Facebook Twitter
საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

საქმე #ბს-1263 (2კ-23) 12 თებერვალი, 2024 წ. ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბიძინა სტურუა

განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.06.2023წ. განჩინებაზე წარმოდგენილ საკასაციო საჩივრებზე უარის თქმის შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ.ი-მა 02.06.2021წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდეგ მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის: 28.12.2018წ. N3758 საგადასახადო შემოწმების აქტის, 28.12.2018წ. N39445 ბრძანების, 31.12.2018წ. N006-1016 საგადასახადო მოთხოვნის, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე 05.02.2020წ. N108 დასკვნის, 12.02.2020წ. N3410 ბრძანების, 13.02.2020წ. N006-49 საგადასახადო მოთხოვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 18.08.2020წ. N24485 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 19.02.2021წ. N11129/2/2020 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.06.2022წ. გადაწყვეტილებით გ.ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის: 28.12.2018წ. N3758 საგადასახადო შემოწმების აქტი, 28.12.2018წ. N39445 ბრძანება, 31.12.2018წ. N006-1016 საგადასახადო მოთხოვნა, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე 05.02.2020წ. N108 დასკვნა, 12.02.2020წ. N3410 ბრძანება, 13.02.2020წ. N006-49 საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 18.08.2020წ. N24485 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 19.02.2021წ. N11129/2/2020 გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.06.2023წ. განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.06.2022წ. გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.06.2023წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ. საკასაციო საჩივრები დასაშვებობის საკითხის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სსიპ შემოსავლების სამსახურმა 15.01.2024წ. და 18.01.2024წ. განცხადებებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო. საკასაციო საჩივარზე უარის თქმის საფუძვლით საქმის წარმოების შეწყვეტა მოთხოვნილ იქნა აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 05.02.2024წ. განცხადებით.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი განცხადებების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებები უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივრებზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება.
სასკ-ის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები: დაამთავრონ საქმე მორიგებით, მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს სარჩელი.
მოცემულ შემთხვევაში სსიპ შემოსავლების სამსახურმა წარმოდგენილი განცხადებებით, რომლებსაც ხელს აწერს სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსი - ლ.კ-ა, უარი თქვა საკასაციო საჩივარზე, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადება ხელმოწერილია პირველადი სტრუქტურული ერთეულის-იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის გ.თ-ის მიერ, რომელსაც საქართველოს ფინანსთა მინისტრის 05.04.2021წ. N73 ბრძანებით მინიჭებული აქვს სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის უფლებამოსილება. ამდენად, სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მოახდინეს სსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც საკასაციო საჩივარზე წარმოების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრებზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, კასატორების მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 372-ე, 378-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებები დაკმაყოფილდეს;
2. სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრებზე შეწყდეს საქმის წარმოება, კასატორების მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო;
3. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმეზე წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე


მოსამართლეები: ქ. ცინცაძე


ბ. სტურუა