საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-128(კ-23) 10 ოქტომბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
მოწინააღმდეგე მხარე - ა. მ-ი
დავის საგანი - თანხის დაბრუნება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ნოემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2019 წლის 3 ივლისს ა. მ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 14 სექტემბრის №2/8490-06 გადაწყვეტილებით მისი სარჩელი უკანონო მფლობელობიდან საკუთრების გამოთხოვის შესახებ, დაკმაყოფილდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე 2015 წლის 12 ივნისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, ხოლო 2016 წლის 6 ივლისს განცხადებით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. განცხადებას დაურთო აღსრულების საფასურის - 200 ლარის გადახდის ქვითარი და ყველა საჭირო დოკუმენტი. 2016 წლის 26 ივლისს ეცნობა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენილ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 ივნისს გაცემულ №2/8490-06 სააღსრულებო ფურცლის სარეზოლუციო ნაწილში არ არის მითითებული ზოგიერთი მოვალის პირადი ნომრები, რაც წარმოადგენდა ხარვეზს და დაევალა 1 თვის ვადაში გამოესწორებინა ხარვეზი, წინააღმდეგ შემთხვევაში სააღსრულებო ფურცელი დაუბრუნდებოდა შეუსრულებელი სახით.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის 2016 წლის 23 სექტემბრის №A16069869-008/001 წერილით ა. მ-ის ეცნობა, რომ ვინაიდან ერთი თვის ვადაში არ შეასრულა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დაკისრებული მოვალეობა, მას 2018 წლის 8 ივლისს წარდგენილი განცხადება, თანდართულ მასალებთან ერთად, შეუსრულებელი სახით დაუბრუნდა და შეწყდა იძულებითი საქმის წარმოება. მიუხედავად იძულებითი აღსრულების პროცესის შეწყვეტისა და სააღსრულებო ფურცლის უკან დაბრუნებისა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს არ დაუბრუნებია წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასური - 200 ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის - 200 ლარის დაბრუნების დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაეკისრა ა. მ-ის მიერ გადახდილი აღსრულების საფასურის - 200 ლარის ანაზღაურება. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ნოემბრის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ.
კასატორის განმარტებით, არამართებულია სასამართლოების შეფასება სააღსრულებო ფურცლის რეკვიზიტების მითითების მოთხოვნის, როგორც სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე აღმასრულებლის განსახორციელებელ მოქმედებად მიჩნევის თაობაზე.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლი სააღსრულებო წარმოების დაწყების საფუძვლად კრედიტორის მიერ სააღსრულებო ფურცლის წარმოდგენის ფაქტს განსაზღვრავს. ამასთან, ამავე კანონის მე-17 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ,,აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში." მითითებული მუხლი ადგენს აღმასრულებლის ვალდებულებას სააღსრულებო წარმოების მხარეებთან მიმართებაში. ამავე კანონის 151 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია სააღსრულებო წარმოების მხარეები, რომლის მიხედვითაც, სააღსრულებო წარმოებაში კრედიტორს წარმოადგენს ფიზიკური და იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, პირთა გაერთიანება იურიდიული პირის შეუქმნელად, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რომელთა სასარგებლოდ ან/და ინტერესებისათვის მიღებულია ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნული მუხლების კუმულაციურად განმარტებით დგინდება, რომ პირს იძულებითი აღსრულების პროცესში კრედიტორის სტატუსი ენიჭება უშუალოდ სააღსრულებო წარმოების დაწყების შემდეგ, რაც ავტომატურად იწვევს აღმასრულებლის ვალდებულების წარმოშობას, შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების არსებობისას, განუმარტოს მხარეს მისი მოვალეობა და აღნიშნული მოვალეობის შეუსრულებლობის თანმდევი სამართლებრივი შედეგი, რასაც ადგილი აქვს განსახილველ შემთხვევაში.
კასატორი თვლის, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სააღსრულებო წარმოების ფარგლებში კრედიტორისათვის დაკისრებული მოვალეობები და მათი თანმდევი სამართლებრივი შედეგები და კრედიტორის ვალდებულებად არ მიიჩნია აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენილი სააღსრულებო ფურცლის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონი იმპერატიულად არ ადგენს კრედიტორის ვალდებულებას უზრუნველყოს კანონშესაბამისი სააღსრულებო ფურცლის წარმოდგენა, თუმცა, აღნიშნული ვალდებულება გამომდინარეობს ამავე კანონის 21-ე და 25-ე მუხლების დანაწესიდან.
კასატორის განმარტებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კრედიტორი თავად იღებს გადაწყვეტილებას სააღსრულებო ფურცლის წარმოდგენის თაობაზე, მანვე უნდა უზრუნველყოს „აღსრულებადი“ აქტის წარდგენა. აღმასრულებლის მითითება კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისი აქტის წარმოდგენაზე მიმართულია უშუალოდ კრედიტორის მიმართ. აღნიშნული ვალდებულება ასევე გამომდინარეობს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტიდან. მოცემულ შემთხვევაში კრედიტორმა არათუ არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება, არამედ მცდელობაც კი არ ჰქონია აღნიშნული ვალდებულების შესრულებისათვის. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კრედიტორმა არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება, რაც აუცილებელი იყო აღსრულების უზრუნველსაყოფად შემდგომი სააღსრულებო მოქმედებების განხორციელებისათვის, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის "გ" ქვეპუნქტის საფუძველზე სააღსრულებო ფურცელი დაუბრუნდა შეუსრულებელი სახით, რაც ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი რეგულაციის შესაბამისად, გამორიცხავს წინასწარ გადახდილი საფასურის დაბრუნების შესაძლებლობას.
კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოცემულ დავასთან მიმართებით სასამართლომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 პრიმა პუნქტისა და 38.8 მუხლის არასწორი სისტემური განმარტება გააკეთა და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მოცემულ საქმეზე წინასწარი საფასურის დაბრუნების საკითხს. უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 პრიმა მუხლზე. განსახილველ შემთხვევაში სადავოა კრედიტორის მიერ გადახდილი საფასურის დაბრუნების საკითხი, იმ დროს როცა კრედიტორმა არ შეასრულა აღმასრულებლის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად დადგენილი მოთხოვნა აღსრულებას დაქვემდებარებული ფორმის სააღსრულებო ფურცლის წარმოდგენის თაობაზე. აღნიშნული მუხლი კი, მისი შინაარსის გათვალისწინებით, საერთოდ არ მოიცავს კრედიტორის აღსრულების საფასურის გადახდის შემთხვევას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მოსარჩელის მიერ გადახდილი აღსრულების საფასურის უკან დაბრუნება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება კერძო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებებისა.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან ქონების გამოთხოვისას სააღსრულებო ფურცელთან ან ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული გირავნობის მოწმობის მფლობელი მოგირავნის განცხადებასთან ან ლიზინგის მოწმობის მფლობელი ლიზინგის გამცემის განცხადებასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს ქონების საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც კომპეტენტურმა პირმა ან ორგანომ გასცა. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია არ დაეყრდნოს ქონების შეფასებისთვის წარმოდგენილ დოკუმენტს და თავად შეაფასოს ქონება. თუ ქონების შეფასებისას აღმოჩნდება, რომ მისი ღირებულება უფრო მეტია, ვიდრე დაფიქსირებულია პირის მიერ წარმოდგენილ განცხადებაში, ამასთანავე, დაწყებულია სააღსრულებო წარმოება, აღსრულების ეროვნული ბიურო კრედიტორს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც იგი ვალდებულია მის მიერ გადახდილი საფასურის თანხა სრულ ოდენობამდე შეავსოს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს კრედიტორისათვის სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღუსრულებლად დაბრუნებას, ხოლო 41 პუნქტის თანახმად, იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომელსაც სურს აღსასრულებლად წარადგინოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სააღსრულებო ფურცელი/აღსასრულებელი გადაწყვეტილება, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული მომსახურების საფასურის შესაბამისად დადგენილი საფასურის სანაცვლოდ, შეაფასოს ქონება. ასეთ შემთხვევაში სააღსრულებო წარმოება შეიძლება დაიწყოს ქონების საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშეც. აღსრულების ეროვნული ბიურო მის მიერ ქონების შეფასების შემდეგ კრედიტორს განუსაზღვრავს ვადას დადგენილი წინასწარი საფასურის გადახდისათვის. ამ ვადაში კრედიტორის მიერ აღნიშნული საფასურის გადაუხდელობა გამოიწვევს მისთვის სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღუსრულებლად დაბრუნებას. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლით დადგენილია აღსრულების საფასური. მითითებული მუხლის პირველი პუნქტით აღსრულების საფასური (შემდგომ – საფასური) არის აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მომსახურებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი (დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით), რომელიც ირიცხება აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტით კანონმდებელი ზოგადი წესიდან ადგენს იმ საგამონაკლისო შემთხვევებს, როდესაც აღსრულების საფასურის გადახდა ეკისრება კრედიტორს, კერძოდ, მითითებული საკანონმდებლო აქტის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის 34-ე და 35-ე მუხლებით განსაზღვრულ, ასევე სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების ამ გადაწყვეტილების გამომტანი ორგანოს/პირის მიერ გათხოვის, მასში ცვლილებების შეტანის ან მისი გაუქმების შემთხვევაში წინასწარ გადახდილი საფასური კრედიტორს არ უბრუნდება.
კონკრეტულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 6 ივლისს ა. მ-იმა მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, წარუდგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 12 ივნისს გაცემული №2/8490-06 სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც მოითხოვა მისი წარმოებაში მიღება და აღსრულება.
აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 26 ივლისის №A16069869-006/001 და №A16069869-006/002 წერილებით ა. მ-ისა და მის წარმომადგენელს ეცნობათ, რომ იმისათვის, რომ გატარებულ იქნეს სააღსრულებო ღონისძიებები, საქართველოს კანონის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელში სწორად უნდა იყოს მითითებული მოვალის დასახელებები და რეკვიზიტები, მათ შორის, პირადი ნომრები. აღნიშნული წერილების მიხედვით, ა. მ-ისა და მის წარმომადგენელს განემარტათ, რომ 2016 წლის 26 ივლისს, ა. მ-ის მიერ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენილ სააღსრულებო ფურცლის სარეზოლუციო ნაწილში არ არის მითითებული მოვალეების - ნ. მ-ისა და ს. გ-ის პირადი ნომრები. ა. მ-ისა და მის წარმომადგენელს ეთხოვათ, ერთი თვის ვადაში გამოესწორებინათ ზემოთ აღნიშნული ხარვეზი და ხარვეზის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი წარედგინათ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში. ასევე ეცნობათ, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის „გ“ პუნქტის შესაბამისად, თუ მათ მიერ ერთი თვის ვადაში არ მოხდება კანონით მათზე დაკისრებულ უფლება მოვალეობების შესრულება, რის გამოც შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების აღსრულება - სააღსრულებო ფურცელი დაუბრუნდებოდა უკან განმცხადებელს. ამავე წერილებით ა. მ-ისა და მის წარმომადგენელს განემარტათ, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად, გადახდილი საფასური უკან არ დაუბრუნდებოდა.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის (დელეგირებული ფუნქციები) 2016 წლის 23 სექტემბრის №A16069869-008/001 წერილით ა. მ-ის ეცნობა, რომ ვინაიდან გაფრთხილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში არ მომხდარა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დაკისრებული მოვალეობის შესრულება, რის გამოც შეუძლებელია გადაწყვეტილების აღსრულება, ამავე კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2018 წლის 8 ივლისს წარდგენილი განცხადება თანდართულ მასალებთან ერთად დაუბრუნდა ა. მ-ის შეუსრულებელი სახით.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ „კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის უნდა განიმარტოს კანონმდებლის ნამდვილი მიზნის, განზრახვის ადეკვატურად. სასამართლომ უნდა გამოიყენოს განმარტების ისეთი წესები, რომლის მიხედვით კანონი უნდა იყოს განმარტებული კანონმდებლის მიზნისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის ფარგლებში. სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს კანონმდებლის განზრახვით, როგორც ნორმის განმარტების საშუალებით. კანონის განმარტება ემყარება გარკვეულ პრინციპებს: ობიექტურობის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ განმარტება უნდა ეფუძნებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას; ერთიანობის პრინციპს, კერძოდ, ყოველი ნორმა განმარტებული უნდა იქნეს არა ფრაგმენტულად, არამედ სისტემური და ტელეოლოგიური მეთოდებით, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში; გენეტიკური განმარტების პრინციპს - გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კანონი უნდა განიმარტოს აღნიშნული პრინციპების დაცვით. ნორმის, მისი ფაქტობრივი ელემენტებისა და სამართლებრივი შედეგის დაკონკრეტება ხორციელდება ნორმაში გამოყენებული ცნებების განმარტების გზით. ხსენებული განმარტების საშუალებით ხდება სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაცია და მისი შინაარსის განსაზღვრა“ (სუსგ №ბს-479-459(კ-10), 21.10.2010წ.).
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მოვალეების მიმართ არ განუხორციელებია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მომსახურება იძულებითი სააღსრულებო მოქმედებების ჩატარების სახით, შესაბამისად არ არსებობდა აღსრულების საფასურის დაბრუნებაზე უარის თქმის კანონისმიერი საფუძველი, სააღსრულებო ფურცლის ფორმალურად წარმოებაში მიღება კი აღსრულების საფასურის მიზნებისთვის, არ მიიჩნევა მომსახურების გაწევად. საკასაციო სასამართლო იზიარებს, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ კრედიტორის განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ეტაპზე კრედიტორის მიერ იმგვარი ხარვეზის აღმოუფხვრელობა, რომელიც უკავშირდება სააღსრულებო ფურცლის რეკვიზიტს, არ არის გამოწვეული კრედიტორისთვის კანონით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობით, ვინაიდან კრედიტორს არ გააჩნია არსებული ხარვეზის დამოუკიდებლად გამოსწორების არა თუ ვალდებულება, არამედ ობიექტური შესაძლებლობა. შესაბამისად, იგი ვერ მიიჩნევა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევად. მართალია, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, თუმცა კრედიტორის მიერ სააღსრულებო დოკუმენტით აღმასრულებლისთვის მიმართვა უპირობოდ არ წარმოშობს სააღსრულებო წარმოების დაწყების საფუძველს. იმ შემთხვევაში, თუკი სააღსრულებო მოქმედებების დაწყების წინაპირობად არ იქნება მიჩნეული აღმასრულებლის მიერ სააღსრულებო დოკუმენტის (სააღსრულებო ფურცლის) კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის შემოწმება, მაშინ აზრს დაკარგავს კანონმდებლის მიერ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით სააღსრულებო ფურცლის აუცილებელი რეკვიზიტების დეტალურად გათვალისწინება. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ უნდა უზრუნველყოს განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში კი, დაადგინოს ხარვეზი წარდგენილ განცხადებაზე. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ საფასურის წინასწარ გადახდის მიზანია სააღსრულებო მოქმედებათა შესრულების უზრუნველყოფა - მომსახურების გაწევა, აღსრულების დაწყებამდე კრედიტორს არ შეიძლება შეეზღუდოს წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის დაბრუნების შესაძლებლობა და კრედიტორი რისკის ქვეშ არ უნდა დადგეს აღნიშნული საფასურის გადახდის მომენტიდან.
ზემოაღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარზე 28.06.2022წ. №33651 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ 205263873) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ნოემბრის განჩინება;
3. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს (ს/კ 205263873) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 28.06.2022წ. №33651 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი, ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე