ბს-234(კ-23) 27 ნოემბერი, 2023წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.12.2022წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ.რ-ემ 20.04.2021წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ არაქონებრივი (მორალური) ზიანის 5 000 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.11.2021წ. გადაწყვეტილებით, ნ.რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე სპეციალური პენიტენციური სამსახურს ნ.რ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება - 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრიდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.12.2022წ. განჩინებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1005.3 მუხლის მიხედვით, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა პერსპექტიულია, თუ სახეზეა მარეაბილიტირებელი გარემოება, როგორც ზიანის მოთხოვნის სამართლებრივი წინაპირობა, მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 20.03.2020წ. გადაწყვეტილებით დგინდება, რომ 21.01.2020წ. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გასაჯაროვდა პერსონალური მონაცემების შემცველი ოთხი ვიდეოჩანაწერი, რომელთაგან პირველ ვიდეოჩანაწერზე ასახული იყო საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლისა და მსჯავრდებულის შეხვედრის ფაქტი. ინსპექტორის სამსახურმა იმსჯელა სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და სამინისტროს მიერ 21.01.2020წ. გასაჯაროვებული ვიდეოჩანაწერების დამუშავების კანონიერებაზე და სამსახური ცნო სამართალდამრღვევად „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის. ამავე გადაწყვეტილებით სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალა უზრუნველყო სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდებსა და ოფიციალურ ვებგვერდზე შემოწმების ფარგლებში განხილული პერსონალური მონაცემების შემცველი იმ ვიდეოჩანაწერების წაშლა ან დეპერსონალიზაცია, რომელიც წინამდებარე გადაწყვეტილების შესაბამისად მიჩნეული იქნა კანონის მოთხოვნათა დარღვევით დამუშავებულად, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ნ.რ-ეს, როგორც რეაბილიტირებულ პირს, უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ასანაზღაურებელ ოდენობას, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. პირის პერსონალური ინფორმაციის კანონშეუსაბამოდ დამუშავება სამართალდარღვევაა, ამასთან, სამართალდამრღვევის მიმართ სადამსჯელო ღონისძიების გამოყენების მიუხედავად, შესაძლოა ქმედების ჩამდენი არ გათავისუფლდეს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან. მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ ნ.რ-ის სამუშაო იყო სპეციფიკური, კერძოდ, ის ხვდებოდა მოწყვლადი ჯგუფის წევრს/წარმომადგენელს (პატიმარს), როგორც სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი, ამასთან, ვიდეოჩანაწერში ასახულმა პირებმა იცოდნენ სავარაუდო ვიდეო კონტროლის შესახებ, თუმცა დარწმუნებული უნდა ყოფილიყვნენ, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი არ გახდებოდა დახურულ კარს მიღმა გადაღებული ვიდეო ჩანაწერი, შესაბამისად, ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის ამგვარი კავშირის გათვალისწინებით მართებულია პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ზიანის დაკმაყოფილების მოცულობის ნაწილში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.12.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება მოპასუხის არამართლზომიერი ქცევა, რაც მორალური ზიანის დასაკისრებლად ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 20.03.2020წ. გადაწყვეტილებას, თუმცა მხოლოდ აღნიშნული გადაწყვეტილება არ შეიძლება გახდეს მორალური ზიანის შეფასებისა და სამსახურისთვის თანხის დაკისრების საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა როგორც მსგავს საქმეებზე საერთო სასამართლოების პრაქტიკით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მსჯელობით. სამოქალაქო კოდექსის 413.1 მუხლის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ არაქონებრივი ზიანისთვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილი იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით (სუსგ №ას-14-466-05). სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება და პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა და საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. პატივისა და ღირსების შელახვად იგულისხმება ფიზიკური და იურიდიული პირის შესახებ ისეთი ცნობების გავრცელება, რომლებიც შეიცავენ მტკიცებას მათ მიერ კანონის, ან მორალის ნორმების დარღვევის, უღირსი საქციელის ჩადენის შესახებ (საქმე №3კ/337-02). როდესაც პირის მიმართ ვრცელდება ისეთი ფაქტები და განცხადებები, რომლებიც არის მცდარი შეხედულება ამ პირის საქმიანობის შესახებ, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია შეილახოს ამ პირის ღირსება, რადგან გავრცელებული ინფორმაცია წინააღმდეგობაში მოდის პირის შეხედულებებთან და იდეალებთან, ამასთანავე, ილახება ამავე პირის სახელი და პატივიც, რადგან საზოგადოებას ექმნება მცდარი, ყალბი წარმოდგენა ამ პირის და მისი საქმიანობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის ისეთი განცხადების და ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტი, რომელიც ლახავს ნ.რ-ის პატივს, ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას, ვინაიდან გავრცელებული ჩანაწერი არ შეიცავს მცდარ და შეურაცხმყოფელ ინფორმაციას. იუსტიციის მინისტრმა მოახდინა სახალხო დამცველის წარმომადგენლის საჯარო კრიტიკა, რომელიც არ გაცდენია საქმიანი კრიტიკის ფარგლებს და ბუნებრივია, ვერც მოსარჩელის სულიერ ტანჯვას გამოიწვევდა. მსგავსი საქმეების განხილვისას კვლევას საჭიროებს საკითხი იმის შესახებ, ხომ არ არის მოპასუხის ქმედება პასუხი მოსარჩელის ანალოგიურ მოქმედებაზე.
კასატორმა აღნიშნა, რომ №... პენიტენციური დაწესებულება არის განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, სადაც პატიმრობის კოდექსის 54.7 მუხლის შესაბამისად თვალსაჩინო ადგილას განთავსებულია სპეციალური აბრები დაწესებულებაში მიმდინარე მუდმივი ვიდეომეთვალყურეობის მითითებით. მესამე პირებისთვის, მათ შორის სახალხო დამცველის წარმომადგენლებისთვის, ცნობილია პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარე ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის შესახებ. პატიმრობის კოდექსის 54.6 მუხლის შესაბამისად, სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი უფლებამოსილია ბრალდებულის/მსჯავრდებულის, ამ კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილითა (სახალხო დამცველი, სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი) და მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ სხვა პირებთან შეხვედრას დააკვირდეს ვიზუალურად, ტექნიკური საშუალებით დისტანციური დაკვირვებისა და ჩაწერის პირობებში, მაგრამ მოსმენის გარეშე. უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წლის შემდეგ პენიტენციური სისტემა მუდმივად იმყოფება საზოგადოების დაკვირვების ქვეშ, 2003-2012 წლებში პენიტენციურ სისტემაში არსებული ძალადობრივი პოლიტიკის გამო, ხშირად უსაფუძვლო და დაუმსახურებელი კრიტიკის ობიექტი ხდება პენიტენციურ სისტემაში დასაქმებული პერსონალი. ამ პირობებში სახალხო დამცველის ანგარიში რეალობაზე უფრო მძიმე მასშტაბით ასახავდა არსებულ ნაკლოვანებებს. დღის წესრიგში დადგა ამ ანგარიშში მითითებული დასკვნების განხილვის აუცილებლობა. ვიდეოჩანაწერებით დასტურდებოდა ისეთი გარემოებები, რომლებიც ააშკარავებდა სახალხო დამცველის ანგარიშის არასრულფასოვნებას, კერძოდ, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა ფუნქციების არაჯეროვან, არაპროფესიონალურ შესრულებას, რაც ეჭვქვეშ აყენებდა ანგარიშში გაკეთებული შეფასებებისა და დასკვნების კვალიფიციურობას, სანდოობას, ანგარიში იყო ტენდენციური. ვინაიდან სახალხო დამცველის მხრიდან არ იქნა მიღებული არანაირი ზომა მის მიერ მომზადებული ანგარიშის დასახვეწად, დღის წესრიგში დადგა ამ ანგარიშთან დაკავშირებით არგუმენტების ხელახლა განხილვის აუცილებლობა. როგორც სამსახურის მიერ ვიდეოჩანაწერების განთავსება ოფიციალურ ვებგვერდზე, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლის მისამართით