. მიუხედავად აღნიშნულისა საგადასახადო კონტროლის განხორციელების დროს საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლების მიერ მიჩნეულ იქნა, რომ იგი ახდენდა საქონლის ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე, რის გამოც საგადასახადო კოდექსის 286.1.2 მუხლით დააჯარიმეს 5 000 ლარით და ასევე ჩამოართვეს ტრანსპორტირებული ხის მასალა.
მოსარჩელე არ იზიარებს შემოსავლების სამსახურის მოსაზრებას და თვლის, რომ სასაქონლო ზედნადების მე-8 სვეტისა და მე-20 გრაფის შეუვსებლობა არ წარმოადგენს საქონლის, სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებად მიჩნევის საფუძველს. სასაქონლო ზედნადები, მიუხედავად ზედნადების მე-8 სვეტის და მე-20 გრაფის შეუვსებლობისა უზრუნველყოფს კანონმდებლობით განსაზღვრულ მიზანს, ანუ, დასტურდება მითითებული ზედნადებით სამეურნეო ოპერაციის განხორციელებისა და ქვეყნის შიგნით საქონლის მიწოდების ფაქტი. შესაბამისად, მე-8 სვეტისა და მე-20 გრაფის თუნდაც შეცდომით შევსება, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს არსებითი მნიშვნელობის დარღვევად და იმგვარი დასკვნის გასაკეთებლად, რომ თ.ე-ას მიერ, სასაქონლო ზედნადებით წარმოებული, მიწოდებული მატერიალური ფასეულობების, ან საქონლის ტრანსპორტირება წარმოადგენს სასაქონლო ზედნადების გარეშე წარმოებულ ოპერაციას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 6 თებერვლის N846581 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, ამავე სამსახურის 2018 წლის 7 მარტის N174561 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 12 მარტის N5111 და 2018 წლის 5 აპრილის N8027 ბრძანებების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 25 მაისის N5742/2/2018 და N5640/2/2018 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივნისის განჩინებით, ი/მ თ.ე-ას სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით ი/მ თ.ე-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი 2018 წლის 6 თებერვლის №846581 საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევის ოქმი; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი 2018 წლის 7 მარტის №174561 საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევის ოქმი; სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 05 აპრილის №5111 ბრძანება; სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 05 აპრილის №8027 ბრძანება; საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 25 მაისის №5742/2/2018 გადაწყვეტილება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 25 მაისის № 5640/2/2018 გადაწყვეტილება; სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ი/მ თ.ე-ას საჩივრებთან დაკავშირებით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ინდ.მეწარმე თ.ე-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული მასალების ანალიზის საფუძველზე, მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, გამოწერილი ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებები (05.02.2018 წლის N ელ-... და 06.03.2018 წლის Nელ-...) ვერ ჩაითვლება კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილ ოფიციალურ დოკუმენტებად, რადგან, მოცემულ ზედნადებებში მითითებული მონაცემები თავისი არსით არ იძლეოდა შესაძლებლობას მომხდარიყო ტრანსპორტირებული ხე-ტყის მასალის იდენტიფიცირება. ამდენად, ინდ.მეწარმე ,,თ.ე-ა’’ 2018 წლის 5 თებერვალს და 2018 წლის 6 მარტს ახორციელებდა საქონლის (ხე-მასალის) ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი/მ თ.ე-ამ.
კასატორის განმარტებით, სასაქონლო ზედნადების შევსებისას გადასახადის გადამხდელის მიერ არასწორი ინფორმაციის ჩაწერა ავტომატურად უპირობოდ არ გულისხმობს მისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას. მხოლოდ შეცდომის არსებობა სასაქონლო ზედნადებში არ შეიძლება გახდეს სადავო შემთხვევის სასაქონლო ზედნადების არარსებობასთან გაიგივების საფუძველი, რადგან სასაქონლო ზედნადების არსებობა შეუძლებელს ხდის/ართულებს კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას და იმთავითვე ქმნის გადასახადების გადახდისგან თავის არიდების საფრთხეს, ხოლო სასაქონლო ზედნადებში დაშვებული გარკვეული შეცდომა ავტომატურად არ ქმნის იმ სამართლებრივ უკანონო შედეგებს,რაც მოჰყვება სასაქონლო ზედნადების არარსებობას.
კასატორის მოსაზრებით, შემოსავლების სამსახური არ წარმოადგენს უფლებამოსილ ორგანოს დაადგინოს ხე-ტყის მასალა პირის მიერ მოპოვებულია თუ არა კანონიერი გზებით. სასაქონლო ზედნადებებში ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების რამდენიმეჯერ მითითება ან/და ხე-ტყის წარმოშობის შესახებ არასწორი ინფორმაციის მითითება არ წარმოადგენს საქონლის უკანონოდ მოპოვების დამადასტურებელ დოკუმენტს. კანონმდებელმა სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლიდან ცალკე გამოყო ხე-ტყე და მის მიმართ კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოუწერლობაზე დააწესა განსხვავებული და უფრო მკაცრი სანქცია, ხოლო მეორეს მხრივ შემოღებულ იქნა ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები, რომელიც მოიცავს ჩვეულებრივი სასაქონლო ზედნადებისთვის გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ამასთან, დამატებულია მერვე სვეტი და მეოცე გრაფა.(პირველადი დოკუმენტი წარმოშობის შესახებ და ცნობის ან ფირნიშის ნომერი) აღნიშნული, კი კასატორის მოსაზრებით, ემსახურება მხოლოდ ხე-ტყის წარმოშობის კანონიერების გადამოწმებას და არა საგადასახადო მიზნებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი/მ თ.ე-ას საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი/მ თ.ე-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, სადავო საკითხს წარმოადგენს ი/მ თ.ე-ას სამართალდამრღვევად მიჩნევისა და მისთვის სასაქონლო ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირებისთვის სანქციის შეფარდების კანონიერება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 72-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, სასაქონლო ზედნადების გამოწერა სავალდებულოა, თუკი ხორციელდება სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირება, ან თუკი საქონლის მიწოდებისას მყიდველი ითხოვს ზედნადების გამოწერას. ამასთანავე, კანონმდებლობით იმპერატიულად არის განსაზღვრული, რომ სასაქონლო ზედნადები გამოწერილი უნდა იყოს საქონლის ტრანსპორტირების დაწყებამდე. მოცემული ვალდებულების დარღვევა წარმოადგენს საგადასახადო სამართალდარღვევას. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, – იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
საკასაციო პალატის განმარტებით, ხე-ტყისა და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის (განსახილველ შემთხვევაში - ფიცრის) სპეციფიკისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, გარემოსდაცვითი მიზნებიდან გამომდინარე, საჯარო ინტერესების დაცულობის უზრუნველსაყოფად კანონმდებელმა სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლიდან ცალკე გამოჰყო ხე-ტყე და მის მიმართ შემოღებულ იქნა სასაქონლო ზედნადების სპეციალური სახე - ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები, რომელიც მოიცავს ჩვეულებრივი სასაქონლო ზედნადებისათვის გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ამასთან, დამატებულია გრაფები, რომელთა შევსება ემსახურება ხე-ტყის წარმოშობის კანონიერების გადამოწმებას, რათა გამოირიცხოს პირის მიერ ხე-ტყის უკანონოდ მოპოვება და რეალიზაცია. ამდენად, ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები არა მხოლოდ ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტია, არამედ ტრანსპორტირებული საქონლის სპეციფიკიდან გამომდინარე, ხე-ტყის წარმოშობის კანონიერების შემოწმების საშუალებასაც იძლევა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 252 მუხლით (სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი) მოწესრიგებულია ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გამოწერის საფუძვლები და წესი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 252 მუხლის 1- პუნქტის თანახმად, ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები არის NII-013 დანართის შესაბამისად დადგენილი ფორმის დოკუმენტი, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კი ჩვეულებრივი სასაქონლო ზედნადებისათვის გათვალისწინებული დებულებები ვრცელდება ამავე ინსტრუქციის NII-013 დანართით დამტკიცებულ ფორმის ზედნადებზე. ამავე ინსტრუქციის 251 მუხლით დადგენილია ზედნადებების შევსების წესი. სასაქონლო ზედნადებში მონაცემთა უტყუარად დაფიქსირების ვალდებულება გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ იგი წარმოადგენს ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს, შესაბამისად იგი საგადასახადო მიზნებისათვის, მეწარმის უფლება-ვალდებულების დადგენის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს. ზედნადების შევსებაზე პასუხისმგებელ სუბიექტს ეკისრება არა მხოლოდ ზედნადების ფორმალური შევსება, არამედ მასში სარწმუნო მონაცემების მითითება. ამავე ბრძანების 252 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად (2018 წლის 29 იანვრის რედაქციით), ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები (ამ მუხლის მიზნებისთვის შემდეგში ზედნადები) არის №II-013 დანართის შესაბამისად დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომლის შევსება სავალდებულოა ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემდეგ საქონელზე: ა) მრგვალ ხე-ტყეზე (მორი) – ხე-ტყის ან ხე/მცენარის დამზადების შედეგად (მათ შორის, ძირნაყარი ხე-ტყისგან) მიღებული 12 სმ-ზე მეტი (წვრილი თავის ბოლოდან) დიამეტრის, ასევე დადგენილი წესით დაფირნიშებული წვრილი თავის ბოლოდან არაუმეტეს 12 სანტიმეტრის დიამეტრის მქონე მერქნული რესურსი; ბ) მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტზე, კერძოდ: ბ.ბ) ძელზე – სიგრძეზე დახერხილი ან გათლილი ხე (მორის ნაწილი), რომლის სისქე და სიგანე განივ ჭრილში 10 სანტიმეტრს აღემატება. ძელი შეიძლება იყოს სხვადასხვა მხრიდან ჩამოხერხილი; ბ.გ) ძელაკზე – მცირე ზომის ძელი, სიგრძეზე გახერხილი მორის ნაწილი. მისი სისქე სწორკუთხა განივ ჭრილში 10 სანტიმეტრზე მეტი არ არის, ხოლო სიგანე ნაკლებია ორმაგ სისქეზე; ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად მე-20 სტრიქონში მიეთითება მრგვალი ხე-ტყის (მორი), ხე/მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის დასახელება, თარიღი და ნომერი, კერძოდ: ა) მრგვალი ხე-ტყის (მორი) ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზიის ან შესაბამისი გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების საფუძველზე მოპოვებულ ხე-ტყეზე დადგენილი წესით გაცემული – ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან ამ ინსტრუქციის №II-013 დანართით გათვალისწინებული ზედნადები; ბ) ხე/მცენარის ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ხე/მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა ან/და დადგენილი წესით გაცემული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან ამ ინსტრუქციის №II-013 დანართით გათვალისწინებული ზედნადები. მე-4 პუნქტის თანახმად ზედნადების ცხრილის VIII სვეტში იწერება: ა) ამავე ცხრილის II სვეტში ცალ-ცალკე რიგითი ნომრის მიხედვით მითითებული თითოეული მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის სპეციალური ფირნიშის ერთი კონკრეტული ნომერი. სპეციალური ფირნიშის ნომრის მითითება ასევე სავალდებულოა მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის (ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის შემდგომში – პროდუქტი) ტრანსპორტირებისას (გარდა ამ მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა მიწოდება, მისი ტრანსპორტირების ნებისმიერ ეტაპზე. ამასთან, ზედნადების ცხრილის II სვეტში ცალ-ცალკე რიგითი ნომრის მიხედვით მითითებულ, კონკრეტული დასახელების თითოეულ პროდუქტზე, ზედნადების ცხრილის VIII სვეტში სავალდებულოა მიეთითოს შესაბამისი ერთი კონკრეტული სპეციალური ფირნიშის ნომერი, რომლით მარკირებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან/და ხე-მცენარის გადამუშავების შედეგადაც არის მიღებული პროდუქტი. იმ შემთხვევაში, თუ ერთი დასახელების პროდუქტი მიღებულია სხვადასხვა სპეციალური ფირნიშით მარკირებული ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარისგან, თითოეულისაგან მიღებული პროდუქტი, ასევე ცალ-ცალკე იწერება ზედნადების ცხრილის II სვეტში რიგითი ნომრის მიხედვით; ბ) ამავე ცხრილის II სვეტში ცალ-ცალკე რიგითი ნომრის მიხედვით მითითებულ მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების თითოეულ პროდუქტზე, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში და სპეციალური ფირნიშის ნომრის მითითებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებით დამტკიცებული, ,,საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის“ (ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის შემდგომში –რეგლამენტი) №14 დანართით გათვალისწინებული, მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროდან გატანის შესახებ ცნობის (ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის შემდგომში – ცნობა) ნომერი, თუ რეგლამენტით განსაზღვრული სახერხი საამქროდან მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტი გატანილია ამავე რეგლამენტით გათვალისწინებულ ელექტრონულ ჟურნალში ცნობის გენერირების სახერხი საამქროსათვის ვალდებულების დადგენის მომენტიდან.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 5 თებერვალს გადამოწმებულ იქნა ,,...-ს" მარკის სატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით ..., რომლითაც მძღოლი გ.კ-ა ახორციელებდა ინდ. მეწარმის ,,თ.ე-ას’’ სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი დახერხილი ხე-მასალის (ძელის) ტრანსპორტირებას. გადამოწმების დროს ზემოხსენებულ სატვირთო სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერზე გამოწერილი იყო ხე-ტყის N... სასაქონლო ზედნადები, რითაც 2018 წლის 5 თებერვალს ინდ.მეწარმე ,,თ.ე-ა’’ შპს ,, ...ის ფილიალს" აწვდიდა 1102 ლარის ღირებულების 1.9 მ3 ძელს. ბორტზე განთავსებული საქონლის თანმხლებ დოკუმენტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანების საფუძველზე გადამოწმებულ იქნა ბორტზე გამოწერილი ხე-ტყის N... სასაქონლო ზედნადები, რომლის მე-20 რაფაში (ხე-ტყის (მორი), ხე/მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის დასახელება, თარიღი, ნომერი) დაფიქსირებული იყო შეძენის დამადასტურებელი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები N.... ხე-ტყის N... სასაქონლო ზედნადების შესწავლის შედეგად დადგინდა რომ 2017 წლის 1 დეკემბერს ინდ.მეწარმე ,,თ.ე-ამ’’ შპს ,, მ...-სგან’’ შეიძინა 15416.5 ლარის ღირებულების 28.03 მ3 დახერხილი ხის მასალა. სასაქონლო ზედნადების ცხრილის მე-8 სვეტში პროდუქციას (ფიცარსა და ძელს) მითითებული აქვს შემდეგი ფირნიშის ნომრები: ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ..., ხოლო აღნიშნული ზედნადების მე-20 გრაფაში ხე-ტყის შეძენის დოკუმენტად დაფიქსირებულია ელ.ზედნადები N.... ხე-ტყის N... სასაქონლო ზედნადების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2016 წლის 16 ივლისს შპს ,,ა...-მა" შპს ,,ნ...-ისგან" შეიძინა 19350 ლარის ღირებულების 45 მ3 ფიცარი, შესაბამისად შპს ,,მ...-ს" მიერ გამოწერილ ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებში N... არამართლზომიერად იქნა გამოყენებული სხვა საწარმოების ოპერაციის ამსახველი ხე-ტყის N... სასაქონლო ზედნადები. ხე-ტყის N... სასაქონლო ზედნადებში ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებად შეუსაბამოდ არის მითითებული შემდეგი ნომრები: ..., ..., ..., ვინაიდან, აღნიშნული ნომრებით გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის სისტემაში არ იძებნება შესაბამისი დოკუმენტი.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების 2018 წლის 5 თებერვლის N 44309/02/18 ექსპერტიზის დასკვნით - საქონლის დახერხილი ხის მასალის მოცულობამ შეადგინა 1.88 კუბ.მ, ხოლო საბაზრო ღირებულებამ 1222 ლარი. ამდენად, ინდ.მეწარმე ,,თ.ე-ას“ მიმართ, 2018 წლის 6 თებერვალს შედგა №... გადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის საფუძველზე თ.ე-ას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის შესაბამისად განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით და მასვე ჩამოერთვა ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონელი.
დადგენილია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ, 2018 წლის 6 მარტს გადამოწმებულ იქნა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით - ..., რომლის გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ფ/პ გ.ჩ-ა ახორციელებდა ინდ.მეწარმე ,,თ.ე-ას’’ სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის (ხე-მასალა) ტრანსპორტირებას ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე. საქონლის რაოდენობისა და საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით 2018 წლის 6 მარტს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველომ მიმართა, ამავე დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს. შემოწმებით დადგინდა, რომ ავტომობილზე სახ.ნომრით ..., განთავსებული დახერხილი ხის მასალის მოცულობა შეადგენდა 2.05 მ3, ხოლო ხის მასალის საერთო საორიენტაციო საბაზრო ღირებულება 1230 ლარს დღგ-ის ჩათვლით. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების უფროსი ოფიცრის 06.03.2018 წლის N23648-21-12 მოხსენებითი ბარათით ირკვევა, რომ 06.03.2018 წელს სსკ-ის 286.1 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების მონიტორინგის მიზნით ქ.ფოთში ...ას ქუჩის N3-ში,13:35 საათზე ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებზე გადამოწმდა გ.ჩ-ას მიერ მართული ,,...-ს" მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით ..., რომლითაც ხორციელდებოდა ი/მ თ.ე-ას სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის, ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ძელაკის ტრანსპორტირება. გადამოწმების დროს ზემოხსენებულ სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერზე გამოწერილი იყო ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები N..., ვინაიდან. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული გადასახადების ადმინისტრირების შესახებ ინსტრუქცია განსაზღვრავს ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გამოწერის წესს, გადამოწმებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ბორტზე განთავსებული საქონლის თანმხლებ დოკუმენტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესწავლილ იქნა ი/მ ,,თ.ე-ას“ (პ/ნ ...) მიერ გამოწერილი N... ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები, რომლის ცხრილის მე-2 სვეტში (საქონლის დასახელება) ბორტზე განთავსებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ძელაკის ნაცვლად მითითებული იყო ძელი, ამასთან, ბორტზე განთავსებულ ძელაკების ნაწილზე დაკრული იყო ხე-ტყის ფირნიშები ნომრებით - ..., ..., რაც არ შეესაბამებოდა N... სასაქონლო ზედნადების ცხრილის მე-8 სვეტში დაფიქსირებული სახერხი საამქროდან გატანის შესახებ N0001068-2017-51-0001 ცნობის მიხედვით გადამუშავებული ხე-ტყის ფირნიშის ნომრებს, რითაც დაირღვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136.4 მუხლის მოთხოვნა. ამდენად, 2018 წლის 7 მარტს ინდ.მეწარმე ,,თ.ე-ას’’ (ს/ნ ...) მიმართ შედგენილი იქნა N174561 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის საფუძველზე თ.ე-ა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის საფუძველზე შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, რომ "ზედნადების შევსებაზე პასუხისმგებელ სუბიექტს ეკისრება არა მხოლოდ ზედნადების ფორმალური შევსება, არამედ მასში სარწმუნო მონაცემების მითითება. ზედნადების ფორმალური გამოწერა მასში მითითებული არსებითი მნიშვნელობის მქონე მონაცემების უსწორობის პირობებში ფაქტობრივად ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების არარსებობას უტოლდება, რადგან ასეთი ხარვეზებით გამოწერილი ზედნადებიდან შეუძლებელია იმ მონაცემების მიღება, რომელსაც ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებში ნორმატიულად განსაზღვრული დამატებითი გრაფების არსებობა ემსახურება. ზედნადებში დაშვებული ხარვეზები შესაძლებელია პირობითად დაიყოს არსებითი და არაარსებითი ხასიათის (ტექნიკურ) შეცდომებად, რომელთა ბუნებაც არსებით ზეგავლენას ახდენს სასაქონლო ზედნადების არსებობა-არარსებობის საკითხზე. ზედნადების არსებითი მნიშვნელობის მქონე ხარვეზებით შევსება მის შეუვსებლობას უტოლდება" (სუსგ Nბს-271(2კ-19), 16.05.2023). მოცემულ შემთხვევაში ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებები შევსებულია იმ მასშტაბის ხარვეზებით, რაც მის არარსებობას უტოლდება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებებს და მიიჩნევს, რომ სახეზეა ზედნადების გარეშე ხე-ტყის ტრანსპორტირების ფაქტი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ი/მ ,,თ.ე-ას“ 29.01.2023 წ. ქვითრის ნომერი ... გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 500 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ი/მ ,,თ.ე-ას“ (პირადი ნომერი ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 500 ლარის 70 პროცენტი - 350 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი/მ ,,თ.ე-ას“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება.
3. ი/მ ,,თ.ე-ას“ (პირადი ნომერი ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 29.01.2023 წ. ქვითრის ნომერი ... გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 500 ლარის 70% - 350 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე