საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
განსჯადი სასამართლოსათვის საქმის გადაცემის შესახებ
საქმე №ბს-1314(გ-23) 20 თებერვალი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობასთან დაკავშირებული დავა განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოსა და გორის რაიონულ სასამართლოს შორის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ შემოსავლების სამსახურმა 2023 წლის 21 ივნისს შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, შპს „...ს“ ცრუმაგიერი პირის - ა.მ-ის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის მოთხოვნით.
შუამდგომლობის მიხედვით, შპს „...ს“ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელების მიზნით სსიპ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 30 იანვრის №025-32 ბრძანების საფუძველზე ყადაღა დაედო მისი ცრუმაგიერი პირის - ა.მ-ის ქონებას. შპს „...ს“ აღიარებული საგადასახადო დავალიანება ბიუჯეტის წინაშე შეადგენს 50 553 181.71 ლარს. შუამდგომლობის ავტორმა მიუთითა საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 241-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, მე-8 მუხლის მე-5 ნაწილზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე წარმოშობილი იყო მის მიერ წარდგენილი დეკლარაციებისა და საგადასახადო მოთხოვნების საფუძველზე. აღნიშნული თანხების გადაუხდელობის გამო ცრუმაგიერი პირის მიმართ განხორციელდა საგადასახადო უზრუნველყოფის ღონისძიებები, ქონება დაიტვირთა საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით, ხოლო შემდგომში შემოსავლების სამსახურის ბრძანებით გავრცელდა ყადაღა.
შუამდგომლობის ავტორის მითითებით, გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ ბრძანება, რაც არ გასაჩივრებულა საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით. ამდენად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გაატაროს გადასახადის გადახდევინების შესაბამისი ღონისძიებები.
სსიპ შემოსავლების სამსახურის მითითებით, მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა, გადასახადის გადამხდელს დავალიანება არ დაუფარავს, რაც განაპირობებს საგადასახადო კოდექსის 242-ე მუხლით დადგენილი წესით, დაყადაღებული ქონების რეალიზაციისა და ამ გზით დავალიანების გადახდევინების აუცილებლობას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 05 ივლისის განჩინებით, სარჩელი განსჯადობით გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2121 მუხლის თანახმად, ბრძანებას გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე, საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, გამოსცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფლის მიხედვით. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის - ა.მ-ის საცხოვრებელ მისამართს წარმოადგენს ქალაქი გორი, ...ის ქ. №36. სასამართლომ მიუთითა „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 16 ივნისის №3 დადგენილებაზე, რომლის შესაბამისად, განისაზღვრა რაიონული (საქალაქო) სასამართლოებისა და თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, აღნიშნულ სასამართლოებსა და სასამართლო კოლეგიებში (პალატებში) მოსამართლეთა რაოდენობა. ამავე დადგენილების მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გორის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით, აგრეთვე „დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 8 მაისის დადგენილებით შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის (გარდა ახალგორისა და თიღვის მუნიციპალიტეტებისა) ტერიტორიით. ამგვარად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა განხილულიყო გორის რაიონული სასამართლოს მიერ.
გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 5 დეკემბრის განჩინებით, განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად, საქმე გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
გორის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელს წარმოადგენს შპს „...“. შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა მიმართულია სწორედ გადასახადის გადამხდელის - შპს „...ს“ მიმართ, რომლის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ..., ..., მე-2 კვარტალი, კორპ. №1, ბინა №...
სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2121 მუხლის თანახმად, ბრძანებას გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე, გამოსცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფლის მიხედვით.
სასამართლო აგრეთვე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმად, „ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2121 მუხლის თანახმად, ბრძანებას გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე, საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, გამოსცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფლის მიხედვით, ამდენად, აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს სპეციალურ განსჯადობას და ადგენს, რომ შუამდგომლობა დაყადაღებული ქონების რეალიზაციის თაობაზე შეტანილი უნდა იქნეს გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფლის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ამ ნორმის მიზნებისათვის გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომლის საგადასახადო დავალიანების ამოღების უზრუნველყოფის მიზნითაც ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, მიუხედავად იმისა, თუ ვისი ქონებითაა უზრუნველყოფილი სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული მისი დავალიანება.“ საკასაციო სასამართლოს განჩინების მიხედვით, „საგადასახადო დავალიანება გააჩნია შპს „...“, რომელიც უზრუნველყოფილია მ.ხ-ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე დადებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით, ამდენად, შუამდგომლობა ქონების რეალიზაციის თაობაზე შეტანილი უნდა ყოფილიყო შპს „...“ ადგილსამყოფლის მიხედვით. საქმის მასალები ადასტურებს, რომ შპს „...“ იურიდიული მისამართია თბილისი, ... N78, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის განსჯადია.“
გორის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ტერიტორიული განსჯადობის გათვალისწინებით, მოვალის - შპს „...ს“ ადგილსამყოფლის მიხედვით, განსჯად სასამართლოს წარმოადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და გორის რაიონული სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმე, განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დებულება „იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს - სასამართლო განხილვა მოხდეს განსჯადობის წესების დაცვით... ამ [სამართლიანი სასამართლოს] უფლებით სარგებლობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამართალწარმოება განხორციელდეს განსჯადობის წესების დაცვით, საქმის განხილვა და გადაწყვეტა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომელსაც კონსტიტუციისა და კანონის მიხედვით, შესაბამისი უფლებამოსილება, კომპეტენცია გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №1/4/557,571,576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-106).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონიერი სასამართლოს უფლება სახელმწიფოსაგან მოითხოვს სასამართლოს განსჯადობის ზუსტ განსაზღვრას. აღნიშნულის შესაბამისად, საერთო სასამართლოების სისტემა, სასამართლოთა გვარეობითი (საგნობრივი), ტერიტორიული და ინსტანციური იურისდიქცია განსაზღვრულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საპროცესო სამართლის ნორმებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ განსახილველ ცალკეულ დავებზე საპროცესო კანონმდებლობა ერთმანეთისაგან განასხვავებს უწყებრივ ქვემდებარეობას (Substantive Jurisdiction) და განსჯადობას (Court Jurisdiction). სასამართლოს უწყებრივი ქვემდებარეობა მოიაზრებს არსებითი იურისდიქციის დადგენას, ანუ იმის განსაზღვრას, განეკუთვნება თუ არა საქმე საერთო სასამართლოებს, შედის თუ არა ამ საქმის განხილვა საერთო სასამართლოების უფლებამოსილებაში (იურისდიქციაში), ხოლო განსჯადობა (მისი ვიწრო გაგებით) ნიშნავს იმის გარკვევას, თუ რომელი სასამართლოა უფლებამოსილი საქმის განხილვასა და გადაწყვეტაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსჯადობის წესების დაცვა პირდაპირ დაკავშირებულია მხარეთა უფლებების სრულყოფილ რეალიზებასთან. „განსჯადობის წესების დარღვევით საქმის განხილვა თავისთავად, უკვე თვით განსჯადობის წესის დარღვევით გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტის გამო, ადასტურებს საქმის საპროცესო დარღვევით განხილვას და შედეგად იწვევს სამართალწარმოების წესების დარღვევით დავის გადაწყვეტას“ (სუსგ 06.06.2012 წ. საქმეზე №ბს-1394-1377(კ-11)). თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია და რაიმე სახის შეზღუდვა იმპერატიულად დადგენილი არ არის, მოსარჩელეს უფლება აქვს, აირჩიოს სასამართლო, რომელიც განიხილავს მის სარჩელსა თუ საჩივარს (სსკ-ის მე-20 მუხლი).
საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ განსჯადობის საკითხი არ არის დამოკიდებული მხარეთა მოსაზრებებზე. განსჯადობის საკითხს ენიჭება არა დისპოზიციური, არამედ იმპერატიული ხასიათი, განსჯადობა განიხილება საჯარო წესრიგის შემადგენელ ნაწილად, მხარეების შეთანხმება სასამართლო განსჯადობაზე (პროროგაცია) ან რომელიმე სასამართლოს იურისდიქციის გამორიცხვა (დეროგაცია) ადმინისტრაციულ სამართალში არ დაიშვება. მსგავსი შეთანხმებები არ ცვლის კანონმდებლობით დადგენილ განსჯადობის იმპერატიულ წესს. ამასთანავე, სარჩელის წარმოებაში მიღება არ აბრკოლებს შემდგომში, სათანადო საფუძვლების გამოვლენისას, სასამართლოს მიერ ტერიტორიულ ან საგნობრივ განსჯადობაზე მსჯელობის, სარჩელის განსჯადი სასამართლოსათვის გადაგზავნის შესაძლებლობას (სუსგ 28.05.2020წ. №ბს-430 (გ-19)).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიული განსჯადობის საკითხს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე ტერიტორიული განსჯადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოების ტერიტორიულ განსჯადობაზე, რომლის მიხედვით კონკრეტულ ტერიტორიაზე უძრავ ქონებასთან ან სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომლის ტერიტორიულ საზღვრებში მდებარეობს ეს უძრავი ქონება ან არსებობს სამართლებრივი ურთიერთობა. რაც შეეხება ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა სასამართლოს ტერიტორიულ განსჯადობას, სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების, რეალაქტის განხორციელების თაობაზე შედის იმ ადმინისტრაციული სასამართლოს კომპეტენციაში, რომლის მოქმედების სფეროშიც აქვს ადგილსამყოფელი მითითებულ ორგანოს. სარჩელის სათანადო კავშირი ტერიტორიასთან უნდა დადგინდეს სარჩელის წარდგენის მომენტისთვის (სუსგ 21.11.2019წ. №ბს-753-753(გ-18)).
საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ სასამართლო დავების ტერიტორიული განაწილების წესი დადგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა, გარდა გამონაკლისი შემთხვევისა, არ ადგენს ტერიტორიული განსჯადობის სპეციფიკურ წესს, რაც ადმინისტრაციულ დავებთან მიმართებით (განსახილველი დავის სპეციფიკის მხედველობაში მიღებით) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 და შემდგომი მუხლების გამოყენების საჭიროებას განაპირობებს (სასკ-ის 1.2 მუხ.). სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს განსჯადობის საერთო წესს (მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით) და სხვა საგამონაკლისო მოწესრიგებებს (მაგ.: ნივთობრივი განსჯადობა, განსაკუთრებული განსჯადობა და სხვ.). აღნიშნულ ნორმათა მიხედვით, კონკრეტული დავის განსჯადობის საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს პრეროგატივაა, თუმცა სასამართლო არის ნორმათშეფარდებაზე და არა ნორმათშემოქმედებაზე უფლებამოსილი სუბიექტი. სასამართლო ადგენს კონკრეტული დავის განხილვაზე ტერიტორიულად უფლებამოსილ შესაბამის სასამართლოს, თუმცა ეს ხორციელდება არსებული ნორმატიული მოწესრიგების ფარგლებში და არა ახალი მოწესრიგების შემოღების საფუძველზე. სასამართლო არ არის უფლებამოსილი განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას შეიმუშაოს დავის ტერიტორიული განაწილების ახლებური, კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი წესი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2121 მუხლის თანახმად, ბრძანებას გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე, საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, გამოსცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე შუამდგომლობის განხილვისათვის კანონმდებლობით დადგენილია განსჯადობის სპეციალური წესი.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ სსიპ შემოსავლების სამსახური შპს „...ს“ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით ითხოვს შპს „...ს“ ცრუმაგიერი პირის - ა.მ-ის ქონების რეალიზაციას. საგადასახადო კოდექსის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომელსაც აქვს ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გადახდის ვალდებულება. ამავე კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილის მიხედვით, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.
ამდენად, გადასახდელის გადამხდელს წარმოადგენს შპს „...“. ა.მ-ის, როგორც შპს „...ს“ ცრუმაგიერი პირის მიმართ, საგადასახადო ორგანო, საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ახორციელებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებას ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის სახით. ამდენად ცალსახაა, რომ გადასახადის გადამხდელს წარმოადგენს არა ა.მ-ი, არამედ შპს „...“, შესაბამისად, ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე შუამდგომლობის განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შპს „...ს“ და არა მისი ცრუმაგიერი პირის ადგილსამყოფელი. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ შპს „...ს“ მისამართია ქ. თბილისი, ..., ..., კვარტალი 2, კორპ. №1, ბინა №... ამდენად, განსჯად სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა, გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფლის მიხედვით, განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა