Facebook Twitter
საქმე №ბს-681(კ-23) 25 იანვარი, 2024 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „ი...ს" საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2021 წლის 21 ივნისს შპს „ი...მ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.
მოსარჩელემ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქალაქ თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 8 აპრილის №... დადგენილებისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 27 მაისის №710 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ი...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ი...მ“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 თებერვლის განჩინებით შპს „ი...ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 122-ე, 123-ე, 127-ე, 136-ე მუხლებზე. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ 2021 წლის 11 მარტს მიიღო №შ-54/21 დადგენილება მშენებლობის შეჩერების თაობაზე. ამავე დადგენილებით სამართალდამრღვევს განემარტა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2021 წლის 23 მარტს შედგა №... შემოწმების აქტი, რომლის თანახმად, დარღვეულ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 11 მარტის №შ-54/21 დადგენილებით გათვალისწინებული პირობა და სამშენებლო სამუშაოები გაგრძელდა. შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ 2021 წლის 8 აპრილს მიიღო №... დადგენილება, რომლითაც შპს „ი...“ დაჯარიმდა 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 11 მარტის №შ-54/21 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნის (მშენებლობის შეჩერების შესახებ) შეუსრულებლობისათვის.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სამშენებლო სამუშაოების გაგრძელების ფაქტი დადგენილი იყო მოპასუხის მიერ წარდგენილი ფოტომასალით, რომელზეც დაფიქსირებულია როგორც შეჩერების შესახებ დადგენილების მიღების დროს, ასევე, შემოწმების აქტის შედგენისას არსებული მდგომარეობა. სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ უნებართვო სამშენებლო სამუშაოების კომპანიის მიერ წარმოება და შეჩერების შესახებ დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა, მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია. კომპანიის წარმომადგენელი არ დაეთანხმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 11 მარტის №შ-54/21 დადგენილებისა და ამ დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნის (მშენებლობის შეჩერება) შესახებ სათანადო წესით ინფორმირებას.
სააპელაციო პალატამ მიუთითა სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლზე, რომლითაც დარეგულირებულია სამშენებლო სამართალდარღვევის წარმოების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების გაცნობის წესი. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 11.03.2021წ. №... დადგენილება განთავსდა ობიექტის საინფორმაციო ბანერზე იმავე წლის 18 მარტს. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით შედგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალების ჩაბარების შესახებ ოქმის თანახმად, დადგენილების პირდაპირი წესით მხარისთვის ჩაბარება ვერ მოხერხდა, რადგან უფლებამოსილი პირი არ იმყოფებოდა ადგილზე. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის მიზნით გამართული ზეპირი მოსმენის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ი...ს“ დირექტორის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე შპს-ს წარმომადგენელი, რითაც დასტურდება ოქმი მითითებული პირის „ლ.-" უფლებამოსილება.
დადგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერებით, სასამართლომ მართებულად მიიჩნია ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოს გადაწყვეტილება მოსარჩელის დაჯარიმების თაობაზე, რამდენადაც კანონმდებლობით დადგენილების უშუალოდ სამართალდამრღვევისათვის ჩაუბარებლობის შემთხვევაში სათანადო წესით ჩაბარებად კონკრეტულ ადგილზე განთავსებაა მიიჩნეული. შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, ვინაიდან მშენებლობის შეჩერების მოთხოვნის შესახებ მხარის არასათანადო ინფორმირებაზე აპელირება მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი არ ჰქონდა ისეთი სახის დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ი...მ“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. კასატორი აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე წარდგენილი აქვთ საკონსტიტუციო საჩივარი, შესაბამისად, კასატორმა მოითხოვა საქმის განხილვის შეჩერება.
კასატორი აღნიშნავს, რომ კომპანიამ 2019 წლის 6 მარტიდან აწარმოა სამშენებლო სამუშაოები სრული სამშენებლო დოკუმენტაციის საფუძველზე, მოგვიანებით მუნიციპალურმა ინსპექციამ გააუქმა მშენებლობის შეჩერების დადგენილება, რომლის შეუსრულებლობის გამო გამოცემულია სადავო ბრძანება დაჯარიმების შესახებ. კასატორის მოსაზრებით მოცემულ საქმეში შესაძლებელი იყო სიტყვიერი შენიშვნის გამოყენება. კასატორი აღნიშნავს, რომ მათ მიერ სასამართლოში წარდგენილ იქნა სამშენებლო ობიექტზე არსებული დარღვევების გამო დაკისრებული ჯარიმის გადახდის დოკუმენტიც. კასატორი აღნიშნავს, რომ მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების კანონით დადგენილი წესით ჩაბარების შემთხვევაში, შპს „ი...“ აუცილებლად უზრუნველყოფდა მშენებლობის შეჩერებას და დარღვევების აღმოფხვრის შემდეგ მის გაგრძელებას.
კასატორის განმარტებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ არასწორად განიმარტა სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლი. კასატორი აღნიშნავს, რომ სამშენებლო ობიექტების ღობეზე განთავსებული დოკუმენტების ავთენტურობა, დაზიანება არ არის უზრუნველყოფილი. სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეებზე მიღებული აქტების კომპანიებისთვის ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისი წესით ჩაბარება მუნიციპალურ ორგანოებს აძლევს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას. კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში არ არის დაცული მტკიცებულება, გარდა მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ შედგენილი ოქმისა, რომლებმაც თავად ჩაატარეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება. კასატორი აღნიშნავს, რომ კომპანიის ყველა წარმომადგენლის პირადი და საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებული იყო თბილისის არქიტექტურის სამსახურის საიტზე, მუნიციპალური ინსპექციისთვის ცნობილი იყო კომპანიის ერთ-ერთი წარმომადგენლის ტელეფონის ნომერიც, თუმცა მათ არ უცდიათ საკუთარი ვიზიტის თაობაზე ინფორმირება. კასატორი აღნიშნავს, რომ სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის მიზნებისთვის მკაფიოდ უნდა შეიზღუდოს მუნიციპალური ინსპექციის უფლებამოსილება, კერძოდ მან წინასწარ უნდა აცნობოს მშენებელ ორგანიზაციას დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ან უფლებამოსილი პირის მოძიება განახორციელოს ავტორიზებული საფოსტო დაწესებულების მეშვეობით. ზემოაღნიშნული მუხლის ჩანაწერის შესაბამისად, სამშენებლო ობიექტზე ადმინისტრაციული აქტის მშენებელი კომპანიისთვის ჩაუბრებლობა უნდა აკმაყოფილებდეს მტკიცების იმგვარ სტანდარტს, რითაც გამოირიცხება ნებისმიერი ეჭვი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „ი...ს“ საკასაციო საჩივარი; ამავე განჩინებით განისაზღვრა, რომ შპს „ი...ს“ შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე გადაწყდებოდა საქმის დასაშვებობის შემოწმების სტადიაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ი...ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 8 აპრილის №... დადგენილებისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 27 მაისის №710 ბრძანების კანონიერება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 6 მარტის №4404398 ბრძანებით ქ. თბილისში, ...ს ქ. №..., ... ჩიხი, №...-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ №...) შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ამავე ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა; მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 6 მარტიდან 2021 წლის 6 მარტის ჩათვლით.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციის 2021 წლის 11 მარტის №შ-54/21 დადგენილებით შეჩერდა შპს „ი...ს“ მიერ ქ. თბილისში, ...ს ქ. №.../ ...ს ქ. №.../ ...ს ქ. №.../ ... ჩიხი №...-ის მიმდებარედ, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. ამავე დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, დადგენილება ძალაში იყო მშენებლობის შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრამდე, ხოლო მე-3 პუნქტით სამართალდამრღვევს განემარტა, რომ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მშენებლობის შეჩერების შესახებ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა გამოიწვევდა დაჯარიმებას 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ 2021 წლის 18 მარტს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 11 მარტის №... დადგენილება განთავსდა ობიექტის საინფორმაციო ბანერზე. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა ადმინისტრაციული წარმოების მასალების ჩაბარების შესახებ ოქმი, რომლის თანახმად, დადგენილების პირდაპირი წესით ჩაბარება ვერ მოხერხდა, ვინაიდან უფლებამოსილი პირი არ იმყოფებოდა ობიექტზე. ოქმში დაფიქსირებულ იქნა შემდეგი ჩანაწერი: „შევთანხმდით განთავსებაზე ..., ლ.“. ოქმის ნამდვილობა დაადასტურეს ინსპექციის სპეციალისტებმა ხელმოწერით. ასევე, დოკუმენტის ბანერზე განთავსების ფაქტი დაფიქსირდა ფოტომასალაზე.
2021 წლის 23 მარტს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელმა შპს „ი...ს“ მიმართ N... შემოწმების აქტი შეადგინა, რომლითაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციის 2021 წლის 11 მარტის №შ-54/21 დადგენილების მოთხოვნათა შეუსრულებლობის ფაქტი დააფიქსირა, რაც გამოიხატა მონოლითური ფილის მოწყობაში.
2021 წლის 24 მარტს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 23 მარტის №... შემოწმების აქტი განთავსდა ობიექტის საინფორმაციო ბანერზე. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა ადმინისტრაციული წარმოების მასალების ჩაბარების შესახებ ოქმი, რომლის თანახმად, შემოწმების აქტის პირდაპირი წესით ჩაბარება ვერ მოხერხდა, ვინაიდან უფლებამოსილი პირი არ იმყოფებოდა ობიექტზე. ამავე ოქმის მიხედვით, „განთავსება განემარტა წარმომადგენელს ობიექტზე, ..., ლ.“. ოქმის ნამდვილობა დადასტურდა ინსპექციის სპეციალისტების მიერ ხელმოწერით. ასევე, დოკუმენტის ბანერზე განთავსების ფაქტი დაფიქსირდა ფოტომასალაზე.
საქმის მასალებით, ასევე, დადგენილია, რომ 2021 წლის 8 აპრილს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციაში გაიმართა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ზეპირი მოსმენა, სადაც გამოცხადდა ლ. გ-ი, შპს „ი...ს“ დირექტორის მ. ა-ის მიერ 8.04.2021წ. გაცემული მინდობილობის საფუძველზე. წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შემოწმების აქტი ჩაჰბარდათ და რაც შეეხება მშენებლობის გაგრძელებას, მათთვის უცნობი იყო მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილება. შესაბამისად, ადგილი არ ჰქონია მშენებლობის შეჩერების დადგენილების მოთხოვნის დარღვევას.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 8 აპრილის №... დადგენილებით შპს „ი...“ დაჯარიმდა 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 11 მარტის №შ-54/21 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნის (მშენებლობის შეჩერების შესახებ) შეუსრულებლობისათვის.
საქმის მასალებით, ასევე, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2021 წლის 19 აპრილს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას წარედგინა შპს „ი...ს“ ადმინისტრაციული საჩივარი. აღნიშნული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში 2021 წლის 19 მაისს გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 27 მაისის №710 ბრძანებით შპს „ი...ს“ ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 8 აპრილის №001328 დადგენილება.
დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 1 ივნისის №... დადგენილებით შპს „ი...“ დაჯარიმდა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარით, ქ. თბილისში, ...ს ქ. №.../ ...ს ქ. №.../ ...ს ქ. №.../ ... ჩიხი №...-ის მიმდებარედ, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე IV კლასის ობიექტის (მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის) პროექტის დარღვევით მშენებლობისათვის. ხსენებული ჯარიმა გადახდილი იქნა 2021 წლის 8 ივნისს.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 25 ივნისის №5473761 ბრძანებით, ქ. თბილისში, ...ს ქ. №20/ ქ. თბილისი, ...ს ქ. №.../ ქ. თბილისი, ...ს ქ. №.../ ქ. თბილისი, ... ჩიხი №...-ის მიმდებარედ, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №...) შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ამავე ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა, ხოლო მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 25 ივნისიდან 2023 წლის 25 ივნისის ჩათვლით.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 28 ივნისის №შ-54/21-2 დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა შპს „ი...ს“ მიმართ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2021 წლის 11 მარტს მიღებული №შ-54/21 დადგენილება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 127-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს მიმდინარე მშენებლობა, თუ ეს არის უნებართვო მშენებლობა ან ის სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარეობს და მისი გამოსწორება შეუძლებელია მშენებლობის შეჩერების გარეშე. ამავე კოდექსის 123-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს სამართალდამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნას, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შეასრულოს მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება შემოწმების აქტის შედგენით იწყება ამ კოდექსის 136-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევის არსებობისას. თავის მხრივ, 136-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი კი ადგენს, რომ მშენებლობის შეჩერების შესახებ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას... ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში – 50 000 ლარის ოდენობით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის წარმოების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების გაცნობის წესი დარეგულირებულია საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლით. მითითებული მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის პირველი ნაწილის მიხედვით, სამშენებლო სამართალდამრღვევისათვის მითითების, შემოწმების აქტის, დადგენილების ან უწყების გაცნობა უნდა მოხდეს ოფიციალურად, სამშენებლო ობიექტზე. თუ სამშენებლო სამართალდამრღვევი არ იმყოფება სამშენებლო ობიექტზე ან უარს აცხადებს შესაბამისი აქტის/აქტების გაცნობაზე, გაცნობად ჩაითვლება აქტის/აქტების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისთვის სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება: ა) საინფორმაციო დაფა; ბ) სამშენებლო ტერიტორიაზე დროებით განთავსებული შენობა; გ) სამშენებლო ტერიტორიის შემომფარგლავი უსაფრთხოების ღობე; დ) სამშენებლო ობიექტის ფასადი; ე) მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მშენებლობის განხორციელების შემთხვევაში − აგრეთვე საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარი.
საგულისხმოა, რომ მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია უნებართვო სამშენებლო სამუშაოების წარმოება და შეჩერების შესახებ დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა, კერძოდ, კომპანიის წარმომადგენელმა დაადასტურა როგორც მშენებლობის ნებართვის ვადის გასვლის შემდეგ, დარღვევის გამოვლენის დროს - 2021 წლის 11 მარტს, ასევე, შემოწმების აქტის შედგენის დღეს - 2021 წლის 23 მარტს სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ფაქტები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორის შპს „ი...ს“ მთავარი პრეტენზია მიემართება მისთვის მშენებლობის შეჩერების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 11 მარტის №შ-54/21 დადგენილების სათანადოდ ჩაბარების საკითხს. კასატორი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული აქტის საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლით დადგენილი წესით ჩაბარება საფრთხის შემცველია. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოხმობილი ნორმა ცალსახად ადგენს სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის მითითების, შემოწმების აქტის, დადგენილების ან უწყების გაცნობის წესს, კერძოდ იგი უნდა ჩაბარდეს მხარეს სამშენებლო ობიექტზე, თუმცა თუ სამშენებლო სამართალდამრღვევი არ იმყოფება სამშენებლო ობიექტზე ან უარს აცხადებს შესაბამისი აქტის/აქტების გაცნობაზე, გაცნობად ჩაითვლება აქტის/აქტების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული მუხლით დადგენილი ადმინისტრაციული აქტების სამართალდამრღვევისთვის ჩაბარების წესი უცილობლივ მათთან სატელეფონო კავშირს არ გულისხმობს. ამდენად, საკასაციო სასამართლო მოცემული დავის გადაწყვეტისთვის დაუსაბუთებლად და არარელევანტურად მიიჩნევს კასატორის განმარტებას მასზედ, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისთვის ცნობილი იყო სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლის საკონტაქტო ტელეფონის ნომრების თაობაზე
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებაზე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 11 მარტის №... დადგენილება, 2021 წლის 23 მარტის №... შემოწმების აქტი და 2021 წლის 8 აპრილის №... დადგენილება, რომლითაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 11.03.2021 №შ-54-21 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნის (მშენებლობის შეჩერების) შეუსრულებლობისთვის შპს „ი...“ დაჯარიმდა განთავსებულ იქნა სამშენებლო ობიექტის საინფორმაციო დაფაზე. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ უფლებამოსილი პირი არ იმყოფებოდა სამშენებლო ობიექტზე. აღსანიშნავია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში ზეპირი მოსმენის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ი...ს“ წარმომადგენელი, ლ. გ-ი, რაც მიუთითებს, რომ ინსპექციის თანამშრომლების მიერ ოქმში მითითებული პიროვნება - ლ. წარმოადგენდა სამშენებლო კომპანიის უფლებამოსილ პირს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არი დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დადგენილ გარემოებად მიიჩნია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 11 მარტის №შ-54-21 დადგენილების შპს „ი...სთვის“ ჩაბარება, ხოლო კასატორს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლებიც სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს გააქარწყლებდა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის თაობაზე, რომ მას არ ჩაბარებია მშენებლობის შეჩერების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 11 მარტის №შ-54-21 დადგენილება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შპს „ი...“ საკასაციო საჩივარში შუამდგომლობს მოცემული საქმის განხილვის შეჩერებაზე, ვინაიდან მიმართული აქვს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის საკანონმდებლო ნორმის არაკონსტიტუციურად გამოცხადების თაობაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვის შეჩერების საკითხები რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-6, 279-ე, 280-ე მუხლებით. აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობით მოსარჩელის მიერ კონსტიტუციური სარჩელის წარდგენა უპირობოდ არ გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას საქმის განხილვის შეჩერების თაობაზე, არამედ აღნიშნული სასამართლოს მიხედულებაზეა დამოკიდებული. საგულისხმოა, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25.2 მუხლის თანახმად, არაკონსტიტუციურად ცნობილი სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი ძალას კარგავს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან, თუ შესამისი გადაწყვეტილება არ ადგენს აქტის ან მისი ნაწილის ძალის დაკარგვის სხვა, გვიანდელ ვადას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის კონსტიტუციური სარჩელის ჰიპოთეტურად დაკმაყოფილების პირობებშიც, ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად ცნობა მოახდენს თუ არა გავლენას მოცემული დავის გადაწყვეტაზე გაურკვეველია. ამდენად, არ არსებობს მითითებული შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „ი...ს“ საკასაციო საჩივარზე 13.09.2023წ. №18561607862 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შპს "ი...ს" (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და




დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ი...ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. შპს „ი...ს“ შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 თებერვლის განჩინება;
4. შპს "ი...ს" (ს/კ ...) დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე 13.09.2023წ. №18561607862 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: გ. აბუსერიძე


ბ. სტურუა