იუსტიციის ყოფილი მინისტრის საჯარო კრიტიკა ეფუძნებოდა სახალხო დამცველის მიერ 2019 წლის ანგარიშში მოყვანილ ისეთ ფაქტებსა და გარემოებებს, რომლებიც დაუმსახურებლად აყენებდა ზიანს სამსახურისა და სამინისტროს საქმიანობას. იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა კომიტეტის სხდომაზე მაგილითის სახით მიუთითა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი სახალხო დამცველის წარმომადგენლის ჩაცმულობასა და ქცევაზე, ასევე აღნიშნა, რომ თუ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელს ევალება „დრეს კოდის“ დაცვა, ასეთივე ვალდებულება ეკისრება სახალხო დამცველის წარმომადგენელსაც. ამდენად, რომ არა სახალხო დამცველის ანგარიშში მოყვანილი დაუმსახურებელი კრიტიკა და მისი წარმომადგენლის მხრიდან მონიტორინგის ფარგლებში განხორციელებული შეუფერებელი ქცევა, იუსტიციის ყოფილი მინისტრის მიერ საჯარო კრიტიკას ადგილი არ ექნებოდა.
კასატორმა მიუთითა, რომ ტერმინი „მორალური ზიანი“ გულისხმობს სულიერი გრძნობებისა და ურთიერთობების სფეროში მიყენებულ ზიანს, რომელმაც არამატერიალური უფლებების ხელყოფა - ფსიქიკური ტანჯვა (მორალური ზიანი) შეიძლება გამოიწვიოს, არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფა ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას იწვევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ოთხივე წინაპირობა: 1. თვით მორალური ზიანი; 2. ზიანის მიმყენებლის არამართლზომიერი მოქმედება ან უმოქმედობა; 3. არამართლზომიერ ქმედებასა და მორალურ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი; 4. ზიანის მიმყენებლის ბრალი (საქმე №ას-1477-1489-2011). ნ.რ-ის სარჩელსა და მის განმარტებებში არაფერია ნათქვამი კონკრეტულად რა სახის სულიერი ტანჯვა განიცადა მოსარჩელემ. ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებისა და საჯარო კრიტიკის შედეგად გამოაშკარავდა ის შეუსაბამო ქცევა, რომელიც მოსარჩელემ, როგორც სახალხო დამცველის წარმომადგენელმა, მონიტორინგის დროს გამოავლინა. ნ.რ-ის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვაზე მითითება დაუსაბუთებელია, თუკი მისთვის მისაღები იყო ის გარემოებები, რომელიც ასახულია ვიდეოჩანაწერებში და მან ნამდვილად განახორციელა შესაბამისი ქცევა. კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ არის ისეთი განცხადების და ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტი, რომელიც ლახავს ნ.რ-ის პატივს, ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას, ვინაიდან ის არ შეიცავს სიცრუეს და შეურაცხმყოფელ ინფორმაციას. ვიდეოჩანაწერში არ ყოფილა ასახული რეალობასთან შეუსაბამო ინფორმაცია ან ისეთი ინფორმაცია, რომელსაც შეეძლო შეეცვალა საზოგადოების მხრიდან ნ.რ-ეზე არსებული წარმოდგენა. ის სამართლიანი კრიტიკა, რომელიც მისი მისამართით საჯაროდ გაჟღერდა, სწორედ მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული სამსახურებრივი უფლებამოსილების არაჯეროვან შესრულებას უკავშირდებოდა. განსახილველ შემთხვევაში არ იკვეთება სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით დაცული არაქონებრივი უფლებების შელახვა, შესაბამისად, ამ შელახვით გამოწვეული მორალური ზიანის არსებობის ფაქტი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე 21.01.2020წ. გასაჯაროვდა პერსონალური მონაცემების შემცველი ოთხი ვიდეოჩანაწერი, რომელთაგან №1 ვიდეოჩანაწერზე ასახული იყო საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლისა და მსჯავრდებულის შეხვედრის ფაქტი. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 20.03.2020წ. გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ინსპექტორმა იმსჯელა სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 21.01.2020წ. გასაჯაროებული ვიდეოჩანაწერების დამუშავების კანონიერებაზე. სპეციალური პენიტენციურის სამსახურის ნაწილში სახელმწიფო ინსპექტორმა შემოწმების შედეგად დაადგინა, რომ პენიტენციურმა სამსახურმა თავისი სოციალური ქსელის გვერდზე და ოფიციალურ ვებ-გვერდზე ატვირთა ვიდეოჩანაწერები, რომელიც აერთიანებდა 21.01.2020წ. გასაჯაროებული ვიდეოჩანაწერების ფრაგმენტებს, სოციალური ქსელის გვერდზე ატვირთა ვიდეოჩანაწერი №1, ვიდეოჩანაწერები გადასცა სამაუწყებლო კომპანიებს და საინფორმაციო სააგენტოებს, ასევე საქართველოს პარლამენტის სოციალური ქსელიდან თავის სოციალურ გვერდზე გააზიარა პარლამენტის კომიტეტის სხდომის ამსახველი სრული ვიდეოჩანაწერი. განსახილველ შემთხვევაში სარჩელი ეფუძნება მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის მორალური ზიანის მიყენების ფაქტს, რაც გამოწვეულია მოპასუხის მიერ მონაცემთა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე დამუშავებით. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი. აღნიშნული ნორმა ადგენს, რომ არაქონებრივი ზიანისთვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. განსახილველ საქმეში მოპასუხის არამართლზომიერი ქმედების არსებობა დადგენილია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 20.03.2020წ. გადაწყვეტილებით, რომლითაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური ცნობილი იქნა სამართალდარღვევად „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის 43.1 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა 500 ლარი, ასევე დაევალა სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდსა და ოფიციალურ ვებგვერდზე შემოწმების ფარგლებში განხილული პერსონალური მონაცემების შემცველი იმ ვიდეოჩანაწერების წაშლისა ან დეპერსონალიზაციის უზრუნველყოფა, რომელიც წინამდებარე გადაწყვეტილების შესაბამისად მიჩნეული იქნა კანონის მოთხოვნათა დარღვევით დამუშავებულად. სახელმწიფო ინსპექტორმა მიიჩნია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად არ არსებობდა ვიდეოჩანაწერზე ასახულ პირთა პერსონიფიცირების საჭიროება, მათ შორის, არც მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესრულების მიზნით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალური ქსელის გვერდზე გასაჯაროების, ასევე სამაუწყებლო კომპანიებისა და საინფორმაციო სააგენტოებისთვის გადაცემის გზით, ვიდეოჩანაწერებზე ასახულ პირთა პერსონალური მონაცემები დაამუშავა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე, რაც ამავე კანონის 43.1 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. ამდენად, კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ არ დასტურდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს არამართლზომიერი ქცევა, რაც გამორიცხავს მორალური ზიანის დაკისრების საფუძვლის არსებობას, არ გამომდინარეობს საქმეში დაცული მასალებიდან, ვინაიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 20.03.2020წ. გადაწყვეტილებით დადგენილია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პერსონალური მონაცემების დამუშავება გარკვეულ მიზანს ემსახურება, თუმცა მიზანი არ უნდა იყოს აბსტრაქტული, იგი მკაფიოდ უნდა იყოს გამოხატული უკვე მონაცემების შეგროვების სტადიაზე. პატიმრობის კოდექსის 54-ე მუხლი ადგენს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის წესს, რომლის მე-6 ნაწილის თანახმად, სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი უფლებამოსილია ბრალდებულის/მსჯავრდებულის ამ კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილითა (საქართველოს სახალხო დამცველი, სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები და სხვ.) და მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ სხვა პირებთან შეხვედრას დააკვირდეს ვიზუალურად, ტექნიკური საშუალებით დისტანციური დაკვირვებისა და ჩაწერის პირობებში, მაგრამ მოსმენის გარეშე. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 19.05.2015წ. №35 ბრძანებით დამტკიცებული „ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესის“ (დანართი №1) 1.2 მუხლის თანახმად, ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის და კონტროლის მიზანია ბრალდებულების/მსჯავრდებულის ან სხვა პირთა უსაფრთხოების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან, აგრეთვე სხვა დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის თავიდან აცილება, დაწესებულებაში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მონაცემების სხვა მიზნისათვის გამოყენება მოითხოვს დამატებითი სამართლებრივი საფუძვლის არსებობას, თუ დამუშავება შეუთავსებელია თავდაპირველ მიზანთან. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ შეიცავს ვიდეო ჩანაწერის გავრცელების ზემოთ მითითებული „წესის“ 1.2 მუხლით გათვალისწინებულ მიზანზე მითითებას, ხოლო კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ვიდეო ჩანაწერი გავრცელდა სახალხო დამცველის ანგარიშში ასახულის დაუმსახურებელი კრიტიკის გამო, მოქმედი კანონმდებლობით პერსონალური მონაცემების დამუშავებისთვის დადგენილ მიზნებთან შეუსაბამოა, ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 20.03.2020წ. გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ სამსახურის ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად არ არსებობდა ვიდეო ჩანაწერზე ასახულ პირთა პერსონიფიცირების საჭიროება, მათ შორის, არც მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესრულების მიზნით. რაც შეეხება კასატორის მითითებას იმ გარემოების შეფასების აუცილებლობაზე, რომ მოპასუხის ქმედება წარმოადგენდა პასუხს მოსარჩელის ანალოგიურ ქმედებაზე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ერთი პირის მიერ პერსონალური მონაცემების კანონსაწინააღმდეგო დამუშავება (ასეთის დადგენის შემთხვევაში) არ ანიჭებს მეორე მხარეს, მის ადრესატს საპასუხოდ პერსონალური მონაცემების კანონშეუსაბამოდ დამუშავების უფლებამოსილებას. მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულია პერსონალური მონაცემების დაცვის სამართლებრივი მექანიზმები, რაც არ გულისხმობს ერთი პირის უფლების დაცვას მეორე პირის, სხვისი პერსონალური მონაცემების მიზანთან შეუსაბამოდ, არამართლზომიერი დამუშავების ხარჯზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პერსონალური მონაცემების დაცვისა და მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით დამუშავებისათვის, არ აქვს მნიშვნელობა გავრცელებული ცნობების სინამდვილესთან შესაბამისობასა თუ შეუსაბამობას. პირი შესაძლოა დაინტერესებული იყოს არა მხოლოდ სინამდვილის შეუსაბამო, არამედ სინამდვილის შესაბამისი ცნობების გახმაურებისგან დაცვით. გავრცელებული ცნობის სისწორე არ გამორიცხავს პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლების არარსებობას, შესაბამისად, კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ გავრცელებული ვიდეო ჩანაწერი არ შეიცავს მცდარ და სინამდვილესთან შეუსაბამო ინფორმაციას, არ ქმნის ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს. ინფორმაციულ-კომუნიკაციური ტექნოლოგიები არ შეიძლება თავისთავად იყოს ცუდი ან კარგი. მისი თვისებები, გამოყენების მიზნების მიხედვით, ერთდროულად როგორც სიკეთის, ასევე საშიშროების შემცველი შეიძლება იყოს. ინფორმაციული ტექნოლოგიები იძლევა სრულიად ახალ შესაძლებლობებს, ხოლო რაც შეეხება მათი გამოყენების მიზნებს, როგორც წესი ის კანონით რეგულირდება. მოცემულ შემთხვევაში კასატორმა ვერ უზრუნველყო პერსონალური მონაცემების კანონით გათვალისწინებული მიზნის შესაბამისად დამუშავების დადასტურება. საკასაციო პალატა მიუთითებს ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 27.04.2016წ. დირექტივაზე (EU) 2016/680, რომელიც ადგენს წესებს უფლებამოსილი ორგანოების მიერ დანაშაულის პრევენციის, გამოძიების, დადგენის ან სისხლისსამართლებრივი დევნის და სასჯელის აღსრულების მიზნით პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვისა და ამგვარი მონაცემების თავისუფალი მიმოცვლის შესახებ. დირექტივა განამტკიცებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებას და იმ ძირითად პრინციპებს (მუხ. 4), რომლებიც უნდა გავრცელდეს მონაცემთა დამუშავებაზე, ამასთან, აღნიშნული დირექტივის 56-ე და 57-ე მუხლები ერთმანეთისაგან განასხვავებს კომპენსაციის მიღების უფლებას მონაცემთა კანონსაწინააღმდეგო დამუშავების შედეგად მიყენებული მატერიალური თუ არამატერიალური ზიანის არსებობის შემთხვევაში და ჯარიმას პერსონალური მონაცემების დასაცავადად დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს სამართალდარღვევად ცნობისა და მისთვის ჯარიმის დაკისრების ფაქტი, არ წარმოშობს კომპენსაციის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძველს. სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების ან თვითმმართველობის ორგანოთა ან მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 18.4 მუხლით. პირადი არაქონებრივი უფლებების დარღვევისათვის მორალური ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებს სკ-ის მე-18 მუხლი. მითითებული ნორმის მე-6 ნაწილის თანახმად, პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვა ხორციელდება მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა, ხოლო თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურებაც. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში, უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაკავშირებულია არაქონებრივი უფლებების დარღვევასთან. არაქონებრივი უფლებების სპეციფიკის გათვალისწინებით ამგვარ უფლებათა ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ექვივალენტი არ გააჩნია. ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. ზეპირი სიტყვისგან განსხვავებით ვიდეო ჩანაწერი რჩება, ის განაგრძობს არსებობას, მონაცემების მატერიალურ საშუალებაზე ასახვას შედეგად მოსდევს დროში და სივრცეში შინაარსის დამაგრება, რაც თავისთავად ითხოვს ასეთი მონაცემების დაცულობისადმი მომეტებულ ყურადღებას. ვიდეოვიზუალური საშუალებები, სხვა საშუალებებთან შედარებით, ბევრად უფრო უშუალო და ძლიერი ზემოქმედების უნარით გამოირჩევა. ის გარემოება, რომ გასაჯაროვდა მოსარჩელის სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების ამსახველი ვიდეო ჩანაწერი, იმთავითვე არ ადასტურებს პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონმდებლობით დადგენილ მიზნებთან შესაბამისობას, აღნიშნულ გარემოებაზე მითითება არ არის საკმარისი სასარჩელო მოთხოვნის უარსაყოფად. ნ.რ-ის მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით წარმოებულ დავაში (სუსგ 11.07.2023წ. საქმე №ბს-194(კ-23)) დადგენილია 21.01.2020წ. გავრცელებული ვიდეო ჩანაწერის ნეგატიური კონსტექსტი, ასევე დადგენილია, რომ ვიდეო ჩანაწერი მიზნად ისახავდა ნ.რ-ის მიერ განხორციელებული იმ მოქმედებების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას, რომელიც შესაძლოა საზოგადოების მიერ გაკიცხვის ობიექტად ქცეულიყო. თავად კასატორი წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ ვიდეო ჩანაწერის გამოქვეყნების შედეგად გამოაშკარავდა მოსარჩელის შეუსაბამო ქცევა, ჩანაწერი ასახავდა სახალახო დამცველის წარმომადგენლის მიერ ფუნციების არაჯეროვან, არაპროფესიონალურ შესრულებას. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული ფაქტი ვერ იქნება მიჩნეული ჩვეულებრივ და რიგით მოვლენად ადამიანის ცხოვრებაში, რადგან იგი დაკავშირებულია ნეგატიურ განცდებთან და სტრესტთან. უფლება სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებაზე იძლევა კომპენსაციის მოთხოვნის შესაძლებლობას ზიანისთვის, რომელიც გამოწვეულია პერსონალურ მონაცემთა კანონდარღვევით დამუშავებით. მონაცემთა დამმუშავებლისა თუ უფლებამოსილი პირის პასუხისმგებლობა არაკანონიერ დამუშავებასთან დაკავშირებით ასევე აღიარებულია ევროპის პარლმენტისა და საბჭოს 2016/679 „მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციით“ (GDPR), კერძოდ, რეგულაცია ფიზიკურ პირებს საშუალებას აძლევს, კომპენსაცია მოითხოვონ მონაცემთა დამმუშავებლის ან უფლებამოსილი პირისგან, როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური ზიანისთვის (82-ე მუხ.). მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი არაა მორალური ზიანის ოდენობა, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. მორალური ზიანის ანაზღაურების სახით მიკუთვნებული კომპენსაცია გონივრულ და სამართლიან ანაზღაურებას წარმოადგენს სკ-ის 413-ე მუხლის მიზნებისთვის. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხისთვის დაკისრებული თანხის ოდენობა პასუხობს მითითებული ნორმით დადგენილ მოთხოვნებს, ამასთან, დაკისრებული თანხის ოდენობასთან დაკავშირებით საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ პრეტენზიას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.12.2022წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი