საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-303(2კ-23) 10 ოქტომბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
კასატორები - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე - ფ. ი-ა
სარჩელზე მოპასუხეები - მარტვილის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2022 წლის 28 სექტემბერს ფ. ი-ამ სარჩელით მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, ქ. მარტვილში, ...ის ქ. №3-ში მის საკუთრებაში ირიცხება 1526 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული №1 და №2 შენობა-ნაგებობებით. მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ 2001 წელს, ქ. მარტვილში მდებარე მისი სახლის მახლობლად, დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთზე თვითნებურად, საკუთარი ხარჯით, სათანადო პროექტისა და ნებართვის გარეშე ააშენა 20.8 კვ.მ ფართის შენობა-ნაგებობა, რომელსაც იგი ფლობდა და სარჩელის წარდგენის მომენტისთვისაც სარგებლობდა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მან 2020 წლის 29 ივნისს მიმართა მარტვილის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედ კომისიას, წარუდგინა კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაცია და ითხოვა მის მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ, მოსარჩელის მიერ აშენებულ, შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარება. მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის 2020 წლის 13 აპრილის №1/1-1723 ბრძანების საფუძველზე, საკუთრებაში გადაცემული ჰქონდა მარტვილის მუნიციპალიტეტს, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე გეგმავდა ...ის მშენებლობას. მოსარჩელის განმარტებით, მან კომისიის გადაწყვეტილება გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით, რომელიც არ დაკმაყოფილდა.
2021 წლის 18 იანვარს ფ. ი-ამ დაზუსტებული სარჩელი წარადგინა სენაკის რაიონულ სასამართლოში, რომლითაც დააზუსტა მის მიერ აშენებული, სადავო უძრავი ქონების ფართი და აღნიშნა, რომ იგი წარმოადგენდა 28.08 კვ.მ-ს. ამასთან, მოსარჩელემ დამატებით მოპასუხე მხარედ განსაზღვრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
მოსარჩელემ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2020 წლის 28 აგვისტოს გადაწყვეტილებისა და ფ. ი-ას მიერ თვითნებურად დაკავებულ (სარგებლობაში არსებულ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ ამავე კომისიის თავმჯდომარის 2020 წლის 26 აგვისტოს №148 განკარგულების ბათილად ცნობა, სსიპ ახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის 2020 წლის 13 აპრილის №1/1-1723 ბრძანების და 28.08 კვ.მ ფართის შენობა-ნაგებობის და მის ქვეშ არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების იმავე ფართის მიწის ნაკვეთის, შესაბამისად, სახელმწიფოს და მარტვილის მუნიციპალიტეტის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის ნაწილში ამავე სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2020 წლის 19 მარტის №1/4-107 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ფ. ი-ას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის 25 დეკემბრის №1-1/561 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიისთვის ქ. მარტვილში 2001 წელს თვითნებურად აშენებულ 28.08 კვ.მ ფართის შენობა-ნაგებობასა და მის ქვეშ არსებულ ამავე ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ფიზიკური პირის, ფ. ი-ას საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და ფ. ი-ას სახელზე ამავე უძრავ ნივთზე საკუთრების მოწმობის გაცემის დავალება მოითხოვა.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით ფ. ი-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2020 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილება (ოქმი №16) და ამავე კომისიის თავმჯდომარის 2020 წლის 26 აგვისტოს №148 განკარგულება ფიზიკური პირის ფ. ი-ას (წარმომადგენელი ვ. ბ-ა) მიერ თვითნებურად დაკავებულ (სარგებლობაში არსებულ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედ კომისიას და მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოს - მარტვილის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედ კომისიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, კანონით დადგენილი წესით და ვადაში გამოცემა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფ. ი-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით დაზუსტებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით ფ. ი-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სენაკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით (რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2020 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილება (ოქმი №16) და ამავე კომისიის თავმჯდომარის 2020 წლის 26 აგვისტოს №148 განკარგულება) მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ფ. ი-ას დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 13 აპრილის №1/1-1723 ბრძანება და ამავე სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2020 წლის 19 მარტის №1/4-107 ბრძანება ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან 288.00 კვ.მ მოცულობის მიწის ნაკვეთის ნაწილზე - 20.8 კვ.მ ფართის შენობა-ნაგებობის და მის ქვეშ არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების იმავე ფართის მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს და მარტვილის მუნიციპალიტეტის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის ნაწილში. ასევე, ბათილად იქნა ცნობილი ფ. ი-ას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის 25 დეკემბრის №1-1/561 ბრძანება. დანარჩენ ნაწილში სენაკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებულ მასალებზე, ექსპერტის დასკვნასა და მოწმეთა ჩვენებებზე, მითითებით, დადგენილად მიიჩნია, რომ ფ. ი-ამ 2001 წელს, ე.ი. 2007 წლამდე, ქ. მარტვილში არსებული მისი საცხოვრებელი სახლის მახლობლად, გზის წინა მხარეს, დაურეგისტრირებელ სახელმწიფო მიწის ნაკვეთზე, საკუთარი ხარჯით, თვითნებურად, სათანადო პროექტისა და ნებართვის გარეშე, ააშენა 28.08 კვ.მ ფართის შენობა-ნაგებობა, რომელსაც ფლობს და სარგებლობს დღემდე. ამასთან, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2020 წლის 26 აგვისტოს №148 განკარგულებით, ფ. ი-ას უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ დასაბუთებით, რომ განცხადებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა მუნიციპალიტეტის საკუთრებას. სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს - ფ. ი-ას ან მის წარმომადგენელს არ ეცნობათ კომისიაში დანიშნული სხდომის დღე და არ მისცემიათ საშუალება წარედგინათ დამატებითი მტკიცებულებები.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 13 აპრილის №1/1-1723 ბრძანებით, მარტვილის მუნიციპალიტეტს დამატებითი ქონების სახით საკუთრებაში გადაეცა ქალაქ მარტვილში მდებარე 263 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ...).
სააპელაციო სასამართლომ ერთი მხრივ აღნიშნა, რომ ფ. ი-ას მოთხოვნა ისე იქნა უარყოფილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომ არ შესწავლილა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ეწინააღმდეგებოდა კანონის მოთხოვნას და გაიზიარა აღნიშნულ ნაწილში რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო მეორე მხრივ აღნიშნა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და ამავე სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის მიერ ვერ იქნა დადასტურებული ფ. ი-ას თვითნებურად დაკავებულ 20.8 კვ.მ ფართის შენობა-ნაგებობაზე და მის ქვეშ არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების იმავე ფართის მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონშესაბამისობა. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის 25 დეკემბრის №1-1/561 ბრძანებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული აქტის ბათილად ცნობა, განაპირობებდა საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორები არ ეთანხმებიან გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტზე, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 113-ე მუხლის პირველ ნაწილსა და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლზე მითითებით აღნიშნავენ, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 19 მარტის №1/4-107 ბრძანებით განსაზღვრულ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლება დარეგისტრირდა მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 16 მარტის №05/1266 წერილით წარმოდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესაბამისად, ხოლო საჯარო რეესტრში მიმართვის მომენტისათვის ნახაზზე ასახულ მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობაზე სხვა პირის საკუთრების უფლება არ იყო რეგისტრირებული, შესაბამისად, არ არსებობდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი რაიმე გარემოება.
კასატორებმა ასევე აღნიშნეს, რომ მოცემულ შემთხვევაში მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიამ სააგენტოსგან უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაცია და შემდგომში მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემა მოითხოვა აგრარული ბაზრის მოწყობის მიზნით, რაც სააგენტომ მიიჩნია შესაბამის დასაბუთებად. ამასთან, კასატორებმა მიუთითეს იმ გარემოებაზე, რომ უძრავი ქონების მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე სააგენტომ პოზიცია გამოითხოვა აბაშის, ზუგდიდის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან, რომელიც არ იყო წინააღმდეგი უძრავი ქონება საკუთრების უფლებით გადასცემოდა მარტვილის მუნიციპალიტეტს. შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დადგინდა, რომ სააგენტომ 2020 წლის 13 აპრილის №1/1-1723 ბრძანების გამოცემამდე შეისწავლა და გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და შემდეგ გამოსცა აქტი.
კასატორი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დამატებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სამინისტროს მიმართვა სადავო ქონების სახელმწიფო სახელზე რეგისტრაციის შესახებ იყო კანონიერი და დასაბუთებული, ვინაიდან ქონების სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაცია არ წარმოადგენდა მართლზომიერად თუ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელ გარემოებას, არამედ პირიქით, მიწაზე სახელმწიფო საკუთრების უფლების არსებობა წარმოადგენს აუცილებელ პირობას საკუთრების უფლების აღიარებისთვის. ამასთან, სადავო არ არის ის გარემოება, რომ თვითნებურად დაკავებული უძრავი ნივთი რეგისტრაციამდეც წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, ხოლო სააგენტო, მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ვალდებული იყო დაურეგისტრირებელი ქონება აღერიცხა სახელმწიფოს სახელზე.
კასატორმა - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 28 ოქტომბრის №504-501(კ-17) გადაწყვეტილებაზე მითითებით აღნიშნა, რომ უძრავი ნივთის სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 19 მარტის №1/4-107 ბრძანებისა და ქონების მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ამავე სააგენტოს 2020 წლის 13 აპრილის №1/1-1723 ბრძანების ბათილად ცნობის მიმართ ფ. ი-ას არ გააჩნია კანონიერი ინტერესი და სადავო აქტი მას არ აყენებდა პირდაპირ და უშუალო ზიანს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრების განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2020 წლის 28 აგვისტოს გადაწყვეტილებისა და ფ. ი-ას მიერ თვითნებურად დაკავებულ (სარგებლობაში არსებულ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ ამავე კომისიის თავმჯდომარის 2020 წლის 26 აგვისტოს №148 განკარგულების, ასევე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის 2020 წლის 13 აპრილის №1/1-1723 ბრძანების და 28.08 კვ.მ ფართის შენობა-ნაგებობის და მის ქვეშ არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების იმავე ფართის მიწის ნაკვეთის, შესაბამისად, სახელმწიფოს და მარტვილის მუნიციპალიტეტის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის ნაწილში ამავე სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2020 წლის 19 მარტის №1/4-107 ბრძანების და ფ. ი-ას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის 25 დეკემბრის №1-1/561 ბრძანების, გარდა ამისა ასევე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიისთვის ქ. მარტვილში 2001 წელს თვითნებურად აშენებულ 28.08 კვ.მ ფართის შენობა-ნაგებობასა და მის ქვეშ არსებულ ამავე ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ფიზიკური პირის, ფ. ი-ას საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და ფ. ი-ას სახელზე ამავე უძრავ ნივთზე საკუთრების მოწმობის გაცემის დავალების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს. კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს, რომ საკუთრების უფლების აღიარება არის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა.
ზემოხსენებული კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.
საკასაციო სასამართლო, მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლითაც განსაზღვრულია თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების კატეგორიების ის ჩამონათვალი, რომლებიც არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას. ამავე კანონის მე-51 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს საქართველოს კანონის მიზნის თაობაზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებაში მოყვანილ შემდეგ სამართლებრივ მსჯელობაზე: „სახელმწიფომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებით, წაახალისა კერძო ინიციატივა და მოახდინა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების სტიმულირება, აეთვისებინათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის რესურსი. ზემოაღნიშნული კანონის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ მიუხედავად მოქალაქეთა მიერ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთებით მრავალწლიანი სარგებლობისა, ამ მიწებზე უფლების რეგისტრაცია დაკავშირებული იყო მთელ რიგ სირთულეებთან და არსებული ვითარება განაპირობებდა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდის შეფერხებას, რადგან ამ მიწის ნაკვეთებისა და მათზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში იდენტიფიცირების შეუძლებლობა გამორიცხავდა მათი საგადასახადო დაბეგვრის ობიექტად ქცევის შესაძლებლობას. აღნიშნული ღონისძიების საშუალებით სახელმწიფო მიზნად ისახავდა მიწის ფონდის ათვისებასა და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას, ასევე, მიწის ფაქტობრივი სარგებლობის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევას.“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის №2/3/522,553 გადაწყვეტილება საქმეზე „სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-17,18)
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 28 ოქტომბრის განჩინებაზე, რომელშიც მითითებულია სწორედ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის №2/3/522,553 გადაწყვეტილებაზე და დამატებით განმარტებულია რომ: „კანონის მიღება ემსახურებოდა ზემოაღნიშნული პრობლემების აღმოფხვრას, რაც თანაბრად ავრცელებდა მის მოქმედებას როგორც სახელმწიფოს, ისე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან მიმართებით. სახელმწიფოს მიზანს შეადგენდა ქვეყნის მასშტაბით არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ რეალურად დაკავებული, დაურეგისტრირებელი მიწების ოდენობის დადგენა, აღრიცხვა და მათი რეგისტრირება, რაც თავისთავად გულისხმობს არა მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში, არამედ თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწებსაც. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში მოცემული დეფინიციის თანახმად თვითნებურად დაკავებული მიწა არის ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი. აღნიშნული ნორმის შინაარსით სახელმწიფო საკუთრების მიწა პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე უნდა იყოს თვითნებურად დაკავებული. კანონის გამოყენების მიზნებისათვის მნიშვნელოვანია იმ ფაქტის დადგენა, რომ პირის მიერ მოხდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის დაკავება. აღნიშნულ კონტექსტში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის მოხსენიება არ ნიშნავს, რომ განცხადების განხილვის მომენტში მიწა უცილობლად მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში უნდა იმყოფებოდეს. ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებიდან ადგილობრივ საკუთრებაში გადაცემით არ გაუქმებულა ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობა, ვინაიდან აღნიშნულით არ მომხდარა ნაკვეთის პრივატიზება, მისი განკერძოება“ (სუსგ №ბს-504-501(კ-17), 28.10.2019წ.).
დამატებით აღსანიშნავია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინებაში მოყვანილი შემდეგი სამართლებრივი მსჯელობა: „საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში აღრიცხვის ფაქტი არ წარმოადგენს მასზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე კერძო პირის საკუთრების უფლების აღიარების შემზღუდავ გარემოებას...“ (სუსგ №ბს-521(3კ-21), 25.11.2021წ.).
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული პრაქტიკის მიხედვით, დადგენილია, რომ მიუხედავად ადგილობრივი თვითმმართველობების დამოუკიდებლობის ხარისხისა, სახელმწიფო ქონების მათთვის გადაცემის შედეგად, შესაბამისი უფლების მოპოვება არ უთანაბრდება სახელმწიფო ქონების განკარგვას, ამა თუ იმ ქონების სახელმწიფოს საკუთრებიდან გამოცალკევებას და არ გამორიცხავს აღნიშნულ ქონებაზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ფიზიკური პირის საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ. მარტვილში ...ის ქ. №3-ში ფ. ი-ას საკუთრებაში ირიცხება 1526 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული №1, №2 შენობა-ნაგებობებით. 2020 წლის 29 ივნისს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მარტვილის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილ მუდმივმოქმედ კომისიას და მოითხოვა მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, მის მიერ აშენებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარება. კომისიის 2020 წლის 26 აგვისტოს №148 განკარგულებით, ამავე კომისიის 2020 წლის 26 აგვისტოს №16 სხდომის ოქმის შესაბამისად, მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი (ს/კ ...), წარმოადგენდა მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.
აღსანიშნავია, რომ საქმის მასალებში არსებული 2005-2007 წლების ორთოფოტოების, შპს „ა...“-ის 2021 წლის 10 აგვისტოს №20 დასკვნითა და მოწმეთა ჩვენებების შესაბამისად, დასტურდება, რომ ფ. ი-ამ 2001 წელს, ქ. მარტვილში არსებული მისი საცხოვრებელი სახლის მახლობლად, გზის წინა მხარეს, დაურეგისტრირებელ სახელმწიფო მიწის ნაკვეთზე, საკუთარი ხარჯით, თვითნებურად, სათანადო პროექტისა და ნებართვის გარეშე, ააშენა 28.08 კვ.მ ფართის შენობა-ნაგებობა, რომელსაც ფლობს და სარგებლობს დღემდე.
საკასაციო სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ 2020 წლის 16 მარტს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა №05/1266 წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრს სადაც აღნიშნა, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული ნაკვეთის (ს/კ ...) მიმდებარედ მუნიციპალიტეტი გეგმავდა აგრარული ბაზრის მშენებლობას. ამდენად, სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრს ეთხოვა დაერეგისტრირებინა სახელმწიფოს საკუთრების უფლება, წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, შემდგომში მუნიციპალიტეტისათვის დამატებითი ქონების სახით გადმოცემის მიზნით. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის 2020 წლის 19 მარტის №1/4-107 ბრძანებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეთხოვა ქ. მარტვილში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულის 263 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობაზე (განაშენიანების ფართობი) – №1-28.08 კვ.მ (დაურეგისტრირებელი) სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 13 აპრილის №1/1-1723 ბრძანებით, მარტვილის მუნიციპალიტეტს დამატებითი ქონების სახით საკუთრებაში გადაეცა ქალაქ მარტვილში მდებარე 263 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ...).
დადგენილია, რომ ფ. ი-ამ 2020 წლის 18 სექტემბერს №13149/21 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მოითხოვა უძრავ ნივთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 19 მარტის №1/4-107 ბრძანების და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დამატებითი ქონების სახით გადაცემის შესახებ სააგენტოს 2020 წლის 13 აპრილის №1/1-1723 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა. თუმცა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის 25 დეკემბრის №1-1/561 ბრძანებით ფ. ი-ას ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 26 აგვისტოს №148 განკარგულების მიღების საფუძვლად, თავად სადავო აქტში მითითებულია მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის მარტვილის მუნიციპალიტეტის სარგებლობაში გადაცემის ფაქტი. საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სადავო მიწის ნაკვეთის მუნიციპალიტეტის სახელზე აღრიცხვა, აგრეთვე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ფართის მუნიციპალიტეტისათვის სარგებლობაში გადაცემა, არ გულისხმობს სახელმწიფოს მიერ მის განკარგვას და არ წარმოადგენს თვითნებურად დაკავებულ ფართზე საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავ საფუძველს. ამასთან საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ განსახილველ შემთხვევაში არ ყოფილა უზრუნველყოფილი დაინტერესებული პირის ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ფ. ი-ას მოთხოვნა ისე იქნა უარყოფილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომ არ შესწავლილა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნას. ამდენად, აღსანიშნავია, რომ ქვედა ინსტანციების სასამართლოებმა მართებულად მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კომისიისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.
რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის 25 დეკემბრის №1-1/561 ბრძანების კანონიერებას, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული აქტის ბათილად ცნობა, განაპირობებს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ბათილად ცნობას, ვინაიდან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს საჩივრის განხილვის ფარგლებში ჰქონდა შესაძლებლობა, აღმოეფხვრა სადავო აქტის გამოცემის დროს დაშვებული ხარვეზები, რაც მას განსახილველ შემთხვევაში არ განუხორციელებია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე